მთავარი,სიახლეები

„ეს არის დაცინვა“ – ახალდაგებული ტროტუარი ბათუმში ადაპტირების გარეშე

17.11.2023
„ეს არის დაცინვა“ – ახალდაგებული ტროტუარი ბათუმში ადაპტირების გარეშე

ბათუმში, ჟიული შარტავასა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში, ტროტუარი ახლახან დააგეს, თუმცა ქუჩა არაადაპტირებულია. ტროტუარის კიდე იმდენად მაღალია, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანები ქუჩის გადაკვეთას სხვისი დახმარების გარეშე ვერ ახერხებენ.

„ხელმისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი“, რომელიც 2021 წელს შევიდა ძალაში, სახელმწიფოს ავალდებულებს ადაპტირებული გარემოს შექმნას.

„დააგეს ტროტუარები ნულოვანი ადაპტირებით. ხელმისაწვდომის სტანდარტი ფაქტობრივად თავზე გადაგვახიეს“ – ამბობს თომა კაკაბაძე, რომელიც ეტლით მოსარგებლეა და რეაბილიტირებულ ტროტუარზე გადაადგილება ვერ შეძლო.

„ფიროსმანისა და შარტავას კუთხეში, იუსტიციისკენ როცა უხვევ, მაღალი ბორდიურები დატოვეს, ჩამოსასვლელი ფაქტობრივად არ არის, არ იხელმძღვანელეს მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტით.

ფიზიკურად ვერ ახვალ ეტლით და ვერც ჩამოხვალ ამ ტროტუარიდან ქუჩაზე სხვისი დახმარების გარეშე.

დღეს ასეთი არაადაპტირებული ტროტუარის გაკეთება მართლა დაცინვა და მასხრად აგდებაა ადამიანის“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თომა კაკაბაძე.

მისი თქმით, შესაძლოა პროექტი ძველია და მანამდე დაამტკიცეს, ვიდრე ხელმისაწვდომობის სტანდარტი ამოქმედდებოდა, თუმცა მერიას ეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

„ბათუმელები“ ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რატომ არ არის დაცული ქუჩების რეაბილიტაციისას ხელმისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი.

როგორც აღნიშნულ სამსახურში გვითხრეს, ხელშეკრულება მიმდინარეა და გათვალისწინებული იქნება ტროტუარების ნულოვან ნიშნულზე დაყვანა.

„აუცილებლად, ყველგან, სადაც არის ამის პრობლემა, გადასასვლელები იქნება ნულოვან ნიშნულზე. ვადები, როდის გაკეთდება ეს, არ ვიციტ, მაგრამ ასე არ დარჩება. ადაპტირება გათვალისწინებული აქვთ“ – გვითხრეს მერიაში.

მერიაში გვითხრეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამ ქუჩაზე კომპანია „ესია ჯგუფი“ აწარმოებს.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები 2023 წლის 20 დეკემბერს უნდა დაასრულოს.

_______________________

მთავარი ფოტო: არაადაპტირებული ტროტუარი ბათუმში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: