ხალვაშის გამზირზე ასფალტი აყარეს – გზის ერთი მხარე ისევ გადაკეტეს

ბათუმი-ახალციხის გზის დასაწყისი [აეროპორტის გზატკეცილიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთი] მეორე დღეა ცალმხრივად ჩაკეტილია. ამის გამო ანგისიდან [ბავშვთა საავადმყოფო] ხელვაჩაურისკენ მიმავალ ტრანსპორტს ალტერნატიული გზებით უწევს გადაადგილება.

ხალვაშის გამზირზე საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხელშეკრულება დეპარტამენტს შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე აქვს გაფორმებული.

გზის ჩაკეტილ მონაკვეთში ასფალტის საფარი აყარეს.

ხალვაშის გამზირზე [აეროპორტის გზატკეცილიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთში] ასფალტი აყარეს / სავალი ნაწილის ერთი მხარე ამ მონაკვეთში ჩაკეტილია / 25.02.2024

„ბათუმელებმა“ ვერცერთი კომპეტენტური უწყებიდან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე – რამდენი ხნით ჩაიკეტა ხალვაშის გამზირი ცალმხრივად – აეროპორტის გზატკეცილიდან [ბავშვთა საავადმყოფო] ხახულის ქუჩის კვეთამდე.

ხალვაშის გამზირზე [აეროპორტის გზატკეცილიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთში] ასფალტი აყარეს / სავალი ნაწილის ერთი მხარე ამ მონაკვეთში ჩაკეტილია / 25.02.2024
გზის ამ ნაწილის გამო შეიცვალა N12 საქალაქო ავტობუსის მოძრაობის მარშრუტიც.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ქალაქის ცენტრიდან მიმავალი N12 ავტობუსი ბავშვთა საავადმყოფოდან აგრძელებს გზას აეროპორტის მიმართულებით და ხალვაშის გამზირზე შედის ივანე მესხის ქუჩით.

რა პერიოდით ჩაიკეტა ხალვაშის გამზირის დასაწყისი მონაკვეთი, ინფორმაცია არც „ავტოტრანსპორტში“ აქვთ.

ხალვაშის გამზირზე [აეროპორტის გზატკეცილიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთში] ასფალტი აყარეს / სავალი ნაწილის ერთი მხარე ამ მონაკვეთში ჩაკეტილია / 25.02.2024
გზის ჩაკეტვის გამო ბათუმიდან ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი ხალვაშის გამზირზე აღმაშენებლისა და ხახულის ქუჩებით გაივლის. ანალოგიურად მოძრაობს ხელვაჩაურში მიმავალი საქალაქო მიკროავტობუსებიც.

ბათუმის აეროპორტიდან ხელვაჩაურისკენ მიმავალ ტრანსპორტს კი, ხალვაშის გამზირზე მოხვედრა შეუძლია ბეთლემის ან მუხრან მაჭავარიანის ქუჩების გავლით.

ამავე თემაზე:

„ფული მიაქვთ ჯიბეში“, ანუ როგორ გააკეთეს ხალვაშის გამზირი – გამოკითხვა ხელვაჩაურში

„კალაძეს წერეთლის ქუჩა დაემხო, რიჟვაძეს – ფრიდონ ხალვაშის გამზირი“ – ბრიფინგი ბათუმში

ხალვაშის გამზირზე ახალდაგებული ასფალტი უკვე ამოტეხილია – როდის დასრულდება სამუშაოები

ხალვაშის გამზირზე [აეროპორტის გზატკეცილიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთში] ასფალტი აყარეს / სავალი ნაწილის ერთი მხარე ამ მონაკვეთში ჩაკეტილია / 25.02.2024
შენიშვნა: თავდაპირველად მასალაში ეწერა, რომ ახალდაგებული ასფალტი აყარეს, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთში ასფალტი არ იყო ახალდაგებული.

რატომ ვერ აღადგინეს ახალ ბულვარში სანაპირო – პროექტში ბათუმი 15,6 მილიონს ხარჯავს

ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენის სამუშაოები 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე გრძელდება. სამუშაოების დასრულების ვადამდე ერთი თვით ადრე, კერძო კომპანიასა და ბათუმის მერიას შორის დადებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და დასრულების ვადა 3 თვით გააგრძელეს.

სანაპიროზე მიმდინარე სამუშაოებში ბათუმის ბიუჯეტიდან 15,6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

შტორმის დროს დანგრეული სანაპიროს აღდგენა ბათუმის ახალ ბულვართან / 23.02.2024
შტორმის დროს დანგრეული სანაპიროს აღდგენა ბათუმის ახალ ბულვართან / 23.02.2024

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „გზას“ შორის ხელშეკრულება 15 658 999 ლარზე 2023 წლის 20 ივლისს გაფორმდა. სამუშაოები კი იმავე წლის 21 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო.

ახალ ბულვარში დანგრეული პირსიდან აკვაპარკამდე მონაკვეთში სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიანი ზოლი უნდა გაამაგრონ ფოლადის ხიმინჯებით.

ხელშეკრულების ფარგლებში უნდა აღადგინონ სასეირნო ბილიკიც, საიდანაც პლაჟზე ჩასასვლელად კიბეებს მოაწყობენ.

ამ რკინაბეტონის კონსტრუქციაზე მოეწყობა კიბეები ახალი ბულვარიდან პლაჟზე გადასასვლელად. ფოტოზე ჩანს, რომ მონიშნულია კიბეების და პანდუსის მოსაწყობი ადგილები / 23.02.2024

პროექტში არ იყო გათვალისწინებული პლაჟზე ჩასასვლელები შშმ პირებისთვის, რის გამოც მაშინ „ბათუმელები“ მერიის სამმართველოს დაუკავშირდა.

სამმართველოში მოგვიანებით განაცხადეს, რომ „მშენებლობის დროს შშმ პირებისთვის პლაჟზე ჩასასვლელი პანდუსების მოწყობა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“.

შტორმის დროს დანგრეული სანაპიროს აღდგენა ბათუმის ახალ ბულვართან / 23.02.2024
შტორმის დროს დანგრეული სანაპიროს აღდგენა ბათუმის ახალ ბულვართან / 23.02.2024

2023 წლის 3 ნოემბერს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სამუშაოების დასრულების ვადად 2023 წლის 20 დეკემბრის ნაცვლად განისაზღვრა 2024 წლის 29 მარტი.

ხელშეკრულების ცვლილების დოკუმენტში აღნიშნულია კომპანიის პოზიცია, რომ სამუშაოების დაწყების ვადა დაემთხვა ტურისტულ სეზონს; ახალი ბულვარის ლოკაცია კი, სადაც სამუშაოები უნდა დაწყებულიყო „განსაკუთრებით 2023 წლის ზაფხულში წარმოადგენდა ტურისტულად დატვირთულ ზონას.

სამშენებლო ტერიტორიაზე განთავსებული იყო მრავალი სავაჭრო და ტურისტული ობიექტი, გამომდინარე აქედან მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ დამსვენებელთა ნაკადის შემცირებამდე სამუშაოების დაწყება, რადგან სამუშაოთა სპეციფიკიდან და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე საჭიროა ახალ ბულვარში შეიზღუდოს ქვეითთა გადაადგილებისთვის განკუთვნილი საფეხმავლო ბილიკი, ველობილიკი და ასევე სანაპირო ზოლი.“

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის სექტემბრის თვეში დამსვენებელთა ნაკადი შემცირებულა, რის შემდეგაც „გზამ“ მიმართა ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს და ბათუმის ბულვარს, გაეთავისუფლებინათ სამშენებლო ტერიტორია სავაჭრო და ტურისტული ობიექტებისგან.

„სამუშაოები შპს „გზა“-მ დაიწყო სექტემბრის თვის ბოლოს მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა სამშენებლო ტერიტორიის ნაწილი სავაჭრო და ტურისტული ობიექტებისგან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის შემდეგ. 2023 წლის 2 ოქტომბერს „გზა“-მ წერილობით მოითხოვა სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მერიის სამმართველომ „მიზანშეწონილად მიიჩნია სამუშაოების დასრულების ვადის გაზრდა“.

შტორმის დროს დანგრეული სანაპიროს აღდგენა ბათუმის ახალ ბულვართან / 23.02.2024
შტორმის დროს დანგრეული სანაპიროს აღდგენა ბათუმის ახალ ბულვართან / 23.02.2024
შტორმის დროს დანგრეული სანაპიროს აღდგენა ბათუმის ახალ ბულვართან / 23.02.2024

სახელმწიფო შესყიდვების პორტალის 2024 წლის 25 თებერვლის მონაცემებით, ბათუმის ბიუჯეტიდან კომპანია „გზას“ უკვე გადაურიცხეს 8 659 000 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 55 პროცენტი].

შტორმის დროს დანგრეული სანაპიროს აღდგენა ბათუმის ახალ ბულვართან / 23.02.2024
შტორმის დროს დანგრეული სანაპიროს აღდგენა ბათუმის ახალ ბულვართან / 23.02.2024

ზღვამ ახალი ბულვარის სანაპირო ბოლოს 2023 წლის 27 ნოემბერს დაანგრია.

„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მთავრობის დაკვეთით 2022 წელს მომზადდა.

მიუხედავად ამისა, სანაპიროზე სამუშაოები ისე მიმდინარეობს, რომ არც ბათუმის მერიას, არც აჭარის მთავრობას და არც საქართველოს ხელისუფლებას სანაპირო ზოლის ზღვისგან დაცვის სტრატეგია შემუშავებული არ აქვთ.

ამ თემაზე:

 

წვევამდელთა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 4 მარტს დაიწყება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 2024 წლის 4 მარტს დაიწყება და 2024 წლის 29 ივნისამდე გაგრძელდება.

დადგენილების მიხედვით:

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1500-ით;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში – 735-ით;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – 572-ით;
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა კი განისაზღვრა 295-ით.

სამხედრო  სამსახურში  გაწვევას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისაგან გათავისუფლების საფუძველი.

18-დან 27 წლამდე ასაკის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირები 23 თებერვლიდან უკვე ვალდებული არიან, „გამოცხადდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ცენტრების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებებში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა გაწვევის დაწყებამდე განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც იფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია და სადაც წვევამდელები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, ასევე ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებაში შექმნილი გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

გაწვევის პროცესის კოორდინაციას და კონტროლს სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

მთავრობის დადგენილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა „შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებას იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან ან, სავარაუდოდ, თავს არიდებენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს.“

2024 წლის იანვრიდან მუნიციპალიტეტებთან არსებული მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურები გაუქმდა. ყოფილი სამსახურების ფუნქციები კი რეკრუტირების მუნიციპალურმა/რაიონულმა განყოფილებებმა შეითავსეს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებიან.

მთავარი ფოტო არქივიდან

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 თებერვლის 21 საათიდან 26 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 5 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 27 და 28 თებერვალს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

——————

მთავარი ფოტო: ბათუმი, 23.02.2024 / ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 409 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810]
  • ტანკი – 6 542 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 12 441 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 9 981 ერთეული [+29]
  • MLRS – 999 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 684 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 340 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 681 ერთეული [+22]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 907 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 011 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 1 578 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 574 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 13 392 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 473 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 220 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 225 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 161 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 055 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ზედმეტად გადახდილი თანხები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – აუდიტის მასალები პროკურატურაშია

ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი თანხების გამო შესაბამისი მასალები საქართველოს პროკურატურაშია გადაგზავნილი – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, რომელიც სამსახურმა ახლახან გამოაქვეყნა. აუდიტმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობა შეამოწმა.

„მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოქმედი რეგულაციების და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების დაცვას, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გადახდილია თანხები, როდესაც არ არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებები, ხოლო ხელშეკრულებების შემთხვევაში არ დასტურდება შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღება“, – აცხადებს აუდიტი.

ამასთან, აუდიტის მიხედვით, 2021-2022 წლებში ხელვაჩაურის მერიას ბიუჯეტიდან აუთვისებელი თანხაც დარჩა – 6 466 896 ლარი.

ზედმეტად გადახდილი თანხები

აუდიტის მიხედვით, ა(ა)იპ − ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის პასუხისმგებელი პირები საბიუჯეტო თანხების გადარიცხვისას, დასაქმებული პირების ხელფასებისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისი მიმწოდებლების საბანკო ანგარიშების ნაცვლად, მიუთითებდნენ საკუთარ ან სხვის საბანკო ანგარიშებს.

„გარდა ამისა, რამდენიმე ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ ანგარიშებზე, რომლებიც დღეის მდგომარეობით გაუქმებულია და არ ხდება მათი იდენტიფიცირება“, – აცხადებს აუდიტი.

წყარო: აუდიტი

„მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, აუდიტის მიმდინარეობისას გადაიგზავნა საქართველოს პროკურატურაში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის მიხედვით:

  • ა(ა)იპ − ხელვაჩაურის სასაფლაოებში გამოვლინდა 3 სხვადასხვა შემთხვევა, როდესაც ერთი დასაქმებული პირის ხელფასი ჩარიცხულია თანამშრომლის ანგარიშზე. აქედან, ხელფასის გაცემის საფუძვლად მითითებულია ის პირი, რომელიც უკვე აღარ მუშაობდა ორგანიზაციაში და მისი ხელფასი ერიცხებოდა სხვა თანამშრომელს. საერთო ჯამში – 7 ტრანზაქციით გადარიცხულია 2 093 ლარი;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ იურიდიულ პირებში დასაქმებულებთან არსებული შრომითი ხელშეკრულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, არ არის განსაზღვრული დასაქმებულის ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სხვ. არ ხდება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს და სამუშაოსათვის დახარჯული დროის აღრიცხვა.
  • მუნიციპალიტეტში სწორად არ არის ორგანიზებული შრომითი ურთიერთობები. კერძოდ, არ არის განსაზღვრული შრომითი პოზიციების საჭიროება და სწორად არ არის ისინი გადანაწილებული.
დოკუმენტაციის გარეშე გადარიცხული თანხები
  • შპს „ხელვაჩაურის წყლის“ მიერ 2021 წელს ფიზიკურ პირთან გამარტივებული შესყიდვების საშუალებით, სხვადასხვა სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გაფორმდა 3 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით – 14 808 ლარი, თუმცა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის გადახდილია 35 762 ლარი.

გარდა ამისა, მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება. აქედან გამომდინარე, მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოს შესრულების ალბათობა დაბალია და მინიმუმ ხელშეკრულების ღირებულებაზე 20 954 ლარით მეტია გადახდილი.

  • კომუნალური სერვისების სამსახურის მიერ გამარტივებული შესყიდვების საშუალებით, სხვადასხვა პერიოდში შპს „ოქროსთან“ გაფორმებულია ხელშეკრულებები და 2021 წელს მიმწოდებლისათვის გადახდილია 7 665 ლარი.

ამ ხელშეკრულებებში აღნიშნულია, რომ ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის [სასაქონლო ზედნადები/ანგარიშფაქტურა] და საქონლის მიღებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, თუმცა, შემსყიდველმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი სასაქონლო ზედნადებები, ასევე არ დასტურდება საქონლის მიღების ნამდვილობა.

  • ხელვაჩაურის კომუნალური მომსახურების სამსახური წესდების შესაბამისად ახორციელებდა მცირე სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც ახდენდა როგორც სამშენებლო მასალების, ასევე მომსახურების და სამუშაოების შესყიდვას. წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ეხება შეძენილი საქონლის ხარჯვას და მიღებული მომსახურების/სამუშაოების წარმოებას, ვერ იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას და გააჩნია არსებითი ნაკლოვანებები, მაგალითად:

2021 წელს სპეციალური ტექნიკისა და მათი ოპერატორების დაქირავებისათვის ფიზიკურ პირებთან გაფორმებულია 12 ხელშეკრულება, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციით არ ირკვევა, სად ჩატარდა სამუშაოები, რა რაოდენობის და რისთვის რა ღირებულებაა გადახდილი, რადგან ხელშეკრულებებში არ არის მითითებული ერთეულის ღირებულებები;

ასევე გაფორმებულია ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კერძო საკუთრების იჯარაზე და გადახდილია 4 500 ლარი, თუმცა ობიექტმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია, თუ რისი იჯარაა და რა საჭიროებისთვისაა განკუთვნილი;

გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეძენილია 4 435 ლარის ღირებულების 1,5 ტონა არმატურა, თუმცა შესრულებული სამუშაოს შესახებ აქტების მიხედვით, გახარჯულია მხოლოდ 186 კგ არმატურა, ასევე ობიექტს არ გააჩნია არც მარაგებში დარჩენილი საქონელი და არც ინფორმაცია აქვს მათი გამოყენების შესახებ.

  • ა(ა)იპ − ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების მოთხოვნის მიუხედავად, 6 942 ლარის ანგარიშსწორება განახორციელა სასაქონლო ზედნადებების გარეშე.
  • ა(ა)იპ − ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის მიერ 2021-2022 წლებში სატრანსპორტო საშუალებების და სპეციალური ტექნიკის ნაწილების შეძენის და მომსახურებისათვის გაფორმებულია 28 ხელშეკრულება. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის/მომსახურების შესყიდვები და შესაბამისი ანგარიშსწორებები განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ:

2021-2022 წლებში გამოვლინდა ფაქტები, როდესაც კომუნალური მომსახურების სამსახური ჯერ იღებდა საქონელს/მომსახურებას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა იურიდიულად ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და სისტემაში ატვირთვა… ორგანიზაციაში ანალოგიური ქმედებები სისტემატური ხასიათისაა;

2021-2022 წლებში კომუნალური მომსახურების სამსახურმა, შპს „იმზა-ოილთან“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გააფორმა 5 ხელშეკრულება. ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ, რომელიც გადახდილია შემსყიდველის მიერ, შეადგინა 30 153 ლარი, თუმცა წარმოდგენილი ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურების თანახმად, მიმწოდებელს შესრულებული და მიწოდებული აქვს 21 094 ლარის, ანუ 9 059 ლარით ნაკლები საქონელი/მომსახურება.

„გამარტივებული შესყიდვების დროს არ ტარდება სახელშეკრულებო ვალდებულებების ვადაში შესრულების მონიტორინგი, არ ხდება მიღება-ჩაბარების აქტების სრულყოფილად გაფორმება, ასევე ხელშეკრულებებით ვერ ხდება იდენტიფიცირება, შესყიდული საქონლის მახასიათებლების შესახებ.

სისტემური პრობლემაა დოკუმენტაციის ვადებში წარმოებაც, ხშირად არ ემთხვევა მიღება-ჩაბარების აქტები და სასაქონლო ზედნადებები; საქონლის მიწოდება წინ უსწრებს ხელშეკრულების გაფორმებას;

ასევე გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც შემსყიდველს არ აქვს ხელშეკრულება ხელმოწერილი, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია და განხორციელებულია გადახდა.

მიუხედავად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არაერთი მიმართვისა, 2021-2022 წლებში შემსყიდველი აგრძელებდა მონეტარული ზღვრების დაუცველად გამარტივებული შესყიდვის განხორციელებას“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ამავე ანგარიშში სხვა ნაკლოვანებებზეცაა საუბარი. კონკრეტულად:

  • „ხელვაჩაურის ბიუჯეტის ანგარიშზე 2021-2022 წლებში არსებული თავისუფალი საბიუჯეტო სახსრები არასრულადაა გამოყენებული. აღნიშნული მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და სხვადასხვა პროექტის დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს.
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სათანადო დაგეგმვა- განხორციელებას, ამასთანავე, სამშენებლო მასალების და სამუშაოების საბაზრო ღირებულებების და სხვა გარემოებების ცვლილებების გათვალისწინებით, საპროექტო დოკუმენტაციის გამოყენების დროისთვის, შესაძლოა საჭირო გახდეს მათი კორექტირება, რაც საბიუჯეტო სახსრების დამატებით ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული.
  • მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, გაუარესდა შემსყიდველის პირობები, ასევე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოუყენებლობით, ბიუჯეტში არ მოხდა დამატებით 13 407 ლარის მობილიზება.
  • მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო და სპეციალური ტექნიკისათვის შეძენილი სათადარიგო ნაწილების და საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტურად დადასტურებას, რის გამოც ვერ მივიღეთ რწმუნება 2021-2022 წლებში შესყიდული სათადარიგო ნაწილების და საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით.
  • 2021-2022 წლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 6 466 896 ლარის საბიუჯეტო რესურსი, რაც ძირითადად მოდის შემდეგ
    პროგრამებზე:

ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება – 3 962 805 ლარი, განათლება – 823 879 ლარი და ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 855 890 ლარი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს „კაპიტალური ტრანსფერიდან“ აუთვისებელი დარჩა 2 175 111 ლარი, აღნიშნული ტრანსფერის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროპორციულად ხორციელდება. შესაბამისად, შემოსულობების და გადასახდელების შეუსრულებლობის მიზეზი არასწორად დაგეგმილი და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებია.“

ოჯახმა 88 წლის თინა წილოსანი იპოვა

ოჯახის ინფორმაციით, დაიკარგა 88 წლის ქალბატონი თინა (ჰავა) წილოსანი. 88 წლის ქალი გუშინ შუადღის 5 საათიდან გავიდა სახლიდან. ქალბატონი თინა ცხოვრობს სოფელ ყოროლისთავში.

ოჯახი აცხადებს, რომ გაუჩინარებულ ქალს ეძებენ როგორც სოფელში, ისე ბათუმის ტერიტორიაზე.

ოჯახის ინფორმაციით, ქალს აქვს მეხსიერების პრობლემები.

ძებნის სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც.

გაუჩინარებულ ქალს აცვია შავი ზედა, რეზინის შავი კალოში.

ოჯახი ითხოვს, თუ სადმე შენიშნავთ ქალბატონ თინა (ჰავა) წილოსანს, შეაკავოთ და დარეკოთ შემდეგ ტელეფონებზე:

579 92 44 00

568 87 60 03

558 97 51 51

555 93 26 26

593 60 51 51

როცა მეწყერი შიშის ზარს გვცემს – გარესამყაროს მოწყვეტილ ხულოს სოფელში დახმარებას ითხოვენ

„10 დღის წინ რიჟვაძესთან [აჭარის მტავრობის თავმჯდომარე] განცხადება შევიტანეთ, პასუხი მივიღე, განიხილოს ხულოს მუნიციპალიტეტმაო. როდის უნდა განიხილონ, რომ მოვემწყრევი, მერე? იმის მერე დახმარება რაღათ მინდა, თუ ამომიყვანეს მიწიდან და ქვიდან?“ – კითხულობს მარინა გელაძე, მას სოფელ გელაძეების გზაზე შევხდით, მარინას სიტყვებით რომ ვთქვათ – გზა ბაწარზე.

ხულოს ცენტრალური გზიდან სოფელ გელაძეებამდე მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, ისიც რეზინის ჩექმით და წვალებით, ტალახში არ ჩაეფლო, ან კლდის ნაშალიდან წამოსული ქვა არ მოგხვდეს. მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ ეს გზა კლდის ქვების ნაშალი ლოდებით, ღორღით და ტალახითაა სავსე. ქვის ცვენა გამვლელს ნებისმიერ დროს უქმნის საფრთხეს, თუმცა უგზოდ დარჩენილი, ჩამწყვდეული სოფლიდან მარინა გელაძე ახლა შაქრის და ზეთის საყიდლად წამოსულა, შემომელია და ხულოს ცენტრში უნდა გავიდეო, გვიყვება და გზის კიდეზე ცდილობს გავლას, ტალახს რომ აარიდოს თავი.

სოფელი გელაძეები

მარინა გელაძის ოჯახი წლებია საფრთხის ქვეშ ცხოვრობს – გარდა იმისა, რომ სოფელი დამეწყრილია, მისი სახლის კედლები ბზარებითაა სავსე.

იმის მიუხედავად, რომ ამ ოჯახს 2016 წელს დაუწერეს გეოლოგებმა დასკვნა და დაწერეს: „შენობა საცხოვრებლად საშიშია“, არაფერი შეცვლილა – ხელისუფლებაში გეოლოგების დასკვნა არ განუხილავთ. ეს შემთხვევა აჩვენებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სიცოცხლის რისკის ქვეშ რჩებიან.

აჭარის მთავრობას და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას არც დღეს, 24 თებერვალს, გეოლოგების დასკვნის დაწერიდან 8 წლის შემდეგ და სოფლის უგზოდ დარჩენის შემდეგაც არ აქვს პასუხი: რატომ ვერაფერი შესთავაზეს მარინა გელაძის ოჯახს? 

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში დაგვიდასტურეს, რომ მარინა გელაძის წერილი ნამდვილად ხულოს მერიას გადაუგზავნეს, შემდეგ რა ბედი ეწია ამ წერილს, ამის შესახებ აჭარის მთავრობაში ვერაფერი გვითხრეს.

სოფელ გელაძეებისკენ მიმავალ გზაზე ბოლო 4 თვეში ზვავი რამდენჯერმე ჩამოწვა – 6 თებერვალს აჭარის მთიანეთში გააქტიურებული მეწყრული პროცესების შემდეგ კი, ამ სოფლისკენ მიმავალი გზა საბოლოოდ ჩაიკეტა.

„აი, ამ ბილიკს უნდა გავყვეთ, აქ არ დაადგათ ფეხი,“ – გვირჩევს ვახტანგ გელაძე, ვიდრე სოფლამდე ფეხით ასვლას შევძლებთ. ვახტანგ გელაძეც სოფელ გელაძეებიდანაა.

სოფელ გელაძეების დამეწყრილი გზა

„60 კომლი ვართ სულ ამ სოფელში, ასე დავდივართ, სოფელში სურსათის მაღაზია არ არის, რაღაც ხომ გჭირდება? ყველა სახლთან არ ჩამოსულა მეწყერი, მაგრამ ყველა გასასახლებელია, უგზოდ დავრჩით,“ – მარინა გელაძე გვთხოვს, მისი დაბზარული სახლიც ვნახოთ და სახლთან მისასვლელი გზაც.

„ხელისუფლების წარმომადგენლები როცა იყვნენ მოსულები, არ უნახავთ ჩემი სახლი, რა მდგომარეობაში ვარ,“ – საყვედურს არ მალავს მარინა გელაძე.

მარინა გელაძე

„მანქანა არ შემოდის 4 თვეა, ხუთი. გზა არ გვაქვს, კვალი, პატრონი არ გვყავს. იყვნენ მოსულები ხელისუფლებიდან, მარა არც გაყვანაზე უთქვამთ რამე, არც დახმარებაზე, არაფერს არ გვთავაზობენ. ვეუბნებით, რომ ბინა მოგვცენ, ან მიწის ნაკვეთი, არსებობა ხომ გვინდა? სოფელში თავს ძროხით ვირჩენთ, აქ თუ ვერაფერი შემოვიტანეთ და გავიტანეთ, რა უნდა გავაკეთოთ?“ – კითხულობს მარინა გელაძე.

მარინა გელაძის თქმით, ხელისუფლება შემოვლითი გზის მოწყობას გეგმავს, რადგან ძირითად გზაზე ისევ აქტიურია მეწყრული პროცესები და გზის გაწმენდა ამ ეტაპზე შეუძლებელია. მარინა ჰყვება, რომ შემოვლითი გზა რომც გაკეთდეს, კორტოხიდან მის სოფლამდე მომავალ გზაზე მსუბუქი ავტომანქანები და სამარშრუტო მიკროავტობუსი ვერ ივლიან.

იგივე დაგვიდასტურეს ხულოს მერიის ადმინისტრაციაში. აქ განმარტეს, რომ სოფლის ძირითად გზაზე სამუშაოების დასაწყებად ჯერ გეოლოგების რეკომენდაცია არ აქვთ, სოფელ კორტოხიდან სოფელ გელაძეებამდე გადასასვლელ გზაზე მუშაობა კი, უკვე დაწყებულია. რამდენიმე დღეში სოფელს გზა ექნება – გვითხრეს ხულოს მერიის ადმინისტრაციაში და დასძინეს, რომ შემოვლითი გზით მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეძლებენ გადაადგილებას. 

„მიწაში რომ მოვემწყრევი, მერე განიხილავენ? - ადამიანები საშიშ გარემოში, მეწყერთან მარტო

სოფელ გელაძეებიდან ხულოს მერიას ბოლო დამეწყრის შემდეგ 7 ოჯახი მეზობელ სოფელ პაქსაძეებში ქირით გაუყვანია. რისკის ზონაში რჩებიან სხვა ოჯახებიც. თუმცა ისინი გვიყვებიან, რომ 300 ლარით ბინას ვერ იქირავებენ, მეზობელ სოფლებში კი, სადაც ასევე მეწყერსაშიში ზონაა, ვერსად იმუშავებენ.

„ბევრი წავიდა თავისი ხარჯით ქალაქში, ან ნათესავთანაა. მერიიდან გვითხრეს, მოხუცები მაინც გაიყვანეთო… ხელში ავიყვანეთ მოხუცები და ისე გადავატარეთ მეწყერს, მათ შორის, დედაჩემი“, – გვითხრა ოთარ გელაძემ. მისივე თქმით, 40 ათასი ლარი კომპენსაცია ახალი ბინის შესაძენად მისაღები არ არის.

„რა უნდა ვიყიდო ამ ფასად, სად ვიყიდი ბინას? ჩემს ერთ მეზობელს მოუძებნეს სახლი ლანჩხუთში და იქ წავიდნენ. ასე გამოჩნდეს რამე, კი წახვალ“, – უთხრა ოთარ გელაძემ „ბათუმელებს“.

„ნახეთ, აქ ხელის იდაყვიც კი შეეტევა, იმხელაზე გაიწია უკვე კედელი,“ – სახლის ერთ-ერთ დაბზარულ კედელთან ჩერდება ბადრი გელაძე. კედლის მიღმა სამზარეულო ჩანს. დაბზარულია სამზარეულოს კედლები, საძინებლები, მისაღები ოთახის იატაკი, ბუხარი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში ფერად-ფერადი ყვავილებით მოხატული ჭერი…

ბადრი გელაძე გეოლოგების მიერ 2016 წელს გაცემულ დასკვნას გვაჩვენებს: „შენობა საცხოვრებლად საშიშია და საჭიროა გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა გეოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის,“ – ვკითხულობთ დასკვნაში.

ბზარები ბადრი გელაძის სახლში
„გეოლოგი ვარ,“ – ხუმრობის განწყობაზე დგება ბადრი გელაძე და იქვე გვიმარტავს, რასაც გულისხმობს: „იმდენი რამ შემასწავლეს, გეოლოგი გავხდი. გეოლოგებმაც ასე თქვეს, შესწავლილია ათასჯერ, მეპატრონეც დაწერს დასკვნასო. არაფერი არ შემოუთავაზებიათ. არ მიმიღია ერთი კაპიკი. მაქვს დასკვნა, მარა მაწამეს იმის მერე, მაწამეს, მაწამეს,“ – იმეორებს ბადრი გელაძე, ისევ აივანზე გავდივართ და ამატებს:

„დასკვნა როცა მიდის ხელისუფლებასთან იმის მერე პასიურია, რეაგირება მათი მხრიდან არ არის, სითბოს ვერ ვგრძნობ, რომ ნაბიჯი გადმოდგან ჩვენკენ, რომ ამოვისუნთქოთ თავდაჯერებულად, უფალს შევხედოთ, რომ აი, გვყავს ხელისუფლება,“ – ამბობს ბადრი გელაძე.

„აქ იდგა ჩემი მეუღლე, სამზარეულოს შესასვლელ კართან, ეს ბათქაში ჩამოიქცა, ღმერთს მადლობა, თავზე არ დაეცა… ბზარები თანდათან იმატებს. როცა იშლება სახლი, არ არსებულია უკან დაბრუნდეს თავის კალაპოტში. იძულებული ვართ, აქ ვიცხოვროთ, სად წავიდეთ?“ – კითხულობს ბადრი გელაძე და სამზარეულოს დაბზარულ კედლებსაც გვაჩვენებს.

ბადრი და მარინა გელაძის სახლი სოფლის ბოლოშია, ტყის პირას. უახლოესი მეზობელი ნახევარი კილომეტრითაა დაშორებული. ბადრი გვიყვება, ერთი შვილი ოჯახით ნაქირავებში ცხოვრობს, მეორე რელიგიურ პანსიონატში რჩებაო…

რას გთავაზობთ ხელისუფლება? – ვეკითხები მე.

„უყურადღებობას გვთავაზობს ხელისუფლება,“ – მოკლე პასუხი აქვს დამეწყრილ ოჯახს და აივნიდან ქოხს მაჩვენებს, სადაც ღამეს ათევს, როცა სახლის ჩამოშლის საფრთხე დიდია.

„როცა თოვლია და ზვავის საშიშროება, შიშის ზარი მცემს, გადავდივართ ქოხში და იქ ვათევთ ღამეს, სიცივეში… უსაფრთხო არც ის ადგილია, მაგრამ იქ მირჩევნია მაინც.

ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. ამის რესურსი ყოველთვის მოიძებნება, რომ სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარონ, ისეთ რამეებში ხარჯავენ ფულს, გული მწყდება: მივლინებებში, ვიზიტებში… კი ბატონო, უნდა წავიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში და საქმეები მოაგვარონ, მაგრამ რაც პირველადია, ის უნდა გაითვალისწინონ – ხალხი, რომელიც იტანჯება.

არჩევნები ხომ იმიტომ ტარდება, რომ ხელისუფლებამ მოგვისმინოს. ეს სოფელი სოფელი აღარ არის – დაშლილია. ჩემი თხოვნაა, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი მობრძანდეს პარლამენტიდან, ან მერიიდან, ბევრს არ ვთხოვ, ერთი ღამე გაათენოს აქ.

თუ ხელისუფლება თავდაჯერებულია, ყველაფერს გააკეთებს… თოფით თუ გლეხს მოერევი, უფალი გვიყურებს ზემოდან, ეს გაუსაძლისი პირობები მოგვიხსენით. საქართველოში რატომ უნდა უჭირდეს ხალხს, ბიუჯეტი ყველასია, ყველა ადამიანისაა და არ უნდა იხარჯებოდეს ასე უაზროდ.

აქ არც ზაფხულში გვაქვს გზა – ტრაქტორით უნდა მოიმარაგო ზაფხულობით სურსათი. გვალვებშიც კი, გზა ტალახითაა სავსე,“ – გზამდე გვაცილებს ბადრი გელაძე.

გეოლოგების და სპეციალისტების რეკომენდაციებს რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს, ეს ბადრი გელაძის სახლთან მისასვლელ გზასაც ეტყობა – სანიაღვრე არხს სოფელში ვერსად იპოვით, მათ შორის, იქ, სადაც ასფალტის ახალი საფარი დაუგიათ. მეწყერსაშიშ ზონაში და ახლა უკვე დამეწყრილ სოფელში წყალი პირდაპირ გზებზე მოდის.

დამეწყრილი სოფელი გელაძეები

სააგენტომ მეზღვაურთა დამსაქმებელი კომპანიების აღიარების ახალი წესი შემოიღო

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის ახალი წესი დაამტკიცა.

ამ წესის მიხედვით, „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარება გულისხმობს კანონისა და ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, რომლის მიზანია იმ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის გამოვლენა, აღიარება და რეესტრში აყვანა, რომელიც უფლებამოსილი იქნება დაასაქმოს მეზღვაური.

აღიარების პროცესში სააგენტო ადგენს სერტიფიკატის მაძიებლის შესაძლებლობას, განახორციელოს მეზღვაურის დასაქმება ამ წესითა და კანონით დადგენილი აღიარებისთვის მოთხოვნილი მახასიათებლებისა და პირობების შესაბამისად“.

ბრძანება, რომელსაც სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი აწერს ხელს, 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.

ბრძანების მიხედვით, „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირები, რომელთაც ამ წესის ამოქმედებამდე მოპოვებული აქვთ სააგენტოს აღიარება, ვალდებულნი არიან 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ამ წესთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა და განახლებული დოკუმენტაცია წარუდგინონ სააგენტოს“.

ამასთან, „სააგენტოს მიერ აღიარებული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მონიტორინგი შეჩერდება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე“.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ახალი წესის მიღების მიზანია:

  • „უზრუნველყოს მეზღვაურთა დასაქმების სრულყოფილი და ხელმისაწვდომი სისტემის ფორმირება და მეზღვაურთა დასაქმების სფეროში საერთაშორისო მოთხოვნებისა და სტანდარტების დანერგვა.
  • ყოველი მეზღვაური უფლებამოსილია ყოველგვარი საზღაურის გადახდის გარეშე სარგებლობდეს დასაქმების, კარიერული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით…“

საქართველოში მოქმედ საკრუინგო კომპანიებს მეზღვაურთა დასაქმების სფეროში საქმიანობა შეუძლია მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აღიარების საფუძველზე.

აღიარების მიღების უფლება კი, აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც „გემთმფლობლის სახელით ან მის სასარგებლოდ ჩართულია მეზღვაურთა დასაქმების პროცესში და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის, კონვენციისა და ამ წესის მოთხოვნებს“.

საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია:

  • გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება და ამასთან განუწყვეტლივ ეცნობოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას მეზღვაურთა შრომის, განათლების, სერტიფიცირებისა და დასაქმების სფეროში;
  • დაასაქმოს მხოლოდ შესაბამისად კვალიფიციური პირი, რომელიც სერტიფიცირებულია საქართველოს კანონის „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • აქტიურად იყოს ჩართული გემთმფლობელსა და მეზღვაურს შორის შრომითი ხელშეკრულების დადების პროცესში;
  • დასაქმებამდე დეტალურად გააცნოს მეზღვაურს შრომითი ხელშეკრულების პირობები, მათ შორის, შესასრულებელი სამუშაოს, მეზღვაურის უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე, ასევე მიაწოდოს ოფიციალური ინფორმაცია იმ ხარჯების შესახებ, რომელიც შესაძლოა მეზღვაურმა თავად გასწიოს დასაქმების პროცესში და  რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამედიცინო მოწმობის, მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის, მოქალაქის პასპორტის ან სხვა პირადი სამგზავრო დოკუმენტების მისაღებად გასაწევ ხარჯებს;
  • უზრუნველყოს  უცხო ქვეყნის ნავსადგურში განსაცდელში მყოფი მეზღვაურის დაცვის შესაძლებლობა და რომ მეზღვაური დაცული იქნება უცხო ქვეყნის ნავსადგურში საარსებო საშუალებების გარეშე დარჩენის საფრთხისგან;
  • საკრუინგო საქმიანობის განხორციელებისას სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირს  დაუსაბუთებლად არ განუცხადოს უარი დასაქმებაზე;
  • უზრუნველყოს წელიწადში სულ მცირე 10 (ათი) მეზღვაურის დასაქმება
  • დარწმუნდეს, რომ შრომითი ხელშეკრულება მეზღვაურს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ჩააყენებს და არ შექმნის მისი შრომითი თუ სხვა სახის ექსპლუატაციის საფრთხეს და სხვა.

საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების წესი, ასეთ პირთა ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და სხვა დეტალები სრულად ნახეთ ამ ბმულზე

ომის 2 წლისთავი ბათუმის ბულვარში – რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა | ფოტო

დღეს, 24 თებერვალს, 2 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის დროშები ბათუმის ბულვარში:

ბათუმის ბულვარი / 24.02.2024 / ჯაბა ანანიძის ფოტოები
ბათუმის ბულვარი / 24.02.2024
ბათუმის ბულვარი / 24.02.2024
ბათუმის ბულვარი / 24.02.2024
ბათუმის ბულვარი / 24.02.2024
ბათუმის ბულვარი / 24.02.2024
ბათუმის ბულვარი / 24.02.2024
მოქალაქე უკრაინის დროშით, რომელმაც დღეს ბათუმის ბულვარი შემოირბინა / 24.02.2024
ბათუმის ბულვარი / 24.02.2024
ბათუმის ბულვარი / 24.02.2024

 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

 

6 ცათამბჯენი და სასტუმრო – ემინ უჩარის პროექტი კახაბერში

კახაბრის დასახლებაში 7 ცათამბჯენისა და მისი დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტის კონცეფცია საკრებულოს უკვე დამტკიცებული აქვს. ამ მასშტაბურ პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა.

მშენებლობას შპს „MAQRO“ გეგმავს.

ამჯერად კომპანიამ მერიას განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] წარუდგინა. დოკუმენტი გულისხმობს კვლევებისა და მისი დასკვნების ერთობლიობას, რაზეც დავალებას მერია გასცემს. არქიტექტორები ამ დავალებას გეგმარებით დავალებას უწოდებენ.

განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] შეიმუშავეს მიწის ნაკვეთზე, რომელიც კახაბერში სამ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს – ტერიტორია 8 ჰექტარზე მეტია. [ 87 386 კვ.მეტრი]

მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია 8 შენობის მშენებლობა, რომელთაგან 7 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ერთი სასტუმრო და ერთიც საზოგადოებრივი დანიშნულების შენობაა.

გდგ-ში მოცემული ინფორმაციით, შვიდი შენობა 33-38 სართულიანი იქნება, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა კი 4-სართულიანი. კომპლექსში განთავსდება ბინები, სასტუმრო ნომრები და სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივი ობიექტები, ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომები.

კომპანია მშენებლობას საცხოვრებელ ზონაში გეგმავს და კ2 კოეფიციენტის გაზრდა სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ზონაში დადგენილ პარამეტრებზე მაღალი შენობები უნდა ააშენონ. ასეთ შემთხვევაში კანონი განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადებას ითვალისწინებს. კომპანიას გეგმარებით დავალებას მერია აძლევს, განუსაზღვრავს იმ კვლევების ჩამონათვალს, რაც სამომავლოდ უნდა დაეხმაროს გადაწყვეტილების მისაღებად, გასცეს თუ არა პროექტის მშენებლობის ნებართვა.

კოცეფცია- რენდერი

 

პროექტის კონცეფცია ბათუმის საკრებულომ 2023 წლის 19 დეკემბერს დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც შემუშავდა გდგ-ს პროექტი.

კონცეფცია

მსგავსი დოკუმენტები, იგივე ქალაქმშენებლობითი გეგმები, მოიცავს კვარტალს ან კვარტლებს, სადაც მშენებლობაა დაგეგმილი. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ფართობის ათვისებას გეგმავს მშენებელი.

უკვე მომზადებული და საკრებულოში დამტკიცებული კვლევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მერიის გეგმარებითი დავალებები სამშენებლო ტერიტორიის გეომორფოლოგიას, გრუნტის შესწავლას, საინჟინრო ინფრასტრუქტურულ კვლევას, ელექტრო და ბუნებრივი აირით მომარაგების სქემას, მყარი ნარჩენების მართვის გეგმას, სატრანსპორტო სქემას, კლიმატის, დენდროლოგიურ, სეისმოლოგიურ და ასე შემდეგ კვლევებს მოიცავს.

ბათუმის მერიისა და საკრებულოს პრაქტიკით თუ ვიმსჯელებთ, გეგმარებითი დავალების გაცემა მეტწილად კონცეფციის დამტკიცებით გრძელდება, დამტკიცებული გდგ კი, მშენებლობაზე ნებართვის გაცემის საფუძველია.

არ გვახსენდება შემთხვევა, როცა გეგმარებითი დავალებით გაცემული კვლევების გაცნობის შემდეგ მერიამ ნებართვის გაცემაზე უარი თქვა ან საკრებულომ გდგ არ დაამტკიცა.

ვწერდით პროექტებზეც, რომლის გეგმარებით დავალებებში სპეციალისტები წერდნენ რიგ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც მშენებლობის შემდეგ შეიძლებოდა დღის წესრიგში დამდგარიყო, ეს პროექტები დაამტკიცეს.

ამჯერად  კახაბერში დაგეგმილი პროექტის გდგ შევისწავლეთ. დოკუმენტი საკრებულომ უახლოეს მომავალში უნდა დაამტკიცოს.

გდგ-ში მოცემული ინფორმაციით, შვიდი შენობა 33-38 სართულიანი იქნება, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა კი 4 სართულიანი. კომპლექსში განთავსდება ბინები, სასტუმრო ნომრები და სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივი ობიექტი, ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომები. პროექტი ითვალისწინებს ასევე ღია ავტოსადგომების, სათანადო ინფრასტრუქტურის, შიდა გზების, დასასვენებელი ადგილებისა და გამწვანების მოწყობას.

სამშენებლო მიწის ნაკვეთები მდებარეობს ქალაქის ცენტრალური ნაწილის სამხრეთით, ესაზღვრება კახაბრის და ნანეიშვილის ქუჩებს. დღეისათვის აქ განთავსებულია საწარმოო ობიექტი, ხოლო ორი მიწის ნაკვეთი თავისუფალია და მათზე შენობები არ არის. გეგმარებითი ერთეული და მიმდებარე ტერიტორიები უზრუნველყოფილია სათანადო ინფრასტრუქტურით.

კომპანია პროექტისთვის კ2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს, ამიტომაც იყო საჭირო გდგ დოკუმენტის მომზადება. ასეთ შემთხვევაში კომპანიას მერიამ მაკომპენსირებელი ღონისძიებაც უნდა განუსაზღვროს.

გეგმარებით ერთეულის მიმდებარე ტერიტორიები ძირითადად განთავსებულია ინდივიდუალური სახლები და დამხმარე შენობა-ნაგებობები, ასევე რამდენიმე მომსახურებისა და მშენებარე ობიექტი.

კომპანია წერს, რომ აქ არსებული გარემო არ გამოირჩევა ღირებული არქიტექტურით:

„კაპიტალური ფონდის ძირითადი ნაწილი გასულ საუკუნეშია აშენებული. მიმდინარეობს კაპიტალური ფონდის განახლება, საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.“

  • სატრანსპორტო კვლევა

საპროექტო ნაკვეთებს სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთით ესაზღვრება კახაბრის ქუჩა, ასევე ესაზღვრება ნანეიშვილის ქუჩა. ორივე ქუჩა საქალაქო სატრანსპორტო ქსელის ნაწილია.

გდგ-ში ვკითხულობთ, რომ დღევანდელი მოცემულობით საქართველოში ავტომანქანების რაოდენობის მატების ტენდენცია კვლავ გრძელდება. შესაბამისად, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პირობებში აუცილებელია საპარკინგე სივრცის მოწყობა:

„წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ავტომანქანების სიმრავლემ, საკვლევი ობიექტის მიმდებარე ქუჩებზე გამოიწვიოს ავტომანქანების ნაკადების მოძრაობის შეფერხება.“

ამ მოცემულობის გათვალისწინებით სპეციალისტი ასკვნის, რომ აუცილებელია საკვლევ ობიექტს გააჩნდეს ინდივიდუალური მიწისქვეშა ან მიწისზედა ავტოპარკინგი და იქვე მიუთითებს მთავრობის დადგენილების მოთხოვნებზე.

დადგენილების თანახმად, საკვლევ ობიექტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1503 ავტოსადგომი, ხოლო სასტუმრო და საზოგადოებრივი ფართობებს 211 ავტოსადგომი. სულ: 1714 ავტოსადგომი.

სპეციალისტი წერს, რომ პროექტი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ამ ყველაფერთან ერთად გდგ-ში ვკითხულობთ, რომ გეგმარებით ერთეულზე განთავსებული იქნება 2445 ბინა, 560 სასტუმრო ნომერი და საზოგადოებრივი დანიშნულების 14677 კვ.მეტრი ფართობი.

ის მიმოიხილავს ტრანსპორტის მოძრაობის სქემას და ასკვნის:

„კომპლექსის მშენებლობის განხორციელება არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას არსებულ საერთო სარგებლობის სატრანსპორტო- საგზაო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებაზე.“

სოციოლოგიური კვლევა

როგორც გდგ-შია მითითებული, სოციოლოგიური კვლევის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირებულობის განსაზღვრა ახალ მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე, მიმდებარედ მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა ინვესტიციის ფონზე და ზეგავლენა სოციალურ ინფრასტრუქტურაზე.

დოკუმენტში წერია, რომ ამ ყველაფრის დასადგენად 38 პირი გამოჰკითხეს და ისინი ახალ სამშენებლო პროექტებს მეტწილად დადებითად აფასებენ.

 

შპს „MAQRO“ საქართველოში 2012 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის ასივე პროცენტს ბიზნესმენი ემინ უჩარი ფლობს, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს – როგორც თურქეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეა.

ემინ უჩარი საქართველოში ფლბს ასევე შპს „მაქრო ქონსთრაქშენს“, შპს „მაქრო ფუდსა“ და „მაქრო ტურიზმს“.

ემინ უჩარი საქართველოში მსხვილ ბიზნესს და ქონებას ფლობს. მან ბიზნესსაქმიანობა აზერბაიჯანში, ნახიჩევანის რეგიონში დაიწყო. ცნობილია მის კავშირებზე ამ რეგიონის მმართველთან ვასიფ თალიბოვთან.

ბათუმსა და ქობულეთში რამდენიმე ქუჩას დენი არ მიეწოდება

დღეს, 24 თებერვალს, ბათუმსა და ქობულეთში რამდენიმე ქუჩას ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება:

  • ბათუმში: ბაგრატიონის, მელიქიშვილის, გურამიშვილისა და მიმდებარე ქუჩების ნაწილს;
  • ქობულეთში: დ.აღმაშენებელის, ჭავჭავაძის, ნინოშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, დენის გათიშვის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია – ბათუმში დენის მიწოდება დღეს 18:00 საათისთვის აღდგება, ხოლო ქობულეთში – 15:00 საათზე.

„ენერგო-პროს“ განცხადებით, 26 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდება ქობულეთში სოფელ კვირიკესა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

რას უპირებენ ახალ ბულვართან შტორმით დანგრეულ პირსს

ბათუმში, ახალ ბულვართან მდებარე პირსი ზღვამ 2021 წლის დეკემბერში დაანგრია. პირსის დანგრევიდან ორი წლის შემდეგ კვლავ გაურკვეველია ვინ აღადგენს მას, ან აღადგენენ თუ არა საერთოდ.

„ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ორი წლის წინ მოგვწერეს, რომ „შესაბამისი სპეციალისტები შეისწავლიან და ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მოხდება აღნიშნული პირსის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება“.

შტორმის დროს დანგრეული პირსი / 23.02.2024

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ბათუმელები“ კვლავ დაუკავშირდა, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურმა ამჯერად ბულვარის ადმინისტრაციაში გადაგვამისამართა.

„პირსი არ არის ჩვენს ბალანსზე და მის შესწავლა-აღდგენაზე არ ვმუშაობთ“ – გვითხრეს ბათუმის ბულვარის პრესსამსახურში 2024 წლის 23 თებერვალს.

პირსთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ კი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გადაგვამისამართა, სადაც იგივე გვითხრეს – „ჩვენ არ ვმუშაობთ“.

შტორმის დროს დანგრეული პირსი / 23.02.2024

პირსი და მიმდებარე სანაპიროს ნაწილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

ამ თემაზე: აღადგენენ თუ არა შტორმის დროს დანგრეულ პირსს ახალ ბულვარში

შტორმის დროს დანგრეული პირსი / 23.02.2024

 

 

ხულოს სოფელ გელაძეებთან დასაკავშირებლად ალტერნატიულ გზას აღადგენენ – დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამეტის განცხადებით ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეებში „გადაუდებელი საჭიროებისათვის“ ალტერნატიული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ გელაძეებთან მისასვლელი მთავარი გზა ერთი თვეა მეწყრის გამო დაზიანებული და ჩაკეტილია.

სოფელ გელეძეებში მიმავალი გზა / 22.02.2024 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

ალტერნატიული გზა, დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ კორტოხიდან უკავშირდება გელაძეებს.

გელაძეებისკენ მიმავალი გზა / 22.02.2024 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

„რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესია, ამავდროულად სავალ ნაწილზე არის თოვლის საფარი. აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რთული გეოგრაფიული პირობების მიუხედავად, დეპარტამენტი ცდილობს მალევე დასრულდეს გზის აღდგენითი სამუშაოები.“ – აცხადებს აჭარის გზების დეპარტამენტი.

დეპარტამენტისვე ინფორმაციით: „ერთი თვის წინ სოფელ გელაძეებში განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე მეწყრული კერა არის აქტიური და ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მისი მონიტორინგი შესაბამისი სპეციალისტების მიერ. შესაბამისად ჯერჯერობით გზის გაწმენდის და აღდგენითი სამუშაოები შეუძლებელია.“

ამავე თემაზე:

სოფელი გელაძეები / 22.02.2024 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

 

მთავარი ფოტო: გზების დეპარტამენტი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები – 2 წელი ომის დაწყებიდან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე, 2024 წლის 24 თებერვლის მონაცემებით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი სულ არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 409 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770]
  • ტანკი – 6 534 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 12 425 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 9 952 ერთეული [+36]
  • MLRS – 999 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 684 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 340 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 659 ერთეული [+31]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 905 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 988 ერთეული [+28]
  • სპეცტექნიკა – 1 576 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 574 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 13 315 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 473 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 207 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 223 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 152 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 030 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„შეიძლება რკინამ ვერ გაუძლოს, მაგრამ გაუძლებენ უკრაინელები“ – ზელენსკის მიმართვა

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვის დარჩება 5-მილიონიანი ტენდერი – ბათუმის მერიას 3 კომპანია უჩივის

„უფროსს დაურეკეს თბილისიდან და უთხრეს, ვის უნდა მოეგო ტენდერი… არ აინტერესებთ, ეს როგორ მოხერხდება. ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს. ახლა გვიჩივის კომპანია, რომელსაც დაბალი ფასი ჰქონდა დაფიქსირებული“, – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა წყარომ მოაწოდა.

საუბარია ბათუმის მერიის უწყების, საქალაქო ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ 5 მილიონიან ტენდერზე [5 მილიონ 264 ათას 551 ლარი], რომელიც ბათუმში, სხვადასხვა მისამართზე 60 ამორტიზებული ლიფტის ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამმართველოს უფროსს თბილისიდან გავლენიანი პირის სახელით დაურეკეს: „ის ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს…“

„არ ყოფილა და ვერც იქნება“ – ამბობს სამმართველოს უფროსი „ბათუმელებთან“. აკაკი ბერიძე ინფორმაციას გავლენიანი პირისგან მითითების მიღების შესახებ კატეგორიულად უარყოფს:

„არა ვარ ცუდ დღეში, საკმაოდ კარგ დღეში ვარ და ვმუშაობ ყველანაირი წნეხის გარეშე. რაც შეეხება ზარებს და მსგავს რაღაცებს, არ ყოფილა. არცერთ ტენდერზე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს დაერეკოს და რაღაცები ჩაგვეთვალოს. ეს არის გამჭვირვალე პროცესი. ამას ხედავს ნებისმიერი მოქალაქე, ნებისმიერი განათლების მქონე ადამიანს შეუძლია დაინახოს, წაიკითხოს, ატვირთული დოკუმენტაცია გადაამოწმოს. ან სამართლებრივ ნაწილში მოგვედავოს ან სასამართლო წესით. რაც შეეხება ინტერესს, ჩვენი ნებისმიერი პროექტის მიმართ ინტერესი არსებობს“.

სამმართველოს უფროსმა ხაზგასმით შეგვახსენა, რომ შესყიდვა ელექტრონულად ხორციელდება და პროცესი გამჭვირვალეა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

თუმცა, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების შესწავლა ინფორმირებული პირის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არ აქარწყლებს. პირიქით, მეტ დამაჯერებლობას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ინფორმირებული წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სანდოა.

დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახლი ლიფტების შესყიდვა-მონტაჟის მიზნით ბათუმის მერიამ ტენდერი განმეორებით 2023 წლის 9 ნოემბერს გამოაცხადა [მანამდე, ცოტა ადრე, 2023 წლის სექტემბერში მერიამ იგივე შინაარსის შესყიდვა მისამართების დაკორექტირების საჭიროების მიზეზით შეწყვიტა].

ამჯერად წინადადებების მიღება 2023 წლის 30 ნოემბერს დასრულდა. შერჩევა-შეფასების ეტაპზე დაფიქსირდა სამი კომპანია, მათ შორის ორმა დისკვალიფიკაცია მიიღო. მოგვიანებით კი, შესყიდვების კომისიამ იგივე გადაწყვეტილება მიიღო მესამე კომპანიის მიმართაც.

კომისიის გადაწყვეტილება სამივე კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა.

„ბათუმი სიტი XXI“, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა მერიის სხვა ტენდერშიც გამარჯვებულია. ამ კომპანიამ მერიას ამჯერადაც ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება ყველაზე დაბალ ფასად, 4 მილიონ 699 ათას 999 ლარად შესთავაზა. კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს შპს „თბილლიფტსერვისთან“ მიმართებაშიც, კომპანიამ საბოლოო ფასის სახით 4 მილიონ 865 ათას 700 ლარი დააფიქსირა.

20 თებერვალს მესამე კომპანიამ, შპს ELE-მაც მიიღო დისკვალიფიკაცია

მესამე კომპანიას შპს ELE-ს თავიდანვე არ მიუღია დისკვალიფიკაცია. ამიტომაც, ლოგიკურად უნდა გვევარაუდა, რომ ტენდერი სწორედ ამ კომპანიას უნდა მოეგო, მისი ფასი 5 მილიონ 46 ათას 282 ლარია, შესყიდვის ფასზე მცირედით ნაკლები. თუმცა, 20 თებერვალს ამ კომპანიასაც დისკვალიფიკაცია მისცეს.

სამმართველოს უფროსს „ბათუმელები“ ამ გადაწყვეტილებამდე 2 კვირით ადრე, 7 თებერვალს ესაუბრა. სწორედ ამ საუბრის შემდეგ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ შპს ELE-ც არ იყო ის კომპანია, რომელსაც ტენდერი უნდა მოეგო.

„რატომ უყურებთ ასე. არ არის ლოგიკა ეგ. ჩვენ ხომ არ განგვიხილია მესამე კომპანიის დოკუმენტაცია. თუ ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, აუცილებლად დისკვალიფიკაციას მიიღებს. დაშვება და არდაშვება უნდა გამოვრიცხოთ. თუ ვერ დააკმაყოფილებს, მიიღებს დისკვალიფიკაციას. თუ ვერ დააკმაყოფილა მესამემაც, გამოჩნდება მეოთხე, მეხუთე და ასე შემდეგ. ან შეიძლება არავინ არ გამოჩნდეს. სააგენტოს გვერდზე არ ჩანს სხვა კომპანია, ვიდრე დისკვალიფიკაციას არ მიიღებს შერჩეული კომპანია. აქედან გამომდინარე ვინ მოიგებს და როგორ მოიგებს, ჩვენ ეს არ ვიცით.“

20 თებერვალს ტენდერში კიდევ ერთი კომპანიის მონაწილეობის შესახებ გავიგეთ.

 

ეს არის სს „აველიჯე მაქინე სანაი ვე თიჯარეთ“-ი, რომელიც თურქეთშია რეგისტრირებული, ამ კომპანიამ მერიას სამუშაოს შესრულება 5 მილიონ 62 ათას 716 ლარად შესთავაზა.

  •  „ბათუმი სიტი XXI“ – მოქმედი მიმწოდებელი, რომლის გამოცდილებაც ამჯერად დაიწუნეს

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პრეტენდენტს გაფორმებული უნდა ჰქონდეს შეთანხმება  ტენდერით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისი ლიფტების დამამზადებელ საწარმოსთან ლიფტების მოწოდების მზაობაზე. მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, საწარმო იკისრებს ვალდებულებას მიაწოდოს კომპანიას ტენდერით გათვალისწინებული ლიფტები. ხელშეკრულება უნდა იყოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.

დოკუმენტების მიხედვით, „ბათუმი სიტი XXI“-მ მერიის უწყებას წარუდგინა ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებები ჩინურ და თურქულ კომპანიებთან. თურქულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შესყიდვების კომისიამ სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამოდ იმის გამო მიიჩნია, რომ კომპანია თურქეთის სახელმწიფო რეესტრში არ იძებნებოდა. სწორედ ამ მიზეზით მისცეს „ბათუმი სიტი XXI“-ს დისკვალიფიკაცია.

2023 წლის 12 დეკემბერს კომპანიამ შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა.

კომპანიის განმარტებით, თურქულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებაში მითითებულია რეკვიზიტები, ხელმოწერილია დირექტორის მიერ და დასმულია კომპანიის ბეჭედი. კომპანია რეგისტრირებულია თურქეთის სახელმწიფო რეესტრში და გააჩნია საიდენტიფიკაციო კოდი.

„როგორც აღმოჩნდა, ხელშეკრულების რეკვიზიტების შევსების დროს თურქულმა მხარემ მონაცემების შეყვანის დროს ინსტინქტურად დაუშვა შეცდომა. თუმცა ხელშეკრულებაზე დასმულ ბეჭედზე საიდენტიფიკაციო კოდი მითითებულია სწორად. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მონაცემების გადამოწმების დროს იხელმძღვანელა ხელშეკრულებაში კომპანიის რეკვიზიტების ველში მითითებული საიდენტიფიკაციო კოდით და არ შეადარეს მონაცემები კომპანიის ბეჭედზე მითითებულ ინფორმაციას – საიდენტიფიკაციო კოდს“, – განუმარტა კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს.

კომპანია საჩივარში წერს, რომ ბეჭედზე არსებული საიდენტიფიკაციო კოდი უტყუარი მონაცემია:

„მიგვაჩნია, რომ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა შეემოწმებინა, როგორც კომპანიის რეკვიზიტები, ასევე ბეჭედზე არსებული მონაცემები, რითაც შეძლებდა ტექნიკური შეცდომის გამოვლენას და ბეჭდის უტყუარ მონაცემებზე დაყრდნობით მოიპოვებდა ინფორმაციას კომპანიის შესახებ თურქეთის სახელმწიფო რეესტრიდან.

კომპანიამ  საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვების სამსახურს შესყიდვების სააგენტოს უჩივლა და მოითხოვა დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილების გაუქმება.

დავების საბჭომ კომპანიას საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაავალა სატენდერო კომისიას განმეორებით განიხილოს დოკუმენტები.

ეს კომპანია სამმართველოს მოქმედი მიმწოდებელია. 2023 წლის 9 ივნისს, კომპანიას მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა ანალოგიური – ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოებზე. ხელშეკრულება 4 მილიონ 938 ათას 604 ლარზეა გაფორმებული. როგორც შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ფიქსირდება, კომპანიას უკვე შესრულებული და ანაზღაურებული აქვს 1 მილიონ 598 ათას 331 ლარის სამუშაოები.

  • შპს „თბილლიფტსერვისი“

შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილება „თბილლიფტსერვისმაც“ გაასაჩივრა. მოგვიანებით კი ამ კომპანიამ იგივე ტენდერთან დაკავშირებით სააგენტოს კიდევ ორი საჩივრით მიმართა. ამ კომპანიას კომისიამ ანალოგიური მასშტაბისა და ღირებულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიზეზით მისცეს დისკვალიფიკაცია.

დოკუმენტების მიხედვით, პრეტენდენტს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები, საერთო ღირებულებით, არანაკლებ 5 მილიონი ლარის ოდენობით.

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ განიხილა შპს „თბილლიფტსერვისის“ მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ „ლიფტების შეკეთების, რემონტის, რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციისა და რეაბილიტაციის სამუშაოები არ ჩაითვლება ტენდერით მოთხოვნილთან შესაბამის სამუშაოებად. N99-4 ოქმი]

კომპანიამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ სატენდერო კომისიამ გამოცილებასთან დაკავშირებული დოკუმენტების დაზუსტებაზე კომპანიას ბუნდოვანი მოთხოვნა წაუყენა, შემდეგ კი კანონით გათვალისწინებული დრო არ მისცა:

„აღსანიშნავია ისიც, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ სრულყოფილადაც არ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული 5 სამუშაო დღე და დეტალური შემოწმების გარეშე, ერთ სამუშაო დღეში ბუნდოვანი და არაზუსტი დაზუსტების მოთხოვნა წარუდგინა პრეტენდენტს.“

2023 წლის 20 დეკემბერს დავების საბჭომ ეს საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიას მიუთითა განმეორებით გადახედოს დოკუმენტებს:

„დეტალურად უნდა იმსჯელოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილსა და საჩივარში მითითებულ გარემოებებზე და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“

2024 წლის 22 იანვარს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ გამართა სხდომა, სადაც „თბილლიფტსერვისის“ გამოცდილების შესახებ დოკუმენტები განმეორებით განხილა.

სატენდერო კომისიამ ისევ მიიჩნია, რომ კომპანიას ტენდერით მოთხოვნილი სამუშაოების ანალოგიური სამუშაოები შესრულებული არ აქვს. შესაბამისად, გამოცდილება არ დასტურდება. კომისიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ითხოვს ძველი ლიფტის დემონტაჟისა და ახალი ლიფტის მონტაჟის სამუშაოების გამოცდილებას. აღდგენა-შეკეთების სამუშაოები კი, ანალოგიურ სამუშაოებად ვერ ჩაითვლება.

კომპანიამ სააგენტოს ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა.

24 იანვარს სამმართველოს სატენდერო კომისიამ ისევ ჩაატარა სხდომა, რომლის ოქმშიც ვკითხულობთ, რომ კომპანიის დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება იმის გამო, რომ გამოცდილებასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. კომპანიამ ეს ოქმიც გაასაჩივრა.

2024 წლის 12 თებერვალს სატენდერო კომისიამ კიდევ ერთი სხდომა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საბოლოოდ „თბილლიფტსერვისმა“ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება სამჯერ გაასაჩივრა, სამივე შემთხვევაში საბჭომ კომისიას „გადაწყვეტილების გადასინჯვა“ დაავალა.

  • შპს ELE

გამოცდილება დაუწუნეს ასევე შპს ELE- ს. კომპანიას გარკვეული სამუშაოები, რომლებიც უკვე შესრულებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, არ ჩაუთვალეს ახალი ლიფტის მონტაჟის სამუშაოდ და დისკვალიფიკაცია მისცეს. სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა ახალი კომპანია.

„ეს არის სიტყვებით თამაში“ – გივი ყიფშიძემ, უთხრა „ბათუმელებს“ შპს ELE- ს დირექტორმა. 22 თებერვალს კომპანიამ საჩივრით დავების საბჭოს მიმართა.

კომპანია სააგენტოს წერს, რომ ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ ლიფტების აღდგენა-შეკეთების სამუშაოების ანალოგიურ სამუშაოებად მიიჩნია მხოლოდ დემონტაჟის სამუშაოები. ასევე, კომისიამ ვერ დაადგინა დემონტაჟის სამუშაოების ღირებულება, ვინაიდან დოკუმენტაციაში მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოები ერთადაა მითითებული. სწორედ ამის გამო პრეტენდენტს დაევალა დაზუსტება.

კომპანიის ინფორმაციით, კომისიის მითითების შესაბამისად, პრეტენდენტმა წარადგინა გლდანის ტერიტორიაზე შესრულებული იმ ტენდერების ჩამონათვალი და დოკუმენტები, სადაც, შეასრულა ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები.

კომპანიის მტკიცებით, დოკუმენტაციით ნათლად ჩანს, რომ პრეტენდენტს შესრულებული აქვს ლიფტის დემონტაჟი და ახალი ლიფტის მონტაჟის სამუშაოები, რაც მოთხოვნილი აქვს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს.

კომპანია წერს: გლდანის რაიონის გამგეობის ტენდერის ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია: ახალი შახტის კარის მონტაჟი, ძველი შახტის კარის დემონტაჟი, ძველი კაბინის კარის დემონტაჟი და ახალი კაბინის კარის მონტაჟი, ახალი მართვის პროცესორული კარადის მონტაჟი და სხვა. მსგავსად შეგვიძლია მაგალითების მოყვანა თითოეულ ტენდერზე. გარდა ამისა, დამატებით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ იქნა ექსპერტის დასკვნა და გლდანის მუნიციპალიტეტის მერიის დადასტურებული წერილი ზემოაღნიშნული ტენდერებით განხორციელებული სამუშაოების შესახებ, რომელშიც მითითებულია, რომ ,,შპს ELE“-მ განახორციელა სამგზავრო და სატვირთო ლიფტების სრული რეაბილიტაცია, კერძოდ: კომპანიის მიერ სრულად განხორციელდა ძველი ნაწილების ახლით ჩანაცვლება, რაც გულისხმობს ძველის დემონტაჟს და ახლის მონტაჟს.

კომპანია ითხოვს გაუქმდეს კომისიის სხდომის შესაბამისი ოქმი და „საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.“

 

 

 

ტრაილერის ქართველი მძღოლი ტრაბზონში ავარიაში მოჰყვა და დაიღუპა – თურქული მედია

თურქული მედიის ინფორმაციით, დღეს თურქეთის ქალაქ ტრაბზონიდან რიზეს მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანა ავარიაში მოჰყვა. ტრაილერს ქართული ნომრები ჰქონდა. როგორც მედია წერს, მძღოლი, ეროვნებით ქართველი, დაიღუპა.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა ავტომანქანაზე კონტროლი დაკარგა.

თურქული მედია წერს, რომ ტრაილერი დატვირთული იყო ბოსტნეულით.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრში აცხადებენ, რომ ავტოავარიის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობენ.

___

ფოტო: rizedeyiz

„განდაგანას“ ცეკვა აჭარაში ყველა მესამემ იცის – „ბერმუხას“ 70 წლის თვითნასწავლი მოცეკვავე და მედოლე

თვითნასწავლი მედოლე, მომღერალი და მოცეკვავეა. 50 წელზე მეტია, რაც დოლზე უკრავს, იყო დრო მსახიობად მუშაობდა, შემდეგ ანსამბლში მღეროდა. საკუთარ თავს ხელოვანად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ვერ წარმოიდგინა საბოლოოდ ანსამბლ „ბერმუხას“ მოცეკვავე თუ გახდებოდა.

დღეს 70 წლის გიორგი თაფლაძეზე გიყვებით, რომელიც რამდენიმე წელია, რაც „ბერმუხას“ შეუერთდა.

„სხვათა შორის, ჩემი ცეკვა ყველას გაუკვირდა. მედოლე კაცმა ცეკვა რომ არ იცოდე გამორიცხულია.

ცეკვის მასწავლებელი არასდროს მყოლია. დაკვრაც თვითონ ვისწავლე და ცეკვაც.

ქართული ცეკვები ძალიან მიყვარს. საერთოდ, ქართული ცეკვა თუ არ მოგეწონა, რისი ქართველი ხარ მაშინ?

ბერმუხაში მე ახლა რასაც ვცეკვავ, ეს დავამუშავე მამაჩემის, სხვების ილეთებიდან. ეს ყველაფერი ძველია, ფოლკლორია. ახლა მუხამედ ირემაძის, ანსამბლის უხუცესი წევრის ილეთების დამუშავებაზე ვმუშაობ, რათა არ დაიკარგოს.

პირველი ცეკვა, როგორც ანსამბლის მოცეკვავემ, ხულოს დრამატული თეატრის სცენაზე ვიცეკვე, სადაც გავიზარდე და ყველაზე დიდი ემოციებიც მაშინ მქონდა.

პირველად რომ სცენაზე ფეხი დავდგი, 17-18 წლის ვიყავი. მე რომელ ცეკვებსაც ვფლობ, ესაა განდაგანა და ხორუმი. ორივე ძალიან მომწონს. განდაგანა უფრო სახასიათოა, ხორუმი უფრო სხვა სტილია.

ყველაზე რთული ცეკვა ხორუმია. იქ თუ ერთი რგოლი გამოაკლდა, ყველაფერი აირევა. განდაგანაში რაც გინდა ის გააკეთე, რადგან ინდივიდუალურია, სოლოებად ვცეკვავთ“, – გვიყვება გიორგი.

მისი თქმით, ძალიან მოსწონს თანამედროვე ცეკვებიც და ხშირად ადევნებს ხოლმე თვალს. იხსენებს, რომ ბავშვობაში ქორწილები განსაკუთრებით უყვარდათ, რადგან შეეძლოთ მთელი ღამე დაეკრათ და ეცეკვათ: „მაშინ დასალევი იშვიათობა იყო, დოლი და გარმონიც. მთელი ღამე ჭიბონზე ვუკრავდი, ვცეკვავდით და ვმხიარულობდით.

ყოველმა მეორემ თუ არა მესამემ მაინც იცის განდაგანას ცეკვა [აჭარაში]. არ არსებობს არ იცოდეს, ქალი იქნება თუ კაცი. ეს გამჯდარი გვაქვს აჭარელ ხალხს სისხლში.

ცეკვა ჩემთვის სიამოვნებაა და ნამდვილად მახარებს, დარბაზის რეაქციები. როცა ცეკვავ და მაყურებლის სიყვარულს გრძნობ, ტაშს იმსახურებ, ეს ყველაზე დიდი ჯილდოა“, – გვეუბნება გიორგი.

გიორგი ამბობს, რომ იყო „ბერმუხას“ წევრი ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა. გვიზიარებს, რომ ამა თუ იმ ღონისძიების გამართვამდე რამდენიმე კვირით ადრე იკრიბებიან და მეცადინეობენ.

„პასუხისმგებლობაცაა, კონკურენციაც. ძალიან ბევრი ანსამბლია, ოღონდ „ბერმუხა“, როგორც ასაკოვანი ანსამბლი ერთადერთი ვართ. ფაქტობრივად, ბერმუხა ბრენდია. ჩვენთან ასაკობრივი ზღვარია და ანსამბლის მოცეკვავე მხოლოდ 65 წელს გაცილებულ ადამიანს შეუძლია გახდეს.

ცეკვა ჯანმრთელობას ნამდვილად უწყობს ხელს. ის ფაქტობრივად ფიზიკური ვარჯიშია“.

სანამ გიორგი „ბერმუხას“ მოცეკვავე გახდებოდა, როგორც მედოლე შეუერთდა რამდენიმე კონცერტზე.

„ვფიქრობ, „ბერმუხა“ ფოლკლორის უკვდავებას ემსახურება. ის არ კარგავს ძველ ფოლკლორს, ეს არის მისი არსებობის მიზანი.

როგორი ცეკვაა „განდაგანა“

ვეძებთ მოცეკვავეებს, მაგრამ ბევრს ვეღარ ვნახულობთ. არის საფრთხე, ფოლკლორის დაკარგვის. 500 ლარია ჩვენი ხელფასი, მაგრამ ყოველ დღე რომ ვიაროთ, ამის ვალდებულება არ გვაქვს. მომზადებას დაგეგმილ კონცერტებზე რამდენიმე კვირით ადრე ვიწყებთ.

ჩვენ [ხულოს] მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე ვართ, კულტურის სამინისტრო არ გვაფინანსებს.

ისევ სოფლებში უნდა ვეძებოთ ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ანსამბლს შემოუერთდებიან. მეტი წახალისება იცით რატომაა საჭირო? მაგალითად, ხიხაძირიდან რომ კაცს გამოიყვან ანსამბლში, მანძილი ძალიან დიდია, გასვლა-გამოსვლა ხარჯი უჯდება, ხელშეწყობა უნდა დიდი, რომ ამ საქმით დაინტერესდეს. ყველა ენთუზიასტი არ არის.

მე მგონი მუნიციპალიტეტებში, გინდ ხულო იყოს, შუახევი და სხვა, ფოლკლორს, ხელოვნებას, უფრო მეტი ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. ამას თუ ვერ გავუფრთხილდით… ცოტა ხანში შესაძლოა საერთოდ დაიშალოს „ბერმუხა“, თუ ახალი წევრები არ წამოვიდნენ. მგონია, რომ საქართველოს განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსაც ევალება მოგვხედოს. მაგრამ არ ვიცი კულტურის სამინისტრო ზემო აჭარას მწყრალად რატომ გვიყურებს.

„ბერმუხა“ მუნიციპალურ დაფინანსებაზეა. ხულოს მუნიციპალიტეტს რამხელა ბიუჯეტი აქვს, რომ ყველას მიხედოს? რა საშუალებაც აქვს, იმით აკეთებს ყველაფერს, მაგრამ კულტურის სამინისტრომაც რომ გადმოგვხედოს კარგი იქნება.

ჩემი აზრია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსაც უნდა ევალებოდეს ფოლკლორის შენახვა“, – ამბობს გიორგი თაფლაძე.

მას უნდა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას და იხსენებს გამოთქმას – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი“.

მარჯვნიდან პირველები – გიორგის მეუღლე და გიორგი

გიორგი თავისი ოჯახის შესახებაც გვიყვება. მას  2 შვილი, 4 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი ჰყავს.

„თავს ბედნიერ კაცად ვთვლი და ყოველი დღე ბედნიერებაა ჩემთვის. ყველაზე ცუდ დღედ ის მახსენდება, როცა ჯარში წამიყვანეს და ცოლ-შვილი დამატოვებინეს“, – იხსენებს ის.

გიორგიმ და მისმა მეუღლემ სიყვარულით იქორწინეს. ცოლი, ნინო ქორეოგრაფია და ფანდურზე უკრავს. ერთმანეთი ხულოს კულტურის სახლში გაიცნეს.

„ერთმანეთი შეგვიყვარდა და მერე გავიპარეთ, მაგრამ ეს შეთანხმებული გაპარვა იყო.

მაშინ ის პერიოდი იყო, თუ სცენაზე ქალი იდგა, სხვა შეხედულება ჰქონდათ და წინააღმდეგობები შეგვხვდა მაგაზე, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასე სჯობია. არავის აღარ შევეკითხეთ.

მამიდა მყავდა სოფელ ვაშლოვანის, ტყის ძირში ცხოვრობდა და იქ წავედით. დასამალი რა გვქონდა, 20 წლისები ვიყავით.

ჩემი მეუღლის მშობლები მალე შემოვირიგე. კაი სიძე ვიყავი და რატომ არ უნდა შემრიგებოდნენ?

ქორწილი ეზოში, სეფაში გვქონდა, მაგრამ მე ვერ ვიცეკვე, დოლს ვუკრავდი ჩემ ქორწილში. მედოლე არ გვყავდა და მე სიძეც ვიყავი და მედოლეც, სხვები ცეკვავდნენ“, – იხსენებს გიორგი.

საუბრის ბოლოს გიორგი გვიზიარებს, თუ რატომ იცლება აჭარის მთის სოფლები ხალხისგან.

„იქ პირობები არ არის მისაღები. კარტოფილის მოყვანა იმ შრომის ფასად აღარ უღირს ხალხს. ბაზარში ყიდვა ურჩევნია, ვიდრე იქ თოხზე იმუშაოს და ვერანაირი მოგება ვერ ნახოს. წამოვიდა აქ კაცი, მშენებლობაზე მუშაობს, ქირით ცხოვრობს და უკეთესადაა. არც ისეთი მოსავლიანია ხულო, რომ ოჯახი არჩინო. სამსახური თუ არ გაქვს რომელიმე ოჯახის წევრს, ძალიან გაგიჭირდება ცხოვრება. მარტო პენსიით ვეღარ იცხოვრებ. მე გული მიკვდება ამდენად დაცლილ სოფელს რომ ვხედავ.

ჩემი სოფელი ქედლებია. 300-კომლიანი სოფელი იყო და აქედან ახლა რომ დაიარო, 50 კომლსაც ვერ ნახავ. მით უმეტეს ახლა, ზამთარში“, – გვითხრა გიორგიმ, რომელიც თავადაც ბათუმში ცხოვრობს.

რა არის კვებითი აშლილობა – გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები

ცენტრ „კამარას“ კლინიკური ფსიქოლოგი და არტთერაპევტი, დოჩი გოგოხია გვესაუბრება კვებითი აშლილობის ტიპებზე. ასევე იმაზე, თუ რა არის გამომწვევი ფაქტორები, საუკეთესო პრაქტიკა მასთან გასამკლავებლად და რა როლი აქვს კვებას ჩვენ ცხოვრებაში.

  • საწყის ეტაპზე როგორ უნდა ამოვიცნოთ, გვაქვს თუ არა საკვებთან ადიქციური დამოკიდებულება ან კვებითი აშლილობა?

კვებითი აშლილობები, როგორიცაა: ანორექსია, ბულიმია და უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული, იგივე ბინგ-კვებითი აშლილობა, დამოკიდებულებების ჯგუფში არ შედის და კვებითი ადიქციაც დიაგნოზად არ გვხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ აშლილობისთვისაც დამახასიათებელია ადიქციური ქცევა და გარკვეული მსგავსებები არსებობს. განსხვავება ისაა, რომ ნივთიერებებისგან განსხვავებით საკვების „მომხმარებელი“ ყველანი ვართ და საკვების მიღება აუცილებელი პროცესია.

სტრესულ სიტუაციებში საკვებით „ნუგეშისცემაც“ ყოველთვის პათოლოგიური არ არის. კვებითი აშლილობების დროს ადიქციური ქცევა ვლინდება საკვებსა და კვებაზე მუდმივ ფიქრში – როცა ადამიანის მთელი ცხოვრება თითქოს ამ საკითხის გარშემო ტრიალებს, უკონტროლო კვების ეპიზოდებში, იმპულსურ ქცევაში; როცა ადამიანი ვერ აკონტროლებს რამდენს ჭამს, სირცხვილისა და დანაშაულის განცდებში, რომელმაც შეიძლება აიძულოს მარტო და ჩუმად კვება; ზოგიერთ შემთხვევაში კვების შემდეგ მაკომპენსირებელ ქცევებში, როგორიცაა: პირღებინება, ლაქსატივების მიღება, გადაჭარბებული ვარჯიში, შიმშილი და სხვ.

რაც ყველაზე მთავარია, ამ ქცევის შეწყვეტის შეუძლებლობა, მიუხედავად მისი საზიანო მოქმედებისა ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ამ ქცევის შეწყვეტა სურს.

  • არსებობს თუ არა სპეციფიკური ასაკი ან მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომელთა დროსაც ადამიანი განსაკუთრებით მოწყვლადია კვებითი აშლილობის მიმართ?

კვებითი აშლილობა შესაძლოა გამოვლინდეს ბავშვებშიც, თუმცა სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, ყველაზე ხშირად პუბერტატის ასაკიდან ვლინდება დაახლოებით 25 წლამდე. უფრო მეტად გავრცელებულია ქალებში, ვიდრე კაცებში.

რაც შეეხება მაპროვოცირებელ ფაქტორებს, შეიძლება ეს იყოს სტრესი, ტრავმა, დანაკარგი, მარტოობა, სხვადასხვა გარემო, მაგალითად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციები ან სხვა ფსიქიკური აშლილობები, შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია. თუმცა შესაძლოა, პირიქით, ამ აშლილობებს უძღოდეს წინ კვებითი აშლილობა.

  • რა ტიპის სენსორულ ან სხვა მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს საკვები ადამიანის ცხოვრებაში?

კვება ადრეულ ასაკში არა მხოლოდ ფიზიოლოგიური შიმშილის დაკმაყოფილების მოთხოვნილება, არამედ სიყვარულისა და მზრუნველობის მიღების გზაც არის. კვებითი აშლილობების შემთხვევაშიც კვება ან საკვებზე უარის თქმა ხშირად ამ პროცესებთანაა დაკავშირებული.

  • არსებობს თუ არა კონკრეტული საკვების ტიპი, რომელსაც ჭარბად იღებენ ადამიანები კვებითი აშლილობის დროს?

უკონტროლო კვებითი ეპიზოდის დროს ცენტრალური საკითხი მიღებული საკვების რაოდენობაა და არა რომელიმე ტიპის საკვები. კვებისას შეიძლება დისოციაციური გამოცდილებაც ჰქონდეს ადამიანს, როცა ვერც კი გაიაზრებს, რა ჭამა და რამდენი ხნის განმავლობაში ჭამდა იმას, რაზეც იმ მომენტში ხელი მიუწვდებოდა.

ხშირად გამოხატულია კონკრეტული საკვებისადმი ლტოლვაც, მაგალითად, ცხიმიანის, ტკბილის, მარილიანის, ხორცის, ცომის. მოკლედ, მძიმე და მაღალკალორიული საკვების მიმართ. თუმცა პათოლოგიური მაინც გადაჭარბებული რაოდენობით საკვების მიღებაა, როცა ნეგატიურად აისახება ადამიანის ფსიქიკურ თუ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. გურმანობა და ე.წ. სუსნაობა, როცა ეს ადამიანის ჯანმრთელობას არ უქმნის საფრთხეს, ფსიქიკური დარღვევა არ არის.

  • არის თუ არა კავშირი ტრავმულ გამოცდილებასა და კვებით აშლილობას შორის და ძირითადად, რა ტიპის გამოცდილებები უძღვის წინ კვებით აშლილობას?

კვებითი აშლილობის მიზეზები ხშირად ძალიან ადრეული ასაკის გამოცდილებაში შეიძლება იმალებოდეს, მათ შორის იმ დროის, რომლის შესახებ ადამიანს მოგონებებიც კი არ აქვს. მაგალითად, მიზეზი შეიძლება იყოს დედასთან არაჯანსაღი სეპარაცია და მიჯაჭვულობები.

შეიძლება იყვნენ  ოჯახებიდან, სადაც პიროვნული საზღვრები არ არის დაცული და ბავშვის მოთხოვნილებები გათვალისწინებული არ არის. შეიძლება ოჯახში ბავშვის გარეგანი გამოხატულებით უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებული, ვიდრე მისი შინაგანი სამყაროთი. ასევე შესაძლოა იყოს ოჯახის დაკვეთა ბავშვთან მიმართებაში, რომ ის იყოს გამორჩეული ყველას თვალში – „ყველაფრამდე კარგი“.

შეიძლება კვება სტრესთან და, ზოგადად, ემოციებთან გამკლავების ერთადერთი მექანიზმი იყოს, რაც მათ გააჩნიათ. ხშირად საკვები, როგორც ნივთიერება, კონტროლის საშუალების ილუზიად ევლინება ამ ადამიანებს. შემდეგში კი თვითონ საკვები ხდება მათი მაკონტროლებელი. კვებითი აშლილობის მიღმა დგას მიტოვების არაცნობიერი შიში. უღირსობის, უმწეობის განცდები. ვრცელი თემაა და ერთ ინტერვიუში წარმოუდგენელია ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხის გაცემა.

  • სოციუმის მნიშვნელობაზე რომ გვესაუბროთ: გავრცელებული სილამაზის სტანდარტები, სხეულის აღქმა/მიუღებლობა, რა როლს თამაშობს ამ შემთხვევაში?

კვებითი აშლილობები სხვა ფსიქიკურ აშლილობებზე მეტად შეიძლება იყოს დაკავშირებული სოციო-კულტურულ ფაქტორებთან. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ კვებითი აშლილობების განვითარებისკენ მეტად არიან მიდრეკილნი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან გარშემომყოფების მოთხოვნების მიმართ. მათთვის სხვების მათ მიმართ მოთხოვნები და მოთხოვნილებები ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი.

ლოგიკურია, რომ სხვებზე უფრო მეტად იმოქმედებს დაწესებული სტანდარტები და ამ სტანდარტებთან შესაბამისობის მცდელობა კვებითი აშლილობის განვითარებაზე, ხოლო შემდგომ გამწვავებაზე. დამახინჯებულ სხეულის ხატზე, სხეულის მიუღებლობაზე მუშაობა ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია ამ ადამიანებთან თერაპიაში.

  • დიეტის კულტურა არის თუ არა ამ დროს გამამწვავებელი ფაქტორი?

დიეტური თავშეკავება ერთ-ერთი პრედიქტორია კვებითი აშლილობის განვითარების. არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ დიეტები 8-ჯერ ზრდის კვებითი აშლილობის განვითარების რისკს.

  • რა პრაქტიკა არსებობს კვებითი აშლილობების შესაჩერებლად და შესამცირებლად?

თერაპიული კურსების ნაწილი წონის კლებაზეა ორიენტირებული, თუმცა არადიეტურ მიდგომებს, რომლებიც საკვების შეზღუდვის ნაცვლად საკუთარი თავის მიღებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ფოკუსირდება, უკეთესი შედეგები აქვს.

ყველაზე კარგი კომპლექსური მიდგომაა და მულტიდისციპლინური გუნდი. ფსიქოთერაპიას კარგი შედეგები აქვს ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ეფექტურია ჯგუფური ფსიქოთერაპია, მათ შორის ჯგუფური ფსიქოთერაპია არტთერაპიული მიდგომით.

  • შესაძლებელია კვებითი ადიქციის დაძლევა სამუდამოდ?

კვებით აშლილობებს ქრონიკული ხასიათი აქვთ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მკურნალობას კარგად ექვემდებარება. როგორც კვლევები აჩვენებს, სხვადასხვა ტიპის ფსიქოთერაპიული კურსი, ინტენსიური თერაპიის პირობებში,  70 %-მდე ზრდის უკონტროლო კვების ეპიზოდების შემცირების ან გაქრობის მაჩვენებლებს და ამცირებს დეპრესიას, შფოთვას და სხეულით უკმაყოფილებას.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 თებერვლის 21 საათიდან 24 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო ორ დღეს, 25 და 26 თებერვალს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

დღეს, 23 თებერვალს, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გზებზე დაწესებულია შეზღუდვები. ვრცლად:

 

ნარკოდანაშაულზე 270 პირი დავაკავეთ, 27 ნარკორეალიზატორი და დამდებები – შსს

საქართველოში ნარკოდანაშაულის ჩადენის ბრალდებით 270 პირი დააკავეს, მათ შორის, 27 ნარკორეალიზატორია. ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 23 თებერვალს, გაავრცელეს.

შსს-ს ინფორმაციით, 270 პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე პერიოდში დააკავეს.

„მიმდინარე წლის დასაწყისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 270 პირია დაკავებული, აქედან 27 ნარკორეალიზატორი. დაკავებულ პირთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ხელიდან ხელში გასაღების მეთოდით ახდენენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას. გარდა ამისა, დაკავებულები არიან ე.წ. დამდებები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე დადების მეთოდით ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებების,“ – განაცხადა შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ.

დაკავებული არიან: საქართველოს, ირანის, თურქეთის, ერაყის, ბელარუსის, რუსეთის, ნიდერლანდების სამეფოს, სომხეთის მოქალაქეები. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელით.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 408 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000]
  • ტანკი – 6 526 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 12 410 ერთეული [+37]
  • საარტილერიო სისტემა – 9 916 ერთეული [+49]
  • MLRS – 999 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 682 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 339 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 628 ერთეული [+32]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 903 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 960 ერთეული [+36]
  • სპეცტექნიკა – 1 575 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 572 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 13 223 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 473 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 188 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 223 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 145 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 981 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

TikTok-ერი მასწავლებელი: ზურგს უკან მსმენია „მასწავლებელია და რა აცანცარებს“, მოსწავლეებს კი მოსწონთ

„ზურგს უკან მსმენია ხოლმე – მასწავლებელია და რა აცანცარებს. თუმცა ეს მოსწავლეების მხრიდან არასდროს ყოფილა“, – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი ბიჭიკო ოჩიგავა, რომელიც თბილისის ორ სკოლაში მუშაობს და  TikTok-ზე აქტიურობს.

რატომ სურდა პოპულარობა და როგორ აღმოჩნდა სკოლაში – „ბათუმელები“ პედაგოგს ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა.

  • ბატონო ბიჭიკო, მასწავლებლები სულ ჩივიან იმაზე, რომ მოსწავლეებს სწავლა აღარ უნდათ, მარტო ტელეფონებში არიან და ტიკ-ტოკის მეტი არაფერი აინტერესებთ. თქვენ რატომ გახდით Tik Tok-ერი და როგორ უთავსებთ ამ აქტივობას სკოლას?

სიმართლე გითხრათ, ჩემი სოციალური აქტივობა განაპირობა იმან, რომ პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ადრე სულ ვოცნებობდი, პოპულარული გავმხდარიყავი. ეს პროფესიაც ამიტომ ავირჩიე. მეგონა, პოპულარობისკენ მიმავალი ერთ-ერთი მარტივი გზა იყო, რომ ერთ დღესაც დავუქნევდი მეგობრებს ეკრანიდან ხელს, რომ აი, ტელევიზორში ვარ.

ჟურნალისტად რომ ვერ შევდექი, ამის მიზეზი იყო სწორედ პოპულარობის მოტივაცია, რადგან მაშინ ვერ ვხვდებოდი, რამხელა სიძნელეებისა და სირთულეების გადალახვა უწევთ ჟურნალისტებს ამ გზაზე.

„პოპულარობა“ ვიღაცისთვის შეიძლება ამბიციური განაცხადია და ვიღაცისთვის – დამატებითი ფინანსური შესაძლებლობა. შესაბამისად, ეს დანაკლისი ყოველთვის მქონდა და ამიტომ დავიწყე ტიკტოკერობა.

  • ახლა მიიჩნევთ თავს პოპულარულად და როგორი აღმოჩნდა ეს თქვენთვის, რთული თუ მარტივი?

რომ გითხრათ, მთელი ქვეყანა მიცნობს-მეთქი, ასე არ არის. თუმცა მასწავლებლების წრეში საკმაოდ დიდი ცნობადობა მაქვს, მანამდეც მიცნობდნენ ჩემი კოლეგები, რადგან სულ ვუზიარებდი ხოლმე ჩემ მიერ შექმნილი აქტივობების ვიდეოებს, სასწავლო რესურსებს. იმდენად დიდი იყო მათი მხარდაჭერა, რომ დღეს მასწავლებელი რომ ვარ, ამაში ჩემს კოლეგებსაც მიუძღვით დიდი წვლილი.

ზოგადად, მასწავლებლების პრობლემებზე ორიენტირებულმა ვიდეოებმა, სადაც ჩვენ გარშემო არსებულ რეალობას ვაშარჟებ, ჩემი ცნობადობა გაზარდა.

  • მასწავლებლებისგან ხშირად მესმის, იმხელა რუტინაა სკოლაში, რომ დრო აღარ რჩებათ პირადი ცხოვრებისთვის, გართობისთვის, ოჯახისთვისაც კი. თქვენ როგორ ახერხებთ დაიტოვოთ თავისუფალი დრო თუნდაც სოციალური აქტივობისთვის?

ჩემი სამუშაო დღე იწყება დილის შვიდ საათზე და მთავრდება საღამოს ათ საათზე, შემდეგ კიდევ მყავს მოსწავლეების ჯგუფები.

რაც შეეხება ბიუროკრატიას სკოლაში, ამაში ვეთანხმები კოლეგებს. სქემის ამოქმედებიდან დღემდე მასწავლებელს ყოველთვის უწევდა ვიღაცისთვის ემტკიცებინა, რომ ღირსია მასწავლებლობის, ღირსია იმ ხელფასის, რომელსაც იღებს და ასე შემდეგ. ამ რაღაცების დამტკიცებას ბოლო აღარ უჩანს.

თუმცა, მე როგორც ერთ რიგით მასწავლებელს, უფლება მაქვს სკოლის შემდეგ ვაკეთო ის, რაც მომწონს. ეს ჩემი პირადი სივრცეა, ჩემი საინტერესო თუ უინტერესო აქტივობებით, რომელიც უხეშად არ იკვეთება მოსწავლის უფლებებში და ამით არანაირად არ ვაკნინებ მასწავლებლის პროფესიას.

ჩემი კონტენტი არ არის ვულგარული, ან ისეთი, რომ მასებზე ვზემოქმედებ ცუდად, მათ ემოციებზე ვთამაშობდე, მათი პირადი სივრცე დავარღვიო და ასე შემდეგ.

ტიკტოკზე მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობთ და ამ ხუმრობების დროსაც კი, ძალიან ბევრს ვფიქრობ, სანამ რომელიმე ვიდეოს გადავიღებ, რადგან სოციალურ სივრცეში ერთ დაუფიქრებელ სიტყვასაც კი შეიძლება ზვავის ეფექტი მოჰყვეს.

გასაგებია, ხუმრობაა, მაგრამ იმ ხუმრობაში უნებლიეთ გასროლილმა ერთმა სიტყვამ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის ღირსება შელახოს. ამიტომ, ერთი შეხედვით, ვიღაცისთვის მარტივად აღსაქმელი ვიდეოც კი, არის ძალიან დიდი ფიქრის შედეგი.

  • მოსწავლეებში პოპულარობა გაგიზარდათ ტიკ-ტოკმა?

ვფიქრობ, კი. რაც სოფლიდან გადმოვედი ქალაქში, ხშირად მიწევს ხოლმე სკოლების შეცვლა და როდესაც უცხო კლასში პირველად შევდიოდი, უკვე ზუსტად ვიცოდი, როგორი იქნებოდა ბავშვების პირველი ემოცია, როცა დამინახავდნენ.

  • როგორი ემოცია ჰქონდათ, რას ამბობდნენ?

პირველი რეაქცია იყო ხოლმე „ვაა“ და თითს გამოიშვერდნენ. ვხვდებოდი, რომ ეს ემოცია უკავშირდებოდა ჩემს ტიკ-ტოკ ვიდეოებს, რომ მიცნეს და ასე გამოხატეს ეს ემოცია.

ძალიან მიხარია ხოლმე, როცა მოსწავლეები მეუბნებიან, მას, გუშინ დედაჩემმა თქვენი ვიდეო ნახა; მას, ჩვენთან ერთადაც ხომ არ გადაიღებთ ვიდეოს და ასე შემდეგ.

ზოგადად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კლასში განწყობის შექმნა. მნიშვნელოვანია ბავშვების პირველადი ემოციებიც, რადგან გაცნობის ეტაპზე როგორ შთაბეჭდილებასაც მოახდენ მოსწავლეზე, რეალურად ეს მიგყვება მთელი მუშაობის პროცესში.

ზურგს უკანაც მსმენია ხოლმე „მასწავლებელია და რა აცანცარებს“, თუმცა მოსწავლეებისგან არასდროს. მათგან მხოლოდ პოზიტიური ემოცია მოდის.

  • რა კატეგორიის ხალხისთვის არის თქვენი აქტივობა „ცანცარი?“ და ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის იუმორი?

იუმორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც საკლასო ოთახი იყო რაღაც სადამსჯელო ღონისძიებებითა და მიდგომებით სავსე სივრცე, როდესაც მოსწავლეს არ შეეძლო დამოუკიდებლად გამოეხატა საკუთარი აზრი, არ შეეძლო თუნდაც გაღიმება გაკვეთილზე.

შესაბამისად, დადებითი განწყობა მნიშვნელოვანია და ეფექტის მომტანი.

შესაძლოა, მოსწავლე ყოველთვის არ იყოს აკადემიურად მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ჩემთვის, პირველ რიგში, ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ მოსწავლეში ადამიანი დავინახო.

თუკი ჩემი მოსწავლე არის ადამიანური ღირებულებებით შემკული, თუ ის ასხივებს მზეს, ეს ჩემთვის ფუნდამენტია, რომელზეც შემდეგ ვაშენებ სხვა დანარჩენს.

  • და მზის სხივს თუ ვერ ხედავთ, მაშინ რას აკეთებთ, რით ეხმარებით ბავშვს?

რაც არ უნდა ტრაფარეტულად ჟღერდეს, ყველა მასწავლებელს უჭირავს გასაღები, რომელიც უნდა მოარგოს მოსწავლეს. სხვადასხვა გასაღებია საჭირო, რა თქმა უნდა. ამდენ მოსწავლეში შეუძლებელია გამოიყენო ერთი მეთოდი, ერთი მიდგომა და შემდეგ თქვა, რომ – იცით რა, დღეს ვერ ავიყოლიე კლასი.

ინდივიდუალური მიდგომაა მნიშვნელოვანი და ის მზე, რომელიც ვახსენე, გამოანათებს ყველა მოსწავლეში.

ვიღაც ადვილად იხსნება, ვიღაცას დრო სჭირდება, ვიღაცას შეიძლება წლები დასჭირდეს. ჩვენი პროფესია იმიტომ არის ძალიან რთული, რომ დანებების უფლება არ გვაქვს.

როგორც კი ჩვენ თვითონ დავნებდებით, მზე არათუ გამოანათებს, შეიძლება ჩაქრეს კიდეც.

დღეს მოსწავლეს მასწავლებელი ვერ გააკვირვებს მისი სტატუსებით. იმით, რომ ის მასწავლებელია და მასზე ბევრად მეტი ესმის. დღეს მოდის ისეთი თაობა, რომელიც ბევრად თავდაჯერებულია, ვიდრე წინა ათწლეულებში, საკუთარი თავის მეტი რწმენა აქვთ და, შესაბამისად, ზღვარზე უნდა გახვიდე, როცა მათთან ურთიერთობებში შედიხარ. უნდა აღიარო ბავშვების უნარები და ღირებულებები.

შეიძლება მოსწავლეს არ ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება, მაგრამ ჰქონდეს სხვა უნარები, რომელსაც ავლენს, მაგალითად, არაფორმალურ გარემოში. ვიღაც მღერის, ვიღაცას თეატრალური მონაცემები აქვს, ვიღაცას სპორტული უნარები და ეს ერთგვარ რესურსად უნდა გამოიყენო ამ ბავშვთან ურთიერთობაში.

თუ ამ ყველაფერს დაინახავ და დაანახებ მოსწავლესაც, რომ გჯერა მისი შესაძლებლობების, გამორიცხულია მზემ არ გამოანათოს მისგან.

  • თქვით, რომ რთულია დღეს გააკვირვო, გააოცო თანამედროვე ბავშვი.  რაიმე შემთხვევა თუ გქონიათ, როცა მაინც მოახერხეთ მათი გაოცება და რა შემთხვევა იყო ეს?

მაგალითად, როცა სოფელში ჩამოვაყალიბე ტელესკოლა, სადაც სასკოლო პროგრამას და მასალას ფაქტობრივად გავდიოდით სასკოლო ტელეეთერში.

მახსოვს მათი სახეები, გაფართოებული თვალები, როცა გადაცემა გადავიღეთ, დავამონტაჟეთ და ჩავუშვით სკოლის ვებგვერდზე და შემდეგ ერთად ვუყურეთ ამ ყველაფერს.

ვერ წარმოედგინათ, იმ სივრცეში, იმ გარემოში, თუ შეიძლებოდა მოერგოთ ჟურნალისტის, ოპერატორის, მემონტაჟის, წამყვანის როლი. აი, ასეთი პატარ-პატარა დეტალებით მივიღე ის, რაც ვიცი, რომ დიდხანს არ დაავიწყდებათ და ამ პროექტით ყოველთვის გამიხსენებენ.

  • რატომ წამოხვედით სოფლიდან?

ცხრა წელი ვიმუშავე იმ სკოლაში, სადაც მეც ვსწავლობდი და, ფაქტობრივად, ჩემი მასწავლებლები გახდნენ ჩემი კოლეგები. ამიტომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს.

თუმცა ქალაქში გადმოსვლა მაიძულა ფინანსებმა. დავოჯახდი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და მივხვდი, რომ გაცილებით მეტი გასაქანი გვექნებოდა ქალაქში, მეც და ჩემს მეუღლესაც, რადგან ისიც ინგლისურის მასწავლებელია.

დღეს მასწავლებელი მხოლოდ სკოლით ვერ იარსებებს. პარალელური შემოსავლის გარეშე რთულია თვიდან თვემდე გაიტანო თავი. შესაძლოა თვის ბოლოს აღებული ხელფასი სამ დღეში დახარჯო, თუ რაიმე აუცილებელი ხარჯი გამოგიჩნდება. შემდეგ კი რჩები შემოსავლის გარეშე.

  • განათლების მინისტრმა თქვა, რომ ივლისში უპრეცედენტოდ მაღალ ხელფასებს აიღებთ. თქვენი, როგორც მენტორის, „უპრეცედენტო“ ხელფასიც არ არის საკმარისი სოფელში არსებობისთვის?

სრული საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში, მენტორის ხელფასი სოფლის პირობებში არ არის პატარა, მაგრამ მე არ მქონდა სრული საათები, ჩემს მეუღლეს გავუყავი. ამიტომ, როცა ერთი ადამიანის ხელფასს ორი იღებს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის.

ახლა ორ სკოლაში ვმუშაობ – კერძოსა და საჯაროში და დამატებით ვამზადებ მოსწავლეებს.

თანაც, ეს მატება საათებზეა დამოკიდებული. ჯერ ისიც არ ვიცი,  რამდენი საათი მექნება მომავალ წელს და რომელი სკოლიდან წამოვალ.

  • როგორ ფიქრობთ, საკუთარი თავი პედაგოგიკაში აღმოაჩინეთ, თუ სხვა სფეროს მიმართაც გაქვთ ინტერესები?

მასწავლებლობაზე არასდროს მიფიქრია. არ ყოფილა ჩემთვის საოცნებო პროფესია ნამდვილად, არც კი დავფიქრებულვარ, რომ შეიძლება ოდესმე მასწავლებელი ვყოფილიყავი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება თურმე.

13 წელია ამ პროფესიაში ვარ, თუმცა სხვაგანაც მინდა ვცადო ბედი. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მასწავლებლებად იბადებიან და მასწავლებლებად უნდა მოკვდნენ.

ჩვენი ცხოვრება მრავალფეროვანია, ყველა დღე წინას არ ჰგავს. თუ ვფიქრობ, რომ ამ პროფესიაში კარგად ვარ, უნდა იყო აქ. თუმცა შესაძლოა შემეცვალოს ხედვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პროფესიაში როცა ვარ, ყალბი ვარ და არ მინდა.

  • და მაინც რა არის პედაგოგის მთავარი ფუნქცია თქვენი აზრით, გარდა საგნის ცოდნისა, რა უნარებს აფასებთ ამ პროფესიაში?

ჩემი აზრით, მასწავლებელი უნდა იყოს მართალი ადამიანი, სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანი და არ შეუშინდეს გამოწვევებს, რადგან ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, როცა სამართლის პოვნა რეალურად პრობლემაა, მაგრამ თუკი რაღაცებს შევუშინდებით და თავს დავხრით, მით უფრო დიდ წუმპეში ვიქნებით.

შესაბამისად, მასწავლებელი უნდა იყოს მაგალითი თავისუფლების, ბრძოლისუნარიანობის, სიყვარულის და პროფესიონალიზმის.

ბიჭიკო ოჩიგავა ტიკტოკზე.

მახინჯაურში 22-სართულიან სამ კორპუსს ააშენებენ

შპს „სითი ქონსთრაქშენი 2022“ მახინჯაურში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.  კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა, ამიტომაც მას კვარტალის განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] მომზადება მოსთხოვეს.

როგორც დოკუმენტშია მითითებული, დასაგეგმარებელი ტერიტორია 43 საკადასტრო ერთეულს და ერთ დაურეგისტრირებელ ნაკვეთს მოიცავს, რომელთა საერთო ფართობი 39 560 კვ.მეტრია. მშენებლობა დაგეგმილია 15 970 კვ.მეტრზე. კომპანია სამი 22-სართულიანი და ხუთი 3-6- სართულიანი შენობების მშენებლობას გეგმავს. 

დაგეგმვის პირველ ეტაპზე კომპანიამ მერიას გდგ-ის კონცეფცია წარუდგინა. ახლა უკვე მზად არის განაშენიანების დეტალური გეგმაც.

ფოტოზე გეგმარებითი ერთეული შემოხაზულია მწვანე ფერით. როგორც რუკაზე ჩანს, ის მოიცავს ქალაქის ცენტრალური ნაწილის სამხრეთით დასახლებას მახინჯაურში, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება ამაღლების ქუჩა და ამ ქუჩის პირველი შესახვევი, ხოლო სამხრეთით და დასავლეთით – ახალგაზრდობის ქუჩა, ასევე, განაშენიანებული და თავისუფალი მიწის ნაკვეთი.

გეგმარებით ერთეულში შემავალ მიწის ნაკვეთებზე ძირითადად განთავსებულია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. გდგ-ში ასევე ვკითხულობთ, რომ გეგმარებით ერთეულის მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და სასტუმროები. ნაწილი განახლებულია, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს ახალი მშენებლობები.

განაშენიანების დეტალურ გეგმაში პროექტის განხორციელების საჭიროებას განახლების აუცილებლობით ხსნიან:

„მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ხელს შეუწყობს ტერიტორია გახადოს უფრო თანამედროვე, პრესტიჟული, მოთხოვნადი უძრავი ქონების ბაზარზე, გაზარდოს საბინაო ფონდი, შეიქმნას უკეთესი საინვესტიციო გარემო და გაჩნდეს მეტი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა.“

განაშენიანების დეტალური გეგმა კვარტალში მცხოვრები მოსახლეობის გამოკითხვასაც გულისხმობს.

დოკუმენტში წერენ, რომ გამოკითხულები ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ ინვესტიციებს დადებითად აფასებენ, რადგან საცხოვრებელი უბანი ბევრად პრესტიჟული გახდა.

მშენებლობის მოწინააღმდეგე რესპონდენტებზეც მიუთითებენ, რომ მათი პასუხები ზოგადია:

„მრავალფუნქციური კომპლექსის აშენების მოწინააღმდეგე რესპონდენტის ძირითადი განწყობა პასუხებიდან გამომდინარე უფრო ზოგადი ხასიათის იყო და ძირითადად აფიქსირებდნენ პოზიციას, რომ აღნიშნულ უბანში ადრე საერთოდ არ იყო მაღლივი კორპუსები და სასტუმროები აშენებული და იმ პერიოდში ცხოვრება ბევრად მშვიდი, კომფორტული იყო. ბოლო დროს კი უბანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა ბევრი სამშენებლო ინვესტიცია, რამაც გაზარდა საკვლევ არეალში დასახლების მაჩვენებელი, რის შედეგადაც მეტ-ნაკლებად მოხდა უბნის გადატვირთვა და ამით შესაძლოა სამომავლოდ გაუარესდეს საცხოვრებელი პირობები.“

საბოლოოდ კომპანია ასკვნის:

„თუმცა უარყოფითად განწყობილი რესპონდენტების ნაწილი იქვე აღნიშნავს, რომ მშენებლობა განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და საინვესტიციო ინტერესი შეუქცევადი პროცესია და საბოლოოდ ინვესტიციის განხორციელებით შესაძლოა უფრო მეტი სიკეთის მიღება, ვიდრე – პირიქით. უნდა აღინიშნოს, რომ რესპონდენტები, რომლებიც უარყოფითად აფასებენ მომავალ მშენებლობას, საერთო გამოკითხულთა 9.75%-ია. კვლევამ ცხადყო, რომ მრავალბინიანი სახლის აშენების შემდგომ უბნის განვითარების დადებითი დინამიკა გარდაუვალია.“

დოკუმენტის მიხედვით, მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი – 39 560 კვ.მეტრია, აქედან კომპანიის ფართობი 15 970 კვ. მეტრია.

კომპლექსს დახურულ მიწისქვეშა სართულებზე პარკინგისთვის 650 ავტომობილის ადგილი ექნება, ხოლო მიწისზედა პარკინგზე – 520 ავტომანქანის ადგილი.

გდგ-ში ასევე წერენ, რომ ავტოსადგომების რაოდენობა განისაზღვრება „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ მიხედვით და დაზუსტდება ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად.

დოკუმენტების მიხედვით, კომპლექსის პარამეტრები ასეთია:

  •  საცხოვრებელი ფართობები: [ცალ-ცალკე: ბინა, სასტუმროს ტიპის ბინა, სასტუმროს ნომერი] – 3 000 აპარტამენტი – 100 000 კვ.მეტრი
  • საზოგადოებრივი ფართობი – 25 000 კვ.მ.
  • სამშენებლო ფართობი – 170 000 კვ.მ
  •  მოცულობები – 1000000 კუბ/მ.
  • სართულიანობა: განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე (მ) – 115 და 15 მ.

შპს „სითი ქონსთრაქშენი 2022“-ის 50 პროცენტს შპს „City star“-ი ფლობს. ამ კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი ამირან კაკაბაძეა. 50 პროცენტს კი „მარდი ჰოლდინგი ფლობს“ – ეს კომპანია ირაკლი თურმანიძეს ეკუთვნის.

მხოლოდ გამარჯვების გვჯერა უკრაინელებს, სხვა შედეგს არ განვიხილავთ – 2 წელი ომის დაწყებიდან

24 თებერვალს  2 წელი სრულდება, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ელენა ბელიკოვა ბათუმში 2022 წლის მარტში ჩამოვიდა. საქართველოში ჩამოსვლამდე დიდი და რთული გზა გამოიარა. ვერასდროს იფიქრებდა, რომ ომი დიდხანს გაგრძელდებოდა და სახლში ვეღარ დაბრუნდებოდა.

ელენა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ლექციებს კითხულობდა. ახლა ბათუმში მყოფ უკრაინელებს უწევს ფსიქოლოგიურ დახმარებას ომის ტრავმებთან გასამკლავებლად. ბათუმში ელენა 75 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ხარკოვიდან უწყვეტი დაბომბვების დროს სასწაულებრივად გამოიყვანა. ელენას 35 წლის შვილი ხარკოვში დარჩა და არმიას ეხმარება.

ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ელენა იხსენებს, როგორ დატოვა ქალაქი და როგორ ჩამოაღწია საქართველომდე. გვიყვება ასევე, როგორ ცხოვრობენ ბათუმში უკრაინის მოქალაქეები, რა სირთულეების დაძლევა უწევთ მათ და რა სჭირდებათ.

  • ელენა ბელიკოვა, ფსიქოლოგი

ხარკოვის დატოვება გადავწყვიტეთ, რადგან გვბომბავდნენ ციდან, მიწიდან… აღარსად იყო უსაფრთხო ადგილი. ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი დანგრეულია, ბინა აღარ არსებობს. დედა ერთი კვირა აბაზანაში იმალებოდა, სანამ მივაკითხავდი და ლოცულობდა. მე მისგან 17 კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობდი და ვერ ვაკითხავდი. ოკუპირებულ ქალაქში შემოდიოდნენ და შემოდიოდნენ ტანკები.

დედას თავიდან იმედი ჰქონდა, რომ ეს ჩვენების ტექნიკა იყო, მაგრამ ინტერნეტი კარგად მუშაობდა მაშინ და როცა ფოტოები გამოგვიგზავნა, ასო „Z“ ეწერა ყველა ტანკს.

დედას კორპუსის ეზო სავსე იყო რუსული ტანკებით. დარაჯობდნენ სახლებს, რომ არავინ არსად გაქცეულიყო. ველოდი მომენტს, როცა სროლები შეწყდებოდა. სახლში რომ შევედი, შოკში დამხვდა დედა. მხოლოდ მის დოკუმენტებს ვტაცე ხელი და წამოვედით. კორპუსიდან მანქანამდე თავზე ხელებდაფარებულები მოვდიოდით, ეს ინსტინქტური ჟესტი იყო, რისგან დამიცავდა თავზე ხელების დაფარება? მანქანაში ჩავსხედით და დავიძარით. ჩვენს თავზე რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ.

გავასწარით, თვითმფრინავი ქალაქის ცენტრისკენ გაფრინდა და ხარკოვის შრომის სასახლე დაბომბა. ვხედავდით, როგორ აფეთქდა შენობა, როგორ იქცა ნანგრევებად, მტვერში იყო ყველაფერი გახვეული, ხალხი გარბოდა…

ორი წელი გავიდა ომიდან და ამ კოშმარის დავიწყება დღემდე ვერ შევძელი. რკინიგზის სადგურში რომ მივედით, უამრავი ხალხი იყო, ათასობით ადამიანი ცდილობდა სადმე გაქცევას. ვნახეთ ქალი, რომელმაც ახლობლები დაკარგა მატარებლის დაძვრამდე რამდენიმე წუთით ადრე, დარბოდა, ოჯახს ეძებდა…

მე მომყავდა დედა და ნათესავის ბავშვები, რადგან კაცებს არსად უშვებდნენ და მთხოვეს, მათი შვილები ბალტიისპირეთში, რიგაში წამეყვანა. ბავშვებს ახლდათ დედაც, მაგრამ ის საოპერაციო მაგიდიდან წამოვიყვანეთ, ჯერ კიდევ არ იყო ნარკოზიდან ნორმალურად გამოსული და რა ხდებოდა, სად მივდიოდით, ვერ ხვდებოდა. ბავშვების დედაც მე მებარა.

19 საათი ვიმგზავრეთ მატარებლით. ყველანი ფეხზე ვიდექით, ადგილები არ იყო. ვაგონებში ფანჯრებზე ყველგან ფარდები იყო ჩამოფარებული და ბნელოდა. შუქებს არ ანთებდნენ უსაფრთხოების მიზნით, რომ რუსული ბომბდამშენების სამიზნეებად არ ვქცეულიყავით. კიევში შუქები რომ დავინახეთ სახლებში, დავმშვიდდით. აქ მეტ-ნაკლებად სიმშვიდე იყო.

მერე ლვოვიდან პოლონეთისკენ გადავკვეთეთ საზღვარი. ვიარეთ ფეხითაც, ხელში გვყავდა ბავშვები, 9 საათი ვიცადეთ, ზღვა ხალხი იყო, ვინც არ იცოდა სად მიდიოდა, უბრალოდ სადმე უნდოდათ გაქცევა. მერე პოლონეთში ჩაგვსვეს ავტობუსებში და ზოგი სად გაგვგზავნეს და ზოგი სად. ვარშავიდან ქუთაისში ჩამოვფრინდი, ქუთაისიდან ბათუმში წამოვედი.

აქ კარგი კლიმატია, თბილი ხალხი ცხოვრობს, სტუმართმოყვარე. ვფიქრობდი, რამდენიმე თვით მოგვიწევდა დარჩენა.

ვერც წარმოვიდგენდი, რომ ომი 2 წელიწადს გაგრძელდებოდა და არ მეცოდინებოდა, როდის დამთავრდებოდა.

დღემდე ვერ დავაღწიეთ უკრაინელებმა თავი შოკურ მდგომარეობას. დღემდე ვერ ვიჯერებთ, რომ სლავებმა ასე გაგვწირეს და ეს გაგვიკეთეს. კარგად ვცხოვრობდით, ხარკოვი თანამედროვე, განვითარებული, ევროპული ქალაქი იყო. ჩვენ არავისგან, არაფრისგან „დაცვა“ არ გვჭირდებოდა.

ხალხს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან არიან, უბრალოდ აღარსად აქვთ წასასვლელი. ვერ დაბრუნდებიან უკრაინაში. ჩვენი სახლი დანგრეულია, ვერც ჩვენ დავბრუნდებით დიდხანს – სანამ ომი არ დამთავრდება, სანამ სახლებს არ აღადგენენ.

ევროპაში უკრაინელების დიდი ნაწილი ვერ მიდის საქართველოდან, რადგან ბევრს არ აქვს დოკუმენტები. ბევრი ისე გამოექცა ომს, რომ ვერაფერი წამოიღო. ზოგმა პასპორტის წამოღებაც ვერ მოახერხა. აქ დოკუმენტების გარეშე ჩამოსულ ხალხს ძალიან უჭირს საკუთარი იდენტობის დამტკიცება. მე 10 თვე ველოდი პასპორტს.

საქართველოში ვიგრძენით დიდი მხარდაჭერა ხალხისგან და გულწრფელი წუხილი, თანადგომა. დიდხანს ვცხოვრობდი უსასყიდლოდ სასტუმროში, მერე დავტოვეთ სასტუმრო, დაახლოებით 500 უკრაინელი ვიყავით, არანაირი ფული არავის არ გვქონდა. ძალიან დაგვეხმარნენ „ლელოს“ ოფისიდან, პროდუქტებით, სამოსით…

მერე მუშაობა დავიწყეთ და ახლა როგორღაც გაგვაქვს თავი, გავერთიანდით ოჯახები, რამდენიმე ოჯახი ერთ ბინას ვქირაობთ. ბევრნი ვართ ამ ბინებში, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. საქართველო სოციალურ დახმარებას გვიწევს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია – 300 ლარი თითო ოჯახზე, თან ვმუშაობთ და ასე ვახერხებთ ბინის დაქირავებას.

ჩემ ირგვლივ მყოფი უკრაინელები ძირითადად სოციალურად დაუცველები, პენსიონერები და შშმ პირები არიან, მრავალშვილიანი დედებიც, რომლებსაც მუშაობა არ შეუძლიათ, შვილებს ვერ ტოვებენ. მათ არავინ ეხმარება. უკრაინიდან არავინ არაფერ დახმარებას არ იღებს,  იქ ხალხს თავი ძლივს გააქვს.

300-ლარიან სოციალურ დახმარებას ყველა უკრაინელი ლტოლვილი ვერ იღებს საქართველოში. მხოლოდ პენსიონერები და შშმ პირები. არიან მარტოხელა დედები, რომლებიც მიმტანებად, ძიძებად დასაქმდნენ, ისინი არანაირ დახმარებას არ იღებენ.

რახან პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, ხალხთან მუშაობის დიდი პრაქტიკა მაქვს. უკრაინაში ძირითადად სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან მიწევდა ურთიერთობა. აქ კი ვმუშაობ ტრავმირებულ ზრდასრულებთან. ბავშვები სკოლაში დადიან და როგორღაც დააღწიეს სტრესს თავი, მაგრამ ქალებს დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ, მათ ბევრი გადაიტანეს და შვილებზეც პასუხისმგებლობა, ემიგრაციაში, მთლიანად მათ ეკისრებათ. დიდი შინაგანი ძალა უნდა იპოვონ საამისოდ.

ვცდილობთ, გავამხნეოთ ერთმანეთი, არტთერაპიას მივმართავთ, სპორტულ შეხვედრებს ვაწყობთ, ბათუმის სიახლოვეს დავდივართ ლაშქრობებზე, ბუნებაში.

ამ ბრძოლაში ყველაზე მთავარი ძლიერი ფსიქიკის შენარჩუნებაა. გადარჩება ის, ვისაც მტკიცე ნერვები აქვს. ჩვენ ვცდილობთ გავუფრთხილდეთ ამ ნერვებს. არიან ქალები, რომლებსაც მორალურად და ფსიქიკურად ძალიან უჭირთ. მათ მხარდაჭერა სჭირდებათ, იყო შემთხვევები, როცა სიცოცხლე აღარ უნდოდათ, მაგრამ ამ დროს ვერთიანდებით და გამოგვყავს ერთმანეთი მძიმე მდგომარეობიდან. ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით. ვიცით, ვის რა სჭირდება, სიტყვიერი გამხნევება, ფიზიკური დახმარება, მორალური მხარდაჭერა თუ საკვები პროდუქტები.

ჩვენ ყველანი ვიხდით ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებს, ოდესმე კი საქართველოდან წავალთ და აქაურობას დავტოვებთ. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ვინმეს შეღავათიანი იპოთეკური სესხი შეეთავაზებინა უკრაინელი თემისთვის, მაინც ვიხდით ამ თანხას. საკვები ასე თუ ისე გვაქვს. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის ბინის ქირის გადახდაა.

სამედიცინო დახმარებაც ფუფუნებაა ჩვენთვის. არის მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც ფასდაკლებებს გვთავაზობენ სამედიცინო მომსახურებაზე. ეს პროგრამაც მხოლოდ ივლისამდე იმუშავებს, მერე მთავრდება. ბავშვები, მათი დედები ავადმყოფობენ და ექიმთან ვერ მიდიან. არავის აქვს იმდენი ფული, რომ საავადმყოფოში გადაიხადოს.

არც წამლებზე გვაქვს შეღავათი. ქრონიკული დაავადებების მქონე უამრავი პაციენტია. წითელმა ჯვარმა პენსიონერების ნაწილს მისცა დაზღვევა და 200-ლარიანი ვაუჩერი მედიკამენტებისთვის, მაგრამ ყველა ვერ მოხვდა ამ პროგრამაში. ყველასთვის განკუთვნილი სისტემური სამედიცინო შეღავათები არ გვაქვს.

მხოლოდ აცრებს გვიფინანსებს ახლა საქართველო. სასწრაფო დახმარება უფასოა იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ეხება საქმე. არის კიდევ პროგრამები შშმ პირებისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაადასტურებენ თავიანთ დიაგნოზს. თუ ჩვეულებრივი ადამიანი რაღაცისთვის მიმართავს კლინიკას ჯანმრთელობის პრობლემით და მკურნალობის მიზნით, ყველაფერში ფული უნდა გადაიხადოს.

გულდასაწყვეტია ისიც, რომ თბილისში უფასოა უკრაინელი ლტოლვილებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება. ბათუმში აღარ. აჯარიმებენ ჩვეულებრივად უკრაინის მოქალაქეებს, როცა ისინი მგზავრობის ფულს ვერ იხდიან. იქებ პენსიონერებს ან შშმ პირებს მაინც ჰქონდეთ უფასოდ მგზავრობის უფლება ბათუმში.

საქართველოში ჩვენი ლეგალურად ყოფნის თემაც ღიად რჩება. მაგალითად, თუ სარფთან საზღვარს გადაკვეთ თურქეთისკენ, შეიძლება უკან შემოსვლისას პრობლემა შეგექმნას, ან თუ შემოგიშვეს, გიწყდება 300- ლარიანი დახმარება.

დოკუმენტების საკითხების მოგვარება ბათუმში არ არის შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ აქ არის საკონსულო. პენსიონერებს, შშმ პირებს ხშირად უწევთ ბათუმიდან თბილისში წასვლა, ბინის დაქირავება ღამის გასათევად, რაც ძალიან რთულია. საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსის მისაღებად დოკუმენტები მხოლოდ თბილისში მზადდება.

მე და ჩემმა ერთმა თანამოაზრემ ოდესიდან ბათუმში დავაარსეთ არაკომერციული ორგანიზაცია უკრაინელებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გასაწევად. ქალებს ვეხმარებით. არიან ქალები, რომლებსაც აღარაფრის კეთება აღარ უნდათ, ყველაფერზე უარი აქვთ ნათქვამი, ვცდილობთ, გამოვიყვანოთ სახლიდან სხვადასხვა გზით. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ, რომ აკეთონ, რაც შეუძლიათ: ქსოვონ, კულინარიის კურსებს დაესწრონ, ხატონ, ცეკვა ისწავლონ, სპორტით დაკავდნენ.

ხანდახან ღია ცისქვეშ გავდივართ სავარჯიშოდ, ამაში ფულს არავინ გვიხდის, ჩვენივე რესურსებით ვახერხებთ ყველაფერს, რადგან უკრაინელებს შორის არიან ექიმები, ფსიქოლოგები, მასწავლებლები, სპორტსმენები, მოცეკვავეები – სხვადასხვა პროფესიის ხალხი. ყველა აკეთებს იმას სხვებისთვის, რაც შეუძლია.

არ გვეთაკილება არსად მუშაობა, ვიცით, რომ აქ ცოტა ხანს არ მოგვიწევს დარჩენა. ხვალაც რომ დამთავრდეს ომი, ჩვენ მაინც აღარსად გვაქვს დასაბრუნებელი.

არტთერაპიაზე როცა ვთხოვთ ადამიანებს დახატონ თავიანთი მდგომარეობა, ხატავენ ნავს, რომელიც გაცურდა ზღვაში, მაგრამ არ ჩანს, საით მიცურავს ნავი, არ ჩანს მეორე ნაპირი. ასე მივცურავთ და მივცურავთ. აღმოვჩნდით ახალ ქვეყანაში, მაგრამ ფესვი ჩვენ აქ არ გვაქვს ჯერ გადგმული და ისევ ჩვენი ქვეყნისკენ ვეძებთ დასაბრუნებელ გზას, მაგრამ არც ამ გზის დასასრული ჩანს, არც მეორე ნაპირი. არსებობს მეორე ნაპირი, მაგრამ ჩვენ როდის მივცურდებით იქ?

მხოლოდ გამარჯვების გვჯერა, სხვა შედეგს არც ერთი უკრაინელი არცკი განიხილავს. გვჯერა, რომ დავბრუნდებით ჩვენს ქვეყანაში, თუმცა რეალობა არის ის, რომ ამ იმედის შენარჩუნება სულ უფრო და უფრო რთულდება.

„ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ სწრაფად გადაადგილდება“ – რა იქნება 2024 წლის არჩევნებზე

„თუ არჩევნები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დასრულდება, ჩვენი სახელმწიფო უფრო ავტორიტარული მიმართულებით განვითარდება“, – ამბობს იენის უნივერსიტეტის მკვლევარი მიხეილ სარჯველაძე. მას „ბათუმელები“ 2024 წლის საპარლამეტო არჩევნებსა და მის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.

  • ბატონო მიხეილ, თუკი „ქართული ოცნება“ მოახერხებს, რომ 2024 წლის არჩევნებშიც უმრავლესობით დარჩეს ხელისუფლებაში, შეუქმნის თუ არა ეს საფრთხეს ამ ქვეყნის დემოკრატიას?

ზოგადად, დემოკრატიის არსი არის ის, რომ ერთი ძალა უსასრულოდ არ დარჩეს ხელისუფლებაში, რათა არ გაიზარდოს ძალაუფლებით ტკბობის, სახელმწიფოს მიტაცების შანსი და არ დაირღვეს ძალაუფლების გადანაწილების ბალანსი.

როცა მხოლოდ ერთი პარტიაა ხელისუფლებაში დიდი ხნით, ამას ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს პროცესები, რადგან ის ძალა სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების და მყიფე პოლიტიკური კულტურის  ფონზე ცდილობს ხელისუფლების ყველა შტო ჩაიგდოს ხელში ძალაუფლების უზურპაციის გზით.

საქართველოშიც მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე – „ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია ხელისუფლებაშია და როგორც ვიცით, გეგმავს არა მხოლოდ 2028 წლამდე, არამედ 2028 წლის მიღმაც დარჩეს ერთპარტიულ ხელისუფლებაში. საქართველოში ერთგვარი ჰიბრიდული რეჟიმი ყალიბდება, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივაა დემოკრატიული და არალიბერალურ დემოკრატიას წარმოადგენს.

საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ პარტიაზეც არ გვაქვს საუბარი, აქ რეალურად ერთ ადამიანზე ვსაუბრობთ, რომელიც ამ პარტიის მიღმა დგას, მაგრამ რეალურად მართავს პროცესებს.

ამას ვხედავთ თუნდაც უმაღლესი თანამდებობების დაკავებისას, რადგან ეს ადამიანები ხშირად არ არიან პროფესიონალი პოლიტიკოსები, რომლებმაც, მაგალითად, პარტიული სკოლა გაიარეს. ისინი ხშირად იმ კომპანიებიდან მოდიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და სწორედ ამ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული, შეიცვლება თუ არა, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი.

ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა, ზოგადად, დემოკრატიული კულტურა  ძალიან მყიფეა. ეს დემოკრატიაც კი, რაც გაგვაჩნია, უფრო ფასადურია, ვიდრე შინაარსობრივი და ძირეული. სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემა, როგორც სახელმწიფოსი და როგორც საზოგადოების.

სანამ სახელმწიფოს ბედი ერთ ადამიანზე იქნება დამოკიდებული, მანამ შეუძლებელია შევძლოთ დემოკრატიული და ძლიერი ინსტიტუტების შექმნა, რადგან ეს ერთი ადამიანი კერძო ინტერესების სანაცვლოდ, ყოველთვის დაასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

რა თქმა უნდა, ეს იწვევს დემოკრატიის ეროზიას, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ ზიანს აყენებს.

  • „ოცნების“ მხარდამჭერები გერმანიის მაგალითის მოშველიებით ამტკიცებენ, რომ 16 წელი ხელისუფლებაში ყოფნა არ ნიშნავს არადემოკრატიულობას. იქნებ ავხსნათ, რა განსხვავებაა ამ შემთხვევაში ჩვენს პოლიტიკურ კულტურებს შორის და რატომ შეიძლება ეს გერმანიისთვის არ იყოს რისკი, ჩვენს შემთხვევაში კი, პირიქითაა?

ყველაზე უმთავრესი და უდიდესი განსხვავება საქართველოსა და დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს შორის არის ის, რომ თუნდაც გერმანიაში, ამ პოლიტიკური პროცესების მიღმა ერთი კონკრეტული ადამიანი არ დგას. ამ ეტაპზე გერმანიის სათავეში არის სამი პარტია.

ანგელა მერკელის დროს, რომელიც 16 წელი იყო კანცლერი და გერმანიის ისტორიაში მსგავსი რამ სულ ორჯერ მოხდა [თუმცა ყოველთვის კოალიციური მმართველობის პირობებში], მმართველ კოალიციებში სხვადასხვა იდეოლოგიური პლატფორმის მქონე პარტიები შედიოდნენ და ეს არ ყოფილა ერთპარტიული მმართველობა ჩრდილოვანი მმართველით.

ანგელა მერკელი არ ყოფილა ოლიგარქი, ის იყო პოლიტიკოსი, რომელმაც გაიარა პარტიული სკოლა და მისი პარტია ძალიან დიდი ისტორიის მქონე პარტიაა, რომელსაც მყარი იდეოლოგიური ღირებულებები გააჩნია „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით. ეს არის განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ კულტურებს შორის.

 გერმანიაშიც და სხვა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაშიც წარმოუდგენელია პრემიერ-მინისტრი გადადგეს იმის გამო, რომ ის წარმატებულია. ეს არალოგიკურია, რადგან დემოკრატიისა და ნებისმიერი პარტიის მიზანია, იყოს ხელისუფლებაში და მისი საუკეთესო, კვალიფიციური წარმომადგენლები მართავდნენ ქვეყანას.

შესაბამისად, ის, რაც ჩვენს რეალობაში ხდება, მიანიშნებს პოლიტიკური კულტურის სისუსტეზე, რადგან პოლიტიკური პარტიები არა საზოგადოებას, არამედ, როგორც წესი, ცალკეული ადამიანების ან ვიწრო ჯგუფების ინტერესებს წარმოადგენენ. ეს პოლიტიკის მიმართ საზოგადოებაში ინდიფერენტულ დამოკიდებულებას ზრდის. გარდა ამისა, ისეთ ქვეყნებში, როგორიც გერმანიაა, უმაღლესი თანამდებობის პირების წასვლა-არწასვლა ერთი ადამიანის სურვილზე არ არის დამოკიდებული.

  • კანდიდატის სტატუსის ფარგლებში ჩვენ ბევრი დავალება გვაქვს შესასრულებელი, მათ შორის მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. როგორ ფიქრობთ, ის ტენდენცია, რაც გვაქვს ქვეყანაში დღეს, გაგრძელდება „ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, თუ რაიმე ნაბიჯებს გადადგამს ივანიშვილის მთავრობა დემოკრატიის სასიკეთოდ?

წინასწარ თქმა რთულია, თუმცა თუ შევხედავთ განვლილ დროს და აქედან გამოვიტანთ დასკვნებს, მივხვდებით, რომ ბიძინა ივანიშვილს, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესები, საკუთარი უსაფრთხოება ამოძრავებს და, შესაბამისად, ის ორიენტირებულია ამაზე.

ამ პროცესს და მიზანს ემსახურება დღეს სახელმწიფო სტრუქტურებიც ხომ?

შესაბამისად, მგონია, რომ ამ ვიწრო ჯგუფის ინტერესებზეა დღეს ყველაფერი მორგებული და მათ ინტერესებში არ შედის ძალაუფლების გადანაწილების პრინციპის დაცვა. პირიქით, მათ ინტერესებში შედის, სასამართლო არ იყოს დამოუკიდებელი, რადგან ძალაუფლების შენარჩუნების აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნევენ იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება მოექცეს აღმასრულებელი ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ. ეს, რა თქმა უნდა, ძირს უთხრის დემოკრატიის პრინციპებს.

დემოკრატიის პრინციპი კი მჭიდროდ არის დაკავშირებული ძალაუფლების გაყოფის პრინციპთან, რომლის თანახმად ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ.

შესაბამისად, ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ არავითარ შემთხვევაში არ შეასრულებს ევროკავშირის ძირეულ მოთხოვნებს, რომელიც ეხება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, მედიაზე წნეხის გაზრდის შეჩერებას, პოლარიზაციის და, ზოგადად, დაძაბულობის შემცირებას, რადგან „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია, ამ პროცესებით საზრდოობს.

შესაბამისად, არც ივანიშვილის ინტერესებში შედის, რომ დემოკრატიული პრინციპები იყოს დაცული.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფო განაგრძობს ერთგვარ ჰიბრიდულ რეჟიმად ჩამოყალიბებას თუ, ვთქვათ, არჩევნები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დასრულდა.

  • რომელი ქვეყნის მოდელი შეიძლება მივიღოთ ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანის, რუსეთის თუ სხვა?

აზერბაიჯანი ჩვენგან განსხვავებული შემთხვევაა, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლების ძალაუფლება ემყარება ბუნებრივ რესურსებს და ოჯახური კლანის მმართველობის სისტემად ჩამოყალიბდა სამი ათეული წელია.

ვფიქრობ, საქართველო მიდის არა ლიბერალური დემოკრატიის, არამედ საწინააღმდეგო მიმართულებით. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ საერთოს პოულობს სახელმწიფოებთან, როგორიცაა, ვთქვათ, ჩინეთი, უნგრეთი ან თუნდაც რუსეთი, ვიდრე დემოკრატიულ სახელმწიფოებთან.

ქვეყანას შესაძლოა გააჩნია დემოკრატიული სტრუქტურები, ტარდება არჩევნები, თუმცა რეალურად ქვეყანა ჰიბრიდული რეჟიმის, ავტორიტარიზმის მიმართულებით გადაადგილდება და მე თუ მკითხავთ, საკმაოდ სწრაფი ტემპებით: თუ შევხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას დასავლეთის მიმართ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, „ქართული ოცნების“ რიტორიკა ძირითად საკითხებში თანხვედრაშია ამ ავტორიტარული სახელმწიფოების რიტორიკასთან.

მიუხედავად იმისა, რომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ეს ძალიან კარგია, საქართველო, მაინც დღითი დღე შორდება რეალურად ევროკავშირს.

დღეს ვკითხულობდი, რომ ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის დაახლოებით ორ მილიარდამდე ევროს მობილიზება მოახდინა, თუმცა ევროკავშირს კიდევ და კიდევ გაუჭირდება საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენოს პირობითობის პრინციპი, რადგან ჩვენ გვქონდა წარსულში შემთხვევა, როცა საქართველომ რეფორმების გატარების სანაცვლოდ უარი თქვა ფინანსურ დახმარებაზე.

  • თქვენ ამბობთ, რომ ავტორიტარიზმისკენ სვლა გაიზრდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში. თუმცა კობახიძე ხშირად იმეორებს, რომ სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში შევა საქართველო ევროკავშირში. რამდენად შეძლებს „ოცნება“ ავტორიტარიზმისკენ სვლის პარალელურად ეს რიტორიკაც შეინარჩუნოს?

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ამ მხრივ შედარებით მარტივია. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, ის ერთბაშად ვერ დაუპირისპირდება მოსახლეობას და საპირისპირო აზრს ვერ მოახვევს თავს.

სწორედ ეს იყო მათი ანტიდასავლური რიტორიკის მიზანი, რომ დასავლეთი წარმოეჩინათ როგორც გლობალური ომის პარტია, რომელიც საქართველოს ჩათრევას ცდილობს რუსეთთან ომში. ვიცით, რომ ეს სრული აბსურდია და თანხვედრაში მოდის რუსულ პროპაგანდასთან.

ამიტომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ოფიციალურად დასავლური კურსი შეინარჩუნოს, თუმცა არაოფიციალურად, დაუახლოვდეს ავტორიტარულ ბანაკს, რუსეთისა და ჩინეთის სახით.

ყველასათვის ფაქტია, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციაში მიღწეული წარმატებები განსაკუთრებით, კანდიდატის სტატუსი, უპირველეს ყოვლისა, ორმა ფაქტორმა განაპირობა:

შესაძლებლობების ფანჯარამ, რომელიც უკრაინის ომის ფონზე შეიქმნა და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი ქართული საზოგადოების მაღალმა მხარდაჭერამ. ვფიქრობ, „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ის არაფერს გააკეთებს იმ ძირითადი პუნქტების შესასრულებლად, რომელსაც ჩვენგან ითხოვს ევროკავშირი. ახლა ინტეგრაციის წარმატება სწორედ რეფორმების გატარების მზადყოფნაზეა დამოკიდებული და არა შესაძლებლობების ფანჯარაზე.

  • მოსახლეობას, ვისთანაც „ბათუმელებს“ უსაუბრია, აქვს განცდა, რომ ივანიშვილი მანამდე იქნება ხელისუფლებაში, სანამ იქნება პუტინი. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

ასე პირდაპირ რთულია ურთიერთკავშირზე საუბარი, თუმცა ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას სწორედ ამ ლავირების მეშვეობით. ეს ლავირება ხდება დასავლეთს და რუსეთს შორის ამ შემთხვევაში. ფაქტია ისიც, რომ რუსეთის ფაქტორი „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, რადგან „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ცდილობენ უკრაინაში რუსეთის წარმატების შემთხვევაში თავი გადაიზღვიონ.

ამაზე მეტყველებს ქართველი პოლიტიკოსების ის განცხადებები, რომლებიც რუსი პროპაგანდისტების მოწონებას იმსახურებს. თუმცა პუტინისა და ივანიშვილის ძალაუფლების ერთმანეთთან დაკავშირების ლოგიკას ბოლომდე ვერ მივყვები, რადგან პუტინის შემდეგ რუსეთის ძალაუფლების სათავეში ახალი პუტინი იქნება.

ივანიშვილისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხე, რომელიც მის უსაფრთხოებასა და ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნის, დააბალანსოს.

  • როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის უსაფრთხოებაზე, აქ ვგულისხმობთ მხოლოდ მის ფინანსურს უსაფრთხოებას, თუ ფიზიკურსაც. იმ შემთხვევაში, თუკი ივანიშვილი რეალურად ჩამოშორდებოდა პოლიტიკას, ეს უფრო არ დაიცავდა მას?

ვფიქრობ, ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იგრძნოს თავი უსაფრთხოდ. შესაბამისად, ის ცდილობს სხვა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მის მიმართ არ იქნება ლოიალურად განწყობილი, ვერ მოახერხოს მოსვლა ხელისუფლებაში.

ამ შემთხვევაში მას შესაძლოა მოუწიოს ქვეყნის დატოვება. მას უნდა, რომ იმ მიკროსისტემაში გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ, რომელსაც, ფაქტობრივად, ტოტალურად განაგებს საქართველოში.

სწორედ ეს არის მისი მიზანი, რომ ეს მიკროსისტემა დაიცვას და ამით საკუთარი ძალაუფლება უზრუნველყოს გრძელვადიან პერსპექტივაში.

თანაც, „ქართული ოცნება“ ხომ რეალურად არ არის პარტია, რომელსაც რაიმე იდეოლოგიური საფუძვლები გააჩნია და ეს არის პრობლემა. ბევრი სხვა ქართული პარტიის მსგავსად, შემოკრებილია ერთი ადამიანის ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფების და ინტერესების ირგვლივ. ეს არის სწორედ ჩვენი პარტიული ლანდშაფტის პრობლემა.

  • რადგან სხვა პარტიებიც ახსენეთ, გადავიდეთ ოპოზიციაზეც. ბევრი ფიქრობს, რომ დღეს „ოცნებას“ კონკურენტული ოპოზიცია არ ჰყავს, პარტიული სიჭრელის მიუხედავად. თქვენ როგორ ფიქრობთ, არსებობს ქვეყანაში ოპოზიცია, ვისაც შეიძლება ხმა მისცენ ამ არჩევნებზე?

ოპოზიცია, რა თქმა უნდა, არსებობს. ის არ იარსებებდა, თუ, მაგალითად, ყველა ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნების“ სატელიტი იქნებოდა. თუმცა იმ ამომრჩევლების დიდი რაოდენობა, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა, მიანიშნებს, რომ ვერც ოპოზიციური პარტიები ახერხებენ ამომრჩევლების ინტერესების წარმოდგენას. ამომრჩეველს უჭირს საკუთარი თავის იდენტიფიცირება მათთან, რადგან ეს პარტიები, როგორც წესი, არ საუბრობენ საზოგადოების პრობლემებზე და მათთვის გასაგებ ენაზე.

გარდა ამისა, ამ პარტიებში ვხედავთ სახეებს, რომლებიც დიდი ხანია პოლიტიკაში არიან და მოსახლეობას ვერ სთავაზობენ მათთვის საინტერესო თემებსა და იდეებს.

როგორც წესი, დისკუსიები მიმდინარეობს არა სიღრმისეულად, არამედ შინაარსობრივად დაცლილი თემების ირგვლივ პოპულისტური მეთოდებით.

ამიტომ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, ვის დაუჭიროს მხარი არჩევნებში. გასული წლის გაზაფხულზე პოლიტიკური პარტიების მიმართ არაკეთილგანწყობილი ამომრჩევლის რაოდენობა, ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, 58%-ს შეადგენდა.

შესაბამისად, ფაქტია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ვერც ოპოზიციური სპექტრი სთავაზობს მათი პრობლემების გადაჭრის რეალურ გზებს.

  •  თუკი დარჩება „ოცნება“ ხელისუფლებაში, ამომრჩევლის პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით რა შეიცვლება?

პირიქით, სავარაუდოდ გაუარესდება. თუმცა საქმეც ამაშია, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს ამომრჩევლამდე საკუთარი პროგრამების მიტანას და მათთვის ახსნას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამომრჩეველმა ხმა მისცეს ოპოზიციას და არა „ქართულ ოცნებას“.

  • თუკი 2024-ში გვეყოლება კოალიციური მთავრობა, რამდენად გააჯანსაღებს ეს პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში?

ფაქტია, რომ კოალიციური მმართველობა დემოკრატიული განვითარებისთვის ერთპარტიულ მმართველობაზე უმჯობესია. კოალიციური მმართველობის პირობებში ხდება საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების, ჯგუფების ინტერესების თანხვედრა და დაბალანსება.

კოალიციური პარტიები უფრო შეძლებენ ერთმანეთის გაკონტროლებას, ვიდრე ერთი კონკრეტული პარტია თვითკონტროლს. ამიტომ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა კოალიციური მმართველობა უფრო მისაღებია. თუმცა მე რასაც ვუყურებ, ამ ეტაპზე ძალიან გაუჭირდებათ ოპოზიციურ პარტიებს შეძლონ უმრავლესობის მოპოვება და კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბება.

  • რატომ ვერ ახერხებენ გაერთიანებას?

ვერ ახერხებენ ეგოისტური მისწრაფებების გამო. ამას ამომრჩეველი უყურებს და, რა თქმა უნდა, მისთვის არ არის სასიამოვნო, როცა არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. არსებობს ცალკეული ბლოკების შექმნის მცდელობა, თუმცა თუ ოპოზიციური პარტიები ვერ მოახდენენ იდეების გენერირებას, მათ ამომრჩევლამდე მიტანას და დარწმუნებას, რომ ისინი დამაჯერებელ ალტერნატივას წარმოადგენენ, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოგება გაუადვილდება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ გამყარებული აქვს თავისი პოზიციები, შეუძლია გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ამ ფონზე დაქსაქსვა მხოლოდ შეამცირებს ოპოზიციის წარმატების შანსს.

  • 13-წლიანი იმედგაცრუების მიუხედავად?

რა თქმა უნდა.

ისიც არის, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი შეიძლება არჩევნებამდე კრიტიკულად იყოს განწყობილი პოლიტიკურ პარტიებისადმი, მაგრამ როცა არჩევნების წინ მმართველი პარტია დაქოქავს პროპაგანდისტულ მანქანას, ამ იმპულსურ ტალღაზე მოხდება ამომრჩევლის მობილიზება.

მსოფლიოში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაადგილებები ხდება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი, საქართველო სულ უფრო შორდება დემოკრატიული სახელმწიფოების ბანაკს და უახლოვდება ავტორიტარულ ალიანსს.

ეს ტენდენცია ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, ჩვენ უკვე გვაქვს არადემოკრატიული, ტოტალიტარული ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას უდიდესი ზიანი მიაყენა.

მაგალითად, ომში მყოფმა უკრაინამ სულ რამდენიმე დღის წინ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი საფრანგეთსა და გერმანიასთან. მაშინ, როცა საფრთხეები ყველა მხრიდან იზრდება, საქართველოს ხელისუფლების პასიურობა მიუღებელია.

„ქართული ოცნება“ დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების ხარჯზე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, კრემლის იმედზე ყოფნას ამჯობინებს, რაც საშიში ტენდენციაა.

რა შეიძლება იყოს ყურის ქავილის მიზეზი? – ექიმის რჩევები

ყურის ქავილი საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და, როგორც წესი, ის არ არის რაიმე სერიოზული მდგომარეობის ნიშანი. თუმცა რა ხდება მაშინ, როცა ქავილი მწვავეა და ძლიერ დისკომფორტს ქმნის. ამ თემაზე „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი გიორგი ალიშანიძე საუბრობს.

  • ბატონო გიორგი, რა შეიძლება იყოს ყურის ქავილის მიზეზები?

მიზეზი შეიძლება იყოს ბევრნაირი, მაგალითად, მიკროტრავმა, რომელსაც ჩვენვე ვიყენებთ ყურში ე.წ. ყურის ჩხირის ან მსგავსი ფორმის რაიმე უცხო სხეულის მოთავსებით; ქავილის შეგრძნებას შესაძლოა იწვევდეს ყურში დაგროვებული გოგირდის საცობი;

Cleveland Clinic: ყურის ქავილის ერთ-ერთი მიზეზი ყურის გადაჭარბებული ან ინტრუზიული წმენდაა. ყურის გოგირდის დანიშნულება არის აირიდოს წყალი და დაიცვას ყურები, მას აქვს როგორც სოკოს საწინააღმდეგო, ისე ანტიბაქტერიული თვისებები, რათა თავიდან აიცილოს ინფექცია. ყურის გადაჭარბებულმა წმენდამ შესაძლოა მოგაშოროთ ეს დაცვა. ყურის არხში საგნების მოთავსება მის გასაწმენდად (ან ქავილის მოსახსნელად) ხშირად აუარესებს მდგომარეობას. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება გამოიწვიოს ყურის გოგირდის დაგროვება.

ასევე, შესაძლოა საქმე გვქონდეს სოკოვან დაავადებასთან; ასევე მიზეზი შეიძლება იყოს დერმატიტი, ქავილი ახასიათებს ფსორიაზსაც.

Cleveland Clinic: დერმატოლოგიური დაავადებები, როგორიცაა ეგზემა და ფსორიაზი, შეიძლება გამოჩნდეს კანის სხვადასხვა უბანზე და გამოიწვიოს ქავილი. ამასთან, გამონაყარი ან ქერქით დაფარული ფსორიაზული ბალთები შეიძლება განვითარდეს ისეთ ადგილებში, რომლებსაც თქვენი თვალი ვერ ხედავს, მაგალითად, ყურის არხში.

  • რა არის მთავარი ნიშანი, რომ დროა მივმართოთ ექიმს?

როდესაც ხშირია ეს ქავილის შეგრძნება, გვიქმნის დისკომფორტს, ქავილი არის ძლიერი და მოქავების შემდეგ ისევ რომ ექავება ადამიანს [ანუ ადვილად არ გადადის შეგრძნება].

ქავილის დროს ხშირად იყენებენ უცხო სხეულებს, რა დროსაც ხდება დაზიანებები. შესაძლოა ისე გამწვავდეს მდგომარეობა, რომ სისხლდენაც კი განვითარდეს. ამ დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, მაგრამ ზოგი აგვიანებს და ექიმს მიმართავს მხოლოდ მაშინ, როდესაც გამონადენი და სხვა, მსგავსი გართულებებია სახეზე.

  • რა შემთხვევაში შეიძლება გართულდეს მდგომარეობა გამონადენით?

ყურიდან გამონადენი უფრო სოკოვანი დაავადებების და ინფექციის დროს გვხვდება. გამონადენი ამ დროს სხვადასხვა ფერისაა. ამ შემთხვევაში ყურიდან გამონადენი ნიშნავს, რომ არსებობს სმენის დაქვეითების რისკი, პროცესი შეიძლება გადავიდეს და დააზიანოს შუა ყურიც. თუმცა სოკოვანი დაავადების დროს  გამონადენი არ არის აუცილებელი, შესაძლოა პროცესი მხოლოდ ქავილით შემოიფარგლოს.

Cleveland Clinic: ქავილი ყურის ინფექციის ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია, მაგრამ როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში მას ერთვის სხვა სიმპტომებიც, ყურის ტკივილის და გამონადენის სახით. ისინი, ვინც იყენებენ სმენის აპარატებს ან ყურსასმენებს, ზოგჯერ უფრო მიდრეკილნი არიან ყურის სოკოვანი ინფექციებისკენ, ამიტომ პრევენციის მიზნით საჭიროა აპარატების რეგულარული წმენდა.

  • რატომ ჩნდება გოგირდის საცობი და რა კავშირშია ქავილთან?

ის გოგირდი, რასაც ყური გამოყოფს, ჩვეულებრივ, ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში, არ იწვევს ქავილს; გოგირდი იწვევს ქავილს მაშინ, როდესაც საცობი ყალიბდება. საცობი იწვევს სმენის დაქვეითებას და დისკომფორტს, ყურის მოქავების სურვილს. აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა მარტივი მოსაგვარებელია და ეფექტი საგრძნობია საცობის მოშორებისთანავე. 

გოგირდი ყურში გამოიყოფა გოგირდის ჯირკვლების მეშვეობით, ყურის შიგნით და გამოდის გარეთ, ასეა მოწყობილი ეს სისტემა. გოგირდს აკისრია ანტიბაქტერიული, დამცველობითი ფუნქცია და ეხმარება ყურს თვითწმენდაში. 

საცობი იმასთან უფრო მეტად ჩნდება, ვინც იყენებს ყურის ჩხირს, აღიზიანებს ყურის იმ ჯირკვლებს, რომლებითაც გამოიყოფა გოგირდი. ჯირკვლის გაღიზიანება იწვევს უფრო მეტი გოგირდის გამოყოფას. რაც უფრო მეტ გოგირდს მოიშორებს ადამიანი ყურის ჩხირით, უფრო მეტი გოგირდი წარმოიქმნება. ამიტომ არის, რომ ჩხირი არ უნდა გამოვიყენოთ, ყურს  მხოლოდ თითის მეშვეობით უნდა მოვუაროთ.

Cleveland Clinic: ყურის ცვილი, როგორც წესი, თავისით გამოდის თქვენი ყურის არხიდან და თქვენ შეგიძლიათ ჩამოიბანოთ ის გარეთა ყურიდან ბანაობის დროს.

  • რატომ გამოიყოფა ზოგიერთ ადამიანთან უფრო მეტი გოგირდი, ვიდრე სხვასთან?

გოგირდი გამოიყოფა სპეციალური ჯირკვლების მეშვეობით, ყველაზე მარტივი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს ფიზიკური გამაღიზიანებელი, მაგალითად, უცხო სხეულის ზემოქმედება, წყლის ზემოქმედება.

გოგირდის ჭარბად გამოყოფა ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს, მაგალითად, ენდოკრინულ პათოლოგიებთან – სადაც არის მომატებული ოფლიანობა, არის მომატებული გოგირდი. თუმცა ეს არ არის იმდენად ხშირი, როგორც მექანიკური გაღიზიანების გამო წარმოქმნილი გოგირდის საცობი.

  • რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ყურში წყალბადის ზეჟანგის ჩაწვეთება და სხვა სახის თვითმკურნალობა ქავილის დროს?

ყურში რაიმეს ჩაწვეთება, ექიმთან კონსულტაციის გარეშე, არ შეიძლება – იქნება ეს წყალბადის ზეჟანგი თუ რაიმე სხვა. იმიტომ, რომ იქ შეიძლება დაფის აპკი იყოს დაზიანებული და ჩაწვეთებული სითხე მოხვდეს შუა ყურში. ასე, რომ ნებისმიერი სითხის ჩაწვეთება არარეკომენდებულია. თანაც ეს არც ეხმარება მაინც და მაინც გოგირდს.

გარდა ამისა, არ შეიძლება ყურის ჩხირებისა თუ სხვა ნივთების საშუალებით ყურის მოქავება. დავიწყოთ იმით, რომ ეს საქმეს არ აგვარებს, პირიქით, სიტუაციას ამძიმებს – თუ საცობია, მოქავებისას რაიმე ნივთის ზემოქმედება იწვევს საცობის უკან გადატანას. ასევე, ქავილით შეიძლება დაზიანდეს ყურის კედელი, შემდეგ კი შესაძლოა ეს მიკროტრავმები დაინფიცირდეს და გამოიწვიოს სხვა დაავადებები.

Cleveland Clinic: ყურის ქავილი შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიამაც. მაგალითად, მათ, ვისაც აქვთ ალერგიული რინიტი, იგივე თივის ცხელება, ყურების ქავილი შეიძლება დაეწყოს თხილის, სოიოს, ხორბლის, რძის, თევზისა და მოლუსკების მიღების შემდეგ.

თუ თქვენ გაქვთ მტვერ-საკვების ალერგიის სინდრომი, იგივე ორალური ალერგიის სინდრომი, შეიძლება ქავილი იგრძნოთ ყურებში ისეთი საკვების მიღების შემდეგ, როგორიცაა: ვაშლი, ნესვი, ბანანი, ალუბალი, კივი, მზესუმზირის თესლი, თხილი და ნუში.

ჯანდაცვის სისტემა ხალხის ძირითადი ნაწილისთვის ბუნდოვანია – ფრანგული კვლევა

„ჯანმრთელობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით.

ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხსა და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას.

ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, სადაც ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ექიმების ხელფასებზე წერენ ავტორები.

ზოგადად კი, კვლევა ეხება საქართველოში გამოწერილ შეუსაბამო რეცეპტებს, უშედეგო სიმპტომურ მკურნალობას, არასწორი დიაგნოსტირების ხშირ შემთხვევებს, საეჭვო სამედიცინო შეცდომებს, ექიმებისა და პაციენტების კომუნიკაციას და სხვა.

  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გულისხმობს ინფორმაციის მოძიების, მიღების და გავრცელების უფლებას.

საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯანდაცვის სისტემა ხალხის უმეტესი ნაწილისთვის ბუნდოვანია. ეს აჩენს უნდობლობას, როგორც თავად სისტემის, ასევე სისტემაში დასაქმებული სუბიექტების მიმართ.

ინფორმაცია არ არის გამჭვირვალე, დიაგნოზის დასმის შემდეგ დამატებითი ინფორმაციის მიღება ამ დიაგნოზის შესახებ – ექიმთან დამატებითი კომუნიკაცია რთულია. გეუბნებიან, რომ უნდა დალიოთ ესა და ეს მედიკამენტი და მორჩა. გეუბნებიან, რომ საჭიროა გაიკეთოთ ეს ოპერაცია და მორჩა. თუმცა ექიმები დროს არ უთმობენ პაციენტებს იმის ასახსნელად, თუ რატომ უნდა მიიღონ ესა თუ ის მედიკამენტი, რატომ უნდა გაიკეთოთ ოპერაცია. განათლება და არაინფორმირებულობა ჯანდაცვის საკითხებში დიდი პრობლემაა.

ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით შეზღუდულია მკურნალობის ზოგიერთი მიმართულებისას. მაგალითად, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ქმნის დიდ დაბრკოლებას, ამ საკითხებთან ბევრი სტიგმაა დაკავშირებული, რაც ხშირად ქალებს, ლგბტქი თემის წევრებს და აივინფიცირებულებს მიემართებათ.

ქართული ასოციაციის „ჰერა+“ მონაცემებით, აივინფიცირებული ქალები ფლობდნენ დამახინჯებულ და მცდარ ინფორმაციას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, ასევე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის, აივის გადაცემის გზებსა და მკურნალობაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ.

აივინფიცირებული ქალების სამედიცინო ხელმისაწვდომობის 2020 წლის კვლევაში ასოციაცია აღნიშნავს, რომ:

„ინფორმაციის ნაკლებობისა და კონფიდენციალურობის დარღვევის შიშით, ასევე დისკრიმინაციული გარემოს გამო, ინფიცირებულ ქალებს ხშირად არ მიუწვდებათ ხელი აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე“.

ზოგიერთი ქალი აღნიშნავს, რომ მათ, უბრალოდ, ვერც გაიგეს მედპერსონალის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ამიტომ მთავარი ამოცანაა, რომ პაციენტებისთვის ინფორმაცია იყოს სრულად გასაგები, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე.

ქალების ჯანმრთელობის ექსპერტი მაგდა კოსტავა 2022 წლის თებერვალში, კვლევის ფარგლებში ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ: „რაიონებსა და განსაკუთრებით სოფლებში ქალების სექსუალობა ძალიან სტიგმატიზებულია. სკოლებში სქესობრივი აღზრდის შესახებ არაფერს ასწავლიან და ახალგაზრდა გოგოები ვერ ბედავენ გინეკოლოგთან მისვლას, ეშინიათ განსჯის, არაა დაცული სამედიცინო ანონიმურობა.

ქალებს მნიშვნელოვან ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ, ისეთ საკითხებზეც კი, როგორიცაა ნაადრევი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. განსაკუთრებით დიდი ტაბუ ადევს იმ ქალების სექსუალობის თემას, რომლებიც ქორწინებაში არ არიან. დაქორწინებული ქალებიც არ აკითხავენ ექიმს და არ აქვთ გინეკოლოგიური კონტროლის და კვლევების გამოცდილება პროფილაქტიკის მიზნით, რაც სხვადასხვა დაავადების პრევენციის ერთადერთი გზაა.

სტიგმა და დისკრიმინაცია საფრთხეს უქმნის სხვადასხვა ჯგუფის სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას.

  • ექიმების განათლება და ხელფასი

ჯანდაცვის სისტემის პრივატიზაცია საქართველოში სწავლის პროცესიდანვე იწყება. არ არის არანაირი საკონკურსო მოსამზადებელი წელი, როგორც ეს საფრანგეთშია და სტუდენტები აბარებენ გამოცდებს სკოლის დამთავრებისთანავე. რეგიონებისა და დედაქალაქის უმაღლეს სასწავლებლებს შორის დიდი სხვაობაა. რეგიონების უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სტუდენტების უმრავლესობას დედაქალაქში ურჩევნია სწავლის გაგრძელება.

სამედიცინო უნივერსიტეტებში ძალიან დიდხანს გრძელდება თეორიული სწავლება. საერთაშორისო სტუდენტებისგან ძირითადად პაკისტანელი და ინდოელი სტუდენტები ინტერესდებიან, რომლებიც ინგლისურ სექტორებზე სწავლობენ.

უწყვეტი სამედიცინო განათლება საქართველოში სავალდებულო არ არის ექიმებისთვის, თუმცა ზოგიერთ კლინიკაში, მაგალითად კახეთში, ონში, აქვთ პარტნიორული და პროფესიული კავშირები ევროპის ქვეყნებთან, რათა გადაამზადონ თავიანთი გუნდი პერიოდულად. საფრანგეთში 1996 წელს მიღებული კანონის მიხედვით, უწყვეტი განათლება ექიმებისთვის სავალდებულოა.

2005 წლიდან კი ექიმებს აქვთ ვალდებულება მონაწილეობა მიიღონ პროგრამებში, სადაც მათი პროფესიული პრაქტიკა ფასდება. საქართველოში მსგავსი კანონები არ მოქმედებს.

პროფილაქტიკური მედიცინა ნაკლებადაა განვითარებული საქართველოში, ექიმი ნიკოლოზ მახარაძე კვლევის ავტორებს ეუბნება, რომ ეს ბაზრის ლოგიკით აიხსნება: „პროფილაქტიკური მედიცინა რომ იყოს განვითარებული, ნაკლები დაავადება და ინფექცია იქნება. გარდა ამისა არის ხალხი, რომელიც არ ფიქრობს, რომ პროფილაქტიკა უკეთესი მიდგომაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. არსებობს კიდევ ექიმების ფინანსური ინტერესი. ექიმებს არ აქვთ არანაირი მოტივაცია, რომ პროფილაქტიკის მეთოდით იმუშაონ“, – ამბობს ექიმი კვლევის ავტორებთან.

არასაკმარისია იმ მედიცინის მუშაკების რაოდენობაც, რომლებიც პათოლოგიებთან და სტიგმებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებთან მუშაობენ. არის ოკუპაციური თერაპევტების, ფიზიოთერაპევტებისა და ფსიქოლოგების დეფიციტი. მათთვის პროფესიული ზრდის ნაკლები შესაძლებლობები არსებობს საქართველოში.

მედიცინის ზოგიერთი მიმართულება გაუფასურებულია, როგორიცაა მაგალითად ფსიქიატრია.

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან საქართველოში ჯანდაცვის სისტემის რეფორმა დაიწყო, მაინც არაა ხელმისაწვდომი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები მოქალაქეებისთვის.

ფსიქიატრების პროფესიული მომზადება პრობლემაა საქართველოში. სახალხო დამცველის ანგარიშიც არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობაზე, სადაც სწორედ სისტემურ ხარვეზებზეა აქცენტები დასმული.

რაც შეეხება ხელფასებს, ქართული ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორმა, რომელიც პროფილაქტიკურ მედიცინაზეა ორიენტირებული, განაცხადა კვლევის ავტორებთან, რომ ხელფასს კლინიკები ხშირად შედეგების მიხედვით გასცემენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმები დაინტერესებულები არიან საკუთარი ხელფასების ზრდით – შესაბამისად, კონსულტაციების რაოდენობის ზრდა და დამატებითი ანალიზებიც მათ ინტერესშია.

ასევე გინეკოლოგია და მკურნალობის სხვა მიმართულებები, რაც დედობასთან პირდაპირ კავშირში არ არის, ადამიანური რესურსის ნაკლებობას განიცდის.

ასოციაცია „ჰერას“ დირექტორი, რომელიც სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს, ადასტურებს, რომ გინეკოლოგების მიერ გამოყენებული მეთოდები ხშირად არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ექიმებიც ხანდახან არასრულფასოვნად არიან ინფორმირებულები ქალთა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

ოჯახის ექიმები, მაგალითად, არ მიიჩნევენ, რომ ელემენტარული გინეკოლოგიური მომსახურების გაწევა მათი მოვალეობაა ქალებისთვის. შესაბამისად, როცა ქალებს მსგავსი მომსახურება სჭირდებათ, თუნდაც ძალიან მარტივი პროცედურა, მიმართავენ პირდაპირ გინეკოლოგებს, მაშინ, როცა ოჯახის ექიმისგან იგივე დახმარების მიღების შემთხვევაში მეტი დაფინანსება ექნებოდათ სახელმწიფოსგან.

ქედას, შუახევსა და ხულოს ახალი ავტობუსები აქვთ

ქედას, შუახევსა და ხულოს ახალი, EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები მოემსახურება – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტების მერიები ავრცელებენ.

ახალი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და  აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდა.

პროექტის ფარგლებში ხულოს მერიამ 2 ავტობუსი მიიღო, ხოლო შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებმა  – თითო ავტობუსი.

ხულოს მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსი მოსახლეობას შეღავათიან ფასად მოემსახურება, ახალ ტარიფს მუნიციპალური ტრანსპორტისთვის საკრებულო მომავალ სხდომაზე დაამტკიცებს.

ახალი ავტობუსები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 38 ქალაქისა და მუნიციპალიტეტისთვის შეისყიდა  [153 ავტობუსი]. ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ბათუმიდან ელ ქუვეითის მიმართულებით ივნისში პირდაპირი ფრენები დაიწყება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის ივნისიდან ბათუმის მიმართულებით ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ი დაიწყებს ოპერირებას. ფრენები ქუვეითის დედაქალაქ ელ ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით და უკან, კვირაში შვიდი სიხშირით შესრულდება.

„ავიაკომპანიის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ფრენები ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის 2024 წლის 14 ივნისიდან, 16 სექტემბრამდე, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა Jazeera Airways-ს სააგენტომ 2024 წლის 20 თებერვალს მიანიჭა.

ელ ქუვეითი – ბათუმი – ელ ქუვეითის მიმართულება ახალია ავიაკომპანიისთვის. ამ ეტაპისთვის, „Jazeera Airways“-ი რეგულარულ რეისებს ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე ახორციელებს.“ – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუვეითთან საქართველოს უვიზო რეჟიმი არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით: ქუვეითის სახელმწიფოში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეს ვიზის [90 დღემდე მოქმედების ვადით] მიღება შეუძლია სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. ვიზის საფასური შეადგენს 6 KWD ქუვეითურ დინარს [დაახლოებით 21 აშშ დოლარი].

ფოტო: სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფეისბუქგვერდიდან

 

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 407 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
  • ტანკი – 6 523 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 12 373 ერთეული [+35]
  • საარტილერიო სისტემა – 9 867 ერთეული [+41]
  • MLRS – 997 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 680 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 339 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 596 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 903 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 924 ერთეული [+63]
  • სპეცტექნიკა – 1 566 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 572 თვითმფრინავი
  • 266 ვერტმფრენი
  • 13 137 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 473 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 171 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 223 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 138 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 950 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რეპრესირებულთა შთამომავლებისგან დნმ-ის ნიმუშებს იღებენ, ვის შეუძლია ნიმუშის ჩაბარება

საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია – GAFA აგრძელებს 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა შთამომავლებისგან დნმ-ის ნიმუშების შეგროვებას.

ასოციაციის პრეზიდენტის, მერი გონაშვილის თქმით, რეპრესირებულთა შთამომავლებს დნმ-ის ჩაბარება თბილისში, ყოველდღე შეუძლიათ. გარდა ამისა, ექვს თვეში ერთხელ GAFA აჭარაში ჩამოდის.

მერი გონაშვილის თქმით, ხელვაჩაურის მერიამ GAFA-ს ოთახი გამოუყო, სადაც რეპრესირებულთა შთამომავლებისგან დნმ-ის ნიმუშებს იღებენ.

  • ვის შეუძლია დნმ-ის ნიმუშის ჩაბარება

რეპრესირებულთა იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია მისმა შთამომავლებმა დნმ ნიმუშები ჩააბარონ.

„კვლევისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი ხაზის შთამომავლები – შვილები ან და-ძმები, შემდეგ მოდიან შვილიშვილები.

თუ ადამიანს ჰყავდა რამდენიმე შვილი, სჯობს, რომ თითო შვილიდან თითო შთამომავალმა ჩააბაროს დნმ ნიმუში.

რაც უფრო შორდება და იშლება საგვარეულო შტო, მით უფრო მცირდება შანსი იდენტიფიცირების. მაგალითად, შვილი აბარებს ნიმუშს, იქ ერთი დნმ საკმარისია, მაგრამ თუ შვილიშვილებში გვყავს რამდენიმე შტო, თითო შტოდან თითომ მაინც უნდა ჩააბაროს.

შვილთაშვილებიდანაც ვაგროვებთ, რაც შეიძლება მეტ ნიმუშს. იმის შანსი, რომ შვილთაშვილებიდან იდენტიფიცირება მოხდება, დაბალია,  მაგრამ როცა სხვა გზა არაა, ვერაფერს ვშვრებით,“ – ამბობს საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი მერი გონაშვილი.

  • რა ღირს დნმ კვლევა?

დნმ კვლევაში ოჯახები ამ ეტაპზე თანხას არ იხდიან.

პროცედურა ასეთია – რეპრესირებულის შთამომავალი მიდის თბილისში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში მდებარე სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას ქ. 33), სადაც სპეციალური ტესტებით მისგან იღებენ დნმ-ის ნიმუშს. ამის შემდეგ ეს დნმ ნიმუშები იგზავნება პოლონეთში და უკვე პოლონელი სპეციალისტები ატარებენ კვლევას.

ექვს თვეში ერთხელ დნმ-ის ნიმუშის ჩაბარება შესაძლებელია ხელვაჩაურში. საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია – GAFA წინასწარ აანონსებს ხელვაჩაურში ჩასვლის დროს და თარიღს. ეს დნმ ნიმუშებიც იგზავნება პოლონეთში შესასწავლად.

„ჩვენმა ასოციაციამ იმუშავა ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მეხუთე სამარხის გახსნაზე. ნაპოვნი 28 ნეშტის ნიმუში გავაგზავნეთ პოლონეთში და აქედან მოხდა იდენტიფიცირება სამი პირის.

150 ნეშტი, რომელიც 2019 წელს აღმოაჩინეს ხელვაჩაურში, გადმოტანილია თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. 2024 წლის შემოდგომაზე ველოდებით, რომ ჩამოვა სპეციალისტთა გუნდი პოლონეთიდან და აქ, ადგილზე აიღებენ ამ 150 ნეშტიდან ნიმუშს. დნმ ნიმუშები, რომლებსაც აქ აიღებენ, თავს მოიყრის პოლონეთში. პოლონელი სასამართლო ექსპერტები გამოიკვლევენ ამ დნმ ნიმუშებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი გვესმოდეს – ყველა ნეშტი არაა ნაპოვნი, ყველა შთამომავალი არაა ნაპოვნი.

ცრუ მოლოდინები არ უნდა გავუჩინოთ ადამიანებს, რომ მალე მოხდება იდენტიფიცირება. ეს შეიძლება მოხდეს ერთ წელში ან შეიძლება ათწლეულები გაგრძელდეს ძიების პროცესი. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ორ თვეში იდენტიფიცირება,“ – ამბობს მერი გონაშვილი.

GAFA-ს პრეზიდენტის თქმით, ორგანიზაცია რეპრესირებულთა სამარხებს დღემდე ენთუზიაზმით და საკუთარი სახსრებით იკვლევს.

„2021-2022 წლებში გვქონდა ამერიკის სახელმწიფო მეცნიერებათა აკადემიის გრანტი, ოღონდ ეს გრანტი იყო იმისათვის, რომ ამერიკელი სპეციალისტები ჩამოგვეყვანა, მათი აქ ცხოვრების ხარჯები დაგვეფინანსებინა.

ლაბორატორიაში რაც დაგვჭირდა, ყველაფერი შემოწირულობებით შევიძინეთ. ასევე გვეხმარებიან პოლონელები. დანარჩენი, ჩვენი პირადი რესურსებით ვმუშაობთ,“- ამბობს მერი გონაშვილი.

GAFA-ს რეპრესირებულთა შთამომავლების მოძიებაში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ შთამომავალთა სოციალური დაცვის ორგანიზაცია „მემორიალი“ ეხმარება.

საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია – GAFA 2021 წელს შეიქმნა. გაფას გუნდი ქართველი ანთროპოლოგების, არქეოლოგებისა და ოდონტოლოგებისგან შედგება.

ასოციაციის მთავარი მიზანი, ისტორიულ თუ საექსპერტო შემთხვევებზე მუშაობისას, სახელმწიფოსთვის დახმარების გაწევაა, სამარხების კვლევაში მსხვერპლთა იდენტიფიცირებასა და მათ ღირსეულ დაკრძალვაში, დაკარგულთა ოჯახის წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე.

საქართველოში დიდი ტერორის დროს, 1937-1938 წლებში დახვრეტილი ათასობით ადამიანიდან მხოლოდ სამი რეპრესირებულია იდენტიფიცირებული.

სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილთა მე-5 სამარხი 2021 წელს შეისწავლეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინიციატივით, „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის“ დახმარებით და ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით.

ნეშტების სასამართლო ანთროპოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა ერთი წელი გაგრძელდა. 2022 წლის ივლისში კი, აჭარაში უდანაშაულოდ დახვრეტილი 3 მოქალაქის მემკვიდრეებმა შეიტყვეს, რომ მათი წინაპარი იპოვეს.

დაკრძალვა 86 წლის შემდეგ  - 1937 წელს დახვრეტილი ხასან დიშლიოღლის ნეშტი ოჯახს გადასცეს

გააუქმებს მთავრობა ახალშენში კარიერზე ქვის მოპოვების ლიცენზიას?

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ახლაშენში, კარიერზე ქვის მოპოვების ლიცენზიას შპს „ვესთ გრუფი“ ფლობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ვესთ გრუფი“ 2017 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მისი მფლობელი სოსო დავითაძეა.

სოსო დავითაძე ფლობს ასევე „ჯი ტრანსის“ 70 პროცენტს, ამ კომპანიის თანამესაკუთრეები არიან დავით ჩიქოვანი [20%] და მამუკა ყაჯრიშვილი [10%]. ეს კომპანიაც 2017 წელს დაუფუძნებიათ. ამავე წელს სოსო დავითაძის პარტნიორმა, დავით ჩიქოვანმა „ქართულ ოცნებას“ 10 000 ლარი შესწირა.

სოსო დავითაძე ფლობს ასევე შპს „დ.მ.ჯ გრუფის“ ასივე პროცენტს. კომპანია 2019 წელს არის დაფუძნებული.

ამ დრომდე არ ვიცით, დაიწყო თუ არა მთავრობამ მოლაპარაკება კომპანიასთან ლიცენზიის გაუქმების თაობაზე იმის გამო, რომ ახალშენში ქვის მოპოვების სამუშაოებს მოსახლეობა ეწინააღმდეგება.

ადგილობრივებმა ორჯერ გამართეს საპროტესტო აქცია – ისინი კატეგორიულად ითხოვენ ლიცენზიის გაუქმებას და აცხადებენ, რომ კომპანიის მანქანებს სოფელში გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.

მილიონები უნდა აკეთოთ ხალხის სიცოცხლის სანაცვლოდ? – აქცია კარიერის მოპოვების წინააღმდეგ ახალშენში

მოსახლეობის ინფორმაციით, აფეთქებები კარიერზე მათ საცხოვრებელ გარემოს აზიანებს, დაიბზარა სახლები, ზიანდება საავტომობილო გზა, სოფელს აღარ აქვს სასმელი წყალი.

ადგილობრივების ინფორმაციით ახალშენის კარიერზე მოპოვებული ქვით ბათუმში კუნძულს აშენებენ.

თურქეთში ვიმუშავე და სახლი გადავხურე, ახლა კარიერის გამო უნდა დამენგრეს თავზე

გასულ კვირას სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთანაც გამართა. აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კახა შაშიკაძე შეხვდა და დაჰპირდა, რომ კომპანიას მანამდე არ მისცემდნენ სამუშაოების გაგრძელების საშუალებას, ვიდრე არ მიაღწევდნენ შეთანხმებას.

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

ადგილობრივების თქმით, დაპირების მიღების შემდეგ არც მთავრობის წარმომადგენელთან ჰქონიათ კომუნიკაცია და არც კომპანიასთან.

 

Exit mobile version