24 თებერვალს 2 წელი სრულდება, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ელენა ბელიკოვა ბათუმში 2022 წლის მარტში ჩამოვიდა. საქართველოში ჩამოსვლამდე დიდი და რთული გზა გამოიარა. ვერასდროს იფიქრებდა, რომ ომი დიდხანს გაგრძელდებოდა და სახლში ვეღარ დაბრუნდებოდა.
ელენა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ლექციებს კითხულობდა. ახლა ბათუმში მყოფ უკრაინელებს უწევს ფსიქოლოგიურ დახმარებას ომის ტრავმებთან გასამკლავებლად. ბათუმში ელენა 75 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ხარკოვიდან უწყვეტი დაბომბვების დროს სასწაულებრივად გამოიყვანა. ელენას 35 წლის შვილი ხარკოვში დარჩა და არმიას ეხმარება.
ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ელენა იხსენებს, როგორ დატოვა ქალაქი და როგორ ჩამოაღწია საქართველომდე. გვიყვება ასევე, როგორ ცხოვრობენ ბათუმში უკრაინის მოქალაქეები, რა სირთულეების დაძლევა უწევთ მათ და რა სჭირდებათ.
- ელენა ბელიკოვა, ფსიქოლოგი
ხარკოვის დატოვება გადავწყვიტეთ, რადგან გვბომბავდნენ ციდან, მიწიდან… აღარსად იყო უსაფრთხო ადგილი. ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი დანგრეულია, ბინა აღარ არსებობს. დედა ერთი კვირა აბაზანაში იმალებოდა, სანამ მივაკითხავდი და ლოცულობდა. მე მისგან 17 კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობდი და ვერ ვაკითხავდი. ოკუპირებულ ქალაქში შემოდიოდნენ და შემოდიოდნენ ტანკები.
დედას თავიდან იმედი ჰქონდა, რომ ეს ჩვენების ტექნიკა იყო, მაგრამ ინტერნეტი კარგად მუშაობდა მაშინ და როცა ფოტოები გამოგვიგზავნა, ასო „Z“ ეწერა ყველა ტანკს.
დედას კორპუსის ეზო სავსე იყო რუსული ტანკებით. დარაჯობდნენ სახლებს, რომ არავინ არსად გაქცეულიყო. ველოდი მომენტს, როცა სროლები შეწყდებოდა. სახლში რომ შევედი, შოკში დამხვდა დედა. მხოლოდ მის დოკუმენტებს ვტაცე ხელი და წამოვედით. კორპუსიდან მანქანამდე თავზე ხელებდაფარებულები მოვდიოდით, ეს ინსტინქტური ჟესტი იყო, რისგან დამიცავდა თავზე ხელების დაფარება? მანქანაში ჩავსხედით და დავიძარით. ჩვენს თავზე რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ.
გავასწარით, თვითმფრინავი ქალაქის ცენტრისკენ გაფრინდა და ხარკოვის შრომის სასახლე დაბომბა. ვხედავდით, როგორ აფეთქდა შენობა, როგორ იქცა ნანგრევებად, მტვერში იყო ყველაფერი გახვეული, ხალხი გარბოდა…
ორი წელი გავიდა ომიდან და ამ კოშმარის დავიწყება დღემდე ვერ შევძელი. რკინიგზის სადგურში რომ მივედით, უამრავი ხალხი იყო, ათასობით ადამიანი ცდილობდა სადმე გაქცევას. ვნახეთ ქალი, რომელმაც ახლობლები დაკარგა მატარებლის დაძვრამდე რამდენიმე წუთით ადრე, დარბოდა, ოჯახს ეძებდა…
მე მომყავდა დედა და ნათესავის ბავშვები, რადგან კაცებს არსად უშვებდნენ და მთხოვეს, მათი შვილები ბალტიისპირეთში, რიგაში წამეყვანა. ბავშვებს ახლდათ დედაც, მაგრამ ის საოპერაციო მაგიდიდან წამოვიყვანეთ, ჯერ კიდევ არ იყო ნარკოზიდან ნორმალურად გამოსული და რა ხდებოდა, სად მივდიოდით, ვერ ხვდებოდა. ბავშვების დედაც მე მებარა.
19 საათი ვიმგზავრეთ მატარებლით. ყველანი ფეხზე ვიდექით, ადგილები არ იყო. ვაგონებში ფანჯრებზე ყველგან ფარდები იყო ჩამოფარებული და ბნელოდა. შუქებს არ ანთებდნენ უსაფრთხოების მიზნით, რომ რუსული ბომბდამშენების სამიზნეებად არ ვქცეულიყავით. კიევში შუქები რომ დავინახეთ სახლებში, დავმშვიდდით. აქ მეტ-ნაკლებად სიმშვიდე იყო.
მერე ლვოვიდან პოლონეთისკენ გადავკვეთეთ საზღვარი. ვიარეთ ფეხითაც, ხელში გვყავდა ბავშვები, 9 საათი ვიცადეთ, ზღვა ხალხი იყო, ვინც არ იცოდა სად მიდიოდა, უბრალოდ სადმე უნდოდათ გაქცევა. მერე პოლონეთში ჩაგვსვეს ავტობუსებში და ზოგი სად გაგვგზავნეს და ზოგი სად. ვარშავიდან ქუთაისში ჩამოვფრინდი, ქუთაისიდან ბათუმში წამოვედი.
აქ კარგი კლიმატია, თბილი ხალხი ცხოვრობს, სტუმართმოყვარე. ვფიქრობდი, რამდენიმე თვით მოგვიწევდა დარჩენა.
ვერც წარმოვიდგენდი, რომ ომი 2 წელიწადს გაგრძელდებოდა და არ მეცოდინებოდა, როდის დამთავრდებოდა.
დღემდე ვერ დავაღწიეთ უკრაინელებმა თავი შოკურ მდგომარეობას. დღემდე ვერ ვიჯერებთ, რომ სლავებმა ასე გაგვწირეს და ეს გაგვიკეთეს. კარგად ვცხოვრობდით, ხარკოვი თანამედროვე, განვითარებული, ევროპული ქალაქი იყო. ჩვენ არავისგან, არაფრისგან „დაცვა“ არ გვჭირდებოდა.
ხალხს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან არიან, უბრალოდ აღარსად აქვთ წასასვლელი. ვერ დაბრუნდებიან უკრაინაში. ჩვენი სახლი დანგრეულია, ვერც ჩვენ დავბრუნდებით დიდხანს – სანამ ომი არ დამთავრდება, სანამ სახლებს არ აღადგენენ.
ევროპაში უკრაინელების დიდი ნაწილი ვერ მიდის საქართველოდან, რადგან ბევრს არ აქვს დოკუმენტები. ბევრი ისე გამოექცა ომს, რომ ვერაფერი წამოიღო. ზოგმა პასპორტის წამოღებაც ვერ მოახერხა. აქ დოკუმენტების გარეშე ჩამოსულ ხალხს ძალიან უჭირს საკუთარი იდენტობის დამტკიცება. მე 10 თვე ველოდი პასპორტს.
საქართველოში ვიგრძენით დიდი მხარდაჭერა ხალხისგან და გულწრფელი წუხილი, თანადგომა. დიდხანს ვცხოვრობდი უსასყიდლოდ სასტუმროში, მერე დავტოვეთ სასტუმრო, დაახლოებით 500 უკრაინელი ვიყავით, არანაირი ფული არავის არ გვქონდა. ძალიან დაგვეხმარნენ „ლელოს“ ოფისიდან, პროდუქტებით, სამოსით…
მერე მუშაობა დავიწყეთ და ახლა როგორღაც გაგვაქვს თავი, გავერთიანდით ოჯახები, რამდენიმე ოჯახი ერთ ბინას ვქირაობთ. ბევრნი ვართ ამ ბინებში, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. საქართველო სოციალურ დახმარებას გვიწევს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია – 300 ლარი თითო ოჯახზე, თან ვმუშაობთ და ასე ვახერხებთ ბინის დაქირავებას.
ჩემ ირგვლივ მყოფი უკრაინელები ძირითადად სოციალურად დაუცველები, პენსიონერები და შშმ პირები არიან, მრავალშვილიანი დედებიც, რომლებსაც მუშაობა არ შეუძლიათ, შვილებს ვერ ტოვებენ. მათ არავინ ეხმარება. უკრაინიდან არავინ არაფერ დახმარებას არ იღებს, იქ ხალხს თავი ძლივს გააქვს.
300-ლარიან სოციალურ დახმარებას ყველა უკრაინელი ლტოლვილი ვერ იღებს საქართველოში. მხოლოდ პენსიონერები და შშმ პირები. არიან მარტოხელა დედები, რომლებიც მიმტანებად, ძიძებად დასაქმდნენ, ისინი არანაირ დახმარებას არ იღებენ.
რახან პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, ხალხთან მუშაობის დიდი პრაქტიკა მაქვს. უკრაინაში ძირითადად სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან მიწევდა ურთიერთობა. აქ კი ვმუშაობ ტრავმირებულ ზრდასრულებთან. ბავშვები სკოლაში დადიან და როგორღაც დააღწიეს სტრესს თავი, მაგრამ ქალებს დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ, მათ ბევრი გადაიტანეს და შვილებზეც პასუხისმგებლობა, ემიგრაციაში, მთლიანად მათ ეკისრებათ. დიდი შინაგანი ძალა უნდა იპოვონ საამისოდ.
ვცდილობთ, გავამხნეოთ ერთმანეთი, არტთერაპიას მივმართავთ, სპორტულ შეხვედრებს ვაწყობთ, ბათუმის სიახლოვეს დავდივართ ლაშქრობებზე, ბუნებაში.
ამ ბრძოლაში ყველაზე მთავარი ძლიერი ფსიქიკის შენარჩუნებაა. გადარჩება ის, ვისაც მტკიცე ნერვები აქვს. ჩვენ ვცდილობთ გავუფრთხილდეთ ამ ნერვებს. არიან ქალები, რომლებსაც მორალურად და ფსიქიკურად ძალიან უჭირთ. მათ მხარდაჭერა სჭირდებათ, იყო შემთხვევები, როცა სიცოცხლე აღარ უნდოდათ, მაგრამ ამ დროს ვერთიანდებით და გამოგვყავს ერთმანეთი მძიმე მდგომარეობიდან. ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით. ვიცით, ვის რა სჭირდება, სიტყვიერი გამხნევება, ფიზიკური დახმარება, მორალური მხარდაჭერა თუ საკვები პროდუქტები.
ჩვენ ყველანი ვიხდით ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებს, ოდესმე კი საქართველოდან წავალთ და აქაურობას დავტოვებთ. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ვინმეს შეღავათიანი იპოთეკური სესხი შეეთავაზებინა უკრაინელი თემისთვის, მაინც ვიხდით ამ თანხას. საკვები ასე თუ ისე გვაქვს. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის ბინის ქირის გადახდაა.
სამედიცინო დახმარებაც ფუფუნებაა ჩვენთვის. არის მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც ფასდაკლებებს გვთავაზობენ სამედიცინო მომსახურებაზე. ეს პროგრამაც მხოლოდ ივლისამდე იმუშავებს, მერე მთავრდება. ბავშვები, მათი დედები ავადმყოფობენ და ექიმთან ვერ მიდიან. არავის აქვს იმდენი ფული, რომ საავადმყოფოში გადაიხადოს.
არც წამლებზე გვაქვს შეღავათი. ქრონიკული დაავადებების მქონე უამრავი პაციენტია. წითელმა ჯვარმა პენსიონერების ნაწილს მისცა დაზღვევა და 200-ლარიანი ვაუჩერი მედიკამენტებისთვის, მაგრამ ყველა ვერ მოხვდა ამ პროგრამაში. ყველასთვის განკუთვნილი სისტემური სამედიცინო შეღავათები არ გვაქვს.
მხოლოდ აცრებს გვიფინანსებს ახლა საქართველო. სასწრაფო დახმარება უფასოა იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ეხება საქმე. არის კიდევ პროგრამები შშმ პირებისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაადასტურებენ თავიანთ დიაგნოზს. თუ ჩვეულებრივი ადამიანი რაღაცისთვის მიმართავს კლინიკას ჯანმრთელობის პრობლემით და მკურნალობის მიზნით, ყველაფერში ფული უნდა გადაიხადოს.
გულდასაწყვეტია ისიც, რომ თბილისში უფასოა უკრაინელი ლტოლვილებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება. ბათუმში აღარ. აჯარიმებენ ჩვეულებრივად უკრაინის მოქალაქეებს, როცა ისინი მგზავრობის ფულს ვერ იხდიან. იქებ პენსიონერებს ან შშმ პირებს მაინც ჰქონდეთ უფასოდ მგზავრობის უფლება ბათუმში.
საქართველოში ჩვენი ლეგალურად ყოფნის თემაც ღიად რჩება. მაგალითად, თუ სარფთან საზღვარს გადაკვეთ თურქეთისკენ, შეიძლება უკან შემოსვლისას პრობლემა შეგექმნას, ან თუ შემოგიშვეს, გიწყდება 300- ლარიანი დახმარება.
დოკუმენტების საკითხების მოგვარება ბათუმში არ არის შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ აქ არის საკონსულო. პენსიონერებს, შშმ პირებს ხშირად უწევთ ბათუმიდან თბილისში წასვლა, ბინის დაქირავება ღამის გასათევად, რაც ძალიან რთულია. საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსის მისაღებად დოკუმენტები მხოლოდ თბილისში მზადდება.
მე და ჩემმა ერთმა თანამოაზრემ ოდესიდან ბათუმში დავაარსეთ არაკომერციული ორგანიზაცია უკრაინელებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გასაწევად. ქალებს ვეხმარებით. არიან ქალები, რომლებსაც აღარაფრის კეთება აღარ უნდათ, ყველაფერზე უარი აქვთ ნათქვამი, ვცდილობთ, გამოვიყვანოთ სახლიდან სხვადასხვა გზით. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ, რომ აკეთონ, რაც შეუძლიათ: ქსოვონ, კულინარიის კურსებს დაესწრონ, ხატონ, ცეკვა ისწავლონ, სპორტით დაკავდნენ.
ხანდახან ღია ცისქვეშ გავდივართ სავარჯიშოდ, ამაში ფულს არავინ გვიხდის, ჩვენივე რესურსებით ვახერხებთ ყველაფერს, რადგან უკრაინელებს შორის არიან ექიმები, ფსიქოლოგები, მასწავლებლები, სპორტსმენები, მოცეკვავეები – სხვადასხვა პროფესიის ხალხი. ყველა აკეთებს იმას სხვებისთვის, რაც შეუძლია.
არ გვეთაკილება არსად მუშაობა, ვიცით, რომ აქ ცოტა ხანს არ მოგვიწევს დარჩენა. ხვალაც რომ დამთავრდეს ომი, ჩვენ მაინც აღარსად გვაქვს დასაბრუნებელი.
არტთერაპიაზე როცა ვთხოვთ ადამიანებს დახატონ თავიანთი მდგომარეობა, ხატავენ ნავს, რომელიც გაცურდა ზღვაში, მაგრამ არ ჩანს, საით მიცურავს ნავი, არ ჩანს მეორე ნაპირი. ასე მივცურავთ და მივცურავთ. აღმოვჩნდით ახალ ქვეყანაში, მაგრამ ფესვი ჩვენ აქ არ გვაქვს ჯერ გადგმული და ისევ ჩვენი ქვეყნისკენ ვეძებთ დასაბრუნებელ გზას, მაგრამ არც ამ გზის დასასრული ჩანს, არც მეორე ნაპირი. არსებობს მეორე ნაპირი, მაგრამ ჩვენ როდის მივცურდებით იქ?
მხოლოდ გამარჯვების გვჯერა, სხვა შედეგს არც ერთი უკრაინელი არცკი განიხილავს. გვჯერა, რომ დავბრუნდებით ჩვენს ქვეყანაში, თუმცა რეალობა არის ის, რომ ამ იმედის შენარჩუნება სულ უფრო და უფრო რთულდება.