„10 დღის წინ რიჟვაძესთან [აჭარის მტავრობის თავმჯდომარე] განცხადება შევიტანეთ, პასუხი მივიღე, განიხილოს ხულოს მუნიციპალიტეტმაო. როდის უნდა განიხილონ, რომ მოვემწყრევი, მერე? იმის მერე დახმარება რაღათ მინდა, თუ ამომიყვანეს მიწიდან და ქვიდან?“ – კითხულობს მარინა გელაძე, მას სოფელ გელაძეების გზაზე შევხდით, მარინას სიტყვებით რომ ვთქვათ – გზა ბაწარზე.
ხულოს ცენტრალური გზიდან სოფელ გელაძეებამდე მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, ისიც რეზინის ჩექმით და წვალებით, ტალახში არ ჩაეფლო, ან კლდის ნაშალიდან წამოსული ქვა არ მოგხვდეს. მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ ეს გზა კლდის ქვების ნაშალი ლოდებით, ღორღით და ტალახითაა სავსე. ქვის ცვენა გამვლელს ნებისმიერ დროს უქმნის საფრთხეს, თუმცა უგზოდ დარჩენილი, ჩამწყვდეული სოფლიდან მარინა გელაძე ახლა შაქრის და ზეთის საყიდლად წამოსულა, შემომელია და ხულოს ცენტრში უნდა გავიდეო, გვიყვება და გზის კიდეზე ცდილობს გავლას, ტალახს რომ აარიდოს თავი.
მარინა გელაძის ოჯახი წლებია საფრთხის ქვეშ ცხოვრობს – გარდა იმისა, რომ სოფელი დამეწყრილია, მისი სახლის კედლები ბზარებითაა სავსე.
იმის მიუხედავად, რომ ამ ოჯახს 2016 წელს დაუწერეს გეოლოგებმა დასკვნა და დაწერეს: „შენობა საცხოვრებლად საშიშია“, არაფერი შეცვლილა – ხელისუფლებაში გეოლოგების დასკვნა არ განუხილავთ. ეს შემთხვევა აჩვენებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სიცოცხლის რისკის ქვეშ რჩებიან.
აჭარის მთავრობას და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას არც დღეს, 24 თებერვალს, გეოლოგების დასკვნის დაწერიდან 8 წლის შემდეგ და სოფლის უგზოდ დარჩენის შემდეგაც არ აქვს პასუხი: რატომ ვერაფერი შესთავაზეს მარინა გელაძის ოჯახს?
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში დაგვიდასტურეს, რომ მარინა გელაძის წერილი ნამდვილად ხულოს მერიას გადაუგზავნეს, შემდეგ რა ბედი ეწია ამ წერილს, ამის შესახებ აჭარის მთავრობაში ვერაფერი გვითხრეს.
სოფელ გელაძეებისკენ მიმავალ გზაზე ბოლო 4 თვეში ზვავი რამდენჯერმე ჩამოწვა – 6 თებერვალს აჭარის მთიანეთში გააქტიურებული მეწყრული პროცესების შემდეგ კი, ამ სოფლისკენ მიმავალი გზა საბოლოოდ ჩაიკეტა.
„აი, ამ ბილიკს უნდა გავყვეთ, აქ არ დაადგათ ფეხი,“ – გვირჩევს ვახტანგ გელაძე, ვიდრე სოფლამდე ფეხით ასვლას შევძლებთ. ვახტანგ გელაძეც სოფელ გელაძეებიდანაა.
„60 კომლი ვართ სულ ამ სოფელში, ასე დავდივართ, სოფელში სურსათის მაღაზია არ არის, რაღაც ხომ გჭირდება? ყველა სახლთან არ ჩამოსულა მეწყერი, მაგრამ ყველა გასასახლებელია, უგზოდ დავრჩით,“ – მარინა გელაძე გვთხოვს, მისი დაბზარული სახლიც ვნახოთ და სახლთან მისასვლელი გზაც.
„ხელისუფლების წარმომადგენლები როცა იყვნენ მოსულები, არ უნახავთ ჩემი სახლი, რა მდგომარეობაში ვარ,“ – საყვედურს არ მალავს მარინა გელაძე.
„მანქანა არ შემოდის 4 თვეა, ხუთი. გზა არ გვაქვს, კვალი, პატრონი არ გვყავს. იყვნენ მოსულები ხელისუფლებიდან, მარა არც გაყვანაზე უთქვამთ რამე, არც დახმარებაზე, არაფერს არ გვთავაზობენ. ვეუბნებით, რომ ბინა მოგვცენ, ან მიწის ნაკვეთი, არსებობა ხომ გვინდა? სოფელში თავს ძროხით ვირჩენთ, აქ თუ ვერაფერი შემოვიტანეთ და გავიტანეთ, რა უნდა გავაკეთოთ?“ – კითხულობს მარინა გელაძე.
მარინა გელაძის თქმით, ხელისუფლება შემოვლითი გზის მოწყობას გეგმავს, რადგან ძირითად გზაზე ისევ აქტიურია მეწყრული პროცესები და გზის გაწმენდა ამ ეტაპზე შეუძლებელია. მარინა ჰყვება, რომ შემოვლითი გზა რომც გაკეთდეს, კორტოხიდან მის სოფლამდე მომავალ გზაზე მსუბუქი ავტომანქანები და სამარშრუტო მიკროავტობუსი ვერ ივლიან.
იგივე დაგვიდასტურეს ხულოს მერიის ადმინისტრაციაში. აქ განმარტეს, რომ სოფლის ძირითად გზაზე სამუშაოების დასაწყებად ჯერ გეოლოგების რეკომენდაცია არ აქვთ, სოფელ კორტოხიდან სოფელ გელაძეებამდე გადასასვლელ გზაზე მუშაობა კი, უკვე დაწყებულია. რამდენიმე დღეში სოფელს გზა ექნება – გვითხრეს ხულოს მერიის ადმინისტრაციაში და დასძინეს, რომ შემოვლითი გზით მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეძლებენ გადაადგილებას.
სოფელ გელაძეებიდან ხულოს მერიას ბოლო დამეწყრის შემდეგ 7 ოჯახი მეზობელ სოფელ პაქსაძეებში ქირით გაუყვანია. რისკის ზონაში რჩებიან სხვა ოჯახებიც. თუმცა ისინი გვიყვებიან, რომ 300 ლარით ბინას ვერ იქირავებენ, მეზობელ სოფლებში კი, სადაც ასევე მეწყერსაშიში ზონაა, ვერსად იმუშავებენ.
„ბევრი წავიდა თავისი ხარჯით ქალაქში, ან ნათესავთანაა. მერიიდან გვითხრეს, მოხუცები მაინც გაიყვანეთო… ხელში ავიყვანეთ მოხუცები და ისე გადავატარეთ მეწყერს, მათ შორის, დედაჩემი“, – გვითხრა ოთარ გელაძემ. მისივე თქმით, 40 ათასი ლარი კომპენსაცია ახალი ბინის შესაძენად მისაღები არ არის.
„რა უნდა ვიყიდო ამ ფასად, სად ვიყიდი ბინას? ჩემს ერთ მეზობელს მოუძებნეს სახლი ლანჩხუთში და იქ წავიდნენ. ასე გამოჩნდეს რამე, კი წახვალ“, – უთხრა ოთარ გელაძემ „ბათუმელებს“.
„ნახეთ, აქ ხელის იდაყვიც კი შეეტევა, იმხელაზე გაიწია უკვე კედელი,“ – სახლის ერთ-ერთ დაბზარულ კედელთან ჩერდება ბადრი გელაძე. კედლის მიღმა სამზარეულო ჩანს. დაბზარულია სამზარეულოს კედლები, საძინებლები, მისაღები ოთახის იატაკი, ბუხარი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში ფერად-ფერადი ყვავილებით მოხატული ჭერი…
ბადრი გელაძე გეოლოგების მიერ 2016 წელს გაცემულ დასკვნას გვაჩვენებს: „შენობა საცხოვრებლად საშიშია და საჭიროა გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა გეოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის,“ – ვკითხულობთ დასკვნაში.
„დასკვნა როცა მიდის ხელისუფლებასთან იმის მერე პასიურია, რეაგირება მათი მხრიდან არ არის, სითბოს ვერ ვგრძნობ, რომ ნაბიჯი გადმოდგან ჩვენკენ, რომ ამოვისუნთქოთ თავდაჯერებულად, უფალს შევხედოთ, რომ აი, გვყავს ხელისუფლება,“ – ამბობს ბადრი გელაძე.
„აქ იდგა ჩემი მეუღლე, სამზარეულოს შესასვლელ კართან, ეს ბათქაში ჩამოიქცა, ღმერთს მადლობა, თავზე არ დაეცა… ბზარები თანდათან იმატებს. როცა იშლება სახლი, არ არსებულია უკან დაბრუნდეს თავის კალაპოტში. იძულებული ვართ, აქ ვიცხოვროთ, სად წავიდეთ?“ – კითხულობს ბადრი გელაძე და სამზარეულოს დაბზარულ კედლებსაც გვაჩვენებს.
ბადრი და მარინა გელაძის სახლი სოფლის ბოლოშია, ტყის პირას. უახლოესი მეზობელი ნახევარი კილომეტრითაა დაშორებული. ბადრი გვიყვება, ერთი შვილი ოჯახით ნაქირავებში ცხოვრობს, მეორე რელიგიურ პანსიონატში რჩებაო…
რას გთავაზობთ ხელისუფლება? – ვეკითხები მე.
„უყურადღებობას გვთავაზობს ხელისუფლება,“ – მოკლე პასუხი აქვს დამეწყრილ ოჯახს და აივნიდან ქოხს მაჩვენებს, სადაც ღამეს ათევს, როცა სახლის ჩამოშლის საფრთხე დიდია.
„როცა თოვლია და ზვავის საშიშროება, შიშის ზარი მცემს, გადავდივართ ქოხში და იქ ვათევთ ღამეს, სიცივეში… უსაფრთხო არც ის ადგილია, მაგრამ იქ მირჩევნია მაინც.
ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. ამის რესურსი ყოველთვის მოიძებნება, რომ სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარონ, ისეთ რამეებში ხარჯავენ ფულს, გული მწყდება: მივლინებებში, ვიზიტებში… კი ბატონო, უნდა წავიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში და საქმეები მოაგვარონ, მაგრამ რაც პირველადია, ის უნდა გაითვალისწინონ – ხალხი, რომელიც იტანჯება.
არჩევნები ხომ იმიტომ ტარდება, რომ ხელისუფლებამ მოგვისმინოს. ეს სოფელი სოფელი აღარ არის – დაშლილია. ჩემი თხოვნაა, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი მობრძანდეს პარლამენტიდან, ან მერიიდან, ბევრს არ ვთხოვ, ერთი ღამე გაათენოს აქ.
თუ ხელისუფლება თავდაჯერებულია, ყველაფერს გააკეთებს… თოფით თუ გლეხს მოერევი, უფალი გვიყურებს ზემოდან, ეს გაუსაძლისი პირობები მოგვიხსენით. საქართველოში რატომ უნდა უჭირდეს ხალხს, ბიუჯეტი ყველასია, ყველა ადამიანისაა და არ უნდა იხარჯებოდეს ასე უაზროდ.
აქ არც ზაფხულში გვაქვს გზა – ტრაქტორით უნდა მოიმარაგო ზაფხულობით სურსათი. გვალვებშიც კი, გზა ტალახითაა სავსე,“ – გზამდე გვაცილებს ბადრი გელაძე.
გეოლოგების და სპეციალისტების რეკომენდაციებს რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს, ეს ბადრი გელაძის სახლთან მისასვლელ გზასაც ეტყობა – სანიაღვრე არხს სოფელში ვერსად იპოვით, მათ შორის, იქ, სადაც ასფალტის ახალი საფარი დაუგიათ. მეწყერსაშიშ ზონაში და ახლა უკვე დამეწყრილ სოფელში წყალი პირდაპირ გზებზე მოდის.