სიახლეები

რა არის კვებითი აშლილობა – გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები

23.02.2024 • 3626
რა არის კვებითი აშლილობა – გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები

ცენტრ „კამარას“ კლინიკური ფსიქოლოგი და არტთერაპევტი, დოჩი გოგოხია გვესაუბრება კვებითი აშლილობის ტიპებზე. ასევე იმაზე, თუ რა არის გამომწვევი ფაქტორები, საუკეთესო პრაქტიკა მასთან გასამკლავებლად და რა როლი აქვს კვებას ჩვენ ცხოვრებაში.

  • საწყის ეტაპზე როგორ უნდა ამოვიცნოთ, გვაქვს თუ არა საკვებთან ადიქციური დამოკიდებულება ან კვებითი აშლილობა?

კვებითი აშლილობები, როგორიცაა: ანორექსია, ბულიმია და უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული, იგივე ბინგ-კვებითი აშლილობა, დამოკიდებულებების ჯგუფში არ შედის და კვებითი ადიქციაც დიაგნოზად არ გვხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ აშლილობისთვისაც დამახასიათებელია ადიქციური ქცევა და გარკვეული მსგავსებები არსებობს. განსხვავება ისაა, რომ ნივთიერებებისგან განსხვავებით საკვების „მომხმარებელი“ ყველანი ვართ და საკვების მიღება აუცილებელი პროცესია.

სტრესულ სიტუაციებში საკვებით „ნუგეშისცემაც“ ყოველთვის პათოლოგიური არ არის. კვებითი აშლილობების დროს ადიქციური ქცევა ვლინდება საკვებსა და კვებაზე მუდმივ ფიქრში – როცა ადამიანის მთელი ცხოვრება თითქოს ამ საკითხის გარშემო ტრიალებს, უკონტროლო კვების ეპიზოდებში, იმპულსურ ქცევაში; როცა ადამიანი ვერ აკონტროლებს რამდენს ჭამს, სირცხვილისა და დანაშაულის განცდებში, რომელმაც შეიძლება აიძულოს მარტო და ჩუმად კვება; ზოგიერთ შემთხვევაში კვების შემდეგ მაკომპენსირებელ ქცევებში, როგორიცაა: პირღებინება, ლაქსატივების მიღება, გადაჭარბებული ვარჯიში, შიმშილი და სხვ.

რაც ყველაზე მთავარია, ამ ქცევის შეწყვეტის შეუძლებლობა, მიუხედავად მისი საზიანო მოქმედებისა ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ამ ქცევის შეწყვეტა სურს.

  • არსებობს თუ არა სპეციფიკური ასაკი ან მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომელთა დროსაც ადამიანი განსაკუთრებით მოწყვლადია კვებითი აშლილობის მიმართ?

კვებითი აშლილობა შესაძლოა გამოვლინდეს ბავშვებშიც, თუმცა სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, ყველაზე ხშირად პუბერტატის ასაკიდან ვლინდება დაახლოებით 25 წლამდე. უფრო მეტად გავრცელებულია ქალებში, ვიდრე კაცებში.

რაც შეეხება მაპროვოცირებელ ფაქტორებს, შეიძლება ეს იყოს სტრესი, ტრავმა, დანაკარგი, მარტოობა, სხვადასხვა გარემო, მაგალითად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციები ან სხვა ფსიქიკური აშლილობები, შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია. თუმცა შესაძლოა, პირიქით, ამ აშლილობებს უძღოდეს წინ კვებითი აშლილობა.

  • რა ტიპის სენსორულ ან სხვა მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს საკვები ადამიანის ცხოვრებაში?

კვება ადრეულ ასაკში არა მხოლოდ ფიზიოლოგიური შიმშილის დაკმაყოფილების მოთხოვნილება, არამედ სიყვარულისა და მზრუნველობის მიღების გზაც არის. კვებითი აშლილობების შემთხვევაშიც კვება ან საკვებზე უარის თქმა ხშირად ამ პროცესებთანაა დაკავშირებული.

  • არსებობს თუ არა კონკრეტული საკვების ტიპი, რომელსაც ჭარბად იღებენ ადამიანები კვებითი აშლილობის დროს?

უკონტროლო კვებითი ეპიზოდის დროს ცენტრალური საკითხი მიღებული საკვების რაოდენობაა და არა რომელიმე ტიპის საკვები. კვებისას შეიძლება დისოციაციური გამოცდილებაც ჰქონდეს ადამიანს, როცა ვერც კი გაიაზრებს, რა ჭამა და რამდენი ხნის განმავლობაში ჭამდა იმას, რაზეც იმ მომენტში ხელი მიუწვდებოდა.

ხშირად გამოხატულია კონკრეტული საკვებისადმი ლტოლვაც, მაგალითად, ცხიმიანის, ტკბილის, მარილიანის, ხორცის, ცომის. მოკლედ, მძიმე და მაღალკალორიული საკვების მიმართ. თუმცა პათოლოგიური მაინც გადაჭარბებული რაოდენობით საკვების მიღებაა, როცა ნეგატიურად აისახება ადამიანის ფსიქიკურ თუ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. გურმანობა და ე.წ. სუსნაობა, როცა ეს ადამიანის ჯანმრთელობას არ უქმნის საფრთხეს, ფსიქიკური დარღვევა არ არის.

  • არის თუ არა კავშირი ტრავმულ გამოცდილებასა და კვებით აშლილობას შორის და ძირითადად, რა ტიპის გამოცდილებები უძღვის წინ კვებით აშლილობას?

კვებითი აშლილობის მიზეზები ხშირად ძალიან ადრეული ასაკის გამოცდილებაში შეიძლება იმალებოდეს, მათ შორის იმ დროის, რომლის შესახებ ადამიანს მოგონებებიც კი არ აქვს. მაგალითად, მიზეზი შეიძლება იყოს დედასთან არაჯანსაღი სეპარაცია და მიჯაჭვულობები.

შეიძლება იყვნენ  ოჯახებიდან, სადაც პიროვნული საზღვრები არ არის დაცული და ბავშვის მოთხოვნილებები გათვალისწინებული არ არის. შეიძლება ოჯახში ბავშვის გარეგანი გამოხატულებით უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებული, ვიდრე მისი შინაგანი სამყაროთი. ასევე შესაძლოა იყოს ოჯახის დაკვეთა ბავშვთან მიმართებაში, რომ ის იყოს გამორჩეული ყველას თვალში – „ყველაფრამდე კარგი“.

შეიძლება კვება სტრესთან და, ზოგადად, ემოციებთან გამკლავების ერთადერთი მექანიზმი იყოს, რაც მათ გააჩნიათ. ხშირად საკვები, როგორც ნივთიერება, კონტროლის საშუალების ილუზიად ევლინება ამ ადამიანებს. შემდეგში კი თვითონ საკვები ხდება მათი მაკონტროლებელი. კვებითი აშლილობის მიღმა დგას მიტოვების არაცნობიერი შიში. უღირსობის, უმწეობის განცდები. ვრცელი თემაა და ერთ ინტერვიუში წარმოუდგენელია ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხის გაცემა.

  • სოციუმის მნიშვნელობაზე რომ გვესაუბროთ: გავრცელებული სილამაზის სტანდარტები, სხეულის აღქმა/მიუღებლობა, რა როლს თამაშობს ამ შემთხვევაში?

კვებითი აშლილობები სხვა ფსიქიკურ აშლილობებზე მეტად შეიძლება იყოს დაკავშირებული სოციო-კულტურულ ფაქტორებთან. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ კვებითი აშლილობების განვითარებისკენ მეტად არიან მიდრეკილნი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან გარშემომყოფების მოთხოვნების მიმართ. მათთვის სხვების მათ მიმართ მოთხოვნები და მოთხოვნილებები ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი.

ლოგიკურია, რომ სხვებზე უფრო მეტად იმოქმედებს დაწესებული სტანდარტები და ამ სტანდარტებთან შესაბამისობის მცდელობა კვებითი აშლილობის განვითარებაზე, ხოლო შემდგომ გამწვავებაზე. დამახინჯებულ სხეულის ხატზე, სხეულის მიუღებლობაზე მუშაობა ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია ამ ადამიანებთან თერაპიაში.

  • დიეტის კულტურა არის თუ არა ამ დროს გამამწვავებელი ფაქტორი?

დიეტური თავშეკავება ერთ-ერთი პრედიქტორია კვებითი აშლილობის განვითარების. არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ დიეტები 8-ჯერ ზრდის კვებითი აშლილობის განვითარების რისკს.

  • რა პრაქტიკა არსებობს კვებითი აშლილობების შესაჩერებლად და შესამცირებლად?

თერაპიული კურსების ნაწილი წონის კლებაზეა ორიენტირებული, თუმცა არადიეტურ მიდგომებს, რომლებიც საკვების შეზღუდვის ნაცვლად საკუთარი თავის მიღებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ფოკუსირდება, უკეთესი შედეგები აქვს.

ყველაზე კარგი კომპლექსური მიდგომაა და მულტიდისციპლინური გუნდი. ფსიქოთერაპიას კარგი შედეგები აქვს ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ეფექტურია ჯგუფური ფსიქოთერაპია, მათ შორის ჯგუფური ფსიქოთერაპია არტთერაპიული მიდგომით.

  • შესაძლებელია კვებითი ადიქციის დაძლევა სამუდამოდ?

კვებით აშლილობებს ქრონიკული ხასიათი აქვთ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მკურნალობას კარგად ექვემდებარება. როგორც კვლევები აჩვენებს, სხვადასხვა ტიპის ფსიქოთერაპიული კურსი, ინტენსიური თერაპიის პირობებში,  70 %-მდე ზრდის უკონტროლო კვების ეპიზოდების შემცირების ან გაქრობის მაჩვენებლებს და ამცირებს დეპრესიას, შფოთვას და სხეულით უკმაყოფილებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: