მთავარი,სიახლეები

რეპრესირებულთა შთამომავლებისგან დნმ-ის ნიმუშებს იღებენ, ვის შეუძლია ნიმუშის ჩაბარება

21.02.2024 • 3566
რეპრესირებულთა შთამომავლებისგან დნმ-ის ნიმუშებს იღებენ, ვის შეუძლია ნიმუშის ჩაბარება

საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია – GAFA აგრძელებს 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა შთამომავლებისგან დნმ-ის ნიმუშების შეგროვებას.

ასოციაციის პრეზიდენტის, მერი გონაშვილის თქმით, რეპრესირებულთა შთამომავლებს დნმ-ის ჩაბარება თბილისში, ყოველდღე შეუძლიათ. გარდა ამისა, ექვს თვეში ერთხელ GAFA აჭარაში ჩამოდის.

მერი გონაშვილის თქმით, ხელვაჩაურის მერიამ GAFA-ს ოთახი გამოუყო, სადაც რეპრესირებულთა შთამომავლებისგან დნმ-ის ნიმუშებს იღებენ.

  • ვის შეუძლია დნმ-ის ნიმუშის ჩაბარება

რეპრესირებულთა იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია მისმა შთამომავლებმა დნმ ნიმუშები ჩააბარონ.

„კვლევისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი ხაზის შთამომავლები – შვილები ან და-ძმები, შემდეგ მოდიან შვილიშვილები.

თუ ადამიანს ჰყავდა რამდენიმე შვილი, სჯობს, რომ თითო შვილიდან თითო შთამომავალმა ჩააბაროს დნმ ნიმუში.

რაც უფრო შორდება და იშლება საგვარეულო შტო, მით უფრო მცირდება შანსი იდენტიფიცირების. მაგალითად, შვილი აბარებს ნიმუშს, იქ ერთი დნმ საკმარისია, მაგრამ თუ შვილიშვილებში გვყავს რამდენიმე შტო, თითო შტოდან თითომ მაინც უნდა ჩააბაროს.

შვილთაშვილებიდანაც ვაგროვებთ, რაც შეიძლება მეტ ნიმუშს. იმის შანსი, რომ შვილთაშვილებიდან იდენტიფიცირება მოხდება, დაბალია,  მაგრამ როცა სხვა გზა არაა, ვერაფერს ვშვრებით,“ – ამბობს საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი მერი გონაშვილი.

  • რა ღირს დნმ კვლევა?

დნმ კვლევაში ოჯახები ამ ეტაპზე თანხას არ იხდიან.

პროცედურა ასეთია – რეპრესირებულის შთამომავალი მიდის თბილისში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში მდებარე სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას ქ. 33), სადაც სპეციალური ტესტებით მისგან იღებენ დნმ-ის ნიმუშს. ამის შემდეგ ეს დნმ ნიმუშები იგზავნება პოლონეთში და უკვე პოლონელი სპეციალისტები ატარებენ კვლევას.

ექვს თვეში ერთხელ დნმ-ის ნიმუშის ჩაბარება შესაძლებელია ხელვაჩაურში. საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია – GAFA წინასწარ აანონსებს ხელვაჩაურში ჩასვლის დროს და თარიღს. ეს დნმ ნიმუშებიც იგზავნება პოლონეთში შესასწავლად.

„ჩვენმა ასოციაციამ იმუშავა ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მეხუთე სამარხის გახსნაზე. ნაპოვნი 28 ნეშტის ნიმუში გავაგზავნეთ პოლონეთში და აქედან მოხდა იდენტიფიცირება სამი პირის.

150 ნეშტი, რომელიც 2019 წელს აღმოაჩინეს ხელვაჩაურში, გადმოტანილია თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. 2024 წლის შემოდგომაზე ველოდებით, რომ ჩამოვა სპეციალისტთა გუნდი პოლონეთიდან და აქ, ადგილზე აიღებენ ამ 150 ნეშტიდან ნიმუშს. დნმ ნიმუშები, რომლებსაც აქ აიღებენ, თავს მოიყრის პოლონეთში. პოლონელი სასამართლო ექსპერტები გამოიკვლევენ ამ დნმ ნიმუშებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი გვესმოდეს – ყველა ნეშტი არაა ნაპოვნი, ყველა შთამომავალი არაა ნაპოვნი.

ცრუ მოლოდინები არ უნდა გავუჩინოთ ადამიანებს, რომ მალე მოხდება იდენტიფიცირება. ეს შეიძლება მოხდეს ერთ წელში ან შეიძლება ათწლეულები გაგრძელდეს ძიების პროცესი. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ორ თვეში იდენტიფიცირება,“ – ამბობს მერი გონაშვილი.

GAFA-ს პრეზიდენტის თქმით, ორგანიზაცია რეპრესირებულთა სამარხებს დღემდე ენთუზიაზმით და საკუთარი სახსრებით იკვლევს.

„2021-2022 წლებში გვქონდა ამერიკის სახელმწიფო მეცნიერებათა აკადემიის გრანტი, ოღონდ ეს გრანტი იყო იმისათვის, რომ ამერიკელი სპეციალისტები ჩამოგვეყვანა, მათი აქ ცხოვრების ხარჯები დაგვეფინანსებინა.

ლაბორატორიაში რაც დაგვჭირდა, ყველაფერი შემოწირულობებით შევიძინეთ. ასევე გვეხმარებიან პოლონელები. დანარჩენი, ჩვენი პირადი რესურსებით ვმუშაობთ,“- ამბობს მერი გონაშვილი.

GAFA-ს რეპრესირებულთა შთამომავლების მოძიებაში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ შთამომავალთა სოციალური დაცვის ორგანიზაცია „მემორიალი“ ეხმარება.

საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია – GAFA 2021 წელს შეიქმნა. გაფას გუნდი ქართველი ანთროპოლოგების, არქეოლოგებისა და ოდონტოლოგებისგან შედგება.

ასოციაციის მთავარი მიზანი, ისტორიულ თუ საექსპერტო შემთხვევებზე მუშაობისას, სახელმწიფოსთვის დახმარების გაწევაა, სამარხების კვლევაში მსხვერპლთა იდენტიფიცირებასა და მათ ღირსეულ დაკრძალვაში, დაკარგულთა ოჯახის წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე.

საქართველოში დიდი ტერორის დროს, 1937-1938 წლებში დახვრეტილი ათასობით ადამიანიდან მხოლოდ სამი რეპრესირებულია იდენტიფიცირებული.

სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილთა მე-5 სამარხი 2021 წელს შეისწავლეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინიციატივით, „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის“ დახმარებით და ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით.

ნეშტების სასამართლო ანთროპოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა ერთი წელი გაგრძელდა. 2022 წლის ივლისში კი, აჭარაში უდანაშაულოდ დახვრეტილი 3 მოქალაქის მემკვიდრეებმა შეიტყვეს, რომ მათი წინაპარი იპოვეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: