გუშინ, 9 ივლისს, გაეროში გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც რუსეთის სარაკეტო თავდასხმა განიხილებოდა კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე. თავდასხმის დროს საავადმყოფოში 600 ბავშვი იყო, პაციენტები.
სწორედ ამ სხდომის შემდეგ გაეროში რუსეთის ფედერაციამ გამართა ლანჩი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ გახდომასთან დაკავშირებით [2024 წლის ივლისში რუსეთი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, საბჭოს ხელმძღვანელობს]. უკრაინული გამოცემის, „უკრინფორმის“ ცნობით, რუსეთის ლანჩის მენიუს მთავარი კერძი კიევური კატლეტი იყო.
„უკრინფორმი“ წერს, რომ გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგეი კისლიცამ აღნიშნულს „რუსული დიპლომატიის აშკარა მორალური დეგრადაცია უწოდა“.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე კისლიცამ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ორგანიზებული ლანჩი სისხლიანი ფულით იყო გადახდილი.
9 ივლისს რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, სადაც რაკეტა მოხვდა კიევის ბავშვთა საავადმყოფოს. ქვეყნის მასშტაბით რუსეთის შეტევას 38 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 ბავშვი.
2024 წლის თებერვალში ხულოსთვის 2, შუახევსა და ქედისთვის კი თითო ახალი EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები შეისყიდეს, თუმცა ახალი ავტობუსები ხუთი თვის შემდეგაც არ ემსახურება ადგილობრივებს.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არის ახალი ავტობუსები გაჩერებული.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტარიფზე მსჯელობა, რის შემდეგაც საკითხი მარშრუტის და ტარიფის დასამტკიცებლად გავა საკრებულოს სხდომაზე.
მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უახლოეს პერიოდში, როცა შესაბამისი პროცედურული მხარე მოწესრიგდება ქედა-ბათუმი-ქედა სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებს და მოემსახურება ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას“, – ასე მოგვწერეს ჩვენ შეკითხვებზე ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან.
„მძღოლების გადამზადება და ავტობუსში გადახდის ახალი სისტემის დამონტაჟება მიმდინარეობს“, – გვითხრეს შუახევის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში. აქ ამბობენ, რომ ავტობუსი შუახევში მოსახლეობას დაახლოებით 15-20 ივლისიდან მოემსახურება.
ხულოს მერიამ მთელი დღის განმავლობაში არ უპასუხა „ბათუმელებს“ შეკითხვაზე, რატომ არ მოძრაობენ ახალი ავტობუსები ხულოში, დღის ბოლოს კი ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რომ სამგზავრო ავტობუსები ხულო-ბათუმის მიმართულებით 11 ივლისიდან იმოძრავებენ და მგზავრობის ფასი 6 ლარი იქნება.
ახალი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდა – ამის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მერიებმა გაავრცელეს.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მასწავლებლების კონფერენციაზე მივიდა. მან შეხვედრის მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატებიც კი გადასცა და მათთან ფოტოები გადაიღო.
შეხვედრა 2 ივლისს იყო, ამ ამბის ამსახველი კადრები კი ხულოს რესურსცენტრმა ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
ვინ მიიწვია მასწავლებლების შეხვედრაზე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი და იცოდნენ თუ არა ამის შესახებ წინასწარ კონფერენციის მონაწილეებმა?
„ბათუმელები“ კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებს ესაუბრა და ჰკითხა, რის გასაზიარებლად მივიდა რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი შეხვედრაზე.
„როგორ არ შემინიშნავს (ანზორ ბოლქვაძე), დახურვის ნაწილს ესწრებოდა, მაგრამ ჰკითხეთ ამის შესახებ ორგანიზატორს, თუ ვინ მოიწვია.
თქვენ ხომ იცით, რომ მე არასოდეს დავუჭერ მხარს რუსულ პროპაგანდას, მე არ მაქვს პრორუსული განწყობები.
მე ვიყავი ქართული სექციის კონფერენციის კოორდინატორი და შემიძლია მოგცეთ კომენტარი ქართული სექციის მუშაობასთან დაკავშირებით. სხვა საორგანიზაციო საკითხები არ შემხებია“, – ამბობს ტრენერი პედაგოგი, თინათინ გიორგაძე.
მისი თქმით, კონფერენცია ეხებოდა პედაგოგების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას და ანზორ ბოლქვაძე რა ნიშნით მონაწილეობდა კონფერენციაში, მისთვის უცნობია.
მასწავლებელთა კონფერენცია ხულოში, წელს მერიის შენობაში ჩატარდა.
„ბათუმელები“ კონფერენციაში მონაწილე კიდევ ერთ პედაგოგს, დალი თურმანიძეს ესაუბრა.
ჩვენ ვნახეთ ფოტოები, სადაც დეპუტატი, რომელმაც ანტიკონსტიტუციურ კანონს დაუჭირა მხარი, ფოტოებს იღებდა მასწავლებლებთან და არიგებდა სერტიფიკატებს, რა აზრის ხართ ამაზე? – ვკითხეთ მას.
„ანზორ ბოლქვაძე ბოლოს მოვიდა და დააჯილდოვა მასწავლებლები. მე არც ვიცოდი ვინ იყო, სერტიფიკატების გადაცემის დროს დავინახე და რომ ვიკითხე ვინ არის-მეთქი, მითხრეს დეპუტატია ხულოსიო.
ჩემთვის რუსული კანონი ნამდვილად არ არის მისაღები, მაგრამ ამ შემთხვევაში მე იქ ვიყავი, როგორც ტრენერი, მოდერაციას ვუწევდი შეხვედრას და არ ვიცი ვინ მოიწვია და როგორ მოვიდა“, – ამბობს დალი თურმანიძე.
რას ნიშნავს, როცა ანტიდემოკრატიული, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები ესწრებიან საჯარო შეხვედრებს და აჯილდოებს კიდეც ამ შეხვედრის მონაწილეებს?
კიდევ ერთი პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძე მიიჩნევს, რომ როცა პედაგოგების კონფერენციაზე ან რაიმე საჯარო შეხვედრაზე მოდის რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ეს შეურაცხმყოფელია.
როგორი უნდა იყოს ასეთ დროს რეაგირება, მაგალითად თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთ შემთხვევაში? – ვკითხეთ მას.
„რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების გამოჩენა მსგავს შეხვედრებზე და მათი მონაწილეობა პედაგოგების დაჯილდოებაში, პირადად ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, რადგან ამ ხალხმა, თავისუფლების და დემოკრატიის იდეის პრინციპს უღალატა.
სკოლაში, საგნებთან ერთად, თავისუფლების და დემოკრატიის ღირებულებების დანერგვაა მნიშვნელოვანი. ამის საწინააღმდეგო პოზიციის მქონე ადამიანის გამოჩენა, რომელიც მავნებლურ გადაწყვეტილებებს იღებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი. არათუ ფოტოს გადაღება და მასთან სიახლოვე იქნებოდა მიუღებელი, იმ შეხვედრას საჯარო პროტესტის ფონზე დავტოვებდი“, – ამბობს ის.
მის თქმით, ანზორ ბოლქვაძის იმ შეხვედრაზე მიწვევა შესაძლოა არის შეხვედრის ორგანიზატორის პასუხისმგებლობის საკითხი, „მაგრამ ჩვენ, მოქალაქეებს გვაქვს ინდივიდუალური პასუხისმგებლობაც“, – ამბობს შავაძე.
„მე მაგალითად ჩემს კოლეგებს ასეთ რამეს ვურჩევდი, რომ როცა მსგავს სიტუაციაში უნებლიედ აღმოვჩნდებით, პროტესტის ნიშნად დავტოვოთ ასეთი შეხვედრა. სკოლაში აღებული პასუხისმგებლობის გარდა, ჩვენ გვაქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობაც ქვეყნის წინაშე, მუნიციპალიტეტის წინაშე და, შესაბამისად, ეს პრინციპები უნდა დაიცვას მასწავლებელმა.
იმიტომ, რომ ჩვენ გვაკვირდებიან მოსწავლეები, რომლებსაც ყველა მედიასაშუალებაზე აქვთ წვდომა და უნდა ვიყოთ მათთვის მაგალითი.
თუ ჩვენ რაღაც ღირებულებებზე ვესაუბრებით მათ, ამ შემთხვევაში ეს ღირებულებები საქმეშიც უნდა გამოჩნდეს და ჩვენი ქმედება უნდა იყოს თანხვედრაში იმასთან, რასაც ვქადაგებთ“, – ამბობს როლანდ შავაძე.
ის ასევე დასძენს, რომ აქამდე მსგავსი შეხვედრები და კონფერენციები არასდროს ჩატარებულა მაგალითად მერიის შენობაში და არც მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დასწრებიან მასწავლებლების კონფერენციებს.
„მე არ მახსენდება, რომ მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე ან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ადრე ყოფილიყვნენ მსგავს კონფერენციებზე. მაჟორიტარის დონეზე ჩართულობა ხომ საერთოდ არ მახსენდება, ამდენი ხანია მასწავლებელი ვარ მაღალმთიან სოფელში.
ზოგადად, მუნიციპალიტეტები ხელს უნდა უწყობდნენ სკოლებს, მაგრამ უშუალოდ შემოქმედებით პროცესში ჩართულობა ვფიქრობ, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ხდება, რადგან წელს არის არჩევნები.
ადგილზე დაბაში არის სკოლა, თუმცა ამ მოცემულობაში არგუმენტი შეიძლება ის იყოს, რომ იქ ეროვნული გამოცდები ტარდება და სკოლა არის დაკავებული, მაგრამ დაბასთან ახლოს, სოფელ განახლებაში არის ახალაშენებული სკოლა, რომელიც დაიტევდა ამ კონფერენციას.
ასევე, ახლო სოფლებში, მაგალითად ოქრუაშვილებში არის კაპიტალური სკოლა, სადაც შეიძლებოდა კონფერენციის ჩატარება, ამიტომ მერიაში მასწავლებლების კონფერენციის ჩატარება, რომლის პრეცედენტები აქამდე არ ყოფილა, გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს“, – ამბობს როლანდ შავაძე.
რუსული კანონის მხარდამჭერი ანზორ ბოლქვაძე მასწავლებლების კონფერენციაზე ხულოში.
საქართველოს პარლამენტში რუსული კანონი „ქართულმა ოცნებამ“ პირველად 2023 წლის მარტში შეიტანა, თუმცა საერთო სახალხო პროტესტის ფონზე, კანონი უკან გაიწვიეს და თან მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსულ კანონს არასდროს დააბრუნებდნენ.
„ქართულმა ოცნებამ“ პირობა დაარღვია, ხალხი მოატყუა და რუსული კანონი მიიღო.
„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა ორივეჯერ მხარი დაუჭირეს ანტიდემოკრატიულ კანონს, მათ შორის იყო ანზორ ბოლქვაძეც.
რუსული კანონის მიღების გამო, ევროპარლამენტმა შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
საქართველოს ევროინტეგრაციას ამ კანონის მიღებით საფრთხე ემუქრება.
ეს კანონი კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობას ისახავს მიზნად.
არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საქმეს გურჯაანის რაიონული სასამართლო განიხილავდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.
დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.
გურჯაანის სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წერს, რომ ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები, ამიტომაც, საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.
ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დაუკავშირდით ექიმს თუ ბავშვს აქვს:
სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, დაბუჟება, ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა), ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა.
თუ შეამჩნიეთ რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე.
ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.
ამავე დროს, რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ არ უნდა დაგავიწყდეთ ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც:
„სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები, ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ სახლში გასართობი აქტივობები და თამაშები, რაც შეზღუდავს მათ მიერ ტელევიზორთან გატარებულ დროს“ – წერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებია:
აბანავეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად;
თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი ბავშვისგან უსაფრთხო მანძილზე და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება;
გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში;
თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას;
არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ. გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯრის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით;
თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს.
ბათუმში 12 ივლისს, სასტუმრო „რუმსში“, ბათუმელი ფოტოგრაფის, ანრი ტაბაღუას პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართება, რომელიც მის დაბადების დღეს მიეძღვნება.
ანრი ტაბაღუა გასულ წელს დაიღუპა.
„მისი ფოტოარქივიდან ის ნამუშევრები შეირჩა, რომლებიც, ვფიქრობთ, ზუსტად ასახავს იმ სიცარიელესა და დანაკარგის გრძნობას, რომელიც ანრის წასვლით ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დარჩა.
ანრის ფოტოგრაფიაში ნათლად ისახება მისი ხასიათი – გულწრფელობა, სილაღე, ღრმა ფიქრი და ზოგჯერ სევდაც. ამჯერად შევეცდებით, მისი სწორედ ეს, ცოტა სევდიანი მხარეც დაგანახოთ“ – აღნიშნულია ღონისძიების გვერდზე.
გამოფენა ბათუმში პარასკევს, 12 ივლისს, 17 საათზე გაიხსნება „რუმს ჰოტელში“ [მის:გოგებაშვილის 10] და სამ საათს გაგრძელდება.
შს სამინისტროს ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ.
შსს-ს ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევიდა 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.
„მემორანდუმით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.
ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო უკვე დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც აღიარებულია ირლანდიის მიერ მართვის მოწმობის გადაცვლის მიზნებისთვის“ – იუწყება შსს.
უწყების ცნობით, ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ირლანდიის მიერ აღიარებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ირლანდიაში [წელიწადში არანაკლებ 185 დღე] შეუძლიათ გადაცვალონ მართვის მოწმობები ონლაინ განაცხადის საფუძველზე ან ეროვნული მართვის მოწმობის სამსახურში [NDLS].
განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, კიდევ ერთმა პედაგოგმა გადაურიცხა თანხა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა როლანდ შავაძემ, სიმბოლური „41“ ლარი გადაურიცხა განათლების მინისტრს და ამ ფორმით გამოხატა პროტესტი მასწავლებლების ახალი სახელფასო პოლიტიკის მიმართ, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლის პედაგოგების ნაწილს, ზრდის ნაცვლად, ხელფასები დააკლდათ.
„განათლების მინისტრს სიმბოლურად „41“ ლარი გადავურიცხე. მინდა გაიაზროს, რომ ძალაუფლების სათავეში ყოფნის სანაცვლოდ ღირსება არ უნდა გაიყიდოს.
ქვეყნის მომავლის საზომია, თუ როგორ მოიაზრებს სისტემა მასწავლებლის როლს და საქმიანობას“, – წერს როლანდ შავაძე ფეისბუქზე.
პედაგოგი „ბათუმელებთან“ აზუსტებს, რატომ არის ღირსების შემლახველი სამინისტროს მიერ შემუშავებული მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკა.
„სამინისტროს მიერ შემუშავებული მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკა ჩვენი ღირსების შემლახველი გადაწყვეტილებაა. სისტემა უნდა უფრთხილდებოდეს თითოეული მასწავლებლის შრომას და რეპუტაციას.
ამ შემთხვევაში სამინისტრომ ათასობით მასწავლებელი მოატყუა დაპირებული სახელფასო 500-900 ლარის ზრდის ნაცვლად, 2 წლის დათქმით, სოციალური შემწეობა დაუნიშნა.
41 ლარი მინისტრზე გადარიცხვა სიმბოლურია იმ გუნდის მიმართ, რომელიც ძალაუფლების სათავეშია და როგორც განათლების სექტორის, ასევე ზოგადად ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ“, – ამბობს როლანდ შავაძე.
მასწავლებლების ხელფასების „უპრეცედენტო“ მატება ჯერ კიდევ წინა წელს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა, შემდეგ კი განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი, მთელი 6 თვის განმავლობაში სხვადასხვა პლატფორმაზე იმეორებდა, რომ პირველი ივლისიდან ყველა მასწავლებელს 500-800 ლარით გაეზრდებოდა ხელფასი.
აღმოჩნდა, რომ ახალი სახელფასო ფორმულის ამოქმედების შემდეგ მასწავლებლების დიდ ნაწილს, ხელფასი დააკლდა. განსაკუთრებით იმ პედაგოგებს, ვისაც მაღალი სტატუსი (წამყვანი, მენტორი) აქვთ მოპოვებული და ასევე აქვთ არასრული საათები სკოლაში.
ახალი სახელფასო სისტემით, მასწავლებლებს იმ შემთხვევაში მოემატება ხელფასი, თუ კვირაში 18-25 საათს ჩაატარებენ.
იმ პედაგოგებს, ვისაც ახალი სახელფასო ფორმულით ხელფასი დააკლდა, განათლების სამინისტრომ გარდამავალი დებულებით 200 ლარი დაუმატა და ისიც მხოლოდ ორი წლით.
200 ლარის დაბეგვრის შემდეგ, პედაგოგებს 157 ლარი დაერიცხათ. სწორედ ეს ფაქტი გააპროტესტა კიდევ ერთმა პედაგოგმა მანანა მიქავამ და გუშინ 9 ივლისს, ახალი სახელფასო ფორმულის შედეგად დამატებული 157 ლარი, უკან გადაურიცხა განათლების მინისტრს.
დღეს, 10 ივლისს, ბულგარეთში, „დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რაზგრადის „ლუდოგორეცს“ შეხვდება.
მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ბათუმში 17 ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს სვლას, ხოლო დამარცხებული უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო გათამაშებაში გადაინაცვლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11-დან 14 ივლისამდე საქართველოს სანაპირო რაიონებში: ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.
სააგენტო იუწყება, რომ 14 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში: ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი: ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში კი [ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი] ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.
10 ივლისს, ღამით, რუსეთმა ოდესის რეგიონს შეუტია. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა პორტის ორი თანამშრომელი, დაზიანდა სამოქალაქო გემი.
ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ კიპერი Telegram-ზე წერს, რომ რუსეთის სამიზნე იყო ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა.
ასევე, 10 ივლისს, რუსეთის არმიამ დნეპროპეტროვსკის ოლქში ქალაქ ნიკოპოლს არტილერიით შეუტია, რის შედეგადაც 62 წლის კაცი დაიღუპა, დაშავდნენ ადამიანები, ქალაქში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, 10 ივლისის ღამეს რუსეთის ჯარებმა უკრაინას ბალისტიკური და საავიაციო რაკეტებით, ასევე „შაჰედებით“ შეუტიეს. ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 20-დან 14 დრონი გაანადგურა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 554 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
ტანკი – 8 180 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 15 715 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 15 051 ერთეული [+36]
MLRS – 1 115 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 8830 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 973 ერთეული [+51]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 389 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 20 269 ერთეული [+57]
სპეცტექნიკა – 2 531 ერთეული [+15]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
626 თვითმფრინავი
277 ვერტმფრენი
27 496 უპილოტო საფრენი აპარატი
545 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 539 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 373 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
11 685 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
23 515 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
საქართველოს რაგბის 20 წლამდელთა ნაკრებმა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები 28-17 დაამარცხა.
ქართველმა მორაგბეებმა პირველი თამაში მოიგეს ჯგუფში: ჯამში 4 ლელო დაუდეს იტალიელებს – 3 ლელო თამაშიდან თავისი გარდასახვებით და ერთიც საჯარიმო ლელო . ლელოები ქართველთაგან გაიტანეს მიხეილ ხახუბიამ, გიორგი ხაინდრავამ და მიხეილ ყაჩლავაშვილმა.
მანამდე ჩვენმა ნაკრებმა წააგო ავსტრალიის და ირლანდიის ნაკრებებთან.
მიმდინარე მდგომარეობით საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზეა.
სწორედ ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა, რომელი ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას უმცროსი ბორჯღალოსნები. იმ შემთხვევაში, თუ ინგლისის ნაკრები სამხრეთ აფრიკას ისე დაამარცხებს, რომ სამხრეთაფრიკელები ბონუსქულას ვერ აიღებენ საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი მე-5 ადგილისთვის იბრძოლოს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მიჯრით მეექვსედ მონაწილეობს.
სენაკში, მდინარე რიონის პირას მდებარე ორ სოფელს – სირიაჩქონსა და ზემო ჭალადიდს შორის, ბორნის და საბორნე მისადგომის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 371 100 ლარზე მეტი დაიხარჯა.
იმედგაცრუებულია ბორნით მოსარგებლე სოფლების მოსახლეობა, რომლებიც სამდინარო ტრანსპორტის რეაბილიტაციას ელოდნენ და ეგონათ, რომ მათი მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრებოდა.
ბორანი ნაპირთან კი მიდის, მაგრამ რადგან მდინარე რიონის წყლის დონე ხან მაღლა იწევს, ხან კი იკლებს, საბორნე გადასასვლელი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოაწყო, უსარგებლო აღმოჩნდა, მის მოსაწყობად გაღებული ფული კი წყალში გადაყრილი.
ფოტოზე სენაკის მერი, ვახტანგ გადელია ხსნის რეაბილიტირებულ ბორანს 2024 წლის 28 მაისს. მერი დგას ბეტონის კონსტრუქციაზე, რომელიც პროექტის მიხედვით, საბორნე მისადგომი იყო. ბორნის ოფიციალური გახსნიდან რამდენიმე დღეში საბორნე მისადგომი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას მოანგრევინეს და ის დღემდე არ გაუკეთებიათ.
სენაკის სოფლები – სირიაჩქონი და ზემო ჭალადიდი ერთმანეთს მრავალი წელია მხოლოდ სამდინარო ტრანსპორტით უკავშირდება. მდინარე რიონზე საბორნე მიმოსვლა 1945 წლიდან დაიწყო და დღემდე უწყვეტად გრძელდება.
რამდენიმე წლის წინ ბორანი მწყობრიდან გამოვიდა. ადგილობრივ თვითმმართველობას მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა, რომ დაზიანებული ბორანი აღედგინათ.
სენაკის მერიამ მდინარე რიონზე გადასასვლელი ბორნის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი 2023 წელს გამოაცხადა. ტენდერში შპს „ტოტალმა“ გაიმარჯვა. სენაკის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 371 100 ლარზე გააფორმა.
პროექტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უნდა ჩაეტარებინა რეაბილიტაცია ბორნისთვის და მოეწყო მისადგომი ნაპირი.
„ტოტალმა“ ძველი ბორანი მართლაც შეცვალა ახლით. ასევე პირველ ეტაპზე მოაწყო ბორნის მისადგომიც, თუმცა, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, ნუგზარ ბარამია „ბათუმელებს“ ეუბნება, კომპანიას კაპიტალურად მოწყობილი ბეტონის მისადგომი დაანგრევინეს.
იმის გამო, რომ ბორანს მისადგომი არ აქვს, მისით მოსარგებლე მოსახლეობას მთელ რიგ სირთულეებთან უწევს გამკლავება.
„ამაზე მისადგომია გასაკეთებელი. ორი თვეა ვუყურებთ და კაციშვილი არ მოდის. ასე ვერ იმუშავებს. ვუთხარით, ვურჩიეთ ყველაფერი, მაგრამ არ დაგვიჯერეს. ნახაზი და ნახაზიო იძახეს. ნახაზმა არ იმუშავა აქ. პატარა ბავშვიც ეტყოდა, როგორ უნდა გაეკეთებინა“, – ამბობს ვაჟა ჯანაშია.
ვაჟა ჯანაშია 8 წელია მებორნეა. დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე ზემო ჭალადიდსა და სირიაჩქონს შორის ბორნით დაცურავს და ხალხი გადაჰყავს. მებორნემ გვაჩვენა ბორნის მისადგომთან გადებული ხის მორი, რომელზეც უწევთ გადასვლა ბორნით მოსარგებლეებს.
„როცა რიონი დიდდება, ბორანი ნაპირამდე ვეღარ მოდის. წყალში ჩერდება, ზემოთ იწევა და აი, ამ ხეზე უწევს გასვლა მოსახლეობას. როგორ გითხრათ, ქალებს ჩანთები აქვთ ცალ ხელში და ისე გადადიან აქ,“ – გვეუბნება ვაჟა ჯანაშია.
„ცოტა ტვინი რომ დაეყოლებინათ, უკეთესად იქნებოდა, მაგრამ აქაური ხალხი რომ ეუბნებოდა და რჩევას აძლევდა, არ გაითვალისწინეს. ხელახლაა გასაკეთებელი,“ – საუბარში ერთვება კიდევ ერთი ადგილობრივი, რომელიც თავის ვინაობას არ გვეუბნება. თუმცა ამბობს, რომ როცა „ამდენი თანხა იხარჯება, ხალხის საჭიროება უნდა იყოს გათვალისწინებული“.
სენაკის მერი, ვახტანგ გადელია ბორნის გახსნაზე. გადელიას უკან კადრში ჩანს თოკებზე ჩამოკიდებული ხის მორი, რომელზეც რიონის ადიდების დროს ბორნით მოსარგებლე მოქალაქეები გადიან.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ რეაბილიტირებული ბორანი და მისადგომი მიმდინარე წლის მაისში გახსნა. ბორნის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლება დაესწრო.
მერიის ფეისბუქგვერდზეგამოქვეყნებულ პოსტში საუბარია, რომ გახსნეს ახალი ბორანი, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, დაიგო ბორნისკენ მისასვლელი სამკილომეტრიანი გზა, მოეწყო გარე განათება და ტურისტული ინფრასტრუქტურა.
სენაკის მერიის პოსტში არაფერია ნათქვამი ბორნის მისადგომის მოწყობაზე.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ შესრულებულ სამუშაოზე პასუხისმგებელ უწყებას დავკავშირებოდით.
„ბორნის მოსაწყობი სამუშაოები დასრულებულია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ეკატერინე კიზირიამ, სენაკის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა. სწორედ ამ უწყებასთან გადაგვამისამართეს მერიის პრესსამსახურიდან.
ჩვენ მიერ დასმულ დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რომ ბორნის მისადგომი არ იყო მოწყობილი, ეკატერინე კიზირიამ ასე გვიპასუხა: „არა, დასრულებულია სამუშაოები“.
ბორნის მისადგომი, რომელზეც სენაკის მერია ამტკიცებს, რომ დასრულებულია. ადგილობრივების თქმით, როცა რიონი დიდდება, მოსახლეობას ამ ხის მორის გავლით უწევს ნაპირიდან ბორანზე გადასვლა და პირიქით
ვინ მოაწყო ბორანი და რა თანხა დაიხარჯა
სენაკში, სოფელ ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე რიონზე გადასასვლელი ბორნის მოსაწყობად სენაკის მერიამ ტენდერი 2023 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. სატენდერო თანხა 404 263 ლარით განისაზღვრა.
ტენდერში სამმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ეს კომპანიები იყო: შპს „სითი გრუპ დეველოპმენტი“, შპს „TWINS თვინს“ და შპს „ტოტალი“.
ტენდერში გაიმარჯვა შპს „ტოტალმა“, რომელმაც სენაკის მერიას ბორნის მოსაწყობად ყველაზე დაბალი თანხა – 371 100 ლარი შესთავაზა.
ხელშეკრულებას, რომელიც სენაკის მერიასა და შპს „ტოტალს“ შორის გაფორმდა, სენაკის მერი ვახტანგ გადელია და „ტოტალის“ დირექტორი ნუგზარ ბარამია აწერენ ხელს.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას 180 დღის ვადაში, არაუგვიანეს 2024 წლის 2 ივნისისა, უნდა დაესრულებინა სამუშაოები.
ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, სენაკის მერიასა და კომპანიას შორის მიღება-ჩაბარების აქტი 2024 წლის მაისში გაფორმდა და „ტოტალს“ სამუშაოები შესრულებულად ჩაეთვალა.
საბორნე მისადგომი, რომელიც ქაღალდზე დასრულებულადაა წარმოდგენილი, რეალურად აღარ არსებობს, რადგან გახსნიდან რამდენიმე დღეში დაანგრიეს.
კომპანიის ხელმძღვანელი ნუგზარ ბარამია „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს საბორნე მისადგომის დანგრევის ფაქტს. ნუგზარ ბარამიას თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ „რიონის ნიშნულს ვერავინ ვერ დაიჭერს მთელი დედამიწის ზურგზე“.
სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს თან ჩასატარებელი სამუშაოების პროექტი, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი. სამუშაოების ერთი ნაწილი მოიცავს თავად ბორნის მოწყობას ლითონის კონსტრუქციით, ბორანზე ხის კონსტრუქციის მოწყობას და არსებული მართვის მექანიზმის მოწყობილობის მონტაჟს. სამუშაოების მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს საბორნე მისასვლელის მოწყობას.
კომპანია „ტოტალმა“ ორივე ეტაპის სამუშაოები შეასრულა.
28 მაისს სენაკის მერმა ახალი ბორანი გახსნა, თუმცა ახალი ბორანი და საბორნე გადასასვლელი ერთმანეთთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
კომპანიას გადასასვლელი მოანგრევინეს, თუმცა ქაღალდზე დარჩა, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდა.
რატომ არის დღემდე მდინარე რიონზე საბორნე მისადგომი მოუწყობელი, მაშინ როცა დოკუმენტაციით ჩანს, რომ მოწყობილია? ამკითხვით მიმართა კომპანია „ტოტალის“ დირექტორს, ნუგზარ ბარამიას.
„ეს არის ბორანი, ბორანმა უნდა იმოძრაოს წყალში, იტივტივოს. აიწევა წყალი, აიწევა მაგიც (ბორანი), დაიწევა წყალი, დაიწევა ბორანი. „ტოტალს“ რაც პროექტში ჰქონდა, მაგი შეასრულა უბრწყინვალესად. დანარჩენს ჩვენ პროექტში რაც არ იყო, მაგას ვერც ვადგამთ თავს და მერია კიდევ ფიქრობს რა გავაკეთოთ. როგორ გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ. ვნახავთ კიდევ რაღაცას ვფიქრობთ, თუ რამე გავაკეთეთ და მოვახერხეთ.
პროექტზე გეტყვით… ვერცერთი კომპანია რიონის ნიშნულს ვერ დაიჭერდა. ვერ გეტყვის ვერავინ, რომ ამ ადგილზე გაჩერდეს ეს მისადგომიო.
იქ გლეხობა რომ იძახის, გლეხობამ რა იცის… მოსახლეობას ჩემმა მტერმა უსმინა, ამათ გემოზე ეს არ კეთდება. ეს რიონია. ამის ნიშნულს ვერ ვიჭერთ ჩვენ. ვერ დავიჭირეთ, ჩამოვასხით, დამანგრევინეს. რამხელა ფული დამიჯდა. ახლა მოვიტანე კიდევ ბეტონის კონსტრუქციები, რომელიც უნდა ჩავაყენოთ, მაგრამ ვერ ვაყენებთ.
ფული დაიხარჯა. რკინებია ნაყიდი და ყველაფერი ნაყიდია ეგერ. ხალხმა რა იცის, აქ როგორ ხდება.
აბსოლუტურად ყველაფერია გაკეთებული. კიდევ ვაკეთებთ რაღაცას, მეტი მოსახერხებელი რომ იყოს. ეს ხალხი მაინც უმადურია. რაც არ უნდა გაუკეთო, გონიათ ციდან ვარდება ყველაფერი,“ – გვითხრა ნუგზარ ბარამიამ [სტილი დაცულია].
„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორაა ყველაფერი გაკეთებული, როცა მოსახლეობას თოკით ჩამოკიდებულ ხის მორზე უწევს გასვლა, როცა მდინარე რიონი დიდდება, „ტოტალის“ ხელმძღვანელი აცხადებს:
„მასე გადადიოდნენ ოდითგანვე და დღესაც ასეა. ბორანია, მაგი ბორანი“.
კითხვაზე, როდის დასრულდება საბოლოოდ ბორნის მისადგომის მოწყობა, კომპანიის მფლობელი ასე პასუხობს:
„მაქსიმალურად რომ დაიწევს რიონი, ვნახავთ მაგას, რა კონსტრუქცია უნდა ჩავამონტაჟოთ. ჩვენ იქ ხომ ვერ ჩავასხამთ, მთელი ამბავი, მთელი ისტორია უნდა, ბიუჯეტს არ აქვს ამაზე ფული გამოყოფილი და არაა ამაზე ლაპარაკი.
მე მქონდა დავალება ბორანი გამეკეთებინა, ჩამესვა წყალში და ყოფილიყო გამართული. კი ბატონო, გავაკეთე ბორანი, ჩავსვი წყალში, ტივტივებს, დადის და ჩავარჭვე ხიმინჯები.
რაც პროექტში მქონდა, ეს მქონდა. ყველაფერი შესრულებულია.
მერიამ იღონა აბსოლუტურად ყველაფერი, რომ ის ლაპარაკი არ ყოფილიყო იმ გლეხობის. კიდევ ვაკეთებთ რაღაცას. ბეტონის კონსტრუქციები მაქვს ახლა მიტანილი, ვაპირებთ ჩაყენებას და რა გამოგვივა, ვნახოთ,“ – გვითხრა ნუგზარ ბარამიამ.
ოფიციალური დოკუმენტაცია, რას წერდა „ტოტალის“ ხელმძღვანელი სენაკის მერს
დააჩქარებინა თუ არა სამუშაოების დასრულება სენაკის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას? – ეს არის კითხვა, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური კორესპონდენციის გაცნობის შემდეგ ჩნდება.
„ტოტალის“ ხელმძღვანელი სენაკის მერს, ვახტანგ გადილიას 19 აპრილს წერს, რომ სამუშაოების 95 % შესრულებული აქვს. დარჩენილია მხოლოდ ბეტონის დასხმა, რომელსაც ვერ ასხამს, რადგან „რიონი ადიდებულია“.
ამ წერილის გაგზავნიდან ზუსტად 10 დღეში, კომპანია „ტოტალის“ ხელმძღვანელს მორიგი წერილი გააგზავნა სენაკის მერიაში, რომლითაც მერს სამუშაოების დასრულების შესახებ აცნობა.
სენაკის მერის მისამართით არსებობს კითხვები – რატომ გახსნეს დაუსრულებელი ობიექტი, შემდეგ რატომ დაანგრიეს მისადგომი და ვინ აგებს პასუხს იმ ზარალზე, რაც საბიუჯეტო ორგანიზაციას მიადგა?
თუკი სენაკის მერს, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დამატებითი განმარტების გაკეთების სურვილი გაუჩნდება, „ბათუმელები“ მზადაა მისი პოზიცია გააცნოს მკითხველს.
კომპანია „ტოტალის“ შესახებ
შპს „ტოტალი“ 2007 წელს ფოთში რეგისტრირებული კომპანიაა. კომპანიის მფლობელი ნუგზარ აბრამიაა.
კომპანია სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში აქტიურად იგებს ტენდერებს. კერძოდ, ფოთში, სენაკსა და ხობის მუნიციპალიტეტებში.
2022-2024 წლებში შპს „ტოტალს“ არაერთი ტენდერი აქვს მოგებული. კერძოდ, ფოთში მოგებული აქვს 9 ტენდერი, ხობის მუნიციპალიტეტში – 6, ხოლო სენაკში – 2.
შპს „ტოტალმა“ სენაკში ბოლო ტენდერი მიმდინარე წლის აპრილში მოიგო. კომპანია სენაკის სამშობიარო სახლის რეაბილიტაციისთვის, ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 527 219 ლარს მიიღებს.
„სამ სკოლაში ვმუშაობ იმისთვის, რომ შემოსავალი ნორმალური იყოს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ კვირაში შვიდივე დღე ვმუშაობ და მგონია, რომ ზოგჯერ ძილშიც ვმუშაობ, რადგან იქაც მიმყვება ფიქრები“, – ამბობს გიორგი ლიპარიშვილი, რომელიც სახვითი და გამოყენებით ხელოვნებას ასწავლის კერძო სკოლაში. ის წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია.
„ბათუმელები“ პედაგოგს განათლებაში არსებულ პრობლემებსა და ახალ სახელფასო პოლიტიკაზე ესაუბრა, რომელმაც უკვე გამოიწვია მასწავლებლების დიდი ნაწილის უკმაყოფილება.
ბატონო გიორგი, რამდენი წელია, რაც განათლების სისტემაში ხართ და რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?
პროფესიით ჟურნალისტი ვარ და მიმუშავია რამდენიმე მედიასაშუალებაში, მაგრამ სულ მინდოდა მასწავლებლობა, რადგან ძალიან მომწონს ბავშვებთან ურთიერთობა. სკოლაში ვმუშაობ მეშვიდე წელია, მაგრამ საგანმანათლებლო სისტემაში მთლიანობაში 15 წელია ვარ, რადგან ვკითხულობდი ლექციებსაც.
გავიარე მასწავლებლის მომზადების პროგრამა და აქტიურად ჩავერთე სასწავლო პროცესში.
სკოლაში გამოყენებით ხელოვნებას ვასწავლი, ონლაინ კი ქართულს ვასწავლი ემიგრანტ ბავშვებს.
ხელოვნება, მუსიკა, სპორტი წლების განმავლობაში თითქოს მეორეხარისხოვან საგნებად მიიჩნეოდა. სამწუხაროდ, ასე უყურებდა სისტემაც და მშობლების ნაწილიც. თუ შეიცვალა ეს დამოკიდებულება?
მართალი ხართ, ასე იყო. ბოლო საათებად იყო ჩასმული და თუ უნდოდა წავიდოდა მოსწავლე, თუ უნდოდა დაესწრებოდა. საერთოდ, არასწორად მიმაჩნია საგნების ძირითად და არაძირითადად დაყოფა, რადგან ბავშვმა უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი. ბავშვი ირჩევს მისთვის რა არის მთავარი, რა სიამოვნებს და რაში ხედავს თავის ძალას.
ხელოვნება არა მარტო ამ სფეროს შესწავლაში გეხმარება, სხვა საგნების უკეთ ათვისებაშიც გიწყობს ხელს. ჩემი სწავლა-სწავლების მეთოდი აგებულია პრინციპზე – კითხვა, კეთება, პრაქტიკა და პროცესი. კეთებით სწავლა ეხმარება ბავშვს, რომ საინტერესო იყოს მისთვის საგაკვეთილო პროცესი. ბავშვს უნდა მისცე შემოქმედებითი თავისუფლება, აი ეს არის მნიშვნელოვანი და არასდროს არ უნდა უთხრა – „შენ ხატვის ნიჭი არ გაქვს“.
პრობლემა ის არის, რომ ხელოვნების სწავლება მაღალ კლასებში წყდება. გამოდის, თუ ბავშვი ამ მიმართულებით აპირებს პროფესიის არჩევას, მას გაკვეთილების შეწყვეტა პრობლემას უქმნის. კი არ უნდა შეწყდეს, პირიქით, ამ საფეხურზე ბავშვებს უნდა შევთავაზოთ მაგალითად გრაფიკული დიზაინის, ანიმაციის, ფოტოგრაფიის შესწავლა და ამით გავუმრავალფეროვნოთ არჩევანი.
ჩემმა მოსწავლეებმა ითხოვეს მეათე კლასში ხელოვნების გაგრძელება და ჩვენ შევთავაზეთ კლუბის სახით.
იცვლება ბავშვების დამოკიდებულებაც ამ საგნის მიმართ.
გიორგი ლიპარიშვილი, მასწავლებელი
ერთხელ მოსწავლეებთან ერთად ვიყავი გალერეა-სახელოსნოში სტუმრად მხატვართან შესახვედრად და იქ ჰკითხეს მხატვარს ნახატების ფასები და როცა გაიგეს რა ღირდა, ძალიან გაუკვირდათ. მშობლებისგან სულ გვესმოდა, ხელოვნება იაფფასიანი პროფესიააო.
ახლა უფრო ხვდებიან ახალგაზრდები, რომ ხელოვნება ყველაფერია. ლამაზი ტანისამოსიც ხელოვნებაა, ბურთს რომ კარგი დიზაინი აქვს, ესეც ხელოვნებაა. პოსტერებში, პლაკატებში, ყველგან ხელოვნებაა ჩადებული და რაც მეტი იქნება ხელოვნება, მით უფრო მეტი ბავშვი დაიწყებს საკუთარი თავის ძიებას ამ სფეროში.
ხელოვნება არ არის მხოლოდ მხატვრობა. ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ ხატვას ასწავლი. თუმცა ასე არაა. ვცდილობ კვირეულებად დავყო ხოლმე ჩემი გაკვეთილები. მაგალითად, ხის კვირეული, მავთულის, დაშლილი ნივთების კვირეული, ქაღალდის კვირეული და რომელიმე კვირეულში მაინც იპოვის თავის თავს მოსწავლე.
ბავშვები ცდილობენ აღმოჩენებს. სწავლობენ იმას, რომ მავთულიც შეიძლება იყოს ქანდაკების ნაწილი, რადგან მისგან შეიძლება ააგო ქანდაკების ჩონჩხი ან ამ მთლიანად ქანდაკება. ბევრ მიმართულებას რომ ასწავლი არ ჰბეზრდებათ. პიკასოც კი ცვლიდა ხოლმე თავისი მუშაობის ფორმებს. არ მუშაობდა ერთ ტექნიკაში და ამით ამრავალფეროვნებდა თავის ხედვას.
თქვენი აზრით, როგორ ეხმარება ხელოვნება ბავშვს სულიერი, ინტელექტუალური ფორმირებაში ან კრიტიკული აზროვნების განვითარებაში?
ხელოვნება ყოველთვის ეხმარებოდა ადამიანს სწორი ღირებულებების მიგნებაში, სიმართლეს უფრო კარგად რომ ჩახედოს თვალებში. იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად გაჩვენებს რა არის სწორი და არასწორი, გელაპარაკება, ზოგჯერ სიტყვით, ზოგჯერ ფერით, ზოგჯერ მუსიკით. უსიტყვოდაც შეუძლია ლაპარაკი შენთან.
პიკასოს საყვედურობდნენ, რომ არ წავიდა მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ მშვიდობაზე ხომ მუშაობდა? პიკასოს „მტრედმა“ ხომ შეასრულა თეთრი დროშის როლი და დღესაც ხომ მშვიდობის სიმბოლოა.
როცა ადამიანები რაიმე დიდი პრობლემას ვაწყდებით, გამოსავალს პოეზიაში, მხატვრობაში, მუსიკაში ვეძებთ ხოლმე. გვინდა დაგვამშვიდოს, ჩვენი თავი გვაპოვნინოს ან უკეთ გაგვხადოს იმ კონკრეტულ მომენტში.
შეიძლება დაგასვენოს ხელოვნებამ ან მეამბოხე გაგხადოს. უცენ შენი კანიდან გამოხვიდე და გამოფხიზლდე, ამაშიც გეხმარება.
ხელოვნება გეხმარება სიკეთესთან დამეგობრებული ბედნიერების პოვნაში, რადგან ვიღაც შეიძლება ბოროტებითაც იყოს ბედნიერი. სწორი ღირებულებები არის ის, რომ ყველა სფეროში, იქნება ეს ხელოვნება, ისტორია თუ ქიმია, ნათელი მხარეები ვეძებოთ. მაგალითად, აინშტაინი გენიოსი იყო და არ თანხმდებოდა ქიმიური იარაღის შექმნას, რის გამოც იდევნებოდა ხომ?
მთავარია, ბავშვებს კარგის და ცუდის გარჩევა ვასწავლოთ, რომ როცა თავად გახდებიან გადაწყვეტილებების მიმღები, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც არ იქნება საზიანო არც მათთვის, არც სხვებისთვის და არც გარემოსთვის.
როდის იწყებს ბავშვი კრიტიკულად აზროვნებას, რა უწყობს ამაში ხელს?
კრიტიკულ აზროვნებას ხელს უწყობს ბევრი კითხვის დასმა და ჩემი გაკვეთილებიც იწყება ხოლმე კითხვების დასმით. ერთი ჩემი მეგობარი ხელოვანი ამბობს ხოლმე, რომ ზოგჯერ კითხვებიც იღლებიან, ამიტომ უნდა დავსვათო.
ჩემოდანი ჩემი გაკვეთილის ერთ-ერთი რეკვიზიტია და აქედან ვიწყებთ ხოლმე – „რა დევს ჩანთაში?“ და ბავშვებიც იწყებენ ფიქრს, მსჯელობას, ერთვება ყნოსვაც და მთელი ორგანოები იწყებენ გამოღვიძებას. შემეცნების ყველა უნარი ერთვება თითქოს და შემდეგ კმაყოფილი არიან იმით, თუ სწორად გამოიცნეს. ეს პროცესი აბედნიერებთ ბავშვებს – ძიების და აღმოჩენის.
ხშირად მსმენია პედაგოგებისგან, რომ რთულია დღეს დააინტერესო, გააოცო ბავშვი. თქვენ თუ ახერხებთ ამას?
ჩვენ ბავშვებს ბევრ რამეს ვაბრალებთ ხოლმე და მათ ზურგს უკან ვლაპარაკობთ ამაზე. ამ დროს ჩვენი თავი გვავიწყდება, ჩვენ როდის გავოცდით, ჩვენ როდის ვიყავით ბოლოს გულწრფელები? ხშირად „გამარჯობა“ და „როგორ ხარ“, ესეც კი მშრალი სიტყვებია.
რთულია გაოცება კი, იმიტომ, რომ ბევრი რამ ხდება გარშემო და ბევრი წყაროა ამ ინფორმაციის მიღების. ვფიქრობ, გაოცებასაც თავისი ასაკი აქვს. ამიტომ, ყოველთვის არც მე გამომდის ამაზე გამკლავება. მუდმივი ცდაა საჭირო, რომ სულ ვეძებოთ და ვცადოთ.
ძალა გამომელევა, მერე ისევ ვეძებ ხოლმე ამ ძალის შემავსებელ წყაროებს. ხან ფილმებში, ხან წიგნებში, ადამიანებში, გარემოს ვაკვირდები, ბუნებას, სულ ვიკვლევ და სულ ვცდილობ, რა შეიძლება იყოს მათთვის საინტერესო.
როდის არიან ბავშვები კმაყოფილი?
როცა გაკვეთილზე თავისუფლად მუშაობენ, ეს აბედნიერებთ. ზოგჯერ მთელი სხეულით, ხელებით უნდათ ხოლმე ჩაერთონ პროცესში. ზემოდან დაჰყურებდნენ ხოლმე თავიანთ სამუშაო პროცესს.
მაგალითად, მე-10 კლასელებთან როცა ვმუშაობ, სულ მუსიკა მაქვს ჩართული და როგორც სახელოსნოში, ისე ვმუშაობ. როცა ნიმუშს ვაჩვენებ ვეუბნები, „ამაზე უკეთესი უნდა გააკეთოთ, ისეთი, როგორსაც იყიდდით ან გაყიდდით“.
მაგრამ მთავარი პირობა არის, რომ კეთებით მივიღოთ სიამოვნება.
როგორ ასწავლით, მაგალითად მოქალაქეობას ხელოვნების გაკვეთილზე?
ცხადია, მარტო საგნის სწავლება არ არის საკმარისი. ასეთ დროს მნიშვნელოვანია პირადი მაგალითი. თუ შენ ნაგავს ქუჩაში ყრი, ბავშვს კი ეუბნები, რომ ურნაში ჩაყაროს, ან კლასს მოუფრთხილდეს, გარემოს და ქვეყანას, ეს უკვე აცდენა იქნება საკუთარ თავთან.
სკოლაში გვაქვს მაგალითად დაკარგული ნივთების ყუთი, რომელიც დერეფანში დგას და ყველას შეუძლია იქ იპოვოს თავისი ნივთი. უკვე ეჩვევიან ბავშვები, რომ თუ დაკარგულ ნივთს ნახავენ, მიიტანონ და ჩააგდონ ყუთში. სხვის ნივთებს არ იღებენ. ამით ბავშვები ეჩვევიან თანადგომასაც, ემპათიასაც, სხვისი საკუთრების პატივისცემასაც და ნივთის პოვნით გახარებასაც.
ბოლო პროცესებმა აჩვენა, რომ სკოლებში მალე ბევრი გულგატეხილი და დემოტივირებული მასწავლებელი გვეყოლება, რადგან ახალი სახელფასო მოდელით ბევრი პედაგოგი დაზარალდა. თქვენ კერძო სკოლაში ასწავლით, მაგრამ რა გაქვთ საერთო პრობლემა საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებს და ზოგადად და რას ფიქრობთ იმ ცვლილებებზე, რომელიც ასე ხშირად ხდება განათლების სისტემაში?
ცხადია, ჩვენ გვაერთიანებს მოსწავლეები და სწავლების ფორმა. რადგან კერძო სკოლაში ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან არაფერი მაქვს საერთო. გავდივარ ხოლმე სოფლებში პროექტების ფარგლებში და ვცდილობთ ჩავუტაროთ უფასო გაკვეთილები ბავშვებს.
მაქვს ასევე ჩემი არხი youtube-ზე, სადაც 15-მდე გაკვეთილი მაქვს სხვადასხვა შინაარსის და ძალიან ბევრი ბავშვი უყურებს. პანდემიის დროს გავაკეთე ეს არხი და ახლაც ვაგრძელებ გაკვეთილების ჩაწერას. „პარასკეობა“ ჰქვია ჩემს გადაცემას, რომელსაც ასევე ინტერესით ელოდებიან ხოლმე ბავშვები.
რაც შეეხება მასწავლებლის ანაზღაურებას, მარტო ხელფასის მატება არაფერს ნიშნავს, რადგან საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ დგას ინფრასტრუქტურის პრობლემა, 40-მდე ბავშვი ზის კლასებში, ზოგიერთ სკოლაში დამლაგებელიც კი არ ჰყავთ და ბავშვები თურმე ითმენენ და ტუალეტშიც არ შედიან მთელი დღის განმავლობაში, ასეთი რამეც ხდება თურმე სკოლებში.
პრობლემაა ისიც, რომ არასწორადაა ხელფასების მატება, ზოგიერთ შემთხვევაში სიმბოლურია, ზოგს პირიქით, დააკლდა კიდეც და ბევრი გაურკვევლობაა. არასწორად ზრდის შიდა კონკურენციას ზოგიერთ შემთხვევაში, ზოგს პირიქით აკლდება და ბევრი გაურკვევლობაა.
ამ ტიპის ცვლილებები აჩვენებს, რომ სახელმწიფო სათანადო არ აფასებს მასწავლებლის პროფესიას და მნიშვნელობას. ან მდენი საათი მუშაობას რა აზრი აქვს, როცა მასწავლებელს აღარ რჩება დრო პირადი ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის.
მე პირადად, სამ სკოლაში ვმუშაობ იმისთვის, რომ შემოსავალი ნორმალური მქონდეს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ კვირაში შვიდივე დღე ვმუშაობ და მგონია, რომ ზოგჯერ ძილშიც ვმუშაობ, რადგან იქაც მიმყვება ფიქრები. ნელ-ნელა ვცდილობ ეს გადაღლა შევამცირო.
მე სადაც ვასწავლი, უკვე ყველგან ვიკლებ საათებს, რადგან მერე აღარ ვარ პროდუქტიული. გაკვეთილის ჩატარება არ არის დროის გაყვანა. მართვაა მნიშვნელოვანი.
საჯარო სკოლაშიც, მართლა რომ გაუორმაგდეს ხელფასი პედაგოგს, მაინც არ ექნება აზრი, რადგან დრო აღარ ექნება მასწავლებელს არაფრისთვის. ამიტომ ამბობს უარს ბევრი ახალგაზრდა პროფესიაში შესვლაზე. ცვლილება მაშინ არის კარგი, თუ ის განვითარებაზეა ორიენტირებული.
რატომ ვერ ქმნის 60 ათასი მასწავლებელი ამინდს განათლების სისტემაში. რა გაქვთ გადასააზრებელი პედაგოგებს, როგორ ფიქრობთ?
ალბათ საჭიროა მასწავლებლებმა გაკვეთილების ჩატარებასთან ერთად გაიაზრონ და დაიჯერონ, რომ დიდი ძალა არიან ქვეყანაში და რაღაცები ერთად უნდა ვაკეთოთ.
გამოსავალი ალბათ არის ის, რომ მივეჩვიოთ „არას“ თქმას, რადგან ზოგჯერ „არას“ მოაქვს დადებითი შედეგი.
იქნებ ამ „არა“-თი რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოთ, რაღაც შემოვატრიალოთ სასიკეთოდ. ყველაფერზე თანხმობა და უკრიტიკოდ მიღება არ არის საკმარისი. თუ ხელისუფლების შემოთავაზებული სისტემა არ არის მისაღები, უნდა შეგვეძლოს იმის თქმა, რომ ეს არ არის სწორი და მისაღები ჩვენთვის.
მასწავლებელი არ უნდა დაიღალოს. ახალი შემოთავაზებული სისტემა კი მასწავლებლის დაღლისკენ არის მიმართული. თუ ადრე მითები იყო მასწავლებელზე, რომ „არ ჭამს“, „ტუალეტში არ დადის“, ახლა ეს რეალობად იქცევა, თუკი 5 გაკვეთილის ჩატარება მოუწევს დღეში.
ბევრის კი არა, გაკვეთილის ხარისხიანად ჩატარებაა მნიშვნელოვანი.
დღეს, 9 ივლისს, საჯარო სკოლის პედაგოგმა მანანა მიქავამ ახალი სახელფასო ფორმულის შედეგად მიღებული 157 ლარი საქართველოს განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს უკან გადაურიცხა.
„ჩემი თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას ეს შემწეობა მივიღო“- წერს ფეისბუქზე სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა მიქავა და თანხის გადარიცხვის ქვითარსაც აქვეყნებს.
საჯარო სკოლის მასწავლებელი ამ ფორმით აპროტესტებს განათლების სამინისტროს მიერ ამოქმედებულ ახალ სახელფასო ფორმულას, რომლის მიხედვითაც პედაგოგების ნაწილს ხელფასის გაზრდის ნაცვლად ხელფასი დააკლდათ ან დაპირებული 500 ლარის ნაცვლად, უმნიშვნელოდ გაეზარდათ.
განათლების სამინისტრო 6 თვეზე მეტია პედაგოგებს ხელფასების „უპრეცედენტო“ მატებას ჰპირდებოდა. გაზრდილი ხელფასები მასწავლებლებს პირველი ივლისიდან უნდა მიეღოთ. ხელფასების დარიცხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პედაგოგების ნაწილს ის ხელფასიც კი დააკლდათ, რასაც „უპრეცედენტო მატებამდე“ იღებდნენ.
პედაგოგმა მანანა მიქავამ, ხელფასების „ზრდის“ შემდეგ დარიცხული 157 ლარი განათლების მინისტრს უკან გადაურიცხა
მას შემდეგ, რაც პედაგოგებმა ახალი სახელფასო პოლიტიკა გააპროტესტეს, სამინისტრომ პედაგოგების ნაწილს, ვისაც ხელფასი მატების ნაცვლად დააკლდა, გარდამავალი დებულების საფუძველზე, 200 ლარი დაუმატა, დაბეგვრის შემდეგ კი პედაგოგებს 157 ლარი დაერიცხათ.
ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით, მხოლოდ იმ პედაგოგებს გაეზარდათ ხელფასი, ვისაც სრული დატვირთვა, ანუ 18-25 საათი აქვთ კვირაში. სრული საათების მქონე პედაგოგების რაოდენობა კი საჯარო სკოლებში მცირეა.
ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით სახელმწიფომ ასევე გააუქმა სტატუსის დანამატიც, რამაც ასევე გამოიწვია პედაგოგების ღია პროტესტი.
9 ივლისს კოსმოსში გაუშვეს პირველი თურქული თანამგზავრი Türksat 6A – ამის შესახებ თურქული მედია წერს.
მედიის ცნობით, ეს არის პირველი თურქული თანამგზავრი, რომელიც თურქი ინჟინრების მიერ არის შექმნილი.
Türksat 6A აშშ-დან, ფლორიდაში მდებარე აშშ-ს საჰაერო ძალების ბაზიდან გაუშვეს.
მედიის ინფორმაციით, Türksat 6A განთავსდება დედამიწიდან 35 786 კილომეტრის დაშორებით და ამ თანამგზავრით თურქეთი თავისი საკომუნიკაციო თანამგზავრებით დაფარავს მსოფლიოს მოსახლეობის 65 პროცენტზე მეტს.
თანამგზავრის აქტიური გამოყენება იგეგმება 15 წლის განმავლობაში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ქედაში გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს 1994 წელს დაბადებული კაცი.
„ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან, ძალადობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“- წერს შსს.
დანაშაული ითვალისწინებს 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
ბიუჯეტს რამდენიმე ახალი ღონისძიება ემატება. მათ შორის მერია ბათუმში, ცენტრალური პარკის შესასვლელში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაციას გეგმავს. ამისთვის ბიუჯეტში 502 500 ლარი გაითვალისწინეს. პარკის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული კოლონადა 1933 წელს აშენდა. მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
მერიამ 935 800 ლარი გაითვალისწინა – ენვერ ხაბაძის ქუჩის, 983 450 ლარი კი გიორგი კვინიტაძის ქუჩის მოსაწყობად. ასევე, ნევრესტან შაშიკაშვილის ქუჩის მოსაწყობად 1 მილიონ 975 450 ლარი დაიხარჯება.
ცვლილების მიხედვით, ბათუმის მერიამ რამდენიმე მიმდინარე ღონისძიების დაფინანსებაც გაზარდა, რამდენიმეს დაფინანსება კი ეკონომიის ხარჯზე შემცირდა. გარდა ამისა, მერიამ ნობელების ქუჩაზე სკვერის მოწყობის პროექტი გააუქმა, მიზეზად მოსახლეობის მოთხოვნა მიუთითეს.
გარდა ამისა, მერია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის საპროგნოზო მაჩვენებელს 7 მილიონამდე ლარით ზრდის. მერიის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ფაქტობრივი შესრულებაა.
ცვლილების შემდეგ ბათუმის ბიუჯეტი 398 მილიონ 500 800 ლარია.
ბათუმში ხუთშაბათს, 11 ივლისს, დისკუსიაგაიმართება თემაზე – „მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის გამოწვევები“.
შეხვედრაზე აჭარის საჯარო სკოლებიდან შეხვედრაზე მიწვეული მენტორი, წამყვანი და უფროსი მასწავლებლები ისაუბრებენ იმ ნაკლოვანებებსა და პრობლემებზე, რომელიც მასწავლებელთა ახალ სახელფასო პოლიტიკას მოჰყვა.
რა მოლოდინები გააჩინა განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებამ შრომის ანაზღაურების გაზრდაზე და რეალურად რა მიიღეს მასწავლებლებმა?
როგორ იმოქმედებს სამინისტროს, ზოგადად, მთავრობის ამგვარი მიდგომა ზოგადი განათლების ხარისხზე?
ამ და სხვა თემებზე სადისკუსიო პანელის სტუმრები, მენტორი მასწავლებლები: მზია კახაძე, თინათინ გიორგაძე და როლანდ შავაძე კოლეგებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად ისაუბრებენ.
შეხვედრა გაიმართება „თავისუფალ სივრცეში” [ბათუმი, ზვიად გამსახურდიას #6].
დისკუსია დაიწყება 17 საათზე, 11 ივლისს. დასწრება თავისუფალია.
„ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება,“ – განაცხადეს საქართველოს მთავრობაში 2024 წლის 5 ივნისს. ამ დღეს პრემიერი ირაკლი კობახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ყინულის სახლის მშენებლობას სტუმრობდა.
ბათუმში, ლადო ასათიანის #27-ში, საცურაო აუზი და ყინულის არენა ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა აშენებულიყო. ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა 29 მილიონი ლარი, თუმცა ამ დრომდე არავის უგია პასუხი იმისთვის, რომ აქ არც ყინულის არენა მოუწყვია ვინმეს და არც საცურაო აუზი.
ბიუჯეტიდან 29 მილიონი დაუსრულებელ სამუშაოებში გადავიხადეთ, ამჯერად კი 54 მილიონი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულად კომპანია „ანაგი“ გამოაცხადეს და ხელშეკრულებაც გააფორმეს.
ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც „ანაგსა“ და სამთავრობო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ შორის გაფორმდა, ახალი ყინულის არენა 2025 წლის 1-ლი თებერვლისთვის უნდა იყოს მზად, საცურაო აუზი კი, მშენებლობის დაწყებიდან 2 წლის თავზე.
აჭარის მთავრობა ამჯერად ყინულის არენის აშენებას ჩქარობს, რათა ბათუმში 2025 წელს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება მოხერხდეს. თავის დროზე კი ეს პროექტი იმიტომ წამოიწყეს, რომ 2018 წელს ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაეტარებინათ.
ბათუმში არსებულმა ყინულის სახლმა მუშაობა შეაჩერა, ვიდრე ახალი არენა მოეწყობა. ბათუმის მერიას დაქვემდებარებულ სპორტულ ცენტრში გვითხრეს, რომ ყინულის სახლის გასაბერი მემბრანის კონსტრუქცია უკვე დაშლილი და დასაწყობებულია.
ბათუმის მერიაში ჯერ კიდევ 2018 წელს ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ მემბრანის კონსტრუქციას ყინულის მოედნისთვის აღარ გამოიყენებდნენ, თუმცა, მაშინ კონსტრუქცია არ დაუშლიათ.
„ბათუმელებმა“ სხვადასხვა უწყებაში დასვა შეკითხვა: რა დაადგინეს საგამოძიებო ორგანოებმა „29 მილიონი ლარის შეუსრულებელ სამუშაოებში გადახდის საქმეზე“? ზედამხედველობის და კონტროლის მექანიზმი თუ შეცვალა „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“, რომელსაც დარღვევები ამ კუთხით სახელმწიფო აუდიტმაც დაუდგინა?
მთავრობის წევრები ყინულის სახლში, სადაც 29 მილიონი დაიხარჯა შეუსრულებელ სამუშაოებში და არავის უგია პასუხი
არაერთი თხოვნის მიუხედავად, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ კომენტარი „ვერ ხერხდება“. ამ უწყების ხელმძღვანელი, ბაქარ ჩიტაია, როგორც ჩანს მხოლოდ იმ მედიასაშუალებებს სტუმრობს, სადაც კრიტიკული კითხვებს არ უსვამენ.
რა ხდებოდა ახალი მილიონების გამოყოფამდე?
ყინულის არენისა და საცურაო აუზისთვის 2018 წელს თითქმის 20 მლნ აშშ დოლარი გამოიყო – ხელშეკრულება 19 990 002 დოლარზე კომპანია Westincor Limited-ის ფილიალს საქართველოში [„ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“] პირდაპირი წესით გაუფორმეს.
თუმცა 2020 წელს, მშენებლობის პროცესში, კომპანიას კონტრაქტი შეუწყვიტეს, რადგან „აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში“ [ყოფილი შპს „სტადიონი“] მიიჩნიეს, რომ სპორტული კომპლექსის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა არ იყო შედგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ასევე, ხარჯთაღრიცხვის მონაცემები არ იძლეოდა სრულ ინფორმაციას შესასრულებელ სამუშაოებზე.
„ვესტინკორმა“ აჭარის მთავრობას წერილი გამოუგზავნა და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, აჭარის მთავრობამ კი საარბიტრაჟო სასამართლოში დავას კომპანიასთან მორიგება არჩია.
რატომ არჩია მორიგება სასამართლოში წასვლას? – ამას აჭარის მთავრობა დღემდე არ განმარტავს.
იმისთვის, რომ აჭარის მთავრობას „ვესტინკორმი“ გაესტუმრებინა, პრემიერი-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებითსაქართველოს მთავრობამ აჭარის მთავრობას 6 810 022 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ასესხა. ამ სესხის დაფარვა აჭარის მთავრობას 2024 წლიდან უნდა დაეწყო.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, კანადურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, აჭარის მაშინდელმა მთავრობამ საქმის კურსში საქართველოს მთავრობაც ჩააყენა და გადაუგზავნა განკარგულების პროექტი, რომლითაც ქვეყნის მთავრობას უნდა მოეწონებინა კანადურ კომპანიასთან პირდაპირი წესით [ტენდერის გარეშე] გასაფორმებელი ხელშეკრულება.
საქართველოს მთავრობამ მაშინ პასუხისმგებლობა აიცილა და შესაბამისი განკარგულება არ გამოსცა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აჭარის მთავრობის აპარატმა 2018 წლის 23 თებერვალს მიიღო წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მთავრობის შესაბამისი „დადგენილება ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ იმ ხელშეკრულების განხილვას, რომელიც დადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს მიერ, აქვს კერძო ხასიათი, ემსახურება საჯაროსამართლებრივ მიზანს და დავის გადაწყვეტის მექანიზმად ითვალისწინებს საერთაშორისო არბიტრაჟს.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ დადგენილებით აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების ნორმატიული შინაარსი არ გულისხმობს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს, ხოლო შპს „სტადიონი“ დაფუძნებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და არა სახელმწიფოს მიერ, საქართველოს მთავრობა ვერ შეაფასებს წარმოდგენილი ხელშეკრულების ფაქტობრივ და სამართლებრივ რისკებს, რის გამოც არ არსებობს საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.“
2018 წლის 14 თებერვალს აჭარის მთავრობამ თავად გამოსცა განკარგულება, მოიწონა კანადურ კომპანიასთან დასადები ხელშეკრულების პროექტი და „სტადიონს“ დაავალა ხელშეკრულების გაფორმება.
დაიწყო აჭარის მთავრობამ სესხის დაფარვა?
ამჯერად ამ კითხვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრს მივმართეთ, თუმცა აქ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდეს და გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია ოფიციალურად, წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.
„პროექტების მართვის კომპანიაში არსებულმა შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციებისა და ხელშეკრულების პირობების შესრულების სათანადო დადასტურება. ამასთანავე, სახელმწიფო შესყიდვების არასათანადო დაგეგმვა-განხორციელების შედეგად ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი ვერ დასრულდა,“ – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რაც 2023 წლის თებერვალში მომზადდა.
გადაუგზავნა აუდიტმა საქმის მასალები პროკურატურას?
„აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ აუდიტის პროცესში გამოვლინდა დარღვევები, რომელზეც საგამოძიებო უწყებებს უკვე ამოღებული ჰქონდათ მასალები და აწარმოებდა მოკვლევას. შესაბამისად, აუდიტის მხრიდან სამართალდამცავებისთვის მასალების გადაგზავნის საჭიროება არ არსებობდა,“ – მოგვწერეს 2024 წლის 12 ივნისს აუდიტის სამსახურის პრესცენტრიდან.
აუდიტის სამსახურისთვის არაა ცნობილი, რა ბედია ეწია ამ საქმეზე დაწყებულ გამოძიებას.
გამოძიებას ამ დრომდე არ გაუცია პასუხი კითხვაზე: რატომ გადაუხადეს კომპანიას დაახლოებით 29 მილიონი ლარი, როცა საცურაო აუზს და ყინულის არენასაც ხელახლა ვაშენებთ? სად წავიდა რეალურად ეს ფული?
საქართველოს პროკურატურის პრესცენტრში 2024 წლის 11 ივნისს ამ საქმეზე ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა იგი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ასე გამოიყურებოდა ყინულის სახლი მის დაშლამდე – ახლა აქ ყინულის ახალი არენა უნდა მოეწყოს და საცურაო აუზი
რა კეთდება ახლა?
ტენდერში, რომელიც ხელახლა ჩატარდა ისევ ყინულის არენის და საცურაო აუზის მოსაწყობად, ერთადერთი კომპანია – „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული „ანაგი“ მონაწილეობდა. ხელშეკრულება „ანაგსა“ და „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ შორის 2024 წლის 10 მაისს გაფორმდა.
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 53 943 280 ლარს [დღგ-ს გარეშე].
ხელშეკრულების მიხედვით „ანაგს“ უფლება აქვს მოითხოვოს წინასწარი ანგარიშსწორებაც [ავანსი] ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 30 პროცენტის ოდენობით [ანუ 16 მილიონი ლარი]. გადახდილი ავანსის დაქვითვა კი დაიწყება 2025 წლის იანვრიდან შესრულებულ სამუშაოებზე.
უცნობია, მოითხოვა თუ არა ავანსი „ანაგმა“, თუმცა, შესყიდვების პორტალის 12 ივნისის მონაცემებით კომპანიისთვის თანხა გადარიცხული არ არის.
ამავე ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები შემდეგი წესით ანაზღაურდება:
„2024 წლის პერიოდისათვის ანგარიშსწორება განხორციელდება არაუმეტეს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით (ავანსი);
2025 წლის პერიოდისათვის – არაუმეტეს 30 მილიონი ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით;
2026 წლის პერიოდისათვის – დარჩენილი ღირებულების ოდენობით. შემსყიდველის გადაწყვეტილებით აღნიშნული თანხების ოდენობები შესაძლოა გაიზარდოს და შეიცვალოს წლების მიხედვით.“
რენდერი საცურაო აუზის პროექტიდან
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადაა: ძირითადი კონსტრუქციული სისტემა – 50 წელი; სახურავის ბურულის მოწყობის სამუშაოებზე – 15 წელი; დანადგარ-მოწყობილობებზე – ქარხანა-მწარმოებლის მიერ გაცემული გარანტია ხოლო სხვა დანარჩენი – 3 წელი.
ამ მოცემულობაში, არჩევნებამდე 4 თვით ადრე, საქართველოს მთავრობა ყინულის არენის და საცურაო აუზის შესახებ ამ ინფორმაციას ავრცელებს:
„ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება. ახალი პროექტის დეტალებს, რომლის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო.
დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის და საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულია ტენდერი და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ყინულის არენა და ორი აუზი საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ყინულის მოედანი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს. ყინულის სასახლეს დაემატა მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; გარდა ამისა, მთავარი აუზის ზომა 33-ის ნაცვლად, 50 მეტრამდე გაიზრდება.
მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, ბათუმს ახალი თანამედროვე სტანდარტების, 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება,“ – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ბათუმელებს“ აჭარის პროექტების მართვის კომპანიისგან და აჭარის ფინანსთა სამინისტროსგან ისიც აინტერესებდა, რა თანხა დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროექტის შესაცვლელად, თუმცა პასუხები ამ უწყებებმა არ მოგვაწოდეს.
„ვთხოვე ყველა მინისტრს და სამთავრობო უწყებას, უპასუხოდ არ დატოვონ მოქალაქეების არცერთი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ“, – ეს განცხადებაპრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 3 აპრილს გაავრცელა, როცა რუსული კანონის გასამართლებლად მთავრობის „გამჭვირვალობაზე“ დებდა თავს.
აქვს თუ არა კობახიძის დავალებას „ძალა“ აჭარის საჯარო სამსახურებზე, ან „მოქალაქეებში“ პრემიერი მოიაზრებდა თუ არა ჟურნალისტებს, ვერ გეტყვით, მაგრამ კობახიძემ ამ ბოლოს აჭარაში ყველა ის ძვირადღირებული პროექტები მოინახულა თუ გახსნა, რომლებზეც აღნიშნული სამსახურები საჯარო ინფორმაციას არ, ან არასრულყოფილად გასცემენ, რის გამოც ხშირად ინფორმაციის გამოთხოვაც აზრს კარგავს.
მაგალითად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ბათუმელებისთვის“ დღემდე არ მოუწოდებია პასუხი ოფიციალურ წერილზე, რომელიც სამინისტროს 2024 წლის 20 მარტს ჩაბარდა.
წერილი იმ ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებს ეხებოდა, რომლითაც 2019 წელს ერთ-ერთმა კომპანიამ 250 ათასი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აიღო, თუმცა, სამუშაოები დღემდე არ დაუწყია. აღნიშნული ვალდებულების შესრულების პირობით კი ამ კომპანიას სამინისტრომ ზღვასთან ახლოს 1,7 მილიონი კვადრატული მეტრი სახელმწიფო მიწა მიყიდა საბაზროზე გაცილებით ნაკლებ ფასად.
„ბათუმელების“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, „ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე“ აჭარის პროექტების მართვის კომპანიას 2022 წელს ხელშეკრულება შპს BWC-თან ჰქონდა გაფორმებული და ამ კომპანიისთვის 633 ათას 136 ლარი აქვს გადახდილი. შესყიდვების პორტალის მიხედვით ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი ამ კომპანიასთან 2023 წლის 24 დეკემბერსაა გაფორმებული.
ყინულის არენის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო
„10 მილიონი დოლარი გადავიხადეთ ჩვენი ჯიბეებიდან არაფერში… რიგითი მოხელეც არ დასჯილა“ – უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
„10 მილიონი დოლარი გადავიხადეთ ჩვენი ჯიბეებიდან არაფერში… აუშენებელია ერთი და მეორეც, რა გააკეთეს? ცხადია, ლოგიკურია კითხვები კორუფციაზე. ნამყოფი ვარ შიგნითაც და იქ არაფერი არ არის, აუზი და ყინულის მოედანი არ არსებობს,“ – ამბობს ლევან ანთაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
მან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს დაუსვა კითხვა ამ პროექტის შესახებ, როცა მინისტრი უმაღლეს საბჭოს სტუმრობდა.
ლევან ანთაძე გვიყვება, რომ ამ პროექტს სიღრმისეულად მაშინ გაეცნო, როცა აჭარის მთავრობას ფული საქართველოს მთავრობამ ასესხა. ეს შემთხვევა და თანმდევი მოვლენები დეპუტატს უმყარებს ეჭვს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს, „რუსული სტილით“.
„მე არ მახსოვს მსგავსი პრეცედენტი, ფული ესესხებინოს საქართველოს მთავრობას აჭარის მთავრობისთვის… კანადურს კი ვეძახით იმ კომპანიას [ვისთანაც შეწყდა ხელშეკრულება], მაგრამ დირექტორი რუსი ჰყავდა, არ იგუგლებოდა, სამაგიეროდ ქვეკონტრაქტორი იყო „ანაგი“, რომელიც ახლა ტენდერში გამარჯვებულია. „ანაგი“ კი, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია. შემთხვევით არაფერი ხდება,“ – მიიჩნევს ლევან ანთაძე.
ხელშეკრულება, რომელიც შეწყვიტეს, ოფიციალურად გაფორმებული იყო კანადური კომპანიის ფილიალთან, „ვესტინკორ ლიმითედ საქართველოსთან“, რომლის დირექტორია ოლეგ ზატულოვსკი. რეესტრის დოკუმენტების მიხედვით ის კანადის მოქალაქეა.
ლევან ანთაძე
დეპუტატის დაკვირვებით, ყინულის არენის და საცურაო აუზის ახალი ტენდერი „რუსული სტილით“ ჩატარდა, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარი შეთანხმების გზით, ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი კომპანია სამუშაოებს ფასს აკლებს იმ განზრახვით, რომ სხვამ ვეღარ შეძლოს ტენდერის მოგება, შემდეგ კი პროექტში ცვლილებები შედის და პროექტის საერთო ღირებულებაც იზრდება.
„აშენებული სტადიონის პრაქტიკაც ესაა, თავიდან რა რაოდენობა იყო და საბოლოოდ რა მოითხოვა იგივე „ანაგმა“?! აქაც მოითხოვენ თანხის გაზრდას, შევა ცვლილებები: „ანაგის“ მადა დიდია და იმ ჩინოვნიკებისაც, რომლებმაც ასე სასწრაფოდ დააანონსეს ეს,“ – აღნიშნა ლევან ანთაძემ „ბათუმელებთან“.
ლევან ანთაძეს უშუალოდ ჩაუბარებია წერილი ამ ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში, თუმცა გამოძიების დაწყებაზეც კი, დეპუტატისთვის არაფერი უცნობებიათ.
ბათუმს კი ამ დრომდე არც მუნიციპალური საცურაო აუზი აქვს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს. საცურაო აუზით სარგებლობა ფუფუნების საგნად იქცა და ბევრად ძვირია, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში.
„გზა დააზიანეს, სტადიონი, გარეგანათებაც, აღდგენას ვითხოვთ,“ – ამბობს ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მცხოვრები უშანგი დიდმანიძე.
მარადიდში მცხოვრებმა მოსახლეობამ დღეს, 9 ივლისს „კირნათი ჰესის“ წინ საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების თქმით, გზა მძიმე ტექნიკის ინტენსიურმა გადაადგილებამ დააზიანა. „აღდგენის შემდეგაც დაზიანდება, საჭირო იქნება გზის შეკეთება მუდმივად“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, ჰესის მოწყობამ სოფელში ინფრასტრუქტურა დააზიანა, რომლის აღდგენის დაპირება 2 წლის წინ მიიღეს, თუმცა დაპირება არ შესრულდა.
„2 კვირის წინაც გვქონდა შეხვედრა, მაგრამ არაფერი, მხოლოდ გვპირდებიან… სტადიონზეც იმდენი ხრეში დაყარეს, სტადიონს ვეღარ ვიყენებთ,“ – დასძინა უშანგი დიდმანიძემ „ბათუმელებთან“.
„კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ნაკაშიძე აქციის მონაწილეებს შეხვდა, უთხრა, ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც დაგპირდითო, მაგრამ როდის, გაუგებარია.
ამჯერად აქციის რამდენიმე მონაწილე და კომპანიის წარმომადგენელი ხელვაჩაურის მერს ხვდებიან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ორგანიზაციის „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ, რომელიც დღეს აქციაზე იმყოფება.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 559 ბავშვი დაიღუპა – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„2024 წლის 9 ივლისის დილის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად დაიღუპა 559 ბავშვი. 1449-ზე მეტი დაშავდა სხვადასხვა სიმძიმით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოთხი ბავშვი გუშინ, 8 ივლისს დაიღუპა კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. დაიღუპა 8 და 14 წლის ორი გოგონა და 8 და 10 წლის ორი ბიჭი. 2-დან 17 წლამდე ასაკის 10 ბავშვმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება.
ასევე, პროკურატურის ცნობით, 8 ივლისს, დონეცკის ოლქის სოფლის დაბომბვის შედეგად 16 წლის ახალგაზრდა დაიჭრა, ნიკოლაევის რაიონის სოფლის დაბომბვის შედეგად კი 5 წლის გოგონა დაშავდა.
9 ივლისის მდგომარეობით, უკრაინაში, კიევში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 ბავშვია, ბოლო ოფიციალური ცნობებით, დაშავდა 117 ადამიანი.
სამაშველო ოპერაციები კიევში დღესაც მიმდინარეობს.
8 ივლისს რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო შეტევა განახორციელა. კიევში რუსული რაკეტა მოხვდა ბავშვთა საავადმყოფოს შენობას და საცხოვრებელ კორპუსებს. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, საავადმყოფოში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ექიმი.
საერთო ჯამში, 8 ივლისს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა და 170 დაშავდა.
________________
ფოტო: ევროპის პრესპოტო სააგენტო. EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO
შს სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სატვირთო ავტომანქანით, თურქეთის 2 მოქალაქის გადმოყვანას სარფის საბაჟოს გვერდის ავლით ცდილობდა. პოლიციამ სამივე მათგანი საზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა.
ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის კიდევ ერთი მოქალაქე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი პასპორტის გამოყენებით საქართველოს დატოვებას ცდილობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე, 344-ე, 24-344-ე პრიმა და 362 -ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 553 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
ტანკი – 8 178 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 15 704 ერთეული [+19]
საარტილერიო სისტემა – 15 015 ერთეული [+49]
MLRS – 1 115 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 880 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 922 ერთეული [+29]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 389 ერთეული [+36]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 20 212 ერთეული [+62]
სპეცტექნიკა – 2 516 ერთეული [+13]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
626 თვითმფრინავი
277 ვერტმფრენი
27 441 უპილოტო საფრენი აპარატი
542 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 536 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 373 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
11 618 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
23 490 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„როცა ღიად ვაკრიტიკებ ხელისუფლებას, სულ მეუბნებიან, არ გეშინია, როგორ არ გეშინიაო? რის უნდა მეშინოდეს, არ ვიცი ოღონდ. 38 წელია მასწავლებელი ვარ, რა უნდა გამიკეთონ?“ – ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მცხოვრები მერი გობაძე მიიჩნევს, რომ მთავარი ადამიანის სურვილია, დადგეს სიმართლის მხარეს. მას და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს ვკითხეთ: პრობლემაა თუ არა კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვა, როცა სოფელში ცხოვრობ და ყველა ერთმანეთს იცნობ? გამოუვა ვინმეს სოფლის გაჩუმება?
მერი გობაძე სოფელ დიდაჭარიდან: „სირცხვილიას ფაქტორი მუშაობს ყველაზე მეტად… როგორ ვაკადრო?“
მერი გობაძის დაკვირვებით, სისტემა კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაჩუმებას, განეიტრალებას აქტიურად ცდილობს. თუმცა ისე არაა საქმე, ადამიანებმა სიმართლის თქმა ვერ გაბედონ, ან პროტესტი ვერ გამოხატონ, თუ მათ ეს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.
„სირცხვილიას ფაქტორი მოქმედებს ყველაზე მეტად. ჩემი აზრით, აი, როგორ ვაკადრო? მეც მითქვამს ზოგჯერ: რამდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ როგორ ვაკადრო? თან ხომ სოფელში ყველა ერთმანეთს კარგად იცნობს, ნათესავი, ბიძაშვილია… ჩემი აზრით, კრიტიკულ განწყობას ხშირად აჩერებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გრძნობა. შეიძლება რომელიმე სახელმწიფო მოხელე არ მოგწონს, მაგრამ ახლობელია და ამ დროს თავს ვალდებულად თვლი, ჩუმად იყო.
ვფიქრობ, ეს არაა დამოკიდებული გენდერზე, ქალზე და კაცზე – ყველას ეხება. აქ საქმე ეხება უფრო პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვას,“ – კატეგორიულია მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ქალი.
რატომ იკავებენ ქალები კაცებზე მეტად ღიად ისაუბრონ საკუთარ თუ ქვეყნის პრობლემებზე? – ჩვენი გამოცდილებაც გავუზიარეთ მერი გობაძეს იგივე სოფელ დიდაჭარაში, როცა იქ ადგილზე ასულებმა ხალხი გამოვკითხეთ.
„ქალებს სჭირდებათ ასპარეზი. სად უნდა ილაპარაკოს ქალმა თავისი შეხედულებები? მეტი ასპარეზია საჭირო.
ტრადიცია ჯერ კიდევ მოქმედებს, რომ ქალი უნდა იყოს ჩუმად. მე ვფიქრობ, შეიცვალა დამოკიდებულებები – ახლა ბევრად უფრო კარგი მდგომარეობაა,“ – გვითხრა სოფელ დიდაჭარაში მცხოვრებმა ქალმა.
მერი გობაძე
რამდენად მოქმედებს რუსული და სახელისუფლებო პროპაგანდა ადამიანებზე? – ესეც ვკითხეთ მერი გობაძეს.
„იმდენი საშუალებაა დღეს ინფორმაციის მიღების – ინტერნეტი აქვს ყველას ჩემს სოფელშიც, ვისაც სჭირდება ინფორმაცია, ის გაიგებს ყველაფერს.
ბევრია ისე, რომ პირად საუბარში კრიტიკულია, თუმცა ღიად მაინც ერიდება კრიტიკა დააფიქსიროს. არ ვიცი, ეშინიათ, თუ ერიდებიან. თუმცა ბევრჯერ დამიფიქსირებია, ადამიანი სხვას ფიქრობს და სხვას ამბობს, ან ნიღბავს თავის მოსაზრებას. ზოგს სამსახურის დაკარგვის ეშინია, ან მეუღლის და ახლობლის სამსახურს უფრთხილდება. შეიძლება, ვინმეს დაუკარგავს კიდეც სამსახური კრიტიკული პოზიციების გამო, არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, ვინმე ამდენ საფრთხეს უქმნიდეს ადამიანს. მე მასწავლებელი ვარ და სკოლაში ღიად გამოვხატავთ პოზიციებს ერთმანეთში. არანაირი შეზღუდვა მე არ მქონია. წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მაქვს და დაფასებულიც ვარ.
ახლა, როცა ღიად გამოჩნდა ევროპული გზის ჩაკეტვის საფრთხე, ადამიანები უფრო თამამები გახდნენ. ვინც სულით და გულით არის მომხრე, რომ საქართველო წავიდეს ევროპისკენ და არა რუსეთისკენ, ისინი შეიძლება ჩემზე მეტად გაბედულებიც იყვნენ,“ – გვითხრა მერი გობაძემ.
თუ უმრავლესობის განწყობა კრიტიკულია, როგორ მოახერხა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, მაგალითად, წინა არჩევნების მოგება იგივე სოფელ დიდაჭარაში?
„მეც ყოველთვის მაინტერესებს ეს საკითხი, თუმცა დიდაჭარაში ყოველთვის საკმაოდ კარგ შედეგს იღებს ოპოზიცია. მიმაჩნია, რომ მთავრობა უფრო მეტ რესურსს ხარჯავს, მოსყიდვას მიმართავს, იქ სოციალური დახმარებებია, სოციალური დასაქმება ასევე. ეს, ცხადია, ამ არჩევნებისთვისაა შემოღებული,“ – გვითხრა მერი გობაძემ.
მოქალაქე სოფელ კვატიადან: „პროტესტით მივაღწიე ყველაფერს. მეტი გამბედაობაა საჭირო…“
ამას ხულოს სოფელ კვატიაში მცხოვრები შადიმან ხოზრევანიძე ამბობს, რომელიც კრიტიკული შეხედულებების გამო „ოცნების“ ხელისუფლებამ უკვე დასაჯა და სოციალური დასაქმების პროგრამიდან ამორიცხა.
სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმება საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე თვეში – 2025 წლის მარტში დასრულდება. დასაქმება ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს, მაგალითად, ორი ადამიანი ალაგებს საბჭოთა კავშირის დროინდელ ტანკს ქედის ცენტრში. სოფელ გულებში კი ქალი ალაგებს „შეხვედრების ოთახს“, სადაც ბიჭები იკრიბებიან და ჯოკერს თამაშობენ.
შადიმან ხოზრევანიძეს, მაგალითად, სოფლის ცენტრში დადგმულ ნაგვის ურნაში უნდა ჩაეყარა ნაგავი, თუ ვინმე ურნასთან დატოვებდა შეფუთვას. მას შემდეგ, რაც მან ადგილობრივი ხელისუფლება გააკრიტიკა, იგი უმუშევარი დატოვეს.
მოქალაქე გვიყვება, რომ მის წინააღმდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეალურად დევნა დაიწყო, „მაგრამ პროტესტს აქვს ძალა, ერთმანეთის გვერდში დგომას აქვს ძალა,“ – შადიმან ხოზრევანიძეს ეტყობა შემართება: გაჩუმებას აღარ აპირებს.
„თავიდან მეშინოდა, როცა ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის კაბინეტიდან დაცვის სამსახურმა გამომაგდო,“ – ამბობს ის. სამედიცინო კვლევების დაფინანსების მოთხოვნით 2022 წელს შადიმან ხოზრევანიძემ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია მარტომ დაიწყო.
„მეუბნებოდნენ, ტყუილად წვალობ, რა აზრი აქვს, რომ დავობ? მეც ვფიქრობდი: რა აზრი აქვს?
მერე თქვენ დაწერეთ ჩემ შესახებ სტატია, სახალხო დამცველსაც მივწერე… გამგებელი მეუბნებოდა, სახალხო დამცველს რომ მიწერე, რა აზრი აქვს, მაინც ხომ ჩვენ უნდა მოგიგვაროთ პრობლემებიო?
დამარქვეს სახელი – „ეს ინტრიგანია“.
გეშინია, რომ მარტო რჩები, მაგალითად, თოვლიან გზას სპეციალურად არ გაწმენდენ შენი სახლისკენ, ან ფინანსური დახმარება გჭირდება და მერია არ გიშუამდგომლებს, მთავრობის სარეზერვო ფონდით რომ ისარგებლო – რაც მათ ხელშია, იმას შეგიზღუდავენ, გაგაწვალებენ…
მაგალითად, შიდა სასოფლო გზები რომ დაასხეს ყველგან, ჩემი სახლი ცალკეა და გამოტოვეს, განათებაც იგივე.
თუმცა რომ ვიდავე, გააკეთეს გზაც. ბრძოლის და ხმის ამოღების გარეშე არაფერი გამოვა.
მე მაშინ დავიწყე ბრძოლა, როცა ვიგრძენი, რომ სხვა გზა აღარ მქონდა, დასაკარგი აღარაფერი მქონდა.
ახლაც ასეთი დროა, ადამიანები ხედავენ, რომ სხვა გზა აღარ არის, მაგრამ ვერ ხედავენ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათ გვერდით დაუდგება, დაიცავს.
დღეს ხელისუფლება ახალისებს ძალადობას: როცა ელისაშვილმა დაარტყა მუშტი მდინარაძეს, კანონი ხო არსებობს, რომ მოსთხოვო პასუხი? ამათ პირიქით გააკეთეს: ათმა კაცმა სცემა იქვე, პარლამენტში და განაცხადეს თან, თუ ვინმე მუშტს მოვუქნევთ, ჩვენ ათს დავუბრუნებთო.
ეს ხომ უსამართლობაა? უსამართლობას წინ თუ არ აღვუდგებით და გავჩუმდებით, დღეს რაშიც ვართ, ხვალ უარეს მდგომარეობაში ვიქნებით… ერთიანობით აუცილებლად დადგება შედეგი, გაჩუმება გამოსავალი არ არის არაფრის,“ – მიიჩნევს შადიმან ხოზრევანიძე.
შადიმან ხოზრევანიძე
სოფელ კვატიაში მცხოვრები მოქალაქის აზრით, პრობლემაა ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის სისუსტეც:
„არავინ არ მოდის ჩვენთან სალაპარაკოდ. მე რამდენი პრობლემა გამოვიტანე და მოგიყევით აქამდე, ეს ხომ მარტო ჩემი პრობლემა არ იყო? შენ სად ხარ, ამ დროს, ოპოზიციონერი? მე ოპოზიცია არ მინახავს სოფელში ვინმეს ელაპარაკებოდეს.
ამიტომაც ხალხში არსებობს მოსაზრება, რომ თუ ვინმეს შეუძლია რაიმე პრობლემის მოგვარება, ეს მხოლოდ მთავრობაა.
2022 წლის ზამთარში როცა თოვლი მოვიდა და სოფლის გზები არ გაწმინდეს, 15 დღე სკოლაში სწავლაც შეწყვეტილი იყო. „აჭარის ტელევიზიაში“ ცხადდებოდა, გზები იწმინდებაო. მოვთხოვე ამ ტელევიზიას, ამოსულიყო და ენახა, რა იყო გაწმენდილი, ხალხიც გამოვიდა, შეგროვდნენ, მაგრამ ორმა გაბედა, ელაპარაკა სიმართლე…
ადამიანებს სულ ამას ეუბნება მთავრობა: თუ რამე პრობლემა გაქვს, მე მითხარი, ნუ რეკავ სადმეო…
მეც იმავეს მიმეორებდნენ, მაგრამ დავინახე, რომ აღარ იყო საშველი… სისტემას ერთი ადამიანი ვერ დავანგრევ მხოლოდ, გვერდში დგომაა მთავარი,“ – ასრულებს მოქალაქე ხულოს სოფელ კვატიადან.
„პროპაგანდაზე მეტად ის მუშაობს, როცა ვინმეს მოგიგზავნიან, ან დაგირეკავს…“ – მოქალაქე ხულოდან
ეს დაბა ხულოში მცხოვრები ლაშა ბოლქვაძის დაკვირვებაა იმაზე, თუ რატომ ერიდებიან ადამიანები კრიტიკული პოზიციების გამოხატვას. მისი აზრით, რამდენიმე ინსტრუმენტით ცდილობს ხელისუფლება ხალხის გაჩუმებას, თუმცა მთავარი იარლიყის მიწებებაა და გარემოცვის, სანათესავოს განწყობა: რას იტყვიან ისინი, თუ, მაგალითად, ბიძაშვილს დაუპირისპირდები?
„არათუ მოსაზრების გამოხატვა, ვინც ბიუჯეტზეა დამოკიდებული, მათ იმასაც უკონტროლებენ, ვინმეს რამე კრიტიკული პოსტი ხომ არ დაულაიქეს ფეისბუკში,“ – გვიყვება ლაშა ბოლქვაძე. – „მეგობარმა დააკომენტარა ჩემი პოსტი, რაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იყო. დაურეკეს მამამისს.
მქონია შემთხვევაც, როცა თავად ხულოს მერიის თანამშრომლები პირად საუბრებში გიწონებენ კრიტიკულ შეხედულებას, მადლობა, ჯიგარი ხარო, მაგრამ ღიად იმავეს ვერასდროს გამოხატავენ. იგივეა, წყალს რომ ელაპარაკო, თუმცა უმრავლესობა მაინც კრიტიკულად განწყობილი გამოდის.
ვინც დასაქმებული არ არის, იმას მოლოდინის რეჟიმში ამყოფებენ: აი, დღეს თუ არა ხვალ დაგასაქმებთ, ხვალ სოციალურს დაგინიშნავთ და ასე შემდეგ. მუშაობს სახელისუფლებო პროპაგანდაც, მაგრამ პროპაგანდაზე უფრო ძლიერია დახათრება: როცა მაჟორიტარი, ან მერი მივა და რაღაცას ეტყვის, დაურეკავს…
არ ვიცი, რატომ უწევენ ანგარიშს გამგებელს, თუკი ის საქმეს არ აკეთებს ხალხისთვის, განათლების პრობლემაა ძირეული. ასევე: ადამიანებს უჭირთ კომფორტის ზონიდან გასვლა. ძლიერია განცდაც, რომ პროტესტი მაინც არაფერს ცვლის, რომ პრობლემა პრობლემად დარჩება მაინც,“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.
რეალურია სამსახურის დაკარგვის შიში, როცა ადამიანი საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობს და ხელისუფლების კრიტიკას არ მალავს?
„ყოფილმა ნაცმა დამიძახა ამას წინათ, ნაცი ხარ, ნაცივით ლაპარაკობო. იციან ჩემი განწყობა.
ვაკანსია ჰქონდათ ორი, თუ სამი წლის ხულოს მერიაში, მეც ვმონაწილეობდი. გასაუბრების წინ მივიღე მოკლე ტექსტური შეტყობინება: სამწუხაროდ, თქვენ ვერ გადალახეთ გასაუბრების ეტაპიო, ანუ გაამზადეს წინასწარ ტექსტი და რომ გადავურეკე, შემთხვევით გამომეგზავნა, მოდით აუცილებლად გასაუბრებაზეო. ხომ გასაგებია, რაც მოხდა?
აქ, ძირითადად, ყველა ერთმანეთს იცნობს, ბიძაშვილია, ახლობელია. ცუდ ტონად ითვლება ძალიან, ვინმესთან რომ ცუდი დაგცდეს. შეიძლება, მას უთხრა, მაგრამ საჯაროდ რომ თქვა, ეს იგივეა, რაც პოლიციაში ჩივილი,“ – აღნიშნა ლაშა ბოლქვაძემ.
ოპოზიციის აქტიურობაზე დამოკიდებული პროტესტის გააქტიურება ხალხში – მიიჩნევს მოქალაქე ხულოდან.
„წინა არჩევნებში ოპოზიცია მოვიდა და დაგვირიგა ბუკლეტები, ოფროუდი უნდა გავაკეთო სოფელ თაგოშიო. ისედაც ოფროუდი არაა გზები ხულოში? ან კიდევ: მეთევზეობა უნდა განვავითაროთო. ამ დროს ხალხი მშიერი კვდება, სხვა პრობლემები აწუხებთ ადამიანებს.
კიდევ ერთი მომენტია: ვინც დასაქმებულია და არ მოსწონს ეს ხელისუფლება, აქვთ შიში, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ისინი უმუშევრები დარჩებიან. ოპოზიცია კი, მათ დარწმუნებაზე არ მუშაობს.
მაგალითად, მე მესაუბრებოდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია, თუ იქნები ჩვენთან ერთად დაგასაქმებთ, როცა არჩევნებს მოვიგებთო. ვუთხარი, თქვენთან ერთად ვერ ვიქნები-მეთქი. მაშინ ვერ დაგასაქმებთო. გამოდის, რომ მათთვისაც პროფესიონალი კადრები კი არა, პოლიტიკური ერთგულებაა მთავარი… მიზანი ხო უნდა იყოს ის, რომ ხალხი დასაქმდეს. ამათ ერთმანეთთან მტრობა აქვთ მხოლოდ და ეგაა.
ადამიანებს პირისპირ უნდა ელაპარაკონ ოპოზიციონერები. ჩემი აზრით, გამოსავალი ესაა,“ – მიიჩნევს ლაშა ბოლქვაძე.
ემზარ ბოლქვაძე ქედიდან: „რუსული მეთოდებით მუშაობენ სოფლებშიც… ოპოზიცია ხალხს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკოს“
„პროპაგანდა მუშაობს ბევრი მიმართულებით, მათ შორის, გააძლიერეს განცდა: მე ხომ მაინც ვერაფერს შევცვლი?“ – გვიყვება ქედაში, სოფელ ახოში მცხოვრები ემზარ ბოლქვაძე. ის დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ ხელისუფლება რუსული მოდელის კოპირებით ცდილობს პროტესტის ჩახშობას.
„რუსული ანდაზა არის ჯოხი და თაფლაკვერიო, ეს მუშაობს. ეს სისტემა დამუშავდა რუსეთში და 20 წელია მუშაობს წარმატებით. მიდგომა მარტივია: მინიმალური რაღაც უნდა მისცე ადამიანებს და ბევრი ელაპარაკო საშიშროებებზე, მაგალითად, იმაზე, რომ უხილავი ომის პარტია არსებობს, ან გეი სამყარო გარყვნის ჩვენს შვილებს…
ამას წინათ მეუბნებოდნენ, პუტინს მოუგებ ომს, ომი გინდა, ხომ ხედავ, ტრამპიც კი რუსეთისკენ არის, მაგან თუ არჩევნები მოიგო, ყველაფერი დამთავრებულიაო.
ჩემი დაკვირვებით, იმარჯვებს პრიმიტივიზმი. ამაში უნდა აჯობოს ოპოზიციამ „ოცნებას“: ხალხს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა უთხრას, რა იცვლება მისთვის. პირდაპირი კონტაქტი სჭირდება ხალხს. ადამიანებს თავის პრობლემაზე უნდა ელაპარაკო და არა იმაზე, თუ რა იქნება ამ ქვეყანაში 20 წლის შემდეგ, სად ვიქნებით და ასე შემდეგ.
შეიძლება, უთხრას ადამიანს ოპოზიციამ, თავად რას შეცვლის, მაგალითად, ეკომიგრანტისთვის, რომელიც ახლა საცხოვრისს ელოდება და ხმას არ იღებს, ვაითუ პროგრამაში არ ჩამრთონ. მას უნდა აუხსნან, რომ იმ 50 ათასი ლარით, რაც შეიძლება მისცენ, ვერ გაუმჯობესდება მისი ცხოვრება, ვერ აიშენებს სახლს…
ჩვენი საზოგადოება არ არის ისეთი აქტიური, როგორიც, მაგალითად, საფრანგეთშია – როგორც კი იგრძნეს საშიშროება, რომ მოდის ძალა, რომელიც დიდ პრობლემას შეუქმნის დემოკრატიას, მყისიერად მიიღეს გადაწყვეტილება. ჩვენ უფრო დაგვიანებული რეაქციები გვაქვს: თვალით როცა ვხედავთ, მაშინ ვხდებით, რაშიცაა საქმე,“ – გვიყვება ემზარ ბოლქვაძე.
ემზარ ბოლქვაძე
რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რომ „ოცნების“ რუსულ გეგმას შედეგი არ ჰქონდეს?
„როცა პროტესტის გამოხატვაზეა ლაპარაკი, მთავარი გზავნილი აქვთ ეს, უპატრონოდ დარჩები, რაც გაქვს, იმასაც დაკარგავ, მაინც ვერაფერს შეცვლი.
გარდა ამისა, ხელისუფლებას აქვს სხვადასხვა რესურსი, როცა ბიუჯეტის გამოყენებით ცდილობს ხალხის გადაბირებას, მაგალითად, ყალბი სამუშაოები, სოციალური დახმარება, იქ ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. ადამიანებს ეუბნებიან, შენ თუ ხმას ამოიღებ და კრიტიკას დაიწყებ, ამ ელემენტარულსაც დაკარგავ.
პუტინის გზაა ეს. იქაც ადამიანები დააშინეს და ეს გაუვიდათ. ასევე, ადამიანებს აღარ დაუტოვეს სივრცე – ფაქტობრივად ყველაფერი წაართვეს. რუსეთში ტყიდან სახელმწიფოს გარეშე ფიჩხსაც ვერ გამოიტან, კენკრასაც ვერ დაკრეფ…
ესენიც ფიქრობენ, აქტიური ნაწილი უკვე ემიგრაციაშია, აქაურობის მართვას შეძლებენ და არჩევნებიც ჯიბეში აქვთ. ჩემი აზრით, გამოსავალია ამომრჩევლის აქტიურობა ამ არჩევნებზე. მალე შეიქმნება სხვადასხვა ოპოზიციური ცენტრები და გამოჩნდება, რაც იქნება,“ – გვითხრა ემზარ ბოლქვაძემ.
ბათუმის შემოსასვლელი ადრე დილიდან გვიან ღამემდე პრაქტიკულად ჩაკეტილია და აქ ავტომანქანით გადაადგილება რთულია. დილის 9 საათიდან 12 -მდე და საღამოს 6 საათიდან 9-მდე და ხან უფრო გვიანაც, საცობი ქალაქის შემოსასვლელის მთელ პერიმეტრზეა.
საცობი
googlemap-ის მონაცემებით დღეს, 8 ივლისს, თამარის დასახლებაში მთელი დღის გამავლობაში საცობი იყო.
და ეს ხდება ახლა, როცა ამ უბანში დაგეგმილი რამდენიმე პროექტი ჯერ კიდევ მშენებარე და დაუსრულებელია, რამდენიმე მასშტაბური პროექტის მშენებლობა კი არ დაწყებულა. ამას ემატება ხელოვნური კუნძულის პროექტიც, რომლის მშენებლებიც უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლას გეგმავენ.
ხელოვნური კუნძულის სამუშაოები
3 ახალი ცათამბჯენის პროექტზე, რომლის მშენებლობასაც თამარის დასახლებაში გეგმავენ „ბათუმელები“ გასულ კვირას წერდა. ამჯერად კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვას შპს „ბათუმი ცენტრალი“ ითხოვს.
ამ პროექტის კონცეფციაში წერენ: „ფაქტობრივი მდგომარეობით და ასევე პროექტის განხორციელების შემდგომ მაცხოვრებელთა გადაადგილება განხორციელდება უმეტესად ფეხით და ნაკლებად გამოიყენებენ ავტომობილს, რაც სატრანსპორტო ნაკადების დატვირთვაზე დადებითად აისახება“.
შპს „ბათუმი ცენტრალი“ ზღვის სანაპირო ზოლში, მატარებლის სადგურთან ახლოს კიდევ ერთი 50-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. მატარებლის სადგურის მიმდებარედ კომპანია უკვე აშენებს მრავალფუნქციურ კომპლექსს. სამშენებლო ტერიტორია 8 526 კვადრატული მეტრია და „ბათუმი ცენტრალის“ გვერდით მდებარეობს. სამშენებლო ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ესაზღვრება, სადაც ახლა ბათუმი მუსიკალური ცენტრია განთავსებული.
მიმდინარე პროექტი
ამის გარდა „ბათუმი ცენტრალის“ მიმდებარედ კომპანია კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია კომპანიას უკვე წარდგენილი აქვს მერიაში. დოკუმენტის მომზადებაზე დავალების გაცემის შესახებ ბრძანებას ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 2024 წლის 22 მარტს მოაწერა ხელი.
დოკუმენტის მიხედვით, ახალი პროექტი 50-სართულიანი იქნება, მათ შორის ერთი მიწისქვეშა სართულით და 1500 მდე საცხოვრებელ ბინას გააერთიანებს, 1000 კვ.მეტრამდე ფართობი კი შენობაში კომერციულ ობიექტებს დაეთმობა.
გდგ დოკუმენტით დასაგეგმარებელი ტერიტორია მოიცავს ჰექტარ-ნახევრამდე ფართობს
ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით, თამარის დასახლებაში დღეს არსებული ვითარების მიუხედავად, როგორც ჩანს, მშენებელი ოპტიმისტურად არის განწყობილი. დოკუმენტში წერენ:
„უახლოესი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მოსაცდელები და საინფორმაციო დაფები განთავსებულია საკვლევი ობიექტის მიმდებარედ, „ბათუმი ცენტრალის“ ტერიტორიაზე საიდანაც რეგულარულ რეისებს ასრულებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგ მარშრუტებზე: N6; 8; 10;10ა. ინტერვალი მათ შორის შეადგენს საშუალოდ 5-7 წთ-ს.
დაანგარიშებულია საკვლევი ობიექტიდან ეკონომიკური საქმიანობისა და სხვა საჯარო სივრცეებთან დამაკავშირებელი გზების მანძილები და ავტომობილებისათვის საჭირო დრო მათ დასაფარად, ასე მაგალითად: სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მანძილია 22,3 კმ და მის დასაფარად საჭირო დრო მსუბუქი ავტომობილისათვის შეადგენს 46 წთ-ს; ადლიის ,,გაფორმების ეკონომიკური ზონა“-მდე მანძილია 14,5 კმ, მის დასაფარად საჭირო დრო შეადგენს 28 წთ-ს; ბათუმის ცენტრალურ ავტოსადგურამდე მანძილია 2,4 კმ, საჭირო დრო მის დასაფარად – 5 წთ; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 10 კმ, მის დასაფარად საჭირო დრო – 27 წთ; ბათუმის პორტის ,,გაფორმების ეკონომიკური ზონა“–მდე მანძილია 2,6 კმ, დაფარვის დრო – 6 წთ; ბათუმის რკინიგზის სადგური და საკვლევი ობიექტი განთავსებულია ერთ ლოკაციაზე. საკვლევ ობიექტთან უახლოესი ავტოგასამართი სადგური მდებარეობს ობიექტის მომიჯნავე ტერიტორიაზე, სამხრეთ ნაწილში. განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით სატრანსპორტო/საგზაო მოძრაობის სქემა არ იცვლება.“
კონცეფციაში ასევე წერენ:
„ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საკვლევ ობიექტზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელება, ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის შესრულებისა და მისი მიმდებარე ქუჩის ავტოტრანსპორტის გამტარიანობის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ვერ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას არსებულ საერთო სარგებლობის საგზაო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებაზე“.
ამ ფოტოზე მარცხნივ არსებული ვითარებაა, ხოლო მარჯვნივ – პროექტის ესკიზი
გეგმარებითი ერთეული მდებარეობს ქალაქის ცენტრალური-ისტორიული ნაწილის სამხრეთით, იგი მოქცეულია ოდისეი დიმიტრიადის და ძმები ნობელების ქუჩებს, მშენებარე მრავალფუნქციური ობიექტით და ავტოგასამართი სადგურით მოშენებულ მიწის ნაკვეთებს შორის, მისი ფართობი შეადგენს 14 040 კვ.მ-ს და მოიცავს 1 მიწის ნაკვეთს. საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულია რკინიგზის სადგური და მისი დამხმარე შენობა-ნაგებობები სათანადო ინფრასტრუქტურით. გეგმარებით ერთეულს ასევე ესაზღვრება რკინიგზის ხაზი, ავტოგასამართი სადგური, მშენებარე მრავალსართულიანი შენობა, რომელსაც თავის მხრივ ესაზღვრება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მიწის ნაკვეთი.
კომპანია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას 3,5-დან 17,0-მდე ითხოვს.
შპს „ბათუმი ცენტრალი“ ბიზნესმენ გია ჭყონიას კომპანიაა, ის „ოცნებასთან“ დაახლოებული პირი და ოცნების ერთ-ერთი დამფინანსებელია.
7 ივლისს ბათუმში გაიმართა საჯარო დისკუსია „ევროპული მომავალი და საზოგადოება“, რომლის ორგანიზატორიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (აჭარის რეგიონალური ჰაბი) იყო.
შეხვედრის პირველ ნაწილში ფილოლოგმა მაია ახალაიამ საბჭოთა იდენტობის და მის ჩამოყალიბებაში ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა კი – პროპაგანდისტულ მესიჯებზე დასავლეთის წინააღმდეგ.
შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო.
„პოლიტიკა ისედაც განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას. როგორი იქნება გზა ჩვენი შვილების, ჩვენი ცხოვრება – ყველაფერი პოლიტიკაა. მარტო პარლამენტის კანონები არ არის პოლიტიკა, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვის ავირჩევთ და ვინ გადაწყვეტს ჩვენს ბედს.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანები ერთმანეთს ვხვდებოდეთ, ერთმანეთს ვამყარებდეთ არგუმენტებში და შეგვეძლოს ვაჩვენოთ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს და დროა ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს სიმართლემ”, – უთხრა „ბათუმელებს“ ქეთი დევდარიანმა.
შეხვედრა ბათუმში
ქეთი დევდარიანმა შეხვედრაზე საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ ყველაფერი იწყება ინტერესით და ჩვენი გადარჩენაც ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს შეუძლია.
„მინდა გესაუბროთ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რომელიც ახალ ძალებს იკრებს ჩვენს ქვეყანაში. მთავარი პროპაგანდისტული მესიჯი, რომელსაც ჩვენც ვიმეორებთ ხოლმე ჩვენდა უნებურად, ეს არის ტოლობის ნიშნის დასმა ორ მოცემულობას შორის, რომელიც სინამდვილეში ტოლი არ არის. ბოლო რა გვახსოვს [რუსულ კანონზე], რომ „ამერიკაშიც არის ასეთი კანონი“ და „წაიკითხეთ კანონი“, „რა არის გამჭვირვალობაში ცუდი“ და ა.შ.
ჯერ ერთი, დემოკრატიაში ყველაფერი მუშაობს სხვანაირად, ავტოკრატიაში – სხვანაირად და ტოტალიტარიზმში – კიდევ სხვანაირად. ჩვენ ვართ გარდამავალ პერიოდში, სადაც ჯერ კიდევ შეგვიძლია თუნდაც ასე შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ, მაგრამ ამის პერსპექტივა და საშუალებები სულ უფრო და უფრო სათუო ხდება, იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ შეიძლება დაემართოს ცუდი და არ შეიძლება დაბრუნდეს უკან…
ნებისმიერი სინათლე შეიძლება დაბრუნდეს უკან წყვდიადში და ის, რაც ჩვენ გვგონია პროგრესის, კაცობრიობისა და ცივილიზაციის მონაპოვარი, ანტიცივილიზაციასთან შეჯახებისას შეიძლება დაბრუნდეს უკან, თუმცა ამის თქმაც აღმოჩნდა პრობლემატური, იმიტომ, რომ რუსეთის ქცევაში ჩანს, რომ მთავარი, რაც უნდა დანერგონ ადამიანებში და მე თვითონაც გამახსენდა რამდენჯერ მითქვამს – „არაფერი გვეშველება“.
ეს არის ნიჰილიზმის, სკეფსისის, გამოუვალობის განცდის და აპოკალიფსის შეგრძნების დანერგვა. მართლა აპოკალიფსი გველოდება, თუ დავბრუნდით რუსეთის წიაღში, მაგრამ თან ამის გამეორება მათვე უწყობს ხელს, იმიტომ, რომ გამოუვალობის განცდა გართმევს ენერგიას რაღაცას ებრძოლო, ამიტომ აი, ამ კოგნიტური დისონანსის გაჩენაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს დაეკარგოთ ყველანაირი იმედი, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ, ცივილიზაცია მოუგებს ომს ანტიცივილიზაციას…
ის დებულება, რომ „ომი დასავლეთს აწყობს”, ყველაზე მცდარია, რისი გავრცელებაც შეძლეს და კითხვა ჩნდება, რატომ გამოსდით მათ ასეთი რაღაცების გავრცელება. ეს არის შიშების მომსახურება, რომელიც ასევე წერია მათ პროგრამაში, რომ რუსული პროპაგანდა უნდა მოემსახუროს სხვა ადამიანებში შიშების კულტივირებას.
ჩვენ ხომ ომის გვეშინია ძალიან. ეს ფაქტია, იმიტომ რომ ომი გადატანილი გვაქვს და თან რუსეთი ომს არ იკადრებსო, ვერავინ იტყვის, ხომ?!
…ის გადაკეთებული და დამახინჯებული ფრაზა, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ არ ნიშნავს, რომ იზოლირებულები უნდა ვიყოთ. აი, ამ ფრაზის გაიგივება იზოლაციასთან ასევე არის ერთ-ერთი რუსული მესიჯი, რომელსაც ასე აქტიურად იყენებენ ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები. შენი თავი გეკუთვნის მხოლოდ მაშინ, როცა ხარ ძლიერი და ძლიერი ხარ მაშინ, როცა ძლიერ სოციუმში ხარ, ძლიერი მეგობრები გყავს და შენ თვითონ თუ არ ხარ ეკონომიკურად ძლიერი [ახლა ოთხ თვეში ვერავინ ვერ გამდიდრდება და გაძლიერდება], გყავდეს ძლიერი მეგობრები”, – უთხრა მსმენელებს ქეთი დევდარიანმა.
მისი თქმით, გვავიწყდება მთავარი, რამაც გადაგვარჩინა 2008 წელს:
„ეს იყო დასავლეთის ხუთი პრეზიდენტი, რომელიც თბილისში იდგა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებს არავინ არ დაბომბავს და რუსეთს რომ ეშინია ევროკავშირის და ნატოსი, ეს ჩანს იმით, რომ ფინეთიც მეზობელია, მაგრამ როგორც კი ნატოში შესვლა გამოაცხადა, დაივიწყა საერთოდ ფინეთთან კონფლიქტი.
… ჩვენ იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, რა შევთავაზოთ დასავლეთს, რომ თავის კლუბში მიგვიღოს. ამ ეტაპზე მხოლოდ შარი ვართ მისთვის, მაგრამ სულ ვამბობ, როგორც კი დასავლეთმა დაინახა, რომ ხალხი რუსულ კანონს აპროტესტებს, როგორი მხარდაჭერა გამოხატა, როგორი მეგობრული აქტი შემოგვთავაზა…”
მაია ახალიამ 20-30-იანი წლების ლიტერატურაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ „ევროპეიზმი“ ილიას მოფიქრებული ტერმინია:
„მაშინ ასეთი ფორმულირება – „ევროპასთან ინტეგრაცია“ არ გვხდებოდა, მაგრამ „ევროპეიზმია“ იგივე, რაც „ევროპასთან ინტეგრაცია“. საქართველოს დამოუკიდებლობა და „ევროპეიზმი“, თუ გადავხედავთ პრესას, მიჰყვება ერთმანეთს და მაშინაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, გააზრებული აქვს, რომ ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს”.
ბათუმში მსმენელებს შორის იყვნენ აბიტურიენტები, ახალგაზრდა აქტივისტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.
„ყოველთვის საინტერესოა სადისკუსიო ადგილები, სადაც ხდება განხილვა, ანალიზი, მსჯელობა, ინფორმაციის მიღება. ეს შეხვედრები საჭიროა და რაც უფრო მეტი შეხვედრა იქნება, მით უფრო მეტ ადამიანს ექნება დასწრების შესაძლებლობა”, – მსმენელთა რიგიდან გვითხრა ფსიქოლოგმა ირაკლი ცეცხლაძემ.
კიდევ ერთი მსმენელი, აქტივისტი ლარა ქარცივაძე ფიქრობს, რომ დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასეთი შეხვედრები აუცილებელია – „რომ საბოლოოდ გავიაზროთ, რეალურად რისკენ მიგვაქანებენ, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს იმან, რაც შეიძლება მოხდეს არჩევნების გაყალბების შემთხვევაში და როგორ ვიმოქმედოთ, როგორ დავარწმუნოთ ადამიანები, მოვიდნენ არჩევნებზე და მისცენ ოპოზიციას ხმა, რათა რუსეთს ჩამოვშორდეთ“.
„ასეთი შეხვედრები გვეხმარება მივიღოთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია და ასევე, გვეხმარება არგუმენტების ჩამოყალიბებაში, თუ რატომ არ არის საქართველოს მომავალი რუსეთში… დისკუსიები გვეხმარება მოვისმინოთ სხვების აზრი, გავაზიაროთ ჩვენი და შევაჯეროთ”, -გვითხრა რამინ მაჭარაშვილმა, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ დამფუძნებელმა და წევრმა.
სტატია მომზადებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღიადაანგარიშვალდებულისამოქალაქოსაზოგადოებისორგანიზაციებისაქართველოსგანვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
„4 შვილის მამა, დეკანოზი მატათა (ზვიად) ბერიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეა“ – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი [naec.ge] ავრცელებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრი წერს, რომ დეკანოზის თქმით, ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ცოდნა მისთვის მნიშვნელოვანია და სწავლის გაგრძელებასაც სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს.
ასევე, ცენტრის ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ წელს მისი შვილებიც – ნონა და იოანე ბერიძეები.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წინა არჩევნებისგან რამდენიმე თვალსაზრისით არის გამორჩეული. წელს პირველად, ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით მოხდება, შესაბამისად, როგორც საოლქო, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიებს გადამზადებული და კვალიფიციური კომისიის წევრები დასჭირდება. წელს საარჩევნოდ 3030 უბანი გაიხსნება.
გარდა ამისა, წლევანდელ არჩევნებზე ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსის საკითხიც წყდება – საქართველოს მოქალაქეების მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო რუსული კანონი და საფრთხე შეუქმნა როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიას, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციას.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ ემზადებიან ოპოზიციური პარტიები საარჩევნოდ, როგორ მიმდინარეობს ადამიანური რესურსების მოძიება და ეყოლებათ თუ არა ოპოზიციურ პარტიებს კვალიფიციური და სანდო წარმომადგენლები როგორც ცენტრალურ, ასევე საოლქო და საუბნო კომისიებში.
როგორ არჩევს „ევროპული საქართველო „ხმების მცველებს“
ვახტანგ კალოიანი – „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ არჩევნების მოგება, ოპოზიციამ არჩევნებამდე უნდა შეძლოს.
„ცხადია აქ ვგულისხმობ მორალურ გარემოს, რომლის გარეშეც რთული იქნება ხმების დაცვა. თუმცა, თუ ეს გარემო შექმნილია, მერე უკვე ხმების დაცვაც შესაძლებელია“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.
მისი აზრით, „ევროპული საქართველო“ წინა არჩევნებიდან დღემდე ორჯერ გაიზარდა და იმედი აქვს, რომ ამ არჩევნებს ბევრად მომზადებული შეხვდებიან.
„საარჩევნო კომისიებს რაც შეეხება, გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის და ეს წინა, თვითმმართველობის არჩევნებმაც აჩვენა. თუმცა ეს იყო ზოგადი პოლიტიკური კლიმატის გამოძახილი იმის გამო, რომ ცალკე იყო პოლიტიკური პროცესი, ცალკე პარტიები და მოქალაქეები.
რას აკეთებს წელს „ევროპული საქართველო“?
ჩვენი საპარლამენტო სია კომპლექტდება პრაიმერის გზით. ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო სიას ჩვენი პარტიის მხარდამჭერები ადგენენ. ისინი წყვეტენ ვინ იქნებიან მათი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში.
შესაბამისად, ეს ადამიანები არიან პირველ რიგში ხმების მცველები. ჩვენ გვაქვს ეს – ხმების მცველების კამპანია, სადაც ვარჩევთ ძალიან აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც ღიად, საჯაროდ და აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს და მათგან ვარჩევთ იმ კონტინგენტს, ვინც იმუშავებს ამ არჩევნებზე ჩვენთან ერთად.
სამი თვეა დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების წვრთნა, რადგან ვიცით, რომ ელექტრონულად ხდება წელს ხმის მიცემა და ბევრი ტექნიკური დეტალია გასათვალისწინებელი, რომ ვერ შეძლოს მმართველმა პარტიამ გაყალბება.
რეალურად, დღეს ჩვენ საკმარისი მოქალაქეები გვყავს იმისთვის, რომ დავაკომპლექტოთ საარჩევნო კომისიები.
ამასთან, გამოცხადებული გვაქვს და შეთავაზებაც გავუკეთეთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ჩვენთან ერთად ჩაერთონ საარჩევნო პროცესში და სურვილის შემთხვევაში, მათთვისაც უზრუნველვყოფთ შესაბამის ტრენინგებს“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.
მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ხმებს დაიცავს ხალხი, რომლებიც სახელისუფლებო რეპრესიების მიუხედავად არ დაშინდა და აქტიურ უჭერენ პარტიის ღირებულებებს მხარს. „შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარანტია იმისა, რომ ეს ადამიანები დაიცავენ თავიანთ არჩევანს.
ცხადია, კომისიებში ვერ მოხვდება ისეთი ხალხი, ვინც გვეუბნება, რომ „მე თქვენ კი გიჭერთ მხარს, მაგრამ საჯაროდ ამას ვერ ვიტყვი“. მათ პოზიციასაც პატივს ვცემთ, მაგრამ კომისიებში მათ ვერ დავეყრდნობით.
შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უკვე 2000 უბანზე მეტი დაკომპლექტებული გვყავს ასეთი ადამიანებით.
ეს არ იქნება მარტივი არჩევნები, ყველაფერს ველოდებით, ამიტომ საარჩევნო უბნებზე უნდა იდგნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძალიან მკვეთრი სამოქალაქო პოზიცია და მათი შეშინება საკმაოდ რთულია.
მთავარია, ბევრი მოქალაქე მოვიდეს საარჩევნო უბანთან და ოპოზიციამ სწორი კონფიგურაციით უნდა მოახერხოს, რომ ძალიან ცოტა მოქალაქე დარჩეს სახლში“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.
„სუს-ს შეუძლია შემოგიყაროს ადამიანები და აგირიოს“
ანა კობახიძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელია.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ მეორედ მონაწილეობს არჩევნებში. პირველად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღო მონაწილეობა და მოიპოვა უფლება საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.
ანა კობახიძის თქმით, როგორც ადრე, ახლაც კომისიის წევრების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება ის, ეთანხმება თუ არა კანდიდატი პარტიის იდეოლოგიას და სურს თუ არა გრძელვადიანი თანამშრომლობა მათთან.
„რადგან წელს აუცილებელია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სერტიფიცირება, ჩვენ უკვე მარტის თვიდან დავიწყეთ ამ ადამიანების მომზადება და 90 პროცენტი კანდიდატების, საოლქო საარჩევნო კომისიების შერჩეული და დაკომპლექტებული გვყავს.
სერტიფიცირებულია სარეზერვო ნაწილიც. ჩვენ პარტიაში გვაქვს საარჩევნო სკოლაც, რომელიც ამზადებს პოტენციურ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს.
უბნებს რაც ეხება, ამის პარალელურად ვარჩევთ ადამიანურ რესურს და ხდება გადარჩევა წინა წევრებისგანაც. ვინც კეთილსინდისიერად იმუშავა წინა არჩევნებზე, მათთან გაგრძელდება თანამშრომლობა, ვინც ვერ იმუშავა, ისინი ვეღარ დარჩებიან საუბნო საარჩევნო კომისიებში, რადგან სუს-ს შეუძლია შემოგიყაროს ასეთი ადამიანები, რომ მერე აგირიოს სიტუაცია. არ გამოვრიცხავ, რომ წინა არჩევნებზე ასეთი ადამიანები აღმოჩნდნენ ჩვენ კომისიებში. შესაბამისად, ამ კუთხითაც მიდის რესურსების გადარჩევა.
ვფიქრობ, 3030 კომისიის წევრის და ამას დამატებული 3030 წარმომადგენლის შერჩევა პრობლემა რა იქნება ჩვენთვის“, – ამბობს ანა კობახიძე.
ანა კობახიძის თქმით, წელს განსაკუთრებული არჩევნებია, შესაბამისად, ბევრია მოტივირებული ადამიანების რიცხვიც. „დიდი აქტივობა და ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველია საჭირო. მათ შორის ბევრი დამკვირვებელი და ასეთ შემთხვევაში, დიდი გაქანების საშუალება აღარ დარჩება „ოცნებას“.
ვფიქრობ, მომზადებული შევხვდებით 2024 წლის არჩევნებს“, – ამბობს ანა კობახიძე.
კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება – როგორ არჩევს „ლელო“ კომისიის წევრებს
პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, გიორგი სიორიძე ასევე მიიჩნევს, რომ წელს განსაკუთრებული არჩევნებია, რადგან საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის ბედი წყდება. ამიტომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეძლონ როგორც კვალიფიციური, ასევე კეთილსინდისიერი ადამიანების მოძიება.
„73 საოლქო საარჩევნო კომისიაზე „ლელოს“ უკვე შერჩეული ჰყავს კადრების უმეტესობა, ასევე ჰყავს, საუბნო კომისიის წევრებიც შერჩეული. მთავარი კრიტერიუმი არის კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება.
წელს, როცა უკვე განსაზღვრულია უბნების რაოდენობა და, სხვათა შორის, შემცირებულია უბნები, ამავდროულად, კადრების გადამზადების აუცილებლობაც დგას.
9 ათასი ადამიანი უნდა შეარჩიოს პარტიამ. ცხადია, ბევრი გამოწვევაა ადამიანური რესურსების კუთხით, განსაკუთრებით რეგიონებში, პერიფერიულ უბნებში, არსებობს სიღარიბის ფაქტორიც, რომელიც ზრდის კომისიის წევრების გადაბირების, მოსყიდვის რისკს.
ჩვენ გვაქვს სტრატეგია, რომ სადაც კი მიგვიწვდება ხელი, უნდა ავუხსნათ ადამიანებს წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა, რადგან ამ არჩევნებზე მხოლოდ ფული კი არ უნდა იყოს მოტივაცია, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც საფრთხე შეექმნა“, – ამბობს გიორგი სიორიძე.
მისი თქმით, მოსყიდვის რისკის დაზღვევა მხოლოდ იმით არის შესაძლებელი, რომ ადამიანებმა შეიგნონ, რატომ არ უნდა გაყიდოს ამომრჩეველმა ხმა და რატომ არ უნდა იყოს კომისიის წევრი გადაბირებული და მოსყიდული.
„წელს ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი ელექტორატი გამოჩნდა საბედნიეროდ, რომელმაც გამოიღვიძა აპრილ-მაისის მოვლენების დროს, რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით.
ახალგაზრდობამ კარგად გააცნობიერა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნებს და ახლა ამ ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ მათი საპროტესტო ენერგია გადაკონვერტირდეს ხმების დაცვაში.
შესაბამისად, ჩვენი კარი ღიაა ამ ახალგაზრდებისთვის და ამაზეც ვმუშაობთ“, – ამბობს სიორიძე.
„ვფიქრობ, გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი“
„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ გენერალური მდივანი, ივანე ნორაკიძეც მიიჩნევს, რომ 2021 წლის არჩევნებზე პარტიას არც დრო ეყო და არც რესურსები იმისთვის, რომ კვალიფიციური და ერთგული კომისიის წევრები შეერჩია. „ამიტომ აღმოჩნდნენ კომისიებში ისეთი წვერები, რომლებიც რეალურად არ მუშაობდნენ ჩვენი პარტიის ინტერესებზე.
მაშინ 3700 უბანი იყო და რთულიც იყო მოგვეძებნა ამდენი კვალიფიციური, ერთგული და მებრძოლი, სუფთა წარსულის მქონე ადამიანი. წელს შემცირებულია უბნების რაოდენობა და მცირედით მაინც გამარტივდა კარგი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრების მოძიება, მათი დატრენინგება, რომ მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ საარჩევნო უბანზე და არ ჰქონდეს ადგილი მიკერძოებას“,- ამბობს ივანე ნორაკიძე.
მისი აზრით, წელს „მოქალაქეებს“ აქვთ „ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი“, რადგან 8 ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი და კოორდინირებული მუშაობის შემთხვევაში ბევრად ადვილი იქნება ხმების დაცვა.
„კომისიის წევრების დიდი ნაწილი უკვე შერჩეული გვყავს. ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე და ეს წლები ტყუილად არ დაგვიკარგავს, ვმუშაობდით. კიდევ მიმდინარეობს მუშაობა თითქმის ყველა რეგიონში კარგი და სწორი კადრები რომ შევარჩიოთ.
იმ პარტიებს, ვისაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში გვყავს წევრები, გვაქვს წვდომა პროგრამებზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვიძიოთ ინფორმაცია თითოეული პიროვნების საარჩევნო ბიოგრაფიაზე. ადამიანებზე, ვისაც შეხება ჰქონია არჩევნებთან და იყო რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.
არიან კანდიდატები, რომლებიც შეიძლება გასაუბრებაზე მოგეწონოს, მაგრამ ბიოგრაფიაში ნახავ, რომ წინა არჩევნებზე მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყო ამა თუ იმ უბანზე. არ არის გამორიცხული, რომ ის ნაწყენია მმართველ პარტიაზე და აღარ არის მათ მიმართ ლოიალური, მაგრამ იმის საფუძველიც არსებობს, რომ კითხვის ნიშანი დავუსვათ და მეტი მოვიკვლიოთ ამ კანდიდატის შესახებ.
პირველ რიგში, მთავარია მიუკერძოებლობა, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეასწავლო ტექნიკური დეტალები, მაგრამ მიუკერძოებლობა ისეთი რამეა, რომ არ ისწავლება და არც მოიპოვება ასე ადვილად“, – ამბობს ივანე ნორაკიძე.
მისი თქმითაც, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალგაზრდების რიცხვი, ვინც დაინტერესებულია აქტიური მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესებში.
„ახალგაზრდების აქტიურობა წელს მეტია და ეს არის ხალხი, ვინც არა ფულის, არამედ ინტერესის გამო მოდის. დიდ ქალაქებში ბევრად მეტი გვყავს 18-20 წლის ადამიანები, ვინც აპირებს საარჩევნო პროცესებში ჩართვას“, – ამბობს ნორაკიძე.
„მესამედი თუ არა, კომისიის წევრების ნახევარი უნდა გადავახალისოთ“
ლევან ბეჟაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გვესაუბრა პარტიის მიერ საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის საკითხზე. მისი თქმით, პარტიას 8 ივლისს დაგეგმილი აქვს ყრილობა, სადაც თინა ბოკუჩავას ოფიციალურად აირჩევენ პარტიის თავმჯდომარედ.
„გამოცხადდება გარკვეული სიახლეებიც, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართვას საარჩევნო პროცესებში.
ასევე აქტიურად მიმდინარეობს შიდა პარტიული რესურსების მობილიზება. ვფიქრობ, გვეყოლება 6 200 კომისიის წევრი უბანში და 12 ათასი დამკვირვებელი. საბოლოო ჯამში, ჩვენი პარტიული ადმინისტრაციული რესურსი დაახლოებით 19 ათასი ადამიანი იქნება“, – ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
მისი თქმით, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ის რესურსი, რომ მოიცვას ყველა საარჩევნო კომისია.
„გვინდა, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, მინიმუმ ერთი მესამედი თუ არა, კომისიის წევრების ნახევარი გადავახალისოთ, ახალი შემადგენლობა რომ გვყავდეს. ამიტომ ხდება ადამიანების რეკრუტირება, დაწყებულია ტრენინგების პროცესიც – საარჩევნო ტექნოლოგია იცვლება, ელექტრონული ხმის დამთვლელი აპარატები შემოდი და კომისიის წევრებს სჭირდებათ გადამზადება.
ვისურვებდი, რომ მოხდეს კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო კომისიებთან მიმართებაში და შემუშავდეს საერთო სტრატეგია. ჩვენ ვამზადებთ შეთავაზებას ოპოზიციური პარტიებისთვის და ამ პროცესს დავიწყებთ უახლოეს დღეებში.
ვიცით, სად იქნება საჭირო კოორდინაცია. მაგალითად, ამომრჩეველთა სიების გადაკონტროლება, უცხოეთში წასული ამომრჩევლების იდენტიფიცირება, მათი საარჩევნო სიაში ასახვა და ასე შემდეგ.
სამწუხაროდ, პოლიტიკური ერთობის გაფორმება არ ისურვა ცალკეულმა პარტიებმა – „ახლებმა“, „ლელომ“, წინააღმდეგი არიან ერთიანი სიის ფორმირების, მაგრამ საერთო სტრატეგის შემუშავების ნაწილში, ეს ერთობა მიღწევადია და საერთო მიზანში ყველას დაგვეხმარება“, – ამბობს ბეჟაშვილი.
მისი თქმით, ისინი გაიზიარებენ სხვა ქვეყნებში ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობის გამოცდილებასაც.
„სხვათა შორის, ასეთი კოორდინაცია ჰქონდა ოპოზიციას რუმინეთში, პოლონეთში, როცა ძლიერ სახელისუფლებო პარტიას ამარცხებდა მაშინდელი პოლიტიკური ოპოზიცია. ამ მხრივ მათთან გვაქვს კონსულტაციები.
„ვფიქრობთ, ვითანამშრომლოთ „დაიტოვეს“ ჯგუფთან“
ჰერმან საბო, პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ის ფაქტორი, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს სერტიფიცირება მოეთხოვება, ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს, რადგან პარტიისთვის უფრო მნიშვნელოვანია კომისიის წევრის მიმართ სანდოობა, ვიდრე საარჩევნო პროცედურები.
„რაც შეეხება საუბნო კომისიებს, ჯერჯერობით, რასაც ვფიქრობთ არის ის, რომ გვეთანამშრომლა იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც (რუსული კანონის წინააღმდეგ) აქციებზეც აქტიურობდნენ და „დაიტოვეს“ ჯგუფში გამოთქვეს სურვილი საარჩევნო კომისიებში მუშაობაზე.
ვიფიქრეთ, თუ ამ ადამიანებს დააინტერესებთ იყვნენ კომისიებშიც, ჩვენ შეთავაზება გაკეთებული გვაქვს საჯაროდ. არის გამოხმაურებაც, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, რა რაოდენობაა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ დაველოდებით მათგან რეაქციებსაც“, – ამბობს ჰერმან საბო.
„ფეხბურთმა პროცესები გაჭედა და როცა არჩევნების დრო მოახლოვდება, მერე უფრო გვეცოდინება რა მდგომარეობა გვაქვს“, – ამბობს ჰერმან საბო.
ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ ონკოპაციენტების ულიმიტო და ხელმისაწვდომი მკურნალობისთვის შეიმუშავა ონლაინ პეტიცია – „ონკოპაციენტების სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტით მკურნალობისთვის გამოიყოს საკმარისი დაფინანსება, ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან“. ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების დაფინანსებასა და გამართვის ითხოვენ.
მაგალითად, საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში არ შედის, წინასწარი კვლევები (მაგალითად, ბიოფსია, კატე, მრტ, პეტ კატე და სხვა). „დიაგნოსტირება საშუალოდ 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე ხარჯია. საჭიროა, ყველა კვლევის დაფინანსება, რასაც ექიმი (ონკოლოგი) საჭიროდ მიიჩნევს და ეს სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს“, – წერენ პეტიციის ავტორები.
საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 6-8 ათასია. [ჯანმო] პროგნოზირებს, რომ უახლოეს ოცწლედში დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომელთა შორის არის საქართველოც, პრევენციასა და მოვლის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობის გამო, კიბოს შემთხვევები 81 პროცენტით გაიზრდება.
პაციენტთა ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წერს, რომ მიუხედავად გასულ წლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ონკოლოგიური პაციენტებისთვის გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, ქვეყანაში სრულფასოვანი მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის – „ქვეყანაში ონკოლოგიური მედიკამენტების დეფიციტი და დაფინანსების სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებია. ვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღმოიფხვრას ეს პრობლემები“.
პეტიციის ავტორები ითხოვენ:
საქართველოში მცხოვრები ონკოპაციენტებისთვის საყოველთაო დაზღვევით დაფინანსდეს (ონკოლოგის მიერ საჭიროდ მიჩნეული) წინასწარი, ანუ სადიაგნოსტიკო კვლევები (ბიოფსია, კატე, მრტ, პეტ კატე და სხვა), რომელთა ხარჯიც 10 000-15 000 ლარამდეა;
ასევე საყოველთაო დაზღვევაში არ შედის, გენეტიკურ-მოლეკულური ანალიზის (NGS) დაფინანსება, რაც ონკოლოგიაში გამოიყენება დიაგნოზის დასასმელად, დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირებისა და ყველაზე ეფექტური თერაპიის შესარჩევად (მათ შორის, კიბოს ტარგეტული თერაპიისათვის);
დაფინანსდეს თანამედროვე იმუნოთერაპიის მედიკამენტები: OPDIVO, კრეიტუდა და ბევრი სხვა, „რომელიც თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით ენიშნება ონკოლოგიურ პაციენტს, თუმცა ჩვენი ქვეყნის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ აფინანსებს“ – წერია პეტიციაში;
გარდა ამისა, არ ფინანსდება, მკურნალობით გამოწვეული გვერდითი მოვლენების მართვა – აუცილებელია, მკურნალობის პროცესში გამოწვეულ გართულებათა მართვის სრულფასოვანი პროგრამები; დაფინანსდეს რემისიაში მყოფი პაციენტის აუცილებელი მონიტორინგი და გეგმური კვლევები.
კავშირი სიცოცხლისთვის: აუცილებელია, ყველა პროგრამით თანაბრად სარგებლობდნენ ნებისმიერი ასაკის ადამიანები, რადგან კიბო არ არის დაავადება, რომლის რისკ ჯგუფში, გარკვეული ასაკიდან შეიძლება მოხვდეს ადამიანი… ჩვენ, ხელმომწერები, მხარს ვუჭერთ ყველა ონკოლოგიური პაციენტის ყოვლისმომცველ და თანაბარ მკურნალობას, განურჩევლად მათი სოციალურ-ეკონომიკური წარმოშობისა და გეოგრაფიული მდებარეობისა საქართველოში.
ონკოპაციენტები ითხოვენ აღმოიფხვრას ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების დეფიციტი: „მუდმივი პრობლემაა, ონკოპაციენტების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტი, იმ მცირე ჩამონათვალის, რომელიც სახელმწიფო პროგრამით, ხელმისაწვდომი უნდა იყოს. პაციენტების და ონკოლოგების თქმით, დეფიციტი მუდმივი პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, რადგან სამინისტროს აქვს პაციენტების მონაცემები, სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტი მუდმივი პრობლემა არ უნდა იყოს ქვეყნისთვის“.
ასევე, ითხოვენ გამარტივდეს დაფინანსების მოთხოვნასა და მიღებასთან დაკავშირებული კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან: „პრობლემაა ის, რომ ცხელი ხაზი ფასიანია და დაფინანსების მოთხოვნა არ იგზავნება ელექტრონულად, რეფერალურ პროგრამაში. ჯანდაცვის ცხელი ხაზი უნდა გახდეს უფასო, დაფინანსების მოთხოვნა უნდა იგზავნებოდეს ელექტრონულად და დაფინანსებაზე პასუხი უნდა მოდიოდეს დროულად, არა უგვიანეს 3 დღისა. რადგან მკურნალობის წყვეტა პაციენტისთვის შეიძლება 3 დღე მხოლოდ“.
პრობლემაა, პაციენტისთვის პენსიის დანიშვნა, პირველი და მეორე სტადიის პაციენტებს არ უნიშნავენ პენსიას, რემისიაში მყოფი პაციენტების უმრავლესობას უუქმებენ დახმარებას. პენსიის ოდენობა 195 ლარიდან 315 ლარამდეა, რაც იმ ხარჯებს ვერაფრით გასწვდება, რაც სჭირდება პაციენტს. ამ მიზერული პენსიის იმედად გვტოვებს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. პენსია, ხშირ შემთხვევაში, პაციენტის ერთადერთი შემოსავალია, რადგან უმეტესობას, ფიზიკურად არ შეუძლია მუშაობა, დაავადების გამო.
პეტიციის ადრესატია საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე პეტიციას ხელს აწერს 5000-დან 1546 ადამიანი.
ფოტოებზე ონკოპაციენტებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია ჯანდაცვაში არსებული ხარვეზების გადაჭრის მოთხოვნით |2024 წელი, მარტი| წყარო: კავშირი სიცოცხლისთვის.
10 ივლისს, ბულგარეთში, „დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რაზგრადის „ლუდოგორეცს“ შეხვდება.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ბათუმში 17 ივლისს გაიმართება.
ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს სვლას, ხოლო დამარცხებული უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო გათამაშებაში გადაინაცვლებს.
„დინამო ბათუმის“ შემდეგი მეტოქეები, როგორც მოგების, ასევე წაგების შემთხვევაში ცნობილია.
„ლუდოგორეცის“ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, „დინამო ბათუმის“ მეტოქე მინსკის „დინამოსა“ და ერევნის „პიუნიკს“ შორის გამარჯვებული იქნება.
თუ „დინამო“ პირველივე ეტაპიდან გავარდება, მაშინ გუნდი კონფერენსლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც უელსურ „ტნს“-სა და მონტენეგროულ „დეჩიჩს“ შორის წაგებულს შეხვდება.
ევროპული კლიმატის სამსახურის, Copernicus-ის მონაცემებით, 2024 წლის ივნისი გახდა ყველაზე თბილი ივნისი მთელი დაკვირვების ისტორიის მანძილზე.
„ევროპის საშუალო ტემპერატურა 2024 წლის ივნისისთვის 1,57°C-ით აღემატებოდა 1991-2020 წლების ივნისის საშუალო ტემპერატურას” – წერს კლიმატის სამსახური.
ეს არის ზედიზედ მე-13 თვე რეკორდული ტემპერატურით.
კლიმატის სამსახური იუწყება, რომ კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მიერ, 2024 წლის აპრილისთვის დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი ტემპერატურების სერია, კიდევ ერთი ნიშანია სწრაფი დათბობისა, რომელიც ხდება ადამიანის საქმიანობის შედეგად სათბური გაზების ემისიების ზრდის გამო.
ამავე წყაროს ინფორმაციით, გლობალურად, პლანეტას ჰქონდა რეკორდულად თბილი აპრილი, კერძოდ 0,7 °C-ით უფრო მაღალი 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე და 1,58 °C-ით მეტი 1850-1900 პრეინდუსტრიული პერიოდის ამ თვის საშუალო მაჩვენებელზე.
______________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA-EFE/FILIP SINGER