Batumelebi | ბათუმში მინიმუმ ოთხი თვე ყინულის მოედანი არ იქნება ბათუმში მინიმუმ ოთხი თვე ყინულის მოედანი არ იქნება – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში მინიმუმ ოთხი თვე ყინულის მოედანი არ იქნება

700-მდე მოციგურავე, ჰოკეისტი და მოყვარული, მინიმუმ ოთხი თვე ბათუმში ყინულის მოედნის გარეშე დარჩება – 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდში ბათუმში ყინულის მოედანი არ იქნება. მიზეზი არსებული ყინულის მოედნის დემონტაჟი და ახალი ყინულის არენის მშენებლობაა, რომელიც, პროექტის მიხედვით, სწორედ მომავალი წლის აპრილში უნდა გაიხსნას. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რატომ არ შეიძლებოდა გახსნილიყო ახალი ყინულის არენა და შემდეგ არსებულის დემონტაჟი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, აუცილებლად უნდა აითვისონ ის ტერიტორია, სადაც ამჯერად ყინულის მოედანია განთავსებული. არსებულ მოედანს [მემბრანულ ნაგებობას] კი, ბათუმის მერია დაშლის და რაგბის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანს. ამ ნაგებობას კვლავ სპორტული ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ, თუმცა – არა ყინულის მოედნად. ბათუმის მერიაში ვერ გვითხრეს ზუსტი დრო, თუ როდის გადაიტანენ მემბრანულ ნაგებობას ახალ ადგილზე.

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, N27-ში, ახალი ყინულის არენისთვის კაპიტალური შენობა უკვე აშენებულია, სადაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. ახლა ამ შენობის ყინულის არენად გადაკეთება დაიწყება. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ახალი მოედნისთვის ძველი ყინულის მოედნის ძალოვანი აგრეგატები და დანადგარები უნდა გამოიყენონ, შესაბამისად, ახალი ყინულის მოედანი ვერ მოეწყობა ისე, თუ არ მოხდა ძველის დემონტაჟი.

ძალოვანი აგრეგატების და მოწყობილობა-დანადგარების დემონტაჟის, ასევე იქვე, ახალი სატრანსფორმატორო ქვესადგურის მშენებლობის და მასში ამ აგრეგატების დამონტაჟების პროექტის შესყიდვაზე შპს „სტადიონმა“ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 8 475 ლარია. წინადადებების მიღება 12 ნოემბერს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებული კი ვალდებული იქნება პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში მოამზადოს. სწორედ ამ დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ დაიწყება დემონტაჟი და ახალი სატრანსფორმატორო სადგურის მშენებლობა-მონტაჟის სამუშაოები.

არსებული ყინულის მოედნის ადგილზე, პარალელურად, საცურაო აუზი აშენდება.

„ახლა ვემზადებით, რომ დავიწყოთ სამუშაოების მორიგი ეტაპი – საცურაო აუზის მშენებლობა და არსებული დარბაზის გადაკეთება ყინულის არენად. ის ინვენტარი, რაც ოლიმპიადის ჩასატარებლად იქნა შეძენილი, გამოსადეგია ყინულის არენისთვის და დამატებით კიდევ იქ მოეწყობა ყინულის მოედნის ტრიბუნები – ჯამში 1500 კაცზე. ყინულის არენა უნდა დასრულდეს 2019 წლის პირველი აპრილისთვის, ხოლო საცურაო აუზი – 2020 წლის პირველი აპრილისთვის. ამ დროისთვის არც პროექტი შეცვლილა და არც თანხის ოდენობა“, – გვითხრა დაახლოებით ათი დღის წინ მირზა ბოლქვაძემ, შპს „სტადიონის“ ინჟინერ-კონსტრუქტორმა.

„გაფრთხილებული არიან და ყველამ იცის, რომ მშენებლობის გამო, გარკვეული პერიოდი გაჩერება მოგვიწევს. რაც შეეხება უშუალოდ სპორტსმენებს, ველოდებით, რომ ყინულის მოედანი ნოემბრის ბოლოს ზუგდიდშიც გაიხსნება. თუ ასე მოხდება კარგია, ახლოსაც არის და ძალიან დაგვეხმარება. იქ ყინულის აგრეგატს ელოდებოდნენ და ახლა რა მდგომარეობაა, ბოლო ინფორმაცია არ მაქვს… უშუალოდ სპორტულ კლუბში 35 ბავშვი გვყავს. 7 მოციგურავე კი სხვადასხვა შეჯიბრზე საქართველოს სახელით ასპარეზობს. სლოვენიაში მედლები აიღეს ამ ბოლოს. ყინულის სასახლეში უამრავი მოყვარული და ვიზიტორი დადის. მწვრთნელები არჩევენ ბავშვებს მოყვარულებში და გადაჰყავთ შემდეგ სპორტულ კლუბებში. სამომავლოდ ჰოკეისტთა გუნდის ჩამოყალიბებასაც ვაპირებთ“, – ამბობს ბადრი აბაშიძე, ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

სპორტულ ცენტრში ადრე ფიქრობდნენ, რომ არსებული ყინულის მოედანი სხვაგან განთავსდებოდა, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ ბათუმში ყინულის ორი მოედანი არ იქნება.

ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში ერთგვარ ფორსმაჟორში გადაწყდა. სამუშაოების ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია. ხელშეკრულება შპს „სტადიონმა“ კანადურ კომპანია Westincor Limited-თან ტენდერის გარეშე გააფორმა. მიზეზი ბათუმში დაგეგმილი საჭადრაკო ოლიმპიადა იყო, რომლის ჩატარების პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც ცხადი გახდა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ოლიმპიადამდე ვერ ასწრებდა ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის დასრულებას ლეონიძის ქუჩაზე.

კანადურმა კომპანიამ ქვეკონტრაქტორად შპს „ანაგი“ დაიქირავა, რომელმაც ააშენა დარბაზი, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. მშენებლობას კვლავ „ანაგი“ გააგრძელებს, რომელიც ბათუმში საფეხბურთო სტადიონსაც აშენებს.

ამ თემაზე:

ბათუმში ყინულის სასახლე ადგილს იცვლის

მთავარი ფოტო: ბათუმის ყინულის სასახლე / ბათუმის სპორტული ცენტრის ფოტო
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com