განათლება,მთავარი,სიახლეები

რა უნდოდა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს მასწავლებლების კონფერენციაზე?

10.07.2024 •
რა უნდოდა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს მასწავლებლების კონფერენციაზე?

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მასწავლებლების კონფერენციაზე მივიდა. მან შეხვედრის მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატებიც კი გადასცა და მათთან ფოტოები გადაიღო.

შეხვედრა 2 ივლისს იყო, ამ ამბის ამსახველი კადრები კი ხულოს რესურსცენტრმა ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.

ვინ მიიწვია მასწავლებლების შეხვედრაზე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი და იცოდნენ თუ არა ამის შესახებ წინასწარ კონფერენციის მონაწილეებმა?

„ბათუმელები“ კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებს ესაუბრა და ჰკითხა, რის გასაზიარებლად მივიდა რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი შეხვედრაზე.

„როგორ არ შემინიშნავს (ანზორ ბოლქვაძე), დახურვის ნაწილს ესწრებოდა, მაგრამ ჰკითხეთ ამის შესახებ ორგანიზატორს, თუ ვინ მოიწვია.

თქვენ ხომ იცით, რომ მე არასოდეს დავუჭერ მხარს რუსულ პროპაგანდას, მე არ მაქვს პრორუსული განწყობები.

მე ვიყავი ქართული სექციის კონფერენციის კოორდინატორი და შემიძლია მოგცეთ კომენტარი ქართული სექციის მუშაობასთან დაკავშირებით. სხვა საორგანიზაციო საკითხები არ შემხებია“, – ამბობს ტრენერი პედაგოგი, თინათინ გიორგაძე.

მისი თქმით, კონფერენცია ეხებოდა პედაგოგების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას და ანზორ ბოლქვაძე რა ნიშნით მონაწილეობდა კონფერენციაში, მისთვის უცნობია.

მასწავლებელთა კონფერენცია ხულოში, წელს მერიის შენობაში ჩატარდა.

„ბათუმელები“ კონფერენციაში მონაწილე კიდევ ერთ პედაგოგს, დალი თურმანიძეს ესაუბრა.

ჩვენ ვნახეთ ფოტოები, სადაც დეპუტატი, რომელმაც ანტიკონსტიტუციურ კანონს დაუჭირა მხარი, ფოტოებს იღებდა მასწავლებლებთან და არიგებდა სერტიფიკატებს, რა აზრის ხართ ამაზე? – ვკითხეთ მას.

„ანზორ ბოლქვაძე ბოლოს მოვიდა და დააჯილდოვა მასწავლებლები. მე არც ვიცოდი ვინ იყო, სერტიფიკატების გადაცემის დროს დავინახე და რომ ვიკითხე ვინ არის-მეთქი, მითხრეს დეპუტატია ხულოსიო.

ჩემთვის რუსული კანონი ნამდვილად არ არის მისაღები, მაგრამ ამ შემთხვევაში მე იქ ვიყავი, როგორც ტრენერი, მოდერაციას ვუწევდი შეხვედრას და არ ვიცი ვინ მოიწვია და როგორ მოვიდა“, – ამბობს დალი თურმანიძე.

რას ნიშნავს, როცა ანტიდემოკრატიული, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები ესწრებიან საჯარო შეხვედრებს და აჯილდოებს კიდეც ამ შეხვედრის მონაწილეებს?

კიდევ ერთი პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძე მიიჩნევს, რომ როცა პედაგოგების კონფერენციაზე ან რაიმე საჯარო შეხვედრაზე მოდის რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ეს შეურაცხმყოფელია.

როგორი უნდა იყოს ასეთ დროს რეაგირება, მაგალითად თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთ შემთხვევაში? – ვკითხეთ მას.

„რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების გამოჩენა მსგავს შეხვედრებზე და მათი მონაწილეობა პედაგოგების დაჯილდოებაში, პირადად ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, რადგან ამ ხალხმა, თავისუფლების და დემოკრატიის იდეის პრინციპს უღალატა.

სკოლაში, საგნებთან ერთად, თავისუფლების და დემოკრატიის ღირებულებების დანერგვაა მნიშვნელოვანი. ამის საწინააღმდეგო პოზიციის მქონე ადამიანის გამოჩენა, რომელიც მავნებლურ გადაწყვეტილებებს იღებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი. არათუ ფოტოს გადაღება და მასთან სიახლოვე იქნებოდა მიუღებელი, იმ შეხვედრას საჯარო პროტესტის ფონზე დავტოვებდი“, – ამბობს ის.

მის თქმით, ანზორ ბოლქვაძის იმ შეხვედრაზე მიწვევა შესაძლოა არის შეხვედრის ორგანიზატორის პასუხისმგებლობის საკითხი, „მაგრამ ჩვენ, მოქალაქეებს გვაქვს ინდივიდუალური პასუხისმგებლობაც“, – ამბობს შავაძე.

„მე მაგალითად ჩემს კოლეგებს ასეთ რამეს ვურჩევდი, რომ როცა მსგავს სიტუაციაში უნებლიედ აღმოვჩნდებით, პროტესტის ნიშნად დავტოვოთ ასეთი შეხვედრა. სკოლაში აღებული პასუხისმგებლობის გარდა, ჩვენ გვაქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობაც ქვეყნის წინაშე, მუნიციპალიტეტის წინაშე და, შესაბამისად, ეს პრინციპები უნდა დაიცვას მასწავლებელმა.

იმიტომ, რომ ჩვენ გვაკვირდებიან მოსწავლეები, რომლებსაც ყველა მედიასაშუალებაზე აქვთ წვდომა და უნდა ვიყოთ მათთვის მაგალითი.

თუ ჩვენ რაღაც ღირებულებებზე ვესაუბრებით მათ, ამ შემთხვევაში ეს ღირებულებები საქმეშიც უნდა გამოჩნდეს და ჩვენი ქმედება უნდა იყოს თანხვედრაში იმასთან, რასაც ვქადაგებთ“, – ამბობს როლანდ შავაძე.

ის ასევე დასძენს, რომ აქამდე მსგავსი შეხვედრები და კონფერენციები არასდროს ჩატარებულა მაგალითად მერიის შენობაში და არც მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დასწრებიან მასწავლებლების კონფერენციებს.

„მე არ მახსენდება, რომ მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე ან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ადრე ყოფილიყვნენ მსგავს კონფერენციებზე. მაჟორიტარის დონეზე ჩართულობა ხომ საერთოდ არ მახსენდება, ამდენი ხანია მასწავლებელი ვარ მაღალმთიან სოფელში.

ზოგადად, მუნიციპალიტეტები ხელს უნდა უწყობდნენ სკოლებს, მაგრამ უშუალოდ შემოქმედებით პროცესში ჩართულობა ვფიქრობ, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ხდება, რადგან წელს არის არჩევნები.

ადგილზე დაბაში არის სკოლა, თუმცა ამ მოცემულობაში არგუმენტი შეიძლება ის იყოს, რომ იქ ეროვნული გამოცდები ტარდება და სკოლა არის დაკავებული, მაგრამ დაბასთან ახლოს, სოფელ განახლებაში არის ახალაშენებული სკოლა, რომელიც დაიტევდა ამ კონფერენციას.

ასევე, ახლო სოფლებში, მაგალითად ოქრუაშვილებში არის კაპიტალური სკოლა, სადაც შეიძლებოდა კონფერენციის ჩატარება, ამიტომ მერიაში მასწავლებლების კონფერენციის ჩატარება, რომლის პრეცედენტები აქამდე არ ყოფილა, გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს“, – ამბობს როლანდ შავაძე.

რუსული კანონის მხარდამჭერი ანზორ ბოლქვაძე მასწავლებლების კონფერენციაზე ხულოში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მასწავლებელთა კონფერენცია ხულოს რესურსცენტრმა ჩაატარა.

საქართველოს პარლამენტში რუსული კანონი „ქართულმა ოცნებამ“ პირველად 2023 წლის მარტში შეიტანა, თუმცა საერთო სახალხო პროტესტის ფონზე, კანონი უკან გაიწვიეს და თან მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსულ კანონს არასდროს დააბრუნებდნენ.

„ქართულმა ოცნებამ“ პირობა დაარღვია, ხალხი მოატყუა და რუსული კანონი მიიღო.

„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა ორივეჯერ მხარი დაუჭირეს ანტიდემოკრატიულ კანონს, მათ შორის იყო ანზორ ბოლქვაძეც.

რუსული კანონის მიღების გამო, ევროპარლამენტმა შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

საქართველოს ევროინტეგრაციას ამ კანონის მიღებით საფრთხე ემუქრება.

ეს კანონი კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობას ისახავს მიზნად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: