სენაკში, მდინარე რიონის პირას მდებარე ორ სოფელს – სირიაჩქონსა და ზემო ჭალადიდს შორის, ბორნის და საბორნე მისადგომის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 371 100 ლარზე მეტი დაიხარჯა.
იმედგაცრუებულია ბორნით მოსარგებლე სოფლების მოსახლეობა, რომლებიც სამდინარო ტრანსპორტის რეაბილიტაციას ელოდნენ და ეგონათ, რომ მათი მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრებოდა.
ბორანი ნაპირთან კი მიდის, მაგრამ რადგან მდინარე რიონის წყლის დონე ხან მაღლა იწევს, ხან კი იკლებს, საბორნე გადასასვლელი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოაწყო, უსარგებლო აღმოჩნდა, მის მოსაწყობად გაღებული ფული კი წყალში გადაყრილი.
სენაკის სოფლები – სირიაჩქონი და ზემო ჭალადიდი ერთმანეთს მრავალი წელია მხოლოდ სამდინარო ტრანსპორტით უკავშირდება. მდინარე რიონზე საბორნე მიმოსვლა 1945 წლიდან დაიწყო და დღემდე უწყვეტად გრძელდება.
რამდენიმე წლის წინ ბორანი მწყობრიდან გამოვიდა. ადგილობრივ თვითმმართველობას მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა, რომ დაზიანებული ბორანი აღედგინათ.
სენაკის მერიამ მდინარე რიონზე გადასასვლელი ბორნის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი 2023 წელს გამოაცხადა. ტენდერში შპს „ტოტალმა“ გაიმარჯვა. სენაკის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 371 100 ლარზე გააფორმა.
პროექტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უნდა ჩაეტარებინა რეაბილიტაცია ბორნისთვის და მოეწყო მისადგომი ნაპირი.
„ტოტალმა“ ძველი ბორანი მართლაც შეცვალა ახლით. ასევე პირველ ეტაპზე მოაწყო ბორნის მისადგომიც, თუმცა, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, ნუგზარ ბარამია „ბათუმელებს“ ეუბნება, კომპანიას კაპიტალურად მოწყობილი ბეტონის მისადგომი დაანგრევინეს.
იმის გამო, რომ ბორანს მისადგომი არ აქვს, მისით მოსარგებლე მოსახლეობას მთელ რიგ სირთულეებთან უწევს გამკლავება.
„ამაზე მისადგომია გასაკეთებელი. ორი თვეა ვუყურებთ და კაციშვილი არ მოდის. ასე ვერ იმუშავებს. ვუთხარით, ვურჩიეთ ყველაფერი, მაგრამ არ დაგვიჯერეს. ნახაზი და ნახაზიო იძახეს. ნახაზმა არ იმუშავა აქ. პატარა ბავშვიც ეტყოდა, როგორ უნდა გაეკეთებინა“, – ამბობს ვაჟა ჯანაშია.
ვაჟა ჯანაშია 8 წელია მებორნეა. დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე ზემო ჭალადიდსა და სირიაჩქონს შორის ბორნით დაცურავს და ხალხი გადაჰყავს. მებორნემ გვაჩვენა ბორნის მისადგომთან გადებული ხის მორი, რომელზეც უწევთ გადასვლა ბორნით მოსარგებლეებს.
„როცა რიონი დიდდება, ბორანი ნაპირამდე ვეღარ მოდის. წყალში ჩერდება, ზემოთ იწევა და აი, ამ ხეზე უწევს გასვლა მოსახლეობას. როგორ გითხრათ, ქალებს ჩანთები აქვთ ცალ ხელში და ისე გადადიან აქ,“ – გვეუბნება ვაჟა ჯანაშია.
„ცოტა ტვინი რომ დაეყოლებინათ, უკეთესად იქნებოდა, მაგრამ აქაური ხალხი რომ ეუბნებოდა და რჩევას აძლევდა, არ გაითვალისწინეს. ხელახლაა გასაკეთებელი,“ – საუბარში ერთვება კიდევ ერთი ადგილობრივი, რომელიც თავის ვინაობას არ გვეუბნება. თუმცა ამბობს, რომ როცა „ამდენი თანხა იხარჯება, ხალხის საჭიროება უნდა იყოს გათვალისწინებული“.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ რეაბილიტირებული ბორანი და მისადგომი მიმდინარე წლის მაისში გახსნა. ბორნის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლება დაესწრო.
მერიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში საუბარია, რომ გახსნეს ახალი ბორანი, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, დაიგო ბორნისკენ მისასვლელი სამკილომეტრიანი გზა, მოეწყო გარე განათება და ტურისტული ინფრასტრუქტურა.
სენაკის მერიის პოსტში არაფერია ნათქვამი ბორნის მისადგომის მოწყობაზე.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ შესრულებულ სამუშაოზე პასუხისმგებელ უწყებას დავკავშირებოდით.
„ბორნის მოსაწყობი სამუშაოები დასრულებულია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ეკატერინე კიზირიამ, სენაკის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა. სწორედ ამ უწყებასთან გადაგვამისამართეს მერიის პრესსამსახურიდან.
ჩვენ მიერ დასმულ დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რომ ბორნის მისადგომი არ იყო მოწყობილი, ეკატერინე კიზირიამ ასე გვიპასუხა: „არა, დასრულებულია სამუშაოები“.
- ვინ მოაწყო ბორანი და რა თანხა დაიხარჯა
სენაკში, სოფელ ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე რიონზე გადასასვლელი ბორნის მოსაწყობად სენაკის მერიამ ტენდერი 2023 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. სატენდერო თანხა 404 263 ლარით განისაზღვრა.
ტენდერში სამმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ეს კომპანიები იყო: შპს „სითი გრუპ დეველოპმენტი“, შპს „TWINS თვინს“ და შპს „ტოტალი“.
ტენდერში გაიმარჯვა შპს „ტოტალმა“, რომელმაც სენაკის მერიას ბორნის მოსაწყობად ყველაზე დაბალი თანხა – 371 100 ლარი შესთავაზა.
ხელშეკრულებას, რომელიც სენაკის მერიასა და შპს „ტოტალს“ შორის გაფორმდა, სენაკის მერი ვახტანგ გადელია და „ტოტალის“ დირექტორი ნუგზარ ბარამია აწერენ ხელს.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას 180 დღის ვადაში, არაუგვიანეს 2024 წლის 2 ივნისისა, უნდა დაესრულებინა სამუშაოები.
ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, სენაკის მერიასა და კომპანიას შორის მიღება-ჩაბარების აქტი 2024 წლის მაისში გაფორმდა და „ტოტალს“ სამუშაოები შესრულებულად ჩაეთვალა.
საბორნე მისადგომი, რომელიც ქაღალდზე დასრულებულადაა წარმოდგენილი, რეალურად აღარ არსებობს, რადგან გახსნიდან რამდენიმე დღეში დაანგრიეს.
კომპანიის ხელმძღვანელი ნუგზარ ბარამია „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს საბორნე მისადგომის დანგრევის ფაქტს. ნუგზარ ბარამიას თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ „რიონის ნიშნულს ვერავინ ვერ დაიჭერს მთელი დედამიწის ზურგზე“.
სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს თან ჩასატარებელი სამუშაოების პროექტი, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი. სამუშაოების ერთი ნაწილი მოიცავს თავად ბორნის მოწყობას ლითონის კონსტრუქციით, ბორანზე ხის კონსტრუქციის მოწყობას და არსებული მართვის მექანიზმის მოწყობილობის მონტაჟს. სამუშაოების მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს საბორნე მისასვლელის მოწყობას.
კომპანია „ტოტალმა“ ორივე ეტაპის სამუშაოები შეასრულა.
28 მაისს სენაკის მერმა ახალი ბორანი გახსნა, თუმცა ახალი ბორანი და საბორნე გადასასვლელი ერთმანეთთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
კომპანიას გადასასვლელი მოანგრევინეს, თუმცა ქაღალდზე დარჩა, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდა.
რატომ არის დღემდე მდინარე რიონზე საბორნე მისადგომი მოუწყობელი, მაშინ როცა დოკუმენტაციით ჩანს, რომ მოწყობილია? ამ კითხვით მიმართა კომპანია „ტოტალის“ დირექტორს, ნუგზარ ბარამიას.
„ეს არის ბორანი, ბორანმა უნდა იმოძრაოს წყალში, იტივტივოს. აიწევა წყალი, აიწევა მაგიც (ბორანი), დაიწევა წყალი, დაიწევა ბორანი. „ტოტალს“ რაც პროექტში ჰქონდა, მაგი შეასრულა უბრწყინვალესად. დანარჩენს ჩვენ პროექტში რაც არ იყო, მაგას ვერც ვადგამთ თავს და მერია კიდევ ფიქრობს რა გავაკეთოთ. როგორ გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ. ვნახავთ კიდევ რაღაცას ვფიქრობთ, თუ რამე გავაკეთეთ და მოვახერხეთ.
პროექტზე გეტყვით… ვერცერთი კომპანია რიონის ნიშნულს ვერ დაიჭერდა. ვერ გეტყვის ვერავინ, რომ ამ ადგილზე გაჩერდეს ეს მისადგომიო.
იქ გლეხობა რომ იძახის, გლეხობამ რა იცის… მოსახლეობას ჩემმა მტერმა უსმინა, ამათ გემოზე ეს არ კეთდება. ეს რიონია. ამის ნიშნულს ვერ ვიჭერთ ჩვენ. ვერ დავიჭირეთ, ჩამოვასხით, დამანგრევინეს. რამხელა ფული დამიჯდა. ახლა მოვიტანე კიდევ ბეტონის კონსტრუქციები, რომელიც უნდა ჩავაყენოთ, მაგრამ ვერ ვაყენებთ.
ფული დაიხარჯა. რკინებია ნაყიდი და ყველაფერი ნაყიდია ეგერ. ხალხმა რა იცის, აქ როგორ ხდება.
აბსოლუტურად ყველაფერია გაკეთებული. კიდევ ვაკეთებთ რაღაცას, მეტი მოსახერხებელი რომ იყოს. ეს ხალხი მაინც უმადურია. რაც არ უნდა გაუკეთო, გონიათ ციდან ვარდება ყველაფერი,“ – გვითხრა ნუგზარ ბარამიამ [სტილი დაცულია].
„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორაა ყველაფერი გაკეთებული, როცა მოსახლეობას თოკით ჩამოკიდებულ ხის მორზე უწევს გასვლა, როცა მდინარე რიონი დიდდება, „ტოტალის“ ხელმძღვანელი აცხადებს:
„მასე გადადიოდნენ ოდითგანვე და დღესაც ასეა. ბორანია, მაგი ბორანი“.
კითხვაზე, როდის დასრულდება საბოლოოდ ბორნის მისადგომის მოწყობა, კომპანიის მფლობელი ასე პასუხობს:
„მაქსიმალურად რომ დაიწევს რიონი, ვნახავთ მაგას, რა კონსტრუქცია უნდა ჩავამონტაჟოთ. ჩვენ იქ ხომ ვერ ჩავასხამთ, მთელი ამბავი, მთელი ისტორია უნდა, ბიუჯეტს არ აქვს ამაზე ფული გამოყოფილი და არაა ამაზე ლაპარაკი.
მე მქონდა დავალება ბორანი გამეკეთებინა, ჩამესვა წყალში და ყოფილიყო გამართული. კი ბატონო, გავაკეთე ბორანი, ჩავსვი წყალში, ტივტივებს, დადის და ჩავარჭვე ხიმინჯები.
რაც პროექტში მქონდა, ეს მქონდა. ყველაფერი შესრულებულია.
მერიამ იღონა აბსოლუტურად ყველაფერი, რომ ის ლაპარაკი არ ყოფილიყო იმ გლეხობის. კიდევ ვაკეთებთ რაღაცას. ბეტონის კონსტრუქციები მაქვს ახლა მიტანილი, ვაპირებთ ჩაყენებას და რა გამოგვივა, ვნახოთ,“ – გვითხრა ნუგზარ ბარამიამ.
- ოფიციალური დოკუმენტაცია, რას წერდა „ტოტალის“ ხელმძღვანელი სენაკის მერს
დააჩქარებინა თუ არა სამუშაოების დასრულება სენაკის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას? – ეს არის კითხვა, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური კორესპონდენციის გაცნობის შემდეგ ჩნდება.
„ტოტალის“ ხელმძღვანელი სენაკის მერს, ვახტანგ გადილიას 19 აპრილს წერს, რომ სამუშაოების 95 % შესრულებული აქვს. დარჩენილია მხოლოდ ბეტონის დასხმა, რომელსაც ვერ ასხამს, რადგან „რიონი ადიდებულია“.
ამ წერილის გაგზავნიდან ზუსტად 10 დღეში, კომპანია „ტოტალის“ ხელმძღვანელს მორიგი წერილი გააგზავნა სენაკის მერიაში, რომლითაც მერს სამუშაოების დასრულების შესახებ აცნობა.
სენაკის მერის მისამართით არსებობს კითხვები – რატომ გახსნეს დაუსრულებელი ობიექტი, შემდეგ რატომ დაანგრიეს მისადგომი და ვინ აგებს პასუხს იმ ზარალზე, რაც საბიუჯეტო ორგანიზაციას მიადგა?
თუკი სენაკის მერს, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დამატებითი განმარტების გაკეთების სურვილი გაუჩნდება, „ბათუმელები“ მზადაა მისი პოზიცია გააცნოს მკითხველს.
- კომპანია „ტოტალის“ შესახებ
შპს „ტოტალი“ 2007 წელს ფოთში რეგისტრირებული კომპანიაა. კომპანიის მფლობელი ნუგზარ აბრამიაა.
კომპანია სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში აქტიურად იგებს ტენდერებს. კერძოდ, ფოთში, სენაკსა და ხობის მუნიციპალიტეტებში.
2022-2024 წლებში შპს „ტოტალს“ არაერთი ტენდერი აქვს მოგებული. კერძოდ, ფოთში მოგებული აქვს 9 ტენდერი, ხობის მუნიციპალიტეტში – 6, ხოლო სენაკში – 2.
შპს „ტოტალმა“ სენაკში ბოლო ტენდერი მიმდინარე წლის აპრილში მოიგო. კომპანია სენაკის სამშობიარო სახლის რეაბილიტაციისთვის, ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 527 219 ლარს მიიღებს.