განათლება,მთავარი,სიახლეები

ნორმალური შემოსავალი რომ მქონდეს, 3 სკოლაში ვმუშაობ და მგონია, რომ ზოგჯერ ძილშიც ვმუშაობ – პედაგოგი

09.07.2024 •
ნორმალური შემოსავალი რომ მქონდეს, 3 სკოლაში ვმუშაობ და მგონია, რომ ზოგჯერ ძილშიც ვმუშაობ – პედაგოგი

„სამ სკოლაში ვმუშაობ იმისთვის, რომ შემოსავალი ნორმალური იყოს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ კვირაში შვიდივე დღე ვმუშაობ და მგონია, რომ ზოგჯერ ძილშიც ვმუშაობ, რადგან იქაც მიმყვება ფიქრები“, – ამბობს გიორგი ლიპარიშვილი, რომელიც სახვითი და გამოყენებით ხელოვნებას ასწავლის კერძო სკოლაში. ის წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია.

„ბათუმელები“ პედაგოგს განათლებაში არსებულ პრობლემებსა და ახალ სახელფასო პოლიტიკაზე ესაუბრა, რომელმაც უკვე გამოიწვია მასწავლებლების დიდი ნაწილის უკმაყოფილება.

  • ბატონო გიორგი, რამდენი წელია, რაც განათლების სისტემაში ხართ და რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

პროფესიით ჟურნალისტი ვარ და მიმუშავია რამდენიმე მედიასაშუალებაში, მაგრამ სულ მინდოდა მასწავლებლობა, რადგან ძალიან მომწონს ბავშვებთან ურთიერთობა. სკოლაში ვმუშაობ მეშვიდე წელია, მაგრამ საგანმანათლებლო სისტემაში მთლიანობაში 15 წელია ვარ, რადგან ვკითხულობდი ლექციებსაც.

გავიარე მასწავლებლის მომზადების პროგრამა და აქტიურად ჩავერთე სასწავლო პროცესში.

სკოლაში გამოყენებით ხელოვნებას ვასწავლი, ონლაინ კი ქართულს ვასწავლი ემიგრანტ ბავშვებს.

  • ხელოვნება, მუსიკა, სპორტი წლების განმავლობაში თითქოს მეორეხარისხოვან საგნებად მიიჩნეოდა. სამწუხაროდ, ასე უყურებდა სისტემაც და მშობლების ნაწილიც. თუ შეიცვალა ეს დამოკიდებულება?

მართალი ხართ, ასე იყო. ბოლო საათებად იყო ჩასმული და თუ უნდოდა წავიდოდა მოსწავლე, თუ უნდოდა დაესწრებოდა. საერთოდ, არასწორად მიმაჩნია საგნების ძირითად და არაძირითადად დაყოფა, რადგან ბავშვმა უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი. ბავშვი ირჩევს მისთვის რა არის მთავარი, რა სიამოვნებს და რაში ხედავს თავის ძალას.

ხელოვნება არა მარტო ამ სფეროს შესწავლაში გეხმარება, სხვა საგნების უკეთ ათვისებაშიც გიწყობს ხელს. ჩემი სწავლა-სწავლების მეთოდი აგებულია პრინციპზე – კითხვა, კეთება, პრაქტიკა და პროცესი. კეთებით სწავლა ეხმარება ბავშვს, რომ საინტერესო იყოს მისთვის საგაკვეთილო პროცესი. ბავშვს უნდა მისცე შემოქმედებითი თავისუფლება, აი ეს არის მნიშვნელოვანი და არასდროს არ უნდა უთხრა – „შენ ხატვის ნიჭი არ გაქვს“.

პრობლემა ის არის, რომ ხელოვნების სწავლება მაღალ კლასებში წყდება. გამოდის, თუ ბავშვი ამ მიმართულებით აპირებს პროფესიის არჩევას, მას გაკვეთილების შეწყვეტა პრობლემას უქმნის. კი არ უნდა შეწყდეს, პირიქით, ამ საფეხურზე ბავშვებს უნდა შევთავაზოთ მაგალითად გრაფიკული დიზაინის, ანიმაციის, ფოტოგრაფიის შესწავლა და ამით გავუმრავალფეროვნოთ არჩევანი.

ჩემმა მოსწავლეებმა ითხოვეს მეათე კლასში ხელოვნების გაგრძელება და ჩვენ შევთავაზეთ კლუბის სახით.

იცვლება ბავშვების დამოკიდებულებაც ამ საგნის მიმართ.

გიორგი ლიპარიშვილი, მასწავლებელი

ერთხელ მოსწავლეებთან ერთად ვიყავი გალერეა-სახელოსნოში სტუმრად მხატვართან შესახვედრად და იქ ჰკითხეს მხატვარს ნახატების ფასები და როცა გაიგეს რა ღირდა, ძალიან გაუკვირდათ.  მშობლებისგან სულ გვესმოდა, ხელოვნება იაფფასიანი პროფესიააო.

ახლა უფრო ხვდებიან ახალგაზრდები, რომ ხელოვნება ყველაფერია. ლამაზი ტანისამოსიც ხელოვნებაა, ბურთს რომ კარგი დიზაინი აქვს, ესეც ხელოვნებაა. პოსტერებში, პლაკატებში, ყველგან ხელოვნებაა ჩადებული და რაც მეტი იქნება ხელოვნება, მით უფრო მეტი ბავშვი დაიწყებს საკუთარი თავის ძიებას ამ სფეროში.

ხელოვნება არ არის მხოლოდ მხატვრობა. ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ ხატვას ასწავლი. თუმცა ასე არაა. ვცდილობ კვირეულებად დავყო ხოლმე ჩემი გაკვეთილები. მაგალითად, ხის კვირეული, მავთულის, დაშლილი ნივთების კვირეული, ქაღალდის კვირეული და რომელიმე კვირეულში მაინც იპოვის თავის თავს მოსწავლე.

ბავშვები ცდილობენ აღმოჩენებს. სწავლობენ იმას, რომ მავთულიც შეიძლება იყოს ქანდაკების ნაწილი, რადგან მისგან შეიძლება ააგო ქანდაკების ჩონჩხი ან ამ მთლიანად ქანდაკება. ბევრ მიმართულებას რომ ასწავლი არ ჰბეზრდებათ. პიკასოც კი ცვლიდა ხოლმე თავისი მუშაობის ფორმებს. არ მუშაობდა ერთ ტექნიკაში და ამით ამრავალფეროვნებდა თავის ხედვას.

  • თქვენი აზრით, როგორ ეხმარება ხელოვნება ბავშვს სულიერი, ინტელექტუალური ფორმირებაში ან კრიტიკული აზროვნების განვითარებაში?

ხელოვნება ყოველთვის ეხმარებოდა ადამიანს სწორი ღირებულებების მიგნებაში, სიმართლეს უფრო კარგად რომ ჩახედოს თვალებში. იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად გაჩვენებს რა არის სწორი და არასწორი, გელაპარაკება, ზოგჯერ სიტყვით, ზოგჯერ ფერით, ზოგჯერ მუსიკით. უსიტყვოდაც შეუძლია ლაპარაკი შენთან.

პიკასოს საყვედურობდნენ, რომ არ წავიდა მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ მშვიდობაზე ხომ მუშაობდა?  პიკასოს „მტრედმა“ ხომ შეასრულა თეთრი დროშის როლი და დღესაც ხომ მშვიდობის სიმბოლოა.

როცა ადამიანები რაიმე დიდი პრობლემას ვაწყდებით, გამოსავალს პოეზიაში, მხატვრობაში, მუსიკაში ვეძებთ ხოლმე. გვინდა დაგვამშვიდოს, ჩვენი თავი გვაპოვნინოს ან უკეთ გაგვხადოს იმ კონკრეტულ მომენტში.

შეიძლება დაგასვენოს ხელოვნებამ ან მეამბოხე გაგხადოს. უცენ შენი კანიდან გამოხვიდე და გამოფხიზლდე, ამაშიც გეხმარება.

ხელოვნება გეხმარება სიკეთესთან დამეგობრებული ბედნიერების პოვნაში, რადგან ვიღაც შეიძლება ბოროტებითაც იყოს ბედნიერი. სწორი ღირებულებები არის ის, რომ  ყველა სფეროში, იქნება ეს ხელოვნება, ისტორია თუ ქიმია, ნათელი მხარეები ვეძებოთ. მაგალითად, აინშტაინი გენიოსი იყო და არ თანხმდებოდა ქიმიური იარაღის შექმნას, რის გამოც იდევნებოდა ხომ?

მთავარია, ბავშვებს კარგის და ცუდის გარჩევა ვასწავლოთ, რომ როცა თავად გახდებიან გადაწყვეტილებების მიმღები, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც არ იქნება საზიანო არც მათთვის, არც სხვებისთვის და არც გარემოსთვის.

  • როდის იწყებს ბავშვი კრიტიკულად აზროვნებას, რა უწყობს ამაში ხელს?

კრიტიკულ აზროვნებას ხელს უწყობს ბევრი კითხვის დასმა და ჩემი გაკვეთილებიც იწყება ხოლმე კითხვების დასმით. ერთი ჩემი მეგობარი ხელოვანი ამბობს ხოლმე, რომ ზოგჯერ კითხვებიც იღლებიან, ამიტომ უნდა დავსვათო.

ჩემოდანი ჩემი გაკვეთილის ერთ-ერთი რეკვიზიტია და აქედან ვიწყებთ ხოლმე – „რა დევს ჩანთაში?“ და ბავშვებიც იწყებენ ფიქრს, მსჯელობას, ერთვება ყნოსვაც და მთელი ორგანოები იწყებენ გამოღვიძებას. შემეცნების ყველა უნარი ერთვება თითქოს და შემდეგ კმაყოფილი არიან იმით, თუ სწორად გამოიცნეს. ეს პროცესი აბედნიერებთ ბავშვებს – ძიების და აღმოჩენის.

  • ხშირად მსმენია პედაგოგებისგან, რომ რთულია დღეს დააინტერესო, გააოცო ბავშვი. თქვენ თუ ახერხებთ ამას?

ჩვენ ბავშვებს ბევრ რამეს ვაბრალებთ ხოლმე და მათ ზურგს უკან ვლაპარაკობთ ამაზე. ამ დროს ჩვენი თავი გვავიწყდება, ჩვენ როდის გავოცდით, ჩვენ როდის ვიყავით ბოლოს გულწრფელები? ხშირად „გამარჯობა“ და „როგორ ხარ“, ესეც კი მშრალი სიტყვებია.

რთულია გაოცება კი, იმიტომ, რომ ბევრი რამ ხდება გარშემო და ბევრი წყაროა ამ ინფორმაციის მიღების. ვფიქრობ, გაოცებასაც თავისი ასაკი აქვს. ამიტომ, ყოველთვის არც მე გამომდის ამაზე გამკლავება. მუდმივი ცდაა საჭირო, რომ სულ ვეძებოთ და ვცადოთ.

ძალა გამომელევა, მერე ისევ ვეძებ ხოლმე ამ ძალის შემავსებელ წყაროებს. ხან ფილმებში, ხან წიგნებში, ადამიანებში, გარემოს ვაკვირდები, ბუნებას, სულ ვიკვლევ და სულ ვცდილობ, რა შეიძლება იყოს მათთვის საინტერესო.

  • როდის არიან ბავშვები კმაყოფილი?

როცა გაკვეთილზე თავისუფლად მუშაობენ, ეს აბედნიერებთ. ზოგჯერ მთელი სხეულით, ხელებით უნდათ ხოლმე ჩაერთონ პროცესში. ზემოდან დაჰყურებდნენ ხოლმე თავიანთ სამუშაო პროცესს.

მაგალითად, მე-10 კლასელებთან როცა ვმუშაობ, სულ მუსიკა მაქვს ჩართული და როგორც სახელოსნოში, ისე ვმუშაობ. როცა ნიმუშს ვაჩვენებ ვეუბნები, „ამაზე უკეთესი უნდა გააკეთოთ, ისეთი, როგორსაც იყიდდით ან გაყიდდით“.

მაგრამ მთავარი პირობა არის, რომ კეთებით მივიღოთ სიამოვნება.

  • როგორ ასწავლით, მაგალითად მოქალაქეობას ხელოვნების გაკვეთილზე?

ცხადია, მარტო საგნის სწავლება არ არის საკმარისი. ასეთ დროს მნიშვნელოვანია პირადი მაგალითი. თუ შენ ნაგავს ქუჩაში ყრი, ბავშვს კი ეუბნები, რომ ურნაში ჩაყაროს, ან კლასს მოუფრთხილდეს, გარემოს და ქვეყანას, ეს უკვე აცდენა იქნება საკუთარ თავთან.

სკოლაში გვაქვს მაგალითად დაკარგული ნივთების ყუთი, რომელიც დერეფანში დგას და ყველას შეუძლია იქ იპოვოს თავისი ნივთი. უკვე ეჩვევიან ბავშვები, რომ თუ დაკარგულ ნივთს ნახავენ, მიიტანონ და ჩააგდონ ყუთში. სხვის ნივთებს არ იღებენ. ამით ბავშვები ეჩვევიან თანადგომასაც, ემპათიასაც, სხვისი საკუთრების პატივისცემასაც და ნივთის პოვნით გახარებასაც.

  • ბოლო პროცესებმა აჩვენა, რომ სკოლებში მალე ბევრი გულგატეხილი და დემოტივირებული მასწავლებელი გვეყოლება, რადგან ახალი სახელფასო მოდელით ბევრი პედაგოგი დაზარალდა. თქვენ კერძო სკოლაში ასწავლით, მაგრამ რა გაქვთ საერთო პრობლემა საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებს და ზოგადად და რას ფიქრობთ იმ ცვლილებებზე, რომელიც ასე ხშირად ხდება განათლების სისტემაში?

ცხადია, ჩვენ გვაერთიანებს მოსწავლეები და სწავლების ფორმა. რადგან კერძო სკოლაში ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან არაფერი მაქვს საერთო. გავდივარ ხოლმე სოფლებში პროექტების ფარგლებში და ვცდილობთ ჩავუტაროთ უფასო გაკვეთილები ბავშვებს.

მაქვს ასევე ჩემი არხი youtube-ზე, სადაც 15-მდე გაკვეთილი მაქვს სხვადასხვა შინაარსის და ძალიან ბევრი ბავშვი უყურებს. პანდემიის დროს გავაკეთე ეს არხი და ახლაც ვაგრძელებ გაკვეთილების ჩაწერას. „პარასკეობა“ ჰქვია ჩემს გადაცემას, რომელსაც ასევე ინტერესით ელოდებიან ხოლმე ბავშვები.

რაც შეეხება მასწავლებლის ანაზღაურებას, მარტო ხელფასის მატება არაფერს ნიშნავს, რადგან საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ დგას ინფრასტრუქტურის პრობლემა, 40-მდე ბავშვი ზის კლასებში, ზოგიერთ სკოლაში დამლაგებელიც კი არ ჰყავთ და ბავშვები თურმე ითმენენ და ტუალეტშიც არ შედიან მთელი დღის განმავლობაში, ასეთი რამეც ხდება თურმე სკოლებში.

პრობლემაა ისიც, რომ არასწორადაა ხელფასების მატება, ზოგიერთ შემთხვევაში სიმბოლურია, ზოგს პირიქით, დააკლდა კიდეც და ბევრი გაურკვევლობაა. არასწორად ზრდის შიდა კონკურენციას ზოგიერთ შემთხვევაში, ზოგს პირიქით აკლდება და ბევრი გაურკვევლობაა.

ამ ტიპის ცვლილებები აჩვენებს, რომ სახელმწიფო სათანადო არ აფასებს მასწავლებლის პროფესიას და მნიშვნელობას. ან მდენი საათი მუშაობას რა აზრი აქვს, როცა მასწავლებელს აღარ რჩება დრო პირადი ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის.

მე პირადად, სამ სკოლაში ვმუშაობ იმისთვის, რომ შემოსავალი ნორმალური მქონდეს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ კვირაში შვიდივე დღე ვმუშაობ და მგონია, რომ ზოგჯერ ძილშიც ვმუშაობ, რადგან იქაც მიმყვება ფიქრები. ნელ-ნელა ვცდილობ ეს გადაღლა შევამცირო.

მე სადაც ვასწავლი, უკვე ყველგან ვიკლებ საათებს, რადგან მერე აღარ ვარ პროდუქტიული. გაკვეთილის ჩატარება არ არის დროის გაყვანა. მართვაა მნიშვნელოვანი.

საჯარო სკოლაშიც, მართლა რომ გაუორმაგდეს ხელფასი პედაგოგს, მაინც არ ექნება აზრი, რადგან დრო აღარ ექნება მასწავლებელს არაფრისთვის. ამიტომ ამბობს უარს ბევრი ახალგაზრდა პროფესიაში შესვლაზე. ცვლილება მაშინ არის კარგი, თუ ის განვითარებაზეა ორიენტირებული.

  • რატომ ვერ ქმნის 60 ათასი მასწავლებელი ამინდს განათლების სისტემაში. რა გაქვთ გადასააზრებელი პედაგოგებს, როგორ ფიქრობთ?

ალბათ საჭიროა მასწავლებლებმა გაკვეთილების ჩატარებასთან ერთად გაიაზრონ და დაიჯერონ, რომ დიდი ძალა არიან ქვეყანაში და რაღაცები ერთად უნდა ვაკეთოთ.

გამოსავალი ალბათ არის ის, რომ მივეჩვიოთ „არას“ თქმას, რადგან ზოგჯერ „არას“  მოაქვს დადებითი შედეგი.

იქნებ ამ „არა“-თი რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოთ, რაღაც შემოვატრიალოთ სასიკეთოდ. ყველაფერზე თანხმობა და უკრიტიკოდ მიღება არ არის საკმარისი. თუ ხელისუფლების შემოთავაზებული სისტემა არ არის მისაღები, უნდა შეგვეძლოს იმის თქმა, რომ ეს არ არის სწორი და მისაღები ჩვენთვის.

მასწავლებელი არ უნდა დაიღალოს. ახალი შემოთავაზებული სისტემა კი მასწავლებლის დაღლისკენ არის მიმართული. თუ ადრე მითები იყო მასწავლებელზე, რომ „არ ჭამს“, „ტუალეტში არ დადის“, ახლა ეს რეალობად იქცევა, თუკი 5 გაკვეთილის ჩატარება მოუწევს დღეში.

ბევრის კი არა, გაკვეთილის ხარისხიანად ჩატარებაა მნიშვნელოვანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: