„შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა“ – შეთავაზება „ოცნების“ მთავრობას

„ექსპოჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი რესან ქიქავა „ოცნების“ მთავრობას სთავაზობს,შეიჩეროს ხელფასებისა და პრემიების გაცემა. ამის შესახებ რესან ქიქავამ ფეისბუქზე დაწერა.

„ხელისუფლებასთან” მაქვს ასეთი შეთავაზება.

მოდით, სანამ „ტრამპი ებრძვის დიფ სთეითს“, შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა და თქვენი ხარჯების ანაზღაურება.

არაღიარებული, სანქცირებული და კონსტიტუციიდან გასული ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ხელისუფლებობანას თამაშობთ, ორდენებით, ინაუგურაციებით და უაზრო კომენტარებით, მოქალაქეებისთვის ნერვების მოშლის და დაპირისპირების გარდა, სხვა ფუნქცია როგორც ჩანს აღარ გაგაჩნიათ.

ეკონომიკა კრიზისში შედის, განვითარების პროექტები შეჩერებულია და ხალხი რამდენიმე თვეში შიმშილს დაიწყებს!

ამ ვითარებაში, იმის ნაცვლად, რომ კრიზისის დაძლევის გზებს გვთავაზობდეთ, ჯერ 20 იანვრამდე გვაცალეთო, მერე ამას „ცოტა მეტი დრო დასჭირდებაო“ და ახლა „თუო“.

გაინულეთ შემოსავალი, დააყენეთ მანქანები და მოიხსენით ყველა ის პრივილეგია, რაც ისედაც გაჭირვებული მოქალაქეების ჯიბიდან, 40%-იანი ხარკით გაქვთ მიღებული.

„მედგრად ვიდგებითო“ როცა ამბობთ, თქვენივე მასწავლებლების ყვლეფის ხარჯზე „იდგებით მედგრად“, რომ იცოდეთ.

და მართლა მედგრად დგომა რა არის, ამას რუსთაველის ხალხი გაჩვენებთ“ – წერს რესან ქიქავა.

28 დეკემბრიდან გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, 28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულისა და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა – საფრთხის დონე საშუალოა“ – იუწყება სააგენტო.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორ ნახევარკუნძულსა და ერთ კუნძულზე გდგ დამტკიცდა

2024 წლის 24 დეკემბერს სსიპ „სივრცითი და ურბანული განვითარების სააგენტომ“ ოფიციალურად დაამტკიცა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ განაშენიანების დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარ ფართობზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების გეგმას.

ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმაზე იმუშავა ქალაქგეგმარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციურობით გამორჩეულმა გლობალურმა ბრიტანულმა კომპანია ARUP-მა. პროექტის ყოვლისმომცველი ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა მომზადდა COLLIERS ლონდონისა და თბილისის ოფისების ერთობლივი მუშაობით.

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ განსაკუთრებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს, რომელშიც ინოვაციური ინფრასტრუქტურული პროექტები და გამორჩეულად მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობებია წარმოდგენილი, რაც ინვესტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უნიკალური საცხოვრებელი, გასართობ-გამაჯანსაღებელი და საქმიანი სივრცეების შექმნას გულისხმობს. პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებს, 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს, საცხოვრებელ ბინებს, ბინებს აპარტამენტებს, ვილებს, იახტკლუბს, ვერტოდრომებს, პლაჟს და სხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურას.

რეგიონული მასშტაბის ბიზნეს ინიციატივა დაახლოებით 7 000 ადგილობრივს დაასაქმებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ საპროექტო  ტერიტორიის 49% საჯაროდ ხელმისაწვდომ რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა მათ შორის 9 ჰექტარ ტყე-პარკს, სანაპირო ბულვარს, 3,2 კილომეტრ სასეირნო ბილიკებს, სპორტულ მოედნებსა და დასასვენებელ სივრცეებს, რაც თანამედროვე საზოგადოების ჯანმრთელობის, სიამოვნებისა და კეთილდღეობისთვის შეუდარებელ რესურსებს იძლევა.

„ამბასადორი ჯგუფი“ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე 4 წლიანი წინსწრებით ასრულებს სამუშაოებს. 84 ჰექტარი ხელოვნურად გასაშენებელი მიწის ნაკვეთიდან 25 ჰექტარი უკვე გაშენებულია და სამუშაოები გრძელდება სწრაფ რეჟიმში.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 780 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 540]
  • ტანკი – 9 630 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 19 933 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 21 357 ერთეული [+24]
  • MLRS – 1 256 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 031 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 971 ერთეული [+63]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 003 ერთეული [+55]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 32 180 ერთეული [+63]
  • სპეცტექნიკა – 3 667 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 650 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 38 539 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 969 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 991 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 490 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ახალსოფელში ხანძარია – სახანძროს ცნობით, იწვის ეკალ-ბარდი

დღეს, 25 დეკემბერს, ღამით, ხანძარი გაჩნდა ახალსოფელში. სახანძრო სამსახურის ცნობით, იწვის ეკალ-ბარდი.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.

„ბათუმელებს“ სახანძროში უთხრეს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც [22:36 სთ] მიმდინარეობს და ცეცხლის საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საფრთხე არ არსებობს.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„ოცნებამ“ იცოდა თავდაცვის ძალების განწყობა, ოფიცრების დიდ ნაწილს ესმის საფრთხე“ – ინტერვიუ

„ქართულმა ოცნებამ“ იცოდა თავდაცვის ძალების განწყობა და შესაბამისად, ამ ფორმით გადაწყვიტეს ინაუგურაცია,“ – მიიჩნევს სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი, გიორგი შაიშმელაშვილი. ის კარგად იცნობს ქართველ ოფიცრებს და ვარაუდობს, რომ ჯარის „ერთგულებაში“ ივანიშვილი დარწმუნებული არ არის.

გიორგი შაიშმელაშვილის აზრით, ჯარისთვის „წითელი ხაზი“ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იქნება, თუ ჯარს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ გამოსვლას მოსთხოვენ. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, როგორ დარჩნენ ოფიცრები საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მიღმა სუსის და კონტრდაზვერვის სამიზნე:

„თავდაცვის მინისტრი სამინისტროდან აღარ გამოდის. ეს ნიშნავს გაძლიერებულ კონტროლს ოფიცერთა შემადგენლობაზე. საგანგებო რეჟიმში არ არიან, მაგრამ მუშაობს სამხედრო პოლიცია, კონტრდაზვერვა, გენერალური ინსპექცია, სუსი. ყველა ამ ხალხს უსმენს იმ შიშების გამო, რაც გასაგებია, რომ „ოცნებას“ აქვს.

ეს ავტონომიურობა აქამდე იდგა პოლიტიკურ და საკონსტიტუციო ჩარჩოზე, რაც გულისხმობს დემოკრატიულ კონტროლს. მეორე მხრივ, ავტონომიურობას სჭირდება რესურსი. ამ ავტონომიურობას განაპირობებდა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, პირველ რიგში და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა… მათ ეს რესურსი უკვე გამოეცალათ ავტონომიურობისთვის…

დღეს ისინი აღმოჩნდნენ შიშველი ძალის წინაშე, როგორიც არის სამხედრო პოლიციის და კონტრდაზვერვის კონტროლი,“ – გვიყვება გიორგი შაიშმელაშვილი.

„ბათუმელებმა“ გიორგი შაიშმელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი უსაფრთხოების საკითხების მკვლევარია და „თავისუფლების მოედნის“ თანადამფუძნებელი:

  • ბატონო გიორგი, „ქართული ოცნება“ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას პარლამენტში გამართავს. უშვებთ, რომ შესაძლოა ოფიცრებმა არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციაზე  უარი თქვეს? 

სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვარაუდი გამოვთქვათ, რამდენად არის ჯარში წინააღმდეგობა, ან არის თუ არა ეს ინაუგურაციასთან კავშირში. ვფიქრობ, ეს კავშირი არსებობს, თუმცა ამის მტკიცებულება არ მაქვს.

უნდა დაველოდო ინაუგურაციას. ცხადია, პარლამენტის დახურულ შენობაში სამხედროების ჩამოვლა ვერ მოხდება, თუმცა თავდაცვის ძალები რა ფორმით იქნება წარმოდგენილი, მაღალი რანგის სტუმრებში იქნებიან თუ არა ისინი წარმოდგენილი, ამას ვნახავთ.

მე, პირადად, ვუშვებ, რომ ეს გახდა მიზეზი: „ქართულმა ოცნებამ“ იცოდა თავდაცვის ძალების განწყობა და შესაბამისად, ამ ფორმით გადაწყვიტეს ინაუგურაცია.

შესაძლებელია სხვა მიზეზები იყოს, მაგალითად, ის, რომ ჩათვალეს, პარლამენტს ასე უფრო დაიცავენ რობოკოპები. ჩვენ არ გვაქვს ამ ყველაფერზე ინფორმაცია.

როცა ვამბობ, რომ თავდაცვის ძალების განწყობას ვუკავშირებ ამ გადაწყვეტილებას, ასე თუ ისე, კარგად ვიცნობ საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცრობას. მე არ ვიზიარებ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ინსტიტუციაზე გავლენა თანაბრად მოახდინა.

ცხადია, ჯარი საზოგადოების სარკეა, ოფიცერთა შემადგენლობა კი, უბრალოდ სარკე კი არა, საუკეთესო ნაწილია ამ საზოგადოების. მათ აქვთ ძალიან კარგი დასავლური განათლება და ასე შემდეგ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი არ იზიარებენ იმ ანტიდასავლურ კურსს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია.

  • გქონდათ კომუნიკაცია ოფიცრებთან, რას აპირებდნენ ისინი ინაუგურაციასთან დაკავშირებით? 

მინდა საზოგადოებას ესმოდეს, რომ ჯარს აქვს თავისი სტრუქტურა და იქ არიან ოფიცრები, სერჟანტთა შემადგენლობა, კაპრალთა შემადგენლობა და ასე შემდეგ. რიგითი ჯარისკაცისგან ჩვენ საჯარო პოზიციას ვერ მოვისმენთ, ეს გამორიცხულია.

ოფიცრებს აქვთ ორი ალტერნატივა: წესდებიდან გამომდინარე, ისინი ვერ იმოქმედებენ, როგორც საჯარო მოხელეები, მაგალითად, მათ არ შეუძლიათ რომელიმე პეტიციას მოაწერონ ხელი, შემდეგ კი, დარჩნენ და განაგრძონ მოღვაწეობა სამხედრო ძალებში. პერსონალურ ოფიცერს შეუძლია გარკვეული განცხადების გაკეთება და სამსახურის დატოვება, მაგრამ არის კი ეს ჩვენს ინტერესებში?

გიორგი შაიშმელაშვილი
  • განცხადება რომ გააკეთოს და გაემიჯნოს პრორუსულ კურსს, სამხედრო სამსახურში ვეღარ დარჩება? 

ეს არ შეიძლება. თანაც, ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებენ ყველაზე უფრო თამამი, მედასავლეთე ოფიცრები. ამ ტიპის ადამიანების თავდაცვის ძალებიდან გამოსვლა კი, ვერ შეცვლის ხელისუფლების მიერ აღებულ კურსს. ეს ვერ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი იმ ბრძოლაში, რის გამოც ჩვენ ყველანი ვართ რუსთაველზე და არამხოლოდ აქ.

შესაბამისად, ეს იქნება ჩვენთვისვე კონტრპროდუქტიული, რადგან ამ ადამიანებს ადგილზე გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ, მათ შორის, ამ თვალსაზრისითაც, რაც ახლა ვივარაუდეთ ინაუგურაციაზე: სავარაუდო შიდა წინააღმდეგობის გამო შემდეგ ხელისუფლებამ უარი თქვა მთელ რიგ გადაწყვეტილებებზე.

დემარშის და პატაკის დაწერის შემდეგ ჯარიდან წამოსული ოფიცერი კი ხდება რიგითი მომიტინგე. ჩვენ ეს ხალხი სისტემაში გვჭირდება. ჩვენ ამ ბრძოლის კულმინაცია ჯერ კიდევ წინ გველის, როგორიც შეიძლება იყოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

შეიარაღებული ძალების საპოლიციო ძალების ფუნქციით გამოყენება საგანგებო მდგომარეობის დროს, თუნდაც ზურგის მხარდამჭერ ოპერაციაში და არა წინა ფლანგზე, რუსთაველზე, არ უნდა მოხდეს და ამისთვის გვჭირდება ჩვენ სისტემაში ეს ადამიანები.

  • თუ ოფიცრებს ეტყვიან იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ დემონსტრანტები თითქოს სახელმწიფო გადატრიალებას ახდენენ და „ნაცმაიდანს“ აწყობენ, თქვენი აზრით, ოფიცრები ბრძანებას არ შეასრულებენ? პანდემიის დროსაც გამოიყვანა ხელისუფლებამ ჯარი. 

დარწმუნების მაღალი ხარისხით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის ამოცანას თავდაცვის ძალები არ შეასრულებენ, რაც დაკავშირებული იქნება მოქალაქეების წინააღმდეგ თუნდაც ირიბ მოქმედებასთან.

პანდემიის პერიოდში არ არსებობდა გამოგონილი საფრთხე. ოფიცრების დიდ ნაწილს დღეს გადასარევად ესმის, რომ ეს საფრთხე, რასაც „ქართული ოცნება“ საფრთხეს არქმევს, გამოწვეულია არჩევნების გაყალბებით და მათ მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის გამო.

მაიდანზე ისინი ისე ლაპარაკობენ, რომ არ უარყოფენ თვითონ იანუკოვიჩები რომ არიან. სხვათა შორის, იმ დროს, როცა იანუკოვიჩი რუსეთს ირჩევდა, რუსეთი გაცილებით მეტს სთავაზობდა მას ევროპის საპირწონედ, ვიდრე დღეს ჩვენ რამეს ვიღებთ. „ქართული ოცნების“ ძალა არ არის ის, რასაც ჩვენ ადგილზე ვხედავთ, „ოცნების“ გრავიტაციის ცენტრი არის მოსკოვში და ეფესბეში.

ამიტომაც, ნებისმიერი ამ ტიპის პროვოკაციისთვის, რუსულ მხარდაჭერას ვგულისხმობ, „ოცნების“ ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ეს ოფიცრები და თავდაცვის ეს ძალები გვჭირდება სისტემაში.

ადამიანებისთვის, რომლებიც არ იცნობენ ახლოს თავდაცვის ძალებს და სისტემას, შესაძლოა, რთული დასაჯერებელი იყოს, როგორ ჩერდებიან ოფიცრები ამ ხელისუფლების პირობებში. ისინი სწორედ ამ არგუმენტების გამო ჩერდებიან სისტემაში, რაც უკვე ვთქვი. მათი კოლექტიური მოქმედება ნიშნავს აჯანყებას, რაც სახიფათოა. მათი მხრიდან ინდივიდუალური მოქმედება კი, ნიშნავს სამხედრო ძალების დატოვებას, რაც გვასუსტებს ჩვენ, როგორც ქვეყანას.

  • ბოლო ფეისბუქპოსტში წერდით, რომ შეიარაღებული ძალების სამეთაურო რგოლი ინარჩუნებს ერთგვარ ავტონომიურობას. რამდენად ჩანს ამის პირობა, რომ ოფიცრები შეძლებენ საკუთარი პოზიციების დაცვას? 

პოლიტიკური სისტემა განსაკუთრებით ერევა მათ ცხოვრებაში. თავდაცვის მინისტრი სამინისტროდან აღარ გამოდის. ეს ნიშნავს გაძლიერებულ კონტროლს ოფიცერთა შემადგენლობაზე. საგანგებო რეჟიმში არ არიან, მაგრამ მუშაობს სამხედრო პოლიცია, კონტრდაზვერვა, გენერალური ინსპექცია, სუსი. ყველა ამ ხალხს უსმენს იმ შიშების გამო, რაც გასაგებია, რომ „ოცნებას“ აქვს.

ეს ავტონომიურობა აქამდე იდგა პოლიტიკურ და საკონსტიტუციო ჩარჩოზე, რაც გულისხმობს დემოკრატიულ კონტროლს. მეორე მხრივ, ავტონომიურობას სჭირდება რესურსი. ამ ავტონომიურობას განაპირობებდა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, პირველ რიგში და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, როგორც კონცეპტუალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.

მათ ეს რესურსი უკვე გამოეცალათ ავტონომიურობისთვის. საერთაშორისო მისიებში, სწავლებებში მონაწილეობა მათი ავტონომიურობის დაცულობას, მათ ჯავშანს ზრდიდა. დღეს ისინი აღმოჩნდნენ შიშველი ძალის წინაშე, როგორიც არის სამხედრო პოლიციის და კონტრდაზვერვის კონტროლი.

არც ერთ ოფიცერს არ უყვარს სამხედრო პოლიციელები და სამხედრო კონტრდაზვერვა, ესენი არიან მათი კონტროლისთვის შექმნილნი. ოფიცრები კი მოწოდებულნი არიან იმისკენ, რომ ქვეყანა დაიცვან.

ოფიცრობა არჩევანია, ეს ერთადერთი პროფესიაა, რომელიც გავალდებულებს ომის შემთხვევაში თავი გადადო. შეიძლება გადარჩე, მაგრამ სიკვდილს თვალებში უნდა ჩახედო. როცა ასეთ არჩევანს აკეთებს ადამიანი, მას ცოტა სპეციფიკური წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, სამყაროზეც.

ოფიცერთა ელიტა საქართველოში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა, მაგრამ ჩანასახოვანი მდგომარეობა ძალიან ძლიერია და ეს განაპირობა ჩვენი საგარეო პარტნიორების და უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს დახმარებამ.

ეს ხალხია პირველი სამიზნე, მაგრამ იციან, რომ ყველაზე მეტად გაუჭირდებათ ამ ინსტიტუციის ჩამონგრევა.

  • ჯარისთვის წითელი ხაზი იქნება, დაემორჩილებიან თუ არა საგანგებო მდგომარეობის დროს გაცემულ ბრძანებას? 

დიახ, ეს იქნება ცალსახად წითელი ხაზი. თუ სიგნალი ჯარმა „ქართულ ოცნებას“ გაუგზავნა ინაუგურაციის შესახებ დახურულ შეხვედრებზე და ასე შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ამას აკეთებენ ოფიცრები, მაშინ საგანგებო მდგომარეობის საერთოდ გამოცხადების საკითხი დგება ეჭვქვეშ. თუ მაინც გააკეთებენ ამას, ძალიან სერიოზულ ვა-ბანკზე წავა „ოცნება“ და ეს იქნება წითელი ხაზი ოფიცრებისთვის.

  • თუნდაც პარლამენტში არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უნდა მივიდეს შეიარაღებული ძალების სამეთაურო რგოლი?

ვისურვებდი, რომ თავდაცვის ძალების მეთაური არ ვნახო ამ არალეგიტიმურ პროცესში, მაგრამ თუ ეს ასე მოხდება, ამაში მე ტრაგედიას ვერ ვხედავ.

ჯარის მონაწილეობა ნებისმიერი ინაუგურაციაში ისედაც სიმბოლური ხასიათისაა. ამიტომაც ჩვენ ამ კუთხით საინფორმაციო თვალსაზრისით უნდა ვიყოთ მომზადებული. უნდა ვუთხრათ მათ შორის „ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ ეს არის ფიქცია, რომლის წინაშეც ხარკი მოიხადეს კონკრეტულმა ადამიანებმა და, მათ შორის, ოფიცრებმა…

ფაქტია, რომ ჩვენ, საზოგადოებამ ვერ ავირიდეთ თავიდან ის, რაც დაგვემართა. ამ შემთხვევაში თავდაცვის ძალების მეთაურის პასუხისმგებლობა უფრო მეტია, მაგრამ მან ამ ფიქციაში არმონაწილეობით შეიძლება უფრო მეტი პრობლემა შეუქმნას თავის თავს და თავდაცვის ძალებს, იმ ამოცანებს, რაც მომავალში შესაძლოა ამ ძალებს დაუდგეს, ვიდრე მონაწილეობით. ამიტომაც, ტრაგედიას ამ თვალსაზრისით ვერ ვხედავ.

  • რას ნიშნავს თქვენთვის ის ამბავი, რომ პარლამენტში იმართება „ოცნების“ პრეზიდენტის ინაუგურაცია? 

ეს ნიშნავს ყველაფერს, რასაც აქამდე „ოცნება“ აკეთებდა. მან დააჩქარა თავის დროზე რუსული კანონის შემოტანა, არჩევნების შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ შეწყვიტეს ევროკავშირთან ინტეგრაცია, მერე მოკლე ვადებში გადაწყვიტეს პრეზიდენტის არჩევა და მისი ინაუგურაცია. ივანიშვილს სურს სწრაფად ჩაიგდოს ხელში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და გადავიდეს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციაზე, რა ფორმითაც მას ეს წარმოუდგენია.

ივანიშვილი უშვებს, რომ დემონსტრაციულად პარლამენტის შეკრება, ე. წ. პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება, ახლა უკვე ინაუგურაცია ჩვენზე ისეთ ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენს, რომ ბრძოლისუნარიანობას დაასუსტებს, ანუ თქვენ ქუჩაში ხართ, მაგრამ მე მაინც გავაკეთებ იმას, რაც მინდაო.

დარწმუნებული ვარ, პირუკუ ეფექტი ექნება ამ ყველაფერს.

რუსეთისდროშიანი მისალოცის გამო საზღვაო აკადემიას ორი თანამშრომელი ტოვებს

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის მიერ თანამშრომლებისთვის რუსული დროშის გამოსახულებიანი მისალოცის ელექტრონულად გაგზავნის გამო აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და კიდევ ერთმა თანამშრომელმა სამსახური დატოვეს.

აკადემიის პრესსამსახურის ცნობით, მათ პირადი გადაწყვეტილებით, განცხადებით მიმართეს აკადემიის ხელმძღვანელობას სამსახურიდან განთავისუფლების მოთხოვნით.

„ინფორმაცია დასვენების დღეებთან დაკავშირებით, მილოცვასთან ერთად ელექტრონულ ფოსტაზე აკადემიის თანამშრომლებს გაუგზავნა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა, რომელსაც ამავე დეპარტამენტის თანამშრომელმა თავისი ინიციატივით თან დაურთო საძიებო სისტემიდან აღებული მისალოცი ბარათი.

ფაქტს მოჰყვა დაუყოვნებელი რეაგირება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის მხრიდან და მეილები სისტემიდან მალევე წაიშალა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, შეცდომა თანამშრომლის დაუკვირვებლობით მოხდა.

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და უშუალო შემსრულებელმა პირადი გადაწყვეტილებით განცხადებით მიმართეს აკადემიის ხელმძღვანელობას სამსახურიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით – აკადემიის ხელმძღვანელობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა”.

„ბათუმელებმა“ სცადა გაერკვია, რამდენად ნებაყოფლობით დაწერეს ამ პირებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა საზღვაო აკადემიის პრესსამსახურმა არც მათი ვინაობა გაასაჯაროვა და არც მათი საკონტაქტო ინფორმაცია მოგვაწოდა.

იმ შემთხვევაში, თუ ეს პირები გადაწყვეტენ განმარტებას, „ბათუმელები“ შემოგთავაზებთ მათ პოზიციას.

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ თანამშრმლებს რუსეთისდროშიანი მისალოცი გაუგზავნა – რექტორის განმარტება

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით საახალწლო მისალოცი გაუგზავნა, რომელზეც რუსული დროშაა გამოსახული. საახალწლო წერილი აკადემიაში დასაქმებულებს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სახელით მიუვიდათ.

მისალოცზე დართულ გამოსახულებაზე ასევე ჩანს რუსეთის მეზღვაურთა პროფკავშირის [seafarers union of russia] ლოგოც.

ფაქტს ადასტურებს საზღვაო აკადემიის რექტორი, მურთაზ დევაძე. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ შეცდომა მოუვიდა თანამშრომელს, რომელმაც მისალოცი გააგზავნა.

„ერთ-ერთმა მენეჯერმა გააგზავნა შეტყობინება და გუგლიდან ამოიღო მისალოცი, არ დააკვირდა… შემდეგ შეეცადა დაბრუნებას, წაშალა რა, მაგრამ შეეშალა რა, თვითონ მენეჯერს.

მე არ ვარ დღეს სამსახურში. ვინც ნახა ადგილზე, იმ წუთშივე უთხრა, რომ რაღაც შეცდომაა, არ არის კარგი… შეეშალა რა ვუყოთ, შეეშალა, არ უნდა ამოეღო გუგლიდან, ჩვენ გვაქვს გაკეთებული ჩვენი ბანერი და ის უნდა დაადოს, მაგრამ შეეშალა.

რომ ჩავალ, დანარჩენს გავარკვევ, რატომ აიღეს გუგლიდან და რატომ არ გამოიყენეს აკადემიის ოფიციალური. შეცდომა ხდება ყველგან, არ დააკვირდა, ამოიღო გუგლიდან, მოეწონა ფოტოზე გემი და საახალწლო მილოცვა მიამაგრა”, – განმარტა საზღვაო აკადემიის რექტორმა.

ფაქტის ამსახველი „სქრინი“ თავდაპირველად „აჭარა თაიმსმა“ მოიპოვა.

___

ამავე თემაზე:

„ბოდიში“ – ბათუმის მერი თავის მოხსენებაში რუსეთის რუკის გამოყენებაზე

წყლის სისტემის დაფინანსების შეჩერება თითოეულ ბათუმელზე აისახება – ოპოზიციის ბრიფინგი

ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის დაფინანსების შეჩერებას ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. მათ ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრებს „ოცნებიდან“ პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს: „დუმილი ახლა დანაშაულია“.

საქმე ისაა, რომ გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის ინფორმაციით, ბერლინმა საქართველოს მთავრობას 237 მილიონი ევროს პროექტები შეუჩერა. გერმანიის დაფინანსებით ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მერიას უნდა მოეწყო წყლისა და კანალიზაციის სისტემა, ასევე უნდა გაეფართოებინა ქალაქის გამწმენდი ნაგებობა.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ამ დაფინანსების შეჩერება უარყოფითად აისახება თითოეულ ბათუმელზე, ვინაიდან, მიმდინარე ფაზა ითვალისწინებდა: ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის მოწყობას.

ასევე, პროექტი ითვალისწინებდა წყლის თანამედროვე სისტემების მოწყობას ბათუმის მთელ ტერიტორიაზე, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას გარემოს დაბინძურებისა და მასზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად.

მეხუთე ფაზის პროექტის ღირებულება 78.8 მლნ ევროს შეადგენდა.

ოპოზიციის განცხადებით, „არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბებითა და ევროინტეგრაციის პროცესზე ღიად უარის თქმით, შექმნა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პოლიტიკური კრიზისი.

საქართველოს დე ფაქტო მთავრობას არ აქვს საერთაშორისო აღიარება, რაც აისახა კიდეც მილიონობით დოლარისა თუ ევროს დახმარებისა და შეღავათიანი კრედიტის შეჩერებით, რომელიც უნდა მოხმარებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდას, მოქალაქეთა უსაფრთხოებას, ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას, განათლებას, სოფლის მეურნეობას და ასე შემდეგ. მათ შორის შეფერხდა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება.

„მიგვაჩნია, რომ დუმილი ახლა დანაშაულია. მოვუწოდებთ, ბათუმის მერს და საკრებულოს წევრებს „ოცნებიდან“, ნაცვლად კონცერტების გამართვისა და საკუთარი მოქალაქეებისთვის პროვოკაციების მოწყობისა, დააფიქსირონ პოზიცია. მოვუწოდებთ ბათუმელებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, საპროტესტო მოძრაობაში კიდევ უფრო აქტიური ჩართულობისკენ.“

ოპოზიციის განცხადებით, მოთხოვნები უცვლელია: „რეჟიმის უკანონოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლება, ახალი სამართლიანი არჩევნები.“

ოპოზიციის ბრიფინგის საპასუხო კომენტარი მერიიდან ვერ მივიღეთ. მერიაში არ განმარტეს, როგორ აპირებენ პროექტის გაგრძელებას დაფინანსების შეჩერების პირობებში.

ნანა მალაშხია: „ეს იქნება ერთობის ჯაჭვი, რომ არასდროს შევეგუებით რუსულ რეჟიმს“

შაბათს, 28 დეკემბერს, მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით „ერთობის ჯაჭვის“ მოწყობას აპირებენ. „ჩასჭიდეთ ხელი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს, თანაქალაქელებს და შეუერთდით საამაყო ერთობას, რომელიც ისტორიაში დარჩება“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, გაფართოვდეს ეს წინააღმდეგობა. ადამიანებმა, რომლებიც დღეს ტელევიზორებიდან აკვირდებიან ამ პროცესს და სტაბილურობის შენარჩუნებაზე ლაპარაკობენ, მათაც უნდა იპოვონ საკუთარი თავი ამ პროცესში, მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან ხიდების გაბმა,“ – ამბობს ნანა მალაშხია, კოალიციის „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ქალი, რომელიც ანტირუსული აქციების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა – წყლის ჭავლის წინ ურყევად მდგომი მოქალაქე, ევროკავშირის დროშით ხელში.

ერთობის ჯაჭვის მნიშვნელობაზე „ბათუმელები“ ნანა მალაშხიას ესაუბრა:

  • ქალბატონო ნანა, საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით, რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ერთობის ჯაჭვის მოწყობას? 

ეს არის ერთობის ჯაჭვი, რომლითაც გამოვხატავთ ჩვენი ერთიანობის იდეას. ხელიხელჩაკიდებული ერთად დგომა გადამდებია, ეს ერთიანობის და სოლიდარობის აქტია. ყველამ უნდა დაინახოს თავისი თავი ამ ჯაჭვში, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ერთი მიზანი.

როცა ჩვენ ერთმანეთს ვხედავთ ხელიხელჩაკიდებულს, ერთმანეთის გვერდიგვერდ, ერთმანეთს ვავსებთ ენერგიით და ვაძლიერებთ. ეს არის გზავნილი ასევე ცივილური სამყაროსთვის, რომ ერთიანი ვართ ამ პროცესში.

სახალხო ჯაჭვით გამოვხატავთ პროტესტს არალეგიტიმური პრეზიდენტის მიმართ, ინაუგურაციის წინ. ჩვენი ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი, ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. უცვლელია ორი მოთხოვნა, რომ გაიმართოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ერთმანეთის გაძლიერება და უწყვეტობა ამ პროტესტში უკიდურესად მნიშვნელოვანია.

თუ ასე მწყობრად, თანმიმდევრულად გავაგრძელებთ პროტესტს, ამას ექნება შედეგი. ხალხს გაცნობიერებული აქვს, რომ ეს არაა ერთდღიანი ან ერთკვირიანი პროცესი. დღეს აქციებზე არავინ სვამს კითხვას: როდემდე? მოქალაქეები სკანდირებენ „ბოლომდე”.

შედეგი ჩვენ უკვე გვაქვს სახეზე, ესაა არაღიარება და მკაცრი შეფასებები არჩევნებთან დაკავშირებით ცივილიზებული სამყაროსგან, პარტნიორებისგან. მკაცრი შეფასებები ე.წ. ხელისუფლების მიერ მომიტინგეების სასტიკ დარბევასთან, არაადამიანურ მოპყრობასთან, რეპრესიებთან დაკავშირებით, თუნდაც Human Rights Watch-ის დღევანდელი განცხადება რომ ავიღოთ, ამას აჩვენებს. მშვიდობიანი წინააღმდეგობა, ხალხის უწყვეტი პროტესტი არის გადამწყვეტი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

საპროტესტო ჯაჭვი აჩვენებს იმასაც, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც დღეს ქუჩაშია. სამწუხაროდ, პროტესტი გადმოსულია სრულად ქუჩაში, მეტი რესურსი არ არის ამ რუსული რეჟიმის პირობებში. პოლიტიკური პროცესი დღეს ქუჩაშია და მის სათავეშია საქართველოს პრეზიდენტი. ამიტომაც ქუჩაში დგომას აქვს უდიდესი მნიშვნელობა.

  • ერთობის ჯაჭვი მოეწყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დღეებშიც. რა სიმბოლური დატვირთვა შეიძინა ასეთი ჯაჭვის მოწყობამ? 

ძალიან მნიშვნელოვანია ჯაჭვის მოწყობა. ეს აჩვენებს, პირველ რიგში იმას, რომ არ ვეგუებით და არც არასდროს შევეგუებით რუსულ რეჟიმს საქართველოში.

მახსოვს 1989 წელს ბალტიისპირეთის 3 ქვეყანის ტერიტორიაზე უწყვეტი ჯაჭვი, მაშინ 13 წლის ვიყავი და ეს კადრები არ ამომდის თავიდან. საბჭოთა კავშირის, ტოტალიტარული სისტემის დანგრევაც არ წარმოედგინა ბევრს, მაგრამ პროტესტს ყოველთვის მოაქვს საბოლოოდ შედეგი.

მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს, გაფართოვდეს ეს წინააღმდეგობა. ადამიანებმა, რომლებიც დღეს ტელევიზორებიდან აკვირდებიან ამ პროცესს და სტაბილურობის შენარჩუნებაზე ლაპარაკობენ, მათაც უნდა იპოვონ საკუთარი თავი ამ პროცესში, ამ წინააღმდეგობაში.

მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან ხიდების გაბმა. 7 ხიდი იქნება თბილისში, სადაც იქნება ეს ჯაჭვი. ჩემთვის ეს ხიდი იმ მოქალაქეებთან მისასვლელი გზაცაა, რომლებმაც საკუთარი თავი ამ წინააღმდეგობაში უნდა დაინახონ.

  • მათ შორის საჯარო მოხელეებსაც გულისხმობთ? თქვენ საჯარო სექტორში მუშაობდით, როცა ევროკავშირის დროშით ხელში გამოჩნდით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე. 

ჩვენ, ყველას გვაქვს ერთი სამშობლო და ერთი მიზანი: განვითარებული, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობა. ვხედავთ, რომ ყოველდღიურად იზრდება ეს პროტესტი. ესენი ხომ სულ თავების თვლაზე არიან გადასულები. ფაქტია, რომ პროტესტი საზოგადოებაში ბევრად მეტია, ვიდრე ის რაოდენობა, რასაც თბილისსა თუ ბათუმის ქუჩებში ვხედავთ.

საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი დღეს ჯერ კიდევ ღიად ვერ აფიქსირებს პროტესტს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისტორიაში პირველად საჯარო მოხელეებმა გამოხატეს პროტესტი. ჩემი ნატვრაც ესაა, რომ რაც შეიძლება მეტი საჯარო მოხელე გაემიჯნოს რუსულ რეჟიმს – საჯარო მოხელეებზე დგას სახელმწიფოს ფუნქციონირება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი საჯარო მოხელის პროტესტი ვიხილოთ.

საჯარო სექტორიც უნდა დავინახოთ იმ ჭრილიდან: რა გვქონდა წარსულში და დღეს ისინი პროტესტს გამოხატავენ. ნელ-ნელა ეს წრე გაფართოვდება. ჩვენ მხარდაჭერა უნდა გამოვხატოთ საჯარო მოხელეების მიმართ. თავად საჯარო მოხელეებმაც უნდა გაიაზრონ, რომ რეჟიმი ყველას მიწვდება, ვინც პარტიის ერთგული არ იქნება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” ცვლილება საჯარო სექტორის პარტიულ გავლენებს უკიდურესად ზრდის, მოხელეებს მოწყვლადად აქცევს, მათ შეუძლიათ არასასურველი მოხელის გათავისუფლება ყოველგვარი სოციალური გარანტიების გარეშე. ამასთანავე, მოხელეებს მხარდაჭერა ჩვენმა კოალიციამაც, ასევე, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და ფონდებმაც სამართლებრივი და ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადეს.

  • რამ შეიძლება გააძლიეროს ეს წინააღმდეგობა, რა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი? 

მე აქტიურად დავდივარ ამ აქციებზე და ჩანს, რომ მოქალაქეებს ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, რასთან გვაქვს საქმე. ამ პროტესტის მამოძრავებელი ძალა ბრაზია, რომელიც ვეღარ გაქრება.

ეს პროცესი უცებ არ სრულდება. ნეტა, ვცდებოდე და დასრულდებოდეს ეს ყველაფერი ახალ წლამდე, მაგრამ ასე ვერ ვხედავ, ეს გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ ვხედავთ, როგორ ძლიერდება ეს პროცესი. უკვე 2 ათასზე მეტი ბიზნესკომპანია შეუერთდა წინააღმდეგობას.

შესაძლოა, ყველას არ შეუძლია აქციაზე გამოსვლა, სხვადასხვა მიზეზია, არამხოლოდ გამბედაობა, მაგრამ მნიშვნელოვანია რაღაც ფორმით პროტესტში ჩაბმა.

ჩვენ ყველას მივიღებთ ერთობის ჯაჭვში და ჩავკიდებთ ხელს.

აუცილებლად უნდა იჩივლონ ბავშვებმა – რას ამბობს ბავშვთა უფლებადამცველი „ოცნების“ რეპრესიულ კანონზე

„ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა მთავრობამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომლის ერთ-ერთი – 173-ე მუხლი პირდაპირ ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებებს. კერძოდ, ბავშვის სიტყვისა და გამოხატვის, ასევე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის უფლებას.

ადამიანის უფლებათა ადვოკატი ანა არგანაშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ „თუ ბავშვები გრძნობენ, რომ მათ უნდათ აქციაზე გასვლა, მაგრამ კანონმდებლობაში შესული ეს ნორმა ხელს უშლით, მიმართონ სასამართლოს, ასევე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს“.

როგორ უნდა დაიცვან თავი ბავშვებმა არალეგიტიმური კანონების გავლენისგან? – ამ თემაზე ესაუბრა ანა არგანაშვილს „ბათუმელები“.

  • ანა, როგორც ვიცით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც აჯარიმებს მშობელს, თუ არასრულწლოვანი საპროტესტო აქციაზე „არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას“. ჯარიმა 100-300 ლარია. ეწინააღმდეგება თუ არა ეს ჩანაწერი ბავშვის უფლებებს და რატომ?

პირველ რიგში, ის უნდა ვთქვათ, რომ ეს მუხლი სამართლებრივად გაუმართავია და საერთოდ ამოვარდნილია ბავშვთა უფლებების სამართლებრივი ჩარჩოდან.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს 172-ე მუხლი, რომელიც ბავშვს იცავს მშობლის მხრიდან უგულებელყოფისგან. მუხლს ჰქონდა ასეთი შინაარსი, რომ თუ მშობელი ბოროტად არ აკმაყოფილებდა ბავშვის საჭიროებებს, მაგალითად, ვერ უზრუნველყოფდა საკვებით ან დაარღვევდა ბავშვის ინტერესებს, იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა მშობლის მხრიდან ეს უგულებელყოფად და მშობელი დაჯარიმდებოდა. უგულებლყოფა არის ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა.

ამიტომ ამ მუხლის მიზანში ვერაფრით ვერ ჩაჯდება ის, რომ, მაგალითად, ბავშვი მიდის აქციაზე, იქ პოლიციას შეეწინააღმდეგება და ამის გამო ჯარიმდება მშობელი. რატომ: იმიტომ, რომ ბავშვის აქციაზე გაშვებით მშობელი არ არღვევს ბავშვის უფლებას და არ ახდენს მისი ინტერესების უგულებელყოფას.

პირიქით, ბავშვთა უფლებების ეროვნული და საერთაშორისო ჩარჩოს მიხედვით, მშობელმა არ უნდა აუკრძალოს ბავშვს თავისი სამოქალაქო უფლებების განხორციელება, ანუ მშვიდობიან აქციაზე წასვლა, გარდა საგამონაკლისო შემთხვევისა, როდესაც ბავშვს ემუქრება რეალური და მყისიერი საფრთხე. შესაბამისად, მშობლის მხრიდან უგულებელყოფას მაშინ ექნება ადგილი, თუ ის ვერ უზრუნველყოფს ბავშვის ყველა უფლების, მათ შორის, სამოქალაქო უფლებების განხორციელებას.

მშობელს არ შეუძლია სამართლებრივად ბავშვს უთხრას, რომ შენ არ გაქვს უფლება გამოხატო აზრი. პირიქით, მშობელმა უნდა ასწავლოს ბავშვს, როგორ უნდა გამოხატოს აზრი და დაიცვას თავისი სამოქალაქო პოზიცია უსაფრთხოდ და ხელი შეუწყოს ამაში. ბავშვის მონაწილეობა აქციაში არის ბავშვის პიროვნული განვითარების ნაწილი. ჩვენ ხომ ვერ ვეტყვით ბავშვს, ისე გაიზარდე, რომ არაფერზე შენი აზრი არ დააფიქსირო, კითხვები არ დასვა. კითხვების დასმის განსხვავებული ფორმაა აქციაში მონაწილეობაც.

ბავშვის მონაწილეობა აქციაში არის ბავშვის პიროვნული განვითარების ნაწილი. ჩვენ ხომ ვერ ვეტყვით ბავშვს, ისე გაიზარდე, რომ არაფერზე შენი აზრი არ დააფიქსირო, კითხვები არ დასვა. კითხვების დასმის განსხვავებული ფორმაა აქციაში მონაწილეობაც.

  • შეწყვიტე კრიტიკული აზროვნება – ამას ეუბნება მთავრობა ბავშვებს ამ ჩანაწერით?

ამიტომ გაითვალისწინა გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციამ ბავშვის გამოხატვის თავისუფლება, რომ არ შეიძლება ამის შეზღუდვა.

პირიქით, მშობელი ვალდებულია აუხსნას ბავშვს, როგორი მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობა, ბავშვობიდან მიაჩვიოს მოქალაქეობას. უფრო მეტიც, გაეროს ბავშვთა ფონდს აქვს განმარტებები და ერთ-ერთ მუხლში წერია, რომ მარტო მშობელი კი არა, პოლიციაც ვალდებულია ხელი შეუწყოს ბავშვს, მიიღოს აქციაში მონაწილეობა.

ასევე ვალდებულია მასწავლებელი და სკოლაც ბავშვს ხელი შეუწყოს საკუთარი აზრის გამოხატვაში და აქცია მანიფესტაციაში მონაწილეობაში. ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ აქციაში მონაწილეობის გამო ბავშვის სხვა უფლებები უნდა დაირღვეს, მაგალითად, ბავშვის განათლების ან უსაფრთხოების უფლება. პირიქით, ბავშვის ყველა უფლება უნდა იყოს დაცული და ბავშვმა ისე უნდა მიიღოს აქციაში მონაწილეობა, რომ მისი სწავლა არ დაზიანდეს, ის არ დაექვემდებაროს რაიმე ტიპის ძალადობას. აქციაში მონაწილეობა სწავლის ფორმაა, თუ ამას სწორ ადგილს უპოვის სკოლა და როლს მიანიჭებს ბავშვის სამოქალაქო განათლებაში.

კიდევ ერთი საინტერესო საკითხი, რომელიც მინდა გამოვყო არის ის, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, თუ ბავშვს არ მიუღწევია 16 წლისთვის, მაშინ მას ვერ დაეკისრება ამ კოდექსის ვერცერთ დარღვევაზე პასუხისმგებლობა. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვი ვერ ჩაიდენს ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას (ვერ დააჯარიმებენ და ვერ დააკავებენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო), როცა ის 16 წელზე პატარაა.

ეს ნიშნავს, რომ თუ ბავშვს არ მიუღწევია 16 წლისთვის, მაშინ ვერც მის მშობელს დააჯარიმებ ახალი ცვლილებით. შესაბამისად, თუ ამ ახალ ცვლილებას აქვს ბავშვების დაცვის მიზანი, ის საერთოდ ვერ აღწევს ამ მიზანს. საინტერესოა, ამ ნორმის რაიმე სხვა განმარტებას თუ შემოგვთავაზებენ.

  • ბათუმში, საპროტესტო აქციებში მონაწილე მოსწავლეები გვიყვებოდნენ, რომ პირიქით ხდებოდა სკოლებში. მათ ხელს უშლიდა სკოლის ადმინისტრაცია და ემუქრებოდნენ კიდეც, თუ წავიდოდნენ აქციებზე. 

თუ ვინმე ეუბნება ბავშვს, რომ აქციაზე წასვლა და მონაწილეობა საფრთხის შემცველია, მაშინ შეუქმნან ბავშვებს ისეთი პირობა, რომ საფრთხე არ დაემუქროთ. რომ არ აღმოჩნდეს ბავშვი რისკის ქვეშ, რომ არ მოხვდეს დარბევაში და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ თავისი არსით აქციები, სადაც ბავშვები მონაწილეობენ იყო და უნდა იყოს, ყოველთვის მშვიდობიანი.

პირიქით, ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, რომ ბავშვს შეუწყოს ხელი სამოქალაქო უფლებების განხორციელებაში.

ასეთ დროს ძალიან მარტივი კითხვა უნდა დასვას ნებისმიერმა მშობელმა ან ბავშვმა: როგორ მიწყობ ხელს, რომ წავიდე და მივიღო მონაწილეობა?

  • სკოლას აქვს ასეთი არგუმენტი – მე ვარ პასუხისმგებელი შენ უსაფრთხოებაზე სკოლის კედლებში და აქციაზე რომ რაიმე მოგივიდეს, მე უნდა ვაგო პასუხი?

მშობელი, სკოლის ადმინისტრაცია და პოლიცია ერთად უნდა ქმნიდნენ იმ პირობებს, რომ ბავშვმა შეძლოს მონაწილეობა საპროტესტო აქციაში. რა თქმა უნდა, მშობელი უნდა იყოს საქმის კურსში, ხოლო სხვა უწყებების (განათლების, პოლიციის) ვალდებულებაა ბავშვებისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, რომ ბავშვმა შეძლოს მონაწილეობა.

ეს ყველაფერი ოდესმე მივა სასამართლომდე და თუ ეროვნული სასამართლო არ იმსჯელებს ამაზე, მაშინ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი ან ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო იმსჯელებს, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ბავშვები არიან ადამიანის უფლებების და  გარემოს დაცვის ავანგარდში. ვიცით, რომ უკვე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს აქვს გადაწყვეტილებები უფლებადამცველი ბავშვების შესახებ და მეტსაც გეტყვით, კომიტეტი მიმართვასაც უგზავნის ამ ბავშვებს, რომ დაეხმაროს მათ ამ უფლებების დაცვაში.

ანუ ბავშვების სტატუსი იყვნენ უფლებადამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და ცვლილებების მომთხოვნი ქვეყანაში, ეს აღიარებული სტატუსია და მას იცავს საერთაშორისო სასამართლოები.

ამიტომ აქციაში ბავშვის მონაწილეობის და სამოქალაქო აქტივიზმის შეზღუდვა არის სერიოზული დარღვევა. ხომ ვერ ვიტყვით, რომ „ბავშვს უნდა სცემო“, ასევე ვერ ვიტყვით, რომ ბავშვი არ უნდა იყოს უფლებადამცველი. აი, ამ დონის დარღვევაზეა აქ საუბარი.

  • მშობლის დაჯარიმება არალეგიტიმური მთავრობის მხრიდან რა განაცხადია?

ჩვენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი 1980-იანი წლებისაა და დაჯარიმება საბჭოთა ინსტრუმენტია მოქალაქეობის ჩასაკლავად. როგორც საია მიუთითებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებული ფორმით მოქმედება ყოველდღიურად იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას. ახლა ამ დარღვევებში ღირსეული ადგილი დაიკავა ბავშვთა უფლებების დარღვევამაც. კოდექსში შეტანილი ეს ცვლილება მის ამოქმედებამდე უკვე დარღვევაა და როცა ამოქმედდება, სისტემურ დარღვევაში გადავა.

ჩვენ წინასწარ ვეუბნებით ხელისუფლებას, ნუ გააკეთებ ამას, რადგან ქვეყანა იხევს უკან ბავშვთა უფლებებში.

ეს ცვლილება ეწინააღმდეგება ახლახან მიღებულ „ბავშვთა უფლებათა კოდექსსაც“, რომლის მე-17 მუხლში წერია, რომ ბავშვს აქვს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. როგორ მიიღებს ის მონაწილეობას, თუ შენ წინასწარ დააშინებ, არ წახვიდე, თორემ დავაჯარიმებ შენს მშობელსო.

კიდევ ერთ ასპექტს მინდა გავუსვა ხაზი: პოლიციას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა აქციაზე ბავშვების მიმართ. ბავშვი არ შეიძლება მოჰყვეს არც საპოლიციო ღონისძიებაში, არც დარბევაში. ანუ თვითონ ის ფაქტი, რომ ბავშვს შეიძლება მოუწიოს რამეზე წინააღმდეგობის გაწევა, წარმოუდგენელია.

როცა ბავშვი მონაწილეობს აქციაში, იქ უნდა იყოს სრულიად უსაფრთხო გარემო და თუ ვინმე ინდივიდუალურად ურევს ამ უსაფრთხო გარემოს, ინდივიდუალურად უნდა გააჩეროს პოლიციამ. არ შეიძლება ბავშვის მიმართ პოლიცია მოქმედებდეს როგორც ზრდასრულის მიმართ და აკავებდეს ან აჯარიმებდეს მას.

  • როგორ ფიქრობთ, ეს რეპრესიული მექანიზმი იმიტომ ჩადეს, რომ მშობელმა იზრუნოს ბავშვის საპროტესტო მუხტის ჩახშობაზე?

რა თქმა უნდა. უბრალოდ, მე როგორც იურისტი, სამართლებრივ გაუმართაობას ვუსვამ ხაზს, რადგან რეალურად ეს არის ნორმა, რომელიც შექმნეს დღევანდელობისთვის და ამიტომ აქვს მას ასეთი სუსტი იურიდიული დასაბუთება.

მინდა გითხრათ, რომ მოვისმინე ამ ცვლილების როგორც საკომიტეტო, ისე პირველი, მეორე და მესამე მოსმენის აუდიოფაილი პარლამენტში და არსად არ უმსჯელიათ ამ სამართლებრივ ხარვეზებზე ან საერთოდ ამ ცვლილების შემოტანის ლოგიკაზე. ასევე არ არის განმარტებული ამ ცვლილების აუცილებლობა და ლოგიკა კანონპროექტის განმარტებით ბარათში. სავარაუდოდ, ის ხარვეზები, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ეუხერხულათ, რომ ჩაეწერათ და, უბრალოდ, არაფერი არ ჩაწერეს.

  • ანუ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე სამართლებრივი?

ასე გამოდის. თუ ეს ცვლილება ეწინააღმდეგება სამართლებრივ ლოგიკას, სამართლებრივ ჩარჩოს, ბავშვების ინტერესს, გამოდის, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე და ეს არის უკანდახევა ადამიანის უფლებების კუთხით.

ეს არის სისტემური დარღვევა ბავშვის უფლებების, რომელიც გამოიხატება ბავშვების დაშინებაში.

  • ბავშვებმა დაგვისვეს ასეთი კითხვა – „თუ დავდგებით საპროტესტო აქციაზე, მართლა დაგვაჯარიმებს პოლიცია მხოლოდ იმიტომ, რომ აქციაში ვმონაწილეობთ? რა შეგიძლიათ უთხრათ მათ, რადგან ფაქტია, რომ ამ ჩანაწერმა შიში გააჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩანაწერი არასწორია, თუ ეს ახალი საკანონმდებლო ნორმა აღასრულეს, ბავშვები მნიშვნელოვნად დაზიანდებიან. პარლამენტმა დაუშვა ის, რომ ბავშვები დაზარალდნენ ამ კანონით.

  • თუ შეიძლება, რომ ბავშვებმა ამ ჩანაწერის გამო უჩივლონ სახელმწიფოს?

აუცილებელია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ამ კანონის და მისით გამოწვეული შეზღუდვის ეფექტური გასაჩივრების საშუალება. პირდაპირ ამბობს კონვენცია, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩათვალო, რომ შენი უფლება დაცულია, თუ შენ ჩივილი არ შეგიძლია.

ბავშვებს, რომლებიც დააშინეს მათი გამოხატვის და აქციაში მონაწილეობის გამო ან დაემუქრნენ მისი ან მშობლის დასჯით (მაგალითად, დაჯარიმების ფორმით), შეუძლიათ უჩივლონ მათ, ვინც ეს ქმედება განახორციელა.

ამისათვის უნდა მიმართონ სასამართლოს პირდაპირ ან არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ შეუძლიათ ადვოკატის გარეშეც შეავსონ „სასამართლოსადმი მიმართვის ბავშვზე მორგებული ფორმა“ (ინტერნეტში იძებნება, ეს ფორმები განთავსებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სხვადასხვა სასამართლოს ვებგვერდებზე), მიიტანონ სასამართლოში და ჩააბარონ. ასევე შეუძლიათ, მოითხოვონ უფასო იურიდიული დახმარება იურიდიული დახმარების სახელმწიფო სამსახურისგან.

თუ სასამართლო არ მოუსმენს და არ იქნება მათთვის ხელმისაწვდომი, პირდაპირ შეუძლიათ დაუკავშირდნენ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს წერილით. ამ წერილის დაწერის წესი ასევე ატვირთულია გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ვებგვერდზე. ინდივიდუალურადაც შეუძლიათ ბავშვებს ამის გაკეთება და ადვოკატის დახმარებითაც. ეს ძალიან კარგი წესი აქვს გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტს, რომ უშუალოდ ბავშვებს შეუძლიათ მიმართვა.

ამიტომ, თუ ბავშვები გრძნობენ, რომ უნდათ აქციაზე გასვლა, მაგრამ აი ეს ნორმა ხელს უშლით, აუცილებლად უნდა მიმართონ სასამართლოს დღესვე და შემდეგ უკვე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 779 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 600]
  • ტანკი – 9 628 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 19 923 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 21 333 ერთეული [+10]
  • MLRS – 1 256 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 030 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 908 ერთეული [+74]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 948 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 32 117 ერთეული [+31]
  • სპეცტექნიკა – 3 667 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 650 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 38 539 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 969 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 991 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 490 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

13 იანვრამდე „ოცნებამ“ უქმე დღეები გამოაცხადა

„ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ პირველიდან 13 იანვრამდე უქმე დღეები გამოაცხადა.

კერძოდ, 24 დეკემბრით დათარიღებული დადგენილების თანახმად, უქმე დღეებად გამოცხადდა 2025 წლის 3, 6, 8 და 10 იანვარი. აქამდე დასვენების დღეები იყო პირველი, 2 და 7 იანვარი.

შესაბამისად, 13 იანვრამდე ადმინისტრაციულ ორგანოებში უქმე დღეები ცხადდება. ამ პერიოდში შედის შაბათ-კვირაც [4-5 და 11-12 იანვარი].

„ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას“ – ვკითხულობთ დადგენილებაში.

დადგენილება, რომელსაც ხელს „ოცნების“ პრემიერი, კობახიძე აწერს, არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

წინასაახალწლო პერიოდში საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. უკვე 27 დღეა თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარეობს აქციები, სადაც ხელახალ არჩევნებსა და აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

_________________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან, 2024 წლის დეკემბერი. ფოტო: „ნეტგაზეთი“

 

როგორ სცემა ღვინისა და შოკოლადის მწარმოებელ ძმებს პოლიციამ

ერეკლე ლოლაძე მათ შორისაა, ვისაც აქციაზე სპეცრაზმისგან მიყენებული დაზიანებების შემდეგ ოპერაცია დასჭირდა. მას ორივე ყბის ძვლის ორმხრივი მოტეხილობა ჰქონდა, დაზიანებული ჰქონდა ცხვირიც.

აქციაზე მასთან ერთად იმყოფებოდა ერეკლეს ძმა, გიორგი ლოლაძეც, მასაც სცემეს და შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ერეკლე კი ჯერ სამმართველოში გადაიყვანეს და იქ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი. ერეკლე მცირე ბიზნესის – „ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობის“ დამფუძნებელი და Mouth Melters-ის თანადამფუძნებელია. „Mouth Melters“ შოკოლადის მწარმოებელია.

„მე და ჩემი ძმა აქციებს ინტენსიურად ვესწრებით გაზაფხულიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დაწყებიდან დღემდე. 28 ნოემბრიდან გავედით აქციაზე, მას შემდეგ, რაც გაკეთდა განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტაზე. 30 ნოემბერს ღამის პირველის ნახევარზე დაგვაკავეს მე და ჩემი ძმა. როდესაც დაიწყო დარბევა, მე და ჩემი ძმა ვიყავით ლესია უკრაინკას ქუჩაზე.

ჩასაფრებასავით მოაწყვეს ეზოში. როცა წამოვიდნენ, აქციის მონაწილეების ნაწილი გაიქცა, მე და ჩემი ძმა არ გავქცეულვართ. ვიფიქრეთ, რომ მაქსიმუმ დაგვაკავებდნენ, მეტი რა უნდა ექნათ. არც წარმოგვედგინა, რომ ასე გაგვისწორდებოდნენ. ეს დაკავება არ იყო, პირდაპირ ფიზიკურად გაგვისწორდნენ“.

ერეკლე ლოლაძეს წაქცეულს სცემეს, თავზე ურტყეს, სახეზე წიწაკის სპრეი ასხეს, დაკავების მანქანამდე თრევით მიიყვანეს. ერეკლე ლოლაძე და მისი ძმა არ გადაუყვანიათ ე.წ. მარშუტკებში, რომლებზეც რამდენიმე აქციის მონაწილე ჰყვება, რომ იქ სპეცრაზმელები სცემდნენ დაკავებულებს.

„ჩვენ ჯერ გაგვისწორდნენ სპეცრაზმელები, შემდეგ მიგვიყვანეს რობოკოპების კორდონთან, სადაც კორიდორი მოგვიწყვეს. საკმაოდ დიდი ხანი ორგანიზებული ჯგუფები გვცემდნენ. ჩემს ძმას ძირითადად დაჟეჟილობები ჰქონდა. თვალის არეში ჰქონდა შეშუპებები და სისხლჩაქცევა“.

ერეკლეს ტელეფონი არ დაუკარგავს, როგორც თავად გვიყვება, ტელეფონი დაკარგა ძმამ: „მას დაკავების მომენტში ამოუღეს ტელეფონი, ახლა ფიქსირდება გულუას ქუჩაზე სამმართველოში“.

ცემისა და საავადმყოფოში მოხვედრის პარალელურად ერეკლე ლოლაძეს თავისი მცირე ბიზნესის გაჩერებაც მოუწია.

„ადამიანები ამდენი ხანია აპროტესტებენ, არ არიან ორიენტირებული სადღესასწაულო დღეებზე. ამ პერიოდში პრიორიტეტი აქვთ, ორიენტირებულები არიან, რომ კურსის ცვლილებას შეეწინააღმდეგონ. ეს განწყობა, ბუნებრივია, აისახება ნებისმიერი ბიზნესის კეთილდღეობაზე. თუ მოსახლეობა არ იქნება როგორც მომხმარებელი, ბუნებრივია, იქნება ჯაჭვური შედეგი…

ჩვენ გავაჩერეთ წარმოება, მართვაში ვინც ვმონაწილეობდით, მე კლინიკაში ვიყავი და ჩემი ძმა  – ციხეში. რამდენიმედღიანი ქაოსი გადავაგორეთ და შეგვეძლო გაგვეგრძელებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი პასუხისმგებლობაც არის, რომ იმ ადამიანებთან ერთად ვიყოთ, ვინც რუსთაველზეა“.

ერეკლე ლოლაძეს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მისი ძმა, გიორგი ლოლაძე კი დააჯარიმეს:

ერეკლე ამბობს, რომ პოლიციის ჩვენებით, თითქოს ის და მისი ძმა უმისამართოდ იგინებოდნენ: „დაკავების ადგილად სხვა ქუჩა ჰქონდათ მითითებული. ჩვენ დაგვაკავეს ლესია უკრაინკას ქუჩაზე, მაგრამ ჭიჭინაძე მიუთითეს. ჩემზე ერთ-ერთ მოწმეს გაუჭირდა ეთქვა, რომ შევაგინე, ძნელია მათზე ეს თქვა, მაგრამ ალბათ კეთილსინდისიერი იყო. მეორე მოწმემ დამადანაშაულა, თითქოს ხან ტროტუარზე დავრბოდი გინებით, ხან ისე, ხან – ასე, ამ ტიპის ბრალდებები იყო“.

ერეკლე ლოლაძე ამბობს, რომ ბრძოლას არ წყვეტს, მან ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საავადმყოფოდან დაწერა:

„ვერცერთი ჭრილობა და მოტეხილობა ვერ იქნება იმაზე დიდი ტკივილი, ვიდრე თავისუფლების დაკარგვა!
ყველაფერი ადვილი აღსადგენია, ბიზნესიც, სამსახურიც და ჯანმრთელობაც, მაგრამ ქვეყნის რუსეთზე გადაბარება ბევრად ძვირი დაგვიჯდება, ამიტომ გარეთ!
ყველაზე მხდალი ხალხია ჩვენ წინააღმდეგ, მოპარვით, ნიღბებით სულ ცოტა 50-მა კაცმა გვცემა მე და ჩემი ძმა, დაბლა დაყრილზე ფეხებით გვივლიდნენ.
ორივე ყბა მომტეხეს, ჩემი ძმა წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ.
ბრძოლას ვაგრძელებთ!
დიდება საქართველოს!
თავისუფლება ჩვენია!“

რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 22 მილიონი

ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე, ქვაფენილს აყრიან და ასფალტის საფარს დააგებენ, ქალაქის ბიუჯეტიდან კი, ჯამში 22,3 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სამუშაოები მთლიანობაში შეეხება ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის კვეთიდან [საბაგიროს სადგურიდან] ჯავახიშვილისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთამდე მონაკვეთს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი / ფოტო ტენდერიდან

სამუშაოები ტენდერებში გამარჯვებულებთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 10 იანვრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 2 ტენდერი აქვს გამოცხადებული.

ერთი ტენდერი 12 906 207 ლარით [ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი] და მეორე ტენდერი 9 415 400 ლარით [პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი].

ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 9 იანვარს დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება.

პროექტში აღნიშნულია, რომ:

„დღევანდელი მდგომარეობით ზემოაღნიშნულ ქუჩებზე საგზაო სამოსი წარმოდგენილია ქვაფენილით, რომელიც ძლიერ დაზიანებულია და მასზე გადაადგილება დისკომფორტს იწვევს მოძრავი ტრანსპორტის მძღოლებსა და მგზავრებში, რის გამოც გადაადგილების სიჩქარე მცირდება და წარმოიქმნება საცობები.

ქვაფენილის შესაკეთებლად მუდმივ რეჟიმში ხორციელდება მონაკვეთებად ქვაფენილის დაშლა და ჯდენების შევსება, რაც დამატებით დისკომფორტს და საცობებს იწვევს [აღსანიშნავია, რომ მერიამ სწორედ საცობის პრობლემის მოგვარების საბაბით აყარა ქვაფენილი ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზეც. ქვაფენილს კი მერია აუქციონზე ჰყიდის ან ეკლესიას ჩუქნის].

შესაკეთებელია ასევე ტროტუარებზე საფარი, რომელიც ასევე დაზიანებულია და საჭიროებს შეკეთებას.

საპროექტო მონაკვეთზე რეაბილიტაციას საჭიროებს ასევე სანიაღვრე ქსელი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით მოწყობილია მცირე დიამეტრის წყალგამტარი მილებით და ხშირად იჭედება, ასევე არასაკმარისი რაოდენობითაა მოწყობილი წყალმიმღები ჭები.

რეაბილიტაციას საჭიროებს ასევე მოძრაობის ორგანიზაციის საშუალებები [შუქნიშნები, საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნა და ა.შ].“

აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ სარეაბილიტაციო მონაკვეთში ქვაფენილის ნაცვლად მოეწყობა „სამფენიანი ასფალტბეტონის საფარი სისქით 5+6+6 სმ.“

  • „საპროექტო გზის ორივე მხარეს ეწყობა ცვალებადი სიგანის ტროტუარები, რომლებზეც პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ტრავერტინისა და ბაზალტის ფილების კომბინირებული საფარის მოწყობა;
  • ზედაპირული წყლების მოსაცილებლად გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის მოწყობა, რომელიც დაერთებულია არსებულ სანიაღვრე კოლექტორებზე;
  • გზის გამტარუნარიანობის ასამაღლებლად და მოძრავი ნაკადების უკეთ ორგანიზებისათვის ოთხ ლოკაციაზე კერძოდ კი რუსთაველის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე, რუსთაველის გამზირისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, რუსთაველის გამზირისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების გადაკვეთაზე და შერიფ ხიმშიაშვილის გამზირისა და ჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე გათვალისწინებულია ე.წ „ჭკვიანი შუქნიშნების“ მოწყობა“.

პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია არსებული საკომუნიკაციო ქსელების მეპატრონეებთან დადგინდეს მათ საკუთრებაში არსებული ქსელების მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ამორტიზებული და დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია, რათა შემდგომში თავიდან ავიცილოთ ახლად რეაბილიტირებული გზის გადათხრა“.

იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტში ბათუმის ბიუჯეტიდან ცალკე 494 ათასი ლარია გადახდილი შპს „პროჯეკტ კომპანისთვის“. სამუშაოები ამ კომპანიის მიერ მომზადებული პროექტით უნდა შესრულდეს.

რუსთაველის და გოგებაშვილის ქუჩებიდან ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლების შემდეგ ძველ ბათუმში რამდენიმე ქვაფენილიანი ქუჩა დარჩება, მათ შორის მემედ აბაშიძის გამზირი.

ქალაქის ქუჩებიდან ქვაფენილის აყრა ბათუმის მერიამ 2021 წელს გადაწყვიტა. ნახეთ მერიის არგუმენტები:

რატომ ცვლიან ბათუმში ქვაფენილს ასფალტის საფარით – მერიის არგუმენტები

შავი ზღვის სანაპიროზე ათობით დელფინი გამოირიყა მაზუთის ჩაღვრის შემდეგ

შავ ზღვაში, რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, კრასნოდარის მხარეში გარემოსდამცველებმა 15 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით 19 მკვდარი დელფინის გამორიყვის ფაქტი დააფიქსირეს, რაც, სავარაუდოდ, შავ ზღვაში 2 რუსული ნავთობტანკერის ჩაძირვის შემდეგ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის შედეგია.

BBC-ი რუსი გარემოსდამცველების ჯგუფის, Delfacenter-ის ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს დელფინების მასობრივი გამორიყვაა. სამეცნიერო-ეკოლოგიური ცენტრი „დელფა“ წერს, რომ გამორიყული დელფინების ნაწილს სხეულზე აღენიშნებათ მაზუთის ფრაგმენტები, ერთ-ერთ მათგანს კი მაზუთის მცირე ფრაგმენტი უპოვეს სასუნთქ გზებში.

„გამორიყვა მასიურად ითვლება, თუ სულ მცირე ორი ვეშაპისებრი ერთსა და იმავე ადგილას და ერთსა და იმავე დროს არის გამოირიყა. კრასნოდარის მხარის სანაპირო ზოლში ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათია. ეს უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობაა” – წერენ მკვლევარები.

შავ ზღვაში ამ რაოდენობის მაზუთის ჩაღვრის ზიანის მასშტაბი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული. გარემოსდამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „გრინფისი“ წერს, რომ დაფიქსირდა მაზუთით დაბინძურებული ფრინველების დაღუპვის ფაქტებიც.

„ნებისმიერი ნავთობის ან ნავთობქიმიური ჩაღვრა ამ წყლებში შეიძლება იყოს სერიოზული. სავარაუდოა, რომ ქარი და დინება (ახლა გადაადგილდება ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ) მის გავრცელებას შეუწყობს ხელს და ამჟამინდელი ამინდის პირობებში, უკიდურესად რთული იქნება მისი შეკავება.

თუ დინება მაზუთს ნაპირზე გარიყავს, ეს გამოიწვევს სანაპირო ზოლის დაბინძურებას, რომლის გაწმენდა ძალიან რთული იქნება…

აუცილებელია შევეცადოთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ნებისმიერი შემდგომი გაჟონვა, თუ ეს შესაძლებელია. გენების ჩაძირვის დროს არსებობს ნავთობისა და ნავთობქიმიკატების გამოყოფის რისკი უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“ – ამბობს დოქტორი პოლ ჯონსტონი, „გრინფისის“ კვლევითი ლაბორატორიების ხელმძღვანელი.

შავ ზღვაში რუსული მოძველებული ნავთობტანკერი „ვოლგონეფტ-2012“ შავ ზღვაში 15 დეკემბერს ჩაიძირა. ტანკერს დაბალი ხარისხის საწვავი – მაზუთი გადაჰქონდა. იმავე დღეს კიდევ ერთ ტანკერს, „ვოლგონეფტ-239-ს“ შეექმნა პრობლემა, რომელსაც ასევე მაზუთი გადაჰქონდა.

ორივე გემზე დაახლოებით 9000 ტონა მაზუთი იყო. „გარდიანის“ თანახმად, ნავთობტანკერებიდან შავ ზღვაში დაახლოებით 4 300 ტონა ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა.

შემთხვევა ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს, ქერჩის სრუტიდან 8 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეკიპაჟის 11 წევრის გადარჩენა მოხერხდა. დაიღუპა ერთი მეზღვაური.

უკრაინამ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღონ ზომები რუსული ნავთობის ფლოტის წინააღმდეგ.

„თქვენი ხელები სისხლიანია“ „კორუფცია კლავს“ – რა ხდება სერბეთში

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მიმდინარეობს.

პროტესტი მოჰყვა ტრაგედიას ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, სადაც რკინიგზის სადგურში ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა პირველ ნოემბერს.

ბელგრადში, სლავიის მოედანზე, სტუდენტებმა და ფერმერებმა ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი ორგანიზებული აქცია გამართეს და 15-წუთიანი დუმილის შემდეგ სასტვენებით გაბმული სტვენა დაიწყეს.

პროტესტს შეუერთდნენ სერბეთის თეატრისა და კინოს მსახიობები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. იმის გამო, რომ განათლების სფეროში პროტესტი არ გაფართოებულიყო, სერბეთის მთავრობამ საშობაო არდადეგები დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე გამოაცხადა.

ოპოზიცია გარდამავალი მთავრობის შექმნასა და არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რომელიც ქვეყანას მოამზადებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რადგან ისინი მმართველ პარტიას წარსულში არჩევნების გაყალბებაშიც ადანაშაულებდნენ.

ვუჩიჩის მთავრობამ განაცხადა, რომ საპროტესტო მოძრაობა უცხოური ძალების მიერაა დაფინანსებული. ვუჩიჩის თქმით, არ დაემორჩილება ოპოზიციის მოთხოვნებს გარდამავალი მთავრობის შექმნის შესახებ და  ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ოპონენტები სტუდენტების გამოყენებაში დაადანაშაულა.

ალექსანდრ ვუჩიჩი ერთ-ერთია იმ პრეზიდენტებს შორის, რომლებმაც მიხეილ ყაველაშვილს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.

ნახეთ ევროპის პრესფოტოსააგენტოს ფოტოები აქციიდან.

საპროტესტო აქციის მონაწილე აჩვენებს დუმილის ჟესტს. ბელგრადი, სერბეთი, 2024 წლის 22 დეკემბერი. ფოტო: EPA-EFE/ANDREJ CUKIC
მომიტინგეს უჭირავს პლაკატი წარწერით – „15“, ნოვი სადის სადგურზე დაღუპულთა რაოდენობის აღსანიშნავად. ფოტო: EPA-EFE/ANDREJ CUKIC
პროტესტის მონაწილეს ხელში უჭირავს ბანერი წარწერით -„კორუფცია კლავს“. ფოტო: EPA-EFE/ANDREJ CUKIC
საპროტესტო აქცია ბელგრადში. ფოტო: EPA-EFE/ANDREJ CUKIC
მომიტინგეებს უჭირავთ ბანერი წარწერით – „ბელგრადი ისევ მსოფლიოა“. ბელგრადი, სერბეთი, 2024 წლის 22 დეკემბერი. ფოტო: EPA-EFE/ANDREJ CUKIC
„თქვენი ხელები სისხლიანია“ – წაწერა საპროტესტო ბანერზე. 22 დეკემბერი, ბელგრადი. ფოტო: EPA-EFE/ANDREJ CUKIC

ამავე თემაზე: 

რა კავშირშია სერბეთში დაწყებულ პროტესტთან ანაკლიაში გამარჯვებული ჩინური კომპანია

25 დეკემბერს ბათუმში ნაძვის ხის ანთებას და მხოლოდ საბავშვო კონცერტებს გეგმავენ

25 დეკემბერს მერია ბათუმში ნაძვის ხის ანთებას და საბავშვო კონცერტს გეგმავს. მერიის ინფორმაციით, ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს 20:00 საათზე, საბავშვო კონცერტის შემდეგ აანთებენ. საბავშვო კონცერტი დაიწყება 15:00 საათზე და 18:00 საათამდე გაგრძელდება. წარმოდგენას გამართავენ ანიმატორები და ზღაპრის გმირები.

18:00 საათიდან 22:00 საათამდე კი გაიმართება კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით.

ისევე როგორც ნაძვის ხე, საკონცერტო სცენაც ევროპის მოედანზეა დამონტაჟებული. მიმდებარედ საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 26 დღეა ანტირუსული საპროტესტო აქციები იმართება, დღეს, 27-ე დღეს, საპროტესტო აქციის მონაწილეების 19:00 საათიდან გეგმავენ შეკრებას.

ამ დრომდე სხვა საახალწლო ღონისძიებების შესახებ მერიას ინფორმაცია არ გაუვრცელებია. არ ვიცით, ვინ იმღერებს 31 დეკემბრის ღამეს.

არ შედგა ორი ტენდერი, რომლებიც ბათუმის კულტურის ცენტრს საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების შესყიდვის მიზნით ჰქონდა გამოცხადებული, ორივე ტენდერში ერთი კომპანია, შპს „მიქს სტუდიო“ მონაწილეობდა, რომელმაც დისკვალიფიკაცია მიიღო. ორივე ტენდერის ბიუჯეტი 400  ათასზე მეტი ლარია.

გარდა ამისა, საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის მანათობელი კონსტრუქციებისა და სხვადასხვა მოწყობილობის მონტაჟის მომსახურება ბათუმის მერიამ 2024 წლის ნოემბერში შეისყიდა. ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურმა 1 მილიონ 799 ათას 850 ლარით გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ ელექტრონულ ვაჭრობაში იგივე ფასი დააფიქსირა – ერთი ლარიც არ დაუკლია.

გამარჯვებული ისევ „აჭარგანათებაა“ და ისევ უკონკურენტოდ მოიგო ტენდერი.

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა – IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] ცნობით, საზოგადოებას შეეზღუდა თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა.

ბოლო ორი კვირაა „ბათუმელები“ ვერ ახერხებს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმებას ვებგვერდზე. მსგავსი შეზღუდვის პირობებში მედია ვერ შეძლებს გაავრცელოს ინფორმაცია თანამდებობის პირების ოფიციალური, დეკლარირებული ქონებისა და შემოსავლების შესახებ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აცხადებს, რომ 2010 წლის შემდგომ პირველად, საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა არ აქვს.

„2024 წლის დეკემბრიდან თანამდებობის პირთა დეკლარაციების პორტალს დაედო ე.წ. ავტორიზაციის ფუნქცია. ავტორიზაცია არ იძლევა ახალი მომხმარებლის რეგისტრაციის შესაძლებლობას. ავტორიზაცია ასევე შეუძლებელია ახალი პირადობის მოწმობით. დეკლარაციების პორტალზე განთავსებულ საჯარო ინფორმაციაზე დაინტერესებულ პირს წვდომა აღარ აქვს.

ამ საკითხზე ანტიკორუფციულ ბიუროს არანაირი განმარტება არ გაუვრცელებია. 2024 წლის 6 დეკემბერს IDFI-მ ბიუროსგან მოითხოვა საჯარო ინფორმაცია დეკლარაციებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ოფიციალური პასუხის მიღებამდე ბიურომ ვერბალურად განგვიმარტა, რომ ცვლილება გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, თუმცა ბიუროს მიერ 17 დეკემბერს ოფიციალურად მოწოდებულ პასუხში ტექნიკური ხარვეზი საერთოდ არ არის ნახსენები.

ანტიკორუფციული ბიუროს წერილობით პასუხში მითითებულია, რომ ბიუროს აკისრია დეკლარაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ამოცანა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საჯარო ინფორმაციის განცხადების მოთხოვნით. ბიურო დამატებით განმარტავს, რომ დეკლარაციების ადმინისტრირების სამართლებრივი ბაზა არ შეცვლილა.

აღნიშნული პასუხიდან ირიბად დასტურდება, რომ საქართველოში დეკლარაციების გამოქვეყნება აიკრძალა მენეჯერული გადაწყვეტილების საფუძველზე. თუმცა, საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, IDFI-მ ბიუროში გააგზავნა დამაზუსტებელი მოთხოვნა, პირდაპირი და ნათელი პასუხის მისაღებად.

არსებული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დააბრუნა 2010 წლამდე არსებული მდგომარეობა და აკრძალა თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე საზოგადოების პროაქტიული წვდომა.

IDFI მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება პორტალის ფუნქციონირების შეჩერების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და აღადგინოს დეკლარაციების საჯარო პორტალის ხელმისაწვდომობა“ – აცხადებს თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

თანამდებობის პირებს ქონებრივი დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს კანონი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

ქონებრივი დეკლარაციების საჯაროობა მედიას და საზოგადოებას საშუალებას აძლევდა შეესწავლა, როგორ იცვლება კონკრეტული თანამდებობის პირების ოფიციალური ქონება წლიდან წლამდე.

„კულტურა ხალხისთვის“ – დღეს ბათუმში გაიმართება მარში სამართლიანობისთვის

დღეს, 24 დეკემბერს, 17 საათზე, ბათუმში გაიმართება მარში  -„კულტურა ხალხისთვის – მარში სამართლიანობისთვის“.

ანონსის თანახმად, მარში დაიწყება ბათუმის იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდიდან, 17 საათზე.

ასევე, დღეს, 24 დეკემბერს, საპროტესტო აქცია, ტრადიციულად, გაიმართება ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან.

  • რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.

რატომ შეხვდა კობახიძე ბიზნესმენებს? – „უსასრულოდ ლარის კურსს ვერ დაიჭერ“

„ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც იზოლაციას და ფინანსურ სანქციებს გაუძლებს… რეზერვები უსასრულო არ არის. უსასრულოდ ვერ დაიჭერ ლარის კურსს და ეკონომიკასაც ხელოვნურად ვერ შეაჩერებ,“ – მიიჩნევს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, რომელსაც ირაკლი კობახიძის ბიზნესმენებთან შეხვედრის შესახებ ვესაუბრეთ.

სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ ამ მასშტაბის პროტესტი ბიზნესმენებს საქართველოში არასდროს გამოუთქვამთ, რაც დღეს არსებობს. ანალიტიკოსს სჯერა, რომ ბიზნესსექტორის პრინციპულ პოზიციას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, თუმცა სოსო ბერიკაშვილი პრინციპულობის დაცვას განსაკუთრებით პატარ-პატარა კომპანიებისგან ელის.

როგორ აისახა პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკაზე და რას ცვლის ბიზნესსექტორის პროტესტი? – „ბათუმელები“ კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანს, ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა:

  • ბატონო სოსო, რა გამოჩნდა თქვენთვის იმ განცხადებებით, რაც დღეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე მიმავალი ბიზნესმენებისგან მოვისმინეთ?  

რაც არ უნდა იყოს, ბიზნესი ფრთხილია და ისინი ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ, განსაკუთრებით კი, მსხვილი ბიზნესი. მათთვის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სიტუაცია ძალიან ბევრ რისკს შეიცავს და ეს ბიზნესმა ყველაზე კარგად იცის.

  • კობახიძესთან შესვლამდე ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე ამბობდა, აღარ აწიოკებენ ბიზნესს, მეც სიამოვნებით მივიღებ სანქციასო… 

ვიცით ნამორაძე ვინც არის, ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესის განცხადება. საქართველოში ბევრი ბიზნესი იმიტომ არის ბიზნესი, რომ ხელისუფლებასთან არის კორუფციულ გარიგებაში. შეიძლება, პირდაპირ კორუფციული გარიგება არ იყოს, მაგრამ კაბალური ხელშეკრულებები არსებობდეს.

  • ორი ათას გასცდა იმ ბიზნესმენების სია, ვინც ხელახლა არჩევნების ჩატარების და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება. რა როლი შეიძლება შეასრულოს წინააღმდეგობის პროცესში ბიზნესსექტორის მოთხოვნამ? 

პირველ რიგში, ეს რაოდენობა აჩვენებს იმას, რომ ყველა ბიზნესს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს – მცირე და საშუალო ბიზნესს განსაკუთრებით. ბიზნესსექტორში კი ადეკვატურად უყურებენ სიტუაციას და უნდათ, რომ განიმუხტოს კრიზისი.

მოგეხსენებათ, ბიზნესი აგენერირებს გადასახადებს, რომლითაც ბიუჯეტი დგება და რასაც შემდეგ ხელისუფლება იყენებს სხვადასხვა მიზნისთვის. ბიზნესი ვერ მოიქცევა ისე, რომ გადასახადები აღარ გადაიხადოს, ეს კანონდარღვევა გამოვა და დააყადაღებენ, მაგრამ როცა ბიზნესს პრობლემები ექმნება, გადასახადები იკლებს. ეს ბიუჯეტსაც აკლდება.

სოსო ბერიკაშვილი

ახლა რთულია პროგნოზის გაკეთება, არავინ იცის, რა იქნება ხვალ, მაგრამ პრობლემაა ბიზნესისთვის ისიც, რომ ყოველდღიურად 10-ათასობით ადამიანი რუსთაველზე დგას. მინიმუმ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ვეღარ მუშაობენ იმდენს, როგორც მანამდე.

ამიტომაც ბიზნესსექტორის ხმა დღეს მკაფიოდ ისმის, მაგრამ ხელისუფლებას არავისი არ ესმის.

  • ბოლო რყევები აისახა ტურიზმზე, საუბრობენ ჯავშნების გაუქმებაზე… ეკონომიკის კიდევ რომელ სფეროზე აისახა პოლიტიკური კრიზისი? 

ცხადია, ტურიზმის მონაცემები შემცირებულია. ასევე შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს მონაცემი განახევრებულია შარშანდელთან შედარებით.

საქართველო დამოკიდებულია საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე და როცა არსებობს სანქციების, მათ შორის, ფინანსური სანქციების რისკი, ეს ეკონომიკას აზიანებს.

  • რა გათვლით მოქმედებს ამ დროს ივანიშვილი, თქვენი დაკვირვებით? ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, რომ გააჩუმოს ბიზნესი კრიზისის მიუხედავად, ხოლო ბიზნესი ცდილობს, უკან დაახევინოს „ოცნებას“? 

ვერ გეტყვით, რა გათვლა აქვთ. „ოცნების“ მხრიდან მხოლოდ არაადეკვატური განცხადებები გვესმის ხოლმე, რომ ყველაფერი კარგადაა და რაღაც 700 კაცი დადის რუსთაველზე. რეალურად რას ფიქრობენ, არ ვიცი.

ორივე მხარე თავისას ცდილობს [„ქართული ოცნება“ და ბიზნესსექტორი], ვინ აჯობებს ამ სიტუაციაში, არ ვიცი. ფაქტია, რომ ასეთი მასშტაბის პროტესტი აქამდე ბიზნესის მხრიდან არასდროს ყოფილა საქართველოში.

  • ფიქრობთ, რომ ბიზნესსექტორის პრინციპულ პოზიციას შეუძლია უკან დაახევინოს „ოცნებას“? 

ვფიქრობ, კი. ერთ-ერთი მიზეზი ესეც შეიძლება იყოს. ბიზნესსექტორში ზოგიერთი თავის ინტერესზე ფიქრობს მხოლოდ, ჩვენ კი, განვითარება გვინდა ქვეყნის, არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესის. ამისთვის გვჭირდება ნაკლები კორუფცია და ჯანსაღი პირობები.

ვიღაცები [ბიზნესმენები] არ იქნებიან პრინციპულები, იმიტომ, რომ სიტუაციას მუდმივად ხელისუფლებასთან ალაგებენ და სარგებელს იღებენ პირდაპირ კორუფციულს – სამშენებლო კომპანიები და ასე შემდეგ. პატარ-პატარა კომპანიებისგან უფრო მეტი პრინციპულობის იმედი უნდა გვქონდეს.

რთულია იმის თქმა, რა მასშტაბის კრიზისი გველის, მაგრამ საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, ყველაფერი შესაძლოა მოხდეს ერთ დღეში, თუ ჩვენ იზოლაციაში მოვყვებით.

მაგალითად, თუ შეიზღუდება ფინანსური ნაკადები, ეს დააზარალებს ბანკებს და მერე ყველაფერი დამოკიდებულია ბანკებზე – ამ ქვეყანაში ეკონომიკა სხვანაირად არ ფინანსდება. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც იზოლაციას და ფინანსურ სანქციებს გაუძლებს. არც არსებობს შემთხვევა, როცა ქვეყანას არ აქვს ნავთობი, გაზი, დიდი ინდუსტრია და გაეძლოს ფინანსური სანქციებისთვის, იზოლაციისთვის.

  • ლარის ისევ გაუფასურების რისკი რამდენად დიდია ამ ეტაპზე? 

თუ ეს პროცესი გაგრძელდება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ლარი მყიფეა. როგორც იცით, ეროვნული ბანკი ჩაერია და რეზერვები დახარჯა, ახლა უფრო ნაკლები რეზერვი გვაქვს, ვიდრე გაზაფხულზე გვქონდა.

ეს რეზერვები უსასრულო არ არის. უსასრულოდ ვერ დაიჭერ ლარის კურსს და ეკონომიკასაც ხელოვნურად ვერ შეაჩერებ. ამიტომაც, რისკები გაზრდილია.

26 დეკემბერს თბილისში გაიმართება ბათუმელების მარში

26 დეკემბერს, ხუთშაბათს, 19 საათზე, თბილისში გაიმართება ბათუმელების პროევროპული მარში.

ანონსის თანახმად, ბათუმელების მარშისთვის მოქალაქეები თბილისში, ბუკიას ბაღში შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ გამართავენ მსვლელობას.

„გიწვევთ მარშზე, სადაც ბათუმელები ერთხმად გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე ნებას – გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

ბათუმი ოდითგანვე იყო მულტიკულტურული ქალაქი, სადაც სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. ჩვენი ქალაქის ისტორია – ეს არის ტოლერანტობის, კულტურათა დიალოგისა და პროგრესული აზროვნების ისტორია.

დღეს, როდესაც საქართველო დგას ისტორიული არჩევანის წინაშე, ჩვენ, ბათუმელები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ევროპულ იდენტობას. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი – ეს არის ჩვენი გენეტიკური კოდი, ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობა და ჩვენი შვილების მომავალი.

მარშის დროს გავაერთიანებთ ხმას იმ ათასობით ბათუმელის სახელით, ვისთვისაც ევროპული ღირებულებები – დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა – წარმოადგენს ცხოვრების განუყოფელ ნაწილს“ – ვკითხულობთ ფეისბუქზე, ღონისძიების გვერდზე.

  • რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.~

_____________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში. 2024 წლის დეკემბერი. ფოტო: „ნეტგაზეთი“

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 დეკემბრის 21 საათიდან 25 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0– 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 26-27 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„ერთობის ჯაჭვი“ ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკებიდან დაიწყება

28 დეკემბერს, 15:00 საათზე ბათუმში მოქალაქეები ერთსაათიან საპროტესტო ჯაჭვს გააკეთებენ.

„ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი.

„ვაპროტესტებთ არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას, მოვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავისუფლებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს – ეს არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა.

28 ნოემბრის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს ძალა და რომ ის ერთიანია და მრავალფეროვანი.

ახლა მნიშვნელოვანია, პროტესტმა გამოიჩინოს ნებისყოფა და სიმტკიცე“ – ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

ცოცხალი ჯაჭვი დაიწყება ბათუმის ბულვარში, ზღვისპირა ბილიკზე, ალი და ნინოს ქანდაკებიდან.

ორგანიზატორთა თქმით, სანაპირომდე მისვლა ნებისმიერი სასურველი გზით იქნება შესაძლებელი, თუმცა მეტი კომფორტისთვის გამოყოფილია 5 მთავარი ლოკაცია, რომლის გავლით მარტივად მოხვდებით ზღვისპირა ბილიკზე და შეუერთდებით ჯაჭვს:

  • ალი და ნინოს ქანდაკება
  • ცენტრალური შადრევანი
  •  ჩოგბურთის კორტები
  •  უნივერსიტეტი
  •  გრიბოედოვის ქუჩა

„ჩასჭიდეთ ხელი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს, თანაქალაქელებს და შეუერთდით საამაყო ერთობას, რომელიც ისტორიაში დარჩება“.

29 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობა, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „არჩეული“ პრეზიდენტის ინაუგურაციას გეგმავს.

ქვეყანაში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს.

ხალხი მოითხოვს ახალ არჩევნებს და საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.

მოქალაქეების განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.

ერთობის ჯაჭვის რუკა

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 777 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 630]
  • ტანკი – 9 624 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 19 915 ერთეული [+30]
  • საარტილერიო სისტემა – 21 323 ერთეული [+10]
  • MLRS – 1 256 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 030 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 834 ერთეული [+44]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 948 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 32 086 ერთეული [+47]
  • სპეცტექნიკა – 3 667 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 650 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 38 355 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 961 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 953 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 452 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

პრეზიდენტმა ძმები წულუკიძეები შეიწყალა – მათ უკვე დატოვეს საპატიმრო დაწესებულება

პრეზიდენტმა ძმები, რეზო და ფირუზ წულუკიძეები შეიწყალა, ოჯახის წევრის ინფორმაციით, მათ უკვე დატოვეს საპატიმრო დაწესებულება. „დღეს ცხრა საათზე გავიგეთ“, – გვითხრა ოჯახის წევრმა.

რეზო და ფირუზ წულუკიძეებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

გამოძიების ვერსიით, ძმები – წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე, სულ 7 პირი, რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ბრალდებულები კი აცხადებდნენ, რომ მათ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გამოყენებით პროვოკაცია მოუწყო.

ამ საქმეში დაზარალებულების – „უძლიერესი კაცების“ ფედერაციის 3 სპორტსმენის, ასევე ქუთაისის მერიის დაცვის 2 თანამშრომლის ჩვენებები თითქმის იდენტურია.

მათი თქმით, წულუკიძეები და ჭელიძეები რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე არ უნდა მისულიყვნენ, რადგან ისინი რეალურად „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არიან და „ქულების დაწერა სურდათ“.

დაკავებულები ამტკიცებენ, რომ მათ პოლიციამ რიონის ხეობაში პროვოკაცია მოუწყო და პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ, რადგან ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები გასულ წელს შეიწყალა, თავისუფალია ელდარ ანთაძეც.

წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიციამ 14 აპრილის ღამეს დააკავა, ხოლო ელდარ ანთაძე – 23 აპრილს. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით – მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება.

დღეს, 23 დეკემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 პირი შეიწყალა.

„ჩვენს მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყეს“ – აჭარის ფინანსთა სამინისტროს გაფიცული თანამშრომლები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ორი გაფიცული თანამშრომლის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო. ეს ინფორმაცია სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსმა, ლელა მიქელაძემ დაგვიდასტურა. მან გვითხრა, რომ 17 დეკემბერს ჩაბარდა წერილი, რომლითაც აცნობეს, რომ სამსახურში უნდა გამოცხადდეს. გარდა ამისა, მას ჩააბარეს ბრძანება მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

დისციპლინური წარმოება დაიწყეს  სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, სალომე აბაშიძის წინააღმდეგაც, ისიც გაფიცული იყო. მან ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა ჩვენთან დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

ლელა მიქელაძე 2 დეკემბერს გაიფიცა, მან  გადაწყვეტილების შესახებ მინისტრის მოადგილეს აცნობა. გაფიცვის შესახებ 2 დეკემბერს დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სალომე აბაშიძემაც.

ლელა მიქელაძის ინფორმაციით, ზეპირი შეტყობინების შემდეგ მინისტრის მოადგილისგან არ მიუღია რაიმე ინფორმაცია, განმარტება, რომ ზეპირი შეტყობინება გაფიცვის დასაწყებად არ იქნებოდა საკმარისი და მის მიმართ შეიძლება ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულიყო. არც მაშინ და არც შემდეგ დღეებში ლელას სამინისტროდან არავინ შეხმიანებია, თუნდაც ზეპირი განმარტების მისაცემად.

„17 დეკემბერს ჩამბარდა წერილი, რომელიც 9 დეკემბრით იყო დათარიღებული. მწერდნენ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს გაფიცვას და ხვალ გამოცხადდით სამსახურშიო, წერილის ჩაბარებიდან მეორე დღესვე გავედი. ამავე დღეს ჩამბარდა ბრძანება. კურიერმა ზუსტ მისამართზე არ მომიტანა წერილი, მიუხედავად იმისა, რომ მასთან მქონდა მიმოწერა, სადაც დავუზუსტე ჩემი მისამართი. მეორეც  წერილიც არ მომიტანა, მე არ ვალდებული ვირბინოო მიპასუხა. შემდეგ დავრეკე კანცელარიის უფროსთან და ვთხოვე მისამართების დაზუსტება, რომ ჩემთან გამოგზავნილი წერილები ჩამბარებოდა“.

ლელა მიქელაძეს ჩაბარდა წერილი სამსახურში გამოცხადების მოთხოვნაზე და ბრძანება დისციპლინური წარმოების შესახებ. გვიყვება, რომ სამსახურში მისვლისთანავე, მისი გამოცხადების შესახებ კურატორ მოადგილეს აცნობა: „დაბრუნდიო, მკითხა. სხვა არაფერი უთქვამს. არანაირი სხვა სახის ზეწოლა, ან ზეპირი რაიმე გაფრთხილება ჩემს მიმართ არ ყოფილა.“

სხდომა, რომელზეც ლელა მიქელაძის და სალომე აბაშიძის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, 26 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

ლელა ამბობს, რომ გათავისუფლება სასჯელის მძიმე ფორმაა, რაც, მისი აზრით, ვერ უნდა გამოიყენონ, რადგან ამ დრომდე ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებდა. წელს კი დეპარტამენტის უფროსმა 2024 წლის მუშაობის შეფასებისას 3 ქულა დაუწერა, ამ დრომდე 3 ქულა არასდროს დაუწერიათ: „რა ვიცი, ყველაფერია მოსალოდნელი.“

სასჯელის ფორმა შეიძლება იყოს გაფრთხილებაც, რამდენიმე გაფრთხილების შემთხვევაში საჯარო მოხელეს შეიძლება ხელფასიც დაუქვითონ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, არაოფიციალურად გააფრთხილეს ის თანამშრომლებიც, რომლებიც გაფიცულები არ იყვნენ, თუმცა საჯარო სტრუქტურებიდან აქციებზე დადიოდნენ არასამუშაო საათებში და ისინიც, ვისი უფროსკლასელი შვილები აქციაზე იმყოფებოდნენ. საჯარო მოხელეებს უთხრეს, რომ იანვრიდან რეორგანიზაციები იგეგმება და მანამდე თავს მაინც და მაინც აქციებზე სიარულით ნუ გამოიჩენენ.

ასადის ცოლი განქორწინებას ითხოვს, მოსკოვი ინფორმაციას უარყოფს – უცხოური მედია

გერმანული მედია იუწყება, რომ, როგორც ჩანს, არამხოლოდ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი, არამედ მისი ქორწინებაც დასრულდა. ასმა ალ-ასადიმ, რომელიც თავის დიქტატორ ქმართან ერთად მოსკოვში გაიქცა, განქორწინება მოითხოვა. მას რუსეთის დატოვება სურს.

თუმცა რუსული მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს.

59 წლის დიქტატორის ქორწინების დასრულებაზე გერმანული მედია თურქულ გამოცემა “Habertürk”-ზე დაყრდნობით წერს. იმავე წყაროს ინფრმაციით, ასადის ცოლს მოსკოვში არ მოსწონს საცხოვრებელი პირობები.

49 წლის ქალს ლონდონში წასვლა სურს და ამიტომ 24-წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინება მოითხოვა. ამ მიზეზით ასმამ, რომელიც ცნობილია, როგორც „აღმოსავლეთის ქალბატონი“ და „ვარდი უდაბნოში“, უკვე მიმართა რუსეთის სასამართლოს მოსკოვის დატოვების სპეციალური ნებართვისთვის.

ქალის განცხადებას, რომელსაც ერთ დროს მთელი სირია ემორჩილებოდა, ამჟამად რუსეთის ხელისუფლება განიხილავს და რას გადაწყვეტს, ჯერჯერობით უცნობია.

მედია ამის შესახებაც წყაროებზე დაყრდნობით წერს.

რუსეთის მთავრობამ დღეს უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ასმას სურვილზე, გაშორდეს ბაშარ ალ-ასადის. პუტინის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასადი მოსკოვში დაკავებულია, ხოლო მისი აქტივები გაყინულია.

არჩევნები გარდაუვალია, „ოცნება“ აუცილებლად ჩამოიშლება – ინტერვიუ თინა ხიდაშელთან

„გომელაურის მაგნიტსკის სიაში შეყვანის მთავარი გზავნილი, სინამდვილეში გომელაურს არ ეხება. მთავარი გზავნილი ბიძინა ივანიშვილს ეხება. გომელაურის დასანქცირება და ამ სიაში შეყვანა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის გარშემო წრე დაავიწროვეს ამერიკელებმა, მას უთხრეს, რომ შემდეგი ის არის“, – ამბობს თინა ხიდაშელი „ბათუმელებთან“.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის შეფასებით, „ოცნება“ უბრალოდ გარდაუვალის გადავადებას ახდენს, სალომე ზურაბიშვილის როლის გაძლიერება კი ამ კრიზისის დაძლევაში ძალიან მნიშვნელოვანია.

  • ქალბატონო თინა, რით იყო საინტერესო თქვენთვის პრეზიდენტის გამოსვლა?

ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის გააქტიურება იმ ფონზე, როცა პრინციპში, რაღაც ეტაპი დასრულდა. ყველა ელოდებოდა ეუთოს დასკვნას, ყველა ამაზე ლაპარაკობდა შინ თუ გარეთ, გამოქვეყნდა ეუთო-ოდირის დასკვნა, სადაც არ არსებობს ერთი აბზაციც კი, რომელიც პოზიტიურით იწყება და მთავრდება.

  • თუმცა ეს დასკვნა სხვანაირად თარგმნა ირაკლი კობახიძემ…

იმის შემდეგ, რაც ევროკავშირის სამი დიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მატყუარა ეძახა, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, რას და როგორ თარგმნის კობახიძე.

მას მუდმივად გაახსენებენ, რომ იტალიის, ესპანეთის და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მატყუარა უძახეს.

ამიტომ პრეზიდენტის გააქტიურება მნიშვნელოვანია. იმ ერთადერთ სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელსაც ნდობა აქვს შერჩენილი და ხალხი უსმენს, ვის მიმართაც ლეგიტიმაციაზე კითხვები არ არის, მასზეც სპეციფიკური ზეწოლა მოდის, თუ შეიძლება ასე ითქვას საზოგადოებისგან, რომ ერთგვარი ლიდერის ფუნქცია აიღოს ამ პროცესში და დაეხმაროს ამ პროცესს სწრაფი მოგვარებისთვის.

კონფლიქტის, ამ სამოქალაქო სიმძიმის სწრაფად მოცილებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა თქვა, რომ იწვევს ბიძინა ივანიშვილს სასაუბროდ არჩევნების დანიშვნაზე. ეს არის მთავარი ფუნქცია, რაც მან უნდა შეასრულოს.

  • ხედავთ ამის პირობებს, რომ შეიძლება მართლაც დაინიშნოს არჩევნები?

29 დეკემბრამდე ეს ძალიან რთული წარმოსადგენია, იმდენად სიშლეგის ფაზაშია შესული „ოცნება“, მაგრამ უბრალოდ გარდაუვალის გადავადებას ახდენს ირაკლი კობახიძე.

გარდაუვალია არჩევნები, ის აუცილებლად იქნება.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ მიტაცებული ძალაუფლებით ვერ დარჩება „ოცნება“ ხელისუფლებაში?

ხელისუფლებაში ვერ დარჩება, როგორც კი საქართველო იქნება იზოლირებული. იზოლირებული საქართველო არის მათი ვერგადარჩენის ფორმულა.

ბათუმის აქციის მონაწილეები უსმენენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თბილისის აქციაზე გამოსვლას
22 დეკემბერი

ძალიან სამწუხარო, უმძიმესი იქნება ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ მათ სხვა შესაძლებლობა და არჩევანი აღარ დატოვეს.

საქართველო არ არის აზერბაიჯანი. ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ ალიევი თუ მოახერხებს მეც მოვახერხებ, ეს ასე არ იქნება. საქართველოს არ აქვს საკუთარი რესურსი, რითაც გამოკვებავს ამ სისტემას.

  • თუმცა დაიწყეს რეპრესიული კანონების მიღება და ამუშავება. ფიქრობთ, რომ ეს ვერ იმუშავებს?

არა, როგორ ვერ იმუშავებს, თუმცა ძალიან მოკლე სიცოცხლე ექნება.

მე, მაგალითად, ყველაზე ცუდი სცენარი ასე წარმომიდგენია, რომ თუ 7 იანვრამდე გვაცლიან, მერე ყაველაშვილი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილებით ამ საგანგებო მდგომარეობას იმიტომ, რომ არალეგიტიმური აქტი იქნება და დაიწყებს რეპრესიებს.

ასეთია ჩემგან დანახული ცუდი სცენარი.

  • ამ შემთხვევაში რა არის ჩვენი მთავარი რისკი?

ძალიან საინტერესო ფრაზებს ამბობენ, მაგალითად იმას, რომ „აქციების რესურსი ამოწურეს, რადგან ორგანიზატორები დააკავეს“. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქციებს კონკრეტული ორგანიზატორები არ ჰყავს. ამ ფრაზაში ჩანს მათი ხედვა.

ამიტომ, თუ ამ სცენარის განხორციელება დაიწყეს, რასაც მე ვამბობ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას დაგვაპატიმრებენ. იმ ადამიანებს, ვინც ვართ ინფორმაციის მატარებელი, აზრის გამავრცელებლები, განსაკუთრებით უცხოეთთან კომუნიკაციაში.

მაგრამ, იმ იზოლაციის პირობებში, რაც საქართველოს წინ ელოდება, ისინი უბრალოდ ვერ გაძლებენ. ბოლომდე გაძალიანდებიან, მაგრამ იმას, რაც აუცილებლად მოხდება, უბრალოდ გადაავადებენ და ეს იქნება ბევრი ტრაგედიის ფონზე.

  • თუ რეპრესიების გზით წავლენ, ეს უფრო არ გააბრაზებს ადამიანებს?

რა თქმა უნდა, ისინი აუცილებლად ჩამოიშლებიან, როდესაც ინსტიტუციური სისტემა გაწყდება. მაგალითად, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს ნერვები უმტყუნებს, რადგან ოდესღაც ის კარგი კაცი იყო, ამ მოძრაობის ნაწილი იყო და სამართლიანობისთვის იბრძოდა.

არიან იქ ისეთი ადამიანები, რომლებსაც დღეს ეს აღარ აწუხებთ, მაგრამ მათი წარსული აუცილებლად დაქაჩავთ, რამდენადაც სისტემა უდანაშაულო ადამიანებს დააკავებს.

ეს რაღაცნაირად ერთმანეთთანაა გადაბმული.

  • რა არის ახლა მოქალაქეების მთავარი გამოწვევა?

გაძლება. უნდა გავძლოთ. უნდა ჩავანაცვლოთ ერთმანეთი. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, შეიძლება დავიღალოთ, მაგრამ ერთი-ორი დღე დავისვენებთ და მერე ისევ ამოხეთქავს. გუშინდელი დღე იყო იდეალური. ეს უნდა ვაჩვენოთ მუდმივად. ეს არ უნდა გაჩერდეს.

  • რეპრესიები ხალხს არ შეაშინებს?

არა მგონია, რომ ამან ხალხი შეაშინოს. მე მგონია, რომ ყოველ დაპატიმრებულზე რამდენიმე ათასით გაიზრდება ხალხის რაოდენობა.

  • სანქცირების ეფექტი როგორია, რას გვაჩვენებს. ჩვენ ვნახეთ რომ მაგნიტსკის სიაში მოხვდა გომელაური, მაგრამ ვიცე-პრემიერად დანიშნეს.

ეს თამაშია, გასაგებია. ასე ითამაშა პუტინმაც თავის დროზე, როცა მაგნიტსკის სიაში მოხვედრის შემდეგ ორდენზე წარადგინა კადიროვი. ზუსტად იმავე გზას გადიან.

ასევე ჩვენი ისტორიიდანაც შეგვიძლია გავიხსენოთ პრემიერ-მინისტრად დაწინაურებული ვანო მერაბიშვილი და მერე სამ კვირაში დასრულებული „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. ეს არის აგონიის ერთგვარი გამოვლინება.

ვისთან დგას ჯიბრში, ვის ეჯიბრება, ვის რას უმტკიცებს. ანუ ირაკლი კობახიძე აშშ-ს ეუბნება, რომ მიიღო გამოწვევა და აბა ახლა ვნახოთ, ვინ ვის დაამარცხებს? ამერიკას, რომელთან კონკურენციასაც ჩინეთმა ვერ გაუძლო.

გომელაურის მაგნიტსკის სიაში შეყვანის მთავარი გზავნილი სინამდვილეში გომელაურს არ ეხება, მთავარი გზავნილი ბიძინა ივანიშვილს ეხება. გომელაურის დასანქცირება და ამ სიაში შეყვანა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის გარშემო წრე დაავიწროვეს ამერიკელებმა, მას უთხრეს, რომ შემდეგი ის არის.

როგორც კი ივანიშვილის ფინანსური რესურსი ჩაიკეტება, სახელისუფლებო სისტემის კვებაც დასრულდება. ჯალათების კვება დასრულდება და ეს არის უმოკლესი გზა წარმატებისკენ.

შეიძლება ივანიშვილს ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ დაასანქცირებენ, მაგრამ მას აუცილებლად დაასანქცირებენ.

  • იმ მოლოდინის გაჩენა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში, რომ ტრამპი მოვა და 20 იანვრიდან რაღაცები დალაგდება, რამდენად რეალურია?

კობახიძე გუშინდელს მერე ხომ აღარ ამბობენ ამას, შეცვალა გზავნილები. იმიტომ, რომ როგორც ჩანს მანაც წაიკითხა ის ინტერვიუ, რომელიც ჩვენ ყველამ წავიკითხეთ, ტრამპის მომავალი უსაფრთხოების მრჩეველთან, რომელმაც თქვა და შავით თეთრზე დაიწერა გაზეთებში, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია იღებს, გადის შემთანხმებელ კომისიას, რომელიც ორ პრეზიდენტს შორის პერიოდში მუშაობს.

და კობახიძემაც მყისიერად შეცვალა რელსები.

  • რა გამოდის, რომ „ოცნება“ ხალხის დაღლას ელოდება, რომ აღარ გამოვა ქუჩაში?

რაციონალურად ამის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ამის იმედი აქვთ.

იმიტომ, რომ კობახიძე მუდმივად ამაზე პედალირებს. გუშინ რომ ამბობდა 3 000 კაცი გამოვიდაო, ეს  გათვლილია იმ ხალხისთვის, ვინც ფიზიკურად ამას ვერ ხედავს.

სასწაული ხდებოდა გუშინ თბილისში, საოცრება იყო და ეს ემოცია ტელეეკრანიდან შეიძლება ასე არ გადადის, ამიტომ კობახიძე ამაზე პედალირებს.

ეს ვეღარ გაჩერდება, რადგან ხელისუფლება არ ჩერდება. ხელისუფლება არ ჩერდება და რეპრესიის ტალღები ერთმანეთს მოსდევს – ხან იჭერენ ქუჩაში, ხან სცემენ, ხან ოფისებში მოდიან, ხან სახლებში, ხან მშობლებს ურეკავენ, ეს უკურეაქციას იწვევს.

__

მთავარი ფოტო: ედო მჟავანაძე, თინა ხიდაშეელი ბათუმის აქციაზე.

აქციებზე წართმეული ტელეფონის ლოკაცია დაფიქსირდა პარლამენტშიც – არასამთავრობოების განცხადება

28 ნოემბრის შემდგომ აქციებზე პოლიციელების მიერ დაკავებული არაერთი პირი აცხადებს, რომ სპეცრაზმელებმა მათი ნივთები მოიპარეს. აქციებზე დაკავებული პირების ნივთების უკანონოდ მისაკუთრებაზე დღეს განცხადება გააკეთეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც დაკავებულთა უფლებებს იცავენ.

დღეს, 23 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ წამებისა და სხვა უკანონო მოპყრობის გარდა, აქციაზე დაკავებულთა მიმართ გამოიკვეთა პირადი ნივთების მისაკუთრების არაერთი შემთხვევა.

„არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს, მიისაკუთრეს, პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონები, ყურსასმენები, ჩანთა, ლეპტოპი, სახლის და მანქანის გასაღებები, პირადობის მოწმობები, საფულე…

ზოგიერთი დაკავებულის განმარტებით, სამართალდამცავები მათ სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს, უარის შემთხვევაში კი ძალადობდნენ მათზე. იყო შემთხვევები, როდესაც მობილური ტელეფონი დაკავებულს ჩამოართვეს განყოფილებაში, თუმცა გათავისუფლების შემდგომ ამ პირს არ დაუბრუნეს ნივთები.

ნივთების ჩამორთმევაში გარკვეულ შემთხვევებში მონაწილეობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები – განყოფილებებსა თუ დროებით მოთავსების იზოლატორებში დაკავებულების გადაყვანისას, შესაბამისი დოკუმენტაცია როცა ფორმდებოდა, იქ არ იყო აღნიშნული ის ნივთები, რომლებიც მათ უკანონოდ და თვითნებურად ჩამოართვეს თუ გადაუყარეს.

აღსანიშნავია, რომ უმეტეს დაკავებულს ნივთები არ ჩამორთმევია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ისინი ცალკეულმა სამართალდამცავებმა კანონსაწინააღმდეგო გზით მიისაკუთრეს ან დაკავებულთა დასჯის მიზნით გადაყარეს, რათა მათ აღარ ჰქონოდათ ნივთების დაბრუნების შესაძლებლობა.

ზოგიერთი დაზარალებულის განცხადებით, მათ პირადი ნივთები და ტელეფონები ჩამოართვეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით. ზოგ შემთხვევაში დაზარალებულებმა შეძლეს მათი ტელეფონის ლოკაციის დადგენა. ზოგ შემთხვევაში ეს ლოკაცია მაგალითად გორში დაფიქსირდა, იყო შემთხვევები, როდესაც ლოკაცია დადგინდა ისეთ ადმინისტრაციულ შენობებთან, როგორიც არის პარლამენტი“.

ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ამის შესახებ დაზარალებულებმა უკვე აცნობეს სპეციალურ საგამოძიებოს სამსახურს, თუმცა მათი მხრიდან ამ დრომდე არავითარი რეაგირეა არ მომხდარა: ამ დრომ არც ერთი ასეთი ფაქტი არ არის გამოძიებული და დაზარალებულ ადამიანებს ნივთებს არ უბრუნებენ.

არასამთავრობოების განცხადებით, მათი სამართლებრივი დახმარების ქსელი მომსახურებას უწევს 400-ზე მეტ დაზარალებულს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 776 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 990]
  • ტანკი – 9 615 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 19 885 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 21 313 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 256 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 030 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 790 ერთეული [+55]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 948 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 32 039 ერთეული [+67]
  • სპეცტექნიკა – 3 664 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 650 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 38 341 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 952 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 932 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 427 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს“ – მაიკლ კარპენტერი

მაიკლ კარპენტერმა, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლა სასწორზე დევს საქართველოს დემოკრატია.

„სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს. მართლაც, ახლა სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს. ის, რასაც ქუჩებში ვხედავთ, შემაძრწუნებელია – ძალადობა, მთავრობის მიერ დაფინანსებული მოქმედი პირების გამოყენება, ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც დემონსტრანტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს სცემენ. ეს შემაძრწუნებელია.

ყველაფერი, რისკენაც საქართველო წლების, ათწლეულების განმავლობაში მიისწრაფოდა: მომავალი ევროკავშირში, ნატოში, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრაცია – ეს ყველაფერი ახლა სასწორზე დევს. ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შევზღუდეთ ჩვენი ყველანაირი ფინანსური მხარდაჭერა, შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა ინტერვიუში.

ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ივლისში, კარპენტერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით.

„დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მონაწილეობა მივიღეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად. გულახდილად ვამბობ, შეშფოთების საგანია და სევდის მომგვრელი, როცა ვხედავთ გზიდან ასეთ გადახვევას“ – თქვა მან.

ამავე თემაზე: კარპენტერი: საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია

 

ბათუმში დღეს გაიმართება თარჯიმნების პროევროპული მარში

დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში დააანონსეს თარჯიმნების პროევროპული საპროტესტო მარში.

თარჯიმნების მარში დაიწყება 19 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის კიბეებთან, რუსთაველის ქუჩის მხრიდან.

დღეს, 22 დეკემბერს, 17 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე იგეგმება მხატვრების მარშიც.

ასევე, 19 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 25-ედ გაიმართება პროევროპული საპროტესტო აქცია, რომელიც ბათუმში 28 ნოემბრიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს. საპროტესტო აქციებს ბათუმში პერიოდულად უერთდებიან სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები: ექიმები, მეზღვაურები, მასწავლებლები, ლექტორები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები და ა.შ.

__________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ფოტო: „ბათუმელები“

დღეს ბათუმში მხატვრების აქცია გაიმართება – „მხატვრები ევროპული საქართველოსთვის“

დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში მხატვრების პროევროპული აქცია იგეგმება.

„მხატვრები ევროპული საქართველოსთვის!“, „მხატვრობა ცარიელი ჩარჩოა თავისუფლების გარეშე“ – ასეთია დაანონსებული აქციის სლოგანები.

აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე, 17 საათზე დაიწყება.

ასევე, დღეს, 22 დეკემბერს, 19 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 25-ედ გაიმართება პროევროპული საპროტესტო აქცია, რომელიც ბათუმში 28 ნოემბრიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს. საპროტესტო აქციას პერიოდულად უერთდებიან სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები: ექიმები, მეზღვაურები, მასწავლებლები, ლექტორები და ა.შ.

  • რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა. პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 დეკემბრის 21 საათიდან 23 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0– 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 24-25 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 774 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 820]
  • ტანკი – 9 609 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 19 870 ერთეული [+29]
  • საარტილერიო სისტემა – 21 284 ერთეული [+32]
  • MLRS – 1 256 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 030 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 735 ერთეული [+50]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 947 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 31 972 ერთეული [+81]
  • სპეცტექნიკა – 3 662 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 650 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 38 341 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 952 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 932 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 427 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version