მთავარი,სიახლეები

შავ ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა – უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს

17.12.2024
შავ ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა – უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს

უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიიღონ ზომები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც შავ ზღვაში რუსული მოძველებული ნავთობტანკერი ჩაიძირა.

რუსული ნავთობტანკერი „ვოლგონეფტ-2012“ შავ ზღვაში 15 დეკემბერს ჩაიძირა. ტანკერს დაბალი ხარისხის საწვავი – მაზუთი გადაჰქონდა. იმავე დღეს კიდევ ერთ ტანკერს, „ვოლგონეფტ-239-ს“ შეექმნა პრობლემა, რომელსაც ასევე მაზუთი გადაჰქონდა.

ორივე გემზე დაახლოებით 9000 ტონა მაზუთი იყო. „გარდიანის“ თანახმად, ნავთობტანკერებიდან შავ ზღვაში დაახლოებით  4 300 ტონა ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა.

შემთხვევა ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს, ქერჩის სრუტიდან 8 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეკიპაჟის 11 წევრის გადარჩენა მოხერხდა. დაიღუპა ერთი მეზღვაური.

უკრაინამ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღონ ზომები რუსული ნავთობის ფლოტის წინააღმდეგ.

„ქერჩის სრუტეში ორ დაჟანგულ გემზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია ჩვენი ომის კიდევ ერთი მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფა. ათასობით ტონა მაზუთი დაიღვარა, რამაც ტრაგიკული ზიანი მიაყენა აზოვისა და შავი ზღვების ბუნებრივ ეკოსისტემებს,“ – თქვა ორშაბათს, 16 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ფაქტის შეფასებისას. პოდოლიაკის კომენტარს „გარდიანი“ ციტირებს.

პოდოლიაკის თქმით, ტანკერები 50-ზე მეტი წლის წინაა აგებული და ზამთრის შტორმების დროს ისინი არ უნდა გაეშვათ ზღვაში. მისივე თქმით, ტანკერები არის რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში, რომელსაც რუსეთი 2022 წლის შემდეგ იყენებს სანქციებისგან თავის ასარიდებლად.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ითხოვს დაწესდეს „ყველაზე მკაცრი სანქციები“ და, ასევე, სახელმწიფოებმა აკრძალონ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესვლა ტერიტორიულ და საერთაშორისო წყლებში და უკანონოდ გამოაცხადონ რუსული ნავთობის გადაზიდვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: