„ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა მთავრობამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომლის ერთ-ერთი – 173-ე მუხლი პირდაპირ ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებებს. კერძოდ, ბავშვის სიტყვისა და გამოხატვის, ასევე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის უფლებას.
ადამიანის უფლებათა ადვოკატი ანა არგანაშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ „თუ ბავშვები გრძნობენ, რომ მათ უნდათ აქციაზე გასვლა, მაგრამ კანონმდებლობაში შესული ეს ნორმა ხელს უშლით, მიმართონ სასამართლოს, ასევე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს“.
როგორ უნდა დაიცვან თავი ბავშვებმა არალეგიტიმური კანონების გავლენისგან? – ამ თემაზე ესაუბრა ანა არგანაშვილს „ბათუმელები“.
- ანა, როგორც ვიცით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც აჯარიმებს მშობელს, თუ არასრულწლოვანი საპროტესტო აქციაზე „არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას“. ჯარიმა 100-300 ლარია. ეწინააღმდეგება თუ არა ეს ჩანაწერი ბავშვის უფლებებს და რატომ?
პირველ რიგში, ის უნდა ვთქვათ, რომ ეს მუხლი სამართლებრივად გაუმართავია და საერთოდ ამოვარდნილია ბავშვთა უფლებების სამართლებრივი ჩარჩოდან.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს 172-ე მუხლი, რომელიც ბავშვს იცავს მშობლის მხრიდან უგულებელყოფისგან. მუხლს ჰქონდა ასეთი შინაარსი, რომ თუ მშობელი ბოროტად არ აკმაყოფილებდა ბავშვის საჭიროებებს, მაგალითად, ვერ უზრუნველყოფდა საკვებით ან დაარღვევდა ბავშვის ინტერესებს, იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა მშობლის მხრიდან ეს უგულებელყოფად და მშობელი დაჯარიმდებოდა. უგულებლყოფა არის ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა.
ამიტომ ამ მუხლის მიზანში ვერაფრით ვერ ჩაჯდება ის, რომ, მაგალითად, ბავშვი მიდის აქციაზე, იქ პოლიციას შეეწინააღმდეგება და ამის გამო ჯარიმდება მშობელი. რატომ: იმიტომ, რომ ბავშვის აქციაზე გაშვებით მშობელი არ არღვევს ბავშვის უფლებას და არ ახდენს მისი ინტერესების უგულებელყოფას.
პირიქით, ბავშვთა უფლებების ეროვნული და საერთაშორისო ჩარჩოს მიხედვით, მშობელმა არ უნდა აუკრძალოს ბავშვს თავისი სამოქალაქო უფლებების განხორციელება, ანუ მშვიდობიან აქციაზე წასვლა, გარდა საგამონაკლისო შემთხვევისა, როდესაც ბავშვს ემუქრება რეალური და მყისიერი საფრთხე. შესაბამისად, მშობლის მხრიდან უგულებელყოფას მაშინ ექნება ადგილი, თუ ის ვერ უზრუნველყოფს ბავშვის ყველა უფლების, მათ შორის, სამოქალაქო უფლებების განხორციელებას.
მშობელს არ შეუძლია სამართლებრივად ბავშვს უთხრას, რომ შენ არ გაქვს უფლება გამოხატო აზრი. პირიქით, მშობელმა უნდა ასწავლოს ბავშვს, როგორ უნდა გამოხატოს აზრი და დაიცვას თავისი სამოქალაქო პოზიცია უსაფრთხოდ და ხელი შეუწყოს ამაში. ბავშვის მონაწილეობა აქციაში არის ბავშვის პიროვნული განვითარების ნაწილი. ჩვენ ხომ ვერ ვეტყვით ბავშვს, ისე გაიზარდე, რომ არაფერზე შენი აზრი არ დააფიქსირო, კითხვები არ დასვა. კითხვების დასმის განსხვავებული ფორმაა აქციაში მონაწილეობაც.
ბავშვის მონაწილეობა აქციაში არის ბავშვის პიროვნული განვითარების ნაწილი. ჩვენ ხომ ვერ ვეტყვით ბავშვს, ისე გაიზარდე, რომ არაფერზე შენი აზრი არ დააფიქსირო, კითხვები არ დასვა. კითხვების დასმის განსხვავებული ფორმაა აქციაში მონაწილეობაც.
- შეწყვიტე კრიტიკული აზროვნება – ამას ეუბნება მთავრობა ბავშვებს ამ ჩანაწერით?
ამიტომ გაითვალისწინა გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციამ ბავშვის გამოხატვის თავისუფლება, რომ არ შეიძლება ამის შეზღუდვა.
პირიქით, მშობელი ვალდებულია აუხსნას ბავშვს, როგორი მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობა, ბავშვობიდან მიაჩვიოს მოქალაქეობას. უფრო მეტიც, გაეროს ბავშვთა ფონდს აქვს განმარტებები და ერთ-ერთ მუხლში წერია, რომ მარტო მშობელი კი არა, პოლიციაც ვალდებულია ხელი შეუწყოს ბავშვს, მიიღოს აქციაში მონაწილეობა.
ასევე ვალდებულია მასწავლებელი და სკოლაც ბავშვს ხელი შეუწყოს საკუთარი აზრის გამოხატვაში და აქცია მანიფესტაციაში მონაწილეობაში. ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ აქციაში მონაწილეობის გამო ბავშვის სხვა უფლებები უნდა დაირღვეს, მაგალითად, ბავშვის განათლების ან უსაფრთხოების უფლება. პირიქით, ბავშვის ყველა უფლება უნდა იყოს დაცული და ბავშვმა ისე უნდა მიიღოს აქციაში მონაწილეობა, რომ მისი სწავლა არ დაზიანდეს, ის არ დაექვემდებაროს რაიმე ტიპის ძალადობას. აქციაში მონაწილეობა სწავლის ფორმაა, თუ ამას სწორ ადგილს უპოვის სკოლა და როლს მიანიჭებს ბავშვის სამოქალაქო განათლებაში.
კიდევ ერთი საინტერესო საკითხი, რომელიც მინდა გამოვყო არის ის, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, თუ ბავშვს არ მიუღწევია 16 წლისთვის, მაშინ მას ვერ დაეკისრება ამ კოდექსის ვერცერთ დარღვევაზე პასუხისმგებლობა. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვი ვერ ჩაიდენს ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას (ვერ დააჯარიმებენ და ვერ დააკავებენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო), როცა ის 16 წელზე პატარაა.
ეს ნიშნავს, რომ თუ ბავშვს არ მიუღწევია 16 წლისთვის, მაშინ ვერც მის მშობელს დააჯარიმებ ახალი ცვლილებით. შესაბამისად, თუ ამ ახალ ცვლილებას აქვს ბავშვების დაცვის მიზანი, ის საერთოდ ვერ აღწევს ამ მიზანს. საინტერესოა, ამ ნორმის რაიმე სხვა განმარტებას თუ შემოგვთავაზებენ.
- ბათუმში, საპროტესტო აქციებში მონაწილე მოსწავლეები გვიყვებოდნენ, რომ პირიქით ხდებოდა სკოლებში. მათ ხელს უშლიდა სკოლის ადმინისტრაცია და ემუქრებოდნენ კიდეც, თუ წავიდოდნენ აქციებზე.
თუ ვინმე ეუბნება ბავშვს, რომ აქციაზე წასვლა და მონაწილეობა საფრთხის შემცველია, მაშინ შეუქმნან ბავშვებს ისეთი პირობა, რომ საფრთხე არ დაემუქროთ. რომ არ აღმოჩნდეს ბავშვი რისკის ქვეშ, რომ არ მოხვდეს დარბევაში და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ თავისი არსით აქციები, სადაც ბავშვები მონაწილეობენ იყო და უნდა იყოს, ყოველთვის მშვიდობიანი.
პირიქით, ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, რომ ბავშვს შეუწყოს ხელი სამოქალაქო უფლებების განხორციელებაში.
- ბათუმში აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მოსწავლემ გვითხრა, რომ ბავშვებს ემუქრებოდნენ პოლიციის გამოძახებით. ეს არის სკოლის მხრიდან ბავშვის უფლებების დარღვევა?
ასეთ დროს ძალიან მარტივი კითხვა უნდა დასვას ნებისმიერმა მშობელმა ან ბავშვმა: როგორ მიწყობ ხელს, რომ წავიდე და მივიღო მონაწილეობა?
- სკოლას აქვს ასეთი არგუმენტი – მე ვარ პასუხისმგებელი შენ უსაფრთხოებაზე სკოლის კედლებში და აქციაზე რომ რაიმე მოგივიდეს, მე უნდა ვაგო პასუხი?
მშობელი, სკოლის ადმინისტრაცია და პოლიცია ერთად უნდა ქმნიდნენ იმ პირობებს, რომ ბავშვმა შეძლოს მონაწილეობა საპროტესტო აქციაში. რა თქმა უნდა, მშობელი უნდა იყოს საქმის კურსში, ხოლო სხვა უწყებების (განათლების, პოლიციის) ვალდებულებაა ბავშვებისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, რომ ბავშვმა შეძლოს მონაწილეობა.
ეს ყველაფერი ოდესმე მივა სასამართლომდე და თუ ეროვნული სასამართლო არ იმსჯელებს ამაზე, მაშინ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი ან ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო იმსჯელებს, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ბავშვები არიან ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის ავანგარდში. ვიცით, რომ უკვე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს აქვს გადაწყვეტილებები უფლებადამცველი ბავშვების შესახებ და მეტსაც გეტყვით, კომიტეტი მიმართვასაც უგზავნის ამ ბავშვებს, რომ დაეხმაროს მათ ამ უფლებების დაცვაში.
ანუ ბავშვების სტატუსი იყვნენ უფლებადამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და ცვლილებების მომთხოვნი ქვეყანაში, ეს აღიარებული სტატუსია და მას იცავს საერთაშორისო სასამართლოები.
ამიტომ აქციაში ბავშვის მონაწილეობის და სამოქალაქო აქტივიზმის შეზღუდვა არის სერიოზული დარღვევა. ხომ ვერ ვიტყვით, რომ „ბავშვს უნდა სცემო“, ასევე ვერ ვიტყვით, რომ ბავშვი არ უნდა იყოს უფლებადამცველი. აი, ამ დონის დარღვევაზეა აქ საუბარი.
- მშობლის დაჯარიმება არალეგიტიმური მთავრობის მხრიდან რა განაცხადია?
ჩვენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი 1980-იანი წლებისაა და დაჯარიმება საბჭოთა ინსტრუმენტია მოქალაქეობის ჩასაკლავად. როგორც საია მიუთითებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებული ფორმით მოქმედება ყოველდღიურად იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას. ახლა ამ დარღვევებში ღირსეული ადგილი დაიკავა ბავშვთა უფლებების დარღვევამაც. კოდექსში შეტანილი ეს ცვლილება მის ამოქმედებამდე უკვე დარღვევაა და როცა ამოქმედდება, სისტემურ დარღვევაში გადავა.
ჩვენ წინასწარ ვეუბნებით ხელისუფლებას, ნუ გააკეთებ ამას, რადგან ქვეყანა იხევს უკან ბავშვთა უფლებებში.
ეს ცვლილება ეწინააღმდეგება ახლახან მიღებულ „ბავშვთა უფლებათა კოდექსსაც“, რომლის მე-17 მუხლში წერია, რომ ბავშვს აქვს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. როგორ მიიღებს ის მონაწილეობას, თუ შენ წინასწარ დააშინებ, არ წახვიდე, თორემ დავაჯარიმებ შენს მშობელსო.
კიდევ ერთ ასპექტს მინდა გავუსვა ხაზი: პოლიციას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა აქციაზე ბავშვების მიმართ. ბავშვი არ შეიძლება მოჰყვეს არც საპოლიციო ღონისძიებაში, არც დარბევაში. ანუ თვითონ ის ფაქტი, რომ ბავშვს შეიძლება მოუწიოს რამეზე წინააღმდეგობის გაწევა, წარმოუდგენელია.
როცა ბავშვი მონაწილეობს აქციაში, იქ უნდა იყოს სრულიად უსაფრთხო გარემო და თუ ვინმე ინდივიდუალურად ურევს ამ უსაფრთხო გარემოს, ინდივიდუალურად უნდა გააჩეროს პოლიციამ. არ შეიძლება ბავშვის მიმართ პოლიცია მოქმედებდეს როგორც ზრდასრულის მიმართ და აკავებდეს ან აჯარიმებდეს მას.
- როგორ ფიქრობთ, ეს რეპრესიული მექანიზმი იმიტომ ჩადეს, რომ მშობელმა იზრუნოს ბავშვის საპროტესტო მუხტის ჩახშობაზე?
რა თქმა უნდა. უბრალოდ, მე როგორც იურისტი, სამართლებრივ გაუმართაობას ვუსვამ ხაზს, რადგან რეალურად ეს არის ნორმა, რომელიც შექმნეს დღევანდელობისთვის და ამიტომ აქვს მას ასეთი სუსტი იურიდიული დასაბუთება.
მინდა გითხრათ, რომ მოვისმინე ამ ცვლილების როგორც საკომიტეტო, ისე პირველი, მეორე და მესამე მოსმენის აუდიოფაილი პარლამენტში და არსად არ უმსჯელიათ ამ სამართლებრივ ხარვეზებზე ან საერთოდ ამ ცვლილების შემოტანის ლოგიკაზე. ასევე არ არის განმარტებული ამ ცვლილების აუცილებლობა და ლოგიკა კანონპროექტის განმარტებით ბარათში. სავარაუდოდ, ის ხარვეზები, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ეუხერხულათ, რომ ჩაეწერათ და, უბრალოდ, არაფერი არ ჩაწერეს.
- ანუ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე სამართლებრივი?
ასე გამოდის. თუ ეს ცვლილება ეწინააღმდეგება სამართლებრივ ლოგიკას, სამართლებრივ ჩარჩოს, ბავშვების ინტერესს, გამოდის, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე და ეს არის უკანდახევა ადამიანის უფლებების კუთხით.
ეს არის სისტემური დარღვევა ბავშვის უფლებების, რომელიც გამოიხატება ბავშვების დაშინებაში.
- ბავშვებმა დაგვისვეს ასეთი კითხვა – „თუ დავდგებით საპროტესტო აქციაზე, მართლა დაგვაჯარიმებს პოლიცია მხოლოდ იმიტომ, რომ აქციაში ვმონაწილეობთ? რა შეგიძლიათ უთხრათ მათ, რადგან ფაქტია, რომ ამ ჩანაწერმა შიში გააჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩანაწერი არასწორია, თუ ეს ახალი საკანონმდებლო ნორმა აღასრულეს, ბავშვები მნიშვნელოვნად დაზიანდებიან. პარლამენტმა დაუშვა ის, რომ ბავშვები დაზარალდნენ ამ კანონით.
- თუ შეიძლება, რომ ბავშვებმა ამ ჩანაწერის გამო უჩივლონ სახელმწიფოს?
აუცილებელია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ამ კანონის და მისით გამოწვეული შეზღუდვის ეფექტური გასაჩივრების საშუალება. პირდაპირ ამბობს კონვენცია, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩათვალო, რომ შენი უფლება დაცულია, თუ შენ ჩივილი არ შეგიძლია.
ბავშვებს, რომლებიც დააშინეს მათი გამოხატვის და აქციაში მონაწილეობის გამო ან დაემუქრნენ მისი ან მშობლის დასჯით (მაგალითად, დაჯარიმების ფორმით), შეუძლიათ უჩივლონ მათ, ვინც ეს ქმედება განახორციელა.
ამისათვის უნდა მიმართონ სასამართლოს პირდაპირ ან არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ შეუძლიათ ადვოკატის გარეშეც შეავსონ „სასამართლოსადმი მიმართვის ბავშვზე მორგებული ფორმა“ (ინტერნეტში იძებნება, ეს ფორმები განთავსებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სხვადასხვა სასამართლოს ვებგვერდებზე), მიიტანონ სასამართლოში და ჩააბარონ. ასევე შეუძლიათ, მოითხოვონ უფასო იურიდიული დახმარება იურიდიული დახმარების სახელმწიფო სამსახურისგან.
თუ სასამართლო არ მოუსმენს და არ იქნება მათთვის ხელმისაწვდომი, პირდაპირ შეუძლიათ დაუკავშირდნენ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს წერილით. ამ წერილის დაწერის წესი ასევე ატვირთულია გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ვებგვერდზე. ინდივიდუალურადაც შეუძლიათ ბავშვებს ამის გაკეთება და ადვოკატის დახმარებითაც. ეს ძალიან კარგი წესი აქვს გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტს, რომ უშუალოდ ბავშვებს შეუძლიათ მიმართვა.
ამიტომ, თუ ბავშვები გრძნობენ, რომ უნდათ აქციაზე გასვლა, მაგრამ აი ეს ნორმა ხელს უშლით, აუცილებლად უნდა მიმართონ სასამართლოს დღესვე და შემდეგ უკვე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს.