26 დეკემბერს, ხუთშაბათს, 19 საათზე, თბილისში გაიმართება ბათუმელების პროევროპული მარში.
ანონსის თანახმად, ბათუმელების მარშისთვის მოქალაქეები თბილისში, ბუკიას ბაღში შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ გამართავენ მსვლელობას.
„გიწვევთ მარშზე, სადაც ბათუმელები ერთხმად გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე ნებას – გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
ბათუმი ოდითგანვე იყო მულტიკულტურული ქალაქი, სადაც სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. ჩვენი ქალაქის ისტორია – ეს არის ტოლერანტობის, კულტურათა დიალოგისა და პროგრესული აზროვნების ისტორია.
დღეს, როდესაც საქართველო დგას ისტორიული არჩევანის წინაშე, ჩვენ, ბათუმელები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ევროპულ იდენტობას. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი – ეს არის ჩვენი გენეტიკური კოდი, ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობა და ჩვენი შვილების მომავალი.
მარშის დროს გავაერთიანებთ ხმას იმ ათასობით ბათუმელის სახელით, ვისთვისაც ევროპული ღირებულებები – დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა – წარმოადგენს ცხოვრების განუყოფელ ნაწილს“ – ვკითხულობთ ფეისბუქზე, ღონისძიების გვერდზე.
- რა ხდება?
საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.~
_____________
ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში. 2024 წლის დეკემბერი. ფოტო: „ნეტგაზეთი“