მთავარი,სიახლეები

13 იანვრამდე „ოცნებამ“ უქმე დღეები გამოაცხადა

24.12.2024
13 იანვრამდე „ოცნებამ“ უქმე დღეები გამოაცხადა

„ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ პირველიდან 13 იანვრამდე უქმე დღეები გამოაცხადა.

კერძოდ, 24 დეკემბრით დათარიღებული დადგენილების თანახმად, უქმე დღეებად გამოცხადდა 2025 წლის 3, 6, 8 და 10 იანვარი. აქამდე დასვენების დღეები იყო პირველი, 2 და 7 იანვარი.

შესაბამისად, 13 იანვრამდე ადმინისტრაციულ ორგანოებში უქმე დღეები ცხადდება. ამ პერიოდში შედის შაბათ-კვირაც [4-5 და 11-12 იანვარი].

„ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას“ – ვკითხულობთ დადგენილებაში.

დადგენილება, რომელსაც ხელს „ოცნების“ პრემიერი, კობახიძე აწერს, არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

წინასაახალწლო პერიოდში საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. უკვე 27 დღეა თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარეობს აქციები, სადაც ხელახალ არჩევნებსა და აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

_________________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან, 2024 წლის დეკემბერი. ფოტო: „ნეტგაზეთი“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: