28 დეკემბერს, 15:00 საათზე ბათუმში მოქალაქეები ერთსაათიან საპროტესტო ჯაჭვს გააკეთებენ.
„ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი.
„ვაპროტესტებთ არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას, მოვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავისუფლებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს – ეს არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა.
28 ნოემბრის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს ძალა და რომ ის ერთიანია და მრავალფეროვანი.
ახლა მნიშვნელოვანია, პროტესტმა გამოიჩინოს ნებისყოფა და სიმტკიცე“ – ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.
ცოცხალი ჯაჭვი დაიწყება ბათუმის ბულვარში, ზღვისპირა ბილიკზე, ალი და ნინოს ქანდაკებიდან.
ორგანიზატორთა თქმით, სანაპირომდე მისვლა ნებისმიერი სასურველი გზით იქნება შესაძლებელი, თუმცა მეტი კომფორტისთვის გამოყოფილია 5 მთავარი ლოკაცია, რომლის გავლით მარტივად მოხვდებით ზღვისპირა ბილიკზე და შეუერთდებით ჯაჭვს:
- ალი და ნინოს ქანდაკება
- ცენტრალური შადრევანი
- ჩოგბურთის კორტები
- უნივერსიტეტი
- გრიბოედოვის ქუჩა
„ჩასჭიდეთ ხელი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს, თანაქალაქელებს და შეუერთდით საამაყო ერთობას, რომელიც ისტორიაში დარჩება“.
29 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობა, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „არჩეული“ პრეზიდენტის ინაუგურაციას გეგმავს.
ქვეყანაში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს.
ხალხი მოითხოვს ახალ არჩევნებს და საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.
მოქალაქეების განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.

ერთობის ჯაჭვის რუკა






