მთავარი,სიახლეები

„ჩვენს მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყეს“ – აჭარის ფინანსთა სამინისტროს გაფიცული თანამშრომლები

23.12.2024 •
„ჩვენს მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყეს“ – აჭარის ფინანსთა სამინისტროს გაფიცული თანამშრომლები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ორი გაფიცული თანამშრომლის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო. ეს ინფორმაცია სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსმა, ლელა მიქელაძემ დაგვიდასტურა. მან გვითხრა, რომ 17 დეკემბერს ჩაბარდა წერილი, რომლითაც აცნობეს, რომ სამსახურში უნდა გამოცხადდეს. გარდა ამისა, მას ჩააბარეს ბრძანება მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

დისციპლინური წარმოება დაიწყეს  სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, სალომე აბაშიძის წინააღმდეგაც, ისიც გაფიცული იყო. მან ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა ჩვენთან დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

ლელა მიქელაძე 2 დეკემბერს გაიფიცა, მან  გადაწყვეტილების შესახებ მინისტრის მოადგილეს აცნობა. გაფიცვის შესახებ 2 დეკემბერს დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სალომე აბაშიძემაც.

ლელა მიქელაძის ინფორმაციით, ზეპირი შეტყობინების შემდეგ მინისტრის მოადგილისგან არ მიუღია რაიმე ინფორმაცია, განმარტება, რომ ზეპირი შეტყობინება გაფიცვის დასაწყებად არ იქნებოდა საკმარისი და მის მიმართ შეიძლება ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულიყო. არც მაშინ და არც შემდეგ დღეებში ლელას სამინისტროდან არავინ შეხმიანებია, თუნდაც ზეპირი განმარტების მისაცემად.

„17 დეკემბერს ჩამბარდა წერილი, რომელიც 9 დეკემბრით იყო დათარიღებული. მწერდნენ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს გაფიცვას და ხვალ გამოცხადდით სამსახურშიო, წერილის ჩაბარებიდან მეორე დღესვე გავედი. ამავე დღეს ჩამბარდა ბრძანება. კურიერმა ზუსტ მისამართზე არ მომიტანა წერილი, მიუხედავად იმისა, რომ მასთან მქონდა მიმოწერა, სადაც დავუზუსტე ჩემი მისამართი. მეორეც  წერილიც არ მომიტანა, მე არ ვალდებული ვირბინოო მიპასუხა. შემდეგ დავრეკე კანცელარიის უფროსთან და ვთხოვე მისამართების დაზუსტება, რომ ჩემთან გამოგზავნილი წერილები ჩამბარებოდა“.

ლელა მიქელაძეს ჩაბარდა წერილი სამსახურში გამოცხადების მოთხოვნაზე და ბრძანება დისციპლინური წარმოების შესახებ. გვიყვება, რომ სამსახურში მისვლისთანავე, მისი გამოცხადების შესახებ კურატორ მოადგილეს აცნობა: „დაბრუნდიო, მკითხა. სხვა არაფერი უთქვამს. არანაირი სხვა სახის ზეწოლა, ან ზეპირი რაიმე გაფრთხილება ჩემს მიმართ არ ყოფილა.“

სხდომა, რომელზეც ლელა მიქელაძის და სალომე აბაშიძის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, 26 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

ლელა ამბობს, რომ გათავისუფლება სასჯელის მძიმე ფორმაა, რაც, მისი აზრით, ვერ უნდა გამოიყენონ, რადგან ამ დრომდე ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებდა. წელს კი დეპარტამენტის უფროსმა 2024 წლის მუშაობის შეფასებისას 3 ქულა დაუწერა, ამ დრომდე 3 ქულა არასდროს დაუწერიათ: „რა ვიცი, ყველაფერია მოსალოდნელი.“

სასჯელის ფორმა შეიძლება იყოს გაფრთხილებაც, რამდენიმე გაფრთხილების შემთხვევაში საჯარო მოხელეს შეიძლება ხელფასიც დაუქვითონ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, არაოფიციალურად გააფრთხილეს ის თანამშრომლებიც, რომლებიც გაფიცულები არ იყვნენ, თუმცა საჯარო სტრუქტურებიდან აქციებზე დადიოდნენ არასამუშაო საათებში და ისინიც, ვისი უფროსკლასელი შვილები აქციაზე იმყოფებოდნენ. საჯარო მოხელეებს უთხრეს, რომ იანვრიდან რეორგანიზაციები იგეგმება და მანამდე თავს მაინც და მაინც აქციებზე სიარულით ნუ გამოიჩენენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: