შაბათს, 28 დეკემბერს, მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით „ერთობის ჯაჭვის“ მოწყობას აპირებენ. „ჩასჭიდეთ ხელი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს, თანაქალაქელებს და შეუერთდით საამაყო ერთობას, რომელიც ისტორიაში დარჩება“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, გაფართოვდეს ეს წინააღმდეგობა. ადამიანებმა, რომლებიც დღეს ტელევიზორებიდან აკვირდებიან ამ პროცესს და სტაბილურობის შენარჩუნებაზე ლაპარაკობენ, მათაც უნდა იპოვონ საკუთარი თავი ამ პროცესში, მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან ხიდების გაბმა,“ – ამბობს ნანა მალაშხია, კოალიციის „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ქალი, რომელიც ანტირუსული აქციების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა – წყლის ჭავლის წინ ურყევად მდგომი მოქალაქე, ევროკავშირის დროშით ხელში.
ერთობის ჯაჭვის მნიშვნელობაზე „ბათუმელები“ ნანა მალაშხიას ესაუბრა:
- ქალბატონო ნანა, საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით, რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ერთობის ჯაჭვის მოწყობას?
ეს არის ერთობის ჯაჭვი, რომლითაც გამოვხატავთ ჩვენი ერთიანობის იდეას. ხელიხელჩაკიდებული ერთად დგომა გადამდებია, ეს ერთიანობის და სოლიდარობის აქტია. ყველამ უნდა დაინახოს თავისი თავი ამ ჯაჭვში, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ერთი მიზანი.
როცა ჩვენ ერთმანეთს ვხედავთ ხელიხელჩაკიდებულს, ერთმანეთის გვერდიგვერდ, ერთმანეთს ვავსებთ ენერგიით და ვაძლიერებთ. ეს არის გზავნილი ასევე ცივილური სამყაროსთვის, რომ ერთიანი ვართ ამ პროცესში.
სახალხო ჯაჭვით გამოვხატავთ პროტესტს არალეგიტიმური პრეზიდენტის მიმართ, ინაუგურაციის წინ. ჩვენი ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი, ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. უცვლელია ორი მოთხოვნა, რომ გაიმართოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ერთმანეთის გაძლიერება და უწყვეტობა ამ პროტესტში უკიდურესად მნიშვნელოვანია.
თუ ასე მწყობრად, თანმიმდევრულად გავაგრძელებთ პროტესტს, ამას ექნება შედეგი. ხალხს გაცნობიერებული აქვს, რომ ეს არაა ერთდღიანი ან ერთკვირიანი პროცესი. დღეს აქციებზე არავინ სვამს კითხვას: როდემდე? მოქალაქეები სკანდირებენ „ბოლომდე”.
შედეგი ჩვენ უკვე გვაქვს სახეზე, ესაა არაღიარება და მკაცრი შეფასებები არჩევნებთან დაკავშირებით ცივილიზებული სამყაროსგან, პარტნიორებისგან. მკაცრი შეფასებები ე.წ. ხელისუფლების მიერ მომიტინგეების სასტიკ დარბევასთან, არაადამიანურ მოპყრობასთან, რეპრესიებთან დაკავშირებით, თუნდაც Human Rights Watch-ის დღევანდელი განცხადება რომ ავიღოთ, ამას აჩვენებს. მშვიდობიანი წინააღმდეგობა, ხალხის უწყვეტი პროტესტი არის გადამწყვეტი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.
საპროტესტო ჯაჭვი აჩვენებს იმასაც, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც დღეს ქუჩაშია. სამწუხაროდ, პროტესტი გადმოსულია სრულად ქუჩაში, მეტი რესურსი არ არის ამ რუსული რეჟიმის პირობებში. პოლიტიკური პროცესი დღეს ქუჩაშია და მის სათავეშია საქართველოს პრეზიდენტი. ამიტომაც ქუჩაში დგომას აქვს უდიდესი მნიშვნელობა.
- ერთობის ჯაჭვი მოეწყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დღეებშიც. რა სიმბოლური დატვირთვა შეიძინა ასეთი ჯაჭვის მოწყობამ?
ძალიან მნიშვნელოვანია ჯაჭვის მოწყობა. ეს აჩვენებს, პირველ რიგში იმას, რომ არ ვეგუებით და არც არასდროს შევეგუებით რუსულ რეჟიმს საქართველოში.
მახსოვს 1989 წელს ბალტიისპირეთის 3 ქვეყანის ტერიტორიაზე უწყვეტი ჯაჭვი, მაშინ 13 წლის ვიყავი და ეს კადრები არ ამომდის თავიდან. საბჭოთა კავშირის, ტოტალიტარული სისტემის დანგრევაც არ წარმოედგინა ბევრს, მაგრამ პროტესტს ყოველთვის მოაქვს საბოლოოდ შედეგი.
მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს, გაფართოვდეს ეს წინააღმდეგობა. ადამიანებმა, რომლებიც დღეს ტელევიზორებიდან აკვირდებიან ამ პროცესს და სტაბილურობის შენარჩუნებაზე ლაპარაკობენ, მათაც უნდა იპოვონ საკუთარი თავი ამ პროცესში, ამ წინააღმდეგობაში.
მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან ხიდების გაბმა. 7 ხიდი იქნება თბილისში, სადაც იქნება ეს ჯაჭვი. ჩემთვის ეს ხიდი იმ მოქალაქეებთან მისასვლელი გზაცაა, რომლებმაც საკუთარი თავი ამ წინააღმდეგობაში უნდა დაინახონ.
- მათ შორის საჯარო მოხელეებსაც გულისხმობთ? თქვენ საჯარო სექტორში მუშაობდით, როცა ევროკავშირის დროშით ხელში გამოჩნდით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე.
ჩვენ, ყველას გვაქვს ერთი სამშობლო და ერთი მიზანი: განვითარებული, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობა. ვხედავთ, რომ ყოველდღიურად იზრდება ეს პროტესტი. ესენი ხომ სულ თავების თვლაზე არიან გადასულები. ფაქტია, რომ პროტესტი საზოგადოებაში ბევრად მეტია, ვიდრე ის რაოდენობა, რასაც თბილისსა თუ ბათუმის ქუჩებში ვხედავთ.
საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი დღეს ჯერ კიდევ ღიად ვერ აფიქსირებს პროტესტს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისტორიაში პირველად საჯარო მოხელეებმა გამოხატეს პროტესტი. ჩემი ნატვრაც ესაა, რომ რაც შეიძლება მეტი საჯარო მოხელე გაემიჯნოს რუსულ რეჟიმს – საჯარო მოხელეებზე დგას სახელმწიფოს ფუნქციონირება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი საჯარო მოხელის პროტესტი ვიხილოთ.
საჯარო სექტორიც უნდა დავინახოთ იმ ჭრილიდან: რა გვქონდა წარსულში და დღეს ისინი პროტესტს გამოხატავენ. ნელ-ნელა ეს წრე გაფართოვდება. ჩვენ მხარდაჭერა უნდა გამოვხატოთ საჯარო მოხელეების მიმართ. თავად საჯარო მოხელეებმაც უნდა გაიაზრონ, რომ რეჟიმი ყველას მიწვდება, ვინც პარტიის ერთგული არ იქნება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” ცვლილება საჯარო სექტორის პარტიულ გავლენებს უკიდურესად ზრდის, მოხელეებს მოწყვლადად აქცევს, მათ შეუძლიათ არასასურველი მოხელის გათავისუფლება ყოველგვარი სოციალური გარანტიების გარეშე. ამასთანავე, მოხელეებს მხარდაჭერა ჩვენმა კოალიციამაც, ასევე, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და ფონდებმაც სამართლებრივი და ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადეს.
- რამ შეიძლება გააძლიეროს ეს წინააღმდეგობა, რა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი?
მე აქტიურად დავდივარ ამ აქციებზე და ჩანს, რომ მოქალაქეებს ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, რასთან გვაქვს საქმე. ამ პროტესტის მამოძრავებელი ძალა ბრაზია, რომელიც ვეღარ გაქრება.
ეს პროცესი უცებ არ სრულდება. ნეტა, ვცდებოდე და დასრულდებოდეს ეს ყველაფერი ახალ წლამდე, მაგრამ ასე ვერ ვხედავ, ეს გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ ვხედავთ, როგორ ძლიერდება ეს პროცესი. უკვე 2 ათასზე მეტი ბიზნესკომპანია შეუერთდა წინააღმდეგობას.
შესაძლოა, ყველას არ შეუძლია აქციაზე გამოსვლა, სხვადასხვა მიზეზია, არამხოლოდ გამბედაობა, მაგრამ მნიშვნელოვანია რაღაც ფორმით პროტესტში ჩაბმა.
ჩვენ ყველას მივიღებთ ერთობის ჯაჭვში და ჩავკიდებთ ხელს.