სიახლეები

რატომ შეხვდა კობახიძე ბიზნესმენებს? – „უსასრულოდ ლარის კურსს ვერ დაიჭერ“

24.12.2024 •
რატომ შეხვდა კობახიძე ბიზნესმენებს? – „უსასრულოდ ლარის კურსს ვერ დაიჭერ“

„ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც იზოლაციას და ფინანსურ სანქციებს გაუძლებს… რეზერვები უსასრულო არ არის. უსასრულოდ ვერ დაიჭერ ლარის კურსს და ეკონომიკასაც ხელოვნურად ვერ შეაჩერებ,“ – მიიჩნევს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, რომელსაც ირაკლი კობახიძის ბიზნესმენებთან შეხვედრის შესახებ ვესაუბრეთ.

სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ ამ მასშტაბის პროტესტი ბიზნესმენებს საქართველოში არასდროს გამოუთქვამთ, რაც დღეს არსებობს. ანალიტიკოსს სჯერა, რომ ბიზნესსექტორის პრინციპულ პოზიციას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, თუმცა სოსო ბერიკაშვილი პრინციპულობის დაცვას განსაკუთრებით პატარ-პატარა კომპანიებისგან ელის.

როგორ აისახა პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკაზე და რას ცვლის ბიზნესსექტორის პროტესტი? – „ბათუმელები“ კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანს, ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა:

  • ბატონო სოსო, რა გამოჩნდა თქვენთვის იმ განცხადებებით, რაც დღეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე მიმავალი ბიზნესმენებისგან მოვისმინეთ?  

რაც არ უნდა იყოს, ბიზნესი ფრთხილია და ისინი ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ, განსაკუთრებით კი, მსხვილი ბიზნესი. მათთვის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სიტუაცია ძალიან ბევრ რისკს შეიცავს და ეს ბიზნესმა ყველაზე კარგად იცის.

  • კობახიძესთან შესვლამდე ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე ამბობდა, აღარ აწიოკებენ ბიზნესს, მეც სიამოვნებით მივიღებ სანქციასო… 

ვიცით ნამორაძე ვინც არის, ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესის განცხადება. საქართველოში ბევრი ბიზნესი იმიტომ არის ბიზნესი, რომ ხელისუფლებასთან არის კორუფციულ გარიგებაში. შეიძლება, პირდაპირ კორუფციული გარიგება არ იყოს, მაგრამ კაბალური ხელშეკრულებები არსებობდეს.

  • ორი ათას გასცდა იმ ბიზნესმენების სია, ვინც ხელახლა არჩევნების ჩატარების და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება. რა როლი შეიძლება შეასრულოს წინააღმდეგობის პროცესში ბიზნესსექტორის მოთხოვნამ? 

პირველ რიგში, ეს რაოდენობა აჩვენებს იმას, რომ ყველა ბიზნესს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს – მცირე და საშუალო ბიზნესს განსაკუთრებით. ბიზნესსექტორში კი ადეკვატურად უყურებენ სიტუაციას და უნდათ, რომ განიმუხტოს კრიზისი.

მოგეხსენებათ, ბიზნესი აგენერირებს გადასახადებს, რომლითაც ბიუჯეტი დგება და რასაც შემდეგ ხელისუფლება იყენებს სხვადასხვა მიზნისთვის. ბიზნესი ვერ მოიქცევა ისე, რომ გადასახადები აღარ გადაიხადოს, ეს კანონდარღვევა გამოვა და დააყადაღებენ, მაგრამ როცა ბიზნესს პრობლემები ექმნება, გადასახადები იკლებს. ეს ბიუჯეტსაც აკლდება.

სოსო ბერიკაშვილი

ახლა რთულია პროგნოზის გაკეთება, არავინ იცის, რა იქნება ხვალ, მაგრამ პრობლემაა ბიზნესისთვის ისიც, რომ ყოველდღიურად 10-ათასობით ადამიანი რუსთაველზე დგას. მინიმუმ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ვეღარ მუშაობენ იმდენს, როგორც მანამდე.

ამიტომაც ბიზნესსექტორის ხმა დღეს მკაფიოდ ისმის, მაგრამ ხელისუფლებას არავისი არ ესმის.

  • ბოლო რყევები აისახა ტურიზმზე, საუბრობენ ჯავშნების გაუქმებაზე… ეკონომიკის კიდევ რომელ სფეროზე აისახა პოლიტიკური კრიზისი? 

ცხადია, ტურიზმის მონაცემები შემცირებულია. ასევე შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს მონაცემი განახევრებულია შარშანდელთან შედარებით.

საქართველო დამოკიდებულია საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე და როცა არსებობს სანქციების, მათ შორის, ფინანსური სანქციების რისკი, ეს ეკონომიკას აზიანებს.

  • რა გათვლით მოქმედებს ამ დროს ივანიშვილი, თქვენი დაკვირვებით? ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, რომ გააჩუმოს ბიზნესი კრიზისის მიუხედავად, ხოლო ბიზნესი ცდილობს, უკან დაახევინოს „ოცნებას“? 

ვერ გეტყვით, რა გათვლა აქვთ. „ოცნების“ მხრიდან მხოლოდ არაადეკვატური განცხადებები გვესმის ხოლმე, რომ ყველაფერი კარგადაა და რაღაც 700 კაცი დადის რუსთაველზე. რეალურად რას ფიქრობენ, არ ვიცი.

ორივე მხარე თავისას ცდილობს [„ქართული ოცნება“ და ბიზნესსექტორი], ვინ აჯობებს ამ სიტუაციაში, არ ვიცი. ფაქტია, რომ ასეთი მასშტაბის პროტესტი აქამდე ბიზნესის მხრიდან არასდროს ყოფილა საქართველოში.

  • ფიქრობთ, რომ ბიზნესსექტორის პრინციპულ პოზიციას შეუძლია უკან დაახევინოს „ოცნებას“? 

ვფიქრობ, კი. ერთ-ერთი მიზეზი ესეც შეიძლება იყოს. ბიზნესსექტორში ზოგიერთი თავის ინტერესზე ფიქრობს მხოლოდ, ჩვენ კი, განვითარება გვინდა ქვეყნის, არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესის. ამისთვის გვჭირდება ნაკლები კორუფცია და ჯანსაღი პირობები.

ვიღაცები [ბიზნესმენები] არ იქნებიან პრინციპულები, იმიტომ, რომ სიტუაციას მუდმივად ხელისუფლებასთან ალაგებენ და სარგებელს იღებენ პირდაპირ კორუფციულს – სამშენებლო კომპანიები და ასე შემდეგ. პატარ-პატარა კომპანიებისგან უფრო მეტი პრინციპულობის იმედი უნდა გვქონდეს.

რთულია იმის თქმა, რა მასშტაბის კრიზისი გველის, მაგრამ საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, ყველაფერი შესაძლოა მოხდეს ერთ დღეში, თუ ჩვენ იზოლაციაში მოვყვებით.

მაგალითად, თუ შეიზღუდება ფინანსური ნაკადები, ეს დააზარალებს ბანკებს და მერე ყველაფერი დამოკიდებულია ბანკებზე – ამ ქვეყანაში ეკონომიკა სხვანაირად არ ფინანსდება. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც იზოლაციას და ფინანსურ სანქციებს გაუძლებს. არც არსებობს შემთხვევა, როცა ქვეყანას არ აქვს ნავთობი, გაზი, დიდი ინდუსტრია და გაეძლოს ფინანსური სანქციებისთვის, იზოლაციისთვის.

  • ლარის ისევ გაუფასურების რისკი რამდენად დიდია ამ ეტაპზე? 

თუ ეს პროცესი გაგრძელდება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ლარი მყიფეა. როგორც იცით, ეროვნული ბანკი ჩაერია და რეზერვები დახარჯა, ახლა უფრო ნაკლები რეზერვი გვაქვს, ვიდრე გაზაფხულზე გვქონდა.

ეს რეზერვები უსასრულო არ არის. უსასრულოდ ვერ დაიჭერ ლარის კურსს და ეკონომიკასაც ხელოვნურად ვერ შეაჩერებ. ამიტომაც, რისკები გაზრდილია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: