მთავარი,სიახლეები

შავი ზღვის სანაპიროზე ათობით დელფინი გამოირიყა მაზუთის ჩაღვრის შემდეგ

24.12.2024
შავი ზღვის სანაპიროზე ათობით დელფინი გამოირიყა მაზუთის ჩაღვრის შემდეგ

შავ ზღვაში, რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, კრასნოდარის მხარეში გარემოსდამცველებმა 15 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით 19 მკვდარი დელფინის გამორიყვის ფაქტი დააფიქსირეს, რაც, სავარაუდოდ, შავ ზღვაში 2 რუსული ნავთობტანკერის ჩაძირვის შემდეგ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის შედეგია.

BBC-ი რუსი გარემოსდამცველების ჯგუფის, Delfacenter-ის ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს დელფინების მასობრივი გამორიყვაა. სამეცნიერო-ეკოლოგიური ცენტრი „დელფა“ წერს, რომ გამორიყული დელფინების ნაწილს სხეულზე აღენიშნებათ მაზუთის ფრაგმენტები, ერთ-ერთ მათგანს კი მაზუთის მცირე ფრაგმენტი უპოვეს სასუნთქ გზებში.

„გამორიყვა მასიურად ითვლება, თუ სულ მცირე ორი ვეშაპისებრი ერთსა და იმავე ადგილას და ერთსა და იმავე დროს არის გამოირიყა. კრასნოდარის მხარის სანაპირო ზოლში ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათია. ეს უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობაა” – წერენ მკვლევარები.

შავ ზღვაში ამ რაოდენობის მაზუთის ჩაღვრის ზიანის მასშტაბი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული. გარემოსდამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „გრინფისი“ წერს, რომ დაფიქსირდა მაზუთით დაბინძურებული ფრინველების დაღუპვის ფაქტებიც.

„ნებისმიერი ნავთობის ან ნავთობქიმიური ჩაღვრა ამ წყლებში შეიძლება იყოს სერიოზული. სავარაუდოა, რომ ქარი და დინება (ახლა გადაადგილდება ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ) მის გავრცელებას შეუწყობს ხელს და ამჟამინდელი ამინდის პირობებში, უკიდურესად რთული იქნება მისი შეკავება.

თუ დინება მაზუთს ნაპირზე გარიყავს, ეს გამოიწვევს სანაპირო ზოლის დაბინძურებას, რომლის გაწმენდა ძალიან რთული იქნება…

აუცილებელია შევეცადოთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ნებისმიერი შემდგომი გაჟონვა, თუ ეს შესაძლებელია. გენების ჩაძირვის დროს არსებობს ნავთობისა და ნავთობქიმიკატების გამოყოფის რისკი უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“ – ამბობს დოქტორი პოლ ჯონსტონი, „გრინფისის“ კვლევითი ლაბორატორიების ხელმძღვანელი.

შავ ზღვაში რუსული მოძველებული ნავთობტანკერი „ვოლგონეფტ-2012“ შავ ზღვაში 15 დეკემბერს ჩაიძირა. ტანკერს დაბალი ხარისხის საწვავი – მაზუთი გადაჰქონდა. იმავე დღეს კიდევ ერთ ტანკერს, „ვოლგონეფტ-239-ს“ შეექმნა პრობლემა, რომელსაც ასევე მაზუთი გადაჰქონდა.

ორივე გემზე დაახლოებით 9000 ტონა მაზუთი იყო. „გარდიანის“ თანახმად, ნავთობტანკერებიდან შავ ზღვაში დაახლოებით 4 300 ტონა ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა.

შემთხვევა ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს, ქერჩის სრუტიდან 8 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეკიპაჟის 11 წევრის გადარჩენა მოხერხდა. დაიღუპა ერთი მეზღვაური.

უკრაინამ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღონ ზომები რუსული ნავთობის ფლოტის წინააღმდეგ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: