„გომელაურის მაგნიტსკის სიაში შეყვანის მთავარი გზავნილი, სინამდვილეში გომელაურს არ ეხება. მთავარი გზავნილი ბიძინა ივანიშვილს ეხება. გომელაურის დასანქცირება და ამ სიაში შეყვანა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის გარშემო წრე დაავიწროვეს ამერიკელებმა, მას უთხრეს, რომ შემდეგი ის არის“, – ამბობს თინა ხიდაშელი „ბათუმელებთან“.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის შეფასებით, „ოცნება“ უბრალოდ გარდაუვალის გადავადებას ახდენს, სალომე ზურაბიშვილის როლის გაძლიერება კი ამ კრიზისის დაძლევაში ძალიან მნიშვნელოვანია.
- ქალბატონო თინა, რით იყო საინტერესო თქვენთვის პრეზიდენტის გამოსვლა?
ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის გააქტიურება იმ ფონზე, როცა პრინციპში, რაღაც ეტაპი დასრულდა. ყველა ელოდებოდა ეუთოს დასკვნას, ყველა ამაზე ლაპარაკობდა შინ თუ გარეთ, გამოქვეყნდა ეუთო-ოდირის დასკვნა, სადაც არ არსებობს ერთი აბზაციც კი, რომელიც პოზიტიურით იწყება და მთავრდება.
- თუმცა ეს დასკვნა სხვანაირად თარგმნა ირაკლი კობახიძემ…
იმის შემდეგ, რაც ევროკავშირის სამი დიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მატყუარა ეძახა, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, რას და როგორ თარგმნის კობახიძე.
მას მუდმივად გაახსენებენ, რომ იტალიის, ესპანეთის და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მატყუარა უძახეს.
ამიტომ პრეზიდენტის გააქტიურება მნიშვნელოვანია. იმ ერთადერთ სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელსაც ნდობა აქვს შერჩენილი და ხალხი უსმენს, ვის მიმართაც ლეგიტიმაციაზე კითხვები არ არის, მასზეც სპეციფიკური ზეწოლა მოდის, თუ შეიძლება ასე ითქვას საზოგადოებისგან, რომ ერთგვარი ლიდერის ფუნქცია აიღოს ამ პროცესში და დაეხმაროს ამ პროცესს სწრაფი მოგვარებისთვის.
კონფლიქტის, ამ სამოქალაქო სიმძიმის სწრაფად მოცილებისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა თქვა, რომ იწვევს ბიძინა ივანიშვილს სასაუბროდ არჩევნების დანიშვნაზე. ეს არის მთავარი ფუნქცია, რაც მან უნდა შეასრულოს.
- ხედავთ ამის პირობებს, რომ შეიძლება მართლაც დაინიშნოს არჩევნები?
29 დეკემბრამდე ეს ძალიან რთული წარმოსადგენია, იმდენად სიშლეგის ფაზაშია შესული „ოცნება“, მაგრამ უბრალოდ გარდაუვალის გადავადებას ახდენს ირაკლი კობახიძე.
გარდაუვალია არჩევნები, ის აუცილებლად იქნება.
- თქვენ ფიქრობთ, რომ მიტაცებული ძალაუფლებით ვერ დარჩება „ოცნება“ ხელისუფლებაში?
ხელისუფლებაში ვერ დარჩება, როგორც კი საქართველო იქნება იზოლირებული. იზოლირებული საქართველო არის მათი ვერგადარჩენის ფორმულა.

ბათუმის აქციის მონაწილეები უსმენენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თბილისის აქციაზე გამოსვლას
22 დეკემბერი
ძალიან სამწუხარო, უმძიმესი იქნება ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ მათ სხვა შესაძლებლობა და არჩევანი აღარ დატოვეს.
საქართველო არ არის აზერბაიჯანი. ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ ალიევი თუ მოახერხებს მეც მოვახერხებ, ეს ასე არ იქნება. საქართველოს არ აქვს საკუთარი რესურსი, რითაც გამოკვებავს ამ სისტემას.
- თუმცა დაიწყეს რეპრესიული კანონების მიღება და ამუშავება. ფიქრობთ, რომ ეს ვერ იმუშავებს?
არა, როგორ ვერ იმუშავებს, თუმცა ძალიან მოკლე სიცოცხლე ექნება.
მე, მაგალითად, ყველაზე ცუდი სცენარი ასე წარმომიდგენია, რომ თუ 7 იანვრამდე გვაცლიან, მერე ყაველაშვილი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილებით ამ საგანგებო მდგომარეობას იმიტომ, რომ არალეგიტიმური აქტი იქნება და დაიწყებს რეპრესიებს.
ასეთია ჩემგან დანახული ცუდი სცენარი.
- ამ შემთხვევაში რა არის ჩვენი მთავარი რისკი?
ძალიან საინტერესო ფრაზებს ამბობენ, მაგალითად იმას, რომ „აქციების რესურსი ამოწურეს, რადგან ორგანიზატორები დააკავეს“. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქციებს კონკრეტული ორგანიზატორები არ ჰყავს. ამ ფრაზაში ჩანს მათი ხედვა.
ამიტომ, თუ ამ სცენარის განხორციელება დაიწყეს, რასაც მე ვამბობ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას დაგვაპატიმრებენ. იმ ადამიანებს, ვინც ვართ ინფორმაციის მატარებელი, აზრის გამავრცელებლები, განსაკუთრებით უცხოეთთან კომუნიკაციაში.
მაგრამ, იმ იზოლაციის პირობებში, რაც საქართველოს წინ ელოდება, ისინი უბრალოდ ვერ გაძლებენ. ბოლომდე გაძალიანდებიან, მაგრამ იმას, რაც აუცილებლად მოხდება, უბრალოდ გადაავადებენ და ეს იქნება ბევრი ტრაგედიის ფონზე.
- თუ რეპრესიების გზით წავლენ, ეს უფრო არ გააბრაზებს ადამიანებს?
რა თქმა უნდა, ისინი აუცილებლად ჩამოიშლებიან, როდესაც ინსტიტუციური სისტემა გაწყდება. მაგალითად, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს ნერვები უმტყუნებს, რადგან ოდესღაც ის კარგი კაცი იყო, ამ მოძრაობის ნაწილი იყო და სამართლიანობისთვის იბრძოდა.
არიან იქ ისეთი ადამიანები, რომლებსაც დღეს ეს აღარ აწუხებთ, მაგრამ მათი წარსული აუცილებლად დაქაჩავთ, რამდენადაც სისტემა უდანაშაულო ადამიანებს დააკავებს.
ეს რაღაცნაირად ერთმანეთთანაა გადაბმული.
- რა არის ახლა მოქალაქეების მთავარი გამოწვევა?
გაძლება. უნდა გავძლოთ. უნდა ჩავანაცვლოთ ერთმანეთი. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, შეიძლება დავიღალოთ, მაგრამ ერთი-ორი დღე დავისვენებთ და მერე ისევ ამოხეთქავს. გუშინდელი დღე იყო იდეალური. ეს უნდა ვაჩვენოთ მუდმივად. ეს არ უნდა გაჩერდეს.
- რეპრესიები ხალხს არ შეაშინებს?
არა მგონია, რომ ამან ხალხი შეაშინოს. მე მგონია, რომ ყოველ დაპატიმრებულზე რამდენიმე ათასით გაიზრდება ხალხის რაოდენობა.
- სანქცირების ეფექტი როგორია, რას გვაჩვენებს. ჩვენ ვნახეთ რომ მაგნიტსკის სიაში მოხვდა გომელაური, მაგრამ ვიცე-პრემიერად დანიშნეს.
ეს თამაშია, გასაგებია. ასე ითამაშა პუტინმაც თავის დროზე, როცა მაგნიტსკის სიაში მოხვედრის შემდეგ ორდენზე წარადგინა კადიროვი. ზუსტად იმავე გზას გადიან.
ასევე ჩვენი ისტორიიდანაც შეგვიძლია გავიხსენოთ პრემიერ-მინისტრად დაწინაურებული ვანო მერაბიშვილი და მერე სამ კვირაში დასრულებული „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. ეს არის აგონიის ერთგვარი გამოვლინება.
ვისთან დგას ჯიბრში, ვის ეჯიბრება, ვის რას უმტკიცებს. ანუ ირაკლი კობახიძე აშშ-ს ეუბნება, რომ მიიღო გამოწვევა და აბა ახლა ვნახოთ, ვინ ვის დაამარცხებს? ამერიკას, რომელთან კონკურენციასაც ჩინეთმა ვერ გაუძლო.
გომელაურის მაგნიტსკის სიაში შეყვანის მთავარი გზავნილი სინამდვილეში გომელაურს არ ეხება, მთავარი გზავნილი ბიძინა ივანიშვილს ეხება. გომელაურის დასანქცირება და ამ სიაში შეყვანა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის გარშემო წრე დაავიწროვეს ამერიკელებმა, მას უთხრეს, რომ შემდეგი ის არის.
როგორც კი ივანიშვილის ფინანსური რესურსი ჩაიკეტება, სახელისუფლებო სისტემის კვებაც დასრულდება. ჯალათების კვება დასრულდება და ეს არის უმოკლესი გზა წარმატებისკენ.
შეიძლება ივანიშვილს ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ დაასანქცირებენ, მაგრამ მას აუცილებლად დაასანქცირებენ.
- იმ მოლოდინის გაჩენა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში, რომ ტრამპი მოვა და 20 იანვრიდან რაღაცები დალაგდება, რამდენად რეალურია?
კობახიძე გუშინდელს მერე ხომ აღარ ამბობენ ამას, შეცვალა გზავნილები. იმიტომ, რომ როგორც ჩანს მანაც წაიკითხა ის ინტერვიუ, რომელიც ჩვენ ყველამ წავიკითხეთ, ტრამპის მომავალი უსაფრთხოების მრჩეველთან, რომელმაც თქვა და შავით თეთრზე დაიწერა გაზეთებში, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია იღებს, გადის შემთანხმებელ კომისიას, რომელიც ორ პრეზიდენტს შორის პერიოდში მუშაობს.
და კობახიძემაც მყისიერად შეცვალა რელსები.
- რა გამოდის, რომ „ოცნება“ ხალხის დაღლას ელოდება, რომ აღარ გამოვა ქუჩაში?
რაციონალურად ამის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ამის იმედი აქვთ.
იმიტომ, რომ კობახიძე მუდმივად ამაზე პედალირებს. გუშინ რომ ამბობდა 3 000 კაცი გამოვიდაო, ეს გათვლილია იმ ხალხისთვის, ვინც ფიზიკურად ამას ვერ ხედავს.
სასწაული ხდებოდა გუშინ თბილისში, საოცრება იყო და ეს ემოცია ტელეეკრანიდან შეიძლება ასე არ გადადის, ამიტომ კობახიძე ამაზე პედალირებს.
ეს ვეღარ გაჩერდება, რადგან ხელისუფლება არ ჩერდება. ხელისუფლება არ ჩერდება და რეპრესიის ტალღები ერთმანეთს მოსდევს – ხან იჭერენ ქუჩაში, ხან სცემენ, ხან ოფისებში მოდიან, ხან სახლებში, ხან მშობლებს ურეკავენ, ეს უკურეაქციას იწვევს.
__
მთავარი ფოტო: ედო მჟავანაძე, თინა ხიდაშეელი ბათუმის აქციაზე.