მთავარი,სიახლეები

„ოცნებამ“ იცოდა თავდაცვის ძალების განწყობა, ოფიცრების დიდ ნაწილს ესმის საფრთხე“ – ინტერვიუ

25.12.2024 •
„ოცნებამ“ იცოდა თავდაცვის ძალების განწყობა, ოფიცრების დიდ ნაწილს ესმის საფრთხე“ – ინტერვიუ

„ქართულმა ოცნებამ“ იცოდა თავდაცვის ძალების განწყობა და შესაბამისად, ამ ფორმით გადაწყვიტეს ინაუგურაცია,“ – მიიჩნევს სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი, გიორგი შაიშმელაშვილი. ის კარგად იცნობს ქართველ ოფიცრებს და ვარაუდობს, რომ ჯარის „ერთგულებაში“ ივანიშვილი დარწმუნებული არ არის.

გიორგი შაიშმელაშვილის აზრით, ჯარისთვის „წითელი ხაზი“ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იქნება, თუ ჯარს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ გამოსვლას მოსთხოვენ. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, როგორ დარჩნენ ოფიცრები საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მიღმა სუსის და კონტრდაზვერვის სამიზნე:

„თავდაცვის მინისტრი სამინისტროდან აღარ გამოდის. ეს ნიშნავს გაძლიერებულ კონტროლს ოფიცერთა შემადგენლობაზე. საგანგებო რეჟიმში არ არიან, მაგრამ მუშაობს სამხედრო პოლიცია, კონტრდაზვერვა, გენერალური ინსპექცია, სუსი. ყველა ამ ხალხს უსმენს იმ შიშების გამო, რაც გასაგებია, რომ „ოცნებას“ აქვს.

ეს ავტონომიურობა აქამდე იდგა პოლიტიკურ და საკონსტიტუციო ჩარჩოზე, რაც გულისხმობს დემოკრატიულ კონტროლს. მეორე მხრივ, ავტონომიურობას სჭირდება რესურსი. ამ ავტონომიურობას განაპირობებდა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, პირველ რიგში და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა… მათ ეს რესურსი უკვე გამოეცალათ ავტონომიურობისთვის…

დღეს ისინი აღმოჩნდნენ შიშველი ძალის წინაშე, როგორიც არის სამხედრო პოლიციის და კონტრდაზვერვის კონტროლი,“ – გვიყვება გიორგი შაიშმელაშვილი.

„ბათუმელებმა“ გიორგი შაიშმელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი უსაფრთხოების საკითხების მკვლევარია და „თავისუფლების მოედნის“ თანადამფუძნებელი:

  • ბატონო გიორგი, „ქართული ოცნება“ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას პარლამენტში გამართავს. უშვებთ, რომ შესაძლოა ოფიცრებმა არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციაზე  უარი თქვეს? 

სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვარაუდი გამოვთქვათ, რამდენად არის ჯარში წინააღმდეგობა, ან არის თუ არა ეს ინაუგურაციასთან კავშირში. ვფიქრობ, ეს კავშირი არსებობს, თუმცა ამის მტკიცებულება არ მაქვს.

უნდა დაველოდო ინაუგურაციას. ცხადია, პარლამენტის დახურულ შენობაში სამხედროების ჩამოვლა ვერ მოხდება, თუმცა თავდაცვის ძალები რა ფორმით იქნება წარმოდგენილი, მაღალი რანგის სტუმრებში იქნებიან თუ არა ისინი წარმოდგენილი, ამას ვნახავთ.

მე, პირადად, ვუშვებ, რომ ეს გახდა მიზეზი: „ქართულმა ოცნებამ“ იცოდა თავდაცვის ძალების განწყობა და შესაბამისად, ამ ფორმით გადაწყვიტეს ინაუგურაცია.

შესაძლებელია სხვა მიზეზები იყოს, მაგალითად, ის, რომ ჩათვალეს, პარლამენტს ასე უფრო დაიცავენ რობოკოპები. ჩვენ არ გვაქვს ამ ყველაფერზე ინფორმაცია.

როცა ვამბობ, რომ თავდაცვის ძალების განწყობას ვუკავშირებ ამ გადაწყვეტილებას, ასე თუ ისე, კარგად ვიცნობ საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცრობას. მე არ ვიზიარებ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ინსტიტუციაზე გავლენა თანაბრად მოახდინა.

ცხადია, ჯარი საზოგადოების სარკეა, ოფიცერთა შემადგენლობა კი, უბრალოდ სარკე კი არა, საუკეთესო ნაწილია ამ საზოგადოების. მათ აქვთ ძალიან კარგი დასავლური განათლება და ასე შემდეგ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი არ იზიარებენ იმ ანტიდასავლურ კურსს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია.

  • გქონდათ კომუნიკაცია ოფიცრებთან, რას აპირებდნენ ისინი ინაუგურაციასთან დაკავშირებით? 

მინდა საზოგადოებას ესმოდეს, რომ ჯარს აქვს თავისი სტრუქტურა და იქ არიან ოფიცრები, სერჟანტთა შემადგენლობა, კაპრალთა შემადგენლობა და ასე შემდეგ. რიგითი ჯარისკაცისგან ჩვენ საჯარო პოზიციას ვერ მოვისმენთ, ეს გამორიცხულია.

ოფიცრებს აქვთ ორი ალტერნატივა: წესდებიდან გამომდინარე, ისინი ვერ იმოქმედებენ, როგორც საჯარო მოხელეები, მაგალითად, მათ არ შეუძლიათ რომელიმე პეტიციას მოაწერონ ხელი, შემდეგ კი, დარჩნენ და განაგრძონ მოღვაწეობა სამხედრო ძალებში. პერსონალურ ოფიცერს შეუძლია გარკვეული განცხადების გაკეთება და სამსახურის დატოვება, მაგრამ არის კი ეს ჩვენს ინტერესებში?

გიორგი შაიშმელაშვილი

  • განცხადება რომ გააკეთოს და გაემიჯნოს პრორუსულ კურსს, სამხედრო სამსახურში ვეღარ დარჩება? 

ეს არ შეიძლება. თანაც, ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებენ ყველაზე უფრო თამამი, მედასავლეთე ოფიცრები. ამ ტიპის ადამიანების თავდაცვის ძალებიდან გამოსვლა კი, ვერ შეცვლის ხელისუფლების მიერ აღებულ კურსს. ეს ვერ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი იმ ბრძოლაში, რის გამოც ჩვენ ყველანი ვართ რუსთაველზე და არამხოლოდ აქ.

შესაბამისად, ეს იქნება ჩვენთვისვე კონტრპროდუქტიული, რადგან ამ ადამიანებს ადგილზე გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ, მათ შორის, ამ თვალსაზრისითაც, რაც ახლა ვივარაუდეთ ინაუგურაციაზე: სავარაუდო შიდა წინააღმდეგობის გამო შემდეგ ხელისუფლებამ უარი თქვა მთელ რიგ გადაწყვეტილებებზე.

დემარშის და პატაკის დაწერის შემდეგ ჯარიდან წამოსული ოფიცერი კი ხდება რიგითი მომიტინგე. ჩვენ ეს ხალხი სისტემაში გვჭირდება. ჩვენ ამ ბრძოლის კულმინაცია ჯერ კიდევ წინ გველის, როგორიც შეიძლება იყოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

შეიარაღებული ძალების საპოლიციო ძალების ფუნქციით გამოყენება საგანგებო მდგომარეობის დროს, თუნდაც ზურგის მხარდამჭერ ოპერაციაში და არა წინა ფლანგზე, რუსთაველზე, არ უნდა მოხდეს და ამისთვის გვჭირდება ჩვენ სისტემაში ეს ადამიანები.

  • თუ ოფიცრებს ეტყვიან იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ დემონსტრანტები თითქოს სახელმწიფო გადატრიალებას ახდენენ და „ნაცმაიდანს“ აწყობენ, თქვენი აზრით, ოფიცრები ბრძანებას არ შეასრულებენ? პანდემიის დროსაც გამოიყვანა ხელისუფლებამ ჯარი. 

დარწმუნების მაღალი ხარისხით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის ამოცანას თავდაცვის ძალები არ შეასრულებენ, რაც დაკავშირებული იქნება მოქალაქეების წინააღმდეგ თუნდაც ირიბ მოქმედებასთან.

პანდემიის პერიოდში არ არსებობდა გამოგონილი საფრთხე. ოფიცრების დიდ ნაწილს დღეს გადასარევად ესმის, რომ ეს საფრთხე, რასაც „ქართული ოცნება“ საფრთხეს არქმევს, გამოწვეულია არჩევნების გაყალბებით და მათ მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის გამო.

მაიდანზე ისინი ისე ლაპარაკობენ, რომ არ უარყოფენ თვითონ იანუკოვიჩები რომ არიან. სხვათა შორის, იმ დროს, როცა იანუკოვიჩი რუსეთს ირჩევდა, რუსეთი გაცილებით მეტს სთავაზობდა მას ევროპის საპირწონედ, ვიდრე დღეს ჩვენ რამეს ვიღებთ. „ქართული ოცნების“ ძალა არ არის ის, რასაც ჩვენ ადგილზე ვხედავთ, „ოცნების“ გრავიტაციის ცენტრი არის მოსკოვში და ეფესბეში.

ამიტომაც, ნებისმიერი ამ ტიპის პროვოკაციისთვის, რუსულ მხარდაჭერას ვგულისხმობ, „ოცნების“ ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ეს ოფიცრები და თავდაცვის ეს ძალები გვჭირდება სისტემაში.

ადამიანებისთვის, რომლებიც არ იცნობენ ახლოს თავდაცვის ძალებს და სისტემას, შესაძლოა, რთული დასაჯერებელი იყოს, როგორ ჩერდებიან ოფიცრები ამ ხელისუფლების პირობებში. ისინი სწორედ ამ არგუმენტების გამო ჩერდებიან სისტემაში, რაც უკვე ვთქვი. მათი კოლექტიური მოქმედება ნიშნავს აჯანყებას, რაც სახიფათოა. მათი მხრიდან ინდივიდუალური მოქმედება კი, ნიშნავს სამხედრო ძალების დატოვებას, რაც გვასუსტებს ჩვენ, როგორც ქვეყანას.

  • ბოლო ფეისბუქპოსტში წერდით, რომ შეიარაღებული ძალების სამეთაურო რგოლი ინარჩუნებს ერთგვარ ავტონომიურობას. რამდენად ჩანს ამის პირობა, რომ ოფიცრები შეძლებენ საკუთარი პოზიციების დაცვას? 

პოლიტიკური სისტემა განსაკუთრებით ერევა მათ ცხოვრებაში. თავდაცვის მინისტრი სამინისტროდან აღარ გამოდის. ეს ნიშნავს გაძლიერებულ კონტროლს ოფიცერთა შემადგენლობაზე. საგანგებო რეჟიმში არ არიან, მაგრამ მუშაობს სამხედრო პოლიცია, კონტრდაზვერვა, გენერალური ინსპექცია, სუსი. ყველა ამ ხალხს უსმენს იმ შიშების გამო, რაც გასაგებია, რომ „ოცნებას“ აქვს.

ეს ავტონომიურობა აქამდე იდგა პოლიტიკურ და საკონსტიტუციო ჩარჩოზე, რაც გულისხმობს დემოკრატიულ კონტროლს. მეორე მხრივ, ავტონომიურობას სჭირდება რესურსი. ამ ავტონომიურობას განაპირობებდა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, პირველ რიგში და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, როგორც კონცეპტუალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.

მათ ეს რესურსი უკვე გამოეცალათ ავტონომიურობისთვის. საერთაშორისო მისიებში, სწავლებებში მონაწილეობა მათი ავტონომიურობის დაცულობას, მათ ჯავშანს ზრდიდა. დღეს ისინი აღმოჩნდნენ შიშველი ძალის წინაშე, როგორიც არის სამხედრო პოლიციის და კონტრდაზვერვის კონტროლი.

არც ერთ ოფიცერს არ უყვარს სამხედრო პოლიციელები და სამხედრო კონტრდაზვერვა, ესენი არიან მათი კონტროლისთვის შექმნილნი. ოფიცრები კი მოწოდებულნი არიან იმისკენ, რომ ქვეყანა დაიცვან.

ოფიცრობა არჩევანია, ეს ერთადერთი პროფესიაა, რომელიც გავალდებულებს ომის შემთხვევაში თავი გადადო. შეიძლება გადარჩე, მაგრამ სიკვდილს თვალებში უნდა ჩახედო. როცა ასეთ არჩევანს აკეთებს ადამიანი, მას ცოტა სპეციფიკური წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, სამყაროზეც.

ოფიცერთა ელიტა საქართველოში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა, მაგრამ ჩანასახოვანი მდგომარეობა ძალიან ძლიერია და ეს განაპირობა ჩვენი საგარეო პარტნიორების და უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს დახმარებამ.

ეს ხალხია პირველი სამიზნე, მაგრამ იციან, რომ ყველაზე მეტად გაუჭირდებათ ამ ინსტიტუციის ჩამონგრევა.

  • ჯარისთვის წითელი ხაზი იქნება, დაემორჩილებიან თუ არა საგანგებო მდგომარეობის დროს გაცემულ ბრძანებას? 

დიახ, ეს იქნება ცალსახად წითელი ხაზი. თუ სიგნალი ჯარმა „ქართულ ოცნებას“ გაუგზავნა ინაუგურაციის შესახებ დახურულ შეხვედრებზე და ასე შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ამას აკეთებენ ოფიცრები, მაშინ საგანგებო მდგომარეობის საერთოდ გამოცხადების საკითხი დგება ეჭვქვეშ. თუ მაინც გააკეთებენ ამას, ძალიან სერიოზულ ვა-ბანკზე წავა „ოცნება“ და ეს იქნება წითელი ხაზი ოფიცრებისთვის.

  • თუნდაც პარლამენტში არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უნდა მივიდეს შეიარაღებული ძალების სამეთაურო რგოლი?

ვისურვებდი, რომ თავდაცვის ძალების მეთაური არ ვნახო ამ არალეგიტიმურ პროცესში, მაგრამ თუ ეს ასე მოხდება, ამაში მე ტრაგედიას ვერ ვხედავ.

ჯარის მონაწილეობა ნებისმიერი ინაუგურაციაში ისედაც სიმბოლური ხასიათისაა. ამიტომაც ჩვენ ამ კუთხით საინფორმაციო თვალსაზრისით უნდა ვიყოთ მომზადებული. უნდა ვუთხრათ მათ შორის „ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ ეს არის ფიქცია, რომლის წინაშეც ხარკი მოიხადეს კონკრეტულმა ადამიანებმა და, მათ შორის, ოფიცრებმა…

ფაქტია, რომ ჩვენ, საზოგადოებამ ვერ ავირიდეთ თავიდან ის, რაც დაგვემართა. ამ შემთხვევაში თავდაცვის ძალების მეთაურის პასუხისმგებლობა უფრო მეტია, მაგრამ მან ამ ფიქციაში არმონაწილეობით შეიძლება უფრო მეტი პრობლემა შეუქმნას თავის თავს და თავდაცვის ძალებს, იმ ამოცანებს, რაც მომავალში შესაძლოა ამ ძალებს დაუდგეს, ვიდრე მონაწილეობით. ამიტომაც, ტრაგედიას ამ თვალსაზრისით ვერ ვხედავ.

  • რას ნიშნავს თქვენთვის ის ამბავი, რომ პარლამენტში იმართება „ოცნების“ პრეზიდენტის ინაუგურაცია? 

ეს ნიშნავს ყველაფერს, რასაც აქამდე „ოცნება“ აკეთებდა. მან დააჩქარა თავის დროზე რუსული კანონის შემოტანა, არჩევნების შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ შეწყვიტეს ევროკავშირთან ინტეგრაცია, მერე მოკლე ვადებში გადაწყვიტეს პრეზიდენტის არჩევა და მისი ინაუგურაცია. ივანიშვილს სურს სწრაფად ჩაიგდოს ხელში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და გადავიდეს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციაზე, რა ფორმითაც მას ეს წარმოუდგენია.

ივანიშვილი უშვებს, რომ დემონსტრაციულად პარლამენტის შეკრება, ე. წ. პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება, ახლა უკვე ინაუგურაცია ჩვენზე ისეთ ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენს, რომ ბრძოლისუნარიანობას დაასუსტებს, ანუ თქვენ ქუჩაში ხართ, მაგრამ მე მაინც გავაკეთებ იმას, რაც მინდაო.

დარწმუნებული ვარ, პირუკუ ეფექტი ექნება ამ ყველაფერს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: