ერეკლე ლოლაძე მათ შორისაა, ვისაც აქციაზე სპეცრაზმისგან მიყენებული დაზიანებების შემდეგ ოპერაცია დასჭირდა. მას ორივე ყბის ძვლის ორმხრივი მოტეხილობა ჰქონდა, დაზიანებული ჰქონდა ცხვირიც.
აქციაზე მასთან ერთად იმყოფებოდა ერეკლეს ძმა, გიორგი ლოლაძეც, მასაც სცემეს და შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ერეკლე კი ჯერ სამმართველოში გადაიყვანეს და იქ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი. ერეკლე მცირე ბიზნესის – „ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობის“ დამფუძნებელი და Mouth Melters-ის თანადამფუძნებელია. „Mouth Melters“ შოკოლადის მწარმოებელია.
„მე და ჩემი ძმა აქციებს ინტენსიურად ვესწრებით გაზაფხულიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დაწყებიდან დღემდე. 28 ნოემბრიდან გავედით აქციაზე, მას შემდეგ, რაც გაკეთდა განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტაზე. 30 ნოემბერს ღამის პირველის ნახევარზე დაგვაკავეს მე და ჩემი ძმა. როდესაც დაიწყო დარბევა, მე და ჩემი ძმა ვიყავით ლესია უკრაინკას ქუჩაზე.
ჩასაფრებასავით მოაწყვეს ეზოში. როცა წამოვიდნენ, აქციის მონაწილეების ნაწილი გაიქცა, მე და ჩემი ძმა არ გავქცეულვართ. ვიფიქრეთ, რომ მაქსიმუმ დაგვაკავებდნენ, მეტი რა უნდა ექნათ. არც წარმოგვედგინა, რომ ასე გაგვისწორდებოდნენ. ეს დაკავება არ იყო, პირდაპირ ფიზიკურად გაგვისწორდნენ“.
ერეკლე ლოლაძეს წაქცეულს სცემეს, თავზე ურტყეს, სახეზე წიწაკის სპრეი ასხეს, დაკავების მანქანამდე თრევით მიიყვანეს. ერეკლე ლოლაძე და მისი ძმა არ გადაუყვანიათ ე.წ. მარშუტკებში, რომლებზეც რამდენიმე აქციის მონაწილე ჰყვება, რომ იქ სპეცრაზმელები სცემდნენ დაკავებულებს.
„ჩვენ ჯერ გაგვისწორდნენ სპეცრაზმელები, შემდეგ მიგვიყვანეს რობოკოპების კორდონთან, სადაც კორიდორი მოგვიწყვეს. საკმაოდ დიდი ხანი ორგანიზებული ჯგუფები გვცემდნენ. ჩემს ძმას ძირითადად დაჟეჟილობები ჰქონდა. თვალის არეში ჰქონდა შეშუპებები და სისხლჩაქცევა“.
ერეკლეს ტელეფონი არ დაუკარგავს, როგორც თავად გვიყვება, ტელეფონი დაკარგა ძმამ: „მას დაკავების მომენტში ამოუღეს ტელეფონი, ახლა ფიქსირდება გულუას ქუჩაზე სამმართველოში“.
ცემისა და საავადმყოფოში მოხვედრის პარალელურად ერეკლე ლოლაძეს თავისი მცირე ბიზნესის გაჩერებაც მოუწია.
„ადამიანები ამდენი ხანია აპროტესტებენ, არ არიან ორიენტირებული სადღესასწაულო დღეებზე. ამ პერიოდში პრიორიტეტი აქვთ, ორიენტირებულები არიან, რომ კურსის ცვლილებას შეეწინააღმდეგონ. ეს განწყობა, ბუნებრივია, აისახება ნებისმიერი ბიზნესის კეთილდღეობაზე. თუ მოსახლეობა არ იქნება როგორც მომხმარებელი, ბუნებრივია, იქნება ჯაჭვური შედეგი…
ჩვენ გავაჩერეთ წარმოება, მართვაში ვინც ვმონაწილეობდით, მე კლინიკაში ვიყავი და ჩემი ძმა – ციხეში. რამდენიმედღიანი ქაოსი გადავაგორეთ და შეგვეძლო გაგვეგრძელებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი პასუხისმგებლობაც არის, რომ იმ ადამიანებთან ერთად ვიყოთ, ვინც რუსთაველზეა“.
ერეკლე ლოლაძეს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მისი ძმა, გიორგი ლოლაძე კი დააჯარიმეს:
ერეკლე ამბობს, რომ პოლიციის ჩვენებით, თითქოს ის და მისი ძმა უმისამართოდ იგინებოდნენ: „დაკავების ადგილად სხვა ქუჩა ჰქონდათ მითითებული. ჩვენ დაგვაკავეს ლესია უკრაინკას ქუჩაზე, მაგრამ ჭიჭინაძე მიუთითეს. ჩემზე ერთ-ერთ მოწმეს გაუჭირდა ეთქვა, რომ შევაგინე, ძნელია მათზე ეს თქვა, მაგრამ ალბათ კეთილსინდისიერი იყო. მეორე მოწმემ დამადანაშაულა, თითქოს ხან ტროტუარზე დავრბოდი გინებით, ხან ისე, ხან – ასე, ამ ტიპის ბრალდებები იყო“.
ერეკლე ლოლაძე ამბობს, რომ ბრძოლას არ წყვეტს, მან ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საავადმყოფოდან დაწერა:
„ვერცერთი ჭრილობა და მოტეხილობა ვერ იქნება იმაზე დიდი ტკივილი, ვიდრე თავისუფლების დაკარგვა!
ყველაფერი ადვილი აღსადგენია, ბიზნესიც, სამსახურიც და ჯანმრთელობაც, მაგრამ ქვეყნის რუსეთზე გადაბარება ბევრად ძვირი დაგვიჯდება, ამიტომ გარეთ!ყველაზე მხდალი ხალხია ჩვენ წინააღმდეგ, მოპარვით, ნიღბებით სულ ცოტა 50-მა კაცმა გვცემა მე და ჩემი ძმა, დაბლა დაყრილზე ფეხებით გვივლიდნენ.ორივე ყბა მომტეხეს, ჩემი ძმა წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ.
ბრძოლას ვაგრძელებთ!დიდება საქართველოს!თავისუფლება ჩვენია!“






