მთავარი,სიახლეები

25 დეკემბერს ბათუმში ნაძვის ხის ანთებას და მხოლოდ საბავშვო კონცერტებს გეგმავენ

24.12.2024
25 დეკემბერს ბათუმში ნაძვის ხის ანთებას და მხოლოდ საბავშვო კონცერტებს გეგმავენ

25 დეკემბერს მერია ბათუმში ნაძვის ხის ანთებას და საბავშვო კონცერტს გეგმავს. მერიის ინფორმაციით, ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს 20:00 საათზე, საბავშვო კონცერტის შემდეგ აანთებენ. საბავშვო კონცერტი დაიწყება 15:00 საათზე და 18:00 საათამდე გაგრძელდება. წარმოდგენას გამართავენ ანიმატორები და ზღაპრის გმირები.

18:00 საათიდან 22:00 საათამდე კი გაიმართება კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით.

ისევე როგორც ნაძვის ხე, საკონცერტო სცენაც ევროპის მოედანზეა დამონტაჟებული. მიმდებარედ საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 26 დღეა ანტირუსული საპროტესტო აქციები იმართება, დღეს, 27-ე დღეს, საპროტესტო აქციის მონაწილეების 19:00 საათიდან გეგმავენ შეკრებას.

ამ დრომდე სხვა საახალწლო ღონისძიებების შესახებ მერიას ინფორმაცია არ გაუვრცელებია. არ ვიცით, ვინ იმღერებს 31 დეკემბრის ღამეს.

არ შედგა ორი ტენდერი, რომლებიც ბათუმის კულტურის ცენტრს საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების შესყიდვის მიზნით ჰქონდა გამოცხადებული, ორივე ტენდერში ერთი კომპანია, შპს „მიქს სტუდიო“ მონაწილეობდა, რომელმაც დისკვალიფიკაცია მიიღო. ორივე ტენდერის ბიუჯეტი 400  ათასზე მეტი ლარია.

გარდა ამისა, საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის მანათობელი კონსტრუქციებისა და სხვადასხვა მოწყობილობის მონტაჟის მომსახურება ბათუმის მერიამ 2024 წლის ნოემბერში შეისყიდა. ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურმა 1 მილიონ 799 ათას 850 ლარით გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ ელექტრონულ ვაჭრობაში იგივე ფასი დააფიქსირა – ერთი ლარიც არ დაუკლია.

გამარჯვებული ისევ „აჭარგანათებაა“ და ისევ უკონკურენტოდ მოიგო ტენდერი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: