სააღდგომოდ ტყუპებს დაეხმარებიან

 

ბავშვების მშობლები არ არიან დასაქმებულები, ოჯახის სოციალურად დაუცველის ქულა შეადგენს 80 000, რაც ფულადი შემწეობის მიღებას არ ითვალისიწნებს.

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალშობილი ტყუპების ოჯახების დასახმარებად 2014 წელს ახალი პროგრამა აამოქმედა. პროგრამის ფარგლებში ოჯახს თითოეულ ბავშვზე 1000 ლარი გადაეცემა. პროგრამის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 250 000 ლარს.

 

ამ  პროგრამაში სამი ტყუპი ახალშობილები ვერ მოხვდნენ, რადგან ისინი 2013 წელს დაიბადნენ.

 

 

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე და წითელი ჯვრის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე ოთარ დავითაძე ტყუპების ოჯახს აღდგომის   დღესასწაულს მიულოცავენ და დღეს  მათ ბავშვთა პირველადი მოხმარების საგნებს, საკვებ პროდუქტებს და საბავშვო ეტლებს გადასცემენ.

ვინ ჩამოიტანს საკურას ბათუმში

 

 

„პირველი ტენდერი ჩაიშალა იმის გამო, რომ ვერ მოგვაწოდა საკურა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „საქართველოს ნერგებმა“. შესყიდვების სააგენტო ალბათ შავ სიაში ჩასვამს, რადგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. მეორე ტენდერი გუშინ დამთავრდა. გამარჯვებულ კომპანიას – „ვანის სათბურები“ ორშაბათს გავუფორმებთ ხელშეკრულებას. 25-30 რიცხვისთვის უნდა მოიტანონ საკურას ნერგები,“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.

 

კითხვაზე, ხომ არ დაგვიანდება საკურას დარგვა, ეთერ მაჭუტაძე პასუხობს, რომ ნერგები კონტეინერებით ჩამოაქვთ, ფესვთა სისტემა კი ისე აქვთ მცენარეებს განვითარებული, რომ წლის ნებისმიერ პერიოდში შეიძლება მათი დარგვა.

 

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა ხებუჩქოვანი მცენარეების შესაძენად ტენდერი 200 ათას ლარზე გამოაცხადა. მეორე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ვანის სათბურები“ კი ნერგებს 165 ათას ლარად მიაწვდის.

 

ჯამში 1320 ძირი ხებუჩქოვანი მცენარის შეძენაა გათვალისწინებული. მათ შორისაა 50 ძირი საკურა. ერთი ძირი საკურას ფასი, სატენდერო წინადადების თანახმად, 117 ლარი და 55 თეთრია. 50 ძირი საკურას შესაძენად სულ 5875 ლარი დაიხარჯება.
იმ მცენარეებიდან, რომლებსაც წელს ბათუმში დარგავენ, ყველაზე ძვირადღირებულია მაგნოლია დიდყვავილა – 281 ლარი; კამელიები – 271-262 ლარი და წითელი ნეკერჩხალი – 231 ლარი.

 

“ჩემს ეზოში ვერ ვიცავ თავს და გარეთ ვინ დამიცვას?!”

 

ისტორია ასეთია – ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობისთვის ზუსტად 1650 ლარი გადაგვიხადეს მე და ჩემს შვილს. მერე ჩელეკმა შეწყვიტა ხელფასის გადახდა. ხელშეკრულების გაფორმებას ვითხოვდით – 10 დღე ჩვენი ფურცლები იქეთ-აქეთ ატარეს და მაინც არ გაგვიფორმეს. საკრებულოს თავმჯდომარე მოვიდა და გვითხრა – იმუშავეთ, აუცილებლად გადაიხდისო. სწორედ მას ვენდეთ სიტყვაზე და გავაგრძელეთ მუშაობა. ახლა ჩემი და ჩემი შვილის მიმართ ჩელეკის დავალიანება 6240 ლარია. მალხაზ ფარტენაძე თვითონ ძლივს გამოვიდა გირაოთი ციხიდან და მე რას მიშველის მაგის დანაპირები.

 

სამუშაოდან მშენებლობის დასრულებამდე სამი დღით ადრე წამოვედი – მივხვდი, რომ არაფრის მომცემი არ იყო ჩელეკი და იმიტომ. ჩელეკი თურქეთში წავიდა. ამ კაცს როცა ფულს ვთხოვდით, გვეუბნებოდა ახლა მაცალეთ, ფული მშენებლობისთვის მჭირდება, შემოსავალი რომ დაიწყებს შემოსვლას, მერე თანდათან გადაგიხდითო. თუ ვერ გადაგიხდით, შენობა თქვენს სოფელშია და თქვენი გახდება, მე ხომ ვერ წავიღებ თურქეთშიო…

 

საწარმომ ვერ იმუშავა – კვირაში ორ-სამ სულს თუ დაკლავენ და ჩვენ ვინ რას მოგცემს. თანაც ჩელეკი უკვე რამდენიმე თვეა თვალითაც არ მინახავს. მას შემდეგ ჩელეკის კომპანიის დირექტორი თეიმურაზ ჭურკვეიძე გახდა. როცა მას ვუთხარით, რომ თანხა ჰქონდა კომპანიას ჩვენთვის მოსაცემი, გვითხრა – ვინც დაგპირდათ, იმას მიმართეთო.

 

დავიწყეთ სამართლის ძიება. ხელვაჩაურის გამგეობაში გვითხრეს სასამართლოს მიმართეთო, სასამართლოში გვითხრეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში წადით, საჩივარს დაგიწერენო. საიამ დაგვიწერა საჩივარი, მაგრამ მოსამართლემ მირჩია უკან გამომეთხოვა სარჩელი – მტკიცებულება არ გაქვს არაფერი და თუ გადაწყვეტილებას გამოვიტან, ვერასდროს ვერაფერს ვეღარ მიიღებ, ახლა შანსი გაქვს კომპანიასთან მოლაპარაკების გზით მიიღო ეს ფულიო.

 

დავუჯერე მოსამართლეს, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ მივაღწიე, განმეორებით მივმართე სასამართლოს. განმეორებითაც იგივე მირჩიეს – და ისევ უკან გამოვიხმე ჩემი სარჩელი.

 

დიახ, მე გლეხი ვარ და აქამდე არაფერი ვიცოდი ამ დაწესებულებების შესახებ, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. დიახ, მე არ ვიცი ხმა როგორ მოგაწვდინოთ, მაგრამ ხელისუფლებავ, ერთი ძველი გამონათქვამი მაინც მინდა შეგეხსენოთ: კენჭი კენჭს ეკვრის და ლოდი ხდებაო.

 

ხელისუფლებას ვეკითხები – ნუთუ ინვესტორი ქვეყნის რიგითი მოქალაქეების ხარჯზე უნდა გამდიდრდეს? რატომ არ არიან ვალდებული კომპანიები ყველა თანამშრომელთან ხელშეკრულება გააფორმონ? როცა პოლიციას მიმართავს მოქალაქე და ეუბნება, რომ მისი უფლებები ირღვევა, რატომ არ იწყებს პოლიცია საქმის ელემენტარულ მოკვლევასაც კი (ჩემ შემთხვევაში ზუსტად ასე იყოს – პოლიციას როცა მივაწოდე იმ ადამიანების შესახებ ინფორმაცია, ვინც დაადასტურებდა, რომ ბათუმ მეატ ცომბინატ-ში, ანუ სასაკლაოს მშენებლობაზე ვმუშაობდი, მითხრეს ჩვენი ვალდებულება არ არის მათი დაკითხვაო). თუ ამას არ იკვლევს ინსპეტორ-გამომძიებელი, მაშინ მაინტერესებს, რას მიკეთებს?!

 

ვიცი, ვერაფერს მივაღწევ და მხოლოდ ნერვიულობა დამრჩება, მაგრამ მაინც ვეკითხები ჩემს ხელისუფლებას – 21-ე საუკუნეში როგორ შეიძლება ამ ვითარებას რაღაც არ არეგულირებდეს?

 

ჩემს სახლში წყალი ჩამომდის, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება იცით მაინც რა არის?! – ჩემს ეზოში ვერ ვიცავ თავს და გარეთ როგორ დავიცავ ან ვინ დამიცავს.

 

პროექტი ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად

პროექტი აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ხორციელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: იურიდიული მხარდაჭერა (რაც ძირითადად დოკუმენტების მოწესრიგებაში გამოიხატება), დასაქმებისთვის საჭირო უნარების სწავლება და მცირე გრანტები ბიზნესიდეების განსახორციელებლად.

“ეს ადამიანები სწავლობენ ნებისმიერ ხელსაქმეს, რაც მათ აინტერესებთ, თუნდაც სტილისტის საქმე, საბუღალტრო საქმე, კომპიუტერი, ავტოსაზეინკლო და ა.შ. ჩვენ თეორიულ სწავლებაზე უფრო მეტად პრაქტიკულ სწავლებას ვანიჭებთ უპირატესობას. მაგალითად, თუ ადამიანს სურს გახდეს ელექტრიკოსი, მოველაპარაკებით რომელიმე კვალიფიციურ ელექტრიკოსს და იმას მივამაგრებთ ამ ბენეფიციარს. ჩვენ არ გვჭირდება სერტიფიკატები ამ ადამიანებისთვის, მთავარია მათ იცოდნენ საქმე, რომლითაც იმუშავებენ. აჭარის განათლების სამინისტროს აქვს განათლების ფონდი, სადაც უფასოდ ასწავლიან ენებს და სხვადასხვა მიმართულებას. ჩვენ ბუნებრივია აქტიურად ვიყენებთ ასეთ სერვისებსაც, თუმცა უფასო მომსახურების ძიება არ არის ჩვენი სტრატეგიული მიმართულება,” – ამბობს გენო გელაძე, “დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი.

ამირან გორდაძე ყოფილი პატიმარია, პროექტის ფარგლებში მას და კიდევ ორ ყოფილ პატიმარს სამუშაო იარაღების შეძენა დაუფინანსეს. „ერთი წელია რაც პატიმრობიდან გავთავისუფლდი, პროფესიით ინჟინერი ვარ და უკვე შვიდი თვეა, რაც მშენებლობაზე ვმუშაობ, პატარა ბრიგადა გვყავს, სამკაციანი, ისინიც ყოფილი პატიმრები არიან. სამშენებლო იარაღები გვჭირდებოდა, აქამდე ვქირაობდით და უფრო ნაკლები მოგება გვქონდა. პირობითად, თუ ხუთი ლარი იყო ანაზღაურება, იქედან გვრჩებოდა ორი ლარი – ახლა ჩვენი ინსტრუმენტებით მთელი თანხა ჩვენია”, – ამბობს ამირან გორდაძე.

22 წლის მარიამ ძნელაძე ყოფილი პატიმრის დაა. ის ამ პროექტის ფარგლებში ბუღალტერიას სწავლობს და პარალელურად, ამავე პროექტით დაფინანსებული ბენეფიციარის საცხობში მუშაობს. “სასწავლო ცენტრ NEO-ში დამიფინანსეს გადამზადების კურსები და იქ მიღებულ ცოდნას აქ პრაქტიკაში ვიყენებ”, – ამბობს ის.

ერთი ბიზნესიდეის განსახორციელებლად მაქსიმუმ 500 ლარია გათვალისწინებული: ეს შეიძლება იყოს წისქვილი, საცხობი, ხელოსნების ჯგუფი და ა.შ. გენო გელაძის თქმით, უპირატესობა ენიჭება იმ ბიზნესიდეებს, რომელშიც რამდენიმე ბენეფიციარია გაერთიანებული.

პროექტი ევროკავშირმა 70 000 ლარით დააფინანსა. “ერთი შეხედვით ორი რეგიონისთვის ეს დიდი თანხა არ არის, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ ვცდილობთ პატარა თანხით მოხერხდეს ადამიანის დასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა – ყველაფერი გამოდის. ჰგონიათ, რომ ბათუმში ბიზნესის წამოსაწყებად 100 000 ლარია საჭირო, მაგრამ არა, აღმოჩნდა, რომ სამმა ადამიანმა 1500 ლარადაც წამოიწყო საქმე და დღეს მათ უკვე შემოსავლის წყარო აქვთ”, – ამბობს გენო გელაძე.

პროექტში ბენეფიციართა რაოდენობა შეზღუდული არ არის. “ჯერჯერობით კიდევ ბევრი ადამიანის დახმარება შეგვიძლია. ვფიქრობ, არც მომავალში შევიზღუდებით, რადგანაც პროექტი საკმაოდ მსხვილბიუჯეტიანია და ამავდროულად ჩვენ თანადაფინანსების კომპონენტიც გვაქვს – ვცდილობთ ფინანსურად შეძლებული ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები ჩავრთოთ ამ პროცესებში. ჩვენ უკვე გვყავს რამენიმე მსურველი, რომელთაც უნდათ დაეხმარონ ამ ადამიანებს, ანუ თუ მოხერხდა, რომ ამის პრაქტიკა ჩამოვაყალიბეთ, ჩათვალეთ, რომ ეს უკვე სისტემაა, რომელმაც შემდეგ შეიძლება თავისით იმუშაოს,” – ამბობს გენო გელაძე.

მისი თქმით, ქველმოქმედების მსურველებს შეუძლიათ `დემოკრატიის ინსტიტუტის” ოფისს მიაკითხონ – “არსებობენ ადამიანები, რომლებმაც პატიმრობაში ყოფნის დროს დაკარგეს აბსოლუტურად ყველაფერი – ოჯახი, ცოლი, შვილი, სახლი და ახლა ელემენტარული, აუცილებელი რაღაცებიც კი არ აქვთ, ან პირიქით ჰყავთ პატიმარი ოჯხის წევრი და ამის გამო არიან გასაჭირში. არიან ადამიანები, რომელთაც ხუთლარიანი მედიკამენტის ყიდვაც კი არ შეუძლიათ… ამიტომ მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ და სურთ ქველმოქმედება, ჩაერთონ ამ პროცესებში. ოღონდ მათ უნდა იცოდნენ, რომ ქველმოქმედება არ გაპიარდება”.

პროექტი კიდევ წელიწადნახევარი გაგრძელდება და მასში ჩართვა აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ყოფილი პატიმარს, პატიმრის ოჯახის წევრს ან/და პრობაციონერს შეუძლია. “პროექტში ჩასართავად არანაირი განსაკუთრებული ეტაპები არ გვაქვს, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ კატეგორიაშია, მოვა ჩვენთან და ის ავტომატურად გახდება პროგრამის ბენეფიციარი”, – განმარტავს გენო გელაძე.

“დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელის, გენო გელაძის თქმით, სტიგმა “ნაციხარ” ადამიანებთან დაკავშირებით უნდა გაქრეს: „მე გეტყვით, რომ 100-დან 99 შემთხვევაში, დანაშაულის ჩადენის მიზეზი არის სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები. ის, რომ ადამიანი იჯდა ციხეში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის უნდა გაირიყოს საზოგადოებიდან. მე ვიცნობ ბევრ ყოფილ პატიმარს, რომელიც განათლებით, პატიოსნებით და სოციალური ურთიერთობით ტოლს არ დაუდებს არავის“.

სამეგრელოში სულ 11 ბიზნეს-ინიციატივა დაფინანსდა. პროექტში ჩართულ ორ ბენეფიციარს მშენებლობისთვის საჭირო ხელსაწყოების შეძენა დაუფინანსდა. პროექტში 12 ბენეფიციარია, მათ შორის კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე დადის ცხრა ბენეფიციარი; ინგლისურ და რუსულ ენებს სწავლობს – ერთი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობისთვის თეორიული ნაწილის სწავლებას გადის ორი ბენეფიციარი.

ადამიანის უფლებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი

ირაკლი აბაშიძე, ნომერ მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე: ყველაზე მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება. ადამიანს უნდა შეეძლოს ყოველგვარი გართულების გარეშე წარმოთქვას საკუთარი აზრი. შენი სიტყვით ბევრი რამე შეგიძლია შეცვალო, სიტყვას დიდი ძალა აქვს. საქართველოში ამ მხრივ ცუდი მდგომარეობაა, დიდი მნიშვნელობა არ ექცევა ადამიანის ნათქვამს, მითუმეტეს სკოლის მოსწავლის შეხედულებას, უფროს-უმცროსობა აღმატებით ხარისხში განიხილება, ჩვენს სიტყვას ყურადღებას არ აქცევენ.

ანა დუმბაძე, “ევრო 2000”-ის მეცხრე კლასის მოსწავლე: ვფიქრობ, უმთავრესია ადამიანის თავისუფლების დაცვა, არავის აქვს უფლება შეზღუდოს ადამიანი რომელიმე კუთხით. ადამიანის თავისუფლებაში იგულისხმება ყველა სხვა უფლება, განათლების მიღების, სიცოცხლის, სიტყვის თავისუფლების, შრომის უფლება და ა.შ. დღეს ვფიქრობ ადამიანის თავისუფლება იზღუდება, მინდა ვიცხოვრო ისეთ საქართველოში, სადაც არავინ შეზღუდავს ადამიანის თავისუფლებას.

თეკლა ბაღათურია, ნომერ მეორე  საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე: როცა რამეს ამბობ, ამას ყოველთვის მოსდევს გარკვეული რეაქცია. სიტყვის თავისუფლება ყველაზე მთავარია. ჩვენთან პატივს არ სცემენ ადამიანის მოსაზრებას, განსაკუთრებით პატარებისას, ჩვენ თითქოს არ გვაქვს აზრის გამოხატვის უფლება, თუნდაც მასწავლებელთან შეპასუხების უფლება. იგივე დასაქმებულთა უფლებები ირღვევა ამის შედეგად, რადგან თუ დასაქმებული თავის შეხედულებას საჯაროდ იტყვის, მას სამსახურის დატოვება უწევს. ყველას აქვს უფლება თქვას ის, რაც უნდა, დანარჩენებს კი აქვთ უფლება იცოდნენ უფრო მეტი.

ნინო კოპალეიშვილი,ნომერ მერვე  საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე: ადამიანს უნდა ჰქონდეთ აზრის გამოხატვის უფლება, ადამიანმა უნდა წარმოაჩინოს თავისი მოსაზრება. სკოლის მოსწავლე ვარ, ყოველდღე ვხედავ, რომ ჩვენი, მოსწავლეების სიტყვის თავისუფლება ირღვევა. მასწავლებლებთან აზრის გამოხატვის უფლება არ გაქვს, რასაც მასწავლებელი გეუბნება, ის უნდა გააკეთო, ეს მშობლებსაც ეხება, არც ისინი გვაძლევენ სიტყვის თავისუფლებას. მინდა, რომ მოსწავლეებს გვქონდეს ჩვენი აზრის გამოხატვის უფლება.

გიგა დუმბაძენომერ მეორე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე: ყველაზე მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლება. სიცოცხლის უფლება ყველა ადამიანს აქვს, მისი ხელყოფა არის დანაშაული. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში გაუქმებულია სიკვდილით დასჯა. ისეთ ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი, სადაც სიკვდილით დასჯა კანონიერია, მე აუცილებლად ვიბრძოლებდი მის გასაუქმებლად. მინდა, არც ერთ ქვეყანაში არ იყოს დაკანონებული ეს.

გუგა ზოიძე, ფრანგული სკოლის მეათე კლასის მოსწავლე: ინდივიდისთვის აუცილებელია ჰქონდეს სიტყვის თავისუფლება. საქართველოში ნაკლებად აქცევენ ამას ყურადღებას, შედარებით ძველმოდური შეხედულებაა, განსხვავებულის მიმართ შიში და უპატივცემულობა. იგივე ჰომოსექსუალების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ვფიქრობ დიდი დროა საჭირო, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას საქართველოში, თუმცა თავისით არ მოგვარდება, უნდა ვიზრუნოთ მასშტაბური აქციებით ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის. მასშტაბები შემცირდება, ალბათ ბოლომდე აღმოიფხვრება. ყველაზე მეტად მაწუხებს ჰომოფობიური დამოკიდებულება.

ანა ქაჯაია, “ევრო 2000”-ის მეცხრე კლასის მოსწავლე: ყველაზე მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლება, არავის აქვს უფლება, შეგიზღუდოს სიცოცხლე. ვფიქრობ, საქართველოში ძირითადად დაცულია ეს უფლება. სიკვდილით დასჯა არ უნდა არსებობდეს, თავის მოკვლის ან სხვის მოკვლაზე დიდი ცოდვა არ არსებობს.

როგორ ვისწავლოთ დისტანციურად

 

 

დისტანციური სწავლების მეთოდი გაძლევს საშუალებას თავად შეარჩიო და დაგეგმო საგანი, თავად აკონტროლო დრო, რომელსაც დაუთმობ სწავლას, საბოლოოდ კი მიიღო განათლების დამადასტურებელი დიპლომი. დისტანციური სწავლებით მიღებული განათლების ხარისხი მეტწილად სტუდენტზეა დამოკიდებული.

 

ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნათია ანდღულაძე ერთ-ერთია, ვინც დისტანციური სწავლების კურსით ისარგებლა.

 

„მსოფლიო ბანკის დისტანციური სწავლების კურსი გავიარე, რომელიც ეხებოდა მასწავლებლებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებს. კურსი შედგებოდა ექვსი მოდულისგან. თითოეულს ეთმობოდა 1-2 კვირა. თითოეულ მოდულზე იდო საკითხავი და ვიდეომასალა. მასალის გაცნობის შემდეგ ასრულებდი ქვიზს და წერდი ანალიტიკურ ესეის. ასევე, მონაწილეობდი ონლაინდისკუსიაში.

 

სულ 6 ანალიტიკური ნაშრომი უნდა დამეწერა მასწავლებლების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოში. ბოლოს ეს პატარა ნაშრომები პოლიტიკის დოკუმენტად უნდა გაგეერთიანებინა. ამ ბოლო დავალებას აფასებდა ინსტრუქტორი. სწავლას კვირაში 4-5 საათს ვუთმობდი,” – ამბობს ნათია ანდღულაძე.

 

მისი შეფასებით დისტანციური სწავლება შესაძლოა ისეთივე ეფექტური იყოს, როგორც მეთოდებით სწავლება.

 

„რა თქმა უნდა, ლექტორთან და კურსელებთან ტრადიციულ, აუდიტორიაში ურთიერთობა ძალიან კარგია, მაგრამ დისტანციური სწავლება ბევრად იაფია და ეს არის გასათვალისწინებელი. ჩემ მიერ განვლილი კურსი უფასო იყო.

 

კარგად გაკეთებული დისტანციური კურსი უფრო ეფექტური შეიძლება იყოს გარკვეული კატეგორიის სტუდენტებისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც მუშაობენ. ზოგიერთისთვის ლექციების გრაფიკი მოუხერხებელია, ზოგიერთისთვის უფრო კომფორტულია სწავლის პროცესი, თუ ლექციას მისთვის ოპტიმალურ დროს მოუსმენს. ყველას სწავლის ჩვენი ტემპი გვაქვს და დისტანციური სწავლა და სწავლება ამ ტემპის საკუთარ შესაძლებლობებზე, პრეფერენციებსა და ცხოვრების სტილზე მორგების შესაძლებლობას იძლევა”, – ამბობს ნათია ანდღულაძე.

 

დისტანციური სწავლების მეთოდით ნაკლებად კმაყოფილია მარკეტინგის სპეციალისტი სანდრო გოგიაშვილი.

 

„კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთწლიანი კურსი გავიარე მარკეტინგში – Chartered Institute Of Marketing (CIM). ძალიან რთულია ისწავლო რაღაც მხოლოდ შენი ნებისყოფით და წიგნთან მუშაობით. როცა ლექტორთან პირადი ურთიერთობა არ გაქვს და კითხვის დასმის ბარიერი არსებობს, ბევრი უპასუხო კითხვა რჩება, რაც ჯამში ართულებს საგნის სრულყოფილ შესწავლას. ვურჩევდი თუ არა სხვას დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენებას? კი და არა. კი იმ შემთხვევაში, თუ დრო არ გაქვს ან ფული, რომ გადახვიდე საცხოვრებლად და ძალიან მონდომებული ხარ, მაშინ ყველაფერი გამოგივა. არა, თუ ბევრი სხვა საქმეები გაქვს, სათანადო ყურადღებას ვერ დაუთმობ და ნებისყოფაც არ გეყოფა, რომ ყოველდღიურად შენ თავს დააძალო იმეცადინო. თან იცოდე, რომ არავინ გაკონტროლებს,” – ამბობს სანდრო გოგიაშვილი.

 

დისტანციური სწავლების მეთოდით ამჟამად რამდენიმე კურსს გადის ლიტერატურათმცოდნე თამარ ხიტირი. თამარი ამბობს, რომ მისთვის მოსახერხებელია სწავლების ეს მეთოდი.

 

„Нечистая сила в первоисточниках”, “Политическая философия иудаизма”, “Центральные идеи религиозного сионизма” – ამ კურსებს გავდივარ ახლა, lilmod.org  – ებრაული დისციპლინების ონლაინკოლეჯია. კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა, კვირაში ორჯერ ერთსაათიანი ლექცია გვაქვს, სადაც ჩართულია ლექტორი და რამდენიმე სტუდენტი, ვიდეოთვალით, რა თქმა უნდა. მასალებსაც გვაწვდის. რამდენ დროს დავუთმობთ დამატებით მუშაობას, სტუდენტზეა დამოკიდებული. ასევე, გვაქვს სპეციალური ფორუმი სტუდენტებისთვის, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ დამატებით მოპოვებულ მასალას და მოსაზრებას სხვადასხვა თემაზე.

 

ვიდეოკონფერენცია დიდად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ლექციისგან, ინფორმაციის მიწოდების ხარისხი იგივეა და აღქმას რაც შეეხება, ალბათ უფრო კარგია. ცოტათი უხერხულია გადაერთო სხვა რამეზე, როდესაც ლექტორი პირდაპირ შენ გიყურებს და ასეთი ინტერაქცია გაქვს. მე, მაგალითად, ამ ერთი საათის განმავლობაში მთლიანად ვეთიშები სამყაროს და მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რაზეც ვსაუბრობთ, რაც ხშირად რთულია ჩვეულებრივი ლექციის დროს. მიმაჩნია, რომ დისტანციური სწავლების მეთოდი მხოლოდ თეორიულ საგნებშია ეფექტური, პრაქტიკული საგნის შესწავლა ასე შეუძლებელია,” – ამბობს თამარ ხიტირი.

 

მისივე თქმით, საშუალებას გაძლევს გაიცნო საინტერესო ადამიანები.

 

„ხშირად ლექციებს ცნობილი პროფესორები კითხულობენ, რომლებსაც ალბათ, ვერასდროს ვნახავდით და მოვისმენდით სხვაგან. ყველაფერთან ერთად ონლაინსწავლება არის დროის ეფექტური განაწილება. ადამიანს, რომელიც ვერ მიდის ქვეყნიდან სამსახურის ან სხვა რაღაცის გამო, შეუძლია ონლაინკურსებით ისარგებლოს,” – ამბობს თამარი.

 

უფასო განათლების მიღება დღეისათვის მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან უნივერსიტეტშია შესაძლებელი. გთავაზობთ რამდენიმე საჭირო ვებგვერდს, რომლებიც უფასო განათლების მიღებაში დაგეხმარებათ.

 

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი MIT. ინსტიტუტში მხოლოდ ტექნიკური საგნები ისწავლება, სწავლის ღირებულება კი წლიურად 30 ათასი დოლარია. ონლაინკურსები უფასოა. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.web.mit.edu

 

www. lilmod.org – ებრაული დისციპლინების ონლაინკოლეჯი.

 

www.cim.co.uk  –   აქ შეგიძლიათ გაიაროთ მარკეტინგის კურსები.

 

www. livemocha.com  – ამ უფასო ვებგვერდის საშუალებით შეგიძლიათ ისწავლოთ ინგლისური.

 

www.eduson.tv   – ამ ვებგვერდის საშუალებით ბიზნესკურსების გავლაა შესაძლებელი.

 

www.coursera.org   ამ ვებგვერდის საშუალებით კი 634 კურსის გავლაა შესაძლებელი სხვადასხვა მიმართულებით. კურსის დასრულების შემდეგ კი შეგიძლიათ მიიღოთ სერტიფიკატი.

 

www.learndirect.com   – ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ სხვადასხვა კურსით ისარგებლოთ. ისწავლოთ უცხო ენები, კომპიუტერი და ბიზნესი.

 

 

„შინაგანად უნდა იყო მომართული, მერე ტკივილს ვეღარ იგრძნობ”

 

 

კრივში გოგო-ბიჭი არ არსებობს, იქ არიან მებრძოლები, მიდიაც მებრძოლია, დანებება არ უყვარს, როგორც ამბობს, ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძვის: „ბრძოლის დროს ბევრი ფიქრი არ ვარგა, ყველაფერი დამოკიდებულია ტაქტიკაზე, სისწრაფესა და ძალაზე. კრივი ინტელექტუალური სპორტია, არც ბრძოლის დროს მტრობ მოწინააღმდეგეს, უბრალოდ გამარჯვება გინდა. სისხლიანი სპორტი არ არის, არც ტრავმებს იწვევს, ეს უბრალოდ მითია, სინამდვილეში უამრავი აკრძალვაა, ყველაზე მეტად ხარ დაცული ტრავმებისგან, მოძრაობა და სისწრაფე გაყენებს უპირატეს მდგომარეობაში, მომზადებული ხარ, რბილი სპორტია, კარატეში არც შლემია, არც ხელთათმანი, დარტყმა კი ყველგანაა, აქ მუშაობა მიდის თავზე და მუცლის არეში. შინაგანად უნდა იყო მომართული, მერე ტკივილს ვეღარ იგრძნობ”, – ამბობს მიდია რიგი.

 

მიდია ფიქრობს, რომ არა კრივი, ვერც სწავლას შეძლებდა კარგად და ვერც სხვა რამეს, რადგან სპორტის ამ სახეობას თავის მოწოდებად აღიქვამს: „სპორტი ჩემი სტიმულატორია, თუ არ ვვარჯიშობ, თავს ცუდად ვგრძნობ. სპორტი ჩემთვის სერიოზული ჰობია. ბიჭებთან ერთად ვიზრდებოდი, სულ მინდოდა სპორტის რომელიმე სახეობით დავკავებულიყავი, ჩემმა მშობლებმა იუარეს, გოგო ხარ, რა სპორტიო და ცეკვაში შემიყვანეს. თერთმეტი წელი დავდიოდი ცეკვაში, ცეკვა ნამდვილად ვისწავლე, მაგრამ სპორტი იმდენად მომწონდა, რომ გული ამიცრუვდა ყველაფერ სხვაზე, სრულწლოვანი გავხდი თუ არა, თავი დავანებე ცეკვას და სპორტში შევედი.”

 

 

როგორც ამბობს, სპორტი თავიდან სასურველი ფიგურის დასაყენებლად აირჩია, შემდეგ უკვე შეუყვარდა, მერე მიზანიც გაუჩნდა: „ჩემი საყვარელი მებრძოლია მუჰამედ ალი, ძალიან მინდა მას დავემსგავსო, ბევრი შრომაა ამისათვის საჭირო, მეც ვშრომობ. ცეკვიდან გამოვედი თუ არა, ბათუმში ორთაბრძოლების სკოლაში მივედი, კიკბოქსიგზე დავდიოდი, მერე სარემონტო სამუშაოები დაიწყო, დარბაზი აღარ იყო და გადავედი კარატეზე. პერსონალურად ჩემთვის ვვარჯიშობდი, რომ ძალა მქონოდა, ფიგურა, თანდათან ამბიციები გამიჩნდა. ჩემპიონატზე მინდა გასვლა და წარმატების მოპოვება. გოჩა აბაშიძეა ჩემი მწვრთნელი, რომელიც მამზადებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის კრივში. ჩემმა მშობლებმა ეს გადაწყვეტილება სიხარულით არ მიიღეს, დედისერთა ვარ, კრივს აღიქვამენ როგორც სისხლიან სპორტს, თუმცა მხარს მაინც მიჭერენ, ცოტას შფოთავენ, ურჩევნიათ ნაზი გოგო ვიყო, ხშირად მახსენებენ, რომ მომავალი დედა ვარ”,  ამბობს მიდია.

 

მიდია ორი წელია ემზადება ბრძოლის სამი წუთისთვის, ამ დრომდე მხოლოდ მეგობრულ შეხვედრებზე ასპარეზობდა, ერთ კვირაში იწყება საქართველოს ჩემპიონატი: „მინდა მოგება, ბევრს ვვარჯიშობ, მწვრთნელიც მეხმარება. გადატვირთვა არ შეიძლება, დროულად უნდა დაიძინო, თავის დროზე ადგე და ჭამო. ეს ჩემთვის შვებაა, დილით ცხიმიან საჭმელს ვჭამ, მერე დღის განმავლობაში – უცხიმოს.

 

უნივერსიტეტში ვსწავლობ, თავისუფლად ვახერხებ ამ ორი საქმის შეთავსებას. ჩემი დღეები ერთმანეთს არ ჰგავს, მერე რა, რომ ყოველდღე ვვარჯიშობ, დღის განმავლობაში ვაკეთებ რაიმე განსხვავებულს, დავდივარ კონცერტზე, კინოში, თეატრში, ვხეტიალობ ან მეგობრებთან ერთად ვერთობი.”

 

ბათუმიდან წასვლას არ გეგმავს: „ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, გამიჭირდება წასვლა, სასწავლებლადაც არ წავლა ალბათ, მშობლებს უნდოდათ წავსულიყავი, საზღვარგარეთ მესწავლა, თბილისზეც კი უარი ვთქვი, როცა რაღაც ძალიან გინდა, ის ყველგან გამოგივა”, – ამბობს მიდია.

 

 „მთლიან უარყოფით ენერგიას ტოვებ დარბაზში, ამიტომაც ხარ უფრო მეტად მშვიდი, გაწონასწორებული. მაგალითად, ჩემი გაბრაზება ძალიან რთულია. ადრე ვხატავდი, რაც სპორტში ვარ, ვეღარ ვხატავ, ჩემი მუზა სპორტშია. ხატვა მომენატრა, მინდა ფუნჯითაც გადმოვცე ემოცია, მაგრამ ვერ ვახერხებ.


მსოფლიო ჩემპიონი როცა გახდება, ბათუმში ცხოველთა თავშესაფრის გახსნას აპირებს.

 

მომავალი პროფესია სამართალს დაუკავშირა, არჩევანი მამამ განაპირობა, მამა ადვოკატი ჰყავს, დედა – ექიმი, ბოლო წუთებამდე ამ ორ პროფესიას შორის აკეთებდა არჩევანს: „ექიმობაც მომწონს, მაგრამ იურიდიულმა გადაწონა, გამომძიებელი მინდა ვიყო. მამა ჩემი კუმირია, საერთოდ ამბობენ, რომ მამას ვგავარ, გარეგნულადაც და ხასიათითაც. არჩევანი არ მომიწონა, მითხრა უსამართლობას ვერ დაძლევ და მუდმივად სანერვიულო გექნებაო, თუმცა მოწონს მის გზას რომ გავყევი”, – გვიამბობს მიდია. ის ფიქრობს, რომ სანამ შესაძლებლობა ექნება, მთავარ ადგილს მის ცხოვრებაში კრივი დაიკავებს.

 

თავისუფლების გამოვლინებად მიდია საკუთარ იმიჯს მიიჩნევს: „ჩემი იმიჯი ყველას აკვირვებს, მაგრამ რადგან გვარი ირანული მაქვს, მთლად ტრაგიკულად არ აღიქვამენ. მე ბათუმელი ვარ, აქ გავიზარდე, დედა ქართველი მყავს, მამა – ირანელი, ირანში არასოდეს ვყოფილვარ, ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი რუსეთში გაიცნეს, მერე აქ ჩამოვიდნენ საცხოვრებლად. ირანული ვიცი, მაგრამ რადგან კომუნიკაციისათვის არ ვიყენებ, მავიწყდება. ირანში მცხოვრებ ნათესავებს ვეკონტაქტები, ბათუმშიც ჩამოდიან ხოლმე, მე ვერ მივდივარ”.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი

 

2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი:

26-27 ივნისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) – ქართული ენა და ლიტერატურა

30 ივნისი და 1 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) – ზოგადი უნარები

 

უცხოური ენა:

2 ივლისი ინგლისური ენა (მეორე სესია 15:00 სთ.)

3 ივლისი ინგლისური ენა (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.)

4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) – რუსული ენა

4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) – გერმანული ენა

4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) – ფრანგული ენა

8 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) – ლიტერატურა



9 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) – გეოგრაფია

10 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) – ისტორია

11 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) – მათემატიკა

14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) – ქიმია

14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

15 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) – ბიოლოგია

16 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) – ფიზიკა

16 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

 

 

 

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

7 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი: A, B, c და D)

8 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: A, B, c და D)

14 ივლისი (მეორე სესია 14:00 სთ.) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – E)

15 ივლისი (მეორე სესია 14:00 სთ.) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – E).

 

 

ხელვაჩაურში დაკავებულების შესახებ ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

 

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია შემდეგი: საამზომველო კომპანიების წარმომადგენლები, ფულადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ, ამზადებდნენ ყალბ საკადასტრო აზომვით ნახაზებს მდინარე ჭოროხის და აჭარისწყლის კალაპოტში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე, როგორიცაა მდინარის კალაპოტი, მდინარის ჭალა და წყალში მდებარე კუნძულები. ყალბ ნახაზებზე ასახული ფართების მოქალაქეების პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტს უკანონოდ ადასტურებდნენ ადგილობრივი რწმუნებულები. ამ გზით შექმნილი ყალბი დოკუმენტების წარდგენა მოქალაქეების მიერ ხდებოდა საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში, რომლის თანამშრომლებიც, სათანადო გადამოწმების გარეშე, ახორციელებდნენ უძრავი ქონების რეგისტრაციებს.

 

ხშირ შემთხვევაში, ამგვარად მოპოვებული საკუთრება მოქალაქეების მიერ გასხვისებულ იქნა ჰესების მშენებელ კომპანიაზე, რის შედეგადაც ისინი დაეუფლნენ დიდი ოდენობის თანხებს

 

“საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორებმა, ისევე როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა გადააბიჯეს საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, ყოველგვრი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მხოლოდ იმის გამო, რომ ბრალდებული არ აღიარებდა ბრალს და არ მისცა პროკურატურას მათთვის სასურველი ჩვენება, თვითნებურად დააკავეს, შემდგომ თვითნებურად დააპატიმრეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის ქალი თანამშრომელი, 5 წლის დაავადებული ბავშვის დედა ეკატერინე ქარცივაძე” – ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.


განცხადებაში ისინი მიმართავენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, განსაკუთრებით ყოფილ ადვოკატებსა და უფლებადამცველებს, რომ გამოიყენონ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შესაბამის კომიტეტში დაიბარონ საქართველოს მთავარი პროკურორის წარმომადგენელი  – “ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის მიწოდებული იქნება განცხადებაში მიწოდებული ფაქტების უტყუარი მტკიცებულებები”. ასევე თხოვნით მიმართავენ საქართველოს იუსტიციის მინისტრს – დაინტერესდეს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო თანამშრომელთა საქმით და საქართველოს სახალხო დამცველს – შეისწავლოს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალები ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის კუთხით და მოახდინოს სათანადო რეაგირება.

ხუთი კვერცხი და ერთი პასკა სოციალურად დაუცველებისთვის

 

 

 

სააღდგომო კვერცხების შესაძენად, ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალურმა სასადილომ“ ტენდერი კვერცხის შესყიდვაზე პირველ აპრილის გამოაცხადა. ტენდერში სამმა დაინტერესებულმა პირმა მიიღო მონაწილეობა. ესენი იყვნენ შპს „მეგა +“, შპს „ბიზნეს ჯგუფი“ და ინდმეწარმე გურამ დუმბაძე. როგორც „მუნიციპალური სასადილოს“ ხელმძღვანელი ბადრი გოგიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, ყველა დაბალი ფასი, (ერთი ცალი კვერცხი 27 თეთრი) ინდმეწარმე გურამ დუმბაძემ შესთავაზათ:

 

 

„თუმცა მან ვერ შეძლო სატენდერო ვადებში კვერცხის მოწოდება. ამიტომ, ჩვენ გავაუქმეთ ტენდერი და კვერცხი გურამ დუმბაძისგან, პირდაპირი მიყიდვის წესით შევისყიდეთ“-აცხადებს სასადილოს ხელმძღვანელი.

 

 

სააღდგომო პასკა სასადილომ შპს „ვ.ტ“-სგან, 6 640 ლარად იყიდა. კვერცხში კი 2 998 ლარი გადაიხადეს.

 

 

„რადგან დღესასწაულია გვინდოდა ამ ფორმით გაგვეკეთებინა მათთვის საჩუქარი. ბენეფიციარები ერთ ცალ 800 გრამიან პასკას და ხუთ კვერცხ მიიღებენ. სამ კვერცხს უმი სახით, ორ ცალს კი მოვუხარშავთ და ისე დავურიგებთ“-ამბობს ბადრი გოგიძე.

 

 

ბათუმში ხუთი მუნიციპალური სასადილო ფუნქციონირებს. სასადილოებით 2221 სოციალურად დაუცველი პირი სარგებლობს.

 

ბათუმის მწვანე განზომილება

 

დისკუსიას რამდენიმე მომხსენებელი ჰყავდა:   ნინო გაბუნია,  არასამთავრობო ორგანიზაცია “პროგრესის” დირექტორი,    გიორგი რამიშვილი, ქალაქ ბათუმის მთავარი არქიტექტორი და  ნატა ფერაძე –  “პარტიზანული მებაღეობა თბილისში”-ის წევრი.   დისკუსიას მოდერაციას რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი      ნატა იმედაიშვილი უწევდა.

 

როგორ იცავს სახელმწიფო ქალაქის მწვანე საფარს კომერციული ან კერძო ინტერესისგან, დისკუსიის დროს  გამოჩნდა, რომ ბათუმში რიგი  რეკრეაციული ზონების შესანარჩუნებლად  მოქალაქეებს „ბრძოლა“ ისევ მოუწევთ.  ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა გიორგი რამიშვილმა ბარბარეს სკვერში გასხვისებულ ტერიტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს ინვესტორის მოთხოვნა _ კუთვნილი ტერიტორია შემოეღობა _ არ დააკმაყოფილეს. არქიტექტორის თქმით საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას,  თუმცა  აუცილებლად  დადგება.  ქალაქის მთავარი არქიტექტორი დისკუსიაზე ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ საზოგადოება უნდა გააქტიურდეს.

 

„არის ადგილები ქალაქში, სადაც მეტი კონსოლიდაცია სჭირდება  საზოგადოებას. რეალურად სადაც შეიძლება გამწვანების სივრცის შექმნა, ეს არის  გონიოს პოლიგონი და ჭოროხის დელტა აქტიური დასვენებისთვის. არა ბულვარის ხასიათის, არამედ ტყე-პარკის გაშენება. აქ იქნება სერიოზული კონსოლიდაცია საჭირო. ამაზეც არის სერიოზული დისკუსია, ბოლო ათი წლის განმავლობაში არაერთი  წინადადება გაკეთდა, მათ შორის კარგი პროექტებიც იყო,“ – აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.

 

დისკუსიაზე ქალაქში არსებულ მწვანე პოლიტიკაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გამწვანების სამსახურს მეტი მუშაობა მართებს, რათა უფრო მეტი რეკრეაციული ადგილი გაჩნდეს ბათუმში.

 

„ჰაინრიხ ბიოლის ფონდი პერიოდულად ასეთ შეხვედრებზე მპატიჟებს. ერთი კვირის წინ ვიყავი ქუთაისში, დღეს ჩამოვედი ბათუმში.  დასწრება მრავალრიცხოვანია, თუმცა არც უნდა გქონდეს დიდი იმედი, რომ უცებ ტაქსიმი მოეწყობა.

 

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, მე ფეისბუქით ვერ მოვიძიე ინფორმაცია რა პრობლემები გაქვთ და დღეს გავიგე, რომ არც ისე გადასარევად გაქვთ საქმე.  მოვდივარ,  ამდენი მწვანე ევკალიპტი მხვდება და მგონია, რომ თქვენ შესაძლოა ზედმეტი ჟანგბადისგან დაიხრჩოთ, თურმე ეგრე არ ყოფილა საქმე. თქვენთანაც საკმაოდ პრობლემებია.  პარტიზანული მებაღეობა რაც  თბილისში გავაკეთე, ბევრს ჰგონია მარტო ვაკის პარკისთვის, მაგრამ ეს არ არის ასე და არც მარტო თბილისისთვის არ არის. მინდა, რომ ნელ-ნელა ეს გავავრცელო და ყველა ჩაერთოს.  ახლა უკვე ვიცი რა შეიძლება გავაკეთოთ ბათუმისთვის. ორი პარტიზანული მებაღეობაა ბათუმში, მაგრამ არც ერთის რეალური გაკეთებული არ დამინახავს. ერთი უფრო მონდომებულია და მეკითხება  რა უნდა ვქნა. ახლა უკვე ვიცი, რა უნდა ვურჩიო. 

 

პირველ რიგში, ის, რაც გინდათ, რომ ფეისბუქში დაწეროთ, რაღაცნაირად ხმამამღლა უნდა თქვათ.  პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოთ თავის თავზე. რაც გაწუხებთ, ის ხმამაღლა უნდა თქვათ და მაგალითის მიმცემი აღმოჩნდეთ სხვებისთვის. მართალია, თქვენი გამწვანების სამსახური ამბობს, თუ დარგავთ ხეებს ამოვთხრიო, მაგრამ დარგეთ ყვავილი, დარგეთ გვიმრა და ამით პოზიტიური მაგალითი აჩვენეთ სხვებს,“  – თქვა “პარტიზანული მებაღეობა თბილისში”-ის წევრმა ნატა ფერაძემ დისკუსიის ბოლოს.

 

“ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება” –   თემაზე  საჯარო დისკუსია  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ მოაწყო.  

აჭარის მთავრობამ ბიზნესმენ ირის ბორჩაშვილს საინვესტიციო პირობები შეუცვალა

 

„ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული საინვესტიციო თანხა 12 მილიონი დოლარი, შეცდომითაა ჩაწერილი. 12 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო ჩაწერილიო. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ შევცვალოთ სახელშეკრულებო პირობები და საინვესტიციო თანხა რვა მილიონი ლარით განვსაზღვროთ. ასევე, საცხოვრებელ სახლში 400 კვ/მ ფართი გადმოეცემა აჭარის მთავრობას, რადგან ის გამოყენებული იქნას მეწყერით დაზარალებული მოსახლეობისთვის“- განაცხადა მინისტრმა.

 

ინესტორმა საცხოვრებელი სახლი ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, „თი ბი სი“ ბანკის გვერდით არსებულ მიწის ნაკვეთზე უნდა ააშენოს. 

 

საცხოვრებელი სახლის მშენებელობა ინვესტორმა 2014 წლის აგვისტოში უნდა დაიწყოს და 2016 წელს დაასრულოს. თუკი ინვესტორი აგვისტოში არ დაიწყებს მშენებლობას, როგორც მინისტრმა განაცხადა პირობების შეუსრულებლობის მოტივით, ქონება ინვესტორს ჩამოერთმევა და დაუბრუნდება სახელმწიფოს. 

გონიოს მიწების საკითხს 15-წევრიანი კომისია შეისწავლის

 

 

 

გონიოს მკვიდრთა საპროტესტო აქცია მთავრობის სახლის წინ

 

როგორც დავით გაბაიძე განმარტავს, კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციიებისა და სამთავრობო ორგანოების წარმომადგენლების გარდა გონიოში მცხოვრები ექვსი პირიც შევა.  კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არასამთავრობო სექტორიდან თამაზ ბაკურიძე იქნება.   

 

„კომისიამ უნდა შეისწავლოს ყველა სადავო მიწის ნაკვეთი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები და პრეტენზიები. შემდგომში კომისია დადებს წინადადებებს და დასკვნებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ კანონის ფარგლებში მოხდეს მოქალაქეთა პრეტენზიების დაკმაყოფილება,“-აცხადებს დავით გაბაიძე. 

 

მისივე ინფორმაციით, კომისიის დასკვნებით  განსაზღვრულმა ორგანოებმა უნდა ისარგებლონ: „ ეს შეიძლება იყოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რომელსაც აქვს უფლება სიმბოლურ ფასად განკარგოს მიწის ნაკვეთები,  წარმომადგენლობითი ორგანოები, – საკრებულოები, ასევე პარლამენტი, რომელსაც შეუძლია საკანონმდებლო ინიციატივებით მიიღოს ის ნორმა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს გამოვიდეთ არსებული ჩიხიდან. შესაძლებელია აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც გადაწყდეს ეს ყველაფერი, თუ მოხდება შეთანხმება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ცალკეულ ორგანოებსა და აჭარის მთავრობას შორის ამ ნაკვეთების გადმოცემის თაობაზე, რომ  მიწები აჭარის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივ რეჟიმს დაექვემდებაროს“- განაცხადა გაბაიძემ. 

 

რა ვადებში მოხდება სადავო მიწების შესწავლა, ეს დავით გაბაიძისთვის უცნობია: „კომისიაში ჩემ გარდა შედის 14 წევრი. თუმცა, პირველი სხდომა იქნება საჯარო და იქ გაიგებთ როგორ შევთანხმდებით. კომისიამ პირველივე შეხვედრაზე სამოქმედო გეგმა უნდა დაამტკიცოს“. 

 

კომისიამ მთლიანობაში 271 სადავო მიწის საკითხი უნდა შეისწავლოს.

457 300 ლარი სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ

2013 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ჩატარებული პროფილაქტიკური შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ხერხემლის პრობლემა აჭარის მასშტაბით დაახლოებით 3000 ბავშვს აწუხებს, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ბავშვების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 457 300 ლარი გამოყო.

????????????????????????????????????


პროგრამა ორთოპედის კონსულტაციას, რენტგენოლოგიურ კვლევას და სარეაბილიტაციო ღონისძიებების სახით ათ-ათდღიან ფიზიკური თერაპიის კურსსა და სამკურნალო მასაჟს მოიცავს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ლელა სურმანიძის თქმით, ეს ყოველივე დაავადების სრულად განკურნებისთვის საკმარისი არ არის, თუმცა პირველი და მეორე ხარისხის სქოლიოზის შემთხვევაში მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა: „უმეტესად სქოლიოზი ბავშვებში ფუნქციონალური ხასიათისაა, რომელიც მძიმე ჩანთის ასიმეტრიულად ტარებითა და მერხთან არასწორად ჯდომითაა გამოწვეულია და როგორც წესი, ამ ვარჯიშის შედეგად, ზურგის კუნთების ტონუსის გაუმჯობესების ხარჯზე ეს სწორდება. გარდა ამისა, ჩვენი პროგრამის ფარგლებში მეთოდისტები ბავშვებს ასწავლიან ვარჯიშებს, სწორად ჯდომას, დგომას… ანუ ნაწილობრივ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაც ხდება, მერე ბავშვებმა სახლშიც რომ გააგრძელონ ამ ვარჯიშების კეთება“, – ამბობს ლელა სურმანიძე.

პროგრამას ამ ეტაპზე ოთხი სამედიცინო დაწესებულება ახორციელებს: ასოციაცია „გენეზისი“, ა(ა)იპ სამედიცინო ასოციაცია „თანა“, შპს „ვიტა“ და შპს ქალაქ ბათუმის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი „ჯიქი“, სადაც თებერვლიდან დღემდე ხუთასამდე ვაუჩერია შესული. „ჯიქის“ დირექტორის, მაია ხაჭაპურიძის თქმით, ბავშვთა სწრებადობა ძირითადად კარგია, თუმცა არის შემთხვევები, როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ან სხვა მიზეზების გამო ბავშვი ვერ მიჰყავს მშობელს.

„კარგი შედეგისთვის უმჯობესია სეანსები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდეს. ბავშვები არიან და მათი პასიური ცხოვრების წესის გამო ვარჯიშებიც ეზარებათ, მასაჟი კი ძალიან სიამოვნებთ. იმისთვის, რომ არ გააცდინონ და კარგად ივარჯიშონ, საშობაოდ გათამაშებაც კი დავგეგმეთ – პლანშეტს გავათამაშებთ. ამის შესახებ ბავშვებმა უკვე იციან და უფრო მოტივირებულებიც არიან“, – ამბობს ცენტრის დირექტორი.

ჯანდაცვის სამინისტრო თითოეულ ბენეფიციარზე 178 ლარს უხდის სამედიცინო დაწესებულებას. „ჩვენ ვიხდით თანხას თითოეული კურსის განხორციელებაში, რომელიც ორთოპედის კონსულტაციას, რენტგენს და სარეაბილიტაციო ღონისძიებებს მოიცავს. ჩვენ მიერ გადახდილ თანხას კი თავად სამედიცინო დაწესებულება ანაწილებს თავის პერსონალზე,“ – ამბობს ლელა სურმანიძე.

იმისთვის, რომ ბავშვი პროგრამაში ჩაერთოს, მშობელმა ექიმისგან უნდა აიღოს ფორმა #100, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბავშვს აქვს სქოლიოზი ან სავარაუდო სქოლიოზი და წარადგინოს ის ჯანდაცვის სამინისტროში ბავშვის დაბადების მოწმობისა და მშობლის პირადობის ქსეროასლთან ერთად. პროგრამა მიმდინარე წლის ბოლომდე გრძელდება.

????????????????????????????????????

ბათუმის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრ „ჯიქის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხშირად მშობელი შეცდომაში შეჰყავს ექიმს, რომელიც პირდაპირ მიმართულებას აძლევს, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაიაროს რეაბილიტაცია ბავშვმა – „მშობელმა უნდა იცოდეს, რომ მას აქვს არჩევანის უფლება, ვაუჩერის აღების შემდეგ მას შეუძლია დაათვალიეროს ოთხივე სამედიცინო დაწესებულება და ვაუჩერი იქ გაატაროს, სადაც პირობები მოეწონება“.

ავტოსტოპით თურქეთის ქალაქებში

 

 

თავიდან ადაპტაცია გამიჭირდა – არსად დავდიოდი, შეშინებული ვიყავი, მეშინოდა დაკარგვისა და თავდასხმისაც. შიშის საფუძველი ნამდვილად არ მქონია.

 

 

ჩემთან ერთად სასწავლებლად ჩემი თანაკურსელი დალილა დევაძეც წამოვიდა, მე და დალილა ერთნაირ საგნებს ვირჩევდით, რომ ერთად ვყოფილიყავით. პირველი დისკომფორტი ის იყო, რომ ბიჭები და გოგოები ერთმანეთისგან დაშორებულ საერთო საცხოვრებელში მოგვათავსეს, საცხოვრებელი უნივერსიტეტიდანაც საკმაოდ შორს იყო, მგზავრობაში თანხაც მეხარჯებოდა, სტიპენდია კი სრულად არ გვეძლეოდა. ისედაც 560 ლირა გვქონდა სტიპენდია, მისი 70 პროცენტი კი საკმარისი არ იყო, მშობლები მიგზავნიდნენ ფულს.

 

 

უნივერსიტეტში სწავლების ხარისხი მომეწონა, თუმცა რამაც გამაკვირვა, ეს იყო საოცარი ნდობა პროფესორების მიმართ. თუ იქ პირს გააჩნია აკადემიური ხარისხი, არავის შეაქვს ეჭვი მის გადაწყვეტილებაში, ძალიან გამიჭირდა გამოცდაში მიღებული ქულის გაპროტესტება, ჯერ დამღლელი ბიუროკრატია, მერე კიდევ უშედეგოც. 

 

 

ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის მოგზაურობა, დაახლოებით ათი ქალაქის ნახვა შევძელი, თან სრულიად უფასოდ, ავტოსტოპის მეშვეობით. როცა მეგობრებმა შემომთავაზეს ავტოსტოპით მგზავრობა, ვიუარე, ისეთი ფილმები მაქვს ნანახი, ვიფიქრე, რამე უბედურებას გადავეყრები-მეთქი. როცა დაბრუნდნენ მოგზაურობიდან და შთაბეჭდილებები გამიზიარეს, ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გადავწყვიტე მეც შევერთებოდი მათ ჯგუფს.

 

 

ოთხნი წავედით, დილაადრიან დავდექით გზატკეცილზე, ამასიაში ვგეგმავდით წასვლას. ნახევარი საათიც არ იყო გასული, ტრაილერმა გაგვიჩერა, მძღოლი ამასიაში მიდიოდა, გადაჯდომა აღარ გვიწევდა. ამასიაში ორ რამეში გადავიხადე თანხა, მუზეუმის ბილეთში, სამი თუ ხუთი ლირა და საჭმელში – ვინ რამდენსაც ჭამს, იმდენი ეხარჯება. ყველა ქალაქში ჩასვლამდე ინტერნეტით ვარჩევდით იმ ადგილებს, რომელიც უნდა გვენახა.

 

 

ამასია ყველაზე საინტერესო ქალაქია, ვამბობ ხოლმე, პირველად კი არ უნდა გვენახა ამასია, არამედ ბოლოს. ტურისტული თვალსაზრისით განვითარებული ქალაქია, თუ სხვა ქალაქებში ვერ ნახავ წარწერებს ინგლისურად, აქ ყველაფერი ორ ენაზე წერია. ამასიაში სტრაბონი ცხოვრობდა, ძეგლიც დგას ქალაქში, მუზეუმიც აქვთ. კლდეში ნაკვეთი ქალაქიცაა, თითქოს ვარძიას ჰგავს. ქალაქის ზემოთ ციხეა, სადაც კაფე მუშაობს, ამასიაში ყველაზე მაღალ ადგილას შეგიძლია ჩაი მიირთვა და თან ქალაქის ხედით დატკბე. საერთოდ, ჩაი ძალიან შემიყვარდა, თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ ყოველ დღე ვსვამ. ამასიაში მოვწიე პირველად ჩილიმი ბალის არომატით. სახალისო იყო, კაფეში ვისხედით სამნი და რიგრიგობით ვეწეოდით ერთ ჩილიმს. ამასიის სიმბოლო ვაშლია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვაშლი მოდის – ყველაფერზე ვაშლის სიმბოლო აქვთ გამოსახული, სუვენირებიც ბევრი იყიდება ქალაქში.

 

 

ტრაილერის მძღოლები საოცრად კარგები არიან. ტრაილერის მძღოლს თუ აქვს ადგილი, აუცილებლად გაგიჩერებს, შორი გზა აქვს გასავლელი, მარტო მოსაწყენია. ყველაზე მეტად სახალისო ის იყო, რომ თურქული არც ერთმა არ ვიცოდით. დღეს უკვე ვფიქრობ, რომ ავტოსტოპით მოგზაურობა ბევრად სახალისო და საინტერესოა, ბევრი თავგადასავალი გაქვს, ფული კი საერთოდ არ გეხარჯება. ერთმა მძღოლმა მანქანის მართვის დროს ჩაი მოგვიმზადა, ცალი ხელით მანქანას ატარებდა, ცალით – ჩაის ამზადებდა, გაოგნებულები ვუყურებდით. თუ ვინმეს ავტოსტოპით მოგზაურობა უნდა, ჯგუფურად სიარულს ვურჩევ.

 

 

ამასიიდან დაბრუნების შემდეგ ყოველ კვირას სადღაც დავდიოდით ავტოსტოპით. იმ ღამესვე დავგეგმეთ შემდეგი მოგზაურობა. საქართველოში ავტოსტოპით მგონი ვერ ივლი, იქ კი ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გაგიჩეროს. ერთხელ ექიმებმა გაგვიჩერეს, იმ ქალაქში, რომელშიც ჩვენ მივდიოდით, ოპერაცია ჰქონდათ დაგეგმილი. იყო შემთხვევა, როცა მძღოლს საქმე აღარ ჰქონდა, თუმცა დაგველოდა – გვითხრა, დამირეკეთ, როცა წასვლა მოგინდებათო, დავურეკეთ და წამოგვიყვანა.

 

 

მომდევნო მოგზაურობა ანკარას უკავშირდება, ანკარა შორია სამსუნისგან, ქალაქში უნდა დავრჩენილიყავით. ინტერნეტით გავიცანით ანკარელი გოქმენი, რომელმაც მასთან დაგვპატიჟა, საერთოდ, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია თურქები, სტუმრისთვის მათაც საუკეთესო ემეტებათ. 

 

 

ანკარაში ჩასვლამდე ოთხი მანქანა გამოვიცვალეთ, ეს ცოტა დამღლელი იყო, თან ბევრი დრო წაიღო, თუმცა იყო უფასო და რა დაეწუნება. სამსუნი ზღვისპირა ქალაქია, თბილა, ანკარა ცივია, თოვლიც კი იყო აქა-იქ, ჩვენ თბილად არ გვეცვა და ძალიან შეგვცივდა.

 

 

ანკარა ორ ნაწილად არის გაყოფილი – ძველი და მოდერნიზებული. ძველი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენ თავიდან ძველ ნაწილში მოვხვდით, ახალს ვერ ვხედავდით, გული დაგვწყდა, ასეთი ქალაქის სანახავად აქ რამ ჩამოგვიყვანაო. შემდეგ მოგვაკითხა ჩვენმა მასპინძელმა და მანქანით დაგვათვალიერებინა მთელი ქალაქი, სახლში მასთან დავრჩით, საღამოს ინტერნეტით აგვარჩევინა ყველა ის ადგილი, რომლის ნახვაც გვსურდა, მეორე დღეს დილიდან გვატარებდა თვითონ. მადლობელი ვარ მისი, რომ არა ის, ამდენ რამეს ვერ ვნახავდით. რესტორანში დავპატიჟეთ, თუმცა იქაც თავად მოინდომა გადახდა, ძლივს შევაჩერეთ. სამზარეულო კი ისეთი იყო, დღემდე მახსოვს კერძების გემო, გურმანები არიან თურქები, გემრიელად ამზადებენ და დიდი სიამოვნებით მიირთმევენ.

 

 

მუზეუმები დავათვალიერეთ, `ლუნა პარკი~ ვნახეთ, ხშირად გვიწევდა რიგებში დგომაც, მარტო მუზეუმებთან კი არამ იმავე ბანკში, მაღაზიაში, თურქები მოწესრიგებულები არიან ამ მხრივ, ყველა იცავს რიგს, არავინ ცდილობს წინ წაწევას.

 

 

მოსახლეობა თავიანთ ქალაქებს ჰგავს – ყველა ქალაქში განსხვავებულები არიან. განსხვავდება სოფლებიც, სოფელში ტრადიციების მიმდევრები და რელიგიურები არიან, რასაც ვერ ვიტყვი თურქეთის ქალაქებში მცხოვრებლებზე. თურქები ასევე დიდ პატივს სცემენ დროშას, ცდილობენ, რაც შეიძლება დიდი დროშები გამოფინონ და რაც შეიძლება მაღლა. ათა თურქის მუზეუმის თავზეც იყო დროშა, გოქმენმა მითხრა, რომ ეს დროშა ყველაზე მაღალ წერტილშია. ისე, ათა თურქის მუზეუმი ყველა ქალაქში არის. როგორც ამბობენ, მას ყველა ქალაქში ჰქონდა სახლი, მუზეუმში დაცული ნივთებით თუ ვიმსჯელებთ, ფუფუნებაში ცხოვრება უყვარდა.

 

 

შემდეგი იყო სინოპი, სინოპში ეკლესია ვნახეთ, რომელიც ისტორიული ძეგლია, თუმცა ყურადღებას არ აქცევენ, მიტოვებული და მოუვლელია, ამაზე ძალიან დამწყდა გული. სინოპში ვნახე უძველესი ციხეც, მანამდე მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი მსგავსი რამ _ პატარა საკნები, სადაც დღემდეა შემორჩენილი ჯაჭვები, რომლებზეც ადამიანები ჰყავდათ მიბმული, ნესტიანი, ცივი და ბნელი ოთახებია. საერთო ჯამში სინოპმა მოლოდინი არ გაგვიმართლა, ტურისტული ქალაქი მეგონა, მაგრამ არ აღმოჩნდა. კიდევ იყო რამდენიმე ქალაქი, რომლებზეც აღარ შევჩერდები.

 

 

ბოლო იყო ტრაბზონი, ბათუმში გამოვლის დროს დავათვალიერე, ტრაბზონში სიძვირე მომხვდა თვალში, ვნახე სუმელას მონასტერი და ტრაბზონის აია სოფიას მუზეუმიც. ტურისტულ კომპანიაშიც ვიყავი ტურის ასაღებად, ბათუმზე რეკლამები შემხვდა, ჩემს ბოსნიელ მეგობარს მოეწონა ბათუმი და გამომყვა.  ტრაბზონიდან მეგობართან ერთად ბათუმში დავბრუნდი, ბათუმი მას ძალიან მოეწონა, თუმცა ბათუმი მთლიანად არ მიჩვენებია, ტურისტული ნაწილი ვაჩვენე, შესაბამისად, მას საოცარი შთაბეჭდილება შეექმნა, დღემდე დიდი ემოციებით მწერს.  

 

 

სიამოვნებით დავბრუნდებოდი თურქეთში სასწავლებლად, რომ არა ნორვეგია. ნორვეგიაში სწავლის გასაგრძელებლად აგვისტოში გავემგზავრები.

ფესტივალი „ბათუმური გაზაფხული“ იწყება

 

ფესტივალი  წელს პროგრამულად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი იქნება.

 

„ბათუმური გაზაფხულის“ ფარგლებში    დაგეგმილია ათი  ღონისძიება.    8 მუსიკალური საღამო, ერთი ფოტოგამოფენა (სერგო ედიშერაშვილის „მოგზაურობა აჭარაში”) და  ერთი ფილმის პრეზენტაცია ( ფილმი ეძღვნება  მსახიობ ბიძინა მიქაუტაძეს, რეჟისორი ნინელი გოგიტიძე).

 

მუსიკალური ფესტივალი დღეს საღამოს 7 საათზე გაიხსნება. ფესტივალის პირველი დღე  ბათუმის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების  მოსწავლეებს ეთმობათ.

 

“ბათუმური გაზაფხული”   18 მაისამდე გაგრძელდება. 

 

პატიმრის დედა პრეზიდენტს შვილის შეწყალებას სთხოვს

 

როგორც იაზგულ მჟავანაძე  აცხადებს, მისი შვილი, მამუკა გოგიტიძე, 6 წელია სასჯელს  იხდის. პატიმრის დედის თქმით,  მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია და იგი ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. 

 

„ჩემი უფროსი შვილი ასლან აბაშიძის პირად დაცვაში მუშაობდა.  როდესაც  ახალი მთავრობა მოვიდა, ვინც გოგიტიძე იყო,  აღარც სამსახური ჰქონდა და არც არაფერი. 2005-ში წავიდა ევროპაში, წაიყვანა თავისი უმცროსი ძმაც. ბელგიაში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. პატარა შვილი ჰყავდა, ვერ გაუძლო და დაბრუნდა საქართველოში.  დაბრუნებიდან მალე ჩემს შვილებს ადამიანის გატაცება   დააბრალეს. ორივე ძმა გაიქცა, უფროსი რუსეთში დაიღუპა, უმცროსი კი,  დააპატიმრეს. დაპატიმრებიდან ერთი წლის შემდეგ  საქართველოს ციხეში გადმოიყვანეს.  ჩემს შვილს დღემდე არ უღიარებია დანაშაული. ახლა მძიმე მდგომარეობაშია გეგუთის ციხეში. ცე ჰეპატიტი  აქვს და ცეროზის ნიშნები. ექსპერტის დასკვნა მაქვს,“ – აცხადებს იაზგულ მჟავანაძე.

 

პატიმრის დედის განცხადებით, მის შვილს,  კანონით, შეწყალება ჯერ არ ეკუთვნის.

 

„ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნა ოქტომბერში შეუძლია, მაგრამ ოქტომბრამდე ეს სიტუაცია ისე გართულდება, შეიძლება  ცოცხალიც ვეღარ გამოვიდეს.    აქამდე თუკი პატიმარს აღიარება არ ჰქონდა დანაშაულის, არ აძლევდნენ შეწყალებას. ახალი დადგენილებით თუ პატიმარს არ აქვს დანაშაული აღიარებული, მაინც ეძლევა შეწყალება. ვთხოვ პრეზიდენტს, ეს მდგომარეობა გაითვალისწინოს და ჩემი შვილი შეიწყალოს,“ – აცხადებს იაზგულ მჟავანაძე.

 

ჯიფონის კინოფესტივალზე მონაწილეობის მსურველთა კონკურსი მოსწავლეებისათვის

 

 

ბათუმელი კონკურსანტის იტალიაში გამგზავრებისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.

 

საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალ ჯიფონში 3000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობს. ისინი სხვადასხვა ნომინაციებში უყურებენ ფილმებს, მსჯელობენ, განიხილავენ და გამოავლენენ გამარჯვებულებს.

 

2014 წელს ჯიფონის 44-ე კინოფესტივალზე საქართველოდან სულ 7 ბავშვი გაემგზავრება, რომლებსაც მასპინძლობას ადგილობრივი თანატოლების ოჯახები გაუწევენ.

 

ჯიფონის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი ერთ-ერთი უდიდესი საბავშვო კინოფესტივალია ევროპაში, რომელიც იტალიის პატარა ქალაქ ჯიფონში იმართება 1971 წლიდან.

გამწვანების აქცია ქედაში

 

 

მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალურად შერჩეულ 5 000 კვადრატულ ფართზე მრავალწლოვანი კულტურების – აკაციის, მუხისა და იფანის ჯიშის ნერგები დაირგვება, მთლიანობაში 35000 ძირი ნერგი.

 

 

მწვანე საფარი აჭარის მაღალმთიანეთში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ეწყობა და მონაწილეობას მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ქედის სატყეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მიიღებენ.

 

 

აქციაში  ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს და მისთვის სასურველი ნერგი მახუნცეთში, დაბა ქედასა და ზენდიდში დარგოს.  

ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია შექმნეს

 

ახალ ფრაქციაში ჯუმბერ კობალაძის ხელმძღვანელობით საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი და ნაზიბროლა ქობულაძე ერთიანდებიან.

 

ჯუმბერ კობალაძე საკრებულოში „ეროვნული საბჭოდანაა“ არჩეული, ნაზიბროლა ქობულაძე კი „ ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან“, მან ეს პარტია გასული წელს დატოვა. ირაკლი ჩავლეიშვილი კი საკრებულოში „რესპუბლიკელების“ კვოტით შევიდა.

 

რაც შეეცება მამული ჯღენტს, მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყნება და თაღლითობაში დახმარება ედება. მას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გამოძიების დასრულებამდე შეუჩერეს.

 

ბათუმის საკრებულო
ბათუმის საკრებულო

„ჰოლივუდი არც ისე შორსაა“

 

 

დათო მოისწრაფიშვილი და მარიამ სალუქვაძე
დათო მოისწრაფიშვილი და მარიამ სალუქვაძე

„ერთი ბათუმელი ბიჭი ვარ, გადახვეწილი დედაქალაქში, ჯერჯერობით ვახერხებ წინსვლას, მხოლოდ 22 წლის ვარ, როგორც იტყვიან, ჰოლივუდი არც ისე შორსაა, მთავარი წარმატება ჯერ წინ მაქვს. ბევრი მიმართულებით ვმუშაობ, თუმცა ძირითად დროს შოუმენის კარიერას ვუთმობ. კომედი არხზე ვმუშაობ, რამდენიმე პროექტში ვარ ჩართული. ამის გამო თეატრისთვის დრო აღარ მრჩება, ბევრ საქმეს როცა აკეთებ, რაღაცებს ხელს აკლებ და უხარისხოდ გამოგდის.” – ამბობს დათო მოისწრაფიშვილი.

 

დათო მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი სკოლის ასაკიდან იყო, შემდეგ საზღვაო აკადემიის გუნდში თამაშობდა, საიდანაც საქართველოს ნაკრებში მოხვდა. „პრემიერ-ლიგაში პირველად ვთამაშობ, საერთოდ, ჯერ არც ერთი ქართული გუნდი არ გადასულა პრემიერ-ლიგაში. მიხარია, რომ ვარ ნაკრებში. იმის მიუხედავად, რომ ბევრი მითქმა-მოთქმა მოყვა ჩვენს მოსკოვში გამგზავრებას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა, არანაირი კავშირი არაა “კავეენსა” და პოლიტიკას შორის. რთული იყო ამ აგრესიის ნახვა, მერე შევეგუეთ, გასართობად არ წავსულვართ, საქმისთვის წავედით, მეორე ადგილზე გავედით რვა გუნდიდან. უკრაინის დაძაბული ვითარება დაემთხვა თამაშს, თუმცა უკრაინიდანაც იყო წარმოდგენილი იქ გუნდები.” –  ამბობს დათო.

 


„მან-სან-კანი ადრე სხვანაირად მესმოდა. ვფიქრობ, ახლა უკვე ვიცი, როგორია ნამდვილი მხიარულთა და საზრიანთა კლუბი. სამწუხაროდ არ არის ჩვენთან კონკურენტული გარემო, არც თამაშები იმართება ხშირად. ნაკრებში ყველაზე მეტი ბათუმელი ვართ – ექვსნი, თან ყველა ვმღერით. რაც შეეხება მაყურებელს, კარგი მაყურებელი გვყავს. საქართველოში გვეცინება ადამიანებზე, სასაცილოდ გვეჩვენება ვინმეზე დაცინვა, შეურაცხყოფის მიყენება. მოსწონთ, როცა სულელის როლს ასრულებ სცენაზე, ან ხარ ფიზიკურად დაზიანებული, მაგალითად, კოჭლი. ნამდვილი მან-სან-კანი გულისხმობს სხვა რამეზე ხუმრობას, უფრო ცხოვრებისეულ, მიმდინარე მოვლენებზე.“ – გვიყვება დათო.

 

დათო საბაკალავრო სპექტაკლზე მუშაობს, ამის შემდეგ უკვე `დიპლომიანი მსახიობი~ იქნება, თუმცა ფიქრობს, რომ მსახიობობამდე ბევრი უკლია. აინტერესებს, როგორ მოირგებს ტრაგიკულ როლს, რადგან ამ დრომდე მხოლოდ კომედიური პერსონაჟის როლი მიუღია: „თეატრის მსახიობობა რთულია. სწავლის პერიოდში თოჯინების თეატრის მსახიობი ვიყავი, დრამატულ თეატრშიც მითამაშია. ორივე საქმიანობის შეთავსებას ვახერხებ საბედნიეროდ, თუმცა უფრო მეტად მან-სან-კანზე ვარ გადართული. არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს ამ ორ პროფესიას შორის, ავირჩევდი იმას, რომელი შემოთავაზებაც უკეთესი იქნება, ჯერჯერობით თეატრი ნაკლებშემოსავლიანია, შოუმენის კარიერა უფრო შემოსავლიანია ჩემთვის.“

 


10 წლის წინ რამინ მიქაბერიძის მიერ ჩამოყალიბებულ „ხალხურ სიმღერების~ გუნდში მღეროდა, მაშინ ჰქონდა პირველი შეხება სცენასთან.
„ჯაზი მიყვარს, მართალია ჰოლივუდში მივდივარ (იცინის), მაგრამ ინგლისური ჯერ არ ვიცი კარგად, ამიტომაც როცა სიმღერას ვასრულებ ინგლისურ ენაზე, ყოველთვის საკუთარ ინტერპრეტაციას ვახდენ. კონკურსებისთვის, ვფიქრობ, ჯერ მზად არ ვარ, მომავალში ვაპირებ, კონცერტებზე ხშირად გამოვდივარ. თუმცა არავის არ აინტერესებს ჩემი ჯაზი, უნდათ, რომ გავაცინო, მხიარული სიმღერა შევასრულო, ერთხელ ალბათ ვიმღერებ სერიოზულად, მინდა შევასრულო რეიჩალზის  – დედა.” –  ამბობს დათო.

 


შეყვარებული არ არის, თუმცა ყოველთვის მოსწონს ვიღაც, სიყვარულზე “კარგი აზრისაა” და ფიქრობს, რომ თუ ვინმე გამოჩნდება მის ცხოვრებაში, უფრო მეტად მოტივირებული იქნება იმისათვის, რომ წარმატებული გახდეს: „და მაშინ მართლა აღარ იქნება შორი ჰოლივუდამდე. ორი რამ განსაკუთრებით მომწონს გოგოში, წითელი პომადა და ვარცხნილობა – კარე. მინდა, რომ მიყვარდეს.”

 

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილებას შეუჩერებენ

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ცნობად მიიღებს სასამართლოს განჩინებას საკრებულოს თავმჯდომარის მალხაზ ფარტენაძის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

სხდომა 12 საათზე დაიწყება.

მალხაზ ფარტენაძეს სამართალდამცავები დიდი ოდენობით ქრთამის აღებაზე ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ბრალდება თაღლიოთობის მცდელობით შეიცვალა. ის პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას  მისი მოადგილე ნუკრი სირაბიძე ასრულებს.

აჭარაში ფერმერები სასათბურე კონსტრუქციებს სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეიძენენ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის – „სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ ფარგლებში სათბურების განაწილება დაიწყო. პროგრამის მიზანია ადგილობრივი საადრეო ბოსტნეულის წარმოების ზრდა და წარმოებული ბოსტნეული კულტურების ნაყოფის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება.

წელს ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 250 ერთეული მარტივი ტიპის 50 კვმ-იანი (ლითონის კარკასი და პოლიეთილენის ფირი) სასათბურე კონსტრუქციის შემოტანა. აღნიშნული სასათბურე კონსტრუქცია რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზე გაიცემა, ერთეულის ღირებულება შეადგენს 1865,80 ლარს, თანადაფინანსების პრინციპით (ღირებულების 30%–ის გადახდით) ფერმერის გადასახდელი თანხა ერთ სათბურზე იქნება 559, 74 ლარი.

ტრეფიკინგისა და თაღლითობის ჩადენაში ბრალდებულებულები

 

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით 2013 წლის 16 აპრილს, ო.  ბ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მოლარე ელენე კარტულიდს, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსასვლელად მოტყუებით გამოაწერინა 5681 ლარის ღირებულების, ტაშკენტი-ალმაატას და ალმაატა-თბილისის მიმართულების თვითმფრინავის ბილეთები, რის შემდეგაც  2013 წლის 18 აპრილს, უზრუნველყო უზბეკეთის რესპუბლიკიდან ნ.  ხ.  და მ. ს.  ჩამოყვანა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში და საცხოვრებლად მოათავსა ნაქირავებ სასტუმროში.

 

 

ამის შემდგომ ო. ბ.  მათ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტები, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, შანტაჟითა და იძულებით, მოახდინა მათი გადაბირება, პროსტიტუციაში ჩაბმა და 2013 წლის 13 ოქტომბრამდე მათ მიმართ ახორციელებდა ტრეფიკინგს.

 

ბრალდებული 2013 წლის აგვისტოში,    ტრეფიკინგის მსხვერპლთა პასპორტების გამოყენებით მოტყუებით დაეუფლა    6646 ლარის ღირებულების ორ ოქროს ყელსაბამსა და სამაჯურს.

ო. ბ.  წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 4-7 წლამდე და 11-15 წლამდე ვადით.

 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
 

ბათუმის მერიას პლაგიატისთვის შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

 

მისი განმარტებით,  პროექტის 21 პუნქტიდან 18 პუნქტი მერიამ მიისაკუთრა და ტენდერი გამოაცხადა.  ამის გამო ზაზა ფირცხალაიშილი სასამართლოში  ჩივილსაც აპირებს. მისი თქმით, მას პროექტის საავტორო უფლებები დაპატენტებული აქვს – ამის შესახებ განცხადება ლექსების გამოფენის ორგანიზატორმა  დღეს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

  ბათუმის მერიაში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ფირცხალაიშვილს მაშინ უნდა გაეპროტესტებინა, როცა ტენდერში მონაწილეობას იღებდა და არა მაშინ, როცა მან ტენდერში ვერ გაიმარჯვა.  მერიის  განათლებისა და  კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის ლამზირა ბოლქვაძის განმარტებით, ზაზა ფირცხალაიშვილს კონსტიტუციით აქვს უფლება, რომ მიმართოს სასამართლოს.

 

ბათუმის მერიის ორგანიზებით 2014 წლის 17-18 მაისს,  ბათუმში ლიტერატურული საღამოების ფარგლებში თანამედროვე პოეტებისა და პროზაიკოსების ფორუმი ჩატარდება.  

 

ზაზა ფირცხალაიშვილი

ისევ გვისმენენ – ეს შენ გეხება

 

ვფიქრობ, როცა ხელისუფლებას ხალხის არ ესმის, სწორედ მაშინ იწყებს ხელისუფლება ხალხის მოსმენას, ოღონდ ფარულად – უსუსურობის განცდის გასაჩენად. იმისთვის, რომ „დიდი ძმა გვიყურებდეს“, გვისმენდეს და გვაშინებდეს: „ისე მოგისმენ, ხმის ამოღება ვერ შეძლო“.

 

ახლაც ხშირად მესმის ჩემს ტელეფონში: „ამას ტელეფონით ვერ გეტყვი, გვისმენენ“. ხმებიც მეორდება. მსიამოვნებს, ასეთ დროს ზოგიერთი ყურმილს რომ არ კიდებს და პროტესტის ნიშნად ხმის აწევით განაგრძობს საუბარს. ასეთი შემთხვევები მარწმუნებს, რომ უსამართლობის დამკვიდრების მცდელობა საქართველოში ადრე თუ გვიან იმით დასრულდება, რომ ხელისუფლება ან წავა (ცუდად წავა), ან ხალხის მიერ დაქირავებული ხელისუფლება გაიაზრებს – თვალებში რომ უნდა ჩახედოს საკუთარ ამომრჩეველს და პირდაპირ ნათქვამს მოუსმინოს.

 

ამიტომაც ვარ დარწმუნებული, სამოქალაქო საზოგადოების კამპანია „ეს შენ გეხება – ჩვენ გვისმენენ“ წარმატებით დასრულდება. უბრალოდ ერთი რამ მიკვირს: სამართლიანობის ლოზუნგით მოსულ ხელისუფლებასთან რატომ გვჭირდება ამდენი ჭიდილი  და იმის მტკიცება, რომ ფარულად მოსმენის საშუალების აღკვეთაა საჭირო. „მოსმენილმა“ ამომრჩეველმა ხომ თქვა, რომ მოსმენა სჭირდება?! 

მტირალას ეროვნული პარკი დღეს

2014  14 აპრილის მონაცემებით  მტირალას ეროვნულ პარკს 1048 ვიზიტორი სტუმრობდა. მათ შორის 127 უცხოელი ტურისტი იყო. გასული წლის მონაცემებით კი დაცული ტერიტორია 1014 – მა პირმა დაათვალიერა, მათ შორის 91 უცხოელი ტურისტი იყო.

ვინ იქნება სიაში პირველი – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აჭარაში

 

შიდა პარტიული გადანაწილებისას ბათუმის საარჩევნო სიის პირველ ნომრად კოალიცია „ქართულ ოცნებას“ „რესპუბლიკელები“ საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის კანდიდატურას შესთავაზებენ. „თავისუფალი დემოკრატები“ კი ამ სიის პირველ ნომრად კობა ჩხეიძეს მოიაზრებენ. „კონსერვატორებს“ კი სიის სათავეში მოხვედრაზე პრეტენზია არ აქვთ.

 

 

„კონსერვატორების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით ბაციკაძის ინფორმაციით, სიის პირველ ნომრად მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ჩაიწერება და არა კოალიციაში შემავალი რომელიმე სხვა პარტიის წევრები. მისივე ინფორმაციით, „სავალდებულო არ არის სიის პირველი ნომერი გახდეს თავმჯდომარე, შეიძლება ეს მესამე ან სხვა რომელიმე ნომრად სიაში ჩაწერილი პირიც გახდეს“.

 

 

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიციის კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობს. კოალიციის აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის მურმან დუმბაძის თქმით, „ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია“. მისივე ინფორმაციით, სიაში ყოველი მეორე კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ იქნება, დარჩენილ კვოტებს კი კოალიციაში შემავალი ხუთი პარტია გაიყოფს. „ქართულ ოცნებას“ ჯერ არც ბათუმის მერობის კანდიდატი დაუსახელებია.

 

 

კანდიდატები უკვე დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ყოფილი მმართველი პარტია სიის პირველ ნომრად გიორგი კირთაძის კანდიდატურაზე შეთანხმდა. ბათუმის მერის კანდიდატად კი, მოქმედი საკრებულოს წევრი და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე დაასახელეს. ექიმი გიორგი დიასამიძე აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის ნათესავია.

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატებსაც ასახელებს. მათ შორის სამი ქალია. შეიძლება ითქვას, რომ ეს პარტია სრულიად ახალ სახეებს სთავაზობს ამომრჩეველს. `ნაციონალური მოძრაობის~ მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან –  მირდათ ქამადაძე, ლევან დიასამიძე, მარიამ ჯინჭარაძე, მარინე ჩიხლაძე, ირაკლი მოდებაძე, გოჩა კირკიტაძე, ირაკლი თავართქილაძე და ნინო ასამბაძე.

 

 

კიდევ ორი მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

 

თვითმმართველობის არჩევნები, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, 15 ივნისს უნდა გაიმართოს.

 

 

 

ბათუმის სამშობიარო სახლი უსტატუსო, ღარიბ ქალებს უფასოდ მოემსახურება

 

შეთანხმების თანახმად, სამედიცინო დაწესებულება თავისი პროფილის მიხედვით, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას ანაზღაურების გარეშე გაუწევს. გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები ერთი წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს.

 

„გარკვეული კატეგორიის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქულა, მაგრამ იმ მომენტისათვის არ სარგებლობენ კონკრეტული სახელმწიფო პროგრამით და სჭირდებათ დახმარება, ჩვენი მიმართვის საფუძველზე ბათუმის სამშობიარო სახლში მომსახურებას უფასოდ მიიღებენ.  შეიძლება ნაწილობრივ დაფინანსებაზეც შევუთანხმდეთ“, – განმარტა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა „ბათუმელებთან“.

 

ნუგზარ სურმანიძის თქმით, სამშობიაროს უფასო მომსახურებით წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის მიხედვით, დახმარებას ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც რეალურად საჭიროებენ ამას.

 

 

 

ერთად გადავარჩინოთ ქართული ენა

 

 

ქართულმა ენამ თავისი განვითარების უგრძესი და უძნელესი გზა განვლო, მან ურყევად და გმირულად გამოატარა ისტორიული ქარ-ცეცხლი და იგი გამოიჭედ-გამოიწვრთო დროის სამჭედლოში. ენა ქართული ეს არის ენა, რომლის საშუალებითაც ჩვენი დიდი წინაპრები ურთიერთობდნენ  საზღვარგარეთის ქვეყნებთან,  ქართულ ენაზე შეიქმნა მსოფლიო დონის საერო თუ საღვთო ლიტერატურა, ჩვენმა სასიქადულო წინაპრებმა მოახერხეს და ქართული ენა არა მარტო თავის სამშობლოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც გაიტანეს და სხვა ერებს გაუჩინეს სურვილი ქართული ენის შესწავლისა.

 

რა კეთდება დღეს ქართული ენის  განვითარებისათვის კი არა და გადარჩენისათვის?! თითქმის აღარაფერი, უფრო მეტიც, მისი დამდაბლებისა და დამახინჯებისათვის უამრავი ნაბიჯი იდგმება ყოველდღიურად. მოდად არის ქცეული უცხო ენებისადმი ინტერესი.

 

რა თქმა უნდა ვეთანხმები იმას, რომ ენების ცოდნა უადვილებს ადამიანებს სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობებს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ქართული სიტყვის დამახინჯების და მისი არასწორი წარმოთქმის ხარჯზე. ხშირია შემთხვევები, როცა დამსაქმებელი ითხოვს დასაქმებულისაგან უცხო ენის ცოდნას   ისეთ სამსახურში, სადაც დასაქმებულს არ დასჭირდება სხვა ენა გარდა ქართულისა.

 

ამ დროს რა ხდება მედია სივრცეში? რაში გვჭირდება უცხო ტერმინები, როცა ქართული ენა ვერ იტევს  ლექსიკონებს. მაგ: მენეჯერი (მმართველი) მარკეტი (ბაზარი) თინეიჯერი (ჭაბუკი) და ასე შემდეგ. სანამ ძალიან გვიანი არ არის უნდა ვიზრუნოთ ქართული ენის გადარჩენისა და განვითარებისათვის.

 

ჩემი სუბიექტური აზრით უნდა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

 

1. დღეს გვაქვს აწმყო, როცა ქართული საზოგადოება და უფრო მეტად ახალგაზრდობა არა თუ ვერ საუბრობს წმინდა ქართულს, ქრება ინტერესი ქართული ენის სიწმინდის დაცვისა ამ ყველაფერს კი ხელს უწყობს მედია სივრცე, საიდანაც ხშირად ისმის უცენზურო სიტყვები. უნდა შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საშუალებას არ მისცემს მასმედიას დაამკვიდროს უცხოური ტერმინოლოგიებით დამახინჯებული მეტყველება. ამისათვის ამა თუ იმ მედიის ხელმძღვანელობას დაეკისროს საჯარიმო სანქციები.

 

2.  უცხოური ტერმინოლოგიის ნაცვლად უნდა აღსგდეს მივიწყებული ქართული სიტყვები და გამოყენებული იქნას სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ოფიციალურ სამსახურებში.

 

3.  ვეთანხმები აჭარის მამულიშვილთა საგვარეულოს კავშირის თავმჯდომარეს ბატ: ნიაზ ბოლქვაძის წინადადებას,რომ ქართული ენის დღე გამოცხადდეს ერთ-ერთ ეკლესიურ დღესასწაულად.

 

წინა ხელისუფლების დროს ორჯერ მივწერე წერილი მიხეილ სააკაშვილს ამ პრობლემის თაობაზე მაგრამ არსად ხმა, არსად ძახილი. ვიმედოვნებდით, რომ ეს ხელისუფლება უფრო ეროვნულად იქნებოდა გამსჭვალული ამ პრობლემის მიმართ მაგრამ ამჯერადაც გაგვიცრუვდა იმედი. „რა ენა წახდეს ერი დაეცეს“  (გრ.ორბელიანი) და სანამ არ დავცემულვართ, სანამ არ დაგვიკარგია ჩვენი ღვთაებრივი საუნჯეთაგანი, გთხოვთ დროზე მოვეგოთ გონს.

          

სპეცოპერაციის დროს მოკლულის ოჯახი დათა ახალაიას დასჯას მოითხოვს

 
Закрыть [X]
 
Осталосьсек.
 

 

ამ მოთხოვნით დღეს ბრიფინგი  ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გორგაძის ცოლმა, მადონა მურმანიძემ გამართა.


ბრიფინგზე ასევე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, რომ ადვოკატირება გაუწიონ  ოჯახს.


2006 წლის 12 იანვარს, სამი ახალგაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) თანამშრომლებმა თბილისში სპეცოპერაციის დროს მოკლეს. თითოეულ მათგანს რვა და მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.


პოლიციელების მიერ დამნაშავეთა შეპყრობისთვის აუცილებელი ზომების გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე ძიება თბილისის პროკურატურამ დაიწყო. 

2007 წლის 25 ივნისს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ჯ. მაჭარაშვილმა ძიება შეწყვიტა.

 გამოძიება 2013 წლის ოქტომბრიდან განახლდა, რამდენიმე თვეში კი საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები,  ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დააკავა.

 

 

 

Закрыть [X]
 
Осталосьсек.
 

Закрыть [X]
 
Осталосьсек.
 

Закрыть [X]
 
Осталосьсек.

ვის მისცემენ ხმას ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებნი



ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ბერიძემ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე ახალ რეგისტრაციისთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ინფორმაციის ნაკლებობის შესახებ ისაუბრა.


„მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დღის წესრიგში ერთ-ერთ პრობლემურ თემად დგას ის, თუ ვის უნდა მივცეთ ხმა შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა იმ ადამიანებმა, რომლებსაც ხელვაჩაურის პირადობის მოწმობები გვაქვს. მოსახლეობა გაურკვევლობაშია და გვინდა ეს ხარვეზი არჩევნებამდე გამოსწორდეს” – ამბობს დავით ბერიძე. 

 


გარდა ამისა ბრიფინგზე მეორე პრობლემაც, მოსახლეობის ნაკლებინფორმირებულობის საკითხიც განიხილეს. დავით ბერიძის თქმით,ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უნდა გააკეთონ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და დამატებით გამგეობიდან ამონაწერი იმის შესახებ, რომ ისინი შემოერთებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათ უნდა გაიგონ ახალი მისამართი და ნომერი და ამის შემდეგ იუსტიციის სახლში აიღონ ახალი პირადობის მოწმობები. 


“როცა ამ დამიანენებს აქვთ სხვა სახის, თუნდაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამის შესახებ განცხადებით მიმართავენ ხელვაჩაურის გამგეობას, მხოლოდ მაშინ ირკვევა, რომ ისინი თურმე ქალაქის მაცხოვრებლები არიან” – განაცხადა დავით ბერიძემ.  


არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა” ერთი წელია რაც დაფუძნდა და მისი ძირითადი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგი და განვითარებაა.

 

ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ

 

ფარული თვალთვალი და მიყურადება მნიშვნელოვანი საგამოძიებო ბერკეტია. მას ყოველთვის იყენებდნენ. რაც უფრო მზარდია მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, მით უფრო დახვეწილი ხდება მოსმენისა და თვალთვალის მექანიზმები. ამ პროგრესის პირდაპირპროპორციულად ფიქრობენ საზოგადოებები და მათი რჩეული კანონმდებლები დემოკრატიულ სახელმწიფოებში, რომ ისე შეზღუდონ სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნები, რომ არც გამოძიებას ევნოს და არც ადამიანის უფლებები დაირღვეს. თუკი კონტროლის მექანიზმები მოშლილია, მაშინ გამომძიებელი არად დაგიდევს მოსამართლის მიერ გაცემულ ნებართვას და იმაზე მეტ ინფორმაციას მოიპოვებს უკვე არსებული ტექნიკური საშუალებებით, ვიდრე თავადაც კი ვერ  წარმოედგინა და არ მოეთხოვა მოსამართლისგან. ეს ცდუნებაა, რომელსაც ადამიანები ვერ უძლებენ. კანონები ხომ სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ადამიანური სისუსტეები მოთოკოს.

 

ასე უსისტემოდ გროვდება ერთ დიდ ყულაბაში ჩვენი სატელეფონო საუბრები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ელექტრონული ფოსტიდან გაგზავნილი და იქ მიღებული წერილები, ჩვენი ჩანაწერები სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. დღეს არსებული პრაქტიკით არავინ იცის, ვინ აგროვებს ამ ინფორმაციას, ვის აქვს მასზე ხელმისაწვდომობა, ვინ ახარისხებს მას და იღებს გადაწყვეტილებას, რა დააარქივოს და რა წაშალოს, საერთოდ შლის თუ არა ვინმე რამეს ამ უსაზღვრო საარქივო ოკეანიდან. ყველა ხელს იბანს – მოსამართლეც, მობილური კავშირის კომპანიაც, ინტერნეტპროვაიდერიც. გამომძიებელი კი მარტო რჩება საკუთარ ცდუნებასთან ერთად და არაფერი აკონტროლებს მის პასუხისმგებლობას.

 

ცდუნება აქვს სახელმწიფოსაც – რაც უფრო ნაკლებად დემოკრატიულია საზოგადოებრივი ურთიერთობები, მით მეტად აინტერესებს მთავრობას, რას ფიქრობენ მისი მოქალაქეები, რას ამბობენ, რას აკეთებენ, სად დადიან, ვის ხვდებიან, რას ჭამენ და ვისთან წვებიან. მას ყველაფერი აინტერესებს, რადგან ამოუკითხავს სადღაც წიგნებში, რომ ინფორმაცია მართვის საუკეთესო საშუალებაა.

 

ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ფარული უკანონო ჩანაწერები მხოლოდ სექსუალური ხასიათისაა და მას მთავრობა კარგად იყენებს ცალკეული მოქალაქეების დასაშანტაჟებლად. ფარული უკანონო მოსმენებით იგებენ ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების შიდა საქმიანობის შესახებ; ბიზნესმენთა საქმიანი შეხვედრების დეტალებს; დიპლომატიურ საუბრებს; პირადი ცხოვრების დაგეგმვის საკითხებს და სხვა პრივატულ ამბებს. ამ ტიპის ინფორმაციის მოპოვებით, დაგროვებითა და მით უმეტეს მისი გამოყენებით მთავრობა  ქმნის არათანასწორ და უკონკურენტო საზოგადოებრივ სივრცეს. თანასწორობა და კონკურენცია მთავარი ევროპული ღირებულებებია და მისი დეფიციტი გვაშორებს სწორედ ჩვენ ევროპულ სივრცეს.

 

მე მინდა, რომ გამოძიებამ მხოლოდ ის ინფორმაცია მოიპოვოს ფარული მეთოდებით, რომელიც აუცილებლად სჭირდება გამოძიების პროცესს და ეს სერიოზული სასამართლო, საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლით განახორციელოს;

 

მე მინდა, რომ მოქალაქეები თავისუფლად საუბრობდნენ და წერდნენ იმას, რასაც ფიქრობენ და რასაც აკეთებენ ისე, რომ არ დასჭირდეთ იგავარაკული აზროვნება;

 

მე მინდა, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც არ ჩადის დანაშაულს, არ იყოს ფარული თვალთვალის ქვეშ. ეს მის თავისუფლებას ზღუდავს, თუნდაც მან ამის შესახებ არც იცოდეს;

 

მე მინდა, რომ ჩვენი საზოგადოება გახდეს თანამედროვე ევროპული ღირებულებების თანაზიარი და იყოს ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

 

სწორედ ამიტომ მოვამზადე ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან – ლაშა ტუღუშთან და ლიკა საჯაიასთან ერთად კანონპროექტთა პაკეტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.

 

სწორედ ამიტომ ჩავერთე კამპანიაში `ეს შენ გეხება~, რადგან ეს მე მართლაც მეხება, ისევე როგორც ნებისმიერ თქვენგანს ეხება.

 

ერთად გავხადოთ ჩვენი საზოგადოება უფრო საინტერესო და მიმზიდველი.

გიორგი პაპუაშვილმა მაუწყებლის ბორდის წევრების სარჩელის შესახებ განმარტება გააკეთა

 

“მცდარია ინფორმაცია, თითქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბორდის წევრების უფლებამოსილების აღდგენა მოხდა. უფლებამოსილების აღდგენა ვერ მოხდებოდა, რადგან მათ უფლებამოსილება შეწყვეტილი არ ჰქონდათ.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ბორდის მოქმედი წევრებისთვის უფლებამოსილების სამომავლო შეწყვეტა არამართლზომიერი ჩარევა იქნება. მნიშვნელოვანია, დასაბუთების ნაწილში ხაზი გაესვას იმას, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” არის საჯარო ფუნქციის ორგანო, რომელსაც ქმნის, აფინანსებს და წესებს უწესებს სახელმწიფო, მაგრამ არის დამოუკიდებელი, როგორც სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.

 

ამიტომ მნიშვენლოვანია “საზოგადოებრეივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრების დამოუკიდებლობის გარანტია. ამ გარანტიად სასამართლომ აღიარა მათი უფლებამოსილების ვადაში არამართლმზომიერი ჩარევის დაუშვებლობა. ბორდის დაკომპლექტების წესში ცვლილების შეტანა არ უნდა გახდეს არც მოქმედი და არც მომავალი წევრების ვადაზე ადრე გათავისუფლების საფუძველი.”

 

საკონსტიტუციო სასამართლომ ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის, მამუკა ფაჩუაშვილის, ზურაბ დავითაშვილის, დავით კანდელაკის, ნატალია დვალის საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უკრაინაშია

 

  შეხვედრები კიევში გაიმართება, კონსტიტუციის ახალი პროექტის დახვეწასთან დაკავშირებით.

უკრაინის საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო შეხვედრის გარდა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები უკრაინის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

ვიზიტი უკრაინაში 14 – 17 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ყველაზე პოპულარული და იშვიათი სახელები

 

 

კვლევამ აჩვენა, რომ მიმდინაწე წელს ახალშობილი გოგონების ყველაზე პოპულარული სახელი მარიამი, ხოლო ბიჭების – ნიკოლოზია.

 

2014 წელს   მშობლებმა ახალშობილ გოგონებს შემდეგი სახელები შეუჩიეს: მარიამი–676, ბარბარე–505, ნინო–480, ელენე–474, ანასტასია–453, ანა–317, ლიზა–252, ნია–197, ნატალია–133, სალომე–114, თამარი–114, თეკლა–110, ნუცა–97, ანამარია–91, სესილი–72, ლილე–69, ქეთევანი–69, ქეთი–47, სოფიო–45, ეკატერინე–42 და სხვა.

 

 

2014 წლის სტატისტიკის მიხედვით ბიჭების პოპულარული სახელებია:  ნიკოლოზი–535, გიორგი–514, ანდრია–435, დავითი–351, გაბრიელი–348, ალექსანდრე–252, დემეტრე–196 სანდრო–195, დაჩი–96, ლაზარე–85, ილია–84, იოანე- 73, ირაკლი–67, ნიკა–59, ცოტნე–58, თორნიკე–57, ლევანი–50, ნოდარი–38. თემური–36, ზურაბი–34 და სხვა.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში 2014 წელს აღრიცხული იშვიათი სახელებია: ასლი, გიგანტი, ისრაილ, სიმზარ, ფაშა, შეიხ, მამული,  მინა,  რიზა და სხვა. 

 

რაც შეეხება ყველა ასაკში, სხვადასხვა დროს პოპულარულ სახელებს, მონაცემთა ერთიანი ბაზის თანახმად, საქართველოში მამაკაცის ყველაზე გავრცელებული სახელი გიორგია, მას მოსდევს: დავითი, ნიკოლოზი, ალექსანდრე, ირაკლი, ზურაბი, ლუკა, ლევან, ლაშა, გოჩა და სხვა.

 

გოგონებს ყველაზე ხშირად არქმევენ ნინოს; ასევე გავრცელებული სახელებია: მარიამი, თამარი, მაია, ანა, ნანა, ნათია, მანანა, ქეთევან, ნათელა და სხვა.

 

  ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში სხვადასხვა წლებში   აღრიცხული იშვიათი სახელებია: ასკილი, დუელი,  კევა,  მღელვარე, პრინცესა, ტანაჯულ, ტანგილიტა,  ფაფა,  ჩიტი,  ჯაჯო,  ჯახირი, ელეფტერია და სხვა.

Exit mobile version