კვირის ამბები

ბათუმის მწვანე განზომილება

17.04.2014 • 1494
ბათუმის მწვანე განზომილება

 

დისკუსიას რამდენიმე მომხსენებელი ჰყავდა:   ნინო გაბუნია,  არასამთავრობო ორგანიზაცია “პროგრესის” დირექტორი,    გიორგი რამიშვილი, ქალაქ ბათუმის მთავარი არქიტექტორი და  ნატა ფერაძე –  “პარტიზანული მებაღეობა თბილისში”-ის წევრი.   დისკუსიას მოდერაციას რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი      ნატა იმედაიშვილი უწევდა.

 

როგორ იცავს სახელმწიფო ქალაქის მწვანე საფარს კომერციული ან კერძო ინტერესისგან, დისკუსიის დროს  გამოჩნდა, რომ ბათუმში რიგი  რეკრეაციული ზონების შესანარჩუნებლად  მოქალაქეებს „ბრძოლა“ ისევ მოუწევთ.  ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა გიორგი რამიშვილმა ბარბარეს სკვერში გასხვისებულ ტერიტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს ინვესტორის მოთხოვნა _ კუთვნილი ტერიტორია შემოეღობა _ არ დააკმაყოფილეს. არქიტექტორის თქმით საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას,  თუმცა  აუცილებლად  დადგება.  ქალაქის მთავარი არქიტექტორი დისკუსიაზე ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ საზოგადოება უნდა გააქტიურდეს.

 

„არის ადგილები ქალაქში, სადაც მეტი კონსოლიდაცია სჭირდება  საზოგადოებას. რეალურად სადაც შეიძლება გამწვანების სივრცის შექმნა, ეს არის  გონიოს პოლიგონი და ჭოროხის დელტა აქტიური დასვენებისთვის. არა ბულვარის ხასიათის, არამედ ტყე-პარკის გაშენება. აქ იქნება სერიოზული კონსოლიდაცია საჭირო. ამაზეც არის სერიოზული დისკუსია, ბოლო ათი წლის განმავლობაში არაერთი  წინადადება გაკეთდა, მათ შორის კარგი პროექტებიც იყო,“ – აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.

 

დისკუსიაზე ქალაქში არსებულ მწვანე პოლიტიკაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გამწვანების სამსახურს მეტი მუშაობა მართებს, რათა უფრო მეტი რეკრეაციული ადგილი გაჩნდეს ბათუმში.

 

„ჰაინრიხ ბიოლის ფონდი პერიოდულად ასეთ შეხვედრებზე მპატიჟებს. ერთი კვირის წინ ვიყავი ქუთაისში, დღეს ჩამოვედი ბათუმში.  დასწრება მრავალრიცხოვანია, თუმცა არც უნდა გქონდეს დიდი იმედი, რომ უცებ ტაქსიმი მოეწყობა.

 

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, მე ფეისბუქით ვერ მოვიძიე ინფორმაცია რა პრობლემები გაქვთ და დღეს გავიგე, რომ არც ისე გადასარევად გაქვთ საქმე.  მოვდივარ,  ამდენი მწვანე ევკალიპტი მხვდება და მგონია, რომ თქვენ შესაძლოა ზედმეტი ჟანგბადისგან დაიხრჩოთ, თურმე ეგრე არ ყოფილა საქმე. თქვენთანაც საკმაოდ პრობლემებია.  პარტიზანული მებაღეობა რაც  თბილისში გავაკეთე, ბევრს ჰგონია მარტო ვაკის პარკისთვის, მაგრამ ეს არ არის ასე და არც მარტო თბილისისთვის არ არის. მინდა, რომ ნელ-ნელა ეს გავავრცელო და ყველა ჩაერთოს.  ახლა უკვე ვიცი რა შეიძლება გავაკეთოთ ბათუმისთვის. ორი პარტიზანული მებაღეობაა ბათუმში, მაგრამ არც ერთის რეალური გაკეთებული არ დამინახავს. ერთი უფრო მონდომებულია და მეკითხება  რა უნდა ვქნა. ახლა უკვე ვიცი, რა უნდა ვურჩიო. 

 

პირველ რიგში, ის, რაც გინდათ, რომ ფეისბუქში დაწეროთ, რაღაცნაირად ხმამამღლა უნდა თქვათ.  პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოთ თავის თავზე. რაც გაწუხებთ, ის ხმამაღლა უნდა თქვათ და მაგალითის მიმცემი აღმოჩნდეთ სხვებისთვის. მართალია, თქვენი გამწვანების სამსახური ამბობს, თუ დარგავთ ხეებს ამოვთხრიო, მაგრამ დარგეთ ყვავილი, დარგეთ გვიმრა და ამით პოზიტიური მაგალითი აჩვენეთ სხვებს,“  – თქვა “პარტიზანული მებაღეობა თბილისში”-ის წევრმა ნატა ფერაძემ დისკუსიის ბოლოს.

 

“ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება” –   თემაზე  საჯარო დისკუსია  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ მოაწყო.  

გადაბეჭდვის წესი