აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ატარებს ჯიფონის კინოფესტივალში მონაწილე ბავშვების შესარჩევ კონკურსს, რომელიც ორ ეტაპად გაიმართება. კონკურსის ფარგლებში ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულმა 21-მა საჯარო და კერძო სკოლამ სულ 40 ბავშვის განაცხადი წარმოადგინა. მეორე ტურში 35 ბავშვი გადავიდა. კონკურსის საფუძველზე შეირჩევა სამი მონაწილე ბათუმიდან, რომელთაგან საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში გამართულ დასკვნით ეტაპზე ერთი გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდება.
ბათუმელი კონკურსანტის იტალიაში გამგზავრებისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.
საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალ ჯიფონში 3000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობს. ისინი სხვადასხვა ნომინაციებში უყურებენ ფილმებს, მსჯელობენ, განიხილავენ და გამოავლენენ გამარჯვებულებს.
2014 წელს ჯიფონის 44-ე კინოფესტივალზე საქართველოდან სულ 7 ბავშვი გაემგზავრება, რომლებსაც მასპინძლობას ადგილობრივი თანატოლების ოჯახები გაუწევენ.
ჯიფონის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი ერთ-ერთი უდიდესი საბავშვო კინოფესტივალია ევროპაში, რომელიც იტალიის პატარა ქალაქ ჯიფონში იმართება 1971 წლიდან.