კვირის ამბები

ადამიანის უფლებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი

18.04.2014
ადამიანის უფლებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი

ირაკლი აბაშიძე, ნომერ მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე: ყველაზე მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება. ადამიანს უნდა შეეძლოს ყოველგვარი გართულების გარეშე წარმოთქვას საკუთარი აზრი. შენი სიტყვით ბევრი რამე შეგიძლია შეცვალო, სიტყვას დიდი ძალა აქვს. საქართველოში ამ მხრივ ცუდი მდგომარეობაა, დიდი მნიშვნელობა არ ექცევა ადამიანის ნათქვამს, მითუმეტეს სკოლის მოსწავლის შეხედულებას, უფროს-უმცროსობა აღმატებით ხარისხში განიხილება, ჩვენს სიტყვას ყურადღებას არ აქცევენ.

ანა დუმბაძე, “ევრო 2000”-ის მეცხრე კლასის მოსწავლე: ვფიქრობ, უმთავრესია ადამიანის თავისუფლების დაცვა, არავის აქვს უფლება შეზღუდოს ადამიანი რომელიმე კუთხით. ადამიანის თავისუფლებაში იგულისხმება ყველა სხვა უფლება, განათლების მიღების, სიცოცხლის, სიტყვის თავისუფლების, შრომის უფლება და ა.შ. დღეს ვფიქრობ ადამიანის თავისუფლება იზღუდება, მინდა ვიცხოვრო ისეთ საქართველოში, სადაც არავინ შეზღუდავს ადამიანის თავისუფლებას.

თეკლა ბაღათურია, ნომერ მეორე  საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე: როცა რამეს ამბობ, ამას ყოველთვის მოსდევს გარკვეული რეაქცია. სიტყვის თავისუფლება ყველაზე მთავარია. ჩვენთან პატივს არ სცემენ ადამიანის მოსაზრებას, განსაკუთრებით პატარებისას, ჩვენ თითქოს არ გვაქვს აზრის გამოხატვის უფლება, თუნდაც მასწავლებელთან შეპასუხების უფლება. იგივე დასაქმებულთა უფლებები ირღვევა ამის შედეგად, რადგან თუ დასაქმებული თავის შეხედულებას საჯაროდ იტყვის, მას სამსახურის დატოვება უწევს. ყველას აქვს უფლება თქვას ის, რაც უნდა, დანარჩენებს კი აქვთ უფლება იცოდნენ უფრო მეტი.

ნინო კოპალეიშვილი,ნომერ მერვე  საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე: ადამიანს უნდა ჰქონდეთ აზრის გამოხატვის უფლება, ადამიანმა უნდა წარმოაჩინოს თავისი მოსაზრება. სკოლის მოსწავლე ვარ, ყოველდღე ვხედავ, რომ ჩვენი, მოსწავლეების სიტყვის თავისუფლება ირღვევა. მასწავლებლებთან აზრის გამოხატვის უფლება არ გაქვს, რასაც მასწავლებელი გეუბნება, ის უნდა გააკეთო, ეს მშობლებსაც ეხება, არც ისინი გვაძლევენ სიტყვის თავისუფლებას. მინდა, რომ მოსწავლეებს გვქონდეს ჩვენი აზრის გამოხატვის უფლება.

გიგა დუმბაძენომერ მეორე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე: ყველაზე მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლება. სიცოცხლის უფლება ყველა ადამიანს აქვს, მისი ხელყოფა არის დანაშაული. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში გაუქმებულია სიკვდილით დასჯა. ისეთ ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი, სადაც სიკვდილით დასჯა კანონიერია, მე აუცილებლად ვიბრძოლებდი მის გასაუქმებლად. მინდა, არც ერთ ქვეყანაში არ იყოს დაკანონებული ეს.

გუგა ზოიძე, ფრანგული სკოლის მეათე კლასის მოსწავლე: ინდივიდისთვის აუცილებელია ჰქონდეს სიტყვის თავისუფლება. საქართველოში ნაკლებად აქცევენ ამას ყურადღებას, შედარებით ძველმოდური შეხედულებაა, განსხვავებულის მიმართ შიში და უპატივცემულობა. იგივე ჰომოსექსუალების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ვფიქრობ დიდი დროა საჭირო, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას საქართველოში, თუმცა თავისით არ მოგვარდება, უნდა ვიზრუნოთ მასშტაბური აქციებით ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის. მასშტაბები შემცირდება, ალბათ ბოლომდე აღმოიფხვრება. ყველაზე მეტად მაწუხებს ჰომოფობიური დამოკიდებულება.

ანა ქაჯაია, “ევრო 2000”-ის მეცხრე კლასის მოსწავლე: ყველაზე მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლება, არავის აქვს უფლება, შეგიზღუდოს სიცოცხლე. ვფიქრობ, საქართველოში ძირითადად დაცულია ეს უფლება. სიკვდილით დასჯა არ უნდა არსებობდეს, თავის მოკვლის ან სხვის მოკვლაზე დიდი ცოდვა არ არსებობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: