კვირის ამბები

„შინაგანად უნდა იყო მომართული, მერე ტკივილს ვეღარ იგრძნობ”

18.04.2014 • 2440
„შინაგანად უნდა იყო მომართული, მერე ტკივილს ვეღარ იგრძნობ”

 

 

კრივში გოგო-ბიჭი არ არსებობს, იქ არიან მებრძოლები, მიდიაც მებრძოლია, დანებება არ უყვარს, როგორც ამბობს, ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძვის: „ბრძოლის დროს ბევრი ფიქრი არ ვარგა, ყველაფერი დამოკიდებულია ტაქტიკაზე, სისწრაფესა და ძალაზე. კრივი ინტელექტუალური სპორტია, არც ბრძოლის დროს მტრობ მოწინააღმდეგეს, უბრალოდ გამარჯვება გინდა. სისხლიანი სპორტი არ არის, არც ტრავმებს იწვევს, ეს უბრალოდ მითია, სინამდვილეში უამრავი აკრძალვაა, ყველაზე მეტად ხარ დაცული ტრავმებისგან, მოძრაობა და სისწრაფე გაყენებს უპირატეს მდგომარეობაში, მომზადებული ხარ, რბილი სპორტია, კარატეში არც შლემია, არც ხელთათმანი, დარტყმა კი ყველგანაა, აქ მუშაობა მიდის თავზე და მუცლის არეში. შინაგანად უნდა იყო მომართული, მერე ტკივილს ვეღარ იგრძნობ”, – ამბობს მიდია რიგი.

 

მიდია ფიქრობს, რომ არა კრივი, ვერც სწავლას შეძლებდა კარგად და ვერც სხვა რამეს, რადგან სპორტის ამ სახეობას თავის მოწოდებად აღიქვამს: „სპორტი ჩემი სტიმულატორია, თუ არ ვვარჯიშობ, თავს ცუდად ვგრძნობ. სპორტი ჩემთვის სერიოზული ჰობია. ბიჭებთან ერთად ვიზრდებოდი, სულ მინდოდა სპორტის რომელიმე სახეობით დავკავებულიყავი, ჩემმა მშობლებმა იუარეს, გოგო ხარ, რა სპორტიო და ცეკვაში შემიყვანეს. თერთმეტი წელი დავდიოდი ცეკვაში, ცეკვა ნამდვილად ვისწავლე, მაგრამ სპორტი იმდენად მომწონდა, რომ გული ამიცრუვდა ყველაფერ სხვაზე, სრულწლოვანი გავხდი თუ არა, თავი დავანებე ცეკვას და სპორტში შევედი.”

 

 

როგორც ამბობს, სპორტი თავიდან სასურველი ფიგურის დასაყენებლად აირჩია, შემდეგ უკვე შეუყვარდა, მერე მიზანიც გაუჩნდა: „ჩემი საყვარელი მებრძოლია მუჰამედ ალი, ძალიან მინდა მას დავემსგავსო, ბევრი შრომაა ამისათვის საჭირო, მეც ვშრომობ. ცეკვიდან გამოვედი თუ არა, ბათუმში ორთაბრძოლების სკოლაში მივედი, კიკბოქსიგზე დავდიოდი, მერე სარემონტო სამუშაოები დაიწყო, დარბაზი აღარ იყო და გადავედი კარატეზე. პერსონალურად ჩემთვის ვვარჯიშობდი, რომ ძალა მქონოდა, ფიგურა, თანდათან ამბიციები გამიჩნდა. ჩემპიონატზე მინდა გასვლა და წარმატების მოპოვება. გოჩა აბაშიძეა ჩემი მწვრთნელი, რომელიც მამზადებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის კრივში. ჩემმა მშობლებმა ეს გადაწყვეტილება სიხარულით არ მიიღეს, დედისერთა ვარ, კრივს აღიქვამენ როგორც სისხლიან სპორტს, თუმცა მხარს მაინც მიჭერენ, ცოტას შფოთავენ, ურჩევნიათ ნაზი გოგო ვიყო, ხშირად მახსენებენ, რომ მომავალი დედა ვარ”,  ამბობს მიდია.

 

მიდია ორი წელია ემზადება ბრძოლის სამი წუთისთვის, ამ დრომდე მხოლოდ მეგობრულ შეხვედრებზე ასპარეზობდა, ერთ კვირაში იწყება საქართველოს ჩემპიონატი: „მინდა მოგება, ბევრს ვვარჯიშობ, მწვრთნელიც მეხმარება. გადატვირთვა არ შეიძლება, დროულად უნდა დაიძინო, თავის დროზე ადგე და ჭამო. ეს ჩემთვის შვებაა, დილით ცხიმიან საჭმელს ვჭამ, მერე დღის განმავლობაში – უცხიმოს.

 

უნივერსიტეტში ვსწავლობ, თავისუფლად ვახერხებ ამ ორი საქმის შეთავსებას. ჩემი დღეები ერთმანეთს არ ჰგავს, მერე რა, რომ ყოველდღე ვვარჯიშობ, დღის განმავლობაში ვაკეთებ რაიმე განსხვავებულს, დავდივარ კონცერტზე, კინოში, თეატრში, ვხეტიალობ ან მეგობრებთან ერთად ვერთობი.”

 

ბათუმიდან წასვლას არ გეგმავს: „ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, გამიჭირდება წასვლა, სასწავლებლადაც არ წავლა ალბათ, მშობლებს უნდოდათ წავსულიყავი, საზღვარგარეთ მესწავლა, თბილისზეც კი უარი ვთქვი, როცა რაღაც ძალიან გინდა, ის ყველგან გამოგივა”, – ამბობს მიდია.

 

 „მთლიან უარყოფით ენერგიას ტოვებ დარბაზში, ამიტომაც ხარ უფრო მეტად მშვიდი, გაწონასწორებული. მაგალითად, ჩემი გაბრაზება ძალიან რთულია. ადრე ვხატავდი, რაც სპორტში ვარ, ვეღარ ვხატავ, ჩემი მუზა სპორტშია. ხატვა მომენატრა, მინდა ფუნჯითაც გადმოვცე ემოცია, მაგრამ ვერ ვახერხებ.


მსოფლიო ჩემპიონი როცა გახდება, ბათუმში ცხოველთა თავშესაფრის გახსნას აპირებს.

 

მომავალი პროფესია სამართალს დაუკავშირა, არჩევანი მამამ განაპირობა, მამა ადვოკატი ჰყავს, დედა – ექიმი, ბოლო წუთებამდე ამ ორ პროფესიას შორის აკეთებდა არჩევანს: „ექიმობაც მომწონს, მაგრამ იურიდიულმა გადაწონა, გამომძიებელი მინდა ვიყო. მამა ჩემი კუმირია, საერთოდ ამბობენ, რომ მამას ვგავარ, გარეგნულადაც და ხასიათითაც. არჩევანი არ მომიწონა, მითხრა უსამართლობას ვერ დაძლევ და მუდმივად სანერვიულო გექნებაო, თუმცა მოწონს მის გზას რომ გავყევი”, – გვიამბობს მიდია. ის ფიქრობს, რომ სანამ შესაძლებლობა ექნება, მთავარ ადგილს მის ცხოვრებაში კრივი დაიკავებს.

 

თავისუფლების გამოვლინებად მიდია საკუთარ იმიჯს მიიჩნევს: „ჩემი იმიჯი ყველას აკვირვებს, მაგრამ რადგან გვარი ირანული მაქვს, მთლად ტრაგიკულად არ აღიქვამენ. მე ბათუმელი ვარ, აქ გავიზარდე, დედა ქართველი მყავს, მამა – ირანელი, ირანში არასოდეს ვყოფილვარ, ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი რუსეთში გაიცნეს, მერე აქ ჩამოვიდნენ საცხოვრებლად. ირანული ვიცი, მაგრამ რადგან კომუნიკაციისათვის არ ვიყენებ, მავიწყდება. ირანში მცხოვრებ ნათესავებს ვეკონტაქტები, ბათუმშიც ჩამოდიან ხოლმე, მე ვერ მივდივარ”.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: