კვირის ამბები

ავტოსტოპით თურქეთის ქალაქებში

17.04.2014 • 1885
ავტოსტოპით თურქეთის ქალაქებში

 

 

თავიდან ადაპტაცია გამიჭირდა – არსად დავდიოდი, შეშინებული ვიყავი, მეშინოდა დაკარგვისა და თავდასხმისაც. შიშის საფუძველი ნამდვილად არ მქონია.

 

 

ჩემთან ერთად სასწავლებლად ჩემი თანაკურსელი დალილა დევაძეც წამოვიდა, მე და დალილა ერთნაირ საგნებს ვირჩევდით, რომ ერთად ვყოფილიყავით. პირველი დისკომფორტი ის იყო, რომ ბიჭები და გოგოები ერთმანეთისგან დაშორებულ საერთო საცხოვრებელში მოგვათავსეს, საცხოვრებელი უნივერსიტეტიდანაც საკმაოდ შორს იყო, მგზავრობაში თანხაც მეხარჯებოდა, სტიპენდია კი სრულად არ გვეძლეოდა. ისედაც 560 ლირა გვქონდა სტიპენდია, მისი 70 პროცენტი კი საკმარისი არ იყო, მშობლები მიგზავნიდნენ ფულს.

 

 

უნივერსიტეტში სწავლების ხარისხი მომეწონა, თუმცა რამაც გამაკვირვა, ეს იყო საოცარი ნდობა პროფესორების მიმართ. თუ იქ პირს გააჩნია აკადემიური ხარისხი, არავის შეაქვს ეჭვი მის გადაწყვეტილებაში, ძალიან გამიჭირდა გამოცდაში მიღებული ქულის გაპროტესტება, ჯერ დამღლელი ბიუროკრატია, მერე კიდევ უშედეგოც. 

 

 

ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის მოგზაურობა, დაახლოებით ათი ქალაქის ნახვა შევძელი, თან სრულიად უფასოდ, ავტოსტოპის მეშვეობით. როცა მეგობრებმა შემომთავაზეს ავტოსტოპით მგზავრობა, ვიუარე, ისეთი ფილმები მაქვს ნანახი, ვიფიქრე, რამე უბედურებას გადავეყრები-მეთქი. როცა დაბრუნდნენ მოგზაურობიდან და შთაბეჭდილებები გამიზიარეს, ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გადავწყვიტე მეც შევერთებოდი მათ ჯგუფს.

 

 

ოთხნი წავედით, დილაადრიან დავდექით გზატკეცილზე, ამასიაში ვგეგმავდით წასვლას. ნახევარი საათიც არ იყო გასული, ტრაილერმა გაგვიჩერა, მძღოლი ამასიაში მიდიოდა, გადაჯდომა აღარ გვიწევდა. ამასიაში ორ რამეში გადავიხადე თანხა, მუზეუმის ბილეთში, სამი თუ ხუთი ლირა და საჭმელში – ვინ რამდენსაც ჭამს, იმდენი ეხარჯება. ყველა ქალაქში ჩასვლამდე ინტერნეტით ვარჩევდით იმ ადგილებს, რომელიც უნდა გვენახა.

 

 

ამასია ყველაზე საინტერესო ქალაქია, ვამბობ ხოლმე, პირველად კი არ უნდა გვენახა ამასია, არამედ ბოლოს. ტურისტული თვალსაზრისით განვითარებული ქალაქია, თუ სხვა ქალაქებში ვერ ნახავ წარწერებს ინგლისურად, აქ ყველაფერი ორ ენაზე წერია. ამასიაში სტრაბონი ცხოვრობდა, ძეგლიც დგას ქალაქში, მუზეუმიც აქვთ. კლდეში ნაკვეთი ქალაქიცაა, თითქოს ვარძიას ჰგავს. ქალაქის ზემოთ ციხეა, სადაც კაფე მუშაობს, ამასიაში ყველაზე მაღალ ადგილას შეგიძლია ჩაი მიირთვა და თან ქალაქის ხედით დატკბე. საერთოდ, ჩაი ძალიან შემიყვარდა, თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ ყოველ დღე ვსვამ. ამასიაში მოვწიე პირველად ჩილიმი ბალის არომატით. სახალისო იყო, კაფეში ვისხედით სამნი და რიგრიგობით ვეწეოდით ერთ ჩილიმს. ამასიის სიმბოლო ვაშლია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვაშლი მოდის – ყველაფერზე ვაშლის სიმბოლო აქვთ გამოსახული, სუვენირებიც ბევრი იყიდება ქალაქში.

 

 

ტრაილერის მძღოლები საოცრად კარგები არიან. ტრაილერის მძღოლს თუ აქვს ადგილი, აუცილებლად გაგიჩერებს, შორი გზა აქვს გასავლელი, მარტო მოსაწყენია. ყველაზე მეტად სახალისო ის იყო, რომ თურქული არც ერთმა არ ვიცოდით. დღეს უკვე ვფიქრობ, რომ ავტოსტოპით მოგზაურობა ბევრად სახალისო და საინტერესოა, ბევრი თავგადასავალი გაქვს, ფული კი საერთოდ არ გეხარჯება. ერთმა მძღოლმა მანქანის მართვის დროს ჩაი მოგვიმზადა, ცალი ხელით მანქანას ატარებდა, ცალით – ჩაის ამზადებდა, გაოგნებულები ვუყურებდით. თუ ვინმეს ავტოსტოპით მოგზაურობა უნდა, ჯგუფურად სიარულს ვურჩევ.

 

 

ამასიიდან დაბრუნების შემდეგ ყოველ კვირას სადღაც დავდიოდით ავტოსტოპით. იმ ღამესვე დავგეგმეთ შემდეგი მოგზაურობა. საქართველოში ავტოსტოპით მგონი ვერ ივლი, იქ კი ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გაგიჩეროს. ერთხელ ექიმებმა გაგვიჩერეს, იმ ქალაქში, რომელშიც ჩვენ მივდიოდით, ოპერაცია ჰქონდათ დაგეგმილი. იყო შემთხვევა, როცა მძღოლს საქმე აღარ ჰქონდა, თუმცა დაგველოდა – გვითხრა, დამირეკეთ, როცა წასვლა მოგინდებათო, დავურეკეთ და წამოგვიყვანა.

 

 

მომდევნო მოგზაურობა ანკარას უკავშირდება, ანკარა შორია სამსუნისგან, ქალაქში უნდა დავრჩენილიყავით. ინტერნეტით გავიცანით ანკარელი გოქმენი, რომელმაც მასთან დაგვპატიჟა, საერთოდ, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია თურქები, სტუმრისთვის მათაც საუკეთესო ემეტებათ. 

 

 

ანკარაში ჩასვლამდე ოთხი მანქანა გამოვიცვალეთ, ეს ცოტა დამღლელი იყო, თან ბევრი დრო წაიღო, თუმცა იყო უფასო და რა დაეწუნება. სამსუნი ზღვისპირა ქალაქია, თბილა, ანკარა ცივია, თოვლიც კი იყო აქა-იქ, ჩვენ თბილად არ გვეცვა და ძალიან შეგვცივდა.

 

 

ანკარა ორ ნაწილად არის გაყოფილი – ძველი და მოდერნიზებული. ძველი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენ თავიდან ძველ ნაწილში მოვხვდით, ახალს ვერ ვხედავდით, გული დაგვწყდა, ასეთი ქალაქის სანახავად აქ რამ ჩამოგვიყვანაო. შემდეგ მოგვაკითხა ჩვენმა მასპინძელმა და მანქანით დაგვათვალიერებინა მთელი ქალაქი, სახლში მასთან დავრჩით, საღამოს ინტერნეტით აგვარჩევინა ყველა ის ადგილი, რომლის ნახვაც გვსურდა, მეორე დღეს დილიდან გვატარებდა თვითონ. მადლობელი ვარ მისი, რომ არა ის, ამდენ რამეს ვერ ვნახავდით. რესტორანში დავპატიჟეთ, თუმცა იქაც თავად მოინდომა გადახდა, ძლივს შევაჩერეთ. სამზარეულო კი ისეთი იყო, დღემდე მახსოვს კერძების გემო, გურმანები არიან თურქები, გემრიელად ამზადებენ და დიდი სიამოვნებით მიირთმევენ.

 

 

მუზეუმები დავათვალიერეთ, `ლუნა პარკი~ ვნახეთ, ხშირად გვიწევდა რიგებში დგომაც, მარტო მუზეუმებთან კი არამ იმავე ბანკში, მაღაზიაში, თურქები მოწესრიგებულები არიან ამ მხრივ, ყველა იცავს რიგს, არავინ ცდილობს წინ წაწევას.

 

 

მოსახლეობა თავიანთ ქალაქებს ჰგავს – ყველა ქალაქში განსხვავებულები არიან. განსხვავდება სოფლებიც, სოფელში ტრადიციების მიმდევრები და რელიგიურები არიან, რასაც ვერ ვიტყვი თურქეთის ქალაქებში მცხოვრებლებზე. თურქები ასევე დიდ პატივს სცემენ დროშას, ცდილობენ, რაც შეიძლება დიდი დროშები გამოფინონ და რაც შეიძლება მაღლა. ათა თურქის მუზეუმის თავზეც იყო დროშა, გოქმენმა მითხრა, რომ ეს დროშა ყველაზე მაღალ წერტილშია. ისე, ათა თურქის მუზეუმი ყველა ქალაქში არის. როგორც ამბობენ, მას ყველა ქალაქში ჰქონდა სახლი, მუზეუმში დაცული ნივთებით თუ ვიმსჯელებთ, ფუფუნებაში ცხოვრება უყვარდა.

 

 

შემდეგი იყო სინოპი, სინოპში ეკლესია ვნახეთ, რომელიც ისტორიული ძეგლია, თუმცა ყურადღებას არ აქცევენ, მიტოვებული და მოუვლელია, ამაზე ძალიან დამწყდა გული. სინოპში ვნახე უძველესი ციხეც, მანამდე მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი მსგავსი რამ _ პატარა საკნები, სადაც დღემდეა შემორჩენილი ჯაჭვები, რომლებზეც ადამიანები ჰყავდათ მიბმული, ნესტიანი, ცივი და ბნელი ოთახებია. საერთო ჯამში სინოპმა მოლოდინი არ გაგვიმართლა, ტურისტული ქალაქი მეგონა, მაგრამ არ აღმოჩნდა. კიდევ იყო რამდენიმე ქალაქი, რომლებზეც აღარ შევჩერდები.

 

 

ბოლო იყო ტრაბზონი, ბათუმში გამოვლის დროს დავათვალიერე, ტრაბზონში სიძვირე მომხვდა თვალში, ვნახე სუმელას მონასტერი და ტრაბზონის აია სოფიას მუზეუმიც. ტურისტულ კომპანიაშიც ვიყავი ტურის ასაღებად, ბათუმზე რეკლამები შემხვდა, ჩემს ბოსნიელ მეგობარს მოეწონა ბათუმი და გამომყვა.  ტრაბზონიდან მეგობართან ერთად ბათუმში დავბრუნდი, ბათუმი მას ძალიან მოეწონა, თუმცა ბათუმი მთლიანად არ მიჩვენებია, ტურისტული ნაწილი ვაჩვენე, შესაბამისად, მას საოცარი შთაბეჭდილება შეექმნა, დღემდე დიდი ემოციებით მწერს.  

 

 

სიამოვნებით დავბრუნდებოდი თურქეთში სასწავლებლად, რომ არა ნორვეგია. ნორვეგიაში სწავლის გასაგრძელებლად აგვისტოში გავემგზავრები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: