„ტყუილად გაქვს მაი ყურსასმენი ყურში, მაინც არ გესმის ჩვენი“ – ასე დაასრულა საყვედური „დიალოგში“ ამას წინათ ერთმა ქალბატონმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანთან. საყვედური ციტრუსის ჩავარდნილ სეზონს შეეხებოდა. ჩინოვნიკი გვარწმუნებდა, რომ სეზონი წარმატებული იყო.
ვფიქრობ, როცა ხელისუფლებას ხალხის არ ესმის, სწორედ მაშინ იწყებს ხელისუფლება ხალხის მოსმენას, ოღონდ ფარულად – უსუსურობის განცდის გასაჩენად. იმისთვის, რომ „დიდი ძმა გვიყურებდეს“, გვისმენდეს და გვაშინებდეს: „ისე მოგისმენ, ხმის ამოღება ვერ შეძლო“.
ახლაც ხშირად მესმის ჩემს ტელეფონში: „ამას ტელეფონით ვერ გეტყვი, გვისმენენ“. ხმებიც მეორდება. მსიამოვნებს, ასეთ დროს ზოგიერთი ყურმილს რომ არ კიდებს და პროტესტის ნიშნად ხმის აწევით განაგრძობს საუბარს. ასეთი შემთხვევები მარწმუნებს, რომ უსამართლობის დამკვიდრების მცდელობა საქართველოში ადრე თუ გვიან იმით დასრულდება, რომ ხელისუფლება ან წავა (ცუდად წავა), ან ხალხის მიერ დაქირავებული ხელისუფლება გაიაზრებს – თვალებში რომ უნდა ჩახედოს საკუთარ ამომრჩეველს და პირდაპირ ნათქვამს მოუსმინოს.
ამიტომაც ვარ დარწმუნებული, სამოქალაქო საზოგადოების კამპანია „ეს შენ გეხება – ჩვენ გვისმენენ“ წარმატებით დასრულდება. უბრალოდ ერთი რამ მიკვირს: სამართლიანობის ლოზუნგით მოსულ ხელისუფლებასთან რატომ გვჭირდება ამდენი ჭიდილი და იმის მტკიცება, რომ ფარულად მოსმენის საშუალების აღკვეთაა საჭირო. „მოსმენილმა“ ამომრჩეველმა ხომ თქვა, რომ მოსმენა სჭირდება?!