კვირის ამბები

“ჩემს ეზოში ვერ ვიცავ თავს და გარეთ ვინ დამიცვას?!”

18.04.2014 • 1487
“ჩემს ეზოში ვერ ვიცავ თავს და გარეთ ვინ დამიცვას?!”

 

ისტორია ასეთია – ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობისთვის ზუსტად 1650 ლარი გადაგვიხადეს მე და ჩემს შვილს. მერე ჩელეკმა შეწყვიტა ხელფასის გადახდა. ხელშეკრულების გაფორმებას ვითხოვდით – 10 დღე ჩვენი ფურცლები იქეთ-აქეთ ატარეს და მაინც არ გაგვიფორმეს. საკრებულოს თავმჯდომარე მოვიდა და გვითხრა – იმუშავეთ, აუცილებლად გადაიხდისო. სწორედ მას ვენდეთ სიტყვაზე და გავაგრძელეთ მუშაობა. ახლა ჩემი და ჩემი შვილის მიმართ ჩელეკის დავალიანება 6240 ლარია. მალხაზ ფარტენაძე თვითონ ძლივს გამოვიდა გირაოთი ციხიდან და მე რას მიშველის მაგის დანაპირები.

 

სამუშაოდან მშენებლობის დასრულებამდე სამი დღით ადრე წამოვედი – მივხვდი, რომ არაფრის მომცემი არ იყო ჩელეკი და იმიტომ. ჩელეკი თურქეთში წავიდა. ამ კაცს როცა ფულს ვთხოვდით, გვეუბნებოდა ახლა მაცალეთ, ფული მშენებლობისთვის მჭირდება, შემოსავალი რომ დაიწყებს შემოსვლას, მერე თანდათან გადაგიხდითო. თუ ვერ გადაგიხდით, შენობა თქვენს სოფელშია და თქვენი გახდება, მე ხომ ვერ წავიღებ თურქეთშიო…

 

საწარმომ ვერ იმუშავა – კვირაში ორ-სამ სულს თუ დაკლავენ და ჩვენ ვინ რას მოგცემს. თანაც ჩელეკი უკვე რამდენიმე თვეა თვალითაც არ მინახავს. მას შემდეგ ჩელეკის კომპანიის დირექტორი თეიმურაზ ჭურკვეიძე გახდა. როცა მას ვუთხარით, რომ თანხა ჰქონდა კომპანიას ჩვენთვის მოსაცემი, გვითხრა – ვინც დაგპირდათ, იმას მიმართეთო.

 

დავიწყეთ სამართლის ძიება. ხელვაჩაურის გამგეობაში გვითხრეს სასამართლოს მიმართეთო, სასამართლოში გვითხრეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში წადით, საჩივარს დაგიწერენო. საიამ დაგვიწერა საჩივარი, მაგრამ მოსამართლემ მირჩია უკან გამომეთხოვა სარჩელი – მტკიცებულება არ გაქვს არაფერი და თუ გადაწყვეტილებას გამოვიტან, ვერასდროს ვერაფერს ვეღარ მიიღებ, ახლა შანსი გაქვს კომპანიასთან მოლაპარაკების გზით მიიღო ეს ფულიო.

 

დავუჯერე მოსამართლეს, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ მივაღწიე, განმეორებით მივმართე სასამართლოს. განმეორებითაც იგივე მირჩიეს – და ისევ უკან გამოვიხმე ჩემი სარჩელი.

 

დიახ, მე გლეხი ვარ და აქამდე არაფერი ვიცოდი ამ დაწესებულებების შესახებ, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. დიახ, მე არ ვიცი ხმა როგორ მოგაწვდინოთ, მაგრამ ხელისუფლებავ, ერთი ძველი გამონათქვამი მაინც მინდა შეგეხსენოთ: კენჭი კენჭს ეკვრის და ლოდი ხდებაო.

 

ხელისუფლებას ვეკითხები – ნუთუ ინვესტორი ქვეყნის რიგითი მოქალაქეების ხარჯზე უნდა გამდიდრდეს? რატომ არ არიან ვალდებული კომპანიები ყველა თანამშრომელთან ხელშეკრულება გააფორმონ? როცა პოლიციას მიმართავს მოქალაქე და ეუბნება, რომ მისი უფლებები ირღვევა, რატომ არ იწყებს პოლიცია საქმის ელემენტარულ მოკვლევასაც კი (ჩემ შემთხვევაში ზუსტად ასე იყოს – პოლიციას როცა მივაწოდე იმ ადამიანების შესახებ ინფორმაცია, ვინც დაადასტურებდა, რომ ბათუმ მეატ ცომბინატ-ში, ანუ სასაკლაოს მშენებლობაზე ვმუშაობდი, მითხრეს ჩვენი ვალდებულება არ არის მათი დაკითხვაო). თუ ამას არ იკვლევს ინსპეტორ-გამომძიებელი, მაშინ მაინტერესებს, რას მიკეთებს?!

 

ვიცი, ვერაფერს მივაღწევ და მხოლოდ ნერვიულობა დამრჩება, მაგრამ მაინც ვეკითხები ჩემს ხელისუფლებას – 21-ე საუკუნეში როგორ შეიძლება ამ ვითარებას რაღაც არ არეგულირებდეს?

 

ჩემს სახლში წყალი ჩამომდის, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება იცით მაინც რა არის?! – ჩემს ეზოში ვერ ვიცავ თავს და გარეთ როგორ დავიცავ ან ვინ დამიცავს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: