ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების მიუხედავად, პარტიების უმეტესობა ამ დრომდე არ ჩამოყალიბებულა, ვინ ეყოლება საარჩევნო სიების პირველ ნომრად და ვინ მაჟორიტარობის კანდიდატებად. აჭარის მასშტაბით სიები დასაკომპლექტებელი აქვთ როგორც ბათუმში, ისე ხუთივე მუნიციპალიტეტში.
შიდა პარტიული გადანაწილებისას ბათუმის საარჩევნო სიის პირველ ნომრად კოალიცია „ქართულ ოცნებას“ „რესპუბლიკელები“ საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის კანდიდატურას შესთავაზებენ. „თავისუფალი დემოკრატები“ კი ამ სიის პირველ ნომრად კობა ჩხეიძეს მოიაზრებენ. „კონსერვატორებს“ კი სიის სათავეში მოხვედრაზე პრეტენზია არ აქვთ.
„კონსერვატორების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით ბაციკაძის ინფორმაციით, სიის პირველ ნომრად მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ჩაიწერება და არა კოალიციაში შემავალი რომელიმე სხვა პარტიის წევრები. მისივე ინფორმაციით, „სავალდებულო არ არის სიის პირველი ნომერი გახდეს თავმჯდომარე, შეიძლება ეს მესამე ან სხვა რომელიმე ნომრად სიაში ჩაწერილი პირიც გახდეს“.
„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიციის კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობს. კოალიციის აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის მურმან დუმბაძის თქმით, „ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია“. მისივე ინფორმაციით, სიაში ყოველი მეორე კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ იქნება, დარჩენილ კვოტებს კი კოალიციაში შემავალი ხუთი პარტია გაიყოფს. „ქართულ ოცნებას“ ჯერ არც ბათუმის მერობის კანდიდატი დაუსახელებია.
კანდიდატები უკვე დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ყოფილი მმართველი პარტია სიის პირველ ნომრად გიორგი კირთაძის კანდიდატურაზე შეთანხმდა. ბათუმის მერის კანდიდატად კი, მოქმედი საკრებულოს წევრი და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე დაასახელეს. ექიმი გიორგი დიასამიძე აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის ნათესავია.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატებსაც ასახელებს. მათ შორის სამი ქალია. შეიძლება ითქვას, რომ ეს პარტია სრულიად ახალ სახეებს სთავაზობს ამომრჩეველს. `ნაციონალური მოძრაობის~ მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან – მირდათ ქამადაძე, ლევან დიასამიძე, მარიამ ჯინჭარაძე, მარინე ჩიხლაძე, ირაკლი მოდებაძე, გოჩა კირკიტაძე, ირაკლი თავართქილაძე და ნინო ასამბაძე.
კიდევ ორი მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
თვითმმართველობის არჩევნები, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, 15 ივნისს უნდა გაიმართოს.