კვირის ამბები

პროექტი ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად

18.04.2014 • 2072
პროექტი ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად

პროექტი აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ხორციელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: იურიდიული მხარდაჭერა (რაც ძირითადად დოკუმენტების მოწესრიგებაში გამოიხატება), დასაქმებისთვის საჭირო უნარების სწავლება და მცირე გრანტები ბიზნესიდეების განსახორციელებლად.

“ეს ადამიანები სწავლობენ ნებისმიერ ხელსაქმეს, რაც მათ აინტერესებთ, თუნდაც სტილისტის საქმე, საბუღალტრო საქმე, კომპიუტერი, ავტოსაზეინკლო და ა.შ. ჩვენ თეორიულ სწავლებაზე უფრო მეტად პრაქტიკულ სწავლებას ვანიჭებთ უპირატესობას. მაგალითად, თუ ადამიანს სურს გახდეს ელექტრიკოსი, მოველაპარაკებით რომელიმე კვალიფიციურ ელექტრიკოსს და იმას მივამაგრებთ ამ ბენეფიციარს. ჩვენ არ გვჭირდება სერტიფიკატები ამ ადამიანებისთვის, მთავარია მათ იცოდნენ საქმე, რომლითაც იმუშავებენ. აჭარის განათლების სამინისტროს აქვს განათლების ფონდი, სადაც უფასოდ ასწავლიან ენებს და სხვადასხვა მიმართულებას. ჩვენ ბუნებრივია აქტიურად ვიყენებთ ასეთ სერვისებსაც, თუმცა უფასო მომსახურების ძიება არ არის ჩვენი სტრატეგიული მიმართულება,” – ამბობს გენო გელაძე, “დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი.

ამირან გორდაძე ყოფილი პატიმარია, პროექტის ფარგლებში მას და კიდევ ორ ყოფილ პატიმარს სამუშაო იარაღების შეძენა დაუფინანსეს. „ერთი წელია რაც პატიმრობიდან გავთავისუფლდი, პროფესიით ინჟინერი ვარ და უკვე შვიდი თვეა, რაც მშენებლობაზე ვმუშაობ, პატარა ბრიგადა გვყავს, სამკაციანი, ისინიც ყოფილი პატიმრები არიან. სამშენებლო იარაღები გვჭირდებოდა, აქამდე ვქირაობდით და უფრო ნაკლები მოგება გვქონდა. პირობითად, თუ ხუთი ლარი იყო ანაზღაურება, იქედან გვრჩებოდა ორი ლარი – ახლა ჩვენი ინსტრუმენტებით მთელი თანხა ჩვენია”, – ამბობს ამირან გორდაძე.

22 წლის მარიამ ძნელაძე ყოფილი პატიმრის დაა. ის ამ პროექტის ფარგლებში ბუღალტერიას სწავლობს და პარალელურად, ამავე პროექტით დაფინანსებული ბენეფიციარის საცხობში მუშაობს. “სასწავლო ცენტრ NEO-ში დამიფინანსეს გადამზადების კურსები და იქ მიღებულ ცოდნას აქ პრაქტიკაში ვიყენებ”, – ამბობს ის.

ერთი ბიზნესიდეის განსახორციელებლად მაქსიმუმ 500 ლარია გათვალისწინებული: ეს შეიძლება იყოს წისქვილი, საცხობი, ხელოსნების ჯგუფი და ა.შ. გენო გელაძის თქმით, უპირატესობა ენიჭება იმ ბიზნესიდეებს, რომელშიც რამდენიმე ბენეფიციარია გაერთიანებული.

პროექტი ევროკავშირმა 70 000 ლარით დააფინანსა. “ერთი შეხედვით ორი რეგიონისთვის ეს დიდი თანხა არ არის, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ ვცდილობთ პატარა თანხით მოხერხდეს ადამიანის დასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა – ყველაფერი გამოდის. ჰგონიათ, რომ ბათუმში ბიზნესის წამოსაწყებად 100 000 ლარია საჭირო, მაგრამ არა, აღმოჩნდა, რომ სამმა ადამიანმა 1500 ლარადაც წამოიწყო საქმე და დღეს მათ უკვე შემოსავლის წყარო აქვთ”, – ამბობს გენო გელაძე.

პროექტში ბენეფიციართა რაოდენობა შეზღუდული არ არის. “ჯერჯერობით კიდევ ბევრი ადამიანის დახმარება შეგვიძლია. ვფიქრობ, არც მომავალში შევიზღუდებით, რადგანაც პროექტი საკმაოდ მსხვილბიუჯეტიანია და ამავდროულად ჩვენ თანადაფინანსების კომპონენტიც გვაქვს – ვცდილობთ ფინანსურად შეძლებული ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები ჩავრთოთ ამ პროცესებში. ჩვენ უკვე გვყავს რამენიმე მსურველი, რომელთაც უნდათ დაეხმარონ ამ ადამიანებს, ანუ თუ მოხერხდა, რომ ამის პრაქტიკა ჩამოვაყალიბეთ, ჩათვალეთ, რომ ეს უკვე სისტემაა, რომელმაც შემდეგ შეიძლება თავისით იმუშაოს,” – ამბობს გენო გელაძე.

მისი თქმით, ქველმოქმედების მსურველებს შეუძლიათ `დემოკრატიის ინსტიტუტის” ოფისს მიაკითხონ – “არსებობენ ადამიანები, რომლებმაც პატიმრობაში ყოფნის დროს დაკარგეს აბსოლუტურად ყველაფერი – ოჯახი, ცოლი, შვილი, სახლი და ახლა ელემენტარული, აუცილებელი რაღაცებიც კი არ აქვთ, ან პირიქით ჰყავთ პატიმარი ოჯხის წევრი და ამის გამო არიან გასაჭირში. არიან ადამიანები, რომელთაც ხუთლარიანი მედიკამენტის ყიდვაც კი არ შეუძლიათ… ამიტომ მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ და სურთ ქველმოქმედება, ჩაერთონ ამ პროცესებში. ოღონდ მათ უნდა იცოდნენ, რომ ქველმოქმედება არ გაპიარდება”.

პროექტი კიდევ წელიწადნახევარი გაგრძელდება და მასში ჩართვა აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ყოფილი პატიმარს, პატიმრის ოჯახის წევრს ან/და პრობაციონერს შეუძლია. “პროექტში ჩასართავად არანაირი განსაკუთრებული ეტაპები არ გვაქვს, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ კატეგორიაშია, მოვა ჩვენთან და ის ავტომატურად გახდება პროგრამის ბენეფიციარი”, – განმარტავს გენო გელაძე.

“დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელის, გენო გელაძის თქმით, სტიგმა “ნაციხარ” ადამიანებთან დაკავშირებით უნდა გაქრეს: „მე გეტყვით, რომ 100-დან 99 შემთხვევაში, დანაშაულის ჩადენის მიზეზი არის სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები. ის, რომ ადამიანი იჯდა ციხეში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის უნდა გაირიყოს საზოგადოებიდან. მე ვიცნობ ბევრ ყოფილ პატიმარს, რომელიც განათლებით, პატიოსნებით და სოციალური ურთიერთობით ტოლს არ დაუდებს არავის“.

სამეგრელოში სულ 11 ბიზნეს-ინიციატივა დაფინანსდა. პროექტში ჩართულ ორ ბენეფიციარს მშენებლობისთვის საჭირო ხელსაწყოების შეძენა დაუფინანსდა. პროექტში 12 ბენეფიციარია, მათ შორის კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე დადის ცხრა ბენეფიციარი; ინგლისურ და რუსულ ენებს სწავლობს – ერთი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობისთვის თეორიული ნაწილის სწავლებას გადის ორი ბენეფიციარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: