ნეტგაზეთი • RU

აჭარაში ფერმერები სასათბურე კონსტრუქციებს სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეიძენენ

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაცით, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე სასათბურე კონსტრუქციის განაწილების პროცესს დაესწრებიან. 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის – „სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ ფარგლებში სათბურების განაწილება დაიწყო. პროგრამის მიზანია ადგილობრივი საადრეო ბოსტნეულის წარმოების ზრდა და წარმოებული ბოსტნეული კულტურების ნაყოფის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება.

წელს ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 250 ერთეული მარტივი ტიპის 50 კვმ-იანი (ლითონის კარკასი და პოლიეთილენის ფირი) სასათბურე კონსტრუქციის შემოტანა. აღნიშნული სასათბურე კონსტრუქცია რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზე გაიცემა, ერთეულის ღირებულება შეადგენს 1865,80 ლარს, თანადაფინანსების პრინციპით (ღირებულების 30%–ის გადახდით) ფერმერის გადასახდელი თანხა ერთ სათბურზე იქნება 559, 74 ლარი.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"