კვირის ამბები

457 300 ლარი სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ

17.04.2014 • 1959
457 300 ლარი სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ

2013 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ჩატარებული პროფილაქტიკური შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ხერხემლის პრობლემა აჭარის მასშტაბით დაახლოებით 3000 ბავშვს აწუხებს, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ბავშვების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 457 300 ლარი გამოყო.

????????????????????????????????????


პროგრამა ორთოპედის კონსულტაციას, რენტგენოლოგიურ კვლევას და სარეაბილიტაციო ღონისძიებების სახით ათ-ათდღიან ფიზიკური თერაპიის კურსსა და სამკურნალო მასაჟს მოიცავს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ლელა სურმანიძის თქმით, ეს ყოველივე დაავადების სრულად განკურნებისთვის საკმარისი არ არის, თუმცა პირველი და მეორე ხარისხის სქოლიოზის შემთხვევაში მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა: „უმეტესად სქოლიოზი ბავშვებში ფუნქციონალური ხასიათისაა, რომელიც მძიმე ჩანთის ასიმეტრიულად ტარებითა და მერხთან არასწორად ჯდომითაა გამოწვეულია და როგორც წესი, ამ ვარჯიშის შედეგად, ზურგის კუნთების ტონუსის გაუმჯობესების ხარჯზე ეს სწორდება. გარდა ამისა, ჩვენი პროგრამის ფარგლებში მეთოდისტები ბავშვებს ასწავლიან ვარჯიშებს, სწორად ჯდომას, დგომას… ანუ ნაწილობრივ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაც ხდება, მერე ბავშვებმა სახლშიც რომ გააგრძელონ ამ ვარჯიშების კეთება“, – ამბობს ლელა სურმანიძე.

პროგრამას ამ ეტაპზე ოთხი სამედიცინო დაწესებულება ახორციელებს: ასოციაცია „გენეზისი“, ა(ა)იპ სამედიცინო ასოციაცია „თანა“, შპს „ვიტა“ და შპს ქალაქ ბათუმის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი „ჯიქი“, სადაც თებერვლიდან დღემდე ხუთასამდე ვაუჩერია შესული. „ჯიქის“ დირექტორის, მაია ხაჭაპურიძის თქმით, ბავშვთა სწრებადობა ძირითადად კარგია, თუმცა არის შემთხვევები, როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ან სხვა მიზეზების გამო ბავშვი ვერ მიჰყავს მშობელს.

„კარგი შედეგისთვის უმჯობესია სეანსები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდეს. ბავშვები არიან და მათი პასიური ცხოვრების წესის გამო ვარჯიშებიც ეზარებათ, მასაჟი კი ძალიან სიამოვნებთ. იმისთვის, რომ არ გააცდინონ და კარგად ივარჯიშონ, საშობაოდ გათამაშებაც კი დავგეგმეთ – პლანშეტს გავათამაშებთ. ამის შესახებ ბავშვებმა უკვე იციან და უფრო მოტივირებულებიც არიან“, – ამბობს ცენტრის დირექტორი.

ჯანდაცვის სამინისტრო თითოეულ ბენეფიციარზე 178 ლარს უხდის სამედიცინო დაწესებულებას. „ჩვენ ვიხდით თანხას თითოეული კურსის განხორციელებაში, რომელიც ორთოპედის კონსულტაციას, რენტგენს და სარეაბილიტაციო ღონისძიებებს მოიცავს. ჩვენ მიერ გადახდილ თანხას კი თავად სამედიცინო დაწესებულება ანაწილებს თავის პერსონალზე,“ – ამბობს ლელა სურმანიძე.

იმისთვის, რომ ბავშვი პროგრამაში ჩაერთოს, მშობელმა ექიმისგან უნდა აიღოს ფორმა #100, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბავშვს აქვს სქოლიოზი ან სავარაუდო სქოლიოზი და წარადგინოს ის ჯანდაცვის სამინისტროში ბავშვის დაბადების მოწმობისა და მშობლის პირადობის ქსეროასლთან ერთად. პროგრამა მიმდინარე წლის ბოლომდე გრძელდება.

????????????????????????????????????

ბათუმის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრ „ჯიქის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხშირად მშობელი შეცდომაში შეჰყავს ექიმს, რომელიც პირდაპირ მიმართულებას აძლევს, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაიაროს რეაბილიტაცია ბავშვმა – „მშობელმა უნდა იცოდეს, რომ მას აქვს არჩევანის უფლება, ვაუჩერის აღების შემდეგ მას შეუძლია დაათვალიეროს ოთხივე სამედიცინო დაწესებულება და ვაუჩერი იქ გაატაროს, სადაც პირობები მოეწონება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: