კვირის ამბები

ერთად გადავარჩინოთ ქართული ენა

15.04.2014 • 3605
ერთად გადავარჩინოთ ქართული ენა

 

 

ქართულმა ენამ თავისი განვითარების უგრძესი და უძნელესი გზა განვლო, მან ურყევად და გმირულად გამოატარა ისტორიული ქარ-ცეცხლი და იგი გამოიჭედ-გამოიწვრთო დროის სამჭედლოში. ენა ქართული ეს არის ენა, რომლის საშუალებითაც ჩვენი დიდი წინაპრები ურთიერთობდნენ  საზღვარგარეთის ქვეყნებთან,  ქართულ ენაზე შეიქმნა მსოფლიო დონის საერო თუ საღვთო ლიტერატურა, ჩვენმა სასიქადულო წინაპრებმა მოახერხეს და ქართული ენა არა მარტო თავის სამშობლოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც გაიტანეს და სხვა ერებს გაუჩინეს სურვილი ქართული ენის შესწავლისა.

 

რა კეთდება დღეს ქართული ენის  განვითარებისათვის კი არა და გადარჩენისათვის?! თითქმის აღარაფერი, უფრო მეტიც, მისი დამდაბლებისა და დამახინჯებისათვის უამრავი ნაბიჯი იდგმება ყოველდღიურად. მოდად არის ქცეული უცხო ენებისადმი ინტერესი.

 

რა თქმა უნდა ვეთანხმები იმას, რომ ენების ცოდნა უადვილებს ადამიანებს სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობებს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ქართული სიტყვის დამახინჯების და მისი არასწორი წარმოთქმის ხარჯზე. ხშირია შემთხვევები, როცა დამსაქმებელი ითხოვს დასაქმებულისაგან უცხო ენის ცოდნას   ისეთ სამსახურში, სადაც დასაქმებულს არ დასჭირდება სხვა ენა გარდა ქართულისა.

 

ამ დროს რა ხდება მედია სივრცეში? რაში გვჭირდება უცხო ტერმინები, როცა ქართული ენა ვერ იტევს  ლექსიკონებს. მაგ: მენეჯერი (მმართველი) მარკეტი (ბაზარი) თინეიჯერი (ჭაბუკი) და ასე შემდეგ. სანამ ძალიან გვიანი არ არის უნდა ვიზრუნოთ ქართული ენის გადარჩენისა და განვითარებისათვის.

 

ჩემი სუბიექტური აზრით უნდა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

 

1. დღეს გვაქვს აწმყო, როცა ქართული საზოგადოება და უფრო მეტად ახალგაზრდობა არა თუ ვერ საუბრობს წმინდა ქართულს, ქრება ინტერესი ქართული ენის სიწმინდის დაცვისა ამ ყველაფერს კი ხელს უწყობს მედია სივრცე, საიდანაც ხშირად ისმის უცენზურო სიტყვები. უნდა შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საშუალებას არ მისცემს მასმედიას დაამკვიდროს უცხოური ტერმინოლოგიებით დამახინჯებული მეტყველება. ამისათვის ამა თუ იმ მედიის ხელმძღვანელობას დაეკისროს საჯარიმო სანქციები.

 

2.  უცხოური ტერმინოლოგიის ნაცვლად უნდა აღსგდეს მივიწყებული ქართული სიტყვები და გამოყენებული იქნას სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ოფიციალურ სამსახურებში.

 

3.  ვეთანხმები აჭარის მამულიშვილთა საგვარეულოს კავშირის თავმჯდომარეს ბატ: ნიაზ ბოლქვაძის წინადადებას,რომ ქართული ენის დღე გამოცხადდეს ერთ-ერთ ეკლესიურ დღესასწაულად.

 

წინა ხელისუფლების დროს ორჯერ მივწერე წერილი მიხეილ სააკაშვილს ამ პრობლემის თაობაზე მაგრამ არსად ხმა, არსად ძახილი. ვიმედოვნებდით, რომ ეს ხელისუფლება უფრო ეროვნულად იქნებოდა გამსჭვალული ამ პრობლემის მიმართ მაგრამ ამჯერადაც გაგვიცრუვდა იმედი. „რა ენა წახდეს ერი დაეცეს“  (გრ.ორბელიანი) და სანამ არ დავცემულვართ, სანამ არ დაგვიკარგია ჩვენი ღვთაებრივი საუნჯეთაგანი, გთხოვთ დროზე მოვეგოთ გონს.

          

გადაბეჭდვის წესი


ასევე: