სიახლეები

ხელვაჩაურში დაკავებულების შესახებ ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

18.04.2014
ხელვაჩაურში დაკავებულების შესახებ ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

 

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია შემდეგი: საამზომველო კომპანიების წარმომადგენლები, ფულადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ, ამზადებდნენ ყალბ საკადასტრო აზომვით ნახაზებს მდინარე ჭოროხის და აჭარისწყლის კალაპოტში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე, როგორიცაა მდინარის კალაპოტი, მდინარის ჭალა და წყალში მდებარე კუნძულები. ყალბ ნახაზებზე ასახული ფართების მოქალაქეების პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტს უკანონოდ ადასტურებდნენ ადგილობრივი რწმუნებულები. ამ გზით შექმნილი ყალბი დოკუმენტების წარდგენა მოქალაქეების მიერ ხდებოდა საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში, რომლის თანამშრომლებიც, სათანადო გადამოწმების გარეშე, ახორციელებდნენ უძრავი ქონების რეგისტრაციებს.

 

ხშირ შემთხვევაში, ამგვარად მოპოვებული საკუთრება მოქალაქეების მიერ გასხვისებულ იქნა ჰესების მშენებელ კომპანიაზე, რის შედეგადაც ისინი დაეუფლნენ დიდი ოდენობის თანხებს

 

“საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორებმა, ისევე როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა გადააბიჯეს საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, ყოველგვრი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მხოლოდ იმის გამო, რომ ბრალდებული არ აღიარებდა ბრალს და არ მისცა პროკურატურას მათთვის სასურველი ჩვენება, თვითნებურად დააკავეს, შემდგომ თვითნებურად დააპატიმრეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის ქალი თანამშრომელი, 5 წლის დაავადებული ბავშვის დედა ეკატერინე ქარცივაძე” – ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.


განცხადებაში ისინი მიმართავენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, განსაკუთრებით ყოფილ ადვოკატებსა და უფლებადამცველებს, რომ გამოიყენონ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შესაბამის კომიტეტში დაიბარონ საქართველოს მთავარი პროკურორის წარმომადგენელი  – “ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის მიწოდებული იქნება განცხადებაში მიწოდებული ფაქტების უტყუარი მტკიცებულებები”. ასევე თხოვნით მიმართავენ საქართველოს იუსტიციის მინისტრს – დაინტერესდეს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო თანამშრომელთა საქმით და საქართველოს სახალხო დამცველს – შეისწავლოს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალები ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის კუთხით და მოახდინოს სათანადო რეაგირება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.