ფარული თვალთვალი და მიყურადება მნიშვნელოვანი საგამოძიებო ბერკეტია. მას ყოველთვის იყენებდნენ. რაც უფრო მზარდია მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, მით უფრო დახვეწილი ხდება მოსმენისა და თვალთვალის მექანიზმები. ამ პროგრესის პირდაპირპროპორციულად ფიქრობენ საზოგადოებები და მათი რჩეული კანონმდებლები დემოკრატიულ სახელმწიფოებში, რომ ისე შეზღუდონ სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნები, რომ არც გამოძიებას ევნოს და არც ადამიანის უფლებები დაირღვეს. თუკი კონტროლის მექანიზმები მოშლილია, მაშინ გამომძიებელი არად დაგიდევს მოსამართლის მიერ გაცემულ ნებართვას და იმაზე მეტ ინფორმაციას მოიპოვებს უკვე არსებული ტექნიკური საშუალებებით, ვიდრე თავადაც კი ვერ წარმოედგინა და არ მოეთხოვა მოსამართლისგან. ეს ცდუნებაა, რომელსაც ადამიანები ვერ უძლებენ. კანონები ხომ სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ადამიანური სისუსტეები მოთოკოს.
ასე უსისტემოდ გროვდება ერთ დიდ ყულაბაში ჩვენი სატელეფონო საუბრები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ელექტრონული ფოსტიდან გაგზავნილი და იქ მიღებული წერილები, ჩვენი ჩანაწერები სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. დღეს არსებული პრაქტიკით არავინ იცის, ვინ აგროვებს ამ ინფორმაციას, ვის აქვს მასზე ხელმისაწვდომობა, ვინ ახარისხებს მას და იღებს გადაწყვეტილებას, რა დააარქივოს და რა წაშალოს, საერთოდ შლის თუ არა ვინმე რამეს ამ უსაზღვრო საარქივო ოკეანიდან. ყველა ხელს იბანს – მოსამართლეც, მობილური კავშირის კომპანიაც, ინტერნეტპროვაიდერიც. გამომძიებელი კი მარტო რჩება საკუთარ ცდუნებასთან ერთად და არაფერი აკონტროლებს მის პასუხისმგებლობას.
ცდუნება აქვს სახელმწიფოსაც – რაც უფრო ნაკლებად დემოკრატიულია საზოგადოებრივი ურთიერთობები, მით მეტად აინტერესებს მთავრობას, რას ფიქრობენ მისი მოქალაქეები, რას ამბობენ, რას აკეთებენ, სად დადიან, ვის ხვდებიან, რას ჭამენ და ვისთან წვებიან. მას ყველაფერი აინტერესებს, რადგან ამოუკითხავს სადღაც წიგნებში, რომ ინფორმაცია მართვის საუკეთესო საშუალებაა.
ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ფარული უკანონო ჩანაწერები მხოლოდ სექსუალური ხასიათისაა და მას მთავრობა კარგად იყენებს ცალკეული მოქალაქეების დასაშანტაჟებლად. ფარული უკანონო მოსმენებით იგებენ ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების შიდა საქმიანობის შესახებ; ბიზნესმენთა საქმიანი შეხვედრების დეტალებს; დიპლომატიურ საუბრებს; პირადი ცხოვრების დაგეგმვის საკითხებს და სხვა პრივატულ ამბებს. ამ ტიპის ინფორმაციის მოპოვებით, დაგროვებითა და მით უმეტეს მისი გამოყენებით მთავრობა ქმნის არათანასწორ და უკონკურენტო საზოგადოებრივ სივრცეს. თანასწორობა და კონკურენცია მთავარი ევროპული ღირებულებებია და მისი დეფიციტი გვაშორებს სწორედ ჩვენ ევროპულ სივრცეს.
მე მინდა, რომ გამოძიებამ მხოლოდ ის ინფორმაცია მოიპოვოს ფარული მეთოდებით, რომელიც აუცილებლად სჭირდება გამოძიების პროცესს და ეს სერიოზული სასამართლო, საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლით განახორციელოს;
მე მინდა, რომ მოქალაქეები თავისუფლად საუბრობდნენ და წერდნენ იმას, რასაც ფიქრობენ და რასაც აკეთებენ ისე, რომ არ დასჭირდეთ იგავარაკული აზროვნება;
მე მინდა, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც არ ჩადის დანაშაულს, არ იყოს ფარული თვალთვალის ქვეშ. ეს მის თავისუფლებას ზღუდავს, თუნდაც მან ამის შესახებ არც იცოდეს;
მე მინდა, რომ ჩვენი საზოგადოება გახდეს თანამედროვე ევროპული ღირებულებების თანაზიარი და იყოს ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
სწორედ ამიტომ მოვამზადე ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან – ლაშა ტუღუშთან და ლიკა საჯაიასთან ერთად კანონპროექტთა პაკეტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.
სწორედ ამიტომ ჩავერთე კამპანიაში `ეს შენ გეხება~, რადგან ეს მე მართლაც მეხება, ისევე როგორც ნებისმიერ თქვენგანს ეხება.
ერთად გავხადოთ ჩვენი საზოგადოება უფრო საინტერესო და მიმზიდველი.