კვირის ამბები

როგორ ვისწავლოთ დისტანციურად

18.04.2014 • 3361
როგორ ვისწავლოთ დისტანციურად

 

 

დისტანციური სწავლების მეთოდი გაძლევს საშუალებას თავად შეარჩიო და დაგეგმო საგანი, თავად აკონტროლო დრო, რომელსაც დაუთმობ სწავლას, საბოლოოდ კი მიიღო განათლების დამადასტურებელი დიპლომი. დისტანციური სწავლებით მიღებული განათლების ხარისხი მეტწილად სტუდენტზეა დამოკიდებული.

 

ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნათია ანდღულაძე ერთ-ერთია, ვინც დისტანციური სწავლების კურსით ისარგებლა.

 

„მსოფლიო ბანკის დისტანციური სწავლების კურსი გავიარე, რომელიც ეხებოდა მასწავლებლებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებს. კურსი შედგებოდა ექვსი მოდულისგან. თითოეულს ეთმობოდა 1-2 კვირა. თითოეულ მოდულზე იდო საკითხავი და ვიდეომასალა. მასალის გაცნობის შემდეგ ასრულებდი ქვიზს და წერდი ანალიტიკურ ესეის. ასევე, მონაწილეობდი ონლაინდისკუსიაში.

 

სულ 6 ანალიტიკური ნაშრომი უნდა დამეწერა მასწავლებლების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოში. ბოლოს ეს პატარა ნაშრომები პოლიტიკის დოკუმენტად უნდა გაგეერთიანებინა. ამ ბოლო დავალებას აფასებდა ინსტრუქტორი. სწავლას კვირაში 4-5 საათს ვუთმობდი,” – ამბობს ნათია ანდღულაძე.

 

მისი შეფასებით დისტანციური სწავლება შესაძლოა ისეთივე ეფექტური იყოს, როგორც მეთოდებით სწავლება.

 

„რა თქმა უნდა, ლექტორთან და კურსელებთან ტრადიციულ, აუდიტორიაში ურთიერთობა ძალიან კარგია, მაგრამ დისტანციური სწავლება ბევრად იაფია და ეს არის გასათვალისწინებელი. ჩემ მიერ განვლილი კურსი უფასო იყო.

 

კარგად გაკეთებული დისტანციური კურსი უფრო ეფექტური შეიძლება იყოს გარკვეული კატეგორიის სტუდენტებისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც მუშაობენ. ზოგიერთისთვის ლექციების გრაფიკი მოუხერხებელია, ზოგიერთისთვის უფრო კომფორტულია სწავლის პროცესი, თუ ლექციას მისთვის ოპტიმალურ დროს მოუსმენს. ყველას სწავლის ჩვენი ტემპი გვაქვს და დისტანციური სწავლა და სწავლება ამ ტემპის საკუთარ შესაძლებლობებზე, პრეფერენციებსა და ცხოვრების სტილზე მორგების შესაძლებლობას იძლევა”, – ამბობს ნათია ანდღულაძე.

 

დისტანციური სწავლების მეთოდით ნაკლებად კმაყოფილია მარკეტინგის სპეციალისტი სანდრო გოგიაშვილი.

 

„კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთწლიანი კურსი გავიარე მარკეტინგში – Chartered Institute Of Marketing (CIM). ძალიან რთულია ისწავლო რაღაც მხოლოდ შენი ნებისყოფით და წიგნთან მუშაობით. როცა ლექტორთან პირადი ურთიერთობა არ გაქვს და კითხვის დასმის ბარიერი არსებობს, ბევრი უპასუხო კითხვა რჩება, რაც ჯამში ართულებს საგნის სრულყოფილ შესწავლას. ვურჩევდი თუ არა სხვას დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენებას? კი და არა. კი იმ შემთხვევაში, თუ დრო არ გაქვს ან ფული, რომ გადახვიდე საცხოვრებლად და ძალიან მონდომებული ხარ, მაშინ ყველაფერი გამოგივა. არა, თუ ბევრი სხვა საქმეები გაქვს, სათანადო ყურადღებას ვერ დაუთმობ და ნებისყოფაც არ გეყოფა, რომ ყოველდღიურად შენ თავს დააძალო იმეცადინო. თან იცოდე, რომ არავინ გაკონტროლებს,” – ამბობს სანდრო გოგიაშვილი.

 

დისტანციური სწავლების მეთოდით ამჟამად რამდენიმე კურსს გადის ლიტერატურათმცოდნე თამარ ხიტირი. თამარი ამბობს, რომ მისთვის მოსახერხებელია სწავლების ეს მეთოდი.

 

„Нечистая сила в первоисточниках”, “Политическая философия иудаизма”, “Центральные идеи религиозного сионизма” – ამ კურსებს გავდივარ ახლა, lilmod.org  – ებრაული დისციპლინების ონლაინკოლეჯია. კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა, კვირაში ორჯერ ერთსაათიანი ლექცია გვაქვს, სადაც ჩართულია ლექტორი და რამდენიმე სტუდენტი, ვიდეოთვალით, რა თქმა უნდა. მასალებსაც გვაწვდის. რამდენ დროს დავუთმობთ დამატებით მუშაობას, სტუდენტზეა დამოკიდებული. ასევე, გვაქვს სპეციალური ფორუმი სტუდენტებისთვის, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ დამატებით მოპოვებულ მასალას და მოსაზრებას სხვადასხვა თემაზე.

 

ვიდეოკონფერენცია დიდად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ლექციისგან, ინფორმაციის მიწოდების ხარისხი იგივეა და აღქმას რაც შეეხება, ალბათ უფრო კარგია. ცოტათი უხერხულია გადაერთო სხვა რამეზე, როდესაც ლექტორი პირდაპირ შენ გიყურებს და ასეთი ინტერაქცია გაქვს. მე, მაგალითად, ამ ერთი საათის განმავლობაში მთლიანად ვეთიშები სამყაროს და მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რაზეც ვსაუბრობთ, რაც ხშირად რთულია ჩვეულებრივი ლექციის დროს. მიმაჩნია, რომ დისტანციური სწავლების მეთოდი მხოლოდ თეორიულ საგნებშია ეფექტური, პრაქტიკული საგნის შესწავლა ასე შეუძლებელია,” – ამბობს თამარ ხიტირი.

 

მისივე თქმით, საშუალებას გაძლევს გაიცნო საინტერესო ადამიანები.

 

„ხშირად ლექციებს ცნობილი პროფესორები კითხულობენ, რომლებსაც ალბათ, ვერასდროს ვნახავდით და მოვისმენდით სხვაგან. ყველაფერთან ერთად ონლაინსწავლება არის დროის ეფექტური განაწილება. ადამიანს, რომელიც ვერ მიდის ქვეყნიდან სამსახურის ან სხვა რაღაცის გამო, შეუძლია ონლაინკურსებით ისარგებლოს,” – ამბობს თამარი.

 

უფასო განათლების მიღება დღეისათვის მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან უნივერსიტეტშია შესაძლებელი. გთავაზობთ რამდენიმე საჭირო ვებგვერდს, რომლებიც უფასო განათლების მიღებაში დაგეხმარებათ.

 

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი MIT. ინსტიტუტში მხოლოდ ტექნიკური საგნები ისწავლება, სწავლის ღირებულება კი წლიურად 30 ათასი დოლარია. ონლაინკურსები უფასოა. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.web.mit.edu

 

www. lilmod.org – ებრაული დისციპლინების ონლაინკოლეჯი.

 

www.cim.co.uk  –   აქ შეგიძლიათ გაიაროთ მარკეტინგის კურსები.

 

www. livemocha.com  – ამ უფასო ვებგვერდის საშუალებით შეგიძლიათ ისწავლოთ ინგლისური.

 

www.eduson.tv   – ამ ვებგვერდის საშუალებით ბიზნესკურსების გავლაა შესაძლებელი.

 

www.coursera.org   ამ ვებგვერდის საშუალებით კი 634 კურსის გავლაა შესაძლებელი სხვადასხვა მიმართულებით. კურსის დასრულების შემდეგ კი შეგიძლიათ მიიღოთ სერტიფიკატი.

 

www.learndirect.com   – ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ სხვადასხვა კურსით ისარგებლოთ. ისწავლოთ უცხო ენები, კომპიუტერი და ბიზნესი.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: