რა ღირს ჰოსტელი ბათუმში

ალექსი სემერჯანი ჰოსტელ „ვერონას“ მფლობელია. იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს ანალიზს, რა უკეთესია განვითარებისთვის, რადგან მხოლოდ ერთი წელია რაც მისი ჰოსტელი ფუნქციონირებს. აქ ორადგილიანი ნომერი 70 ლარი ღირს. საფასურში არ შედის კვება. ვიზიტორს უფასოდ შეუძლია მხოლოდ ჩაი დალიოს და ისარგებლოს უკაბელო ინტერნეტით: „არის მოთხოვნა საუზმეზე, მაგრამ ამ ფასში ვერ მოვახერხებთ“, – ამბობს მფლობელი. ჰოსტელს ძირითადად  პოლონელი და უკრაინელი ტურისტები აკითხავენ.

TJ ჰოსტელ-ის მენეჯერი თეონა ძნელაძე ამბობს, რომ წელს ინფრასტრუქტურის განახლება მოახერხეს და ოთახების რაოდენობა დაამატეს. სერვისში შეიტანეს ველოსიპედით მომსახურება, თუმცა ამაში ტურისტს დამატებით თანხის გადახდა მოუწევს. „ამაზე მოთხოვნა ტურისტებისგან იყო“,- გვეუბნება ჰოსტელის მეპატრონე.

ჰოსტელში ერთი ღამის გათევა 20 ლარი ღირს. ეს მხოლოდ საწოლის ღირებულებაა. ცალკე ოთახის დაქირავების შემთხვევაში ტურისტს 50 ლარის გადახდა მოუწევს. ფასში არ შედის ჩაი ან ყავა. ჰოსტელში უფასო მხოლოდ ინტერნეტია.

ჰოსტელის მფლობელი მიიჩნევს, რომ სერვისის გასაუმჯობესებლად კარგი იქნებოდა მანქანების გაქირავების დამატებაც, თუმცა წლევანდელ სეზონზე ამის განხორციელებას ვერ ახერხებს.

„ტურისტები ძირითადად ევროპიდან გვყავს: პოლონეთი, უკრაინა, ლიტვა. იშვიათია, რომ ჰოსტელში ვიზიტორი ერთი კვირით დარჩეს. მათი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ნახონ. სურთ მეტი გასართობი იყოს, მოსწონთ ფესტივალები და ხალხური მუსიკა. განათებული ქალაქი და ანბანის კოშკი მოსწონთ. უკვირთ, რომ ღია არ არის და არ აქვთ შესაძლებლობა ავიდნენ კოშკზე და იქედან დაათვალიერონ ქალაქი. თუმცა ეს საკითხი მთავრობის მოსაგვარებელია და ჩვენ ვერ შევცვლით. გასულ წელთან შედარებით ამ დროისთვის ცოტა ნაკლებია ვიზიტორები, შესაძლებელია ეს იმით იყოს განპირობებული, რომ ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა“.

ჰოსტელი „პარადაისი“ ძველ ბათუმში მდებარეობს. აქ საწოლის ფასი 60 ლარია და მასში მხოლოდ საუზმე შედის. როგორც მეპატრონე ინესა ჟუმანავა ამბობს: „სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავს ტურისტები, თუმცა ყველაზე მეტი მაინც უკრაინიდანაა“. მისი თქმით, ტურისტთა რაოდენობა წელს ნაკლებია. 

იაგო კეჭეხმაძე საოჯახო ტიპის სასტუმრო „ალბატროსს“ ფლობს. ჰყავს როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ვიზიტორებიც. „უფრო მეტად უკრაინელები, რუსები და თურქები დადიან“. მეპატრონე ამბობს, რომ ფასებს მომხმარებლის გარეგნობის მიხედვით აწესებს: „გააჩნია, რამდენადაც მოწესრიგებულია კლიენტი, იმდენად დაბალი ფასია“. იაგო კეჭეხმაძე „მოწესრიგებულ“ კლიენტში გულისხმობს: „წყნარი, სუფთად ჩაცმული და განათლებული კაცის შეხედულება რომ აქვს. მირჩევნია ნაკლები გადავახდევინო, ვიდრე მთვრალი და გაუპარსავი შევუშვა“.

სასტუმროში ერთი ღამე ასი, ასორმოცდაათი და ოთხმოცი ლარიც ღირს. ასლარიან ნომერში „მხოლოდ ყავა, ჩაი, სისუფთავე და სიწყნარე შედის“. „გავაუმჯობესებდი სერვისს, მაგრამ არ არის საკმარისი ფინანსები“, – ამბობს მეპატრონე.

რუსუდან ჭიჭინაძე ჰოსტელ „გლობუსის“ მენეჯერი და მფლობელია. ჰოსტელის სერვისში სამზარეულოთი სარგებლობა, სარეცხი მანქანა, ჩაი, ყავა და უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა შედის. „20 და 25-ლარიან სერვისში ეს ყველაფერი შედის, უბრალოდ, იქ ოთახებია სხვადასხვანაირი და ფასს ეს განსაზღვრავს. მინდა დავამატო ახალი სერვისი, „ჯეოსელში“ ვიყავი და ვთხოვე თუკი ექნებათ უფასო ნომრების აქცია, გვინდა ავიღოთ ეს ნომრები და უცხოელებს დავურიგოთ, რომ ტელეფონით სარგებლობა შეძლონ“.

რუსუდან ჭიჭინაძე ამბობს, რომ ამაზე მეტს ვიზიტორები არც ითხოვენ, რადგან იციან, რომ ჰოსტელის მომსახურება ამაზე მეტი არ არის. „ძირითადად ევროპელები სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით, თბილისიდან იშვიათად ჩამოდიან, იმ შემთხვევაში, თუკი სამსახურიდან მოდიან მივლინებით ან ერთი ღამის გათევა უნდათ,. დაგვემატა უკრაინა, პოლონეთი და რუსეთი. გვყავდა ფრანგები და თურქებიც“.

მენეჯერის შეფასებით, შარშან ივნისი გაცილებით დატვირთული იყო ვიზიტორებით, ვიდრე წელს. „ვნახოთ, რა იქნება წელს. ჩვენი ძირითადი დატვირთვა იყო უცხოელი პედაგოგები, რომლებიც კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ წავიდნენ და ესეც არის თვალშისაცემი“.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ წელს სასტუმროებისა და „გესტ ჰაუსების“ რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. „15-მდე გესტ ჰაუსი და ამდენივე სასტუმრო სახლი გაიხსნა რეგიონის მასშტაბით, სადაც ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. იანვრიდან დღემდე გახსნილია ათი ახალი სასტუმროც, რაც ნიშნავს 250 სასტუმრო ოთახს. გესტ ჰაუსების ზრდა მაჩვენებელია იმის, რომ საშუალო სეგმენტიც ვითარდება“.

750 კილომეტრი წამლის ასაღებად

 

 

საქართველოში დაახლოებით ორასი თირკმელგადანერგილი პაციენტი ცხოვრობს, რომლებსაც ყოველდღიურად იმუნოსუპრესიული, ანუ იმუნიტეტის დამწევი მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა ესაჭიროებათ. წამლის თუნდაც ერთი მიღების გამოტოვების შემთხვევაში, ორგანიზმმა შეიძლება ტრანსპლანტატი მოიცილოს. ამ მედიკამენტებს პაციენტები სახელმწიფოსგან უფასოდ იღებენ, თუმცა მათ მისაღებად რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს ყოველთვიურად თბილისში უწევთ ჩასვლა.

 

აჭარაში თირკმელგადანერგილთა საერთო რაოდენობის 15-პროცენტი, ანუ დაახლოებით 30 პაციენტი ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანის დედა, ამბობს, რომ ყოველთვიურად წამლის 30-დღიანი მარაგის ჩამოსატანად სხვა ქალაქში სიარული ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. „რადგან ვიცი, რომ აუცილებლად წასასვლელი ვარ, ყოველ ლარს ვუფრთხილდები, ყველაფერზე დანაზოგს ვაკეთებ, რომ იქ ჩავიდე და წამალი ჩამოვიტანო“, – ამბობს ის.

 

 

ერთ-ერთი პაციენტის დედის თქმით, მათ ჯანდაცვის სამინისტროს ერთხელ უკვე მიმართეს მედიკამენტების რეგიონში გამოგზავნის თხოვნით, რაზეც ერთჯერადად მიიღეს კიდეც დახმარება, თუმცა თხოვნა აფთიაქიდან წამლის რამდენიმე თვის მარაგის ერთად გამოტანაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

 

გარდა გზის ხარჯისა, მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ პაციენტს, წამლის წინასწარ (28 დღეზე ადრე) გამოტანა არ შეუძლია. ამ სპეციფიკური მედიკამენტების ნაწილი საქართველოს აფთიაქებში არ იყიდება, ხოლო ისინი, რომელთა შეძენაც საქართველოშია შესაძლებელი, მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში, რამდენიმე აფთიაქში, საკმაოდ ძვირად იყიდება – ერთი კოლოფის ფასი 300 ლარია.

 

 

იშვიათად, მაგრამ ისეც ხდება, რომ სისტემაში ხარვეზების გამო სპეციალიზებულ აფთიაქში კონკრეტული წამლის მარაგი უთავდება და პაციენტი იძულებულია წამალი თავისით მოიძიოს.

 

 

სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა სულ ხუთ სფეროს მოიცავს, რომლითაც დიაბეტით დაავადებული, იშვიათი დაავადების მქონე პაციენტები, თირკმელგადანერგილები და ნარკოდამოკიდებულები სარგებლობენ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, ეკატერინე ადამიას თქმით, გარდა იმუნოსუპრესიული მედიკამენტებისა, დიაბეტით დაავადებული პაციენტების ორი დასახელების მედიკამენტი მხოლოდ თბილისში გაიცემა.

 

 

რატომ ვერ ხერხდება პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების გაცემა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც ჯანდაცვის სამინისტროც არის? ეკატერინე ადამიას თქმით, ზოგიერთი სპეციფიკური მედიკამენტის რეგიონებში, კერძოდ ბათუმში გადმოგზავნა რამდენიმე ფაქტორის გამო ვერ ხერხდება. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პაციენტების სიმცირეა, რის გამოც აფთიაქებს, რომლებთანაც სამინისტროს კონტრაქტი აქვს გაფორმებული, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მედიკამენტების გადატანა არ უღირთ.

 

 

გარდა ამისა, ეკატერინე ადამიას თქმით, ასეთ პაციენტებს თბილისში ექიმთან კონსულტაციაზე მაინც უწევთ სისტემატურად სიარული და მისი ვარაუდით წამლის გატანა, მათთვის ზედმეტ სირთულეებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.

 

 

„ჩვენ კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული აფთიაქთან, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს ამ მედიკამენტების მოძრაობას და მას გარკვეული პირობებიც აქვს, მაგალითად, დიაბეტის პროგრამის ფარგლებში მას დიდი რაოდენობით ინსულინი ჩააქვს ყველა რაიონში. შეიძლება ცუდად გამომივიდეს ნათქვამი, მაგრამ მთელი ბიზნესპროცესი აწყობილია იმ თემაზე, რომ თუ ორი კოლოფია წასაღები, ეს შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეთ მათ და რეალურად არ უღირდეთ მათი წაღება“, – ამბობს ეკატერინე ადამია.

 

 

საქართველოს ტრანსპლატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის ქრისტინე ალხაზოვის თქმით, თირკმელგადანერგილი პაციენტებისთვის ყველა იმუნოსუპრესია (იმუნიტეტის დამაქვეითებელი მედიკამენტი) მხოლოდ თბილისში გაიცემა.

 

 

„წარმოიდგინეთ, პაციენტი ცხოვრობს ერთგან და ყოველ თვეში აუცილებლად უნდა ჩავიდეს სხვა ქალაქში წამლისთვის. ნათესავიც რომ მოვიდეს და შემდეგ მიკროავტობუსით გადაუგზავნოს ეს წამალი, მაინც უამრავ დისკომფორტთანაა დაკავშირებული ეს ყველაფერი“, – ამბობს ქრისტინე ალხაზოვი. ის მიიჩნევს, რომ წამლების რეგიონებში მიწოდება შესაძლებელია, ოღონდ საამისოდ პაციენტები უნდა მოგროვდნენ და დაწერონ განცხადება საერთო სახელით, ამის საფუძველზე კი გამოითვლება, რამდენი იმუნოსუპრეცია ესაჭიროებათ მათ და შემდეგ ეს რაოდენობა გადაიგზავნება კონკრეტულ რეგიონებში.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პაციენტებმა მათ ამ პრობლემაზე განცხადებით უნდა მიმართონ, მაგრამ ვინაიდან ეს სახელმწიფო პროგრამაა, მათ შეუძლიათ მხოლოდ უშუამდგომლონ პაციენტების განცხადებას და ის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გადაგზავნონ. გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე სწორედ მათი პრეროგატივაა. 

 

9 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

 

მოსამართლემ საქმის არსებითი განხილვა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც მან ბოდიში მოიხადა. „ბოდიშს გიხდით  დაგვიანებისთვის“ – უთხრა დარბაზში მყოფებს მოსამართლე კიკილაშვილმა.

 

 

მოსამართლემ სასამართლო პროცესი იმის გამო დახურა, რომ დაზარალებული არასრულწლოვანია. სხდომის დახურვის თხოვნით პროკურორმა შოთა ხორავამ იშუამდგომლა, რომელსაც ბრალდებულის ადვოკატი პაატა ნაკაიძე ნაწილობრივ დაეთანხმა. ადვოკატმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს სხდომის დახურვას, თუმცა იმ ნაწილში, სადაც დაზარალებული და მოწმეები დაიკითხებიან. „მომავალი სხდომები დავხუროთ ახლა კი ოჯახის წევრებს მივცეთ უფლება დაესწრონ სასამართლო პროცესს“, – განმარტა ადვოკატმა.

 

აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასა და წინასასამართლო სხდომას ბრალდებულის ცოლი, შვილი და ნათესავები ესწრებოდნენ. 

 

ბრალდებული 76 წლისაა და ის ბათუმში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მას 9 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, რომელიც მისი მეზობელი იყო, გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დამყარება ედება ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წინასწარპატიმრობაში მყოფს თხუთმეტიდან ოც წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ივნისში საქართველოს საზღვარი თურქეთის 141 285-მა მოქალაქემ გადმოკვეთა – ვიზიტორთა სტატისტიკა

 

2014 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 2 243 362 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს. მათგან:

 

ტურისტი – 864 193 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,7%);

 

ტრანზიტი – 406 915 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 18,1%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3%);

 

სხვა – 972 254 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,4%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -0,2%).

 

2014 წლის ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოვიდა.

 

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორთა სიმრავლით გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ავსტრია, იტალია და ლატვია, შუა აზიის ქვეყნებიდან კი ყაზახეთი.

 

ტუალეტების დეფიციტი ტურისტულ ქალაქში

ქალაქში, სადაც 170 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ ათი საზოგადოებრივი ტუალეტია, რომელთა უმეტესობაც ბულვარის ტერიტორიაზე და სანაპირო ზოლშია განთავსებული. ქალაქის დანარჩენ ნაწილში ტუალეტის ფუნქციას ხეები, მიტოვებული  შენობები, მშენებარე სახლები და სხვა ადგილები ასრულებენ.

ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, გიორგი ბაღოშვილის თქმით, ბულვარის ტერიტორიაზე შვიდი საზოგადოებრივი ტუალეტია –  ცენტრალურ ბულვარში, კაფე-ბარ ტყუპებთან; დიმიტრი თავდადებულის ქუჩის გაყოლებაზე, ჩოგბურთის კორტებთან; საზაფხულო თეატრთან; მელიქიშვილის ქუჩის გაყოლებაზე, უნივერსიტეტთან; დელფინარიუმის წინ, სკვერში და ორი, შუშის ტუალეტი ბულვარის დასაწყისსა და ბოლოში – ერთი პარაბელურ ბორბალთან, მეორე კი ახალ ბულვარში. შუშის ორივე საპირფარეშო ბულვარის ბალანსზეა და ამჟამად მათით სარგებლობა უფასოა, თუმცა, გიორგი ბაღოშვილის თქმით, რამდენიმე დღეში დასრულდება გამოცხადებული ტენდერი, რის შემდეგაც შუშის ორივე ტუალეტი ფასიანი გახდება.

საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობა 50 თეთრი ღირს, მათი უმეტესობა დილით ადრე იხსნება და საშუალოდ ღამის სამ საათამდე მუშაობს. ზღვისპირა პარკის ერთ-ერთ საზოგადოებრივ საპირფარეშოში მომუშავე ნარგიზ მახარაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ ტუალეტზე მოთხოვნა მაღალია, მათთან დღეში, საშუალოდ, 300 ადამიანი შედის. ბულვარის კიდევ ერთ საზოგადოებრივ საპირფარეშოში მომუშავე მირანდა მალაყმაძე ამბობს, რომ მათთან ყველაზე ცოტა 200 ადამიანი  შედის ყოველ დღე და კლიენტების სიმრავლის გამო ზოგჯერ ღამის ოთხ საათამდეც კი უწევთ მუშაობა.

შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მერაბ დიასამიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტუალეტების არასაკმარისი რაოდენობა დიდი პრობლემაა ტურისტული ქალაქისთვის. „ამის გამო დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას მთელი რიგი შეზღუდვები და პრობლემები ექმნებათ“, – ამბობს ის.

ის, თუ რამდენად სერიოზული პრობლემაა ტურისტებისთვის საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობა ქალაქში, ყველაზე კარგად კაფეებსა და რესტორნებში ჩანს, რადგანაც ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ტურისტები სწორედ ამ ადგილებს მიმართავენ. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელისა და  „პრესკაფეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის  ასლან ჭანიძის თქმით, კაფეს საპირფარეშოთი სარგებლობის თხოვნით მათ დღეში არაერთი ტურისტი აკითხავს. „ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან, თუმცა რამდენჯერმე ქართველ ტურისტებსაც მოუყვანიათ ბავშვები. თხოვნაზე უარს ვერ ვეუბნებით ადამიანს, უხერხულია, თუმცა ყველა კაფეში ამის უფლებას არ იძლევიან“, – ამბობს ის. ასლან ჭანიძის თქმით, ტურისტისთვის, რომელმაც არ იცის ქართული ენა, ძალიან რთულია ტუალეტის მიგნება იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქში არანაირი ნიშანი არ არის, თუ სად და რამდენ კილომეტრშია საპირფარეშო.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ თვითმმართველობის დონეზე მოსახლეობისა და საპირფარეშოების რაოდენობის თანაფარდობის სტანდარტები გაწერილი არ არის. ასეთი ნორმატივები არც ბულვარის ადმინისტრაციას აქვს, თუმცა გია ბაღოშვილის თქმით, ვიზიტორთა სიმრავლის გამო მომავალ წელს ბათუმის ბულვარს კიდევ ერთი  საზოგადოებრივი ტუალეტი შეემატება. „იგი ბულვარის ცენტრში, პულტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება, რადგანაც იქ ძალიან ინტენსიური მოძრაობაა“, – ამბობს გიორგი ბაღოშვილი.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, თვითმმართველობა უახლოეს მომავალში ქალაქის ტერიტორიაზე ახალი საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობას არ გეგმავს.

ტროტუარი პუშკინის ქუჩაზე – ირღვევა თუ არა ფეხით მოსიარულეთა უფლებები?

 

 

 

 

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გოჩა ძნელაძის განცხადებით მოვაჭრეებს ქვეითად მოსიარულეთა სავალი ნაწილის დაკავების უფლება არ აქვთ.  „ეს ითვლება გარევაჭრობად და სიტუაციას არეგულირებს პატრული. საკითხი რეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით “.   

 

 

გოჩა ძნელაძის თქმით, მონაჭრეების ნაწილს აქვთ გარევაჭრობაზე ნებართვა, ნაწილი კი, ვისაც მსგავსი ნებართვა არ აქვს, პოლიციამ უნდა დააჯარიმოს.

 

 

„თუ ტროტუარი მთლიანად იზღუდება, მაშინ ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს. თუ ავტომანქანები დგას ტროტუარზე, ესეც პატრულმა უნდა გააკონტროლოს ან პარკირების სამსახურმა, ამაზე ნებართვა არ გაიცემა“- აცხადებს გოჩა ძნელაძე.

 

 

შს სამინისტროს პრესსამსახურში კი აცხადებენ: „აღნიშნულთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიცია მუდმივად ატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“.    

 

 

   

დავით ბაციკაძე: „ნაციონალური მოძრაობა” სერიოზული პრობლემების შექმნას აპირებს“

 

 

 

„სერიოზულად ემზადებიან და აპირებენ პრობლემები შექმნან უბნებზე. ამას ის ფაქტი გვაფიქრებინებს რომ წინა არჩევნების დროს, ოთხ უბანზე ჩვენი კომისიის წევრებს დისციპლინარული სასჯელები დაეკისრათ და დამკვირვებელთა თხოვნა იყო, რომ განმეორებით ტურში ეს ადამიანები აღარ დაგვენიშნა, რადგან მათ გადაცდომები ჰქონდათ. კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება და შეცვალა ყველა ამ უბანზე კომისიის წევრები. მხოლოდ ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა „რესპუბლიკელების“ მიერ წარდგენილი სამი კანდიდატის შეცვლა.  ნაციონალურმა მოძრაობამ კი არ გამოცვალა კომისიის წევრები“ – აცხადებს დავით ბაციკაძე

 

 

პრობლემურ უბნებად დავით ბაციკაძე  30-ე, 4-ე, 76-ე და 36-ე უბნებს ასახელებს: „ამასთან ერთად, 61-ე უბანზე იყო ყველაზე სერიოზული დარღვევა, სადაც მონაწილეობდნენ  „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, კომისიის წევრები დედა-შვილი, რომელთაც ყველაზე მძიმე სასჯელი ჰქონდათ დაკისრებული.  სასჯელების მიუხედავად, ეს პირები მაინც წარადგინეს განმეორებით არჩევნებზე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნების დღეს, სერიოზული პრობლემების შექმნას შეეცდება“.

 

დავით ბავიკაძის განცხადებით, 61-ე უბანზე ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრმა, ნინო მჟავანაძემ იმ დონეზე  შეაფერხა  საარჩევნო პროცესი რომ კომისიის თავმჯდომარე ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 

 

„მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, რომ სასწრაფოდ გაიწვიონ  კომისიის ის წევრები, რომლებიც ამ უბნებზე ჰყავთ წარდგენილი“ – განაცხადა დავით ბაციკაძემ. 

საფრანგეთის სამხედრო ხომალდი ბათუმში

 

 

საფრანგეთის სამხედრო გემის დელეგაციის შეხვედრა ბათუმის მერიაში

 

გემის მეთაურმა ტომას ფრაიოლმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის სამხედრო გემი ყოველწლიურად შემოდის საქართველოში.

 

 „ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის“ – აღნიშნა ტომას ფრაიოლმა.

 

საფრანგეთის სამხედრო ატაშეს, ვიცე პოლკოვიკ ანდრე ევრარის თქმით, საფრანგეთის სამხერდო გემი მესამედ იმყოფება საქართველოში და 18 ივლისს „სურკუფი“ კიდევ ერთხელ ეწვევა ბათუმს.

 

ტომას ფრაიოლი, ანდრე ევრარი და რუსლან ქორიძე

 

„სურკუფი“ 12 ივლისს გაემგზავრება ბათუმის პორტიდან, მანამდე კი ვიზიტის ფარგელბში დაგეგმილია ერთობლივი წვრთნების ჩატარება, რაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით მეზღვაუერებს პროფესიონალიზმის ამაღელებაში დაეხმარება.

 

ფრანგული სამხედრო გემი „სურკუფი“ ბათუმის პორტში დღეს დილით შემოვიდა. სამხედრო  გემის ეკიპაჟს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის დაცვის დეპარტამენტისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ფრანგული ფრეგატის ეკიპაჟის წევრებსა და სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის ფეხბურთში ამხანაგური მატჩის გამართვა, 10 ივლისს კი,„სურკუფზე“ ოფიციალური მიღება მოეწყობა.

 

საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის სამხედრო ფრეგატი SURCOUF

100 წელს გადაცილებულ მოქალაქეს 1000 ლარი გადაეცა

 

 

ნაქიფე დავითაძე ოჯახთან ერთად

 

 

 

უხუცეს ქალბატონს იუბილე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მიულოცეს. ნაქიფე დავითაძეს 5 შვილი, 25 შვილიშვილი, 8 შვილთაშვილი ჰყავს.

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს 500 ლარი გადაეცემოდათ, წელს თანხის ოდენობა გაიზარდა და იგი 1 000 ლარს შეადგენს. აჭარაში დღეისათვის 100 წელს გადაცილებული 60 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე უხუცესი სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრები 114 წლის სოფიო მიქელაძეა. 

ქობულეთის გამგებლობის კანდიდატი კონკურენტს დებატებში იწვევს

 

 

„სულხან ევგენიძე თამაზაშვილის ახლო ნათესავია და ბოლოს მუშაობდა შს სამმართველოში, ამიტომ  ყველა ძალოვანი სტრუქტურა ჩაბმულია საარჩევნო პროცესში სულხან ევგენიძის დასახმარებლად“- აცხადებს რეზო ხარაზი, კითხვაზე – რა ფორმით, კანდიდატი ამბობს, რომ ამაზე დაზუსტებულ ინფორმაციას მედიას მოგვიანებით მიწვდის. 

 

„მინდა დებატებში გამოვიწვიო „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რომ გასცეს ყველა იმ შეკითხვას პასუხი, რომელიც მოსახლეობაში არსებობს. მე მზად ვარ კითხვებს ვუპასუხო. მაქვს კითხვები იპოთეკასთან, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ორი წელია ვერ მოაწესრიგეს. როცა ისინი საუბრობენ ჩვენი პარტიის ცხრაწლიან პერიოდზე, მე მაინტერესებს, აქვს თუ არა პასუხი ჩემს კონკურენტს, „ენერგო პრო-ჯორჯიაში“ მისი მუშაობის ცხრა წლიან პერიოდზე, როცა რამდენიმე თეთრი დავალიანების გამო, მოსახლეობას შუქს უჭრიდნენ“ – აცხადებს რეზო ხარაზი.

 

როზო ხარაზი საუბრობს არჩევნების შემდეგ საკადრო პოლიტიკაზეც:  „თვითმმართველობის ახალი კანონის მიხედვით, გამგებელს უფლება აქვს გაათავისუფლოს და დანიშნოს თანამშრომლები,  მინდა მისგან მოვისმინო, აპირებს თუ არა „ქართული ოცნების“ კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში გაათავისუფლოს ძველი კადრები და მოიყვანოს მისი პარტიის აქტივისტები კონკურსის გარეშე“.

 

რეზო ხარაძის განცხადებით  კონკურენტი ადმინისტრაციული რესურსითაც სარგებლობს: „საგზაო  დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, ოცნების აქტივისტებთან ერთად ყოველდღე დარბიან და ასწორებენ გზებს. ჩვენც გვქონდა წინა წლებში მსგავსი პრაქტიკა, მაგრამ არ იმუშავა ამან. მოსახლეობას სჭირდება კონკრეტული პროგრამები და პროექტები“- აცხადებს ის.

 

სამედიცინო კორპორაცია ევექსის მემორანდუმი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

 

ქუთაისის ტრენინგცენტრი სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ აკადემიური ნაწილია, რომლის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების განვითარებას. გამომდინარე აქედან, თანამშრომლობა მოიცავს საქმიანობის მრავალ სპექტრს, მაგრამ უპირველესად ითვალისწინებს უნივერსიტეტის სტუდენტების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად მომზადებას, მათი პიროვნული პოტენციალის რეალიზაციას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. მემორანდუმის თანახმად მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ აუცილებლად ჩაატარებენ ერთობლივ სემინარებს, ტრენინგებსა და კონფერენციებს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში დარგის განვითარებას.

 

 

 

გიორგი ფხაკაძე, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სტრატეგიისა და განვითარების მიმართულებით: „რეგიონის ყველა რაიონში არის ჩვენი კორპორაციის მმართველობის ქვეშ საავადმყოფო. შესაბამისად, მემორანდუმი არის საშუალება, ჩვენმა თანამშრომლებმა მიიღონ უწყვეტი სამედიცინო განათლება უნივერსიტეტთან ერთად. აქ გვექნება როგორც უმაღლესი დონის სამედიცინო სასწავლო, ასევე სტაჟირების პროგრამები. რაც მთავარია, ეს იქნება უფრო ღრმა და ეფექტური თანამშრომლობა უნივერსიტეტსა და სამედიცინო კორპორაციას შორის. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც  კორპორაცია „ევექსი“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნის სიმულაციის ოთახს საერთაშორისო აღჭურვილი ლაბორატორიებით, რაც იქნება  უმაღლესი საშუალება, ჩვენმა თანამშრომლებმა მიიღონ საჭირო სამედიცინო განათლება.“

 

 

„საექთნო პროგრამა“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც უკვე ახორციელებს ქუთაისის ტრენინგცენტრი; შემდეგი იქნება ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. მემორანდუმის თანახმად, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველა ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

 

 

„ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ საქართველოში მოქმედ ყველაზე დიდ „სამედიცინო კორპორაცია ევექსთან~, რომელიც წარმატებულია ქვეყანაში სამედიცინო ინოვაციებითა და სერვისების თვალთახედვით. ახალი მემორანდუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტისთვის, რადგან ის ითვალისწინებს არა მხოლოდ თანამშრომლობას პროფესორ მასწავლებელთა დონეზე, არამედ ჩვენი სტუდენტების სტაჟირებას ქუთაისის ტრენინგცენტრში. უნდა ითქვას, რომ ჩვენს უნივერსიტეტში მოეწყო ანალოგიური ტრენინგცენტრი და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საკითხში „ევექსის“ გამოცდილების გაზიარება, როგორც სტუდენტების, ასევე კურსდამთავრებულთა ერთობლივად მომზადების თვალსაზრისით. ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენს რეგიონში სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის“, – განაცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ.

 

 

ქუთაისის ტრენინგცენტრის დირექტორის გიორგი ბერაიას თქმით: „მემორანდუმი ემსახურება თანამშრომლობას, რომლის საბოლოო მიზანია ახალგაზრდა თაობის, სტუდენტების ან თუნდაც კორპორაციის ქსელში დასაქმებული და გადამზადებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლება. სწორედ ეს შეთანხმება იქნება მოსამზადებელი, საბაზისო ელემენტი, რომ საბოლოოდ  ბათუმის უნივერსიტეტის  სტუდენტები თუ კურსდამთავრებულები დასაქმდებიან „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“  საავადმყოფოების ქსელში“.

 

 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ საქართველოში უმსხვილეს ჰოსპიტალურ ქსელს ფლობს, რომელიც ქვეყნის 6 რეგიონში 36 კლინიკას აერთიანებს და ჯამში 10 000 ადამიანზე მეტი ჰყავს დასაქმებული. კორპორაციის ბიზნესსტრატეგია და უმთავრესი მიზანია თითოეულ რეგიონს შესთავაზოს პაციენტზე მორგებული სამედიცინო მომსახურება. სწორედ ამ მიზნით ინერგება მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მუდმივად ზრუნავენ სამედიცინო პერსონალის განათლებასა და კვალიფიკაციაზე  და რაც ყველაზე მთავარია, სრული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე პირს.

 

 

‘ტელეფონის ნომერი ცნობილია, პოლიცია კი არ რეაგირებს’

 

„ერთხელ მოვიდა მხოლოდ პოლიცია დასაკითხად რომ ვალი მოეხადა, ამის შემდეგ არავინ მოსულა და არც არაფერს აკეთებენ. მათ არ აქვთ თანამშრომლობის სურვილი. მე-16 დღეა ამ ფაქტიდან გასული და არავინ მოსულა დასაკითხად. არც ჩემი მეუღლე დაუკითხავთ, არც მე, არც მეზობლები. აქედან გამომდინარე, მე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად ვაპირებ პროკურატურაში შევიტანო სარჩელი და მოვითხოვო სრულყოფილი გამოძიება“ -აცხადებს ლევან ტეტემაძე.

 

 

ლევან ტეტემაძე ამბობს, რომ თავდამსხმელებიდან რამდენიმე მათგანის ამოცნობას შეძლებს, თუმცა ისინი მანამდე არასდროს უნახავს.

 

 

ცნობილია ტელეფონის ნომერი, რომლის მეშვეობითაც თავდასხმის დღეს მას უკავშირდებოდნენ, თუმცა „ბილაინის“ ოფისი ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობს.

 

 

„ტელეფონის ნომერი ცნობილია, პოლიცია კი არ რეაგირებს. ამ ნომრის შესახებ ინფორმაცია პოლიციას  შემთხვევიდან ხუთი წუთის შემდეგაც ჰქონდა. ნომერი ეკუთვნის „ბილაინის“ დილერს და მის სახელზეა რეგისტრირებული, ნომრებს ის გარკვეულ პირებს აძლევდა. ამონაწერის გაკეთებაზე კი „ბილაინის“ ოფისში მას უარი უთხრეს, რადგან  აკრძალული გვაქვსო.  რა უნდა ვიფიქროთ ამის შემდეგ? ასევე პოლიციას აქვს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული უამრავი  კადრი, რომელიც დამონტაჟებულია საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევა მოხდა. ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით პოლიციაში და დარწმუნებული ვართ, მათ იციან ვინ არის თავდამსხმელი, მაგრამ ზემოდან აქვთ ბრძანება, რომ არ გამოიძიონ“ – აცხადებს გიორგი კირთაძე.

 

 

მისი განცხადებით,  ბრძანება პოლიციის მაღალჩინოსნებისგან გაიცა:  „სავარაუდოდ ბრძანება თამაზაშვილი-ჭიკაიძე-ერმაკოვის მითითებით არის გაცემული, ცალსახად ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება ნაციონალური მოძრაობის წევრებზე, სხვა შემთხვევაში, თეორიულადაც წარმოუდგენელია შუა ქალაქში, დღისით, უამრავი ვიდეოთვალის თანდასწრებით ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო ადამიანი, გქონდეს ტელეფონის ნომერი და მაინც ვერ მოახდინო ამ პირების იდენტიფიკაცია. უფრო მეტიც, საუბარი მიდის იმ მუხლზე, რომლის მიხედვითაც დამნაშავეების დაკავების უფლება შესაბამის უწყებებს არ აქვთ, მუხლი მხოლოდ 400 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, მაშინ როცა ლევან ტეტემაძეს აქვს სერიოზული ტრავმები მიღებული სახეზე, ტვინის შერყევა-შეშუპება  და ამაზე არსებობს ექიმის დასკვნა“.

 

 

ლევან ტეტემაძე შვიდ ივნისს,  ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების:  გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და გიორგი ბარამაძიძესთან  რამდენიმე მოქალაქის დაპირისპირების დროს, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში მონაწილეობდა. გიორგი კირთაძის აზრით, სწორედ ამ მიზეზით მოხდა მასთან ანგარიშსწორება. 

 

 

საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ლევან ტეტემაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, „ყველა საჭირო ღონისძიება მიმდინარეობს, დამნაშავე პირების დასადგენად“. 

ჯვრები ქალაქში

 

ხშირ შემთხვევაში  სადენები მწყობრიდანაა გამოსული. მოუვლელია ჯვრის ირგვლივ არსებული ტერიტორიაც. მსგავსი ტენდენციაა ქალაქის სხვა უბნებშიც. ქუჩის თავში, ბოლოში, აივნებზე და სკვერებში აღმართული რკინის ჯვრები ყოველდღიურობად იქცა. ერთ-ერთი სახლის კედელზე პოსტერი გაუკრავთ დავით აღმაშენებლის გამოსახულებით და  წარწერით: „ქართველნო ერთად ღვთისაკენ!“. განსაზღვრავს თუ არა ჯვრების სიმრავლე ადამიანის რწმენის ხარისხს და რას უკავშირდება ჯვრების აღმართვის ასეთი მასშტაბური პროცესი ქვეყანაში?

 

„რაც მეტია ჯვარი, მით მეტია მადლი“, – გვეუბნება ნიკოლოზ ლატარია. მას მიაჩნია, რომ ჯვრების სიმრავლე ადამიანებს ღმერთთან აახლოებს: „შეიძლება და კარგია. ის ტერიტორია, სადაც ჯვარია, ნაკურთხია. Gაივლის ადამიანი, პირჯვარს გადაიწერს და ღმერთი გაახსენდება. ეკლესია კი სკვერშია და შეიძლება ვერ დაინახოს“. 

 

 

„ბათუმელების“ მიერ გამოკითხული ადამიანების ნაწილი, საჯარო სივრცეში განთავსებული ჯვრების შესახებ აზრს გამოხატავს, თუმცა საკუთარ ვინაობას ბოლომდე არ ამხელს. „მე მასწავლებელი ვარ და არ მინდა ჩემი გვარი დაწეროთ“, – გვეუბნება გულნაზი. მას მიაჩნია, რომ რკინის ჯვრები უნდა იდგეს და მასზე სახელმწიფო ანუ ქალაქის მერია უნდა ზრუნავდეს: „ჩემს ეზოში ბიზნესმენი ცხოვრობდა და იმან დადგა ჯვარი, თუმცა ღამით არ ანათებს. ასეთი სიმრავლეც არ მიმაჩნია სწორად. ერთ თითზე რომ უამრავ ბეჭედს აისხამ, იმას ჰგავს. ზედმეტობა გამოდის“.

 

გულიკოც ამ უბანში ცხოვრობს: „მე სხვა აღმსარებლობის ვარ, ამიტომ რკინის ჯვრებთან დაკავშირებით არ მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა. თუმცა, გული იმაზე შემტკივა და არ მომწონს, რომ ჯვრები მოუვლელია“.  

 

 

უბნის მცხოვრებთა ნაწილი ამბობს, რომ არ იციან ვინ ათავსებს რკინის ჯვრებს ქუჩაში: „ალბათ მერია. ასე არ არის?“; „ვისაც გაუხარდება, ის აკეთებს, რა ვიცი. თუმცა მადლია და კარგია, რომ დგას“, – ამბობს ოთარ მაღლაფერიძე.

 

როგორ უყურებს ქუჩაში ჯვრების აღმართვის პროცესს საქართველოს საპატრიარქო?

 

 

„დადებითად ვაფასებ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია ქვეყანაში და აქვთ სურვილი, რომ მათი სახლის სიახლოვეს იყოს ეკლესია. როცა სასულიერო პირს მიმართავენ და სთხოვენ, რომ აღმართოს ჯვარი, ეკლესია ამაში ეხმარება და ხელს უწყობს. ვერავითარ უხერხულობას მე ამაში ვერ ვხედავ“, –  აცხადებს საქართველოს პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი. 

 

 

ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიის რექტორი, თეოლოგი ზაზა კილაძე მიიჩნევს, რომ პროცესი, რომელიც საჯარო სივრცეში რკინის ჯვრების განთავსებას ეხება, ქაოტურია:  „მე ამას იცით რას ვადარებ? ერთი პერიოდი ჯინსები რომ შემოვიდა მოდაში და ადამიანები საჭმელს იკლებდნენ, ჯინსები რომ ეყიდათ და ჩაეცვათ, ინსტრუქციას არ უყურებდნენ, ქალს კაცის ეცვა, კაცს ქალის, დაახლოებით იგივე პროცესია“.

 

 

თეოლოგის აზრით, ეს მოდურობა ნაკლებმორწმუნეობის შედეგი უფროა, ვიდრე რწმენის: „ეს ხდება მაშინ, როცა  რწმენის ნაკლებობაა. როდესაც არ გწამს, ამ დროს სხვის ფეხის ხმას ხარ აყოლილი და იმას აკეთებ, რასაც სხვა. ჯვარი სამკაული გახდა, დაბნეულია განათებები, რელიგიური სიმბოლიკა კი არა, უფრო სანახაობისა და აქსესუარის სახეს იძენს.“

 

 

თეოლოგი მიიჩნევს, რომ სადაც ჯვარი დგას, იქ არ შეიძლება მანქანის პარკინგი იყოს. „ცხოველი ავიდეს, ალოკოს ან მოისაქმოს, ეს მომენტები ჩვენთან უმეტეს შემთხვევაში გათვალისწინებული არ არის. ხატები დაბრძანებულია თბილისშიც და სხვა ქალაქებში, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ჩამსხვრეულია მინა, მისასვლელი არ არის მოწყობილი, ზედ აზის ფრინველი და ათასი უბედურება. ჯვარი დგას, მივა ადამიანი ქაღალდს დააგდებს, ცელოფანს ჩამოკიდებს, ეს კარგია? ამ შემთხვევაში ურწმუნოების მიმანიშნებელია. მოდაშია ახლა, შემდეგ ნელ-ნელა მოიშლება. ეს ჯვრები თუ ხატები უყურადღებობით გაქრება, ისე როგორც ჯინსების ბუმი გაქრა“.

 

 

 

ზაზა კილაძე ჯვრებისა და ხატების საჯარო სივრცეში განთავსების პრობლემას ვერ ხედავს, მისთვის მთავარია ამ პროცესში კანონიკა იყოს დაცული: „საკულტო ნაგებობების ქუჩებში დადგმა არ არის მხოლოდ ქრისტიანული, ბუდას ქანდაკებებიც დგას და სხვა რელიგიებშიც მიღებულია. ძველი მილანი მთლიანად ხატებით არის მოფენილი, იერუსალიმი, რომი მთლიანად რელიგიური სიმბოლიკებია, მაგრამ იქ არის მოვლილი და პასუხისმგებლიანი ადამიანების ხელშია. ასეთ შემთხვევაში ეს არ აუფერულებს ხატს, ჯვარს ან რწმენას. გაუფერულება მის არაკანონიკურ მიდგომაშია და არა ჯვრების სიმრავლეში“.  

 

 

თეოლოგის აზრით, ჯვრების აღმართვის პროცესი ქაოტურად რომ არ მიმდინარეობდეს, ამისთვის მრევლის განათლებაა საჭირო: „ტყეშიც კი ვნახე ჯვარი აღმართული, სადაც მოუნდებათ, იქ დგამენ. რომ იკითხავ, ეს ვინ გააკეთა, უმრავლესობა ამბობს, რომ არ იცის. კულტურულად რომ მოხდეს, მრევლი, რომელიც დადის ტაძარში, მას უნდა უქადაგოს მოძღვარმა, საზოგადოებრივ ადგილებში რა შემთხვევაში შეიძლება ხატის დასვენება და როგორია ამის კანონიკა. ეს განმარტებული არ არის. ამიტომ აკეთებენ ადამიანები თვითნებურად, ზოგი მოდის გულისთვის, ზოგი მეზობელს ეჯიბრება“. 

 

 

ლაიფციგის უნივერსიტეტის დოქტორანტის, თეოლოგ ზურაბ ჯაშის მოსაზრებით,  ღვთისმსახურების საგნების საჯარო სივრცეში გადმოტანის მიზეზი საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეში უნდა ვეძებოთ.

 

 

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენი საზოგადოება დღემდე გარდამავალ პერიოდში იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევძელით საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული მენტალობისა და ღირებულებების შემცვლელი ახალი საზოგადოებრივი ცხოვრებისა და კულტურის შექმნა. სწორედ ეს, ჯერ არდასრულებული საზოგადოებრივი შემოქმედების პროცესი, აჩენს არასტაბილურობისა და დაუცველობის განცდას მოსახლეობაში, რასაც თან სდევს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. შედეგად, ბუნებრივია, ჩნდება მძაფრი მოთხოვნა სტაბილურობის, წესრიგისა და კეთილდღეობის, რისი მოცემაც დღეს მიწიერ, ადამიანურ ინსტიტუტებს არ შეუძლიათ და ხალხიც თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ზეციურ ინსტიტუტებში ეძებს.

 

 

როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ღირსეული დასაქმების საშუალება და მე არ ვიცი ხვალ რითი უნდა გამოვკვებო ჩემი შვილი, ერთადერთ იმედად ღვთის წყალობა მესახება; როდესაც ვინმე ჩადის ჩემი ან ჩემი ოჯახის წევრის წინაშე დანაშაულს და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლოში მივაღწევ სამართლიანობას და ის დასჯის დამნაშავეს, მე მხოლოდ ღმერთის სამართლიანობის მჯერა. ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობით აიხსნება ის მოვლენა, რომ ქუჩებში და საჯარო ადგილებზე გვხდება ამდენი ჯვარი და ხატი, შენდება უამრავი ეკლესია-მონასტერი. ეს ყველაფერი ექცევა იმ ზოგადი ტენდენციის ლოგიკაში, რომ საერო სუსტი ინსტიტუტები ჩანაცვლებულ იქნას სასულიეროთი.

 

ამ მოვლენის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევა საზოგადოების საკეთილდღეოდ შეიძლება იმ პირობით, თუ ეკლესიის მმართველი იერარქია კარგად გააცნობიერებს ამგვარი სრულიად მიწიერი პრობლემებით გამოწვეული რელიგიურობის არაქრისტიანულ ხასიათს და ეცდება მის გამოსწორებას.

 

ყოველი ქრისტიანი და, პირველ რიგში, სამღვდელოება მოვალეა ქრისტეს სიყვარული სიტყვითა და საქმით უქადაგოს  ქვეყანას და არა მხოლოდ რიტუალებით. მაგრამ დღეს რას ვხედავთ? ეკლესიის მმართველობა პრაქტიკულად არაფერს აკეთებს უმძიმეს მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი, სასოწარკვეთაში ჩავარდნილი მოსახლეობის დიდი ნაწილის დასახმარებლად, მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ბევრ თანხა იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც ივსება ისევ მოსახლეობიდან ამოღებული გადასახადებით. უფრო მეტიც, იშვიათად მოისმენთ ქადაგებაშიც კი მოწოდებას ერთმანეთის დახმარებისა და საზოგადოებრივი სოლიდარობისაკენ, რომელიც ასწავლიდა საზოგადოებას ერთმანეთისადმი უანგარო სიყვარულს და მხარდაჭერას და მოახდენდა ერის კონსოლიდაციას, სამოქალაქო თვითშეგნების გაძლიერებას.

 

 

ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა აღმსარებლობის ეკლესიის ხილვადობა საჯარო სივრცეში გაცილებით ნაკლებია საქართველოსთან შედარებით, მაგრამ ეს მათ სულაც არ უშლით ხელს, რომ გავლენა იქონიონ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. მათი გავლენის ბერკეტს წარმოადგენს არა იმდენად რიტუალები და რელიგიური სიმბოლოების წარმოჩენა, რამდენადაც სოციალური აქტიურობა. ეკლესიებთან არსებობს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ფონდი, რომლებიც აფინანსებენ სოციალურად დაუცველი პირების თავშესაფრებს, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საბავშვო ბაღებს და ა.შ. ვფიქრობ, საქართველოში სწორედ ამგვარი საქმიანობის გაშლა აუცილებლად ხელს შეუწყობს როგორც თვითონ ეკლესიის ნამდვილი ბუნების წარმოჩენას, ასევე, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებას“.  

“თხრობითი პერფონმანსები” დასრულდა

 

 

თხრობითი პერფორმანსების ფესტივალი“ 6 ივნისს დაიწყოდა 5 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

ყოველკვირეულად, „დემოკრატიის მთხრობელთა დასის“ წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები (7 გუნდი, თითოეულში 5 წევრი), მათ მიერ მიძიებულ და დამუშავებულ დემოკრატიის ისტორიებზე წარმოადგენდნენ თხრობით პერფომანსებს. ფესტივალს ჰყავდა ჟიური, რომელიც ყოველკვირეულად იცვლებოდა და დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ადამიანებისგან,  „დემოკრატიის მთხრობელთა დასში“ გაწევრიანებულნი არიან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ახალგაზრდა, რომელთაც გაიარეს „დემოკრატიის მთხრობელთა სკოლის ტრენინგ-კურსები.

 

 ფესტივალის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.

 

ისინი მოგვითხრობენ დემოკრატიაზე

 

„თხრობითი პერფორმანსების ფესტივალი და ზოგადად, ეს პროექტი ჩემთვის აღმოჩნდა ერთგვარი გზა და შესაძლებლობა ხმამაღლა მესაუბრა პრობლემაზე, რომელიც მე მაწუხებდა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მე დავინახე, მარტო არ ვარ,” _ ამბობს ირმა დიმიტრაძე, „თხრობითი პერფორმანსების” საორგანიზაციო გუნდის წევრი და ერთ-ერთი მთხრობელი.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ” – ამ თემით წარადგინა ირმამ თავისი ისტორია ერთ-ერთ პერფორმანსზე. ირმას ისტორია, რომელშიც ის რელიგიურ პრობლემატიკაზე საუბრობდა, განხილვის საგანი გახდა.
„სთორითელინგი – ეს არის მიმდინარეობა, კონკრეტული ისტორიების დახმარებით ადამიანები ადამიანურ, გასაგებ ენაზე საუბრობენ და ჰყვებიან ისტორიებს, მაგალითებს დემოკრატიის, დემოკრატიული ღირებულებების შესახებ,” _ ამბობს ციალა ქათამიძე, ასოციაცია „ბორჯღალის” აღმასრულებელი დირექტორი.

 

მთხრობელთა დასი მიმდინარე წლის მარტში, სწორედ ორგანიზაცია “ბორჯღალის” ინიციატივით დაფუძნდა, „თხრობითი პერფორმანსები” კი ფონდ `ღია საზოგადოება საქართველოს~ მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტის „დემოკრატიის ისტორიები სამოქალაქო ცნობიერებისათვის~ ფარგლებში იმართება. დასი აერთიანებს 50 ახალგაზრდას, რომლებმაც მთხრობელთა სკოლის ტრენინგკურსები გაიარეს. მოგვიანებით კი თითოეული მათგანი თხრობით პერფორმანსებზე თავიანთი ისტორიით წარსდგა.
„ამ პერფორმანსებმა მე პირადად მომცა საშუალება, რომ ის, რაზეც ვფიქრობდი, მომწონდა და ვავრცელებდი ოთხ-ხუთ მეგობარში, ახლა უფრო ფართო აუდიტორიისთვის მეჩვენებინა. რაც გავაკეთე კიდეც დღეს,“ _ ამბობს ნინო ჩხაიძე, თხრობითი პერფორმანსების ერთ-ერთი მონაწილე.

 

 

„ეს ფესტივალი მოვაწყვეთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ასევე შეჯიბრებითობის პრინციპით დაუმტკიცონ ერთმანეთს, რამდენად აქვთ შესაძლებლობები და მიიღონ კომპეტენტური შენიშვნები ჟიურის წევრებისგან. ამ ისტორიებით გვინდა მოვუთხროთ მუნიციპალიტეტებში, ბათუმში მცხოვრებ ადამიანებს, რამდენად მნიშვნელოვანია ის ისტორიები, რომლითაც უნდა აიგოს ჩვენი ქართული სახელმწიფოს განვითარება,” _ ამბობს ციალა ქათამიძე.

 

მისივე თქმით ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული თხრობითი პერფომანსებისგან შეარჩევენ სამოქალაქო აქტივიზმისა და დემოკრატიული იდეალებისათვის ბრძოლის ამსახველ 10 საუკეთესო ისტორიას, რომლებსაც ჩაწერენ ვიდეორგოლების სახით და აჩვენებენ აჭარის ტელევიზიის ეთერით.

 

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

 

აქციის მონაწილეები  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებას აპროტესტებენ .

 

აქციაზე იმყოფება რამაზ სურმანიძე-ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეული დეპუტატი  პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი.

 

აქციაზე სიტყვით გამოვიდა პოეტი ვახტანგ ღლონტი, რომელიც ბათუმის   საკრებულოს  ყოფილი თავმჯდომარის გიორგი კირთაძისა და მოქმედი თავმჯდომარის – ირაკლი ჩავლეიშვილის მრჩეველია.

 

ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს მოუწოდებენ გააუქმოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც გაუქმდა პარლამენტის გადაწყვეტილება  და ნებისმიერ  მოქალაქეს აქვს უფლება შეიძინოს მიწა საქართველოში.

 

 

საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის წინააღმდეგ

 

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და  ლევან როსტომაშვილი  საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შეცვლას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ რომ ეს მუხლი დისკრიმინაციულია.

 

 შრომის კოდექსის ამ მუხლის თანახმად,   სპეციალური რეჟიმის მქონე საწარმოებში თანამშრომელთა სამუშაო დრო 48 საათია.   ჩვეულებრივ სამუშაო დრო კი  40 საათი. სახანძრო, საგანგებო, სამაშველო და სხვა მსგავს სამსახურებში   კვირის განმავლობაში სამუშაო განაკვეთი 48 საათი გამოდის. 

მოსარჩელეების განმარტებით,მათი  სამუშაო განაკვეთი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოშ საქმსი არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ექსკურსია ბათუმში ორსართულიანი ავტობუსით

 

 

ტური ჩაწერილია სამ ენაზე: ინგლისური, თურქული და რუსული. უახლოეს მომავალში ტურები ქართულ და უკრაინულ ენებზეც დაემატება. საექსკურსიო ტური ბათუმის მთელ ტერიოტორიაზე მოეწყობა.

ავტობუსი სასტუმრო რედისონის ტერიტორიიდან გავა  ყოველ ერთ საათში, ბილეთის ფასი 20 ლარია, ბავშვებისთვის 15 ლარი.

  

Open Batumi უკრაინული Open Kiev-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2010 წლიდან არის ორსართულიანი ავტობუს–კაბრიოლეტის ოპერატორი ქალაქ კიევში.

 

 

 

 

„ნაცმოძრაობის“ ბრიფინგი ბათუმში პოლიციელის ცემაზე

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, ინციდენტი  ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე 26 ივნისს მოხდა. პოლიციის ცემასა და შეურაცხყოფაში ბრალდებულები, რაულ თავართქილაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ, სპორტსმენები არიან. რაულ თავართქილაძე ასევე ირწმუნება, რომ ბრალდებულები მინისტრ ჭიკაიძის ახლობლები არიან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ფაქტთნ დაკავშირებით გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს, ინციდენტის დროს პოლიციის თანამშრომელი სამსხურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, სხვა კითხვებს კი ამ დროისთვის შს სამინისტროში არ პასუხობენ. 

 

ქურდული სამყაროს წევრობასა და “ობშიაკის” შეგროვებაში ბრალდებული წამებაზე საუბრობს

 

 

 „ბატონო მოსამართლე, გთხოვთ მათქმევინოთ… კარცერში ვარ გამოკეტილი, იქ, სადაც სჯიან პატიმრებს. ჰაერი არ მყოფნის… ნათიამ, რომელიც ციხის ექიმია, მირჩია, რომ თქვენთვის მეთხოვა გირაოს შეფარდება… ცოცხლად მკლავენ… პასპორტს პოლიციას ჩავაბარებ, არ მივიმალები, მე უკურნებელი სენით ვარ ავად, ჰკითხეთ ციხის ექიმებს, თუ საჭიროა ვთხოვ ექიმებს და წერილს გამოვაგზავნინებ თქვენთან“, – უთხრა 30 წლის განსასჯელმა მოსამართლეს. 

 

მისმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ კი, პატიმრის საქმეში არსებულ ჯანმრთელობის ცნობაზე გააკეთა აქცენტი და მოსამართლეს სთხოვა აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეცვალოს. სანაცვლოდ ადვოკატმა მოსამართლეს შესთავაზა ბრალდებულის სახლის იპოთეკით დატვირთვა და ბიუჯეტის სასარგებლოდ 30 ათასი ლარის გადახდა, პოლიციის განყოფილებაში კვირაში ორჯერ გამოცხადება და პასპორტის პოლიციისთვის ჩაბარება:

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მარჯვენა ფილტვის დაავადება, ტუბერკულოზის B+ ფორმა აქვს, ეს დაავადება არ იკურნება. საპყრობილეში ყოფნის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, დახურული ტიპის დაწესებულებაში მისი ყოფნა საშიშია, როგორც მისი სიცოცხლისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის, მას სჭირდება მკურნალობა… ახლაც მას აირწინაღი უნდა ეკეთოს, რადგან მეც საშიშ მდგომარეობაში ვარ… დაავადება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს, ჰაერწვეთოვანი გზით გადადის“…
პატიმრობის გირაოთი შეცვლას პროკურორი შოთა ხორავა არ დაეთანხმა.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ადვოკატისა და ბრალდებულის შუამდგომლობის შემდეგ თქვა, რომ ის ცუდად ერკვევა „სამედიცონო ტერმინოლოგიაში“: „თუ ასეთი რთულია ეს დაავადება, ყველა ღონე უნდა იყოს ნახმარი დაცვის მხრიდან, რომ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია იყოს საქმეში. ჩემთან ამ დროისთვის მხოლოდ ერთი სამედიცინო ცნობაა. ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულს შესაძლოა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს სასამართლომ, მას გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან ვერ გავათავისუფლებ“…

 

მოსამართლემ წინასასამართლო სხდომაზე დააკმაყოფილა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის ყველა შუამდგომლობა და საქმეს დაურთო მათი მტკიცებულებები. ოთხ ტომად შეკრულ საქმეში ინახება ვიდეომასალა, რომელიც გამოძიების მიერაა მოპოვებული. ვიდეომასალის გასაჯაროების უფლება ადვოკატებს არ აქვთ. დავით ჯაფარიძის ვარაუდით, ვიდეომასალის გასაიდუმლოება იმიტომ გადაწყვიტა პროკურორმა, რომ ის გაყალბებულია, შესაბამისად, მასალის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

 

სასამართლო პროცესზე ითქვა, რომ ვიდეოში ხმები სავარაუდოდ გაყალბებულია, მაგრამ იმის გამო, რომ მასალები გასაიდუმლოებულია, დაცვის მხარე ექსპერტიზას ვერ ატარებს.
30 წლის განსასჯელის საქმეს, რომელიც მოსამართლეს საპყრობილეში გაუსაძლის პირობებზე ესაუბრა, ომბუდსმენის აპარატი სწავლობს. ისინი რამდენიმე დღეში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილობით მიმართავენ, მანამდე კი სხვა დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ. მაგალითად, ნამდვილად იმყოფება თუ არა პატიმარი კარცერში, ამ კითხვაზე `ბათუმელებს~ ვერ პასუხობენ. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენს წერილობით თავად პატიმარმა მიმართა.
ადვოკატის დავით ჯაფარიძის ინფორმაციით, ციხეში გაუსაძლისი პირობებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო პატიმარმა შესაძლოა საჩივარი ევროსასამართლოში გააგზავნოს.

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პატიმარი კარცერშია მოთავსებული: “ის იმყოფება ისეთივე საკანში, როგორშიც სხვები და კარცერთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”.
ხუთივე დაკავებულს კანონიერი ქურდობის წევრობის გარდა ბრალი თანხის გამოძალვაშიც ედება (ოთხი ბრალდებული ბათუმის #3 საპყრობილეში იმყოფება). მოსამართლემ პატიმრებს უთხრა, რომ სახელმწიფო მათ ედავება ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას და ე.წ. „ობშიაკების შევსებას ძალადობრივი გზით“. სასამართლო დარბაზში პატიმრებს ბადრაგთან ერთად ნიღბიანი სპეცრაზმელები იცავდნენ.
ერთ-ერთი განსასჯელი 28 წლისაა, ის და კიდევ ოთხი მასთან ერთად დაკავებული, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
კიდევ ერთმა განსასჯელმა თამარ ბეჟანიშვილს ჰკითხა, `რომელმა მოსამართლემ გასცა ნებართვა მათი ფარული მიყურადების“. მოსამართლემ პატიმარი შეაჩერა და უთხრა, რომ ამ სხდომაზე მსგავს საკითხს არ განიხილავენ.

 

განსასჯელებს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 223(1) მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. მეორე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი (სსკ 181-მუხლის მეორე ნაწილი _ გამოძალვა) ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი მერიამ სასტუმროების მუშაობას

 

„ჩვენ ერთ-ერთ მთავარ აქცენტს ვაკეთებთ ტურიზმის განვითარებაზე, შესაბამისად სასტუმროების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისათვის. არის პრობლემები, რომელზეც სამომავლოდ აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ, არის რიგი საკითხები, რომელთა დარეგულირება შეუძლია მერიას“ – განაცხადა გიორგი  ერმაკოვმა.

 

ნონა მარკარიანმა, სასტუმრო „გალოგრეს“ წარმომადგენელმა შეხვედრაზე, „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ მერობის კანდიდატთან რამდენიმე საკითხზე აპირებს საუბარს: „ბევრი პრობლემა არსებობს, ეკოლოგიიდან დაწყებული, გადასახადებით დამთავრებული, ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს გარკვეული შეღავათები სასტუმროებისათვის, ძალიან ბევრი გადასახადებია, შესაბამისად ამას ნაკლები შემოსავალი მოაქვს, ნაკლებად მომგებიანი ხდება სასტუმროს ბიზნესი , რომელიც არის ტურიზმის  ერთ-ერთი წამყვანი დარგი.“

 

სასტუმრო „დივანის“ გენერალურმა მენეჯერმა, ბულენთ აიქუთ სეზერმა კი მთავარ პრობლემად, რის მოგვარებაში ხელშეწყობაც ქალაქის მერიას შეუძლია, ქალაქის ინფრასტრუქტურა, გზებისა და ქუჩების მოწესრიგება დაასახელა. „ბათუმში აზერბაიჯანელებს ძალიან უყვართ შოფინგი, უნდა იყოს მეტი ადგილები ამისათვის, მეტი ბრენდი უნდა შემოვიდეს.“ – აღნიშნა მან. 

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მშობიარე გარდაიცვალა

 

ფაქტზე კომეტარი გააკეთა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან გორგილაძემ. მისი თქმით, როგორც რეფერალური საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, ნაყოფი მშობიარობამდე ორი დღით ადრე იყო გარდაცვლილი: „მშობიარე გუშინ საღამოს შემოვიდა საავადმყოფოში, მას დამძიმებული ანამნეზი ჰქონდა. როგორც ექიმები ვარაუდობენ, ნაყოფი შემოსვლამდე ორი დღით ადრე იყო გარდაცვლილი. მშობიარობის  შემდეგ კი  გართულდა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა.“

 

ლევან გორგილაძის თქმით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

„თუ გამოიკვეთა ექიმის უყურადღებობა ან რაიმე გადაცდომა, რა თქმა უნდა მას დაეკისრება პასუხისმგებლობა. საქმეში ჩაერევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულრების სააგენტო, კონმპეტენტურ დასკვნას გააკეთებს სააგენტო“ – განაცხადა ლევან გორგილაძემ. 

ბათუმში ჰაერის დამაბინძურებლების გამზომი ფილტრები დამონტაჟდა

 

მონიტორინგი სულ ხუთ ქალაქში მიმდინარეობს. ყოველთვიურად განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები: მტვერი, გოგირდისა და აზოტის დიოქსიდები, ნახშირჟანგი და ტყვია. მარტში, აპრილსა და მაისში მიღებული შედეგებით ნახშირჟანგი და გოგირდის დიოქსიდი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს არ აღემატებოდა. მარტსა და მაისში მტვერი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას 1.4-ით აღემატებოდა, აზოტის დიოქსიდი _ 1.1-ით. რაც შეეხება აპრილს, მტვრის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაცია აღემატებოდა შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას და 1.8 შეადგენდა. ხოლო აზოტის დიოქსიდის მარტისა და მაისის მსგავსად 1.1 იყო.

 

 

ჰაერის ხარისხის მართვისათვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მხარდაჭერით, ახალ პროექტს ახორციელებს. ჰაერის დამაბინძურებლების (NO2, შO2, ბენზოლი და მიწისპირა ოზონი) კონცენტრაციის გამზომი ერთჯერადი ფილტრები საქართველოში ას წერტილში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ჭიათურა, ზესტაფონი და ფოთი) დაამონტაჟდა. ბათუმში ფილტრები 5 წერტილში დაამონტაჟეს.

 

 

ეს არის ერთჯერადი გაზომვა. ერთი ფილტრი დამონტაჟდა ამ ხუთ წერტილში, ორი კვირის შემდეგ მოიხსნება ეს ფილტრები, გაიგზავნება ბრიტანეთში ანალიზისთვის და გვეცოდინება კონკრეტულ წერტილებში ამ ნივთიერებების დაბინძურების დონე. მონაცემების ანალიზის შემდეგ, მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწერება გეგმა, რამდენი გამზომი სადგური უნდა დაიდგას ბათუმში, თბილისსა და სხვა ქალაქებში, _ ამბობს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნოე მეგრელიშვილი.

 

 

მისივე თქმით, ეს პროექტი მისცემს სამინისტროს საშუალებას, განსაზღვრონ თუ როგორ უნდა განვითარდეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა: ამ პროექტის საშუალებით ჩვენ გვექნება საბოლოო პროდუქტი, ქართველი და უცხოელი ექსპერტები გვეტყვიან, სად რა სადგური უნდა განთავსდეს, რა რაოდენობით, რა ნივთიერებებს უნდა დააკვირდეს ასეთი სადგურები. სადგურები უნდა განთავსდეს ეტაპობრივად, რადგან ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა. 200 ათასი ევრო ჯდება თანამედროვე ავტომატური სადგური. 

პატრული, რომელზეც „ლეგენდები დადის“

ნინო, პროფესია როგორ აირჩიეთ?

პროფესიით ჟურნალისტი ვარ, სტუდენტობის პერიოდში ვფიქრობდი, რომ ვიმუშავებდი ამ პროფესიით, მაგრამ 2004 წელს შეიქმნა საპატრულო პოლიცია, რომლითაც მოვიხიბლე, მომინდა ამ საქმით თავადაც დავკავებულიყავი. საჭე ისედაც ძალიან მიყვარდა, საპატრულოში რომ დამეწყო მუშაობა, შევძლებდი მანქანაც მემართა და ის საქმე მეკეთებინა, რომელიც ძალიან მომწონდა. რა თქმა უნდა, მაშინ არ მესმოდა სრულად რა იყო პოლიცია. ჩემმა ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, ისე გავედი გამოცდებზე, 200 ადამიანი აბარებდა გამოცდას ჩემთან ერთად, მათ შორის ცამეტი გოგო, მათგან მხოლოდ მე მოვახერხე ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება და კიდევ შვიდმა ბიჭმა.

როგორი რეაქცია ჰქონდათ თქვენი ოჯახის წევრებს თქვენს არჩევანთან დაკავშირებით?

ვერ დაიჯერეს, რომ ფიზიკური ნორმატივები ჩავაბარე. მამაჩემს ჯერ გაუხარდა, რომ ამ ბარიერების გადალახვა შევძელი, თუმცა მერე, როცა სამსახურში გავედი და 24 საათი სახლში არ მოვდიოდი, ნერვიულობდა, სიგარეტის მოწევა დაიწყო, მთელი ღამე არ იძინებდა და აივანზე მელოდებოდა. ერთი-ორი წელია რაც გოგონები გვყავს ეკიპაჟში, მანამდე მხოლოდ ერთი გოგო ვიყავი.

რამდენი წელია მუშაობთ საპატრულო პოლიციაში?

უკვე რვა წელია. 21 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა, უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ჩარჩოებში არასოდეს ვყოფილვარ, იქ კი სიმკაცრე დამხვდა. საპატრულო პოლიციაში მივეჩვიე დისციპლინას და წესრიგს.

ჩემი სამსახური ძალიან შემიყვარდა, ვაკეთებ იმას, რაც მომწონს. აქ რომ გაჩერდე, სერიოზული მოტივი უნდა გაგაჩნდეს, უნდა გიყვარდეს ეს საქმე.

როგორი სამუშაო დღის შემდეგ ხართ კმაყოფილი საკუთარი თავით?

საპატრულო პოლიცია ყველას ჰგონია სადამსჯელო ორგანო, ეს ასე არ არის. მხოლოდ ჯარიმებს არ ვწერთ, დღეში ვიღებთ ძალიან ბევრ გამოძახებას, ბევრს ვეხმარებით. მე როცა ვასრულებ ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობას კარგად, ჩემი ხელმძღვანელობა მე მიხდის მადლობას, სწორედ ეს არის კმაყოფილების მიზეზი.

რა სირთულეები ახლავს თან თქვენს საქმიანობას – რამდენად რთულია იყო საპატრულო პოლიციის ქალი თანამშრომელი?

ჩვეულებრივი ქალი პოლიციაში ვერ იმუშავებს, აუცილებლად უნდა იყოს ძლიერი, სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებს, გამორიცხულია. კაც პატრულს ჩვენ ძალით ვერ გავუტოლდებით, ამიტომაც სხვა უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს, ისეთი, რომ ეს ფიზიკური უპირატესობა გადაწონო. ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც მოვხვედრილვართ, მე და ჩემი მეწყვილე ჯერ ვცდილობთ საუბრით განვმუხტოთ სიტუაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია…

როცა გადიხარ შემთხვევის ადგილას, მეწყვილე არ უნდა ფიქრობდეს იმას, რომ შენ ქალი ხარ და სათანადო დახმარებას ვერ გაუწევ მას, ამის მიზეზს არ უნდა აძლევდე.

სამუშაო პროცესში თუ გიწევთ მუშაობა ისეთ თემებზე, რომლებიც თქვენთვის განსაკუთრებით სენსიტიურია?

განსაკუთრებით მგრძნობელობა მაქვს ოჯახურ კონფლიქტებზე, როცა ქალია მსხვერპლის როლში. საპატრულო ეკიპაჟში ასეთ დროს უფრო მნიშვნელოვანია ქალის ყოფნა, ბევრი ინტიმური თემაა, რასაც კაც პატრულს არ უხსნიან, ქალებს კი მეტი ნდობით გვიყურებენ, თან არც ერიდებათ ჩვენი და გვიხსნიან, კაცების ერიდებათ.

ყველაზე ექსტრემალური რა სიტუაცია გქონიათ?

ოჯახურ კონფლიქტზე გვქონდა გამოძახება, ქმარი სცემდა ცოლს. ადგილზე მისულებს დაგვხვდა პატარა ტანის ბიჭი, რომ შევხედეთ, ვიფიქრეთ, რომ დამატებითი ჯგუფის გამოძახება არ დაგვჭირდებოდა, ამიტომაც მშვიდად მივუახლოვდით. აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი იყო მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ოცი წუთის განმავლობაში საკმაოდ რთული სიტუაცია იყო ეზოში, თან მე ცხვირის ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა, რამდენიმე დღის გასული ვიყავი სამსახურში, სანამ დამხმარე ჯგუფი მოვიდა, მე უნდა მივშველებოდი მეწყვილეს: ცალი ხელით ამ ბიჭის დაჭერას ვცდილობდი, ცალ ხელს კი ცხვირზე ვიფარებდი, რომ ხელი არ მომხვედროდა. საბოლოოდ, ეს ადამიანი მაინც დავაკავეთ.

როგორი მეწყვილე ხართ?

მე და ჩემმა მეწყვილემ ვიცით რა არის ერთმანეთის სუსტი მხარე, სწორედ ამიტომ, როცა საჭიროა, ჩვენ ვავსებთ ერთმანეთის სისუსტეებს, ვიცით, რომელ მომენტში რომლის მოქმედებაა საჭირო. როცა საპატრულოში პირველად მივედი, მაშინ ჩემს მეწყვილეზე ვიყავი დამოკიდებული, ახლა უკვე ის არის ჩემზე დამოკიდებული, ჩემ გარეშე არ იღებს გადაწყვეტილებას, ეს გამოცდილების შედეგია.

როგორ ფიქრობთ, მკაცრი პატრული ხართ?

ჩემზე ამბობენ, რომ მკაცრი პატრული ვარ. მე მკაცრი ვარ იმათ მიმართ, ვინც თავხედობს, შეურაცხყოფას გაყენებს, ვინც არ აღიარებს თავის დანაშაულს და საპირისპიროს გიმტკიცებს. დაჯარიმებას რაც შეეხება, განსაკუთრებით მკაცრი ვარ მაშინ, როცა მძღოლი ნასვამია და მართვის მოწმობა არ გააჩნია. პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, აქ ყველა ყველას იცნობს, იმ წუთასვე ხდება გადარეკვები, ჩემი პლუსი ის არის, რომ ჩემი სახელით ვერავინ სარგებლობს, არავის ვასხვავებ, რა დააშავა იმ მოქალაქემ, ვისაც პატრული ბიძაშვილი არ ჰყავს ან თანამდებობის პირი ნათესავი?!

მაღალი თანამდებობის პირები თუ დაგიჯარიმებიათ მოძრაობის წესების დარღვევის გამო?

ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა მქონია. დამიჯარიმებია გარემოს დაცვის მინისტრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ქალაქის მერი, ჩვენი უწყების თანამდებობის პირებიც. თანამდებობაზე ყოფნის დროს გავაჩერე ბაჩო ახალაიას მანქანა, დაჯარიმება არ მაცალეს, ავტომატებით ჩაგვსვეს მანქანაში.

თქვენი ახლობლები თუ დაგიჯარიმებიათ?

მე ყველა მყავს გაფრთხილებული, რომ ჩემი სახელი არ ახსენონ, ჩემმა ახლობელმა უფრო უნდა მცეს პატივი. იყო შემთხვევა, როცა გზა მქონდა გადაკეტილი და არ ვუშვებდი მძღოლებს რაღაც მიმართულებით, ვინც არ მემორჩილებოდა, ყველას ვაჯარიმებდი. ამ დროს ჩემმა მეგობარმა დამინახა, დამიქნია ხელი და წავიდა აკრძალული მიმართულებით. რა თქმა უნდა, დავაჯარიმე. ეს მისთვის კარგი მაგალითი იყო, უხერხულ მდგომარეობაში მე ის აღარ ჩამაყენებს, თუმცა მისი ჯარიმა მე გადავიხადე. მამაჩემის ორი ძმაკაცი დავაჯარიმე, მერე მამაჩემს დაურეკეს და უთხრეს, შენი შვილი ორასი ლარით გავიცანითო, თან ეამაყება ასეთი რომ ვარ, მაგრამ თან მეუბნება – ცოტა შეღავათები გაუწიეო.

თუ შეხვედრიხართ თქვენ მიერ დაჯარიმებულებს ფორმის გარეშე, არასამუშაო საათებში და როგორი იყო მათი რეაქცია?

ხშირად მცნობენ იმის მიუხედავად, რომ ყველა იმუქრება „ფორმის გარეშე“ შემხვდებიო. როცა ვხვდები, ცდილობენ ჩემი კეთილგანწყობა დაიმსახურონ, პატივისცემით მექცევიან, მიმეგობრდებიან, თუმცა ვიცი, რომ მათი მიზანი ჩემთან მეგობრობა არ არის. ერთხელ ტაქსით მივდიოდი, როცა, ჩვენ წინ მდგარი პატრული გოგოს გაკრიტიკება დაიწყო ტაქსის მძღოლმა. ამბობდა: „ოხ, შენ რა ხარ, რა ხარ! დამაჯარიმა სულ ტყუილად კაცო, ამასთანა არაფერი არ ჭრისო.” ცოტა დავეჭვდი, ვკითხე, საიდან იცით, რომ ისაა-მეთქი: “ისაა, დუმბაძეა, აბა, მეტი ვინ ჰყავთ მასეთიო.” გასუსული ვიჯექი, ხმა არ ამომიღია (იცინის). მანქანასთან მისვლისას ჩემს სახელსა და გვარს აღარ ვამბობ, თუმცა მძღოლები მაინც მცნობენ, დამინახავენ თუ არა, აღმოხდებათ: „შენ ხარ დუმბაძე? შენზე ლეგენდები დადის”.

სამსახურს გარეთ როგორ ცხოვრობთ?

ახლა ვუყურებ ფეხბურთს, დიდი გულშემატკივარი ვარ, ჩემი საყვარელი ნაკრები ბრაზილიაა. საკმაოდ აზარტული ვარ, იყო პერიოდი, როცა ერთ მატჩს არ ვტოვებდი. 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთმა დაამარცხა ბრაზილია, მაშინ იყო პირველი და ბოლო შემთხვევა, როცა მე ვიტირე. ყველამ იცის, რომ ნინო არაფერზე ტირის, გაოგნებულები იყვნენ.

თქვენთვის განტვირთვის საშუალება რა არის?

ფიტნესი, რის გარეშეც არ შემიძლია. კვირაში სამჯერ დავდივარ სატრენაჟორო დარბაზში, სახლშიც ვვარჯიშობ დღეში ორი საათი, უკვე შევიძინე ყველანაირი ტექნიკა. კონკრეტული მიზანი არ მაქვს, ინსტრუქტორს სურდა მისფიტნესის კონკურსზე გავსულიყავი, მაგრამ არ წავედი, უბრალოდ, მომწონს ფორმაში ყოფნა. მინდა ფიტნესინსტრუქტორის კურსები გავიარო და მომავალში ამ საქმიანობითაც დავკავდე.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ძალიან მინდა ამერიკაში ავიმაღლო კვალიფიკაცია, ენაში უკვე ვმეცადინეობ. იმედია, მოვახერხებ.

საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენს მიმართ?

ხშირად უთქვამთ, პატრული რომ არ იყო, სხვანაირად მოვიქცეოდითო. მე, პირადად, ანტონიო ბანდერასიც რომ გავაჩერო, ჩემთვის ის იმ წუთას მხოლოდ კანონდამრღვევია.

მთავარი ფოტო: ნინო დუმბაძე

ინვესტიციები აჭარაში – არც ერთი ახალი მსხვილი ინვესტორი

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ წინა წლის მაჩვენებელს, წელს ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელი 42,2%-ით აღემატება. რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია, ამის გადამოწმება რთულია, რადგან ამ ინფორმაციას სამინისტრი დეტალურად არ განმარტავენ.

  

უპირობოდ გაყიდულ ობიექტებს შორისაა ბათუმში თამარის დასახლებაში 2147 კვ/მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც სამინისტროს ინფორმაციით, შპს “ლ ენდ კ ჰოლდინგმა” 205 000 ლარად უპირობო აუქციონზე 2014 წლის პირველ მარტს შეიძინა.


საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს “ლ ენდ კ ჰოლდინგი” გოჩა დეკანოსიძემ 2008 წელს თურქეთის მოქალაქესთან ჰასმეტ ბედიი კურუმთან ერთად დააფუძნა. პარტნიორები 50-50% წილს ინაწილებდნენ. კომპანიის დირექტორად კი თურქეთის მოქალაქე იაშარ მუსტაფა გუვენი ფიქსირდება.

 

 

2012 წელს საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ცვლილების თანახმად, კომპანიის 100% წილი შპს `ეიჩ-პი-არ ინთერნეიშენალ თრეიდ~-ზე დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის რეგისტრაციის ადგილი ამერიკის შეეთებული შტატებია (ნიუ იორკ ავენიუ, ქლეიმონტ, დელავერი 19703, ნიუ კასტლის რაიონი 21.11.2006). ამ კომპანიის რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილება 2014 წლის 20 მაისსაც შევიდა. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 100% წილის მფლობელი ამჯერად ოფშორში დარეგისტრირებული “უცხოური საწარმო ტუსპა ბ.ვ ნიდერლანდები” გახდა.



დოკუმენტებში კომპანიის რეგისტრაციის ადგილია “სტრავინქსილაან 411, 1077”. 2014 წლის მაისიდან კომპანიის დირექტორად თურქეთის მოქალაქე შერაფეთთინ ქირფიქლი ფიქსირდება. ამ კომპანიას “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის კომპანიად მოიხსენიებდნენ. გადამოწმებით დგინდება, რომ კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობდა და ძირითადად ფართობების გაქირავებაზე იყო ორიენტირებული.



სამინისტრომ უპირობო აუქციონის წესით 530 000 ლარად გაასხვისა 2 820 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე (#20.) შემსყიდველი არის შპს “ხახუტა”. კომპანიის 100% წილის მფლობელი ნოდარ შერვაშიძეა, დირექტორად კი ლევან შერვაშიძე ფიქსირდება. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეს კომპანია 1998 წელს დააფუძნეს. კომპანიის 100% წილის მფლობელი ლევან შერვაშიძე იყო. დირექტორად კი ნოდარ შერვაშიძე ფიქსირდებოდა.



სამინისტრომ უპირობო აუქციონით 71 500 ლარად გაასხვისა შპს “ალფას” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100% წილი, შემძენი კერძო პირი მიხეილ გელაძეა. 1979 წელს დაბადებული მიხეილ გელაძე სოფელ ღურტაშია რეგისტრირებული.



სამინისტრომ 85 575 ლარად გაყიდა 71,6 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართობი ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე (#74, 75, 76, 78, 80) მყიდველი კერძო პირი გოჩა ბერიძეა. 1977 წელს დაბადებული გოჩა ბერიძე ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, #9-ია რეგისტრირებული.



ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობიანი აუქციონით 610 000 ლარად გაასხვისა ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩის ბოლოში, პოლიტიკური ინსტიტუტის მიმდებარედ 1767 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. მყიდველი შპს “მეგა პალსია”.



საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეს კომპანია 2014 წლის 29 იანვარს ლევან ხიმშიაშვილმა და ჯუმბერ ზოიძემ დაარეგისტრირეს. პარტნიორები კომპანიის 50-50%- პროცენტიანი წილის მფლობელები არიან. 2014 წლის თებერვალში კი, კომპანიის დაარსებიდან ერთ თვეში, მათ სამინისტროს პირობიან აუქციონზე ნახევარ მილიონზე მეტად ღირებული პირობადებული ქონება შეისყიდეს. ამ კომპანიის დირექტორად ედვარდ ხიმშიაშვილი ფიქსირდება.



255 000 ლარად პირობიანი აუქციონით გაასხვისეს ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, #64-ში 175,8 კვ/მ შენობა-ნაგებობაც. შემძენი კერძო პირი მარინე თურმანიძეა.



ციფრების მიხედვით, რომელიც სამინისტრომ “ბათუმელებს” მოაწოდა, 2014 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ინვესტიციების დიდი ნაწილი ტურიზმისა და მშენებლობის დარგზე მოდის. “22, 97 მილიონი აშშ დოლარი ტურიზმის, ხოლო 22, 97 აშშ დოლარი მშენებლობის დარგში”, _ ნათქვამია სამინისტროს მიერ “ბათუმელებისთვის” გადმოგზავნილ ინფორმაციაში.



დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 2014 წელს გასხვისებულ და საიჯაროდ გაცემულ ობიექტებს ეხება, 2014 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სამინისტრომ უპირობო აუქციონის წესით რვა ობიექტი გაასხვისა, რის შედეგადაც აჭარის ბიუჯეტში სულ 939 040 ლარი შევიდა. პირობიანი აუქციონის წესით გაყიდული ქონებიდან შემოსულმა თანხამ კი 865 000 ლარი შეადგინა. საიჯარო წესით გაცემული ქონებიდან რეგიონმა წელს 269 610 ლარი უნდა მიიღოს. ამ ყველაფრის ჯამი ლარებში სამ მილიონამდეა.



სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის ინვესტიციები ასე ნაწილდება: 22, 98% – ტურიზმი, 22, 97 პროცენტი – მშენებლობა, 0,5 პროცენტი – მრეწველობა, 3,7 პროცენტი -ენერგეტიკა, 2,7 პროცენტი – სხვა დარგები.



სამინისტრომ ჩაშლილი ციფრებით ინფორმაცია `ბათუმელებს~ მხოლოდ აუქციონისა და იჯარის წესით გასხვისებული ქონების შესახებ მოაწოდა. საიდან დგინდება სხვა ინვესტიციების ოდენობა, ამაზე დეტალური ინფორმაცია სამინისტროს არ აქვს.



სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსის ეკატერინე ბახტაძის განმარტებით, ინვესტიციების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს სამინისტრო მუნიციპალური და კერძო კომპანიებიდან მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე ითვლის.


“ამას ემატება ინფორმაცია მსხვილი ობიეტებიდან, რომლებზეც ინფორმაცია გვაქვს ჩვენს ბაზაში და საინვესტიციო პირობები უნდა შეესრულებინათ ეტაპობრივად. ეს არის ძირითადად კაპიტალური ხარჯები, რომლებიც სექტორების შიგნით ხორციელდება.”



რაც შეეხება მონაცემებს, რომელიც სამინისტრომ პროცენტულად გადაანაწილა, ეკატერინე ბახტაძე განმარტავს: “ამ შემთხვევაში ტურიზმში იგულისხმება მშენებლობა. ეს არის მშენებარე ტურისტული ობიექტები ან ის ობიექტები, სადაც ხმდება რაღაცის განახლება და კაპიტალურ ხაჯებთან გვაქვს საქმე. ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად ჰილტონი. ვთქვათ, იქ დამთავრდა კონკრეტული სამუშაო, რომელსაც კერძო კომპანია ახორციელებდა. მშენებლობის ქვეთავში კი ძირითადად აღრიცხულია ბინათმშენებლობები”.



სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წლის პირველ კვარტალში ახალი მსხვილი ინვესტორი არ შემოსულა. 

ვინ და როგორ იზრუნებს მშობლების გარეშე დარჩენილ რვა ბავშვზე

 

“სასწრაფოდ მინდობის აღზრდის პროგრამა” ოჯახებში ბავშვების სამ თვემდე ვადით დარჩენას ითვალისწინებს. ამის შემდგომ შესაბამისმა სამსახურმა უნდა გადაწყვიტოს, სად და როგორ იცხოვრებენ ბავშვები. აჭარაში “შესაბამისი სამსახური” არის სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის ხელმძღვანელი თემურ ქარცივაძე ბავშვების მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასე პასუხობს: “ერთი მითხარით, ეგ რატომ უნდა გითხრათ თქვენ? ამ ბავშვების ირგვლივ ინფორმაცია კონფიდენციალურია. არ არის ეს საგაზეთო თემა, ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ამ ბავშვების მომავალს ეკუთვნის და რაც უკეთესია მათთვის”.

 

ქარცივაძის თქმით, ბავშვების საკითხი სამი თვის გასვლის შემდეგ გადაწყდება. “ბავშვები ალბათ გადავლენ რეგულარულ მინდობით აღზრდაში,” – ამბობს ის.

 

არის თუ არა შესაძლებელი ბავშვებმა ერთ ოჯახად იცხოვრონ? – საკითხის გასარკვევად “ბათუმელები” საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც სააგენტოს მეურვეობა/მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ქეთევან დემეტრაშვილი განმარტავს, ბავშვების ერთ ოჯახში განთავსებას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება:

 

“სოფელ ოჩხამურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მშობლების მზრუნველობამოკლებული რვა ბავშვი განთავსდა ორ მიმღებ ოჯახში, რომლებიც მეზობლად ცხოვრობენ; ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთთან ხშირი ურთიერთობის. ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მათი ერთ მიმღებ ოჯახში განთავსება, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მიმღებ ოჯახში ბავშვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7-ს. ამის გათვალისწინებით, შეუძლებელია მათი ერთ ოჯახში განთავსება. ამ ეტაპზე მუშაობენ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც სამომავლოდ ბავშვების გაერთიანების შესაძლებლობას მოგვცემს”.

 

ბავშვების დახმარების სურვილი აქვს კიევის ყოფილი მერის – ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდ “სოციალური პარტნიორობას”. ტრაგედიამდე ფონდი ამ ოჯახს ერთი წლის მანძილზე ფულადი სახსრებით ეხმარებოდა.

 

“ჩვენი სურვილია, რომ ამ ბავშვებს გავუკეთოთ თანამედროვე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც ბავშვები იცხოვრებენ ერთად და ექნებათ საუკეთესო საცხოვრებელი და განვითარების პირობები. სახლი, ფაქტობრივად, უკვე მზად გვაქვს. გვინდა მოვახერხოთ ისე, რომ ყველა ბავშვი ჩაირიცხოს ერთ სახლში და ეს ბავშვები გაიზარდონ ერთად. არის იურიდიული ნიუანსები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მოაგვაროს. თუმცა პირველ ეტაპზე მათ უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ ბავშვებთან დაკავშირებით, დარჩნენ ბავშვები ასე ერთმანეთისგან განცალკევებულად, თუ მიიღონ ჩვენი შეთავაზება ბავშვების ერთ ჭერქვეშ გაზრდასთან დაკავშირებით,” – ამბობს გიორგი ქვრივიშვილი, საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობას” პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ფონდმა 19 ივნისს გააგზავნა წერილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის სახელზე, სადაც სამინისტროს ბავშვების უმოკლეს ვადაში საოჯახო ტიპის სახლში განთავსების ინიციატივით მიმართავენ.

 

გიორგი ქვრივიშვილი: “მზად ვართ ბავშვები ჩვენს საოჯახო ტიპის სახლში გადმოვიყვანოთ, სადაც მათზე კვალიფიციური აღმზრდელები იზრუნებენ, ექნებათ უმაღლესი დონის განათლების მიღების საშუალება და საუკეთესო საცხოვრებელი პირობები. ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს. თუკი იქნება ნება, შეგვიძლია დაახლოებით ათი დღის ვადაში ბავშვები გადავიყვანოთ თბილისში, კომფორტულ საცხოვრებელში. სახლი არის ფანტასტიკური, კარგი ეზოთი, ძალიან კარგ ადგილას. ბავშვებს შეეძლებათ დაიწყონ ერთად ახალი ცხოვრება.

 

იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვები საოჯახო ტიპის სახლში გადავლენ, მათ არ დასჭირდებათ მეურვე. საოჯახო ტიპის სახლებში არიან ლიცენზირებული აღმზრდელები, რომლებიც ყოველდღიურად იზრუნებენ ბავშვებზე. ჩვენ მსგავსი გამოცდილება გვაქვს მეუნარგიას ქუჩაზე არსებულ ჩვენს საოჯახო ტიპის სახლში, სადაც ერთი წლის განმავლობაში უდიდესი შედეგი მივიღეთ 10 აღსაზრდელთან. მათ ძალიან დიდი პროგრესი განიცადეს და ეს მზარდი პროცესია”.

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს ინფორმაცია საქველმოქმედო ფონდ “სოციალური პარტნიორობის” საქმიანობაზე. ქეთევან დემეტრაშვილი: “მცირე საოჯახო ტიპის სახლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 6-18 წლამდე ასაკის ბავშვები, ამდენად ასეთი ტიპის სახლში ამ ბავშვების ერთად განთავსება შეუძლებელია. უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტო პრიორიტეტს ანიჭებს ბავშვების მინდობით აღზრდის ფორმაში განთავსებას და, შესაბამისად, ველოდებით საკანონმდებლო ცვლილებას”.

 

ბათუმის მერობის კანდიდატი: არჩევნები მიდის პოლიტიკური რეპრესიების ფონზე

 


“ეს არის აშკარად პოლიტიკური დევნა, რომელიც თვეებია მინდინარეობს. რაც შეეხება გუშინდელ ინცინდენტს, ამ ხალხმა პრაქტიკულად ჩამოიხსნა ნიღაბი, საქართველოს მთავრობა მყავს მხედველობაში. ერთადერთი არგუმენტი, რაც მათ დარჩათ, ეს არის პოლიციური ძალა, მუშტი-კრივი. ეს ხალხი არ იძიებს არა მარტო იმას, რასაც არჩევნების წინ დაპირდნენ საზოგადოებას, არ იძიებენ ბოლო დროს მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებსაც, იგივე ტეტემაძის ცემის ფაქტს, რომელიც ბათუმში მოხდა.

ნუგზარ წიკლაურის საქმეში, რამდენდაც მე ვიცი, ადამიანი ასახელებს მანქანის მარკას, ფერს, ნომერს და არ მოხერხდა იმ ხალხის მოძებნა, ვინც ტენიდა საქართველოს პარლამენტის წევრს მანქანაში~ – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

 

მისი თქმით, ბოლო თვეების მანძილზე მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ სიტუაცია ქვეყანაში დემოკრატიასთან დაკავშირებით გაუარესდება და მოსალოდნელია რეპრესიები, `მეტს არაფერს ალბათ ჩვენი მთავრობა ვერაფერს ვერ შემოგვთავაზებს, არჩევნების მეორე ტურის ახლოს გადმოტანა, ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ მათი კანდიდატები გავიდნენ უპრობლემოდ.” – ამბობს ის. 

 

კითხვაზე, მისი აზრით, ეს როგორ აისახება მოსახლეობის არჩევანზე მოახლოებულ არჩევნებზე, `ქართული ოცნების~ თუ “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ, გიორგი დიასამიძე პასუხობს:

 

`საზოგადოებრივი აზრი გაიყოფა ჩემი აზრით,  ვიღაც ჩათვლის, რომ ეს არის შეცდომა და ხმას მისცემს ოპოზიციას, ვიღაც ჩათვლის, რომ ეს არის ~სამართლიანობის აღდეგანა” და ხმას მისცემს მთავრობას, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მთელი საზოგადოებისათვის გასაგებია – არჩევნები მიდის არადემოკრატიულად და პოლიტიკური რეპრესიების ფონზე.~

 

 

 

კონფერენცია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ

 

კონფერენცია შეეხება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელშეუხებლობას, რაც მოიცავს ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის და სხვა სახის კომუნიკაციის ხელშეუხებლობას და დაცულობას; პირადი მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებით წესების დადგენას და ა.შ.

 

 

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები, შავი ზღვის რეგიონის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

 

კონფერენცია მუშაობას ხვალ, 6 ივლისს დაასრულებს.

იურისტი, რომელიც მოგონებებს აგროვებს

 

ბავშვობა სოფელ ბაღდადში

გავიზარდე ულამაზეს სოფელ ბაღდადში, რომელიც ოზურგეთ- ში მდებარეობს. სულ უკვირდათ – ეს რომელი ბაღდადია? ჩემი ბავშვობა ასოცირდებოდა სკოლასთან, რადგან ოჯახის წევრების უმეტესობა მასწავლებელი იყო და იმავე სკოლაში ასწავლიდნენ, სადაც მე ვსწავლობდი, სწორედ ამის გამო ოჯახის წევრები უფრო მეტ მოთხოვნას მიყენებდნენ, მე უნდა ვყოფილიყავი ბეჯითი და გამორჩეული მოსწავლე, ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მამა პა ტარა ასაკში დამეღუპა, თუმცა მიუხედავად ამ დიდი ტრაგედიისა, დედა და ბებიები ცდილობდნენ, მე და ჩემი და უდარდელად გავეზარდეთ. განებირებული ვიყავი, ხშირად გადამეტებულადაც.

 

 

გზა საჯარო სტრუქტურიდან არასამთავრობო ორგანიზაციამდე

  

ჩემი პროფესიული არჩევანი განაპირობა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ბაზაზე შექმნილმა მოსწავლეთა ასოციაცია თემიდამ, რომლის დამთავრების შემდეგ უკვე ჩამოყალიბებული ვიყავი პროფესიის არჩევაში. საბოლოო არჩევანი უჭოჭმანოდ იურისპრუდენციაზე შევაჩერე. 15 წლისამ დავასრულე სკოლა, იმავე წელს ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სულ ვფიქრობდი, პატარა ვარ, ვერ შევძლებ, მაგრამ მგონია, რომ თავი გავართვი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 21 წლის ასაკში, მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში ვმუშაობდი საქართველოს იუსტიციის სახლის უმაღლეს საბჭოში: სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში. 21 წლის ასაკში მიწევდა მოსამართლეთა საქმეებზე დისციპლინარულ საქმეების განხილვაში მონაწილეობა, თუმცა ეს გზა ძალიან დამეხმარა პროფესიულ ზრდაში, შემძინა პასუხისმგებლობა და გამიზარდა კვალიფიკაციაც. იუსტიციის საბჭოში ვიმუშავე ხუთი წელი, თუმცა ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საჭიროა ცვლილებები, თუნდაც საკუთარი თავის გამოცდისთვის. როდესაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ვაკანსიის შესახებ შევიტყვე, კონკურსში წარმატებით მონაწილების შემდეგ წამოვედი ბათუმში სამუშაოდ.

 

 

ბათუმი, ახალი ცხოვრების დასაწყისი

 

ჩემი ბათუმში წამოსვლა პროფესიულის გარდა სხვა მიზეზსაც უკავშირდება, თუმცა ამას ჩემთვის შევინახავ. ექვსი თვეა უკვე აქ ვარ და ერთხელაც არ გამჩენია სურვილი აქედან წასვლისა, წვიმაც შემიყვარდა, სამსახურის შემდეგ არ გამჩენია აზრი, რომ ვაიმე, რა უნდა ვქნა, აქ ხომ მეგობრები არ მყავს, თავად ქალაქი დავიმეგობრე, ხალხიც უფრო თბილია ბათუმში. ვერაფრით გავიღვიძებდი თბილისში დილის შვიდ საათზე კუს ტბაზე სასეირნოდ, აქ კი ვიღვიძებ, შვიდზე უკვე ბულვარში ვარ, ხან დავრბივარ, ხან ვცურავ, ხან ველოსიპედით ვსეირნობ.

 

 

ერთი ჩვეულებრივი დღე

  

დილით ზღვისპირას სეირნობის შემდეგ ვბრუნდები სახლში და ვიწყებ მზადებას, პირველ რიგში ვეპრანჭები საკუთარ თავს, მნიშვნელოვანია, რომ მე მომწონდეს საკუთარი თავი. სადაც არ უნდა მივდიოდე, ვცდილობ, რომ მოწესრიგებული ვიყო და სიტუაციის ადეკვატურად რომ გამოვიყურებოდე. შემდეგ, მივდივარ სამსახურში. ჩემთვის სამსახური არის ადგილი, სადაც ვცდილობ შევიქმნა მყუდრო გარემო. დილის აუცილებელი “რიტუალი” ყავის დალევაა. სამსახურში დატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა კმაყოფილი და გახარებული ადამიანის სახე ამ დაღლილობას უმალვე მიქრობს. სხვადასხვა სფეროსთან მაქვს შეხება, საქმე ერთფეროვანი არასდროს არის. მაქვს ისეთი სამსახური, სადაც ძალიან ხშირად მეძლევა საშუალება ადამიანებს უანგაროდ დავეხმარო.

 

 

ჰობი

  

ბავშვობიდან ვცეკვავ, ცეკვა ძალიან მიყვარს, როგორც ტრადიციული ქართული ცეკვები, ასევე ლათინური. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, სახლში დაბრუნებისას ერთი საათი მაინც ვცეკვავ. ჩემი ოცნებაა, ბათუმში არსებობდეს ცეკვის სტუდია- სალონი, ადგილი, სადაც დღის ბოლოს შეგიძლია დაისვენო და განიტვირთო. ცეკვა ჩემთვის რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. ძალიან მიყვარს ცხენით ჯირითიც, თუმცა ამას ხშირად ვერ ვახერხებ. რა თქმა უნდა როგორც ყველა ქალს, შოპინგი მეც მაჯადოებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველაზე კომფორტული ჩემთვის ჯინსი და შავი ფერის სამოსია.

 

მაქვს ძალიან საინტერესო, გოგოსთვის ცოტა უცნაურიც კი გატაცება, – ენოლოგია. ერთხელ ჩემმა მეგობარმა ღვინის კლუბში წამიყვანა და იქაურ გარემოში, სიტყვაკაზმული განმარტებებით, რიტუალურად გამასინჯა ღვინო, ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო, ვერ წარმომედგინა, ღვინოს ამდენი ემოციის მოტანა თუ შეეძლო. მას შემდეგ ხშირად ვაგემოვნებ სხვადასხვა სახის ღვინოებს და უკვე ოთხი წელია დავდივარ “ახალი ღვინის ფესტივალზე”.

 

 

მოგონებების შემგროვებელი

 

მიყვარს ნივთების შეგროვება, როცა წავიკითხე ორჰან ფამუქის “უმანკოების მუზეუმი”, გამიჩნდა განცდა, რომ იდეა მომპარეს. 500-მდე ღვინის ბოთლი მაქვს შეგროვებული, ამ ბოთლებში შემდეგ წერილებს ვათავსებ. ჩემ მიერ შეგროვებულ ნივთებს, რაღაც ისტორიები უკავშირდება. როცა სადმე მივდივარ, ან უბრალოდ მეგობრებს ვხვდები, ამ დღის მოსაგონებლად რამეს ვინახავ, მერე ამ ნივთებს ვასაწყობებ. ხან ჩეკი მომაქვს, ხან – სალფეთქი. ალბათ როცა ასაკში შევალ, მეც მოვაწყობ მუზეუმს ზღვისპირა სახლში. ძალიან მსიამოვნებს მოგონებებთან შეხვედრა, ამაში ეს ნივთები მეხმარებიან, არასდროსაა ეს მტკივნეული, მაშინაც კი, როცა ვინმესთან ურთიერთობა მთავრდება, მაშინ ხომ ვიყავი ბედნიერი? ხოდა, ეს არის მთავარი.

  

ფოსტით მიღებული წერილები ჩემთვის არის ბედნიერება, ყველას ვთხოვ, რომ ქაღალდზე დაწერილი წერილები გამომიგზავნონ, სწავლის პერიოდში ბებიები სულ მიგზავნიდნენ წერილებს, დღემდე ვინახავ ყველა წერილს. არ ვსარგებლობ სოციალური ქსელით, ამ სახით ურთიერთობები ჩემთვის მიუღებელია, ხანდახან ვამბობ ხოლმე, რომ შემთხვევით გავჩნდი ამ ეპოქაში, არ მხიბლავს ტექნოლოგიური სიახლეები.

 

 

ოცნება შუშის სახლზე და მომავალი გეგმები

 

სამი წლის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს, 100-მდე სტუდენტი მყავდა ლექციაზე, ეს არის ჩემი კარიერის ყველაზე ღირებული პერიოდი. მინდა, ისევ დავუბრუნდე უნივერსიტეტს.

 

ვოცნებობ ზღვის პირას პატარა, შემინულ სახლზე, სადაც მუდამ იქნება ბავშვების ჟრიამული, თბილი და მყუდრო ოჯახურ გარემო. თუმცა ჯერ დაოჯახებული არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ოჯახი ყოველთვის არის სტიმულის მომცემი. ალბათ პროფესუილი საქმიანობის გზის პარალელურად ოჯახის ყოლა ადვილი არ იქნება, თუმცა შესაძლებელია. გადაღლილი სამუშაო დღის შემდეგ ოჯახთან ერთად განმარტოება ჩემს წარმოდგენაში ყველაზე თბილ ემოციებს იწვევს.

 

ფეიერვერკი ღამის 11 საათის შემდეგ – ჯარიმა 500 ლარი

 

ბატონო სულიკო, როგორც ვიცით, ეს საკითხი საკრებულოს იურიდიულმა სამსახურმა დაამუშავა. ვინ უნდა განახორციელოს ფეიერვერკის გამოყენებაზე მონიტორინგი და როგორ?

 

 

დებულებაში გაწერილია, თუ ვის აქვს დაჯარიმების უფლება _ გარემოს დაცვის დეპარტამენტს აქვს მონიტორინგის ვალდებულება და თუ როგორ განახორციელებს ამას, ეს მისი სამუშაოა. დებულებაში ეს საკითხი გაწერილი არ არის. თუ გაისვრიან ფეიერვერკს ქორწილში, დაჯარიმდება ქორწილის ორგანიზატორი, თუ საცხოვრებელი სახლებიდან გაისვრიან, მოხდება მოკვლევა. უნდა დაადგინონ დეტალები, თუ ვინ გამოიყენა და ა.შ. გადაწყვეტილებაში იმის შესახებ წერია, თუ რომელ საათებშია აკრძალული და რა არის გამონაკლისი შემთხვევა.

 

 

რა ითვლება გამონაკლისად?

 

საახალწლო დღეები და განსაკუთრებული შემთხვევები, მაგალითად, კონცერტები მერიის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

 

 

ქორწილის შემთხვევაში დასჭირდებათ წინასწარი თანხმობა?

 

 

ქორწილი არ არის განსაკუთრებული შემთხვევა, ასეთ რამეებზე არ ხდება ნებართვის გაცემა. განსაკუთრებულია ის, რაც საზოგადოებრივია და მნიშვნელოვანი. ვთქვათ, ჩამოდის მაღალი რანგის სტუმარი უცხოეთიდან და ა.შ. კერძო პირებს მხოლოდ საღამოს თერთმეტ საათამდე აქვთ ფეიერვერკის გამოყენების უფლება, შემდეგ უკვე ამოქმედდება ჯარიმები.

 

 

რამდენია ჯარიმა პირველ შემთხვევაზე და განმეორების შემთხვევაში რამდენი იქნება?

 

 

500 ლარია პირველ ფაქტზე, განმეორების შემთხვევაში კი _ 1000 ლარი.

 

 

გადაწყვეტილება უკვე ძალაშია თუ მოსახლეობას აქვს დრო, ინფორმაციის მისაღებად?

 

 

რეგულაცია უკვე ამოქმედებულია, პირველი ივლისიდან უკვე ძალაშია. არცოდნა პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

 

 

დოკუმენტში წერია, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს, კანონდარღვევის შემთხვევაში, უნდა გაუწიოს ტექნიკური დახმარება. რა იგულისხმება ამაში?

 

 

 

ტექნიკურ დახმარებაში იგულისხმება ის, რომ თუ ფაქტს დააფიქსირებს მერიის ზედამხედველობის სამსახური, ამ ინფორმაციას გადასცემს გარემოს ზედამხედველობის სამსახურს. დანარჩენ დეტალებზე თვითონ სამსახურმა უნდა იმსჯელოს.

 

 

რითი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება გამოწვეული?

 

 

ბევრი უკმაყოფილება იყო მოსახლეობის მხრიდან, რომ ღამის საათებში აფეთქებდნენ და ხმაური არ აძლევდა ადამიანებს ძილის საშუალებას.

 

 

გარემოს ზედამხედველობის სამსახური ჯერ არ არის ამ გადაწყვეტილების შესახებ ბოლომდე ინფორმირებული, როდის გადაეგზავნებათ მათ დოკუმენტი?

 

 

გადაწყვეტილება მიღებული და ხელმოწერილია, მალე გადაეგზავნებათ. 

უსაფრთხო დედობა– ჯანმრთელი ახალშობილი – კონფერენცია ბათუმში



კონფერენციის გახსნას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე დაესწრო. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს წამყვანი ნეონატოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები.

წელს საერთაშორისო კონფერენცია მე–14 იმართება და იგი 6 ივლისს დასრულდება.

რას გვკარნახობს ორგანიზმი

 

შოთა, რა სხვაობაა ჰიპოვიტამინოზსა და ავიტამინოზს შორის?

 

 

ჰიპოვიტამინოზი არის მდგომარეობა, როცა ორგანიზმში აღინიშნება ვიტამინების ნაკლებობა, ხოლო ავიტამინოზი არის უფრო მძიმე მდგომარეობა, როცა ორგანიზმში ვიტამინების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული და ამის გამო სხვადასხვა დაავადება ვითარდება.

 

 

რამდენად ხშირია ეს დაავადება და რა ასაკის პაციენტებშია გავრცელებული?

 

 

ძირითადად ჰიპოვიტამინოზი გარდატეხის ასაკამდე ბავშვებშია გავრცელებული, შემდგომში კი უკვე პოსტმენოპაუზურ პერიოდში. თუმცა გაზაფხულზე თითქმის ყველას ორგანიზმში შეიმჩნევა ვიტამინების ნაკლებობა, რადგან ამ პერიოდში ჯერ არ არის შემოსული ახალი ხილ-ბოსტნეული.

 

 

რა იწვევს ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობას?

 

 

პირველ რიგში, ეს ხდება მაშინ, როცა საკვებ პროდუქტში არ არის ვიტამინები იმ რაოდენობით, რამდენიც უნდა იყოს. შესაძლოა საკვები პროდუქტი იყოს არასწორად დამუშავებული და ამის გამო უჭირდეს კუჭ-ნაწლავს მისი ათვისება. ხშირად საკვები პროდუქტები არასასურველი სასუქებითა და ემულგატორებით არის გამდიდრებული, ასევე დარღვეულია მათი შენახვის პირობები (მაგალითად, ხორცი რამდენჯერმეა გაყინული და გამლღვალი). ესეც ამცირებს მასში ვიტამინების რაოდენობას. მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, მზეზე არის თუ არა პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში ნამყოფი.



გარდა ამისა, ვიტამინების ნაკლებობის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში არსებული პათოლოგიები, რის გამოც კუჭ-ნაწლავის ტრაქტი არ იწოვს ვიტამინების საჭირო რაოდენობას. ასეთ დროს უნდა გავითვალისწინოთ ორგანიზმში ფერმენტული და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა – თუ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირება დარღვეულია, ეს დიზბაქტერიოზია.

 

 

რა სიმპტომები ახასიათებს ვიტამინების ნაკლებობას?

 

 

ჰიპოვიტამინოზის დროს ძირითადად პაციენტები არიან მოდუნებული, ახასიათებთ ძილიანობა, აქვთ დაქვეითებული მეხსიერება, აღენიშნებათ საერთო სისუსტე. შეიძლება ატარებდნენ დაბალ ტემპერატურასაც (37 ან 37,1 გრადუსი).

 

 

როგორ ვლინდება რომელიმე ვიტამინის უკმარისობა ორგანიზმში?

 

 

ასეთი სიმპტომები დამოკიდებულია უშუალოდ იმ ვიტამინზე, რომლის ნაკლებობასაც განიცდის ორგანიზმი.


ბავშვთა ასაკიდან რომ დავიწყოთ, დასაწყისშივე რაქიტის გამოვლინება უკვე მანიშნებელია ბავშვის ორგანიზმში კალცისა და D ვიტამინის ნაკლებობაზე. ასეთ დროს აუცილებელია ბავშვი ვასეირნოთ მზეზე, რადგან მზეზე ხდება D ვიტამინის სინთეზი კანში და ამის შედეგად ძლიერდება კალცის შეთვისება. კალცის ნაკლებობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს ხშირი ოფლიანობაც.


ასევე, კალცის ნაკლებობის მანიშნებელი შეიძლება იყოს თეთრი რკალები ფრჩხილებზე, მაგრამ ეს 100%-იანი მაჩვენებელი არ არის, ისევე როგორც ადრეული გაჭაღარავება მამაკაცებში.


კანზე პიგმენტური ლაქები მიუთითებს B და A ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაზე. თუმცა ამ დროს აუცილებელია დიფერენცირება _ სხვა მიზეზით ხომ არ არის გამოწვეული პიგმენტური ლაქები. კანის სიმშრალე და ადვილად მტვრევადი თმები ორგანიზმში A და E ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს. კანის შემადგენელ სტრუქტურას სჭირდება კაროტინი, რომელიც A ვიტამინის პირველი ბაზისური ნივთიერებაა. ბავშვთა ასაკში A და E ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში, ბავშვთა განვითარებასა და მათ სიმაღლეში ზრდასაც აფერხებს.


თუ პაციენტს აღენიშნება სისუსტე, ადინამია, მოთენთილობა, ახასიათებს ძილიანობა, უჭირს მეტყველება, ეს ზოგადად B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაზე მიუთითებს. მათი შევსება ხორცეულით, ახალი ხილითა და ბოსტნეულითაა შესაძლებელი. არსებობს ამინომჟავები, რომლებიც მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ცხიმში არსებობენ, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ბოსტნეულსა და ხილთან ერთად აუცილებელია ხორცპროდუქტების ან რძის პროდუქტების მიღება მაინც. ხშირად მარხვის პერიოდში არ ხდება ამ ამინომჟავების მიღება, ამიტომ ამ დროს რეკომენდებულია პაციენტმა მიიღოს კალციუმი და გადავიდეს სხვა ცილოვან პროდუქტებზე, მაგალითად, პარკოსნებზე (ლობიო, ბარდა, წიწიბურა და ბურღულეულზე).


ხშირი სისხლდენა ღრძილებიდან, შესაძლოა, C და E ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებდეს. ასევე, C ვიტამინის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ნაკლულობაა, როცა იმუნური სისტემა არის სუსტი და ადამიანი ადვილად ცივდება. ამ დროს C ვიტამინი უნდა შეივსოს ციტრუსებით.


ძვალ-სახსროვანი სისტემის პრობლემები ხშირ შემთხვევაში იჩენს თავს, თუ ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობაა – აღნიშნული ვიტამინი ძვალში კალციუმის ჩალაგებას უწყობს ხელს.

 

 

როგორ ვიკვებოთ სწორად?

 

 

აუცილებელია სწორი, დაბალანსებული კვება. ადამიანი უნდა იკვებოს ხუთჯერადად დღეში. დილით, შუადღით და საღამოს ძირითადი კვება აუცილებელია, დილით თუნდაც რძის პროდუქტი ხილთან ერთად ან ფაფასთან. შუადღეს _ ხორცპროდუქტი, თევზი, სალათთან ან წვნიანთან ერთად. საღამოს კი _ რამე უფრო მსუბუქი, წიწიბურა მაწონთან ან იოგურტთან ერთად. შუალედებში, სადღაც 12-სა და 6-საათზე, დავახმაროთ ხილი ან ახალი ბოსტნეული.


დაცული უნდა იყოს პროდუქტის მომზადების წესებიც, საკვები არ უნდა იყოს ძალიან დამწვარი, ძალიან ცხიმიანი და ა.შ. ასეთ შემთხვევაში საკვები შეინარჩუნებს ყველა იმ ელემენტს, რაც ხელს შეუწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას ორგანიზმში.


გაზაფხულის პერიოდში, თუ საკვები პროდუქტებით ვერ ხერხდება ვიტამინების შევსება, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ პოლივიტამინების კომპლექსის მიღებას. ვიტამინები შეიძლება მიიღოს ყველა ბავშვმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც იმუნური სისტემა აქვს დაქვეითებული (გარდა ონკოპაციენტებისა). 

 

 

 

რამდენად საზიანოა დიეტები, რომლებიც რაციონიდან პურის ან რომელიმე სხვა პროდუქტის მთლიანად ამოღებას გულისხმობს?

 

 

პური ნამდვილად შეიძლება ამოვიღოთ მენიუდან, მაგრამ ის აუცილებლად უნდა ჩაანაცვლოთ ასეთივე შემადგენლობის სხვა პროდუქტით, მაგალითად, კარტოფილით ან წიწიბურითა და ჰერკულესით. რაც შეეხება დიეტებს, რომლებიც რამდენიმე დღით მხოლოდ ერთი და იმავე პროდუქტის მიღებას ითვალისწინებს, მათი ხანგრძლივობა მაქსიმუმ სამ დღეს შეიძლება გაგრძელდეს, შემდეგ უკვე ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი იწყება. ამიტომ ასეთი დიეტები თვეში რამდენჯერმე, მხოლოდ თითო დღით უნდა მოვიწყოთ.

ბათუმში ჩოხოსნები და თავად-აზნაურთა საკრებულო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვას გააპროტესტებენ

 

“აქციის ორგანიზატორი საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშო, თავად-აზნაურთა საკრებულო, მხატვართა კავშირი და 14 საზოგადოებრივი გაერთიანებაა” – ამბობს აქციის ორგანიზატორი, თენგიზ თავდგირიძე, საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს დარბაზის ხელმძღვანელი.    

 

მისი თქმით, აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაზე დადგენილი მორატორიუმის გააუქმების შესახებ.

 

“საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვთ ამ ანტიეროვნული გადაწყვეტილების შეჩერებას, ასეთი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი თანამდებობიდან უნდა გადადგეს – პაპუაშვილზეა საუბარი და შემდგომ აქციის მონაწილეები იქ რას მოითხოვენ, ეს გამოჩნდება. ამავე დროს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ეკომიგრანტებზე, კაშხლების მშენებლობაზე, კირნათის თემაზე…” – ამბობს თენგიზ თავდგირიძე.

 

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა აქციის ორგანიზატორებს ამ თემაზე შეხვედრა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტთან, მეუფე დიმიტრისთან, თენგიზ თავდგირიძე პასუხობს, რომ არა, რადგან მეუფე დიმიტრი ამჟამად გერმანიაში იმყოფება პატრიარქთან ერთად, “მაგრამ ჩვენ მისი უწმინდესობის ქადაგებას გამოვეხმაურეთ, ერისკაცები უნდა გამოვიდნენ და ერის საქმე უნდა აკეთონ.” – ამბობს ის.

 

 

რის გაკეთებას გეგმავს შუახევის გამგებელი

 

 

ტარიელ ებრალიძე
ტარიელ ებრალიძე

ბატონო ტარიელ, კმაყოფილი ხართ არჩევნებში თქვენი შედეგით?

თვითმმართველობის არჩევნებში შუახევის მოსახლეობის 73-პროცენტმა დამიჭირა მხარი, რაც საქართველოს მასშტაბით ძალიან კარგი შედეგია. მე ველოდებოდი ამ მხარდაჭერას, რადგან ჩემი გამგებლობის ცხრათვიან პერიოდში ბევრი რამ გავაკეთე, შესაბამისად, მოსახლეობის მხარდაჭერა მივიღე, მხარდაჭერამ კი ორმაგი პასუხისმგებლობა დამაკისრა მათ წინაშე. შევეცდები ჩემს თითოეულ ამომრჩეველს, თანამოქალაქეს, მოლოდინი არ გავუცრუო.

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რის მოგვარებაც შეძელით, რაც გამარჯვებაში დაგეხმარათ?

დავიწყე ხიჭაურიდან ჭვანის მიმართულებით 5-კილომეტრნახევრიანი გზის მოასფალტება, რაზეც ამ ხეობის მცხოვრებლები ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან მოყოლებული ოცნებობდნენ. დაბაში წყლის პრობლემის მოგვარება დავიწყე, დღეს დაბას წყალი გრაფიკით მიეწოდება, ჩვენი პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას წყალი უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში ექნება.

რის გაკეთებას გეგმავთ თქვენი გამგებლობის პერიოდში?

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს ერთი და იგივე პრობლემები აწუხებს, რაც გზას, წყალსა და ელექტრომომარაგებას უკავშირდება. ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმების საკითხია. შუახევში “შუახევჰესი” შენდება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა გვყავს დასაქმებული, მშენებელ კომპანიასთან მოლაპარაკებას ყოველდღიურად ვაწარმოებთ, რომ დამატებით სამუშაო ადგილის გამონახვისას ადგილობრივი დასაქმდეს. გვინდა გავხსნათ ხილის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც ადგილზე მოყვანილი ნედლეული გაიყიდება, ამით მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდება და დასაქმდება კიდეც.

ჩვენი ხელისუფლების ხედვა არის 2-3 წლის განმავლობაში თითოეულ თემის ცენტრამდე გზა მოასფალტდეს, ასევე შიდასასოფლო და მთებთან დამაკავშირებელი გზები მოწესრიგება.

გვინდა შევცვალოთ ელექტროგაყვანილობა სადენებითა და გადამცემი ხაზებით. ელექტროგაყვანილობა გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა, ამ წლის ზამთარში არსებულმა პრობლემამ გვიჩვენა, რომ ეს აუცილებელია.
ვყიდულობთ სახანძრო მანქანას, თითოეული თემის ამბულატორიას გადაეცემა ავტომობილები.

ვაშენებთ ხუთ დაწყებით სკოლას და დაგეგმილი გვაქვს სამი ბაგა-ბაღის აშენება.
სოფელ ფურტიოში აშენდება რაგბის მოედანი, გვინდა ტურისტული ინფრასტრუქტურა განვავითაროთ, ამ დროისთვის გავხსენით ტურისტული სააგენტო, სადაც სამი ახალგაზრდა დასაქმდა, რომლებიც ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს მოემსახურებიან.

რაც შეეხება დასაქმებას, მუნიციპალიტეტის გამგეობა ვერ იქნება დასაქმების ადგილი, ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსებს, სადაც ახალგაზრდა, კომპეტენტურ კადრებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ. ჩემი მიზანია ნიჭიერი კადრების მოზიდვა და ეს მხოლოდ კონკურსის წესით მოხდება.

რამდენად შესაძლებელია ყველა ეს დაპირება რეალობად აქციოთ – გაქვთ ამისთვის საჭირო ფინანსური რესურსი?

დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება, კოალიცია, ჩვენი პრეზიდენტი, პრემიერი და მთავრობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ადგილზე დასაქმებას, მინისაწარმოების გახსნას. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელიც ცრუ დაპირებას არ იძლევა, ჩვენი სიტყვები ასრულებადია, საზოგადოება ამას მალე ნახავს.

თქვენი აზრით, რა პერსპექტივა გააჩნია მუნიციპალიტეტს და რა მიმართულებით უნდა დაიგეგმოს პრიორიტეტები?

ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ და აქცენტი სოფლის მეურნეობაზე უნდა ავიღოთ, საუბარია თამბაქოს კულტურის აღორძინებაზე. ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმო უნდა გაიხსნას. კაკლისა და მოცვის კულტურა დავნერგეთ. სოფლის მეურნეობის განვითარება მცხოვრებლებს ადგილზე დააკავებს.

აქცენტი გააკეთეთ მიგრაციაზე, რამდენად შესაძლებელია მოსახლეობის გადინების შეჩერება?

 

მაღალმთიანი აჭარა, მათ შორის შუახევის მუნიციპალიტეტი, გეოლოგიურად აქტიური ზონაა, ხშირია მეწყრული პროცესები, არის ქვათა ცვენის რამდენიმე შემთხვევა, რაც მიგრაციას უწყობს ხელს.

უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები, გავაშენოთ მრავალწლოვანი მცენარეები და ხე-ტყის უკანონო ჭრას წერტილი დავუსვათ. დაბაში საცხოვრებელი ფართობის მიცემა არ არის საკმარისი პრობლემის აღმოსაფხვრელად. თუ აღორძინდება სოფლის მეურნეობა, რაც თავის სარჩენს გაუჩენს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ვფიქრობ, წასვლაზე არავინ იფიქრებს.

გეგმავთ თუ არა საკადრო ცვლილებებს?

 

კადრებს აუცილებლად გადავახალისებთ, შანსი უნდა მივცეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს. გამგეობაში აუცილებლად `ახალ სისხლს გადავასხამთ~, მოვლენ ახალი, ინტელექტუალური კადრები. ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს სამუშაო ადგილის მემკვიდრეობით გადაცემა, არის შემთხვევები, როცა მშობელი მუშაობს, მის ადგილს კი შემდეგ შვილი იკავებს. ჩემი მიზანია კონკურსის გზით შევარჩიო კადრები.

რამდენად არსებობს კონკურსი ობიექტურად ჩატარების შესაძლებლობა?

ვინც მიცნობს, ჩემს ობიექტურობაში ეჭვი არ შეეპარება. არც ერთ თანამდებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კომპეტენტური საახლობლო მყავს, ჩემი ნათესავი არ დამინიშნავს, შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ.

ადგილობრივ თვითმმართველობებში წამყვან თანამდებობებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იკავებენ, რამდენად გამჭვირვალე იქნება მოსახლეობისთვის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და გაითვალისწინებთ თუ არა მათ ინტერესებს ბიუჯეტის დაგეგმარებისას?

საკრებულოში უმრავლესობას “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენდა, თუმცა ამის გამო ჩვენ დისკომფორტი არ შეგვქმნია, ვცდილობდით მაქსიმალურად ერთად გაგვეხორციელებინა პროექტები. მაგრამ როცა საკრებულოში უმრავლესობით მოვალთ, მეტ ღონისძიებას დავგეგმავთ და ყველა დაწყებულ საქმეს მოსახლეობის საკეთილდღეოდ, ბოლომდე მივიყვანთ.

ის, რაც კეთდება სოფელში, ერთი ადამიანისთვის არ კეთდება და არც ადამიანთან გარიგებით, როგორც ადრე წესად იყო, ყველა პროცესი გამჭვირვალეა, ტენდერებით კეთდება და მთელ სოფელს მოიცავს.

რა ქონებას ფლობთ ამჟამად?

მაქვს 80 კვადრატამდე ფართობის ბინა ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, რომელიც 2005 წელს შევიძინე და ავტომობილი “სუზუკი”.

მყავს მეუღლე და ორი შვილი. უფროსი, ონისე მე-11 კლასშია და ბათუმის `დინამოში~ თამაშობს, უმცროსი _ მარიამი 6 წლისაა, დარეგისტრირდა ბათუმის N1 სკოლაში და წელს მიუჯდება მერხს, მეუღლე დიასახლისია.

როცა გამგებლად დავინიშნე, შევავსე ქონებრივი დეკლარაცია, ახლა მომივიდა ინფორმაცია, რომ ახალად უნდა შევავსო. ჩემი მუშაობის ცხრათვიან პერიოდში ქონება 0,1%-ითაც კი არ შეცვლილა. საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი გამგებელი ვარ.

 

ბედის ვარსკვლავის ბრალია

„ბედის ვარსკვლავის ბრალია”  დაუვიწყარი და ძალიან მართალი წიგნია კიბოთი დაავადებული მოზარდების შესახებ. კი, აქ სიყვარულიც ბევრია და ტრაგიკული დასასრულიც, მაგრამ ვინ თქვა, რომ ასეთ ამბებს არა აქვთ არსებობის უფლება? ან ვინ თქვა, რომ უკურნებელი სენით გატანჯული პატი ჰოლმანი აუცილებლად უნდა შეგვეცოდოს, ჰეზელ გრეისი და აუგუსტუს უოტერსი კი არა?

ჰეზელ გრეისი 16 წლის გოგოა, რომელსაც კარგა ხანია კიბო აქვს და ამ დაავადებასთან, რაღაცნაირად, მეგობრულადაც კი თანაცხოვრობს. ცდილობს, ყველაფერს იუმორით მიუდგეს, ზედმეტი ტრაგედია არაფრისგან შექმნას. არც იმისგან, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება მოკვდეს. არც იმისგან, რომ მშობლები ლამის ეხოცება დარდით. ჟანგბადის ბალონს, რომელზეც მუდმივადაა მიერთებული, მოფერებით ფილიპს ეძახის და ცდილობს, ზოგჯერ გულიანად, ნამდვილად გაიღიმოს.

კიბოს შესახებ ასეთი გულახდილი წიგნი ბევრი ნამდვილად არაა დაწერილი. ყველაზე კარგი, რაც ამ წიგნს აქვს, ის არის, რომ დაავადება არ არის რომანტიზირებული. დაავადებული ბავშვები აქ არ არიან სიცოცხლისთვის თავგანწირვით მებრძოლი გმირები. ისინი არიან ბავშვები, რომლებიც აუტანელი ტკივილებისგან ზოგჯერ ძალიან ბოროტდებიან. ბავშვები, რომლებიც ხშირად ჭამის შემდეგ არწყევენ, ზოგჯერ კი საკუთარ შარდში სძინავთ. ბავშვები, რომლებიც კიბოსთან ბრძოლაში კიდურებს კარგავენ, ზოგჯერ კი – ადამიანობასაც. ან როგორ შეიძლება, ადამიანობა არ დაკარგო წინასწარ წაგებულ ომში.

ჰეზელი და ავგუსტუსი, ორი მთავარი გმირი, ერთმანეთს “თანაგრძნობის წრეზე” ხვდება. მათ მალე გააერთიანებს ერთი წიგნი, რომელიც კიბოიანი ბავშვის შესახებაა და რომლის ავტორიც ჰოლანდიაში ცხოვრობს. ჟანრის კანონების თანახმად, ჰეზელსა და გასს ერთმანეთი უყვარდებათ, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ ეს სიყვარული სულ არ არის მთავარი, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი თემაა. მთავარი ამ წიგნში ტანჯვა და ძალიან მწარე ღიმილებია. ჰეზელი ისე სასაცილოდ ჰყვება ყველაფერს! ტკივილზეც კი ისე გულიანად იცინის! მაგრამ არ ეცინება დაბეჩავებულ მშობლებზე, არც ფეხმოჭრილ და რეციდივდადგენილ გასზე.

ფინალს არ მოგიყვებით, მოყოლით ყველაფერ აზრს დაკარგავს. ძალიან, ძალიან საინტერესო და ცოტათი მოულოდნელი ფინალია -თითქოს მეტს ელოდი და ცოტა რამ მოხდა. მაგრამ ეს ერთადერთი სწორი ფინალია, რომელიც ამ სადად დაწერილ წიგნს მოუხდებოდა.

ჰეზელისნაირად რომ ვთქვათ, ჩვენ მოგვწონს, ჯონ გრინ, ძალიან მოგვწონს.

Exit mobile version