სპორტი

ფიგურული ციგურაობა ბათუმში

31.10.2014 • 5581
ფიგურული ციგურაობა ბათუმში

მოციგურავეები ვარჯიშისას

ბათუმში ყინულის სასახლე 2007 წლიდან ფუნქციონირებს. ყინულის მოედანი ლადო ასათიანის #27-ში მდებარეობს. თავდაპირველად მოედანი გოგებაშვილის ქუჩაზე იყო განთავსებული, მეორე მოედანი კი – ბულვარის ტერიტორიაზე. სამი წლის წინ ორივე დიდი და პატარა მოედანი ასათიანის ქუჩაზე გადაიტანეს და გააერთიანეს ბათუმის სპორტულ ახალგაზრდულ ცენტრში. პატარა მოედანი სხვა სპორტული სახეობებისთვის გადააკეთეს. იქ მოციგურავეები ფიზიკურ მომზადებას გადიან. შვიდი წლის მანძილზე ფიგურული სრიალი სამოყვარულო დონიდან სპორტულ სახეობამდე განვითარდა და დღეს 16 სხვადასხვა ჯგუფია ჩამოყალიბებული, როგორც სამოყვარულო, ასევე სპორტული.

სეზონი ორი თვის წინ დაიწყო. როგორც ცენტრის ადმინისტრაციაში ამბობენ, წელს ფიგურულ ციგურაობაზე 200-ზე მეტი ბავშვი მივიდა. შვიდი წლის მანძილზე ფიგურულ ციგურაობაში პირველი თაობა აღიზარდა: მარი გოგელიძე, ანა შაქარიშვილი, თემურ დავითაძე, ნიკა გაბაიძე, ზალინა გორგილაძე, თამუნა ლომაძე. ისინი ახლა 14-15 წლისანი არიან.

„მათ ჰქონდათ გარკვეული წარმატება,იყვნენ აჭარისა და საქართველოს პრიზიორები. შეეძლოთ უფრო დიდი წარმატებისთვისაც მიეღწიათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავიყვანეთ ეს ბავშვები საზღვარგარეთ – არ იყო მაგის საშუალება. ამის გამო ეს თაობა დავკარგეთ. ისინი ახლა უნივერსიტეტში სასწავლებლად ემზადებიან. თუმცა მწვრთნელობაზე ოცნებობენ და სამომავლოდ ფიგურული ციგურაობის განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანია“,- გვეუბნება ტრენერი და აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლია ნაკაიძე.

ლია ნაკაიძე ამბობს, რომ სამოყვარულო დონე სამწლიანია, რის შემდეგაც მოსწავლეები გამოცდებს აბარებენ და მონაცემების მიხედვით ძლიერ ჯგუფებში ნაწილდებიან. ამიტომ გარდა სამოყვარულო ჯგუფებისა ჩამოყალიბებულია სინქრონული გუნდი (11 მოციგურავე), საკონცერტო დასი (14 მოციგურავე), პატარების მოსამზადებელი ჯგუფები (10 მოციგურავე).

სინქრონული გუნდი ფიგურულ ციგურაობაში ახალი სახეობაა, რომელიც განვითარების 20 წელს ითვლის. ლია ნაკაიძე ამბობს, რომ სტანდარტული ყინული ბევრი მიმართულბით მუშაობის საშუალებას იძლევა. სწორედ მან ჩამოაყალიბა ბათუმში პირველად სინქრონული ცეკვის გუნდი. გუნდი ერთნაირ ილეთებს აკეთებს სინქრონულად და სანახაობრივად მიმზიდველია. სინქრონული გუნდი გამოდის როგორცმოკლე, სამწუთიანი, ასევე თავისუფალი პროგრამით.

ლია ნაკაიძის გარდა ფიგურულ ციგურაობას კიდევ ოთხი ტრენერი ასწავლის – ინგა ბუთიკაშვილი, ლელა ჩოფიკაშვილი, ნუგზარ ჯანჯალაშვილი და სესილი ბერძენიშვილი.

„ლამაზი სპორტია. ჯანმრთელობისთვის უნიკალურია. თავიდანაც ფიგურული ციგურაობის მიზანი ბრონქული დაავადების მქონე ბავშვების დახმარება იყო. ამიტომაც თავდაპირველად, როცა ყალიბდებოდა ეს იყო გასართობი ცენტრი, მერე წამოვიდა მოთხოვნა და დღესდღეობით განვითარების ეტაპზე ვართ. მე თვითონ ხუთი წლიდან დავიწყე ფიგურული სრიალი თბილისში. მერე მოგვიწვიეს მე და ნუგზარ ჯანჯალაშვილი. ორნი ვიყავით, მაგრამ ბოლო სამ წელიწადში ბავშვების დიდი ნაკადის გამო ორი ტრენერი ვეღარ ვწვდებოდით და სამი ტრენერი დაგვემატა. ყოფილი მოციგურავეები ვართ“, – გვითხრა ლია ნაკაიძემ.

ბათუმის მერიის მხარდაჭერით ფედერაციამ შეიძინა ციგურები, წელს პირველად დაამონტაჟეს გასახდელები. ლია ნაკაიძე ამბობს, რომ აქამდე ბავშვები ტრიბუნებზე ფარდის წინ იცვლიდნენ ტანსაცმელს. ფედერაციას სპორტული სამსახურების მხარდაჭერის იმედი აქვს.

ლია ნაკაიძე: „თებერვალში ვენაში, იანვარში ესტონეთის ქალაქ ტარტუში და 23-26 აპრილს პარიზში არის ისუს (ISU – International Skating Union) სასწავლო-საწვრთნო ტრენინგები. გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ მონაწილეობა. შარშან პირველად ჩავატარეთ აჭარის თასი, სპორტსმენები მოწვეული გვყავდა ქუთაისიდან, თბილისიდან, სომხეთიდან. ხარჯები მთლიანად აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა გაიღო. დეპარტამენტი გვეხმარება და გაგვიზარდა დაფინანსება. წელს პირველად გავიყვანეთ ბავშვები ზაფხულის შეკრებაზე ბორჯომის სოფელ ცემში, სადაც მოწვეული გვყავდა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები. 22 ნოემბერს დაგეგმილი გვაქვს აჭარის თასის გათამაშება. ვინც ამ ღონისძიებებზე წარმატებით გამოვა, ის თავის მასწავლებელთან ერთად აგვისტოში გაემგზავრება გერმანიაში ისოს საერთაშორისო ტრენინგზე.“

ფიგურული ციგურაობის სწავლების საფასური 20 ლარია თვეში. ბათუმის საკრებულოს თავჯდომარის ბრძანებით მოქმედებს სოციალური პაკეტები, ანუ ფიგურული ციგურაობის სწავლება უფასოა სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრისთვის; დედ-მამით ობოლი ახალგაზრდებისთვის; მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის (18 წლამდე); მარტოხელა დედების ბავშვებისთვის (18 წლამდე); საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის ბავშვებისთვის; ბრონქიალური ასთმით დაავადებული ახალგაზრდებისთვის; მარჩენალდაკარგული ოჯახის ბავშვებისთვის (18 წლამდე). ასევე თანამშრომლობის საფუძველზე სპორტულ ახალგაზრდული ცენტრი უფასოდ და ფასდაკლებით ასარგებლებს მოედანს სპორტული ფედერაციებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ამჟამად ცენტრი ფიგურულ ციგურაობაში ახალ თაობას ზრდის. ისინი შვიდნი არიან – ანადეა გულბიანი-შმიდტი, ილია გოგიტიძე, ინგა ფუტკარაძე, ნატალია ლომინეიშვილი, ნუცა მახაჭაძე, ეკატერინე იაზადჯი, ლიზი პაქსაძე. მათგან ყველაზე უმცროსი შვიდი წლის ეკატერინე იაზადჯია.

„უკვე წამოვიდა ახალი თაობა. შარშან ისინი ბუდაპეშტში გვყავდა. ახლაც ფედერაცია და სპორტულ ახალგაზრდული ცენტრი გეგმავს, ბავშვები გავუშვათ საერთაშორისო ტურნირებზე, მწვრთნელები კი – ტრენინგებზე. ეს აუცილებელი პირობაა, როგორც სპორტსემენების სწავლებისთვის, ასევე ადგილობრივი ტრენერების განვითარებისთვის,“ – ამბობს ლია ნაკაიძე.

ფიგურული სრიალი ბიჭებს ნაკლებად აინტერესებთ. თუმცა ლია ნაკაიძე ამბობს, რომ წელს მათი რიცხვი გაიზარდა და 200 ბავშვიდან 80 ბიჭი დადის. მათი უფრო მეტი დაინტერესებისთვის აპირებენ ჰოკეის გუნდის ჩამოყალიბებას, თუმცა იმის გამო, რომ ჰოკეის ინვენტარი ძვირია, ეს დღემდე ვერ შეძლეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: