კვირის ამბები

ეკოპარკები პოლიეთილენის ნაცვლად

31.10.2014 • 3711
ეკოპარკები პოლიეთილენის ნაცვლად

“ბიბლუსის” პიარმენეჯერი მარიამ წამალაშვილი ამბობს, რომ ქსელი მუყაოს პარკების კამპანიას 2013 წლიდან აწარმოებს, თუმცა მომხმარებელი მაინც პოლიეთილენის პარკებს ამჯობინებს -“ქართველი მომხმარებელი არ არის მზად იმისთვის, რომ მთლიანად ამოვიღოთ მოხმარებიდან პოლიეთილენის პარკები”, – ამბობს ის. “ბიბლუსის” ქსელის 45 ფილიალიდან თითოეულში ყოველდღიურად 150-მდე მომხმარებელი შედის და მარიამ წამალაშვილის თქმით, მათგან მხოლოდ 40% თუ სარგებლობს მუყაოს პარკით.

წიგნის მაღაზიათა ქსელი “ბიბლუსი”, გამომცემლობა “პალიტრა L-ის” მაკულიტერატურის პროექტშია ჩართული, შესაბამისად, მუყაოს პარკის ფურცელი, რომელიც ბიბლუსის ქსელში გამოიყენება, სწორედ მათ მიერ შეგროვებული მაკულატურისგან მზადდება. “რადგან გარემოს დაცვა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაცაა, პოლიეთილენის პარკების პარალელურად, შემოვიღეთ მუყაოს პარკები, რომლებიც მეორადი გადამუშავების ფურცლისგან მზადდება”,- ამბობს მარიამი.

კიდევ ერთი ქართული კომპანია, რომელიც დაარსების დღიდან მხოლოდ ქაღალდის პარკით ყიდის თავის პროდუქციას, სააფთიაქო ქსელი “ფარმადეპოა”. „თითქმის ხუთი წელია ანუ დაარსების დღიდან “ფარმადეპო” ეკოპოლიტიკას ატარებს. “ეს არ ყოფილა რომელიმე ორგანიზაციის ან რაიმე კონკრეტულ კვლევაზე დაფუძნებული ინიციატივა, უბრალოდ, ჩვენ თავიდანვე გვჯეროდა, რომ არ შეიძლება დააბინძურო და დააზიანო გარემო, რომელშიც ცხოვრობ”, – ამბობს “ფარმადეპოს” მარკეტინგის მენეჯერი ჯაბა დალაქიშვილი. მისივე თქმით, მაკულატურის მოგროვების მიზნით მათთან პერიოდულად მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებშიც “ფარმადეპოს” ხუთი პარკის სანაცვლოდ მათი მომხმარებელი მედიკამენტზე 20%-იან ფასდაკლებას იღებს.

კრაფტის ქაღალდი, რომლისგანაც “ფარმადეპოს” პარკებია დამზადებული, ეკოპროდუქტია, იგი სრულად ბიოდეგრადირებადია, ბოლომდე ბუნებრივად იშლება/იხრწნება, თუმცა ქაღალდისა და მუყაოს ეკოლოგიური შეფუთვების კანადური საბჭოს ერთ–ერთი კვლევის (PPEC – Understanding Recycled Content) თანახმად, ხშირად კრაფტის ფურცლის დასამზადებლად პირველადი მასალა – ახლად მოჭრილი ხე, ხის ნაფოტი ან ხის ბურბუშელა/ნახერხი გამოიყენება.

“მწვანე ალტერნატივას” პოლიტიკის ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე “ნეტგაზეთთან” ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ქაღალდის პარკის წარმოებაზე დახარჯული რესურსით გამოწვეულ ზიანს (იქნება ეს მოჭრილი ხე თუ გადამუშავებაზე დახარჯული ელექტროენერგია), პოლიეთილენით გამოწვეული ზიანი ყოველთვის არ აღემატება. “გააჩნია, ეს ქაღალდის პარკი როგორ არის წარმოებული, თუ ეს არის გადამუშავებული ქაღალდისგან ნაწარმოები, მაშინ შეიძლება, მაგრამ თუ ამისთვის ხელუხლებელი ტყეები უნდა მოიჭრას, ეს უკვე მიუღებელია” – ამბობს ის.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის კვლევის მიხედვით, საქართველოში ერთი მოსახლე საშუალოდ 525 ერთჯერად პოლიეთილენის პარკს მოიხმარს წელიწადში, მაშინ როცა ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 200 პარკია ერთ ადამიანზე. სწორედ ამიტომ კანონპროექტში – “ნარჩენების მართვის კოდექსი”, რომელიც მთავრობამ 23 ოქტომბერს დაამტკიცა და რომელიც სულ მალე პარლამენტმა უნდა მიიღოს, შესულია რეგულაციები, რომლითაც სახელმწიფო გარკვეული სუფსიდიების დაწესებისა თუ სხვადასხვა მექანიზმის სახით შეეცდება შეამციროს პოლიეთილენის პარკების ჭარბი გამოყენება ქვეყანაში და ხელი შეუწყოს იმ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რომლებითაც შესაძლებელი იქნება პოლიეთილენი ჩანაცვლდეს, არა მარტო გადამუშავებული მაკულატურისგან დამზადებული ქაღალდის პარკებით, არამედ სხვა, მრავალჯერადი გამოყენების პარკებით, რომლებიც ასევე ბიოდეგრადირებადი, მცენარეული წარმოშობის მასალისგან მზადდება. „საამისოდ უნდა შეიქმნას შეგროვების სისტემები და დაინერგოს რეციკლირების სისტემა (ანუ გადამუშავება და მისგან ხელახალი პროდუქციის წარმოება)”, – ამბობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი. მისივე თქმით, ნარჩენების სეპარირება, ქუჩებში სხვადასხვა ფერის ურნების დადგმასაც გულისხმობს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისთვის იქნება განკუთვნილი. ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, ამ სისტემების დანერგვა გარკვეულ ფინანსებზე, მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებსა და დიდწილად მოსახლეობის ცნობიერებაზეცაა დამოკიდებული.

ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საკითხის მოგვარებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც მწარმოებელ კომპანიას, რომლის პროდუქტის მოხმარების შედეგადაც წარმოიშვება ნარჩენები, ავალდებულებს სეპარირებულად შეაგროვოს ეს ნარჩენები და გადაამუშაოს ისინი. “მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება/პასუხისმგებლობა ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია დანერგილი. მაგალითად, რომელიმე სასმელის, პლასტიკის ბოთლებში ჩამომსხმელი კომპანია, რომელიც ათეულობით მილიონ ბოთლს აწარმოებს და რომლის პროდუქტის გამოყენების შედეგად წარმოიშობა მუნიციპალური ნარჩენი, ვალდებული იქნება თვითონვე იზრუნოს ამ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავებაზე. ეს ეხება როგორც ქართულ კომპანიებს, ისე იმპორტიორ კომპანიებსაც – ამას შეფუთვის ნარჩენები ჰქვია”, – ამბობს ალვერდ ჩანქსელიანი.

ევროპული გამოცდილებით ასეთი კომპანიები ერთიანდებიან, ქმნიან ასოციაციებს, დებენ ხელშეკრულებებს მუნიციპალიტეტებთან. ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, ეს პროცესი კანონპროექტის მიღებისთანავე ვერ დაინერგება და იგი შესაძლოა ეტაპობრივად განხორციელდეს: “სერიოზული მომზადებაა საჭირო იმისთვის, რომ კომპანიებს ესმოდეთ ამ მოთხოვნების შინაარსი. გარდა გარემოს დაცვისა, ეს ეკონომიკურადაც საინტერესო იქნება ქვეყნისთვის, რადგანაც იქმნება ნარჩენების გადამუშავების მთელი ინდუსტრია, რაც საგრძნობლად შეამცირებს დასაქმების პრობლემას”.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: