კვირის ამბები

„დალაგებული არ გვაქვს – დაყრას იწყებენ“

29.10.2014 • 2875
„დალაგებული არ გვაქვს – დაყრას იწყებენ“

„ადამიანი, რომელიც სადარბაზოში არ ინარჩუნებს სისუფთავეს, ის ეზოს გაუფრთხილდება?! დალაგების მიუხედავად, სამწუხაროდ შედეგი გვაქვს ნული. დალაგებული არ გვაქვს, რომ დაყრას იწყებენ, არანაირი მორიდება არ აქვთ, არ სურთ სისუფთავის შენარჩუნება, აივნებიდანაც კი ყრიან ნაგავს, ჩვენი საზოგადოების კულტურა ეს არის. ყველაზე რთულია მუშაობა ზაფხულში, დამსვენებლებზე როცაა ბინები გაქირავებული, ნაგავი პირდაპირ ფანჯრებიდან მოდის ეზოში, რამდენჯერმე თავში მოგვხვედრია“, –  ამბობს ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის უფროსი დავით ასამბაძე.

ბათუმში შიდა ეზოებს მოსახლეობის წერილის ან მერიის მიერ სანდასუფთავების სამსახურისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ალაგებენ. „მერია თავად გვაძლევს ამ ეზოების ჩამონათვალს და ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება ეს ოდენობა. შარშან მხოლოდ ერთხელ ვალაგებდით თვეში ეზოებს, წელს – ორჯერ, მაგრამ ეფექტი ვერ მივიღეთ. ხალხს ჰგონია, რომ ეზოს დალაგებას სანდასუფთავების მხრიდან უფრო ინტენსიური ხასიათი აქვს, ამიტომაც არ ერიდებიან. ვფიქრობ, მცხოვრებლები უფრო მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებული, თავად რომ იხდიდნენ დასუფთავებისთვის ფულს, უფრო მეტად დაიცავდნენ სისუფთავეს, როცა მუქთაა, არ აინტერესებთ“, – ამბობს დავით ასამბაძე.

მიხეილ თურმანიძე, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერში მდებარე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ სამი სახლის შიდა ეზოს დალაგება თვეში სამჯერ ვერ იქნება საკმარისი, რადგან ეზოში სტადიონი მდებარეობს, სადაც მუდმივად იმყოფებიან ბავშვები: „ყოველდღე რომ დაალაგო, დასალაგებელია, ბავშვები მუდმივად სტადიონზე არიან, რაც შედეგს გვაძლევს. ამხანაგობის წევრები ვაძლევთ რჩევებს მშობლებს, გააფრთხილონ შვილები, რომ სისუფთავის შენარჩუნება შეძლონ. ჩვენ ჩვენი ძალებითაც ვცდილობთ დასუფთავებას, პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქეები ალაგებენ მიმდებარე ტერიტორიას. ადრე უფრო დიდი პრობლემა იყო, ვიდრე ახლა, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, ეზოში საღამოობით სტადიონზე შეკრებილი ბავშვების ხმაური უფრო აწუხებს სამეზობლოს, ვიდრე ნაგავი“, – ამბობს მიხეილ თურმანიძე.

ჯემალ ქათამაძე რუსთაველის ქ. 57/58-ში მდებარე სახლის ამხანაგობის წევრია. ის ამბობს, რომ სანდასუფთავების თანამშრომლები თხუთმეტი დღის შუალედში ასუფთავებენ ეზოებს. „ხშირად ვუწერ ხელს აქტზე, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ დასალაგებლად. ეზოში ოთხი სანაგვე ურნა დგას, არანაირი მიზეზი არ არის იმის, რომ ნაგავი გარეთ დაიყაროს. თუ ეზო დანაგვიანებულია, ეს არის ქარის შედეგი, თვეში ორჯერ დალაგება არ არის საკმარისი, ურნებიდანაც კი ყრის ძლიერი ქარი ნაგავს“, – ამბობს ჯემალ ქათამაძე.

ეზოები თუ ქუჩები მხოლოდ ბავშვებისა და ქარის მიზეზით რომ არ ნაგვიანდება, ეს „ბათუმელების“ ფოტოკამერამ არაერთხელ დააფიქსირა. მაგალითად, გორგილაძის #105-დან მამაკაცმა ნაგავი პირდაპირ ფანჯრიდან გადმოყარა, ფოტოკამერის დანახვაზე კი სახლში შევიდა. ამ კორპუსში მცხოვრები ნათია ცენტერაძე ამბობს, რომ არ შეუმჩევია, ნაგავს უფროსები ყრიდნენ. მისი მოსაზრებით ეს შეიძლება ბავშვებმა ჩაიდინონ. „არ დამინახავს, რომ ვინმე ყრიდეს, ბავშვებზე მიმიცია შენიშვნა, სანდასუფთავების თანამშრომლები ალაგებენ მხოლოდ ტერიტორიას“, – ამბობს ნათია. ასევე „ბათუმელების“ ფოტოობიექტივში მოხვდა ქალი რუსთაველის ქუჩიდან, რომელმაც პირდაპირ აივნიდან გადმოყარა ნაგავი აივნის დახვეტის შემდეგ.

სანდასუფთავების თანამშრომლების ინფორმაციით, ამ კუთხით ყველაზე პრობლემურია სოციალური სახლი და ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღალი კორპუსები. „დიდი კორპუსები არის პრობლემური, რადგან უფრო მეტი მცხოვრებია. ქარმაც იმატა ქალაქში, ზღვისპირას, განსაკუთრებით მშენებარე სახლებში, ეს პრობლემებს ქმნის“ – ამბობს დავით ასამბაძე.

ნაგვის დაყრა და გარემოს დაბინძურება კანონით ისჯება. დასუფთავების წესების დარღვევა ადმინისტრაციული კანონის 140-ე პრიმა 2 მუხლით ისჯება. ფიზიკური პირი 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი და დაწესებულება 1000 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორებით ფიზიკური პირის მიერ გარემოს დაბინძურება კი ისჯება 500 ლარით, იურიდიული პირების შემთხვევაში – 3 ათასი ლარით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: