კვირის ამბები

ეკომგრანტების სახლი ქედაში

31.10.2014 • 1788
ეკომგრანტების სახლი ქედაში

 

 

აჭარის მთავრობის პროექტის – „სოციალური და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის” ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლი შენდება.


ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შენობა საცხოვრებელ ბინებად გადატიხრეს, მესამე სართული დააშენეს და ყოფილი საავადმყოფოს 12-ბინიან საცხოვრებელ კორპუსად აწყობენ. სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შპს „შანსი 2010″ აწარმოებს.


დაბა ქედაში, თამარ მეფის ქ. #9-ში, ყოფილი საავადმყოფოს ორსართულიანი შენობის საცხოვრებელ ბინებად მოწყობისთვის ელექტრონული ტენდერი სამინისტრომ 20 მაისს 521 400 ლარზე გამოაცხადა, ხელშეკრულება „შანსი 2010~-თან 27 ივნისს 413 809 27 ლარზე გაფორმდა. კომპანიამ, სატენდერო პირობების მიხედვით, დასრულებული ობიექტი წლის ბოლომდე უნდა ჩააბაროს.


სამუშაოების საქმის მწარმოებელი ზაზა ვერძაძე: „ოთახები გადაიტიხრა, მესამე სართული დაშენდა, სახურავი გადაიხურა, ფაქტობრივად, შავი სამუშაოები დავასრულეთ, კოსმეტიკური რემონტი დავიწყეთ. სატენდერო პირობების მიხედვით ჭაღებსა და გამათბობლებს დავაყენებთ, სამზარეულოში კი ონკანი გაკეთდება, ობიექტს დროულად ჩავაბარებთ”.


ვის შეხვდება ბინა ხელისუფლებისგან სიმბოლურ ფასად, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობის სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია მიიღებს. სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე აჭარის ჯანდაცვის მინისტრია, კომისიის შემადგენლობაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან ერთად სხვადასხვა უწყების მინისტრები და მუნიციპალიტეტების გამგებლებიც არიან.


აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სამთავრობო კომისიის წევრი რამაზ ჯინჭარაძე აცხადებს, რომ ბინის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას სამთავრობო კომისია მას შემდეგ მიიღებს, როცა კომისია მონიტორინგს აწარმოებს და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას შეისწავლის. მისი თქმით, აქცენტი იმ ოჯახზე გაკეთდება, რომლებიც პირველ ეტაპზე საჭიროებენ საცხოვრებელი ფართობებით დახმარებას.


„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას იმ ოჯახების შესახებ სრული ინფორმაცია აქვს, ვისაც პირველ ეტაპზე სჭირდება დახმარება და ვისი სახლებიც სტიქიამ დააზარალა. ჩვენ ყველა ასეთ ოჯახს გადავამოწმებთ, მონიტორინგს ვაწარმოებთ. თუ ვინ მიიღებს საცხოვრებელ ბინას, ამ საკითხზე სამთავრობო კომისია იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია ერთობლივად მიიღებს. კომისიის გადაწყვეტილებით შეასახლებენ ოჯახებს. ბინას, ვფიქრობ, I-II კატეგორიის დაზარალებული ოჯახები, ანუ ისინი მიიღებენ, ვინც პირველ რიგში საჭიროებს დახმარებას”, – აცხადებს რამაზ ჯინჭარაძე.


ქედის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის დავით თედორაძის თქმით, ამ დროის მონაცემებით I კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახები მუნიციპალიტეტს არ ჰყავს (გარემო, სადაც ცხოვრება სიცოცხლისთვის საჭიროა და დაუყოვნებლივ გასახლებას საჭიროებს), მე-2 კატეგორიას კი 14 ოჯახი მიეკუთვნება, აქედან 12 სოფელ ჯალაბაშვილებში ცხოვრობს. მესამე კატეგორიაში -238, მეოთხეში კი 290 ოჯახი ირიცხება. „ჩვენ ვსწავლობთ ოჯახებს და მონაცემებს სამთავრობო კომისიას ვაწვდით”,- ამბობს დავით თედორაძე.


54-ბინიანი სოციალური სახლი ქედაში პირველად 2012 წელს ყოფილი საავადმყოფოს ოთხსართულიან შენობაში გაიხსნა. შენობის რეკონსტრუქციისთვის მაშინ 690 000 ლარი დაიხარჯა. მაშინაც ოჯახების შესახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიამ მიიღო. 


კომისიის გადაწყვეტილებით 2012 წელს ბინა სოციალურ სახლში 52-მა ქედელმა ოჯახმა მიიღო. სოციალურ სახლში ორი ბინა ამ დრომდე თავისუფალია. დავით თედორაძის თქმით, თავისუფალი ბინა სარეზერვო ფონდში ირიცხება და საჭიროების შემთხვევაში გამგეობა ოჯახს ბინით დაკმაყოფილებისთვის სამთავრობო კომისიასთან უშუამდგომლებს.


კითხვაზე, სოციალური სახლის მოწყობით მოგვარდება თუ არა ეკომიგრანტების პრობლემა ქედაში წელს, რამაზ ჯინჭარაძე ასე პასუხობს: „ეკომიგრანტების პრობლემაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ვერ გათვლი, სტიქია განვითარდება თუ არა, ან რა სახის ზიანს მოიტანს. თუ საჭიროება იქნება, შესაბამისად, ახალ პროექტებზე ვიფიქრებთ, ამ ბინით კი დღეს არსებული I-II კატეგორიაში მცხოვრები ოჯახების პრობლემა ქედაში სრულად მოგვარდება”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: