სიახლეები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თანამშრომელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

30.10.2014
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თანამშრომელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით „2011 წლის 15 დეკემბერს, შპს  „ლ ენდ კ ჰოლდინგი“-ს   დირექტორმა, იაშარ მუსტაფა გუვენმა, წერილით მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და წარადგინა შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესახებ, „დანი აუდიტის“ დირექტორის, ჯემალ ძნელაძის მიერ შედგენილი, ყალბი აუდიტორული დასკვნა.

 

ყალბი დასკვნის მიხედვით, კომპანიის მიერ შესრულებულმა ინვესტიციამ თითქოსდა შეადგინა 5 075 148 ლარი, რეალურად კი განხორციელებული იყო 2 643 845 ლარის ინვესტიცია. დასკვნის წარდგენის პერიოდში, სამინისტროს მხრიდან ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, ლევან მჟავანაძეს კანონით ევალებოდა შესრულებული ვალდებულების შემოწმება და კონტროლი, თუმცა ის გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და არ მოახდინა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მონაცემთა გადამოწმება“.

 

„კომპანიამ მოიტანა დოკუმენტაცია რომ განხორციელებული ჰქონდა 3 მილიონის ინვესტიცია. პროკურატურა ამბობს რომ ინვესტიცია არის 2 მილიონ 700 ათასამდეო. ე.ი. უნდა გადაგემოწმებინა რომ ეს დასკვნა სწორი იყო თუ არაო. აუდიტში რაც წერია იმის მიხედვით ყველაფერი სწორად მაქვს გაკეთებული, მაგრამ თვითონ აუდიტის დასკვნა არაა სწორიო. აუდიტსაც აღუძრეს საქმე.

 

ასეთი დასკვნები  შემოდის ძალიან ბევრი და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა მისი გადამოწმების. ვალდებულება არ მქონდა გადამოწმების. ექსპერტი იმიტომაა რომ ენდო უნდა მის დასკვნას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ლევან მჟავანაძე.

 

მისივე თქმით ჯერ სასამართლო არ გამართულა, შესაბამისად არ იცის გამოძიების დასრულებამდე დარჩება თუ არა დაკავებულ თანამდებობაზე.

 

გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.  

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.