კვირის ამბები

წისქვილი, როგორც ასეთი

31.10.2014 • 2342
წისქვილი, როგორც ასეთი

 

 ახლო წარსული რომ გავიხსენო – არ მახსენდება ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში არც ერთი ხალხმრავალი თუ ოდნავ ხმაურიანი პროტესტიც კი, რომ მას პირდაპირ ან გადაკვრით “ოკუპანტის, მტრის და სახელმწიფოს საწინააღმდეგო წისქვილზე არ დაესხას წყალი”. მნიშვნელობა არ ჰქონდა პოლიტიკური ძალა გამოხატავდა პროტესტს, მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია, ვეტერანი, პენსიონერი თუ მასწავლებელი.

არ მესმის, რას ნიშნავს პროტესტის გამოხატვისთვის შესაფერისი დრო და ვითარება. ვერ ვხვდები, როგორ უნდა მოვმართო ემოცია ისე, რომ მათ (ხელისუფალთ) თუ არ სურთ ჩემი ყვირილის გაგონება, შევიკავო, თუმცა გამუდმებით ითხოვდნენ, გვიმტკიცებდნენ, რომ ახლა ამის დრო არ იყო, მტერი კარს იყო მომდგარი, ხალხი დაძაბული, დაღლილი იყო, ინვესტორები დაფრთხებოდნენ და ა.შ.


ერთხელ პრემიერმა ღარიბაშვილმა შეწუხებულმა იმით, რომ ძალიან აქტიურობდნენ რაღაც საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, საყვედურნარევი ტონით განაცხადა: რომ არა ბატონი ბიძინა, დღეს მთელი საქართველო “ცოცხებგაკეთებული” ივლიდითო (ნუ, რა თქმა უნდა, არ ვციტირებ, მაგრამ დედააზრი ეს იყო), აქამდე ხმას რატომ ვერ იღებდით, თქვენ ამ ყველაფრით `ნაცმოძრაობის წისქვილზე ასხამთ წყალსო”.


რა გამოდის: წისქვილი კონსტანტაა, არ ცვდება და არ ძველდება, უბრალოდ, ხელისუფლების ცვლასთან ერთად მხოლოდ მეპატრონეს იცვლის. ე.ი. ქობულეთელმა რომ მისი საკრებულოს ის გადაწყვეტილება გააპროტესტოს, რომლითაც პრემიებს წელიწადში ნაცვლად ოთხისა შვიდჯერ მიიღებენ, ხულოელმა რომ თავისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვერათვისება და უკან მიბრუნება, იმ დროს, როცა სოფლების უმრავლესობაში ისეთი გზაა ურემითაც ვერ შეხვალ, ბათუმელმა რომ მისი ახლად არჩეული საკრებულოს წევრების 500 ლარით ხელფასის ზრდა, მაშინ როცა ერთი თეთრის საქმე არ გაუკეთებიათ ჯერ, რელიგიურმა უმცირესობებმა რომ რწმენის უფლების არ ქონა, როცა ქვეყანაში წამყვან რელიგიურ ინსტიტუტს რამდენიმე ათეული მილიონი ერიცხება ქვეყნის ბიუჯეტიდან, სტუდენტებმა განათლების ხარისხი, ადამიანის უფლებათა დამცველი კომიტეტისა თუ კომისიის თავმჯდომარის ჰომოფობიური განცხადებებითა და ძალადობის პირდაპირი მოწოდებებით საზოგადოება აღშფოთდეს, არასამთავრობო სექტორმა და მედიამ რომ არანორმალურ პრემიებზე, ნეპოტიზმზე, კორუფციულ ტენდერებზე ილაპარაკოს – ამ ყველაფერს თურმე ყველა ხელისუფლების ენაზე მხოლოდ ვიღაცის “წისქვილზე წყლის დასხმა” ჰქვია.


ზოგადად, როგორი ცუდი მდგომარეობაც უნდა იყოს, მგონია, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს მოცემულ მომენტში: სამყარო კანონზომიერია, ესაა რაც დავიმსახურეთ ამ დროისთვის, მაგრამ არც არასდროს მიფიქრია, რომ მეტი არ შეიძლება, უკეთესად არ გამოვა ხვალ, თუ დღეს არ გამოვიდა. ამიტომ, ხშირად დავცინი ცინიკურად წარსულს და აწმყოს, დავცინი იმ მილიონობით ადამიანს, ვისაც სჯეროდა და სჯერა, რომ “ის წისქვილი” მართლა არსებობს. იმათ, ვისაც ჰგონიათ, რომ ჯერ მიშასგან დაიწყო საქართველო და მერე ბიძინამ გააგრძელა, იმათ, ვინც ამ მთავრობის დროს გამოწერილ “სახელფასო დანამატებს” იმ მთავრობის დროს არსებული ასევე კოლოსალური პრემიებით “აპრავებს”, ვისთვისაც ცოლის ნათესავი ნათესავი არაა, ვისთვისაც ჩვეულებრივი ამბავია, აიფონი და ნოუთბუქი რომ ბიუჯეტის ხარჯზე უნდა იყიდოს მინისტრმა ან საკრებულოს წევრმა, რუსეთი რომ ჩვენი მართლმადიდებელი ძმაა და გიჟდებიან ქართველებზე, მიშას დროს რომ ჩაწყობები არ იყო ან დუმბაძის ნეპოტიზმს რომ ხაბაძისა ჯობია, მუსლიმანი რომ არ შეიძლება იყოს ქართველი, მამაოს კურთხევის გარეშე რომ მარხვაში სექსი არ შეიძლება, აიდი ბარათში რომ ეშმაკია ჩაყოლებული, სააკაშვილის დროს საგარეო ვიზიტებზე დახარჯული მილიონები რომ უფრო მეტად ანგრევდა ქვეყანას, ვიდრე ღარიბაშვილის დროს… გძელდება ასე დაუსრულებლად…


რომ გითხრათ, ამდენ ცინიზმს დიდი შედეგი მოაქვს ან რამეს შეცვლის-მეთქი, მოგატყუებთ. უფრო მრავალმილიონიანი, საქვეყნო ტრენინგი გვჭირდება თემაზე: `ეს ქვეყანა ყველასია თანაბრად, მიუხედავად ჩვენ შორის განსხვავებებისა, ანუ როგორ ვისწავლოთ სახელმწიფოს წისქვილზე წყლის დასხმა”. ერშიც და ბერშიც რამდენიმე ადამიანი მეგულებოდა, ვისაც ამის ორგანიზების თეორიული შანსი მაინც ჰქონდა, თუმცა დღემდე, მთელი ქვეყანა მხოლოდ იმაში გაწვრთნეს, რომ მათ წისქვილს არ მიაკლდეს წყალი. აი, საერთოზე როდის გადავალთ, ღმერთმაც კი არ იცის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: