სიახლეები

მერიის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი: ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ

29.10.2014 • 2072
მერიის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი: ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ

 

 

მერაბ ქიძინიძე
მერაბ ქიძინიძე

ორი თვეა რაც მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ჩაიბარეთ, რისი გაკეთება მოასწარით ამ დროის განმავლობაში?

 

თავის ქებასავით არ გამომივიდეს, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე.  სულ 1700 ლარად ჩვენ შევძელით საერთაშორისო ტურნირის გამართვა ფეხბურთში, რაც, მინიმუმ, 20 ათას ლარს ითხოვს. ვფიქრობ, ეს კარგი პრეცედენტი იქნება. ეს მოხერხდა არასამთავრობო ორგანიზაცია `საქართველო ბრანდებურგის საზოგადოების~ დახმარებით, რომელსაც მე 2006 წლიდან ვხელმძღვანელობ. ამ ორგანიზაციიდან ვთანამშრომლობ ჩემს გერმანელ პატნიორებთან. მათთან ერთად ჩვენ უკვე შევძელით დაახლოებით 48 საერთაშორისო პროექტის განხორციელება. როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ გრანტებს და შემდეგ ახორციელებენ პროექტებს, ასე მუშაობს ეს ორგანიზაციაც. ამ ყველაფერს ვახმართ ახალგაზრდა ბავშვებს, რომ მათ მოახერხონ ევროპული გამოცდილების მიღება.

 

 

რადგან ამ სფეროზე დაიწყეთ საუბარი გკითხავთ – „ბათუმელებთან ბევრი სპორტსმენი წუხს იმის გამო, რომ საერთაშორისო ტურნირებში ქულები აკლდებათ რიგ ღონისძიებებში ვერმონაწილეობის გამო, რაც დაფინანსებას საჭიროებს. გსმენიათ ამის შესახებ?

 

დიახ, ვიცი ასეთი შემთხვევების შესახებ. როდესაც ახალგაზრდას აქვს მონაცემები, ბეჯითია და მიზანდასახული, რა თქმა უნდა, ყველა უნდა წახალისდეს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი პროგრამა. შესაძლებლობა უნდა მივცეთ მათ, რომ როგორმე მიიღონ მონაწილეობა შეჯიბრებებში და სარეიტინგო ქულები დააგროვონ.

 

სპორტი, განათლება, კულტურა ეს ის სფეროებია, რომლებსაც თქვენ კურირებთ. რისი შეცვლა გინდათ, რა შედის თქვენს გეგმებში?

 

ის პროგრამები, რომლებსაც მერია აფინანსებს და ახორციელებს, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ხშირ შემთხვევაში, მათ შესახებ საზოგადოებისთვის უცნობია. პროგრამებს ვერ იყენებენ. ახლა ჩვენ გავაკეთეთ უცხოეთში სტაჟირების პროგრამა და მუშაობს ტურიზმის მიმართულებით, მაგრამ მომავალ წელს უკვე იქნება არამხოლოდ ტურიზმის, არამედ ნებისმიერი მიმართულებით. ამ წელს უკვე ვეღარ შევძლებთ ბიუჯეტში ცვლილების შეტანას. მომავალში გაფართოვდება პროგრამის არეალი. იმავე პროგრამას ახლა განვიხილავთ უნივერსიტეტში, სტუდნტებს რომ მიეცეთ საშუალება დასვან კითხვები, რაც აინტერესებთ, გამოიყენონ ყველაფერი, რაც ამ პროგრამაშია ჩადებული. ასევე, ბიუჯეტში 200 000 ლარი განკუთვნილი გვაქვს ახალგაზრდების შემოქმედებით პროექტებზე, თუკი ვინმეს რამე პროექტი აქვს. იქნება კვოტები განსაზღვრული და ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლება მოიტანოს პროექტი,  თუკი ის იქნება შედეგიანი, მას დავუფინანსებთ. ჩვენი მიზანია დაიხვეწოს ის პროგრამები, რომლებსაც მერია ახორციელებს და გათვლა გაკეთდეს შედეგზე. მეორე ის არის, რომ რაც შეიძლება შევძლოთ ამ პროგრამების სამოქალაქო საზოგადოებამდე მიტანა.

 

ცოტა უცნაურია, თქვენ რომ ამის სურვილს გამოთქვამთ, რადგან ბათუმის მერიის ვებგვერდის მიხედვით ამ დრომდე მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ კახიძეა და არა თქვენ

 

შენიშვნა სამართლიანია. ეს ხარვეზი გამოსწორდება. ვებგვერდის განახლებასთან დაკავშირებით არის ტექნიკური პრობლემები, რაც მოგვარდება და ყველა საჯარო ინფორმაცია იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ამ ხარვეზს ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვასწორებთ. დამატებით კიდევ ერთ გვერდს ვამზადებთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავაფართოვოთ შინაარსობრივი მხარე.  

 

თქვენი, როგორც ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციებში კიდევ რა შედის ?

 

განათლების განყოფილების გარდა ადმინისტრაციაში შემოდის პროტოკოლის, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ჯილდოების გაცემის განყოფილება. ამასთან სამდივნო, რომელიც ბათუმის მერს, ვიცე-მერებს, მრჩევლებსა და რეფერენტებს აერთიანებს.

 

კონკრეტულ პროექტებზეც რომ მითხრათ, რაიმე ახალზე მუშაობთ?

 

ბიუჯეტის შედგენა ბოლო ეტაპზე იყო, როცა დავინიშნე. ასეთ დროს რთულია შეიტანო რაიმე სიახლე. ვაპირებ დავეხმაროთ ბათუმში და, ზოგადად, აჭარაში  ფეხბურთის განვითარებას. ვფიქრობთ, ასევე პროგრამაზე, რომელიც გაითვალისწინებს უცხო ენების შესწავლას. ვაპირებთ ენების ცენტრის გაკეთებას. გერმანიის პოდსდამის უნივერსიტეტთან გვაქვს კავშირი. ცენტრს ექნება სასწავლო პროგრამებით აღჭურვილი ოცამდე კომპიუტერი. ამ პროგრამით დავეხმარებით ახალგაზრდებს ინგლისურის, გერმანულის, იტალიურის, ფრანგულის, თურქულისა და სხვა ენების შესწავლაში. ცოდნის მიღება ამ დარგებში საკმაოდ ძვირი უჯდებათ ჩვენს ახლაგაზრდებს და ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ.

 

რა კრიტერიუმებით შეარჩევს ეს ცენტრი მოსწავლეს?

 

ვფიქრობთ, რომ სურვილი ბევრს ექნება. ფასი იქნება ძალიან დაბალი, რადგან ეს გათვლილი იქნება ნებისმიერ იმ ახალგაზრდაზე, რომელსაც აქვს სურვილი ისწავლოს. პროექტი დასახვეწია. გვაქვს ასევე იდეა, რომელიც ეხება ბათუმს და მის ისტორიულ ნაწილს. ბათუმში უამრავი ადამიანი ცხოვრობდა, საქმიანობდა მოღვაწეობდა, გვინდა ეს პუბლიცისტიკაშიც გადავიტანოთ, მაგალითად, გერმანელები აჭარაში, ინგლისელები _ ბათუმში და ასე შემდეგ.

 

ამბობენ, რომ ზაფხულის შემდეგ ბათუმში კულტურული ცხოვრება კვდება. იმიტომ ხომ არა, რომ მერია და სხვა შესაბამისი სტრუქტურები ძირითადად აქცენტს საკურორტო სეზონზე აკეთებენ?

როდესაც საზოგადოება ვაკუუმზე მიგანიშნებს, სწორედ ამაზე უნდა იმუშაოს ხელისუფალმა. ეს ჩვეულებრივი მიდგომაა. მე, პირადად, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ისეთივე პოზიციაზე ვიყავი, როგორც თქვენ და სხვა მოქალაქეები, მაგრამ როცა აქ ჩავიხედე, დავინახე, რომ ბევრი ღონისძიება ტარდება. ალბათ გაშუქებაა არასაკმარისი. მაგალითად, ამ დღეებში მიმდინარეობს ფოლკლორული ფესტივალი, თუმცა დარბაზი მხოლოდ ნახევრად ივსება. ტელევიზიაში ხშირად გადის ინფორმაცია იმაზე, თუ რა ჩატარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვავრცელებთ ინფორმაციას იმაზე, თუ რა და როდის ტარდება. ამაში გვაქვს რაღაც გამოსასწორებელი.

 

 

თქვენ იყავით  უმაღლესი საბჭოს წევრი და ერთერთი კომისიის თავმჯდომარე. მაშინ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრი იყავით ?

 

კარგია, რომ ეს კითხვა დამისვით. მეც მინდა საზოგადოებას ვუთხრა ამის შესახებ. როდესაც ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ დაიწყო მოძრაობა, შეიქმნა მოძრაობა „აჭარა“, ძალიან მალევე ჩვენ შევქმენით მეორე წინააღმდეგობრივი მოძრაობა „ჩვენი აჭარა“, მე ვარ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. შემდეგ დაიწყეს უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება. 18 კანდიდატი დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 8 კანდიდატი „აჭარამ“ და ოთხი კვოტა მოგვცეს ჩვენ, ანუ ზურაბ ჟვანიას გუნდს. ასე შევედი მე უმაღლეს საბჭოში.  რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი არ ვყოფილვარ.

 

მაგრამ უმრავლესობის ფრაქციის წევრი ხომ იყავით, რომელსაც მაშინ ნაციონალური მოძრაობაწარმოადგენდა?

 

დიახ, უმრავლესობის წევრი ვიყავი.

 

იზიარებდით მაშინ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას?

 

უმაღლესი საბჭო შეიკრიბა ივლისში და დეკემბერში უკვე დავუპირისპირდი ლევან ვარშალომიძეს. საკითხი შეეხებოდა პრივატიზაციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას. რაც მოყვა ამას, ძალიან არასასიამოვნო გასახსენებელია ჩემთვის, მაგრამ ეს ყველამ იცის, ვინც მაშინ ჩემ ირგვლივ იყო. ბევრი რამ გადავიტანეთ მე და ჩემმა ოჯახმა და ამაზე არ მინდა საუბარი. მე გამაჩნია პრინციპები, რომლებსაც არ ვღალატობ და ყოველთვის ვრჩები მათი ერთგული.

 

უმაღლესი საბჭოს წევრობის ვადის ამოწურვის შემდეგ თქვენ უმაღლეს საბჭოში დასაქმდით, როგორ მოახერხეთ?

 

უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დამირეკეს მთავრობის აპარატიდან. ბატონ ლევანს სურს თქვენთან შეხვედრა დასაქმების საკითხთან დაკავშირებითო, მე უარი ვუთხარი. ამის შემდეგ მიხეილ მახარაძემ დამირეკა და მთხოვა მივსულიყავი მასთან, მან შემომთავაზა ხელშეკრულებით მემუშავა უმაღლესი საბჭოს აპარატში. როგორც ჩანს, ჯობდა ვყოფილიყავი დასაქმებული, ვიდრე გარეთ.

გადაბეჭდვის წესი