კვირის ამბები

კაცები ქალთა მკვლელობების შესახებ

30.10.2014 • 3337
კაცები ქალთა მკვლელობების შესახებ

გიორგი ჩუბინიძე

„მე ორი გოგონას მამა ვარ და არც კი მინდა იმის გაფიქრება, რომ ჩემს შვილებზე შეიძლება ვინმემ იძალადოს“, – ამბობს რაგბისტი გიორგი ჩუბინიძე. მისი აზრით, ქალთა მკვლელობების გამართლება ტრადიციების სახელით გაუმართლებელია: „ხშირად მესმის, რომ კაცის სიძლიერე ქალის მორჩილებაშია, ეს ჩემთვის მიუღებელია. ძალადობა არ არის ქართული ტრადიცია, ეს არის უწიგნურობის, გაუნათლებლობის შედეგი. საქართველოში ცხოვრობს თაობა, რომელიც ბაღის, სკოლისა და ყველანაირი განვითარების გარეშე გაიზარდა. ქუჩის მენტალიტეტზე იყვნენ ადამიანები ჩამოკიდებული. ეს ადამიანები დღეს ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე არიან და არ ვიცი, ეს პრობლემი როგორ უნდა მოგვარდეს“, – ამბობს ის.

გიორგის აზრით, სტერეოტიპების ნგრევას ხშირად ქალები უშლიან ხელს: „ყველაზე მეტად ქალების დამოკიდებულება მაოცებს, გამოკითხვების დროს სწორედ ისინი ამართლებენ ქალზე ძალადობას. ეს იმიტომ არის პრობლემა, რომ საქართველოში შვილებს ძირითადად დედები ზრდიან, ამიტომ მათი მენტალობა შვილებზეც გადადის. კაცი უნდა იყოს ოჯახში უფროსი, მაგრამ არა მჩაგვრელი და ტერორისტი“.

სტერეოტიპული აზროვნება აზიანებს როგორც ქალებს, ასევე კაცებს – მიიჩნევს გიორგი. მისი აზრით, ცვლილებები ორივე მხარემ უნდა დაიწყოს: „ადრე გოგოს გაათხოვებდნენ, მზითს გაატანდნენ და დამთავრდა. ჩემთვის ასეთი აზროვნება მიუღებელია. მეც მყავს გათხოვილი და, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის „პატრონს ჩავაბარე“ და ოჯახისგან არაფერი სჭირდება. ვფიქრობ, კაცები ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდნენ. თუ ავტობუსში ქალს ადგილს უთმობ პატივისცემის ნიშნად, სახლში მისული კი ცოლს ცემ, ეს არ არის ქალის პატივისცემა. რა მნიშვნელობა აქვს სად დაიჩაგრება ქალი, სახლში თუ სხვაგან. გამოსავალი, ჩემი აზრით, მაინც განათლება, თვითშეგნების გაზრდაა. ვიცი, რომ განათლება ყოველთვის იმარჯვებს ძალაზე“.

ლადო ბაზიაშვილი

ექიმი, ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი მიიჩნევს, რომ კაცის მხრიდან ძალადობის მიზეზები კომპლექსურად უნდა ვეძებოთ: „მიზეზი შეიძლება იყოს როგორც სოციალური მდგომარეობა, ასევე აღზრდა, უკულტურობა. ნათქვამია – „კაცი რომ გაღარიბდება, ცოლს დაუწყებს ჯავრობასო“. აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ მასობრივი უმუშევრობაცაა. კაცი ზის სახლში და ოჯახისთვის, შვილისთვის ელემენტარულ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. როცა ეს სიტუაცია პერმანენტულად გრძელდება, ჯანსაღი ფსიქიკის კაციც კი კრიზისს ვეღარ უძლებს, იწყებს ლოთობას ან ნარკოდამოკიდებული ხდება. სტრესი და უარყოფითი ემოცია შემდეგ სხვადასხვა ფორმით ვლინდება, რასაც სავალალო შედეგებამდე მივყავართ“.

ექიმის აზრით, ქალთა მიმართ აგრესია თანამედროვე ქართულ ოჯახში კაცის დომინანტური როლის შესუსტებამ გაამძაფრა: „როცა კაცი ფიქრობს, რომ ის ოჯახის თავია, მაშინ ის „თავის“ კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. „წადი მამაშენს უთხარი“, „მამაშენი თუ იტყვის…“ და ა.შ. ქართველი კაცი ამ სიტუაციასაა მიჩვეული. კაცი, ცალკე აღებული ვერ იქნება პრობლემა, რადგან ქართველი კაცები ქართული ოჯახიდან მოდიან. შესაბამისად, ისე იქცევიან, როგორც აღზარდეს. „უფროსი შენ უნდა იყო შვილო, ქალის ჭკუაზე არ უნდა იარო“, – ეს ესმის მთელი ცხოვრება. როცა ქალი გახდა დომინანტი ფინანსურად, კაცმა ჩათვალა, რომ ამით მისი გავლენა ოჯახში შემცირდა. ამას დაემატა მეზობლების, მეგობრების ან ნათესავის მიერ რაღაც არასწორად ნათქვამი და კაციც მენტალურ წნეხში მოექცა. ვფიქრობ, ოქროს შუალედი მაინც კაცებმა უნდა გამონახონ“.

ოქროს შუალედის საპოვნელად, როგორც ლადო ბაზიაშვილი ამბობს, აუცილებელია შინაგანი პროტესტი: „თუ კაცი ნაკლებად რეალიზებულია, ვიდრე ქალი, თვითონ უნდა ჰკითხოს თავის თავს – რატომ? იფიქროს კრიზისიდან გამოსვლის გზებზე და მეტად მომთხოვნი გახდეს საკუთარი თავის მიმართ“.

ამ კრიზისების დაძლევაში ექიმი არ გამორიცხავს სახელმწიფოს როლსაც:  „სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს სად იმალება პათოლოგენეზი. დარწმუნებული ვარ, ეს მექანიზმი მარტო კაცში არ იქნება ჩადებული. ვფიქრობ, პათოლოგიური მარცვალი უფრო დიდ არეალში – ქვეყანაში და მის მენტალიტეტში დევს. ცემა, მკვლელობა კრიმინალია და ამის წინააღმდეგ საზოგადოების ყველა სეგმენტი უნდა ჩაერთოს. გულგრილობის შემთხვევაში, დანაშაულის თანამონაწილე იქნება ყველა“.

გიორგი ბაგრატიონი

გიორგი ბაგრატიონი სტუდენტია. მას მიაჩნია, რომ „ნამდვილი მამაკაცი“ ქალს არ სცემს, რადგან ქალის ცემა გონებრივი სისუსტეა. „ბავშვობაში ქართველი კაცი ჩოხა-ახალუხიანი, ყანწიანი და მოქეიფე წარმომედგინა. შემდეგ მესმოდა: „მამა მოვა და დაგსჯის“. ქართულ ოჯახში მამა გახდა პოტენციური მოძალადე, დამსჯელი. ოჯახიდან მოდის ის, რომ გოგოს არ შეუძლია გვიან მოვიდეს სახლში, ბიჭს კი საერთოდაც რომ არ მოვიდეს, ეპატიება. აღზრდის ბრალია ის, რომ კაცები ცოლებს საკუთრებად მიიჩნევენ, ქალები კი ეგუებიან იმ აზრს, რომ „კაცია და ქალებში უნდა გაიაროს“. ქორწინება ერთგულებას ავალდებულებს ცოლსაც და ქმარსაც. თუ მორწმუნეები ვართ, მაშინ მით უმეტეს. საქართველოში შვილების 90 პროცენტს მხოლოდ დედები ზრდიან, ამიტომ არის „ყველაფერი დედის ბრალი“, ეს მიდგომაც შესაცვლელია“.

გიორგი ბაგრატიონის აზრით, მენტალური ცვლილებები განათლების სისტემაში უნდა დაიწყოს: „გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, მასწავლებლების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით სოფლებში, იტყვის, რომ ქალის ადგილი „კუხნაშია“. უნივერსიტეტში არაერთი ლექტორისგან მომისმენია, – „რატომ სწავლობთ გოგონებო, წადით „კუხნაში“. ასეთი სწავლებისა და აღზრდის შედეგია ის, რაც ჩემი თანატოლი გოგონებისგან მესმის, რომ ქალის ისტორიული ვალდებულებაა ქმარს პერანგი დაუუთოვოს“.

გიორგის აზრით, არასწორი აზროვნების შედეგია ქალების ნაწილის ფემინიზმთან მტრობაც: „გასულ ზამთარში ქალებს თოვლიანი ქუჩები გააწმენდინეს. მართლაც მძიმე სამუშაო იყო. ქალები ამბობდნენ, რომ ამ საქმეს აიძულებდნენ. ბევრი გოგო ამბობდა, რომ ეს იყო ფემინიზმის შედეგი, რადგან ქალისა და კაცის შრომა გაათანაბრეს. ცხადია, ეს არასწორი შეფასებაა. ზოგი ქალი ფიქრობს, რომ თუ ფემინიზმი დამკვიდრდება, მას აღარ დაუთმობენ ადგილს ავტობუსში და ის ნაკლებად პატივსაცემი გახდება. ამ აზროვნების შეცვლაში სწორედ კაცებმა უნდა ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი“.

დავით ეცადეიშვილი

რატომ ვერ ანგრევს სტერეოტიპებს განათლების თანამედროვე სისტემა და რაში არსებობს გამოსავალი? ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი, დათო ეცადეიშვილი მიიჩნევს, რომ ძალადობის მასშტაბებიდან გამომდინარე, კითხვებზე პასუხების მისაღებად აუცილებელია ფსიქოლოგიური კვლევა:
„აღზრდა და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ განათლება არ არის საკმარისი. ყველამ იცის, რომ მკვლელობა, ნარკოტიკის მოხმარება და ა.შ. დანაშაულია, მაგრამ მაინც ხომ აკეთებენ. ცოლ-ქმრის პრობლემას ვერც მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობა მოაგვარებს. ვფიქრობ, ძალადობა კომპლექსური პრობლემაა საქართველოში და მოგვარებაც კომპლექსურად უნდა მოხდეს“.

პედაგოგის აზრით, საზოგადოების პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, რომ ის არ გახდეს ძალადობის მიმართ გულგრილი:
„დიდია ოჯახის ფაქტორიც, რა უნდა მოსთხოვო მეზობელს, როცა მშობლები ხედავენ, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლია და ისინი მაინც წინააღმდეგნი არიან მიატოვოს ქმარი. შვილის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი? და თუ საზოგადოებრივ აზრს ამხელა ძალა აქვს, მაშინ საზოგადოებას უნდა მოეთხოვოს პასუხი, როცა განქორწინებული ქალის მიმართ მენტალურად ძალადობს. რამდენმა ადამიანმა იცოდა, რომ ყოფილი ქმარი ქალს უთვალთვალებდა, მაგრამ არავინ არაფერი გააკეთა. საზოგადოება დღეს ყველაფრის მიმართ გულგრილია. რამდენი ადამიანი ერევა, როცა ორი კაცი ჩხუბობს ქუჩაში? „შარია“ – ამბობენ და მიდიან. პატრულსაც კი არ ურეკავენ და ეს შეიძლება სისტემის ნაკლიც იყოს, რადგან შემდეგ ამ ადამიანს ათასჯერ მაინც უწევს დაკითხვაზე მისვლა“.

დათო ეცადეიშვილი ძალადობის ზრდაში გავლენიანი ინსტიტუტების როლსაც ხედავს: „მენტალიტეტის ბრალია, რომ ქართულ ოჯახში კაცი მიიჩნევა დომინანტად, ამას დაემატა პატრიაქრის განცხადებაც, რომ ქალი უნდა მორჩილებდეს კაცს, რომ კაცის გადასაწყვეტია ქალის ბედი, რომ განქორწინების უფლება კაცს აქვს და ქალს არა, თუნდაც თავისუფალი ცხოვრების უფლება და ა.შ. ვერც სკოლა აწვდის სწორ ფასეულობებს, რადგან ხშირად მასწავლებლებიც ისეთი სტერეოტიპებით აზროვნებენ, როგორც დანარჩენი საზოგადოება“.

პედაგოგის აზრით, ყველა ამ დეტალს თან ერთვის თვითრეალიზაციის პრობლემაც: „როცა ქალი სახლში ზის და ქმრის მოსვლას ელოდება, ის ნაკლებად ფიქრობს თავის უფლებებზე, რეალიზებული ქალის თვალსაწიერი კი ფართოა. სახლში დამჯდარი კაციც ვერ ეგუება იმას, რომ ქალი მასზე ძლიერი გახდა. ვინც შეგნებით შეხედა ამ ამბავს, მშვიდობიანად დაშორდა, ვინც ვერა, დადგა ტრაგიკული დასასრული. ამიტომ, სიტუაციის შეცვლას მხოლოდ სახელმწიფო ვერ შეძლებს, ამაზე პასუხისმგებლობა ყველა სეგმენტმა უნდა აიღოს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: